Facebook Twitter

№ას-868-2025 18 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – მ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ს–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად, ან ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.ს–ძემ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ.გ–ის (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ, მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან, უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., ს/კ ........ გამოთხოვისა და აღნიშნული უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემის მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ს.ფ. 1-13).

1.1. მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ.ს–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მ.გ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისში, ........., ს/კ ......... და დადგინდა აღნიშნული ქონების თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემა. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მ.გ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მ.გ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მათი გაუქმება.

6. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინებით მ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სარჩელისა და თანდართული მასალების გზავნილი მოპასუხე გ–ს ჩაბარდა 2024 წლის 11 მარტს. გზავნილით მოპასუხე გაფრთხილებული იყო, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით დადგენილ 10 (ათი) დღიან ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის თანახმად გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

7.2. მოპასუხეს სასამართლოში შესაგებელი ან რაიმე განცხადება შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზების თაობაზე არ წარუდგენია, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ჩაითვალა დამტკიცებულად და ისინი იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას.

7.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამამართლებელ რაიმე საპატიო მიზეზს. სადავო ფართში არასრულწლოვანი შვილის ცხოვრებაზე აპელირება კი ვერ გახდებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად, ან ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივნისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

10. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

10.1. კასატორის მითითებით, სადავო ბინა თავდაპირველად იყო მისი მეუღლის - გ.მ–ის საკუთრებაში, რომელმაც აღნიშნული ბინა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა დას - თ.ს–ძეს. მეუღლეებს შორის ურთიერთობის დაძაბვის შემდგომ თ.ს–ძემ სარჩელი აღძრა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. მოპასუხეს და გ.მ–ს ჰყავთ 9 წლის შვილი, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დარჩება საცხოვრებლიდ გარეშე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ბავშვის საუეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. საკასაციო საამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე განჩინება.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების გამოხატულებას და ამ გზით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება, დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში (სუსგ. №ას-964-929-16, 06.03.2017წ).

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

18. აღნიშნული ნორმის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი: ა) მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაბარდეს სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე უნდა განემარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა; გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას. 19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის თაობაზე (სუსგ №ას-ას-538-511-2014, 24 დეკემბერი, 2015 წელი). ამგვარი გადაწყვეტილება არ შეიძლება გარკვეული სანქცია იყოს მხარისათვის, რათა დაუსაბუთებლად, საქმის ვითარების გაურკვევლად არ დაეკისროს მოპასუხეს ის, რის წინააღმდეგაც კონსტიტუციით გარანტირებული შედავებისა თუ მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობაც გააჩნია (სუსგ №ას-1453-1371-2012, 25 დეკემბერი, 2012 წელი).

20. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია შემდეგი ერთ-ერთი გარემოების არსებობისას: სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის, ან გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი ეკისრება საჩივრის ავტორს.

21. თავის მხრივ, იმას, თუ რა განიხილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ზემოაღნიშნული ობიექტური გარემოებების გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404.1 მუხლი) და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა კასატორს, მის მიერ განხორციელებული შედავების გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის რელევანტურობას განუმარტავს.

23. კასატორი, მის წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებებს სადავოდ ხდის იმ საფუძვლებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სადავო ბინაში ცხოვრობს არასრულწლოვანი, რომელსაც სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია.

24. დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის შედავებული, რომ მოპასუხეს სარჩელი, თანდართულ მასალებთან ერთად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა. დადგენილია ასევე, რომ წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს განესაზღვრა 10 დღის საპროცესო ვადა, თუმცა მას შესაგებელი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. შესაგებლის წარუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილ საჩივარში, ასევე სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მ.გ–ს შესაგებლის ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზებზე არ მიუთითებია.

25. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელ პირობას, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას, პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა ნიშნავს მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტების კანონის ძალით დადგენილად ცნობას. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მას) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 168-ე მუხლების მუხლების საფუძველზე ამართლებდა სარჩელით აღძრულ მოთხოვნას უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ. გარდა იმისა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარიც არ შეიცავს პრეტენზიას აღნიშნულ საკითხზე, როგორც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველზე.

26. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას სადავო უძრავ ქონებაში არარულწლოვნის ცხოვრებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნულ პრეტენზიას ასევე ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ წარდგენილი საჩივრის ფარგლებში, მითუმეტეს მოცემული დავის საგნის გათვალისწინებით, აღნიშნულ საკითხზე აპელირება ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. თუმცა, იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხის პრეტენზია, როგორც საჩივრის წარდგენისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში შეეხება მხოლოდ ზემოაღნიშნულ საკითხს, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, უპასუხოს კასატორის პრეტენზიას. პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მითითებულ საკითხზე და აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის თანახმად ბავშვის (18 წლამდე პირის) კეთილდღეობაზე და საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვის ვალდებულება აქვს ბავშვის მშობლებს, მეურვეებს, სახელმწიფოს, რომელიც წარმოდგენილია სოციალური მომსახურების დაწესებულებებით. პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციისა და სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით) ანალიზიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების ჯეროვანი დაცვა მათ კანონიერ წარმომადგენლებს ევალებათ. ამრიგად, მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაში არასრულწლოვანიც ცხოვრობს, ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

27. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე წერილობითი შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო, დამტკიცებულად ჩაითვალა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა.

28. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი (სუსგ. Nას-1569-2018. 13.05.2019წ).

29. საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისათვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; ამას გარდა, საჭიროა იმ გარემოების გამოკვლევა ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებელს სათანადო საშუალებებით შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების შესახებ (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (Gakharia v. Georgia), განაცხადი N30459/13, 17.01.2017წ).

30. კონკრეტულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოპასუხისათვის უზრუნველყოფილი იყო შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად ყველა საშუალება, კერძოდ, ჰქონდა გასაჩივრებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საჭირო მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა მას არც რაიმე მტკიცებულება და არც კვალიფიციური შედავება არ წარუდგენია.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ ვერ წარადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების წინაპირობა გახდებოდა.

32. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

35. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% -105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. მ.გ–ს (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან (საგადახდო დავალება N27719224770, გადახდის თარიღი 09.06.2025) ზედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, სულ 255 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი