Facebook Twitter

ბს-1096-1058(კ-08) 4 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 14 ივნისს ხ. ხ.-მა, ზ. ს.-მ და თ. პ.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვეს: ქ. თბილისის მერის 2005 წლის 11 მაისის ¹44 და ¹45 ბრძანებებისა და ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹159 განკარგულების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის თანამშრომლები: ხ. ხ.-ი, ზ. ს.-ე და თ. პ.-ი ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹159 განკარგულებით გათავისუფლდნენ სამსახურიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. აღნიშნულ განკარგულებაში მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული იყო ქ. თბილისის მერის 2005 წლის 11 მაისის ¹44 ბრძანება ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. თბილისის მერის მიერ 2005 წლის 11 მაისს გამოცემულ იქნა ¹44 ბრძანება, რომლითაც ლიკვიდირებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 25 თებერვლის ¹2 ბრძანების საფუძველზე შექმნილი ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური. იმავე ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ქ. თბილისის მერის 2005 წლის 25 თებერვლის ¹2 ბრძანება ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის შექმნის შესახებ. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 6 მაისიდან. 2005 წლის 11 მაისსვე ქ. თბილისის მერის მიერ მიღებულ იქნა ¹45 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულება, სტრუქტურა და საშტატო ერთეულების ნუსხა. აღნიშნული ბრძანება ძალაში შევიდა 2005 წლის 6 მაისიდან.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ზემოაღნიშნულით დასტურდებოდა, რომ ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ლიკვიდაცია არ მომხდარა. ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური 2005 წლის 1 იანვრამდე შედიოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, ხოლო 2005 წლის 1 იანვრიდან _ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების დაქვემებარებაში. ამდენად, აღნიშნულმა სამსახურმა შეიცვალა მხოლოდ დაქვემდებარება და არ განხორციელებულა კანონის შესაბამისად მისი ლიკვიდაცია.

მოსარჩელეებმა ასევე მიუთითეს, რომ სადავო აქტები დაუსაბუთებელი იყო ეწინააღმდეგებოდა კანონს, რის გამოც ისინი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 16 ივნისის განჩინებით ხ. ხ.-ის, ზ. ს.-ისა და თ. პ.-ის სარჩელი ქ. თბილისის მერის 2005 წლის 11 მაისის ¹44 და ¹45 ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მიღებულ იქნა წაროებაში, ხოლო ხ. ხ.-ის, ზ. ს.-ისა და თ. პ.-ის სარჩელი ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹159 განკარგულების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში განსჯადობით გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 14 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე ხ. ხ.-ის, ზ. ს.-ისა და თ. პ.-ის სარჩელის გამო მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის შესახებ ასევე გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 25 აპრილის განჩინებით ხ. ხ.-ის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, მის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით, მოსარჩელე ზ. ს.-ის სარჩელის გამო მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმეზე შეწყდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. პ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერის 2005 წლის 11 მაისის ¹44 ბრძანება ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის შესახებ; სასარჩელო მოთხოვნა ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 11 მაისის ¹45 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებლად იქნა ცნობილი და ამ ნაწილში სამართალწარმოება შეწყდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 16 მაისის ¹159 განკარგულება თ. პ.-ის სამუშაოდან დათხოვნის ნაწილში და მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისათვის სამსახურიდან გათავისუფლებიდან ახალი ადმინისტრაციულ-სამათლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ქ. თბილისის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მერის 2005 წლის 11 მაისის ¹44 ბრძანება ეწინააღმდეგებოდა “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონს, ვინაიდან აღნიშნული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა ჰქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ იყო გასაზღვრული ამ ნორმატიული აქტით, რაც გულისხმობდა არა გასული თარიღით აქტის ძალაში შესვლის განსაზაღვრას, არამედ აქტის ძალაში შესვლას იმავე კანონით დადგენილი წესითა და იმავე ნორმატიული აქტით მისი მოქმედების გავრცელებას გასულ პერიოდზე. აღნიშნული კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, სადავო აქტის ბათილად ცნობის საფუძველი იყო.

სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეჯერების გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხევვაში (საშტატო თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებულ იქნა კონკურსი, თანამდებობაზე დანიშნულ იქნენ კონკურსში გამარჯვებული პირები) გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-5 ნაწილი და ძალადაკარგულად ცნო ქ. თბილისის მერის 2005 წლის 11 მაისის ¹44 ბრძანება ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ლიკვიდაციის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ სადავო განკარგულების ბათილად ცნობის მართებულობის თაობაზეც, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტის მიერ მისი გამოცემისას დარღვეული იყო იმ დროს მოქმედი “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 97-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ასევე საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. ხსენებული საფუძვლებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაოდან დათხოვნის ნაწილში საქალაქო სასამართლოს მიერ ასევე სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინება ქ. თბილისის მერიამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 4 დეკემბრამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.