№ას-778-2025 18 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს - 22 199.89 ლარის დაკისრება.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ (6411.92 ლარის ნაწილში), მიუთითა, რომ არ ეთანხმება სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გამოთვლის წესს და ითხოვა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.10%-ის, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის შემცირება, 0.02%-მდე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარჩელო მოთხოვნა შპს „ბ–ის“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 6411.92 ლარის ოდენობით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. შპს „ბ–სა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შორის 2022 წლის 25 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მომწოდებელი იღებდა ვალდებულებას საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, 2022 წლის 24 მაისის ჩათვლით მიეწოდებინა - 199 999 ლარის ღირებულების მაისური.
6.2. ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა - 199 999 ლარი.
6.3. ბოლო მიწოდება განხორციელდა 2022 წლის 12 სექტემბერს - 111 დღის დაგვიანებით.
6.4. ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით.
6.5. 2022 წლის 20 სექტემბრის და 2022 წლის 22 სექტემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წერილის თანახმად, მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი, ნაცვლად 2024 წლის 24 მაისისა, მიწოდებულ იქნა 2024 წლის 12 სექტემბერს, 111 (ას თერთმეტი) კალენდარული დღის დაგვიანებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მხრიდან დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა - 22 199.89 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:
6.6. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა იმ საკითხის გარკვევა, სწორად შეამცირა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულების დადგენილ ვადაშ შეუსრულებლოს გამო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
6.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირგასამტეხლოს ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და აღნიშნა, რომ მართალია, მოპასუხემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ, ამით არსებითი ხასიათის ზიანი არ მისდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. ამასთან, მიმწოდებელმა ვადის გადაცილების მიუხედავად მაინც შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. ყოველივე აღნიშნული კი, ქმნიდა პირგასამტეხლოს შემცირების მართზომიერ საფუძველს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად შეთანხმებული პირგასამტეხლო, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს მიზანს.
8.2. კასატორის მოსაზრებით, განჩინება არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული. ხელშეკრულების მხარე არის საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არსებობდა ვალდებულების დროულად შესრულების მაღალი საჯარო ინტერესი. მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირებით კი შეთანხმებული პირგასამტეხლო კარგავს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფისათვის გათვალისწინებული სანქციის ბუნებას. პირგასამტეხლოს ასეთი დიდი ოდენობით შემცირება თავისთავად ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს ძირითად პრინციპს და მისი არსებობის მიზანს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. მოსარჩელის მოთხოვნაა, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო (ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნა მიწოდებული ხელშეკრულების საგანი), ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრება. ეს სამართლებრივი შედეგი მიიღება 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში. კერძოდ, ეს წინაპირობები შემდეგია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.
14. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.
15. უდავოა, რომ 2022 წლის 25 მარტს, მოსარჩელეს, როგორც შემსყიდველს და მოპასუხეს, როგორც მიმწოდებელს შორის, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №15/3-101 ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტსაც წარმოადგენდა ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული ტანსაცმლის (მაისური პოლო (ხაკისფერი), მაისური პოლო (ლურჯი ავიაცია), მაისური პოლო (ლურჯი სანაპირო), მაისურო მოკლესახელოებიანი (ხაკისფერი), მაისური მოკლესახელოებიანი (ლურჯი)) შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 199 999 ლარით. სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები. უდავოა ასევე მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ 2022 წლის 20 სექტემბრის MIA 2 22 02623460 წერილში მითითებული ეტაპობრივი მიწოდების პერიოდულობა. ხელშეკრულების დანართი N1-ის თანახმად, მიმწოდებელს საქონელი უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. შპს „ბ–მა“ დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული მიწოდების ვადა (ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე), კერძოდ მიწოდება სრულად განხორციელდა 2022 წლის 12 სექტემბერს, 111 დღის დაგვიანებით. მხარეებს შორის სადავოა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).
17. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
18. სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.
19. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.
20. მართალია, სსკ-ის 420-ე მუხლი უშვებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, თუმცა აუცილებლად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ, რამეთუ, სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან (მრავალთა შორის იხ. სუსგ.: ას-1499-2022, 24.01.2023წ; ას-1576-2022, 16.03.2023წ.). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ-ები: №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი; №ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი).
21. გამომდინარე იქიდან, რომ მოვალეს გააჩნია პროცესუალური ვალდებულება, კვალიფიციური შესაგებლით დაასაბუთოს, თუ რატომ არის მთხოვნილი პირგასატმეხლო შეუსაბამოდ მაღალი, საკასაციო პალატა პირველ რიგში შეაფასებს თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ.
22. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მის მიერ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მიუთითებდა მხოლოდ იმას, რომ დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. გონივრულ ოდენობად მოპასუხეს მიაჩნია 0.02% და ამ თვალსაზრისით მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაზე.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას.
24. პალატას მიაჩნია, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.
25. მოცემულ შემთხვევაშიც, იმის განსაზღვრისას, დარიცხული პირგასამტეხლო არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი, პალატა შეაფასებს მოპასუხის მიერ აღნიშნულის დასადასტურებლად შესაგებელში მითითებული გარემოებების საფუძვლიანობას (მითითებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე) და აღნიშნავს, რომ მხოლოდ მითითება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობაზე, არ წარმოადგენს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს მოპასუხის სახით წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. გასათვალისწინებელია ასევე ის, რომ შემსყიდველი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ტანსაცმლის (მოკლე მკლავიანი მაისურები) მიწოდება, რომლის შესრულების განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა მოსარჩელეს და მიმწოდებელს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეთხოვებოდა ვალდებულების შესრულება. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოპასუხემ ვადის დარღვევით შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების 10.3 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. საკასაციო პალატა იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე მხარის შედავება პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე არ წარმოადგენს კვალიფიციურ შედავებას, ვინაიდან, მხოლოდ ზოგადად უთითებს, რომ დარიცხული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არ მიუთითებია იმ კონკრეტულ გარემოებებზე, რაც შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ქვემდგომი სასამართლოების მიერ არამართებულად შემცირდა. პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის აპელირებაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაზე და აღნიშნავს, რომ მითითებული დოკუმენტი არის სარეკომენდაციო ხასიათის, მას ვერ ექნება სავალდებულო ძალა ხელშეკრულების მხარეებისთვის ან სასამართლოსათვის და შესაბამისად, პირგასამტეხლოს გამოთვლა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების სპეციფიკიდან და საქმეში არსებული გარემოებებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.
26. მოპასუხის მიერ განხორციელებული შედავების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების მხარეთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.10%, არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული ოდენობა, რომელიც არ გამოიწვევს კრედიტორის გამდიდრებას.
27. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს არ მიიჩნევს საკმარის საფუძვლად პირგასამტეხლოს შესამცირებლად და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.10% არ მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, პალატა შეამოწმებს მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გამოთვლის წესი შეესაბამება თუ არა სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას.
28. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად განისაზღვრა 60 კალენდარული დღე (24 მაისი). სადავო არ არის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, დარღვევით მიწოდების თარიღები და ვადადარღვეული დღეების რაოდენობა, ასევე დგინდება რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის პერიოდში პროდუქცია პრაქტიკულად არ მიწოდებულა. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა დაანგარიშებულია ხელშეკრულების საერთო საორიენტაციო ღირებულებიდან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ განჩინებასა და გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი: ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016).
29. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს ვალდებულების თითოეული შესრულების პერიოდისათვის ვადის დარღვევით მიწოდებული პროდუქციის ოდენობისა და მისი ღირებულების გათვალისწინებით, კერძოდ: მოპასუხის მიერ პირველივე მიწოდება განხორციელდა ვადის დარღვევით, ნაცვლად არაუგვიანეს 2022 წლის 24 მაისისა, მიწოდება განხორციელდა 2022 წლის 21 ივნისს და მიწოდებულ იქნა 7245 ლარის პროდუქცია, ხოლო მიწოდების ვადის გადაცილებამ შეადგინა 18 დღე (24 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით). შესაბამისად, (18 დღის დაგვიანებით) მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულების სრული ღირებულება, რისი გათვალისწინებითაც, 2022 წლის 21 ივნისისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 3599.98 ლარს (199 999 ლარის 0.10%X18 დღეზე). შპს „ბ–მა“ მომდევნო - 58090.90 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება განახორციელა 2022 წლის 29 ივნისს. 2022 წლის 21 ივნისიდან 2022 წლის 29 ივნისამდე ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაა 8 დღე, მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება კი 192 754 ლარი (199 999 ლარს გამოკლებული 21 ივნისს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 7245 ლარი). შესაბამისად, აღნიშნული პერიოდისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 1542.03 ლარი (192754 ლარის 0.10%X8 დღეზე). 2022 წლის 07 ივლისს მოსარჩელეს მიეწოდა 60731.30 ლარის ღირებულების პროდუქცია, ამდენად, 2022 წლის 29 ივნისიდან 2022 წლის 07 ივლისამდე ვადადარღვეული დღეების რაოდენობამ შეადგინა 8 დღე, მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულებამ კი 134 663.1 ლარი (192 754 ლარს გამოკლებული 29 ივნისს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 58090.90 ლარი) შესაბამისად, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 1077.30 ლარი (134 663.1 ლარის 0.10%X8 დღეზე). 2022 წლის 14 ივლისს მოსარჩელეს მიეწოდა 25004.10 ლარის ღირებულების პროდუქცია. 2022 წლის 07 ივლისიდან 2022 წლის 14 ივლისამდე ვადადარღვეული დღეების რაოდენობამ შეადგინა 07 დღე, ხოლო მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულებამ 73 931.8 ლარი (134 663.1 ლარს გამოკლებული 07 ივლისს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 60 731.30 ლარი). შესაბამისად, ამ პერიოდისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 517.52 ლარი (73 931.8 ლარის 0.10%X7 დღეზე). 2022 წლის 15 ივლისს მოსარჩელეს მიეწოდა 11215.50 ლარის ღირებულების პროდუქცია. 2022 წლის 14 ივლისიდან 2022 წლის 15 ივლისამდე ვადადარღვეული დღეების რაოდენობამ შეადგინა 1 დღე, ხოლო მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულებამ 48 927.7 ლარი (73 931.8 ლარს გამოკლებული 14 ივლისს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 25004.10 ლარი), შესაბამისად, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 48.92 ლარი (48 927.7 ლარის 0.10%X1 დღეზე). 2022 წლის 22 ივლისს მოსარჩელეს მიეწოდა 20 915 ლარის ღირებულების პროდუქცია. 2022 წლის 15 ივლისიდან 2022 წლის 22 ივლისამდე ვადადარღვეული დღეების რაოდენობამ შეადგინა 7 დღე, ხოლო მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულებამ 37 712.2 ლარი (48 927.7 ლარს გამოკლებული 15 ივლისს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 11215.50 ლარი), შესაბამისად, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 263.98 ლარი (37 712.2 ლარის 0.10%X7 დღეზე). 2022 წლის 03 აგვისტოს მოსარჩელეს მიეწოდა 1043 ლარის ღირებულების პროდუქცია. 2022 წლის 22 ივლისიდან 2022 წლის 03 აგვისტომდე ვადადარღვეული დღეების რაოდენობამ შეადგინა 12 დღე, ხოლო მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულებამ 16 797.2 ლარი (37712.2 ლარს გამოკლებული 22 ივლისს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 20915 ლარი), შესაბამისად, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 201.56 ლარი (16 797.2 ლარის 0.10%X12 დღეზე). 2022 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელეს მიეწოდა 15 754.20 ლარის ღირებულების პროდუქცია. 2022 წლის 03 აგვისტოდან 2022 წლის 12 სექტემბრამდე ვადადარღვეული დღეების რაოდენობამ შეადგინა 40 დღე, ხოლო მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულებამ 15 754.20 ლარი (16797.2 ლარს გამოკლებული 03 აგვისტოს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება - 1043 ლარი), შესაბამისად, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 630.16 ლარი (15 754.20 ლარის 0.10%X40 დღეზე).
30. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ არამართებულად იქნა გამოთვლილი პირგასამტეხლო ყველა მიწოდების პერიოდისათვის მთლიანი ხელშეკრულების ღირებულებიდან.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 7881.45 ლარის ოდენობით (3599.98+1542.03+1077.30+517.52+48.92+263.98+201.56+630.16).
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. 33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო შპს „ბ–მა“ პირველი ინსტანციის სასამართლოში ნაწილობრივ ცნო სარჩელი (6411.92 ლარის ნაწილში) მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 550 (100+150+300) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „ბ-ს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისროს 7881.45 ლარის გადახდა;
5. შპს „ბ-ს“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 550 (100+150+300) ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი