Facebook Twitter

საქმე№ას-809-2025 18 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „დ.ს.კ.ი–ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სს „დ.ს.კ.ი–ოს“ (შემდეგში: მოპასუხე, მეორე აპელანტი) წინააღმდეგ, მოითხოვა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის - 2 634.48 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით 2 457 ლარის ანაზღაურება.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: არ არსებობს შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარებისა და შესაბამისად, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის წინაპირობა. ასევე, მზღვეველის მხრიდან არ არსებობს ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, სადაზღვევო ანაზღაურების სახით - 2 084.48 ლარის და პირგასამტეხლოს სახით - 180 ლარის გადახდა.

4. მხარეთა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო, მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

5.2. მხარეთა შორის 2017 წლის 6 თებერვალს გაფორმდა N01/665/10 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

5.3. ხელშეკრულების 1.1. მუხლის მიხედვით, დაზღვეულია „დამზღვევის“ პროფესიული პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოიშობა მის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას.

5.4. ხელშეკრულების 3.1. მუხლის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევად ჩაითვლება „დამზღვევის“ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობა „დამკვეთისადმი“, გამოწვეული „დამზღვევის“ (მისი თანამშრომლ(ებ)ის) მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, რაც დადასტურდება: ა) „დამკვეთის“ დასაბუთებული პრეტენზიის საფუძველზე, „დამზღვევის“ მიერ „მზღვეველთან“ ნებაყოფლობითი აღიარებით და როდესაც „მზღვეველთან“ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისგან წერილობითი დადასტურების მიღების პირობით, „დამზღვევი“ დაარეგულირებს მის მიმართ დაზარალებული მხარის მიერ წაყენებულ პრეტენზიებს სასამართლოს გარეშე, ასევე ამ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.3. და 6.1 მუხლებში მითითებული პირობების სრული დაცვით; ბ) საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოტანილი დადგენილების ან/და კანონიერ ძალაში შესული საქართველოს სასამართლოს გადაწვეტილებით, ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

5.5. ხელშეკრულების 3.2. მუხლის თანახმად, დაზღვევით იფარება მხოლოდ ის პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოქმნილია წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული სადაზღვევო ვადის განმავლობაში დამდგარი და გაცხადებული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად.

5.6. ხელშეკრულების 3.3. მუხლის თანახმად, „მზღვეველთან“ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მისგან წერილობითი დადასტურების მიღების პირობით, „დამზღვევს“ უფლება აქვს დაარეგულიროს მის მიმართ „დამკვეთის“ (დაზარალებული მხარე) მიერ წაყენებული პრეტენზიები სასამართლოს გარეშეც. ამ შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევად ჩაითვლება „დამზღვევს“ და „დამკვეთს“ შორის დადებული მორიგებითი ხასიათის შეთანხმება, რომელიც დაკავშირებულია „დამზღვევის“ მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას „დამკვეთისადმი” მიყენებული ზიანის ფაქტთან.

5.7. ხელშეკრულების 3.4. მუხლის თანახმად, „მზღვეველმა“ უნდა აანაზღაუროს „დამზღვევის“ (მისი თანამშრომლ(ებ)ის) მიერ მესამე პირების ქონებისათვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი მოსარჩელის ხარჯების, მოსაკრებლებისა და გადასახადების ჩათვლით).

5.8. ხელშეკრულების 4.1. მუხლის თანახმად, სადაზღვევო დაფარვა ვრცელდება დასაბუთებული, ანაზღაურებას დაქვემდებარებული, „დამკვეთისათვის“ (დაზარალებული მხარე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებასთან, დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კერძოდ: ა) „დამზღვევის“ (მისი თანამშრომლ(ებ)ის) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დასაცავ ობიექტზე შეღწევისას, დამკვეთის ქონების ხელყოფის (ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, გატაცება, დაღუპვა, განადგურება და სხვა), ასევე, ამ დროს. მოცემულ ობიექტზე გარემოებათა აუცილებლობით მყოფ ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის (მოსარჩელის ხარჯების, მოსაკრებლებისა და გადასახადების ჩათვლით) გამო; ბ) დასაცავ ობიექტზე შეღწევისას ან დაცული ქონების ხელმყოფ პირთა გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით, „დამზღვევის“ (მისი თანამშრომლ(ებ)ის)მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დამკვეთის“ ქონების დაზიანების (გატაცების დაღუპვის, განადგურების), ასევე ამ დროს მოცემულ ობიექტზე გარემოებათა აუცილებლობით მყოფ ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის (მოსარჩელის ხარჯების, მოსაკრებლებისა და გადასახადების ჩათვლით) გამო. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, დაზღვევამ უნდა მოიცვას სასამართლო და არასასამართლო ხარჯებიც, რომლებიც „დამკვეთის“ მოთხოვნისაგან დასაცავად იქნება გაწეული, თუ ასეთი ხარჯების გაწევა აუცილებელია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, დაზღვევით იფარება „დამზღვევის“ მხოლოდ ის პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოქმნილია სადაზღვევო ვადის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად.

5.9. ხელშეკრულების 2.4 მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ „დამზღვევის“ მიერ დაცვაზე აყვანილი კონკრეტული ობიექტების ჩამონათვალი ელექტრონული სახით - CD დისკი დაერთვება ხელშეკრულებას. ანალოგიური შინაარსისა ხელშეკრულების 5.5 პუნქტიც, სადაც მითითებულია, რომ სულ ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაცვაზე აყვანილი ობიექტების საერთო რაოდენობა შეადგენს 12 665 ობიექტს. სადაზღვევო პერიოდში დაცვაზე აყვანილი ობიექტების ტიპების, რაოდენობისა და ტერიტორიული განთავსების შესახებ „მზღვეველს“ წარედგინება ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ელექტრონული ვერსიის სახით.

5.10. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის შესაბამისად „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით“.

5.11. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 27 000 ლარს (4.3. პუნქტი).

5.12. მოსარჩელესა და სს „ს.რ–ს“ (შემდეგში: შემკვეთი) შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმდა №შს/17-175 (N2121) ხელშეკრულება, რის შესაბამისადაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა ობიექტების დაცვა.

5.13. 2017 წლის 23 აგვისტოს ხაშურის სალოკომოტივო დეპოს დალუქული ობიექტიდან მოიპარეს ფერადი ლითონის შემცველი მარაგნაწილები, რომელთა საბაზრო ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით 2 284 ლარი შეადგინა, რაც შემკვეთმა 2017 წლის დეკემბრის თვეში დაქვითა 2021 წლის 27 ივნისს გაფორმებული №შს/17-175 (2121) ხელშეკრულების ფარგლებში დეპარტამენტის მიერ გაწეული დაცვის მომსახურების საფასურიდან.

5.14. დეპარტამენტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაკავებული თანხის, როგორც დებიტორული დავალიანების შემკვეთისთვის დაკისრება. პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დარჩა უცვლელად, მაგრამ უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დამკვეთის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.15. 2021 წლის 22 ოქტომბერს დეპარტამენტმა მოპასუხეს გაუგზავნა №2782407 წერილი და N01/665/10 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის 4.2 პუნქტის შესაბამისად მოსთხოვა სადაზღვევო შემთხვევის 2 834.48 ლარის ანაზღაურება (შემკვეთის მიერ დეპარტამენტისთვის დაქვითული 2 284.48 ლარის და სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟები, ჯამში 550 ლარის ოდენობით).

5.16. 2021 წლის 2 ნოემბრის №5 წერილით მზღვეველმა დამზღვევს მოსთხოვა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 9 ნოემბრის №2946346 წერილით მიეწოდა.

5.17. სადაზღვევო კომპანიამ 2021 წლის 19 ნოემბრის №55 წერილით დამზღვევს უარი განუცხადა თანხის ანაზღაურებაზე იმ არგუმენტებით, რომ დამზღვევის მხრიდან უგულებელყოფილი იყო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-6 მუხლის მოთხოვნები; გარდა ამისა, მოთხოვნა იყო ხანდაზმული. წერილში ასევე განმარტებულია, რომ იმ შემთხვევაშიც თუ მოთხოვნა იარსებებდა, მას პერსპექტივა ვერ ექნებოდა, რადგან უსაფუძვლო იყო მოთხოვნის მოცულობა.

5.18. მოსარჩელემ 2021 წლის 7 დეკემბრის წერილით მზღვეველს მიუთითა იმ არგუმენტების უსაფუძვლობაზე, რასაც ემყარებოდა 2021 წლის 19 ნოემბრის უარის წერილი და სთხოვა, რომ გადაეხედა მისი გადაწყვეტილებისათვის და სადაზღვევო ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიას დაერიცხებოდა ხელშეკრულების 10.2 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. მზღვეველმა დამზღვევის მოთხოვნა კვლავ არ დააკამაყოფილა.

5.19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო პალატის შეფასების საგანია, დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ეკისრება თუ არა სადაზღვევო კომპანიას ზიანის ანაზღაურება. ხოლო ასეთის დადასტურების შემთხვევაში, შესაფასებელია შეთანხმებული პირგასამტეხლოს გონივრულობა.

5.20. მოპასუხის სააპელაციო პრეტენზიის თანახმად, სარჩელს არ ერთვოდა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 2.4 პუნქტით შეთანხმებული, ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული - დაცვაზე აყვანილი ობიექტების კონკრეტული ჩამონათვალის მოპასუხისათვის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება, რითაც მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სასარჩელო მოთხოვნის შემხებლობა მხარეთა შორის დადებულ დაზღვევის ხელშეკრულებასთან;

5.21. სააპელაციო პალატა აღნიშნული პრეტენზიის საპირისპიროდ, მიუთითებს მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ 2017 წლის 7 სექტემბრის №2147542 წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ აღნიშნული წერილით სადაზღვევო კომპანიას გადაეცა დაცვაზე აყვანილი ობიექტების განახლებული ჩამონათვალი, რაც ლოგიკურად გულისხმობს იმას, რომ სადაზღვევო კომპანიას უკვე მიღებული ჰქონდა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 2.4 მუხლით შეთანხმებული, ხელშეკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული - დაცვაზე აყვანილი ობიექტების ჩამონათვალი CD-ის სახით, რომელთა საერთო რაოდენობა, როგორც ხელშეკრულებაშია აღნიშნული, საქართველოს მასშტაბით 12 665 ობიექტს შეადგენდა.

5.22. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დაცვაზე აყვანილი ობიექტების ჩამონათვალის გადაუცემლობაზე მოპასუხეს რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია, იმ პერიოდში, როდესაც მათი მხრიდან მოხდა სადაზღვევო შემთხვევის მოკვლევა/შესწავლა. ასეთ გარემოებაზე მითითებას არ შეიცავს სადაზღვევო კომპანიის 2021 წლის 19 ნოემბრის უარის წერილი, რომლითაც განმარტებულია სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები, თუმცა ამ საფუძვლებს შორის არ არის მითითება დაცვაზე აყვანილი ობიექტების სიის გადაცემის თაობაზე შეთანხმების შეუსრულებლობაზე. 2021 წლის 19 ნოემბრის უარის წერილში აღნიშნული გარემოების მიუთითებლობა საფუძველს აცლის მოპასუხის იმ შედავებას, რომ მზღვეველისათვის არ ყოფილა გადაცემული დაცვაზე აყვანილი ობიექტების შესახებ ინფორმაცია.

5.23. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ მხარის შედავებაც დაუსაბუთებელია. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული სასამართლო დავა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინებით დასრულდა ამჟამინდელი მოსარჩელის სასარგებლოდ, თუმცა, უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შემკვეთის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატის მოსაზრებით, სწორედ ამ მომენტიდან უნდა აითვალოს წინამდებარე სარჩელში დაყენებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

5.24. კერძოდ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან სადაზღვევო კომპანიის მიმართ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან (საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე ან/და კანონიერ ძალაში შესული საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზიანის ანაზღაურების შესახებ) გამომდინარე, დეპარტამენტს წარმოეშვა სამართლებრივი საფუძველი მოითხოვოს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება. ანუ დეპარტამენტს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის (კანონიერ ძალაში შესვლის) მომენტიდან - 2021 წლის 24 ივნისიდან, სარჩელი კი წარდგენილია 2022 წლის 23 თებერვალს, ანუ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე მუხლებით დადგენილ ხანდაზმულობის ვადის დაცვით.

5.25. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი შემკვეთთან სასარჩელო დავის ფარგლებში სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟების, ჯამში 550 ლარის ანაზღაურებაზე, ვინაიდან მხარეთა შორის სადაზღვევო ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა „დამზღვევის“ პროფესიული პასუხისმგებლობა, ანუ ზიანი, რომელიც წარმოიშობოდა მის მიერ პროფესიული საქმიანობის - ობიექტების დაცვის განხორციელებისას. სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი, ასეთ ზიანად ვერ განიხილება. აპელანტის აღნიშნული მოთხოვნა არ გამომდინარეობს სადაზღვევო ხელშეკრულების 4.1. და 4.2. მუხლების შინაარსიდან.

5.26. მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობაც. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რამდენად არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონით გათვალისწინებული წინაპირობა და რამდენად თავსებადია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზნებთან.

5.27. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების (27 000 ლარი) 0.1%-ის ოდენობით, რამაც მოცემულ შემთხვევაში, ვადაგადაცილებული დღეების (91 დღე) გათვალისწინებით, 2 457 ლარი შეადგინა. მოპასუხემ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა არაგონივრული იყო.

5.28. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო ანაზღაურების 2 084 ლარის 91 დღით გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 2 457 ლარი, რომელიც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან არის დაანგარიშებული (ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების - 27 000 ლარის 0.1%), სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს, მით უფრო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, დროში განგრძობადობისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით.

5.29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ სახეზეა შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა (180 ლარი) უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.

5.30. მოსარჩელე, სააპელაციო საჩივრით, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად სადავოდ ხდიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის საოქმო განჩინებასაც, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ განხილული ზემოთ ნახსენები №3/2291-18 ადმინისტრაციულ საქმიდან (საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელისა გამო მოპასუხე სს „ს.რ–ის“ მიმართ) მასალების გამოთხოვაზე. სსკ-ის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნული ნორმის მიზანია საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასება, განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპით. ამავდროულად, ამ მოთხოვნათა დარღვევით წარმოდგენილ მტკიცებულებებთან მიმართებით სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სათანადო მოქმედება უნდა განახორციელოს (არ გამოითხოვს, არ მიიღებს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებად წარდგენილ მასალას). მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საოქმო განჩინებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, სსკ-ის 104.1-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად უარყო მტკიცებულებების გამოთხოვის შესახებ მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობაში დასაბუთებული არ იყო უშუალო კავშირი გამოსათხოვი დოკუმენტებით დასადგენ გარემოებებსა და დავის ფაქტობრივ საფუძვლებს შორის. ამგვარად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტებმა ვერ წარადგინეს კვალიფიციური სააპელაციო შედავებები იმ არსებითი გარემოებების საპირისპიროდ, რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ მართებულად დააკისრა მოპასუხეს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურება 2 084.48 ლარი.

6.3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, კასატორსა და შემკვეთს შორის არსებული დავის ფარგლებში გაწეული ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმისა და დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ დაუსაბუთებელია.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები გასაჩივრებულ განჩინებასთან დაკავშირებით, ხოლო, ამავე განჩინებით მართებულად განისაზღვრა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სამართლებრივი ფაქტები, საიდანაც საკასაციო სასამართლო შემდეგ ფაქტებზე გაამახვილებს ყურადღებას:

10.1. მხარეთა შორის 2017 წლის 6 თებერვალს გაფორმდა N01/665/10 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების 1.1. მუხლის მიხედვით, დაზღვეულია „დამზღვევის“ პროფესიული პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოიშობა მის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას. ხელშეკრულების 3.4. მუხლის თანახმად, „მზღვეველმა“ უნდა აანაზღაუროს „დამზღვევის“ (მისი თანამშრომლ(ებ)ის) მიერ მესამე პირების ქონებისათვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი მოსარჩელის ხარჯების, მოსაკრებლებისა და გადასახადების ჩათვლით).

10.2. ხელშეკრულების 4.1. მუხლის თანახმად, სადაზღვევო დაფარვა ვრცელდება დასაბუთებული, ანაზღაურებას დაქვემდებარებული, „დამკვეთისათვის“ (დაზარალებული მხარე) მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებასთან, დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კერძოდ: ა) „დამზღვევის“ (მისი თანამშრომლ(ებ)ის) მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას, მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დასაცავ ობიექტზე შეღწევისას, დამკვეთის ქონების ხელყოფის (ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, გატაცება, დაღუპვა, განადგურება და სხვა), ასევე, ამ დროს. მოცემულ ობიექტზე გარემოებათა აუცილებლობით მყოფ ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის (მოსარჩელის ხარჯების, მოსაკრებლებისა და გადასახადების ჩათვლით) გამო; ბ) ................... ქონების ხელმყოფ პირთა გაუვნებელყოფასთან დაკავშირებით, „დამზღვევის“........ ასევე ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ....... ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, დაზღვევამ უნდა მოიცვას სასამართლო და არასასამართლო ხარჯებიც, რომლებიც „დამკვეთის“ მოთხოვნისაგან დასაცავად იქნება გაწეული, თუ ასეთი ხარჯების გაწევა აუცილებელია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, დაზღვევით იფარება „დამზღვევის“ მხოლოდ ის პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოქმნილია სადაზღვევო ვადის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად.

10.3. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის შესაბამისად „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით“.

10.4. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 27 000 ლარს (4.3. პუნქტი).

10.5. მოსარჩელესა და შემკვეთს შორის 2017 წლის 27 ივნისს გაფორმდა №შს/17-175 (N2121) ხელშეკრულება, რის შესაბამისადაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, განეხორციელებინა ობიექტების დაცვა.

10.6. 2017 წლის 23 აგვისტოს ხაშურის სალოკომოტივო დეპოს დალუქული ობიექტიდან მოიპარეს ფერადი ლითონის შემცველი მარაგნაწილები, რომელთა საბაზრო ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით 2 284 ლარი შეადგინა, რაც შემკვეთმა 2017 წლის დეკემბრის თვეში დაქვითა 2021 წლის 27 ივნისს გაფორმებული №შს/17-175 (2121) ხელშეკრულების ფარგლებში დეპარტამენტის მიერ გაწეული დაცვის მომსახურების საფასურიდან.

10.7. დეპარტამენტმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დაკავებული თანხის, როგორც დებიტორული დავალიანების შემკვეთისთვის დაკისრება. პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დარჩა უცვლელად, მაგრამ უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შემკვეთის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10.8. 2021 წლის 22 ოქტომბერს დეპარტამენტმა მოპასუხეს გაუგზავნა №2782407 წერილი და N01/665/10 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის 4.2 პუნქტის შესაბამისად მოსთხოვა სადაზღვევო შემთხვევის 2 834.48 ლარის ანაზღაურება (შემკვეთის მიერ დეპარტამენტისთვის დაქვითული 2 284.48 ლარის და სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟები, ჯამში 550 ლარის ოდენობით).

10.9. 2021 წლის 2 ნოემბრის №5 წერილით მზღვეველმა დამზღვევს მოსთხოვა დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2021 წლის 9 ნოემბრის №2946346 წერილით მიეწოდა.

10.10. სადაზღვევო კომპანიამ 2021 წლის 19 ნოემბრის №55 წერილით დამზღვევს უარი განუცხადა თანხის ანაზღაურებაზე იმ არგუმენტებით, რომ დამზღვევის მხრიდან უგულებელყოფილი იყო ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-6 მუხლის მოთხოვნები; გარდა ამისა, მოთხოვნა იყო ხანდაზმული. წერილში ასევე განმარტებულია, რომ იმ შემთხვევაშიც თუ მოთხოვნა იარსებებდა, მას პერსპექტივა ვერ ექნებოდა, რადგან უსაფუძვლო იყო მოთხოვნის მოცულობა.

10.11. მოსარჩელემ 2021 წლის 7 დეკემბრის წერილით მზღვეველს მიუთითა იმ არგუმენტების უსაფუძვლობაზე, რასაც ემყარებოდა 2021 წლის 19 ნოემბრის უარის წერილი და სთხოვა, რომ გადაეხედა მისი გადაწყვეტილებისათვის და სადაზღვევო ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა მიმდინარე წლის 25 დეკემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიას დაერიცხებოდა ხელშეკრულების 10.2 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. მზღვეველმა დამზღვევის მოთხოვნა კვლავ არ დააკამაყოფილა.

11. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, სსკ-ის 799-ე „დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება“ და 839-ე „სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვევლი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო“ მუხლებიდან გამომდინარეობდა. კასატორის პრეტენზიების გათვალისწინებით, სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე მუხლი და სახელშეკრულებოსამართლებრივი საფუძველია, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №01/665/10 ხელშეკრულების 10.2 ქვეპუნქტი, ხოლო, სხვა დავაში გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა ამავე ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 4.2 ქვეპუნქტს ეფუძნება.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, ვინაიდან წარმოდგენილია მხოლოდ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, სამართლებრივი შეფასების საკითხია, რამდენად მართლზომიერად შეამცირეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ასევე, შემკვეთთან, სხვა დავაში გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის შესაბამისობა და დასაბუთებულობა მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულების პირობებთან.

13. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

14. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

15. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

16. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომიკურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.

17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების (27 000 ლარი) 0.1%-ის ოდენობით, რამაც მოცემულ შემთხვევაში, ვადაგადაცილებული დღეების (91 დღე) გათვალისწინებით, 2 457 ლარი შეადგინა. მოპასუხემ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა არაგონივრული იყო.

18. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017).

19. საკასაციო სასამართლომ არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება, და რაც მთავარია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ.“ (იხ. სუსგ-ები: №ას-708- 678-2016, 2017 წლის 27 იანვარის განჩინება; №ას-1199-1127-2015, 2016 წლის 13 აპრილის განჩინება; №ას-222-209-2015, 2015 წელი 6 მაისის განჩინება).

20. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული იყო ხელშეკრულების ღირებულების გათვალისწინებით პირგასამტეხლო გამოთვლა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითებს, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, ვინაიდან სამუშაოთა ნაწილის ვადის დარღვევით შეუსრულებლობა ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. საქმე №ას-164-160-2016, 2016 წლის 28 ივლისის განჩინება, №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება).

21. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა 2 084.48 ლარია, შესაბამისად, ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილის 0.1% ვადაგადაცილებულ 91 დღეზე შეადგენს 189,68 ლარს, რის გამოც დაკისრებული პირგასამტეხლო 180 ლარი სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულების პროპორციული და გონივრული პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას. საპირისპიროდ, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან 27 000 ლარიდან პირგასამტეხლოს გამოთვლის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა 2 457 ლარი გამოვიდოდა, რაც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის (დარღვეული ვალდებულების ოდენობასაც კი აჭარბებს) სანქციის სახეს მიიღებდა მოცემულ შემთხვევაში.

22. კასატორის პრეტენზია, რომ გასაჩივრებული განჩინებით არამართლზომიერად არ მიეკუთვნა, შემკვეთთან დავის დროს გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურება, დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების სადავო პუნქტი (ტ.1,ს.ფ. 24) – „დაზღვევამ უნდა მოიცვას სასამართლო და არასასამართლო ხარჯებიც, რომლებიც „დამკვეთის“ მოთხოვნისაგან დასაცავად იქნება გაწეული, თუ ასეთი ხარჯების გაწევა აუცილებელია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე“ მოცემულ შემთხვევაში არ იძლევა მოპასუხისთვის, მოსარჩელის მიერ შემკვეთის წინააღმდეგ წარდგენილი სხვა სარჩელის ფარგლებში წარმოებული საქმის დროს გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას, ვინაიდან, სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ გააჩნდა, სწორედ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ასანაზღაურებელ გარემოებას აქვს წინამდებარე შემთხვევაში ადგილი, რის გამოც, შემკვეთის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის ფარგლებში გაწეული ხარჯები, მოცემულ შემთხვევაში, ვერ ჩაითვლება დამკვეთის მოთხოვნისაგან დასაცავად გაწეულ ისეთ აუცილებელ ხარჯებად, ურომლისოდაც, წინამდებარე დავას წარმატების პერსპექტივა არ ექნებოდა.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა არაარსებით პრეტენზიაზე.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (211350928) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №33522, გადახდის თარიღი 31.03.2025) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

თ. ძიმისტარაშვილი