Facebook Twitter

№ას-783-2025 18 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ი–ვი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საექსპერტო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში რ.ი–ვის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საექსპერტო მომსახურების ღირებულების სახით 6780 ლარის დაკისრება.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი დაკმაყოფილდა. რ.ი–ვს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6780 ლარის გადახდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ.ი–ვმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით რ.ი–ვის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 140 ლარის გადახდა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2021 წლის 21 ივლისს რ.ი–ვის წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და განმარტა, რომ 2020 წლის 19 მარტს, ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა რ.ი–ვის საკუთრებაში არსებული „Mersedes-Benz GLC-250“ მარკის ავტომობილი (საიდენტიფიკაციო ნომერი - ......). სანომრე ნიშანი - ......). მითითებული სატრანსპორტო საშუალება 2020 წლის 6 იანვარს შეძენილი იქნა შპს „ა–ს“ სერვის ცენტრში, რაშიც გადახდილია 38 000 ევრო.

6.2. მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირებთან შემდგომი სამოქალაქო დავის წარმოების მიზნით, განმცხადებელმა მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად და ითხოვა დასკვნის გაცემა შემდეგი საკითხების ირგვლივ: რ.ი–ვის საკუთარებაში არსებული „Mersedes-Benz GLC-250” მარკის ავტომობილი (საიდენტიფიკაციო ნომერი - .....) დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე შესაძლებელია თუ არა მისი აღდგენა და რას შეადგენს მიყენებული ზიანის ოდენობა. განცხადებას დართული აქვს შპს „ა–ს“ წერილი, ზემოაღნიშნული ავტომანქანის შეძენის ღირებულების დასადასტურებლად.

6.3. დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათის თანახმად, დანიშნული ექსპერტიზის სახეობაა: სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზა; სასაქონლო ექსპერტიზა.

6.4. 2021 წლის 21 ივლისს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და რ.ი–ვის წარმომადგენელს

შორის გაფორმდა საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შემსრულებელი აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზისა და სასაქონლო ექსპერტიზის საექსპერტო სპეციალურ სამუშაოს, ხოლო დამკვეთი უხდის შემსრულებელს შესრულებული სამუშაოს საფასურს ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით.

6.5. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის N171 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.

6.6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 27 აგვისტოს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ, 2018 წელს დამზადებული, მაღალი გამავლობის ავტომობილის „Mersedes-Benz GLC-250” მარკის ავტომობილი (საიდენტიფიკაციო ნომერი - ........), მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 113 000 ლარს. ექსპერტიზის კვლევითი ნაწილის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილია 2018 წელს დამზადებული, მაღალი გამავლობის ავტომობილი „Mersedes-Benz GLC-250” მარკის ავტომობილი (საიდენტიფიკაციო ნომერი - ......, სანომრე ნიშანი - ........... აღნიშნული ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ ძარას აღენიშნება ავარიული ხასიათის, მექანიკური სახის დაზიანებები, რთული დეფორმაციული სახით. რის შედეგადაც ავტომობილს დეფორმირებული და დაზიანებული აქვს: წინა ბამპერი რიგი მაკომპლექტებელი დეტალებით, ცხაურა, წინა პარკინგის სენსორები, წინა მარჯვენა მაშუქი ფარი, წინა მარცხენა მაშუქი ფარი, წინა საქარე მინა, წინა მარჯვენა ფრთა, წინა მარცხენა ფრთა, ძრავის სახურავი, წინა განივი ძელი, წინა მარჯვენა ლანჟერონი, წინა მარჯვენა დისკ-საბურავი, წინა მარჯვენა და მარცხენა თვალის დაკიდების რიგი მაკომპლექტრებელი დეტალები, მარჯვენა და მარცხენა უკანა ხედვის სარკეები, წინა მარჯვენა კარი რიგი მაკომპლექტებელი დეტალებით, უკანა მარჯვენა კარი, უკანა მარჯვენა ფრთა, საწვავის ავზის შესავსების თავაკი, უკანა მარჯვენა მაშუქის ფარი, უკანა ბამპერი რიგი მაკომპლექტებელი დეტალებით, უკანა მარცხენა ფრთა, უკანა მარცხენა კარი რიგი მაკომპლექტებელი დეტალებით. წინა მარცხენა კარი რიგი მაკომპლექტებელი დეტალებით, მარჯვენა და მარცხენა ზედა ლავგარდანი, მარჯვენა საფეხური (ე.წ. პაროგი), ძარის სახურავი რიგი მაკომპლექტებელი დეტალებით, დაზიანებულია ასევე ძრავის ნაკვეთურში არსებული ელ. სისტემის და სხვადასხვა პლასტმასის რიგი მაკომპლექტებელი დეტალები, გახსნილია უსაფრთხოების ბალიშები, დაზიანებულია ინტერიერის რიგი მაკომპლექტებელი დეტალები და ა.შ. ავტომობილი ძარაზე ქარხანა დამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული ღიობის ზომები არათანაბარია/არაეულია. ავტომობილზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოებისა და შესაცვლელი დეტალების რაოდენობისა და მათი საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, ავტომობილის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისათვის, მატერიალური თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არ არის.

6.7. ექსპერტიზის კვლევითი ნაწილის თანახმად, ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე (2020 წლის 19 მარტის მდგომარეობით), მისი დამზადების წლის, ექსპლუატაციაში ყოფნის ხანგრძლივობის, ასევე მსგავსი, ტექნიკურად გამართული ავტომობილების დღევანდელი საბაზრო ღირებულებებისა და საავტომობილო ბაზრობებსა და ინტერნეტ გვერდებზე მოპოვებული ინფორმაციის გათვალისწინებით და კორექტირებით, საორიენტაციოდ შეადგენს 126 000 ლარს. აღნიშნული ავტომობილის საბაზრო ღირებულება მასზე განვითარებული დაზიანებების გათვალისწინებით, მსგავსი მარკა-მოდელისა და კომპლექტაციის ავტომობილების საბაზრო ფასების გათვალისწინებითა და კორექტირებით, საორიენტაციოდ შეადგენს: 13 000 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპერტმა დაასკვნა, რომ ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საორიენტაციოდ შეადგენდა მის საბაზრო ღირებულებას დაზიანებამდე გამოკლებული მისივე ნარჩენი ღირებულება, ანუ 126 000 – 13 000 = 113 000 ლარს.

6.8. 2021 წლის 27 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი N3006075221 თანახმად, შესრულებული კვლევის კოდი (საქართველოს მთავრობის 08.05.2012 N171 დადგენილების მიხედვით) განისაზღვრა 255-დაზიანებული ავტომობილის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრა - ტარიფი 113 000 ლარის 6% - 6780 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

6.10. პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება იმის თაობაზე, რომ შემსრულებელმა - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გაწეული საექსპერტო მომსახურების შესაბამისად განსაზღვრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 6780 ლარით.

6.11. პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია აპელანტი მხარის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ საქმეში, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ ავტომობილისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ მის აღდგენით ღირებულებას უკავშირდება. პალატის მოსაზრებით, იმისათვის, რომ ექსპერტს განესაზღვრა ავტომობილის აღდგენის ღირებულება, მას ჯერ უნდა დაედგინა თითოეული დაზიანებული და შესაცვლელი დეტალის ფასი ცალ-ცალკე, რასაც დაემატებოდა მომსახურების (სახელოსნოს) ხარჯები და ა.შ., რაც საბოლოო ჯამში იქნებოდა ავტომობილის აღდგენის საფასური. მოცემულ შემთხვევაში კი, როდესაც სასაქონლო ექსპერტმა ჩათვალა, რომ ავტომობილის აღდგენა მიზანშეწონილი არ იყო, საექსპერტო კვლევა აღდგენითი ღირებულების დადგენის მიმართულებით აღარ აწარმოა და ზიანის გამოანგარიშება განაგრძო საბაზრო ღირებულების დადგენის გზით.

6.12. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საექპერტო ბიუროს მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო იყო ავტომობილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა დაზიანებამდე და დაზიანების შემდეგ. შესაბამისად, საექსპერტო მომსახურების ტარიფი გამოანგარიშებული უნდა ყოფილიყო დადგენილების დანართის არა 255-ე პუნქტით, არამედ 253-ე პუნქტით, ვინაიდან სწორედ ამ პუნქტის მიხედვით ხდებოდა საექსპერტო მომსახურების ტარიფის დაანგარიშება ავტომობილის საბაზრო ღირებულების დადგენის შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს, ნაცვლად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული - 6780 ლარისა, უნდა დაკისრებოდა საექსპერტო მომსახურების ტარიფი 253-ე პუნქტის მიხედვით, 140 ლარის ოდენობით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრულია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია სასამართლოს განმარტება ისეთი ტიპის დასკვნის მომხადებისას, რომლის არსიც პირდაპირ არ არის მითითებული დადგენილების ჩამონათვალში არსებულ სიაში და აუცილებელია ექსპერტიზის არსიდან გამომდინარე განიმარტოს, თუ რომელი ტარიფი მიესადაგება მას (თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი მისადაგების უფლებამოსილება გააჩნია სასამართლოს და არ წარმოადგენს ექსპერტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას).

8.2. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისგან განსხვავებულად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი. ამ კუთხით კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვადასხვა განჩინებებზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკეული სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება შესაძლებელი იყო მხოლოდ გარკვეული სახის მტკიცებულებით. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ საქმეშიც, ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მცოდნე პირის (ექსპერტის) დასკვნას ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც მოითხოვენ სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების, ხელოსნობის სფეროში. ექსპერტის დასკვნა მზადდება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის საჭირო მნიშვნელოვანი მონაცემების მისაღებას და დასკვნის ნაწილს წარმოადგენს ექსპერტიზის რაობის, არსის განსაზღვრა, ასევე შესაბამისი ტარიფის მისადაგებაც.

8.3. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ საქმეში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა ექსპერტიზის დასკვნით და იგი უფლებამოსილი არ იყო მოეხდინა მისი ინტერპრეტირება ზეპირი განმარტების საფუძველზე. მითუმეტეს, რომ ექსპერტიზის დასკვნის წერილობითი დოკუმენტის საპირწონედ საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი სხვა წერილობითი დოკუმენტი.

8.4. კასატორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია და დაესაბუთებინა რა სახის სახელშეკრულებო ურთიერთობას ქონდა ადგილი, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება რას მიიჩნევდა შესრულების დასტურად, როგორ უნდა განაწილებულიყო მტკიცების ტვირთი და რა მტკიცებულებები წარმოადგინეს მხარეებმა. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებდა სარჩელში მითითებულ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, ასევე ყურადღების მიღმა დატოვა დამკვეთი მხარის მიზანი, თუ რისთვის ესაჭიროებოდა ექსპერტიზის დასკვნები.

8.5. საკასაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ქონებრივი ზიანის ცნებაზე და მიიჩნევს, რომ ზიანის ცნების შინაარსიდან გამომდინარე, დაზიანებული ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის განსაზღვრა სწორედ მისი აღდგენითი ღირებულების დადგენას უკავშირდება. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნიდან დგინდება, რომ კვლევა ჩატარებულია მიყენებული ზიანის ოდენობის დასადგენად, ექსპერტმა შეისწავლა ავტომანქანაზე მიყენებული დაზიანებები, ავტომობილზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოებისა და შესაცვლელი დეტალების რაოდენობისა და მათი საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით დაადგინა ავტომობილის მატერიალური თვალსაზრისით აღდგენის მიზანშეუწონლობა. შემდგომ კი, გამოიკვლია და დაადგინა ავტომობილის საბაზრო ღირებულება და ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებების გათვალისწინებით. შესაბამისად, მათ შორის არსებული თანხის სხვაობით განსაზღვრა დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.

8.5. კასატორი სადავოდ ხდის სასამართლო პროცესში მოპასუხე მხარის წარმომადგენლად არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობის საკითხს. ვინაიდან, სხდომაზე მხოლოდ მოპასუხის წარმომადგენლის გამოცხადების შემდგომ, სასამართლომ უფლებამოსილების გადამოწმების ეტაპზე დაადგინა, რომ მას ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული არ ჰქონდა სამოქალაქო სპეციალიზაციის მიმართულებით, რის გამოც გადაიდო საქმის განხილვა. მომდევნო სხდომაზე აპელანტი მხარისა და იგივე წარმომადგენლის გამოცხადების შემდგომ კი, სასამართლომ წარმომადგენელს უფლება მისცა მონაწილეობა მიეღო პროცესში, სხდომის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია, მოპასუხისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი.

16. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე იმსჯელებს. სსსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადასტუროს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადასტურების მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

19. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით, ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების ფარგლებში, მოპასუხისთვის (შემკვეთისათვის) თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის (მენარდის) მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 361.2 (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) მუხლებიდან მომდინარეობს.

20. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.

21. საკასაციო პალატა საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით მიუთითებს საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

21.1. დადგენილია, რომ 2021 წლის 21 ივლისს, რ.ი–ვსა (დამკვეთი) და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (მენარდე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება საექსპერტო მომსახურების შესახებ, რომლის საგანი იყო საინჟინრო ექსპერტიზის, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის და სასაქონლო ექსპერტიზის შესრულება.

21.2. ხელშეკრულების გაფორმებას საფუძვლად დაედო რ.ი–ვის მიმართვა, სადაც მან ექსპერტიზის ბიუროს აცნობა, რომ 2020 წლის 19 მარტს, ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურდა მის საკუთრებაში არსებული „Mersedes-Benz GLC-250” მარკის ავტომობილი (საიდენტიფიკაციო ნომერი - ............). სანომრე ნიშანი - .....), რომელიც 2020 წლის 6 იანვარს შეძენილი იქნა შპს „აკას“ სერვის ცენტრში, 38 000 ევროდ. რ.ი–ვმა მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირებთან შემდგომი სამოქალაქო დავის წარმოების მიზნით, ითხოვა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის გაცემა. დამკვეთის მიერ კითხვა ფორმულირებულია შემდეგნაირად: რ.ი–ვის საკუთარებაში არსებული „Mersedes-Benz GLC-250” მარკის ავტომობილის (საიდენტიფიკაციო ნომერი - .......) დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლებელია თუ არა მისი აღდგენა და რას შეადგენს მიყენებული ზიანის ოდენობა.

21.3. ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთი ვალდებული იყო შემსრულებლისათვის გადაეხადა სამუშაოს საფასური ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით. ხელშეკრულების მე-4 მუხლი ითვალისწინებს დამკვეთის მიერ მისთვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის N171 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მომსახურების ტარიფების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად.

21.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 16 აგვისტოს N005772321 ექსპერტიზის დასკვნით (სატრანსპორტო ტექნიკურ ტრასოლოგიური დასკვნა) დადგინდა, რომ ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში იყო და მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ძარაზე არსებული დაზიანების გათვალისწინებით ტექნიკურ-მატერიალური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ იყო. აღნიშნული დასკვნის შედგენის შემდეგ, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეადგინა მეორე (სასაქონლო) ექსპერტიზის დასკვნა N006059021, რომლის მიხედვითაც მატერიალური ზარალის ოდენობა საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ განისაზღვრა 113 000 ლარით. ამასთან, ექსპერტიზის ბიურომ დამკვეთს შეატყობინა, რომ საექსპერტო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 6780 ლარი, ვინაიდან ექსპერტიზის საფასური დაანგარიშებულ იქნა იმ დროისათვის მოქმედი საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171-ე დადგენილების N1 დანართის 255 პუნქტის მიხედვით (დაზიანებული ავტომობილის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრა), რომელშიც საფასური განსაზღვრულია შეფასებული თანხის 6%-ით (113 000 - ის 6% შეადგენს 6780).

22. უდავოა, რომ მენარდემ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, რომელიც შემკვეთს არ აუნაზღაურებია. მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა, მოსარჩელის მიერ გაწეული საექსპერტო მომსახურების სანაცვლოდ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, იმაზე მითითებით, რომ „სსიპ - სამხარაულის სახელობის სასამართლო ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის N171 დადგენილების თანახმად, რეალურად ექსპერტის მიერ მოხდა ავტომობილის საბაზრო ფასის დადგენა და აქედან გამომდინარე, მიაჩნია, რომ გაწეული საექსპერტო მომსახურების ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო ამ დადგენილებით განსაზღვრული 253 კოდით გათვალისწინებული მომსახურებისათვის დადგენილი ტარიფით და არა 255 კოდით გათვალისწინებული ტარიფის შესაბამისად.

23. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხის საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავებულად განმარტების შესახებ და აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში სადავო არ არის ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნის სისწორე და მისი შინარსობრივი მხარე, საკითხი შეეხება არა ექსპერტის მიერ სპეციალური ცოდნის საფუძველზე კონკრეტული საკითხის გამოკვლევას, არამედ, სადავოა შესრულებული სამუშაოსათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა. მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმების დროს მოქმედებდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 08 მაისის N171 დადგენილება - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ, რომლის 253-ე პუნქტი ითვალისწინებდა მსუბუქი ავტომობილისა და სატვირთო ავტომობილის (3500 კგ ჩათვლით) საბაზრო/სატარიფო ღირებულების განსაზღვრას, ხოლო ამავე დადგენილების 255-ე პუნქტში მოცემული იყო დაზიანებული ავტომობილის აღდგენითი ღირებულების განსაზღვრა. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა და შეაფასა სადავო საკითხი, ვინაიდან, 2021 წლის 16 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნით დამკვეთს ეცნობა, რომ ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში იყო და მისი აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით, ძარაზე არსებული დაზიანების გათვალისწინებით ტექნიკურ-მატერიალური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ იყო. აღნიშნული დასკვნა და დამკვეთის მიერ დასმული შეკითხვა (დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლებელია თუ არა ავტომანქანის აღდგენა და რას შეადგენს მიყენებული ზიანის ოდენობა), მისი შინაარსის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, ქმნიდა იმის წინაპირობას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა განსაზღვრულიყო ზემოაღნიშნული დადგენილების 253-ე პუნქტით გათვალისწინებული საბაზრო/სატარიფო ღირებულებით. საექსპერტო დაწესებულების მიერ დამკვეთისათვის მიწოდებული დასკვნა ცალსახად გამორიცხავდა ავტომობილის აღდგენის შესაძლებლობას და კონკრეტულად აღდგენითი ღირებულების განსაზღვრა არც დამკვეთს მოუთხოვია. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე საქმეში წარმოდგენილი ესპერტიზის დასკვნების შინაარსზე, კეროდ, 2021 წლის 16 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნასა და ამავე წლის 27 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული კვლევითი ნაწილები (გამოკვლევა) ფაქტობრივად იდენტურია. მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენის მიზნით შედგენილი 2021 წლის 27 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს მსჯელობას, დასკვნაში აღწერილი კონკრეტული დაზიანებების აღდგენის შესაძლებლობის ან შეუძლებლობის შესახებ, მითითებულია, რომ გათვალისწინებულ იქნა ავტომობილის საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, მისი დამზადების წელი, ექსპლუტაციაში ყოფნის ხანგრძლივობა, ასევე მსგავსი, ტექნიკურად გამართული ავტომობილების საბაზრო ღირებულება და საავტომობილო ბაზრობებსა და ინტერნეტ გვერდებზე მოპოვებული ინფორმაცია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ექსპერტმა დაასკვნა, რომ ავტომობილის საბაზრო ღირებულება მასზე განვითარებული დაზიანებების გათვალისწინებით, მსგავსი მარკა-მოდელისა და კომპლექტაციის ავტომობილების საბაზრო ფასების გათვალისწინებითა და კორექტირებით, საორიენტაციოდ შეადგენდა 13000 ლარს.

24. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის ბიუროს მიერ ფაქტობივად განისაზღვრა მსუბუქი ავტომობილის საბაზრო/სატარიფო ღირებულება, რის შესაბამისად, დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და მოპასუხეს დაეკისრა ჩატარებული ექსპერტიზის ღირებულების ანაზღაურება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება კი, არ ადასტურებს კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნის მართლზომიერებას. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს დამაჯერებლად ვერ დაუსაბუთა მის მიერ მოხოვნილი ოდენობით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძვლიანობა.

25. კასატორის პრეტენზია შეეხება სასამართლო პროცესში არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობასაც, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს სააპელაციო პალატის 2025 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმზე, რომლითაც დასტურდება, რომ სხდომას ესწრებოდა და მასში მონაწილეობდა აპელანტი რ.ი–ვი. შესაბამისად, კასატორის მითითებული პრეტენზია საფუძველს მოკლებულია.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 339 ლარის 70% – 237.3 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (204952089) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 339 ლარის (საგადახდო დავალება N05542, გადახდის თარიღი 14.04.2025) 70% – 237.3 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი