Facebook Twitter

№ას-799-2025 18 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.მ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.უ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 10 811 ლარის დაკისრება.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.მ–ძის სასარჩელო მოთხოვნა სს „ს.კ.უ–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6673 ლარის ანაზღაურება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს.კ.უ–მა“, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 აპრილის განჩინებით სს „ს.კ.უ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

6.1. 2020 წლის 14 აგვისტოს სს „ს.კ.უ–სა“ და ნ.მ–ძეს შორის დაზღვევის ხელშეკრულება დაიდო. დაზღვევის პერიოდია 2020 წლის 14 აგვისტოდან 2021 წლის 14 აგვისტომდე. სადაზღვევო თანხად სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევისათვის განსაზღვრულია - 5 000 აშშ დოლარი, მძღოლისა და მგზავრის უბედური შემთხვევის დაზღვევისათვის - 5 000 აშშ დოლარი, ხოლო, მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევისათვის - 5 000 აშშ დოლარი. სადაზღვევო შესატანის (პრემია) ოდენობა, ჯამში, შეადგენდა 210.10 აშშ დოლარს.

6.2. მხარეთა შორის დადებული შეთანხმების 2.15. ქვეპუნქტის თანახმად, ავტო-ტრანსპორტი განადგურებულად (სრული დაზიანება) ჩაითვლება, თუ ავტო-ტრანსპორტის აღდგენითი ღირებულება მისი ღირებულების 70 ან მეტ პროცენტს შეადგენს ან დაზიანებულია ავტომობილის 70 ან მეტი პროცენტი, თუ სადაზღვევო პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე შეთანხმების 2.16. ქვეპუნქტის თანახმად, მესამე პირის წინაშე დამზღვევის პასუხისმგებლობა მოიცავს პოლისითა და წინამდებარე პირობებით განსაზღვრული სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეულ ზიანს, რომელიც მიადგა უფლებამოსილი მძღოლის მიერ პოლისში მითითებული ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისას მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და/ან ქონებას. მხარეთა შორის დადებული შეთანხმების 4.1.6. ქვეპუნქტის თანახმად, „დამზღვევი ვალდებულია შემთხვევის დადგომისთანავე დაუყოვნებლივ განაცხადოს შემთხვევის კომპეტენტურ ორგანოებში (შსს, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური და სხვა), მზღვეველთან სატელეფონო შეტყობინებით - შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 24 საათისა, მაშინ როდესაც დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია სატელეფონო შეტყობინების დატოვება, აღნიშნული დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით. ხოლო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა წარუდგინოს მზღვეველს წერილობითი განაცხადი ზიანის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით, მზღვეველის მიერ დადგენილი ფორმით. დამზღვევის მიერ ამ ვადების დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველი იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოთხოვნა ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სატელეფონო შეტყობინება ზიანის დადგომის თაობაზე ცნოს არარსებულად და შესაბამისად უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.“ ამავე შეთანხმების 4.1.7. ქვეპუნქტის თანახმად, „თუ შემთხვევის შედეგად ზიანი მიადგება მესამე პირის ქონებას, სიცოცხლესა და/ან ჯანმრთელობას, და ასეთ დაფარვას პოლისი ითვალისწინებს, დამზღვევი ვალდებულია უზრუნველყოს ამ პირის მიერ მზღვეველთან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წერილობითი განაცხადის სახით წარმოდგენა შემთხვევის დადგომიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მზღვეველი იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სატელეფონო შეტყობინება მესამე პირისათვის ზიანის დადგომის თაობაზე ცნოს არარსებულად და შესაბამისად უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.“ შეთანხმების 4.1.14. ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია წინამდებარე პირობებითა და პოლისით განსაზღვრული შემთხვევის დადგომისას მზღვეველს წარუდგინოს: „ა) წერილობითი განაცხადი ზიანის დადგომის შესახებ; ბ) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა (თუ არ არის წარდგენილი დაზღვევის გაფორმებისას, ხოლო ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობის შემთხვევაში სავალდებულო წესით უნდა იქნეს წარდგენილი). გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც სარეგისტრაციო მოწმობის წარუდგენლობა, დამზღვევის ნების საწინააღმდეგოდ, გამოწვეულია ყაჩაღობის/ძარცვის ფაქტით; გ) მძღოლის მართვის მოწმობა და მძღოლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი ანალოგიურად წარდგენილი უნდა იქნეს თუ იგი არ არის წარდგენილი დაზღვევის გაფორმებისას.“ შეთანხმების 4.1.15. ქვეპუნქტის თანახმად, მესამე პირთა წინაშე დამზღვევის პასუხისმგებლობის ან უბედური შემთხვევის რისკის დადგომისას დამზღვევი ვალდებულია მზღვეველს წარუდგინოს 4.1.14. ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია და, ასევე, მესამე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის, მკურნალობის საფასურის და/ან გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტები.

6.3. 2021 წლის 15 მაისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ნ.მ–ძისა და გ.ხ–ძის კუთვნილი ავტომანქანები. გამოძიების მასალები გაიგზავნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში. 2021 წლის 20 სექტემბრის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, „გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 15 მაისს, დაახლოებით 16:15 საათზე ქ. თბილისში, ........ ქუჩაზე ....... ქუჩის მიმართულებით დაახლოებით 30 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომანქანა „ტოიოტა“ სახელმწიფო ნომრით .......-ს, რომელსაც მართავდა ნ.მ–ძე. მსვლელობის დროს, როდესაც მიუახლოვდა ........ და ........ ქუჩების კვეთას, სადაც მოქმედებს საგზაო ნიშანი „დაუთმე გზა“ გაგრძელდა მსვლელობა ........ ქუჩის მიმართულებით, რა დროსაც მას შეეჯახა ........ ქუჩაზე, მეტროსადგურ „........“ მხრიდან თავის სამოძრაო მთავარ გზაზე მოძრავი ავტომანქანა „ჰონდა“ სახელმწიფო ნორმით ......-ს, რომელსაც მართავდა გ.ხ–ძე.“ „ნ.მ–ძემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N1, პრიორიტეტის ნიშანი 2.3-ის „დაუთმე გზა“ მოთხოვნები, რომლის თანახმად: „გზა, რომელზე მოძრავი მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ მძღოლს.“ „გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო ნ.მ–ძის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით.“ დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე N0081505521013, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გ.ხ–ძის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო, გამოძიება შეწყდა.

6.4. შპს „ნ.ჰ–ის“ მიერ 2021 წლის 24 მაისს გაცემული N33889 ცნობის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პაციენტი ნ.მ–ძე 2021 წლის 15 მაისის 20:40 საათიდან, 2021 წლის 24 მაისს, 10:00 საათამდე მოთავსებული იყო სტაციონარში. შპს „ნ.ჰ–ის“ მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცლის თანახმად, ნ.მ–ძე სამუშაოდან გათავისუფლებული იყო 15 მაისიდან 24 მაისამდე, 25 მაისიდან 3 ივნისამდე და 4 ივნისიდან 24 ივნისამდე. 2021 წლის 15 ივნისიდან, 2021 წლის 23 ივნისის ჩათვლით, ხოლო, საბოლოოდ, მუშაობას შეუდგა ამავე წლის ოცდაოთხ ივნისს.

6.5. 2021 წლის 4 ივნისს, ნ.მ–ძემ სს „ს.კ.უ–ს“ განაცხადით მიმართა 2021 წლის 15 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტოტრანსპორტის ზიანის დადგომის თაობაზე.

6.6. სს „ს.კ.უ–ის“ 2021 წლის 16 ნოემბრის წერილის თანახმად, მზღვეველის მხრიდან წერილობითი განაცხადი წარდგენილ იქნა დაგვიანებით, 2021 წლის 4 ივნისს. დამზღვევის მიერ წარდგენილი წერილობითი დოკუმენტაციის თანახმად, დგინდება, რომ ნ.მ–ძემ გარეშემშლელი პირობების გარეშე განახორციელა მანევრი, რაც მიზეზ-შედეგობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან. სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო პოლისითა და დაზღვევის პირობების 4.1.6., 4.1.7., 7.7. ქვეპუნქტებით დადგენილი პირობების თანახმად, გათავისუფლებულია ანაზღაურების ვალდებულებისაგან, შესაბამისად, სს „ს.კ.უ–მა“ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე.

6.7. 2021 წლის 1 დეკემბერს შედგენილი განცხადების თანახმად, გ.ხ–ძემ განაცხადა, რომ 2021 წლის 15 მაისს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, მიიღო მატერიალური ზიანი. გ.ხ–ძისათვის ანაზღაურებულ იქნა მიყენებული მატერიალური ზიანი - 4 000 ლარის ოდენობით.

6.8. სს „ს.კ.უ–ის“ 2021 წლის 3 დეკემბრის წერილის თანახმად, „გამომდინარე იქიდან, რომ დამზღვევი თავდაპირველად იღებს გადაწყვეტილებას დამდგარი ზარალის ანაზღაურების თაობაზე და შემდეგ უზრუნველყოფს ასანაზღაურებელი ზარალის შეფასებას და მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო უარი, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეფასება არ მომხდარა, შესაბამისად სს „ს.კ.უ–ი“ მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს შეფასების შესაბამისი კალკულაცია.“

6.9. შპს „ს–ას“ მიერ 2021 წლის 24 დეკემბერს შედგენილი N218 აქტის თანახმად, „ავტომანქანის აღდგენითი საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით წარდგენილი ავტომანქანის „TOYOTA PRIUS“ სახელმწიფო ნომრით: ......, ვიზუალური დათვალიერების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დაზიანებები: წინა მარჯვენა ფრთა, წინა მარცხენა კარები, უკანა მარცხენა ფრთა, წინა მარცხენა ამორტიზატორი, წინა მარცხენა გიტარა, წინა მარცხენა ფრთის საშხეფარი დეფორმირებულია, წინა და უკანა ბამპერი, წინა მარცხენა ფარი, წინა მარჯვენა და მარცხენა კარის ამოსაწევი მინა, რადიატორის ჩარჩოს სამაგრი მარცხენა, წინა მარცხენა კარის უკანა ხედვის სარკე, წინამარცხენა საბურავის დისკი R17 გატეხილია. წინა მარცხენა საბურავი 225 X 45 R17 გაჭრილია და გამოსულია მწყობრიდან. აქტის თანახმად, ავტომობილის შესაცვლელი დეტალების ღირებულება დღგ-ს და სხვა ხარჯების ჩათვლით შეადგენს 2 350,00 ლარს, ხოლო, ჩატარებული სამუშაოს ღირებულება - 2 100.00 ლარს. ექსპერტიზაზე წარდგენილი ავტომობილის აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობა, მეორადი, ახალი (ტაივანი) დეტალებისა და სარემონტო (აღდგენითი) სამუშაოების საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 4 440.00 ლარს, ხოლო, აღდგენის პროცესში აღმოჩენილი გაუთვალისწინებელი დაზიანებული დეტალების აღდგენის გათვალისწინებით, ხარჯი იზრდება 5%-ით და შეადგენს 4 673 ლარს“.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები/შეფასებები მძღოლის ბრალეულობის ხარისხთან დაკავშირებით. შესაბამისად, არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ავტომანქანის მძღოლმა მეტისმეტი დაუდევრობა გამოიჩინა. პალატამ მიიჩნია, რომ უხეში გაუფრთხილებლობის დადგენისათვის საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ მოიპოვებოდა და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ იმ ფაქტზე მითითებით, რომ მოსაჩელის მხრიდან დარღვეულია საგზაო მოძრაობის წესი, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, მხოლოდ მოძრაობის წესის დარღვევაზე მითითება არ იყო საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ ეს დარღვევა მოსარჩელემ უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიდინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ აპელანტის/მოპასუხე მხარის მტკიცება მძღოლის ქმედების უხეში გაუფრთხილებლობის შესახებ გასაზიარებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქმეში წარმოდგენილი იქნებოდა ინფორმაცია შემთხვევის მიმდინარეობის და მისი დადგომის კონკრეტული დეტალების შესახებ, რომელთა საფუძველზეც, სასამართლოს შეექმნებოდა დასაბუთებული ვარაუდი მასზედ, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მძღოლის მხედველობის არეალი თავისუფალი იყო, მძღოლისთვის მკაფიო და ზედმიწევნით თვალსაჩინო იყო მოძრაობის უპირატესობის მქონე ავტომანქანის მოძრაობის შესახებ და მიუხედავად ამისა მძღოლი გზის სავალ ნაწილზე მაინც გავიდა და სწორედ ამ ვითარებაში მოახდინა შეჯახება.

6.11. სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული არ ყოფილა ნ.მ–ძის უხეში გაუფრთხილებლობით. შესაბამისად დაასკვნა, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით განხორციელდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაზღვეული სადაზღვევო რისკი და დამდგარია სადაზღვევო შემთხვევა, რაც მზღვეველს წარმოუშობს სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულებას. პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტი მხარე სადავოდ არ ხდიდა ზიანის ოდენობას, ის მიუთითებდა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში ადგილი ჰქონდა მძღოლის მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობას, რის გამოც დამდგარი ზიანი არ უნდა ანაზღაურებულიყო სადაზღვევო კომპანიის მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამარლოს მიერ სარჩელით მოთხოვნილი თანხის შემცირების ნაწილში თავად მოსარჩელე მხარეს სააპელაციო პრეტენზია არ წარუდგენია, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე მართებულად განისაზღვრა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობად 6673 ლარი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს.კ.უ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ გამოიყენა შესაბამისი სამართლებრივი სტანდარტი „უხეში გაუფრთხილებლობის“ განსაზღვრისას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დგინდება, რომ დამრღვევი მძღოლი მოქმედებდა საგზაო წესების აშკარა დარღვევით, არ შეუმოწმებია გზა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გამაფრთხილებელი ნიშანი და გადაკვეთისას აუცილებელი იყო მოძრაობის პრიორიტეტის გათვალისწინება. ასევე საქმეში არსებული გარემოებები არ მიუთითებს არც ტექნიკურ წარუმატებლობაზე და არც გამოუვალ ან მოულოდნელ სიტუაციაზე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

15. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.

16. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (სუსგ Nას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).

17. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ შესრულებულია ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე; დადგა სადაზღვევო შემთხვევა და დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.

18. სს „ს.კ.უ–მა“ უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე და უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, დაზღვევის პირობების 4.1.6. (შემთხვევის დადგომისთანავე დაუყოვნებლივ განაცხადოს შემთხვევის ფაქტზე კომპეტენტურ ორგანოებში (შსს, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური და სხვა), მზღვეველთან სატელეფონო შეტყობინებით - შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 24 საათისა, მაშინ როდესაც დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელია სატელეფონო შეტყობინების დატოვება, აღნიშნული დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობით. ხოლო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა წარუდგინოს მზღვეველს წერილობითი განაცხადი ზიანის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით, მზღვეველის მიერ დადგენილი ფორმით. დამზღვევის მიერ ამ ვადების დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველი იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოთხოვნა ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სატელეფონო შეტყობინება ზიანის დადგომის თაობაზე ცნოს არარსებულად და შესაბამისად უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე), 4.1.7. (თუ შემთხვევის შედეგად ზიანი მიადგება მესამე პირის ქონებას, სიცოცხლესა და/ან ჯანმრთელობას, და ასეთ დაფარვას პოლისი ითვალისწინებს, დამზღვევი ვალდებულია უზრუნველყოს ამ პირის მიერ მზღვეველთან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წერილობითი განაცხადის სახით წარმოდგენა შემთხვევის დადგომიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მზღვეველი იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სატელეფონო შეტყობინება მესამე პირისათვის ზიანის დადგომის თაობაზე ცნოს არარსებულად და შესაბამისად უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე) და 7.7. (სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა თუ ავტოტრანსპორტისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია: ა) ავტოტრანსპორტის მართვისას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული საშალებების ზემოქმედების მდგომარეობაში ყოფნისას ან იმ სამკურნალო პრეპარატების მიღებისას, რომლებიც უკუჩვენებაშია ავტოსატრანსპორტის მართვასთან, მიუხედავად ბრალეული მხარისა (დამზღვევის ან მესამე პირისა) ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის) თანახმად მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე. ამასთანავე, თუკი დაფიქსირებული შემთხვევისას უფლებამოსილი მძღოლი/მესამე პირი უარს აცხადებს ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ გამოკვლევაზე (ტესტირებაზე) ან არ გაიკეთებს მას 24 საათის განმავლობაში, მზღვეველი უფლებამოსილია არ გასეს სადაზღვევო ანაზღაურება. ბ) შესაბამისი რისკი პოლისით დაზღვეული არ არის. გ) სიჩქარის გადაჭარბება 30 კმ.საათით და მეტით; წითელზე გავლა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ აღნიშნული აუცილებელია მესამე მხარის სიცოცხლის ანდა ქონების გადარჩენისთვის) პუნქტებზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით). პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა სადაზღვევო კომპანიის მიერ ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაზღვევის პირობების შესაბამისად, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ასევე მიიჩნია, მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედება არ დგინდებოდა. სს „ს.კ.უ–ს“ ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მის მიერ მითითებული დაზღვევის პირობების 4.1.6., 4.1.7. და 7.7. პუნქტების შეფასება სააპელაციო და საკასაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად მზღვეველი მხოლოდ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებაზე მიუთითებს, რაც მოპასუხეს აძლევს უფლებას უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე. შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასების საგანს სწორედ მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების „უხეშ გაუფრთხილებლობად“ კვალიფიკაციის საფუძვლის არსებობა წარმოადგენს.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან ვლინდებოდა უხეში გაუფრთხილებლობა თუ მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ.: №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

20. სამოქალაქო კანონმდებლობა არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.; №ას-422-2023, 9.11.2023წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ.: სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.; №ას-499-2023, 7.06.2023წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის დაუთმობლობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

21. „უხეში გაუფრთხილებლობის“ ლეგალურ დეფინიციას როგორც უკვე აღნიშნა სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა და მისი წინაპირობები ხელშეკრულებით არც მხარეებს განუსაზღვრავთ. შესაბამისად, საკასაციო პალატამ დაზღვევის ნორმების სამართლებრივი ანალიზისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა შეაფასოს აღნიშნული საკითხი.

22. კასატორი მხარე მიუთითებს, შემთხვევის დადგომის დროს მძღოლის მიერ ავტომანქანის მართვისას სიფრთხილის ნორმების მაღალი ხარისხით დარღვევით მოქმედებაზე და მიიჩნევს, რომ მძღოლმა ყოველგვარი ხელისშემშლელი გარემოების გარეშე ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო ექსპლუატაცია, რაც ადასტურებს უხეშ გაუფრთხილებლობას. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, გამორიცხვის მეთოდით უნდა შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება მძღოლის მიერ წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევად მიჩნევის საფუძველი. გასათვალისწინებელია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და არც მხარეები არ მიუთითებენ, რომ მძღოლი - ნ.მ–ძე იყო არაფხიზელ მდგომარეობაში ან მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით. დადგენილია, რომ მოსარჩელე გადაადგილდებოდა 30 კმ/სთ სიჩქარით. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზად მოსარჩელე მიუთითებს ცუდ ხილვადობას, რაც გამოწვეული იყო რთული რელიეფით. პალატა ეთანხმება ქვემდგომი ისნტაციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (ფოტომასალა და ვიდეოჩანაწერი) შესწავლით არ დასტურდება მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედება, ვინაიდან, შემთხვევის ადგილის სიახლოვეს განთავსებული ელექტრო გადამცემი ბოძის მდებარეობის გამო და გარკვეულწილად რელიეფის (რაშიც იგულისხმება აღმართი) მხედველობაში მიღებით, მძღოლს შესასრულებელი მანევრის განხორციელება ჰქონდა გართულებული, ვინაიდან მარცხენა მხარეს, საიდან მომავალი ავტომობილი უნდა გაეტარებინა მხედველობის არე ჰქონდა შეზღუდული. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე შეზღუდულ ხილვადოვას ადასტურებს ისიც, რომ მოცემულ ადგილას საგზაო მოძრაობის წესები რამდენიმეჯერ შეიცვალა და იმის გამო, რომ საგზაო ნიშანი „გზა დაუთმე“ ვერ უზრუნველყოფდა საგზაო უსაფრთხოებას საერთოდ გაუქმდა გზის კონკრეტული მიმართულებით მოძრაობა, შემდგომ კი სავალ გზაზე დამონტაჟდა შუქნიშანი. შესაბამისად, პალატა მხედველობაში იღებს მითითებულ გარემოებებს, ითვალისწინებს, რომ სხვა რაიმე დამატებითი ფაქტორების არსებობა, რაც მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების მკვეთრად დარღვევას და თავისი მოქმედებით აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნების უჩვეულოდ მაღალი ხარისხით დაუმორჩილებლობას დაადასტურებდა, საქმის მასალებით არ დასტურდება და ასეთზე არც მოპასუხეს მიუთითებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ერთობლიობა, იძლევა მძღოლის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას და არამართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 333.65 ლარის 70% – 233.55 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სს „ს.კ.უ–ს“ (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 333.65 ლარის (საგადახდო დავალება N6993097, გადახდის თარიღი 26.06.2025) 70% – 233.55 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი