№ას-749-2025 18 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „ბ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 7 309 125 ლარისა და 538 643.65 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა შპს „ბ–ამ“ და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის შპს „ბ–ას“ სასარგებლოდ 1 155 000 ლარის დაკისრება.
4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა შპს „ბ–ას“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ბ–ას“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 300 000 ლარის და 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით. შპს „ბ–ას“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ასევე შპს „ბ–ამ“, თუმცა აღნიშნული სააპელაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 03 თებერვლის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
8. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 აპრილის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, გასაჩივრებულ ნაწილში საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2011 წლის 24 თებერვლის N40 ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ ლარად, შპს „ბ.ბ.გ.უ.ფ.ი.ი.ს.ვ.თ–ს“ (შემდგომში - „ბ–ა“ ვინაიდან, 2011 წლის 16 მარტს - შპს „ბ.ბ.გ.უ.ფ.ი.ი.ს.ვ.თ–ის“ პარტნიორთა კრების №2 ოქმით საწარმოს შეეცვალა საფირმო სახელი და დაერქვა „ბ–ა“) პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯინისწყალში მდებარე 1133,9 კვ.მ. შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 16 136 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 22.27.01.192).
9.2. 2011 წლის 24 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და 199 ეკონომიკის სამინისტროსა (გამყიდველი) და შპს „ბ.ბ.გ.უ.ფ.ი.ი.ს.ვ.თ–ს“ (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება შეადგენდა 365 000 ლარს, ხოლო ქონების ნასყიდობის ფასი 1 ლარს.
9.2.1. შპს „ბ–ამ“ იკისრა ვალდებულება: ა) ხელშეკრულების შესაბამისად გადაეხადა ნასყიდობის ფასი და მიეწოდებინა გამყიდველისათვის აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები; ბ) წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში შეექმნა პირუტყვის დაკვლის, დამუშავების და დაფასოების საწარმო, რისთვისაც განახორციელებდა არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციას; გ) შეენარჩუნებინა საწარმოს პროფილი 5 წლის განმავლობაში; დ) წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 (შვიდი) თვის ვადაში, პროფილის შენარჩუნების ვადით, დაესაქმებინა საწარმოში არანაკლებ 60 (სამოცი) საქართველოს მოქალაქე; ე) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, მოთხოვნისთანავე წარედგინა ინფორმაცია „გამყიდველისათვის“; ვ) სამუშაოების შესრულების ვადის დასრულების მომენტისათვის წარმოედგინა აუდიტორული კომპანიის დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განეხორციელებინა ყველა სახის ქმედება და მიეღო შესაბამისი ზომები წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით (3.2 მუხლი).
9.2.2. თუ „მყიდველი“ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულებდა წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ „გამყიდველი“ გაუგზავნიდა მყიდველს ვალდებულების შესრულების შესახებ წერილობით მოთხოვნას შესრულების აუცილებელი ვადის (არანაკლებ 3 (სამი) კალენდარული თვისა) მითითებით და მყიდველი გამყიდველს ჯარიმის სახით გადაუხდიდა: ა) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ს, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ დარღვევაზე ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების 0.05%-ს, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (4.1 მუხლი).
9.2.3. გამყიდველს უფლება ჰქონდა ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება: ა) „გამყიდველის“ მიერ მყიდველისთვის წინამდებარე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად მიცემული დამატებითი ვადის ამოწურვის შემდეგ, „მყიდველის“ მიერ სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის გაგრძელების ან/და „მყიდველის“ მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში; ბ) თუ „მყიდველის“ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვის ვადაში არ იქნებოდა გატარებული ქმედითი ღონისძიებები აღებული ვალდებულებების შესასრულებლად (4.2 მუხლი).
9.2.4. გამყიდველის მიერ ხელშეკრულების 4.2 მუხლით მინიჭებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, მხარეები განახორციელებდნენ ორმხრივ რესტიტუციას და მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო განხორციელებული ინვესტიციის (მხარეთა შეთანხმებით შერჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნით დადასტურებული კაპიტალდაბანდების) 50%-ის ოდენობით (4.3 მუხლი).
9.3. წარმოდგენილი სარჩელითა და მასზედ თანდართული, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის N ს-24 ბრძანებით ირკვევა, რომ 2014 წლის 06 თებერვლის მდგომარეობით, შპს „ბ–ას“ მიერ განხორციელებულია 1 001 305 აშშ დოლარის ინვესტიცია, თუმცა არ აუმოქმედებია პირუტყვის დაკვლის, დამუშავების და დაფასოების საწარმო, მაგრამ მომზადებულია ექსპლოატაციაში გასაშვებად.
9.4. 2018 წლის 14 ივნისის N 01-01–3/280 ბრძანებით ირკვევა, რომ 2018 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, შპს „ბ–ას“ მიერ ვალდებულება სრულად არ შესრულებულა, რის გამოც შპს „ბ–ას“, ხელშეკრულების საფუძველზე დაერიცხა პირგასამტეხლო 7 309 125 ლარი და 538 643.65 აშშ დოლარი. გარდა პირგასამტეხლოს დაკისრებისა, ამავე ბრძანებებით დადგინდა, რომ შპს „ბ–ას“ არ აუნაზღაურდებოდა გადახდილი თანხები, გაუქმდა, შპს „ბ–აზე“ 2011 წლის 24 თებერვალს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი N16583 მოწმობა და მისთვის გადაცემული უძრავი ქონება აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
9.5. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, სწორად შეამცირა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლოს გამო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
9.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და მიიჩნია, რომ ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, დასტურდებოდა მოპასუხის მიერ შეთანხმებულზე მეტი ოდენობით ინვესტიიის განხორციელება, ასევე ექსპლუატაციაში გასაშვებად მომზადებული იყო პირუტყვის დაკვლის, დამუშავებისა და დაფასოების საწარმო, ხოლო გარიგების საგანი - უძრავი ქონება, რაზეც გაწეულ იქნა საინვესტიციო ხარჯები, კვლავ მოსარჩელის საკუთრებაში იყო აღრიცხული, სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლებოდა და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს დააკისრებდა ხელშეკრულების მეორე მხარეს.
9.7. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ძირითადად დარღვეული იყო საქართველოს მოქალაქეთა ზღვრული ოდენობით დასაქმებისა და კონკრეტული ოდენობით პირუტყვის ადგილობრივი მოსახლეობისგან შესყიდვა/დაკვლის ვალდებულება, რომლის შესრულებაც, მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული და დამოკიდებული იყო გარემო-პირობებზე. ასეთ ვითარებაში კი, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 7 309 125 ლარისა და 538 643.65 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს შემცირება და მისი - 300 000 ლარითა და 50 000 აშშ დოლარით განსაზღვრა გონივრული და სამართლიანი იყო.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
11. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
11.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლოს უნდა შეეფასებინა რა საჯარო ინტერესი არსებობდა პროექტის დროული განხორციელების და რა ზიანი მიიღო სახელმწიფომ ვალდებულების შეუსრულებლობით.
11.2. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარეს შეგებებული სარჩელი ხელშეკრულებით მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეუსაბამობის დადგენის მოთხოვნით სასამართლოსთვის არ წარუდგენია, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი დავის საგანი არ ყოფილა და სასამართლო გასცდა დავის საგნის ფარგლებს. სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში უნდა ეკვლია მხოლოდ ის საკითხები, გარიგება იყო თუ არა კანონიერი, დარღვეული იყო თუ არა ხელშეკრულების პირობები და არსებობდა თუ არა მხარებს შორის წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა. კერძოდ, ეს წინაპირობებია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
19. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამავე განჩინებაში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ. სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; არც ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობაა სადავოდ გამხდარი. კასატორი სადავოდ ხდის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, აჭარის ავოტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრეტენზია მიემართება ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხს.
20. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია უშუალოდ იმ გარემოებას შეეხება, რომ მხარეთა შორის პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეთანხმებული და არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი. აღნიშნულ პრეტენზიას პალატა ვერ გაიზიარებს. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები:№ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).
21. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგN ას-186-2021, 25.03.2021წ.).სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება წარმოადგენს.
22. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სსკ-ს მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (შდრ: სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.). სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს სწორედ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (იხ: ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12; დავით კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ.83, 92-95).
24. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).
25. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მასალებზე. 2017 წლის 31 იანვრის შეთანხმების აქტით (საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ბოლო შეთანხმება) დგინდება, რომ 2011 წლის 24 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების 3.2. მუხლში, რომელიც ითვალისწინებდა მყიდველის ვალდებულებებს, შევიდა ცვლილება და აღნიშნული მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „3.2. „მყიდველი“ ვალდებულია: - ხელშეკრულების ხელმოწერიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს საპრივატიზებო თანხა და მიაწოდოს გამყიდველს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები; -არაუგვიანეს 2017 წლის 01 მარტამდე აამოქმედოს პირუტყვის დაკვლის, დამუშავების და დაფასოების საწარმო, რისთვისაც განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია, ხოლო შესაბამისი შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 2020 წლის 01 იანვრამდე განახორციელოს დამატებით არანაკლებ 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარის ინვესტიცია; - შეინარჩუნოს საწარმოს პროფილი და დასაქმებულთა რაოდენობა საწარმოს ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში უწყვეტად; - 2017 წლის 01 მარტამდე დაასაქმოს არანაკლებ 25 (ოცდახუთი) საქართველოს მოქალაქე, ხოლო 2017 წლის 01 ნოემბრამდე დაასაქმოს საწარმოში ჯამურად არანაკლებ 60 (სამოცი) საქართველოს მოქალაქე; - 2017-2020 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები მოსახლეობისგან შეიძინოს/დაკლას სულ არანაკლებ 2100 (ორი ათას ასი) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, მათ შორის 2017-2019 წლებში არანაკლებ 300-300 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი; - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია „გამყიდველს“; -მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განახორციელოს ყველა სახის ქმედება და მიიღოს შესაბამისი ზომები წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. - წარმოადგინოს შესაბამისი აუდიტორული დასკვნები, რომლებიც უნდა მომზადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 05 სექტემბრის №360 დადგენილებით დამტკიცებული საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან ერთ - ერთი კომპანიის მიერ ან მხარეთა მიერ შეთანხმებული აუდიტორული კომპანიის მიერ“. 2011 წლის 24 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრულია მხარეთა პასუხისმგებლობა. კერძოდ: თუ „მყიდველი“ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულებს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მაშინ „გამყიდველი“ უგზავნის მყიდველს ვალდებულების შესრულების შესახებ წერილობით მოთხოვნას შესრულების აუცილებელი ვადის (არანაკლებ 3 (სამი) კალენდარული თვისა) მითითებით და მყიდველი გამყიდველს ჯარიმის სახით უხდის: ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ხელშეკრულების 4.1 მუხლი). 2018 წლის 14 ივნისის №01-01-3/280 ბრძანებით მოიშალა (გაუქმდა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ბ–ას“ შორის 2011 წლის 24 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და შპს „ბ–ას“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადავიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში. ამავე ბრძანებით შპს „ბ–ას“ ეცნობა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გადასახდელი აქვს ჯარიმა (პირგასამტეხლო): 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 27 იანვრის N16 განკარგულების თანახმად, ვალდებულების შესრულების პირობით გათავისუფლებული ჯარიმა (პირგასამტეხლო) 5 703 125 ლარი და 538 643.65 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარი; 2. პირუტყვის დაკვლის, დამუშავების და დაფასოების საწარმოს ამოქმედების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო - ქონების ღირებულების (365 000 ლარი) 0.5%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 1825 ლარი). 2017 წლის 01 მარტიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით 471 ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმა 859 595 ლარი; 3. 2017 წლის 01 მარტამდე არანაკლებ 25 (ოცდახუთი) მოქალაქის დასაქმების ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო - ქონების ღირებულების (365 000 ლარი) 0.5%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 1825 ლარი). 2027 წლის 01 მარტიდან 2017 წლის 18 მარტის ჩათვლით 18 ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმა 32 850 ლარი; 4. 2017 წლის 01 ნოემბრამდე საწარმოში ჯამურად არანაკლებ საქართველოს 60 მოქალაქის დასაქმების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო - ქონების ღირებულების (365 000 ლარი) 0.5%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 1825 ლარი). 2017 წლის 01 ნოემბრიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით 226 ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმა 412 450 ლარი; 5. 2017 წელს არანაკლებ 300 მსხილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა/დაკვლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო - ქონების ღირებულების (365 000 ლარი) 0.5%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 1825 ლარი). 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 14 ივნისის ჩათვლით 165 ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმა 301 125 ლარი. მითითებული ბრძანების თანახმად, 2018 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, შპს „ბ–ას“ ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ერიცხებოდა პირგასამტეხლო (ჯარიმა) ჯამში 7 309125 ლარი და 538 643.65 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა).
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართალია, მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ დარღვევაზე ჯარიმის ინდივიდუალურად დაკისრებას, თუმცა, სასამართლო მხედველობაში იღებს ხელშეკრულების მიზანს, მოპასუხის მიერ ნაკისრი ცალკეული ვალდებულებების ხასიათს და შინაარსს და მიიჩნევს, რომ შპს „ბ–ას“ მიერ შესასრულებელი ვალდებულებები, რომელთა შეუსრულებლობის გამოც ითხოვს მოსარჩელე მხარე პირგასამტეხლოს დაკისრებას, როგორც ერთიანი ვალდებულება, ერთობლივად უნდა იქნეს განხილული. იმ გარემოებამ, რომ მოპასუხე კომპანიამ ვერ შეძლო პირუტყვის დაკვლის, დამუშავებისა და დაფასოების საწარმოს ამოქმედება, განაპირობა კომპანიის მიერ საწარმოში დასაქმებისა და გარკვეული რაოდენობით პირუტყვის შეძენა/დაკვლის შესახებ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. შესაბამისად, მითითებული ვალდებულებების ცალკეულად გამოყოფა და პირგასამტეხლოს ინდივიდუალურად დაანგარიშება, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უფლების ბოროტად გამოყენება იქნება. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე მოპასუხის შესაგებელში გამოთქმულ შედავებასაც პირგასამტეხლოს შუსაბამოდ მაღალი ოდენობის შესახებ. ამასთან, პალატა ითვალისწინებს, პირგასამტეხლოს დაკისრების მიზნებსა და დანიშნულებას, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობას, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ საქმის მასალებით დასტურდება მოპასუხის მიერ შეთანხმებულზე მეტი ოდენობით ინვესტიიის განხორციელება, უდავოა, რომ პირუტყვის დაკვლის, დამუშავებისა და დაფასოების საწარმო ექსპლუატაციაში გასაშვებად მომზადებული იყო, ხოლო მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა, რისთვისაც მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას, განპირობებული არ იყო მხოლოდ მისი ბრალით (ძირითადად დარღვეულია საქართველოს მოქალაქეთა ზღვრული ოდენობით დასაქმებისა და კონკრეტული ოდენობით პირუტყვის ადგილობრივი მოსახლეობისგან შესყიდვა/დაკვლის ვალდებულება, რომლის შესრულებაც, მხოლოდ მასზე არ იყო დამოკიდებული და დამოკიდებული იყო გარემო-პირობებზე, (მაგალითად: მოსახლეობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასყიდი საქონლის ობიექტურად არ არსებობა)), პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ვალდებულების შეუსრულებლობით მოსარჩელის მიერ განცდილი ზიანი და საბოლოო ჯამში, მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე. საკასაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით კი, რომლის თანახმადაც, პალატამ არარელევანტურად მიიჩნია თითოეული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს ცალკეული ოდენობით გამოთვლის პრინციპი, მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 300 000 ლარისა და 50 000 აშშ დოლარის ელვივალენტი ლარის ოდენობით, წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ და გონივრულ ოდენობას, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას.
27. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას მასზედ, რომ მოპასუხე მხარეს შეგებებული სარჩელით უნდა მიემართა სასამართლოსთვის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეუსაბამობის დადგენის მოთხოვნით, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი დავის საგანი არ ყოფილა და სასამართლო გასცდა დავის საგნის ფარგლებს. აღნიშნულს პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე შედავება შესაგებლით ხორციელდება და არ არის სავალდებულო პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრას. ამგვარი საჭიროება არც კანონით და არც სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. მთავარია, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და არაგონივრულობა შესაგებლით იყოს შედავებული, რადგან სასამართლოს მხრიდან სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებას მოპასუხის პროცესუალური აქტიურობა - შესაგებლით შედავება სჭირდება და არა შეგებებული სარჩელის აღძვრა, როგორც ამას კასატორი უთითებს.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
29. დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
31. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ არაგონივრულ ოდენობამდე შემცირების მტკიცების ტვირთი კასატორს ეკისრებოდა, რომელმაც სასამართლოს წინაშე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელიც პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ნაწილში, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, ვერ წარმოადგინა.
32. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
35. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი