საქმე №ას-576-2025 17 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – დ.ი–ი, თ.წ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დ.ი–ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „პირველი აპელანტი“) და თ.წ–ის მიმართ (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „მეორე აპელანტი“) (შემდგომში - „მოპასუხეები“, „აპელანტები“ ან „კერძო საჩივრის ავტორები“) თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლით:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი, აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. კერძოდ, დაევალათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 10 დღის ვადაში (განჩინების ჩაბარების მომენტიდან) წარმოედგინათ: 5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი; სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია;
2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით, აპელანტი მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა გაგრძელდა დამატებით 10 (ათი) დღით, ამ განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან;
2.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს მის მიერ შუამდგომლობაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: p.....@yahoo.com და ჩაბარდა ფ.მ–ძეს 2025 წლის 04 მარტს, რომელმაც საპასუხო ელექტრონული ფოსტით დაადასტურა გზავნილის მიღება. ამდენად, გზავნილი ჩაბარებულად ითვლება მხარისათვის დადგენილი წესის შესაბამისად [სსსკ-ის 70-ე მუხლი];
2.4. სააპელაციო პალატამ შეამოწმა ფ.მ–ძის, როგორც აპელანტების წარმომადგენლის, უფლებამოსილების ვადა და ფარგლები და დარწმუნდა, რომ მას განჩინების ჩაბარების უფლებამოსილება ნამდვილად ჰქონდა. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულების/მინდობილობის მიხედვით, მეორე აპელანტის მიერ ფ.მ–ძის სახელზე რწმუნებულება გაცემულია 2024 წლის 01 ნოემბერს სამი წლის ვადით და ძალაშია 2027 წლის პირველი ნოემბრის ჩათვლით (იხ. ტომი 1, ს/ფ 183-186), ხოლო პირველი აპელანტის მიერ ფ.მ–ძის სახელზე რწმუნებულება გაცემულია 2023 წლის 10 ოქტომბერს სამი წლის ვადით და ძალაშია 2026 წლის 10 აპრილის ჩათვლით (იხ. ტომი 1, ს/ფ 129-131);
2.5. სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული გაგრძელებული 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 05 მარტს და ამოიწურა 2025 წლის 14 მარტს [სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლები];
2.6. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს [სსსკ-ის 63-ე, 368.5 და 374.1 მუხლები].
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
3.1. მეორე აპელანტი იმყოფება საზღვარგარეთ, კერძოდ, ისრაელში, სადაც საგანგებო/საომარი მდგომარეობა არის გამოცხადებული და ყოველდღიურად იბომბება ქალაქები. აღნიშნულის გამო რწმუნებულს მარწმუნებელთან აქვს კომუნიკაციის მუდმივი პრობლემა. რწმუნებული ყველანაირად ცდილობდა მასთან კომუნიკაციის დამყარებას, თუმცა უშედეგოდ. მას საქართველოში არ ჰყავს ოჯახის წევრები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა მისთვის ინფორმაციის გადაცემა;
3.2. აღნიშნულის თაობაზე რწმუნებულმა მიწერა სასამართლოს, თუმცა სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მეორე აპელანტის მდგომარეობა და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი;
3.3. მეორე აპელანტის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შეეძლო კიდევ ერთხელ გაეგრძელებინა ხარვეზის შევსების ვადა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მაისის განჩინებით მოპასუხეთა კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი].
7. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].
8. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სწორედ აღნიშნული განჩინების კანონიერება წარმოადგენს.
9. სსსკ-ის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და ამავე კოდექსის 374.1 მუხლის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.
10. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
11. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარს დაუდგინა ხარვეზი, აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით, აპელანტი მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 თებერვლის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა გაგრძელდა დამატებით 10 დღით, ამ განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნული განჩინება აპელანტების წარმომადგენელს - ფ.მ–ძეს ჩაბარდა 2025 წლის 04 მარტს, რომელმაც საპასუხო ელექტრონული ფოსტით დაადასტურა გზავნილის მიღება (იხ. ს.ფ. 250,251). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული გაგრძელებული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2025 წლის 05 მარტიდან [სსსკ-ის 60.2 მუხლი: წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი] და ამოიწურა ამავე წლის 14 მარტს, თუმცა აპელანტებს აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსიათ და ამასთან, საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აპელანტების მხრიდან ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების ან/და სხვა სახის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის ფაქტს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. დ.ი–ისა და თ.წ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე