საქმე № ას-168-2025 18 ივლისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – გ.მ–ე, ს.მ–ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.რ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. ვ.რ–ძემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.მ–ისა (შემდგომში: პირველი მოპასუხე, კასატორი) და ს.მ–ის (შემდგომში: მეორე მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (რომლის მისამართია: ქალაქ თბილისში, ........., (+20.79 ნიშნული) საკადასტრო კოდი .......) გამოთხოვა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. ვ.რ–ძის საკუთრებაა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ........, რომელსაც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები. შესაბამისად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ირღვევა მისი, როგორც მესაკუთრის, კონსტიტუციური უფლება და ითხოვს მოპასუხეთა მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, გამოთავისუფლებასა და დაბრუნებას.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, შესაგებელში აღნიშნულია, რომ მამამთილმა ბინა შეიძინა კანონიერად, რისთვისაც ნასყიდობის თანხა - 63 000 აშშ დოლარი გადაიხადა სრულად. მოპასუხე ადასტურებს, რომ 10 წელზე მეტია, ფლობს სადავო ქონებას და მიუთითა ფლობის მართლზომიერებაზე.
3.2. მოპასუხე გ.მ–ემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელმაც, ასევე, არ ცნო სარჩელი ფლობის მართლზომიერებაზე მითითებით.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით, ვ.რ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეების, გ.მ–ისა და ს.მ–ის, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, ........... (+20.79 ნიშნული), 110.25 კვ.მ, ს/კ № ......... და გამოთავისუფლებული გადაეცა მესაკუთრეს.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
7.1. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მხარეთა შორის ურთიერთობა, ასევე, არასწორად განმარტა საქმეში მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები, კერძოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ აღნიშნული ქონება აუქციონზე გაიყიდა კანონის დარღვევით.
7.2. კასატორების მტკიცებით, მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართეს და, სსსკ-ს 279 „დ,, მუხლის შესაბამისად, მოითხოვეს, საქმისწარმოების შეჩერება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ განსახილველად მიღებული საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად უთხრა უარი საქმისწარმოების შეჩერებაზე (16.07.24წ.) მიღებული განჩინებით.
7.3. კასატორები აღნიშნავენ, რომ მოპასუხეები ერთ ოჯახად ცხოვრობენ ზ.გ–თან ერთად სადავო საცხოვრებელ ბინაში 10 წელზე მეტია, ეს უკანასკენლი არის ქონების კანონიერი შემძენი, ოჯახის წევრი, რომლის კუთვნილი ქონება უკანონოდ აუქციონზე გაიტანა შპს „ლ–ას" მიერ აღებული სესხის დასაფარად. იგი არ ყოფილა არც მსესხებელი და არც თავდები რაიმე სახის სესხზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი საქმეში მე-3 პირად ჩართვის თაობაზე შუამდგომლობაც.
7.4. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ დაარღვია მათთვის მინიჭებული კანონით გათვალისწინებული უფლებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომლის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებაც შეუძლებელია, სასამართლოს მიერ ამგვარი დარღვევებით დადგენილი გარემოებები არ შეიძლება იყოს სავალდებულო სააპელაციო სასამართლოსთვის. ამგვარად, არასწორია დასკვნა, თითქოსდა მოსარჩელე ქონების კანონიერი მესაკუთრეა, იყიდა ბინა, რაშიც ქონების რეალურ ღირებულებასთან შედარებით უმცირესი თანხა გადაიხადა. ვიდრე საქმეზე არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, იგი ვერ ჩაითვლება კანონიერ მესაკუთრედ. შესაბამისად, კასატორები მოითხოვენ, გაუქმდეს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
10.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10.2. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი.
10.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
10.4. მოსარჩელის საკუთრებაა ქ. თბილისში, .........., მდებარე უძრავი ქონება, ბინა N24 (+20.79 ნიშნული) დაზუსტებული ფართობი 110.25.კვ.მ. საკადასტრო კოდი N...........
10.5. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხეები ფლობენ და მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი ქონებით, მოპასუხეები არ არიან სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელები.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
12. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
13. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხეები სადავო უძრავ ქონებას ფლობენ. მოპასუხეებმა, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მფლობელობის მართლზომიერება.
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – ,,მარქსი ბელგიის წინაღმდეგ“ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი). სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედვით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია, განაცხადოს, რომ მას აქვს საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. ,,იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ“, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; ,,პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ“; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
16. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის საქმე Nას-887-2019, განჩინება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
17. რაც შეეხება კასატორების პრეტენზიას საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლების არსებობის თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მართებულად არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნული შუამდგომლობის საფუძვლიანობას არ ეთანხმება, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას და მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების შეჩერების სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების გამოთხოვას; ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს ზ.გ–ის სარჩელს, სადაც მოცემული საქმის მოსარჩელე წარმოადგენს მესამე პირს. აღნიშნული სარჩელით სადავოა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს NA21328994-029/001 განკარგულება, რაც არ ქმნის განსახილველ ვინდიკაციურ სარჩელზე საქმისწარმოების შეჩერების საფუძველს, რადგან საქმის განხილვა არ არის დამოკიდებული კასატორის მიერ მითითებული სამოქალაქო საქმის განხილვაზე. შესაბამისად, საქმის განხილვის შეჩერების მავალდებულებელი გარემოება, მოცემული საქმის განხილვის შეუძლებლობა, არ იკვეთება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმისწარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა მართებულად არ დაკმაყოფილდა.
18. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მხრიდან სადავო ფართის მართლზომიერად ფლობა რაიმე რელევანტური მტკიცებულებით დადასტურებული არ არის.
19. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 %.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.მ–ისა და ს.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.მ–ესა (პ/ნ .......) და ს.მ–ეს (პ/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ მ.კ–ას მიერ 04.03.2025წ. №26192470659 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი