Facebook Twitter

№ას-871-2025 18 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – სს „პ.დ–ვა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.თ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 6 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე

კასატორის მოთხოვნა – დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.თ–ძემ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „პ.დ–ვის“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 10 842 ლარის დაკისრების მოთხოვნით (იხ. სარჩელი: ს.ფ. 11-16).

1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.თ–ძის სარჩელი სს „პ.დ–ვის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით თ.თ–ძის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა ვადა (10 დღით) სააპელაციო პასუხის (შესაგებლის) წარსადგენად და სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 25 მარტს 11:00 საათზე. აღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაჰბარდა სს „პ. დ–ას“.

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ.თ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე მოწინააღმედეგე მხარის სს „პ.დ–ვის“ წარომადგენლის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო და სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თ.თ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. სს „პ.დ–ვას“ თ.თ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 10 842 ლარის გადახდა.

4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა სს „პ.დ–ვამ“ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მოცემულ საქმეზე წარმომადგენლობას ახორციელებდნენ ე.ს–ძე და ნ.ა–ი. ე.ს–ძის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობით. კერძოდ, 2025 წლის 19 მარტიდან იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე. ნ.ა–ი კი, სასამართლოში გამოცხადდა სხდომის დღეს, ნაცვლად 11:00 საათისა - 13:00 საათზე. აღნიშნული გამოწვეული იყო იმ ვითარებით, რომ წარმომადგენელს გარდაეცვალა ძმა და სხდომამდე 3 დღით ადრე იყო დაკრძალვა.

4.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 მაისის განჩინებით სს „პ.დ–ვის“ საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4.4. პალატამ მიუთითა, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრებოდა მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიო იყო მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა. სააპელაციო პალატამ წარმომადგენელ ნ.ა–ის გამოუცხადებლობა მიიჩნია საპატიოდ. თუმცა, ე.ს–ძის გამოუცხადებლობის ნაწილში ყურადღება გაამახვილა საჩივარზე თანდართულ საავადმყოფო ფურცელზე, სადაც გრაფაში „შრომისუუნარობის სახეობა“, შრომისუუნარობის სათანადო სახეობას არა აქვს ხაზი გასმული (იხ.„ბრძანება“ მუხლი 12 (4 „ე“)); ასევე მითითებულია რეჟიმი „ამბ“. საავადმყოფო ფურცელში არ არის მითითებული პაციენტის ანამნეზის ან/და კონკრეტული დაავადების შესახებ, რასაც, შესაძლოა სასამართლოსათვის შეექმნა მყარი შინაგანი რწმენა, რომ აპელანტის წარმომადგენელს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ან სასამართლოს წინასწარ ინფორმირება სხდომის გადადების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია ასევე საჩივრის ავტორის მიერ საჩივარში მითითებულ ურთიერთგამომრიცხავ არგუმენტებზე, კერძოდ, საჩივრის ავტორი ერთ შემთხვევაში მიუთითებდა, რომ ე.ს–ძის ავადობიდან გამომდინარე ფიზიკურად ვერ მოხდა მის მიერ შესაბამისი წესით სასამართლოსთვის შეტყობინების განხორციელება, ხოლო მეორეს მხრივ კი აღნიშნავდა, რომ ე.ს–ძის შემთხვევაში იცოდა რა, რომ მეორე წარმომადგენელი დაესწრებოდა სხდომას, არ განხორციელებულა შეტყობინება სასამართლოსთვის.

4.5. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ მოთხოვნას, რაც ქმნიდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 06 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

5.1. კასატორისთვის გაუგებარია, საავადმყოფო ფურცელში დიაგნოზის მიუთითებლობა, რატომ ჩათვალა სააპელაციო პალატამ, სასამართლოში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად დაკვალიფიცირების გამომრიცხველ გარემოებად და რატომ მიიჩნია, რომ საავადმყოფო ფურცლის პირობებშიც კი, შესაძლოა ჰქონოდა წარმომადგენელს საშუალება, გამოცხადებულიყო სხდომაზე.

5.2. სასამართლომ დადგენილი პრაქტიკა ბლანკეტურად გაავრცელა მოცემულ საქმეზე და მხედველობაში არ მიიღო კონკრეტული საქმის დეტალები. კერძოდ, ის გარემოება, რომ წარმომადგენელი ნ.ა–ი უნდა გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე და რომ არა ემოციური ფონი, რაც გამოხატულ იქნა იმაში, რომ სასამართლო სხდომაზე ნაცვლად 11:00 საათისა, გამოცხადდა 13:00 საათზე, მხარის გამოუცხადებლობას არ ექნებოდა ადგილი. აღნიშნულის გათვალისწინებით კი, ვინაიდან, კომპანიასაც არ ჰქონია მოლოდინი, რომ სხდომაზე წარმომადგენელი არ მივიდოდა, არ მიუღია შესაბამისი ზომები.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

9. საკასაციო პალატა კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ ამ კუთხით მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.

10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2025 წლის 26 თებერვლის განჩინებით თ.თ–ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა სხდომაზე დაინიშნა 2025 წლის 25 მარტს 11:00 საათზე. აღნიშნული განჩინების ასლი ჩაჰბარდა სს „პ.დ–ვას“ 2025 წლის 06 მარტს.

10.1. 2025 წლის 25 მარტს სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე სს „პ.დ–ვის“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა და აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა სს „პ.დ–ვამ“, თუმცა, წარდგენილი საჩივრის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარემ ვერ დაადასტურა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს სსსკ-ის 387-ე მუხლი განსაზღვრავს, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, აღნიშნული ნორმით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და არც გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს. ამავდროულად, ზემოაღნიშნული საპროცესო ღონისძიება ერთგვარი სანქციაა ისეთი მხარისათვის, რომელიც არასაპატიოდ არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 387-ე მუხლის მეორე ნაწილის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობა; ბ) გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზი; გ) აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

12. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა საპატიო გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

13. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

14. კასატორი, მისი გამოუცხადებლობის განმაპირობებელ გარემოებად მიუთითებს იმაზე, რომ წარმომადგენელი ე.ს–ძე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, ამასთან, მისთვის ცნობილი იყო, რომ მეორე წარმომადგენელი ნ.ა–ი უნდა გამოცხადებულიყო სასამართლოს სხდომაზე. შესაბამისად, არ არსებობდა მისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს წინასწარ ინფორმირების აუცილებლობა.

15. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და კასატორის პრეტენზიებზე. ნ.ა–ის გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობით დასტურდება, რომ ნ.ა–ის ძმა, გურამ ადუაშვილი გარდაიცვალა 2025 წლის 16 მარტს. ნ.ა–ის გამოუცხადებლობის საპატიოობაზე იმსჯელა სააპელაციო პალატამ და მიიჩნია, რომ აღნიშნული წარმომადგენლის გამოუცხადებლობა სხდომაზე გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ ე.ს–ძის გამოუცხადებლობის საპატიოობაზე. ე.ს–ძის სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის დასადასტურებლად, საქმეში წარმოდგენილია საავადმყოფო ფურცელი, რომლის თანახმად, ე.ს–ძე საავადმყოფო ფურცელზე იმყოფებოდა 2025 წლის 19 მარტიდან 2025 წლის 27 მარტის ჩათვლით. სასამართლო სხდომა კი, დანიშნული იყო 2025 წლის 25 მარტს. პალატა მიიჩნევს, რომ სს „პ.დ–ვას“, რომლისთვისაც ცნობილი უნდა ყოფილიყო როგორც ერთი, ისე მეორე წარმომადგენლის მდგომარეობის შესახებ, შეეძლო უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე სხვა წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა, ან წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის წარმომადგენლის გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ და დაეყენებინა შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა წარმომადგენელ ნ.ა–ის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი და მის მიერ მითითებული ემოციური ფონი მიიჩნია საპატიოდ, საკასაციო პალატას აძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ პირველ რიგში თავად მხარეს უნდა გაეთვალისწინებინა აღნიშნული ემოციური ფონი და სასამართლო სხდომამდე დაინტერესებულიყო, ერთი წარმომადგენლის საავადმყოფო ფურცელზე ყოფნისა და მეორე წარმომადგენლის მითითებული მდგომარეობის პირობებში, იყო თუ არა წარმომადგენლობა უზრუნველყოფილი.

16. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე (კასატორი) იურიდიული პირია, რომელსაც მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება იმ რისკების მაქსიმალურ დონემდე შემცირება, რომლის გაუთვალისწინებლობამაც შესაძლოა, გარკვეული პრობლემების წინაშე დააყენოს კომპანია. პალატის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოვლენილი იყო ის გარემოებები, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში (განსახილველ საქმეში, გამოცხადების ხელშემშლელი გარემოებების შესახებ სს „პ.დ–ვა“ უნდა ყოფილიყო ინფორმირებული), სადაზღვევო კომპანია ვალდებული იყო გონივრული წინდახედულობის ფარგლებში არახელსაყრელი შედეგის თავიდან ასაცილებლად, სათანადოდ უზრუნველეყო პროცესში საკუთარი მონაწილეობა. შესაბამისად, წარმომადგენლის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა, იურიდიული პირისათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება (შდრ. საქმე №ას-780-780-2018, 2019 წლის 22 ოქტომბრის განჩინება).

17. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ იურიდიული პირის წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დროსაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ. საქმე №ას-152-148-2016, 2016 წლის 3 ივნისის განჩინება).

18. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

19. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და საქმის მასალების ერთობლივი ანალიზის შედეგად ჩამოყალიბებულ დასკვნას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

20. სსსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის მოსინააღმდეგე მხარის პროცესზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის მოტივით და მართებულად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. კასატორს კი არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებული ქმედების უკანონობას დაადასტურებდა. ამრიგად, საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და მას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 6 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „პ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2025 წლის 6 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი