Facebook Twitter

ას-788-2025 18 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კერძო საჩივრის ავტორები – ვ.ს–ი, ბ.ს–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ნ.ვ.დ–ვას“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ვ. და ბ.ს–ების (შემდეგში: მოპასუხეები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ, მოპასუხეების მიერ მოსარჩელისათვის 44 400 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს ნ.ვ.დ–ვის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 44 400 ლარის გადახდა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ვ. და ბ.ს–ებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით ბ.ს–ისა და ვ.ს–ის საპელავიო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით დადგინდა სააპელაციო საჩივრის განხილვა მთავარ სხდომაზე, 2025 წლის 23 აპრილს, 12:00 საათზე.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 აპრილის განჩინებით სს ნ.ვ.დ–ვის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ბ. და ვ.ს–ების სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

5.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი მხარე, რომელის კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. სს „ნ.ვ.დ–ვამ“ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საფუძვლიანი იყო და დააკმაყოფილა იგი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს ვ.ს–მა და ბ.ს–მა, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება.

6.1. კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ 2025 წლის აპრილის თვეში, სააპელაციო სასამართლოდან ეცნობა 2025 წლის 23 აპრილს 12:00 საათზე დანიშნული სხდომის იმავე დღეს, 17:00 საათზე გადადების შესახებ. მითითებული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, რამდენიმე დღეში კვლავ დაუკავშირდა სასამართლო მოხელე, შეატყობინა, რომ 2025 წლის 23 აპრილის სასამართლო სხდომა არ ჩატარდებოდა მოსამართლის შვებულებაში ყოფნის გამო და განუმარტა, რომ სასამართლო სხდომის ჩატარების თარიღს მომავალში აცნობებდა. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელი აპელირებს მასზედ, რომ აპელანტების სხდომაზე გამოუცხადებლობა განაპირობა ობიექტურმა მიზეზმა, მხარისათვის სხდომის თარიღის სათანადო წესით შეუტყობინებლობამ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ივნისის განჩინებით ვ. და ბ.ს–ების კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით გამოტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

13. სსსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

14. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.) მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ სააპელაციო საჩივრის მოპასუხის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ (შდრ. სუსგ-ებები: Nას-1274-2019, 31.07.2020წ., Nას-1265-2019, 27.12.2019წ.).

16. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

17. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პროცესუალურ შედეგს და მისი გამოყენების მართლზომიერება პირდაპირ უკავშირდება საკითხს, იყო თუ არა მხარე ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის შესახებ და უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

18. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ბერდია და ვ.ს–ების სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2025 წლის 23 აპრილს 12:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. 2025 წლის 24 მარტს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „ნ.ვ.დ–ვის“ წარმომადგენელმა, მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე 12:00 საათზე ვერ შეძლებდა დასწრებას და ითხოვა პროცესის ჩანიშვნა 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შუალედში. აღნიშნული შუამდგომლობის საფუძველზე საქმის განხილვა დაინიშნა 2025 წლის 23 აპრილს, 15:00 საათზე და ამავე სხდომის შესახებ აპელანტი მხარის ინფორმირების დასადასტურებლად, საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტი. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2025 წლის 23 აპრილს, 15:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი, რომელმაც აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა.

19. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ აპელანტი მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, ვინაიდან, აპელანტების წარმომადგენელს ეცნობა სხდომის გადადების შესახებ, თუმცა, კონკრეტული თარიღისა და საათის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა.

20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მითითებულ არგუმენტს ვერ გაიზიარებს. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტის თანახმად, აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი და განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდიდა სასამართლო სხდომის შესახებ შეტყობინების ფაქტს, საკასაციო სასამართლოს მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ზემოაღნიშნული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. აღნიშნული მიმართვის პასუხად შემოსული სატელეფონო საუბრის ჩანაწერით დგინდება, რომ 2025 წლის 26 მარტს აპელანტების წარმომადგენელ ს.ბ–ს ეცნობა სასამართლო სხდომის - 2025 წლის 15:00 საათზე გადადების შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ აპელანტს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა სასამართლო სხდომის ჩატარების დრო. შესაბამისად, აპელანტი მხარე ვალდებული იყო დანიშნულ დროს გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე ან დაედასტურებია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი. თუმცა, კერძო საჩივარი გამოუცხადებლობის სხვა საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ პრეტენზიას არ შეიცავს და მხოლოდ სათანადო ინფორმირების არარსებობას ეფუძნება.

21. ამდენად, საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სასამართლოს აპელანტს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის გადადების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორმა კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობის არსებობა ვერ დაადასტურა.

22. პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.ს–ისა და ვ.ს–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 აპრილის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი