საქმე№ას-847-2025 18 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – ააიპ „ქ.ფ.ს–ში“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჭ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ააიპ „ქ.ფ.ს–ში“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) წინააღმდეგ, სარჩელით მიმართა თ.ჭ–ამ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი), მოითხოვა მოპასუხისთვის მომსახურების საფასურის 2 352 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა მომსახურების საფასურის 700 ლარის გადახდა.
5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შეფასების საგანი იყო, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და მისი ასანაზღაურებელი საფასურის პროპორციულობა.
5.3. მხარეთა შორის დადებული 2023 წლის 28 სექტემბრის ხელშეკრულების მიხედვით მოსარჩელეს პროექტის გარე შეფასების დასკვნა უნდა შეესრულებინა.
5.4. მხარეები არ დავობენ, რომ ვალდებულება ნაწილობრივ შესრულდა, რისთვისაც ორ ეტაპად, სხვადასხვა დროს 2023 წლის 16 ოქტომბერსა და 2023 წლის 14 ნოემბერს შესაბამისად 1 200 და 1 800 ლარი ჩაერიცხა მოსარჩელეს.
5.5. აპელანტი ითხოვს დარჩენილი ნაწილის 2 352 ლარის მოპასუხისთვის დაკისრებას. ამასთან, არ უარყოფს, რომ ვალდებულების ნაწილი შეუსრულებელია, თუმცა აღნიშნული ნაწილი არ წარმოადგენს დასკვნის არსებით ნაწილს მისი შინაარსის გათვალისწინებით. ამდენად, მხარის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა არასრულია, გამოსაყენებლად ვარგისია, გაწეულია შრომა, დახარჯულია რესურსი, რის გამოც მოპასუხემ მოთხოვნილი თანხა უნდა გადაიხადოს.
5.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე ადგენს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი პროექტის შეფასება მისი სხვადასხვა შემადგენელი პარამეტრებით უნდა მომზადებულიყო 28.09.2023წ.-დან 15.12.2023წ.-მდე (იხ. ს.ფ. 21). სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, ვალდებულების შესრულების დროის კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე გადაწევის შესახებ, ვინაიდან, პირადი მიმოწერის ამსახველი ამონაწერები ადასტურებს, რომ 15 დეკემბერს გადაიგზავნა დასკვნა მენარდესთან და საახალწლო არდადეგების შემდეგ (რაც უკვე შეთანხმებულ ვადას სცდება) დადასტურებას დაელოდებოდა (ს.ფ გვ. 31). ელექტრონულ ფოსტაზე მიმდინარე მიმოწერის ამსახველი შეტყობინებების ანალიზი ცხადყოფს, რომ დასკვნის ძირითადი ნაწილი შემკვეთს გადაეგზავანა 17.12.2023წ., თავად მოსარჩელე შენიშნავს, რომ დასკვნას აკლია შემდეგი ნაწილები: შესავალი, მეთოდოლოგია, რეკომენდაცია (იხ. ს.ფ. 36).
5.7. შესასრულებელ ვადებთან დაკავშირებით სასამართლოს ზეპირ მოსმენაზე განმარტებები გააკეთა მოპასუხე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა და განმარტა, რომ ვადები მხარეთა შორის არასდროს გახანგრძლივებულა. შემკვეთმა როდესაც მიიღო ნაშრომი იცოდა, რომ იგი არ იყო სრული, თუმცა ეს არ იყო პრობლემა. ზოგადად, მსგავს საკითხებზე ხშირად თანამშრომლობს ორგანიზაცია სხვადასხვა ექსპერტებთან და თუ კი დასკვნა რელევანტური აღმოჩნდებოდა მომზადების ვადის დარღვევის შემდგომაც აკმაყოფილებდა მოპასუხის ინტერესებს (იხ. 06.03.2025წ. სხდომის ოქმი 14:52:44: სთ-დან). ს.ჩ–ის განმარტებით, მხოლოდ ვიდეოკონფერენციის განხორციელების შემდგომ მიხვდა დამკვეთი ორგანიზაცია, რომ დასკვნას გააჩნდა შინაარსობრივი ხარვეზები, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელი იყო (იხ. იგივე სხდომის ოქმი 14:53:41: სთ.დან).
5.8. დადგენილია, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხების გათვალისწინებით, ნაშრომი არც ერთ მხარეს არ წარუდგენია სასამართლოსთვის.
5.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალების მიხედვით დასტურდება, რომ სხვადასხვა დროს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, სამუშაოს ნაწილი მიღებულია. პალატა არ დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას, რომლის მიხედვითაც სინამდვილეში სამუშაოს ნაწილი მათ არ მიუღიათ, არსებობდა ნდობის ფაქტორი და სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვაზე ზეპირსიტყვიერი მითითებით (მაგალითად ინტერვიუებისა და გამოკითხვების ჩატარება) კმაყოფილდებოდა შემკვეთი. შესაბამისად, იხდიდა მოთხოვნილ თანხებსაც. თუ კი განხორციელებული სამუშაოს რეზულტატის შეუმოწმებლად მხოლოდ მენარდის ზეპირსიტყვიერი ახსნა - განმარტება საკმარისი საფუძველი იყო თანხის გადასაცემად, ეს მხოლოდ მოპასუხე ორგანიზაციის მიერ სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი წინდახედულობის ნორმების და რისკის არასათანადოდ შეფასების მიმანიშნებელია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ შესრულებული სამუშაოს შესახებ შესაბამისი პროექტი არ გადასცემია მოსარჩელეს ან იგი საერთოდ გამოუსადეგარი იყო.
5.10. სააპელაციო სასამართლომ, საქმის მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების შედეგად განმარტა, რომ დასკვნას აკლია შესავალი, მეთოდოლოგია და რეკომენდაციის სექციები. 2023 წლის 17 დეკემბრის შეტყობინებით მენარდემ შემკვეთს გაუგზავნა ნაშრომის ძირითადი კვლევითი ნაწილი, რომელშიც ასახულია დასკვნის ძირითადი მიგნებები. საპასუხოდ 20.12.2023წ. ეცნობა შესაძლო ხარვეზების შესახებ შემსრულებელს, ხოლო 09.02.2024წ. შემკვეთმა ჩათვალა, რომ შესრულებას ისეთი ხარვეზები ჰქონდა რაც ვერ გამოსწორდებოდა.
5.11. სააპელაციო სასამართლომ, ნაშრომის მიღებიდან ორი თვის შემდეგ ნაშრომის გამოუსადეგარობის შესახებ მხარის პრეტენზია არაკეთილსინდისიერ ქცევად მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ ასევე მოპასუხის საწინააღმდეგოდ მიიჩნია, მიღებული სამუშაოს შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა ისე, რომ რეალურად არ შეუმოწმებია შესრულებული სამუშაო.
5.12. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოებების ნაწილი არ არის გასაზიარებელი დაუსაბუთებლობის მოტივით. მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერებისა მენარდეს უფლება აქვს მოითხოვოს შეწყვეტის დროისთვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. ის რომ გარკვეული სამუშაოები შესრულებულია სადავო არ არის მხარეთა შორის. აღნიშნულს ადასტურებს მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-შედარების აქტიც. თუმცა, მას აკლია გარკვეული მასალები, რაც განმარტებულია თვით მოპასუხის მიერ. შესაბამისად პალატამ მიიჩნია რომ შესრულებული სამუშაო უნდა შეფასდეს 700 ლარით, რაც შესასრულებელი სამუშაოს თითქმის 1/3-ს შეადგენს. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 700 ლარი.
5.13. სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულია არამხოლოდ საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება, არამედ 2024 წლის 3 ოქტომბრის საოქმო განჩინება. მომჩივანის მოთხოვნის მიხედვით საქმიდან ამოღებულ უნდა იქნეს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ინგლისურენოვანი დოკუმენტაცია, 20.12.2023წ. მომსახურეობის ხელშეკრულება, მიღება - ჩაბარების აქტი და თიბისი ბანკის საგადასახადო ქვითარი (იხ. ს.ფ. გვ. 135).
5.14. სააპელაციო სასამართლომ, საოქმო განჩინების შესახებ საჩივრის პასუხად სსსკ-ის 9.4 მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. ამავე კოდექსის 103.1 მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულებამდე წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაერთვება და მათ განიხილავს და შეამოწმებს სასამართლო ამ კოდექსის 225-ე მუხლით დადგენილი წესით. საქმის მოსამზადებელი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით, ზეპირი მოსმენით. 12 მოპასუხე მხარე პირველი ინსტანციიდან განმარტავდა, რომ შესრულება მოსარჩელისაგან არ მიუღია, ის რაც მიიღო კი არ წარმოადგენდა გამოსადეგ მასალას, რის გამოც სხვა კომპანია დაიქირავა. ფაქტების სადასტურებლად მხარემ წარმოადგინა სხვა კომპანიასთან მსგავსი შინაარსის დასკვნის მომზადებისათვის დადებული ხელშეკრულება, მიღება - ჩაბარების აქტი და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოპასუხემ 30.09.2024წ. განცხადებით სარჩელის გამოსარიცხად მიუთითა კონკრეტული ახალი ფაქტები და წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები საქმის მომზადების სტადიაზე. სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის მე4 ნაწილის თანახმად, მოსამზადებელ სტადიაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ავტომატურად დართულად ითვლება საქმეზე. მოსარჩელის მოსაზრება, რომ არ არის მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები წარმოდგენილი და მტკიცებულებები მესამე პირთან შესაძლო სახელშეკრულებო შეთანხმებას ეხება არ არის მტკიცებულებათა საქმიდან ამორიცხვის წინაპირობა, რადგან ისინი საქმეზე დამაგრდა მოპასუხის სტრატეგიის და პოზიციის მხედველობაში მიღებით.
5.15. ზემოხსენებული განცხადებით საქმეზე წარმოდგენილ იქნა შენიშვნებიანი არაქართულენოვანი დოკუმენტი (ს/ფ გვ. 83-85), თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი არცერთი ფაქტობრივი გარემოება ხსენებულ დოკუმენტზე დაყრდნობით არ მიღებულა და არც უარუყვია. დოკუმენტის შინაარსი არ განაპირობებს გადაწყვეტილებით დადგენილ წესრიგს. მხოლოდ ის საპროცესო ხარვეზი, რომ არასახელმწიფო ენაზე წარდგენილი მტკიცებულება საქმეში განთავსდა მიღებული გადაწყვეტილების უკანონობა-კანონიერებას არ ადასტურებს, რადგან სსკ-ის 393.3 მუხლის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. შესაბამისად, 03.10.2024წ. საოქმო განჩინების გაუქმების პროცესუალურსამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და საჩივარი ხსენებულ ნაწილში დაუსაბუთებელია.
6. მოპასუხე ორგანიზაციის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივრით, მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დააკისრა მომსახურების გაწევის საფასური 700 ლარი. კასატორის განმარტებით, სრულყოფილ ნაშრომში უნდა გადაეხადა 6 000 ლარი, მოცემულ შემთხვევასი კი ნაშრომი გამოუსადეგარი იყო.
6.3. ნაშრომის დასრულების დროდ 15 დეკემბერი იმ მოტივით იყო განსაზღვრული, რომ იმავე წლის ბიუჯეტით მომხდარიყო ანგარიშსწორება.
6.4. კასატორის განმარტებით, ვადის დარღვევით და გამოუსადეგარი ნაშრომის წარდგენის გამო დონორთან შეექმნა პრობლემები. შესაბამისად მოიძია ახალი შემსრულებელი და სამუშაოს შესრულება ჯამში დაუჯდა 9 000 ლარი, საიდანაც 3 000 ლარი მოსარჩელეს გადაუხადა, ხოლო, 6 000 ლარი ახალ შემსრულებელს, ამასთან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დამატებით 300 ლარი ეკისრება.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, იმავე წლის 14 ივლისის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ შესრულებული სამუშაოს საფასურის ანაზღაურება სსკ-ის 629.1-ე მუხლიდან გამომდინარეობს - „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“.
10. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშო.
11. ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი ზემოხსენებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი, მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ.სუსგ № ას-1646-2019, 30.09.2020წ).
12. „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ., ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016 წ., გვ. 288).
13. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ №ას-696-696-2018, 6.07.2018წ; №ას-1164-2023, 04 დეკემბერი, 2023 წ; №ას-671-2023, 12 სექტემბერი, 2023 წ; №ას-380-2023, 20 ივნისი, 2023 წელი. №ას-240-2023, 21 მარტი, 2023 წ. პ.10; №ას-1142-2021, 10 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1315-2020, 09.09.2021წ; №ას-764-2019, 02.03.2019წ.;).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებულია ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს კონკრეტული პროექტის გარე შეფასების დასკვნა უნდა მოემზადებინა. აღსანიშნავია, რომ დასახელებული დასკვნა საქმეში წარდგენილი არ არის. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 6 000 ლარს.
15. ხელშეკრულების დანართის მიხედვით, საბოლოო ანგარიშის წარდგენის ვადად განისაზღვრა 2023 წლის 11-15 დეკემბერი, ამასთან სამუშაო ვერსიის წარდგენის ვადა 14 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე იყო განსაზღვრული, ხოლო სამუშაო ვერსიის კომენტირებისთვის 4-8 დეკემბერი განისაზღვრა. პირველი ტრანშის გადახდის ვადად მიეთითა 16 ოქტომბერი, მეორე ტრანში - 13 ნოემბერი, ხოლო მესამე ტრანში - 11-15 დეკემბერი.
16. მხარეთა შორის 2023 წლის 16 ოქტომბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მითითებულია, რომ 2023 წლის 28 სექტემბერს დადებული მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში შემსრულებელმა წარუდგინა დამკვეთს პროექტის გარე შეფასებისთვის კვლევის გეგმა და მეთოდები. მომსახურების ღირებულება, 1 200 ლარი ჩაერიცხა შემსრულებელს.
17. მეორე შუალედური მიღება-ჩაბარება მხარეთა შორის გაფორმდა 2023 წლის 14 ნოემბერს. მასში მითითებულია, რომ განხორციელდა პროექტის გარე შეფასებისთვის კვლევის პირველადი მონაცემების გაზიარება პროექტის გუნდთან. მომსახურების ღირებულება - 1 800 ლარის ოდენობით შემკვეთმა აანაზღაურა.
18. 2023 წლის 17 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მითითებულია პროექტის გარე შეფასებისთვის საბოლოო ტექსტის წარდგენა. მომსახურების დარჩენილი ღირებულება შეადგენდა 3 000 ლარს, თუმცა ის შემკვეთს შემსრულებლისთვის არ გადაუხდია.
19. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის (14 ნოემბერი - 1 დეკემბერი) ნაცვლად პირველი სამუშაო ვერსია შემკვეთს წარედგინა 2023 წლის 17 დეკემბერს.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მენარდე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა ჯეროვნად. ნარდობის ურთიერთობაში ფაქტობრივად მისაღწევი შედეგია ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთის/ნაკეთობის (შესრულებული სამუშაოს) შემკვეთისათვის წარდგენა (იხ. სსკ-ის 639-ე მუხლი). (იხ. სუსგ-ები: N ას-664-2021, 23.02.2023წ.; N ას-1411-2022, 22.05.2023წ.; N ას-601-2023, 24.07.2023წ.; N ას-671-2023, 12.09.2023წ.; N ას-841-2023, 29.09.2023წ.; N ას-1296-2022, 5.10.2023წ.; N ას-866-2023, 13.10.2023წ.; N ას-463-2024, 5.07.2024წ.; N ას-408-2024, 5.07.2024წ.; N ას-527-2024, 5.07.2024წ.; N ას-1066-2023, 26.07.2024წ.; N ას-602-2024, 2.10.2024წ.; N ას-1020-2024, 3.10.2024წ.; N ას-1210-2024, 8.11.2024წ.).
21. მოცემული დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ რა არსებით პირობებზე შეთანხმდენენ შემკვეთი და მენარდე (სსკ-ის 319-ე, 327-ე მუხლები) და ვის რა ვალდებულება ეკისრებოდა.
22. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ როგორც შესასრულებელ სამუშაოზე (დეტალურად გაწერეს დანართში), ასევე მისი ანაზღაურების წესზე და ვადებზე. კერძოდ, შემკვეთს სამ ეტაპად უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. აქედან მესამე ეტაპის გადახდა უნდა განხორციელებულიყო მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 დღის ვადაში. ამასთან, საბოლოო ანგარიშსწორება დაკავშირებული იყო საბოლოო ფორმით კვლევის წარდგენასთან. მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, მოპასუხეს არ წარმოუშობს საფასურის გადახდის ვალდებულებას.
23. სსკ-ის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ამავე კოდექსის 641-ე მუხლში კი მითითებულია, თუ რა იგულისხმება ნივთობრივ ნაკლში. კერძოდ, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი ის ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნაკლიანი შესრულებისას შესაძლებელია შემკვეთმა დამატებითი შესრულება მოითხოვოს, ასევე, დამატებითი შესრულებისთვის მის მიერ განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლისას, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას შემკვეთმა თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი), ამასთან, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს ასევე უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 644-ე მუხლი). თუკი შემკვეთი, არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, მას შეუძლია შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი).
25. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 642-ე მუხლის თანახმად, დამატებითი შესრულება მეორად მოთხოვნათა შორის უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა. იგი მენარდისათვის (მოვალისათვის) დამატებითი შანსია „გადაარჩინოს“ ხელშეკრულება და დააკმაყოფილოს შესრულების ინტერესი. (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება - თეორია და პრაქტიკა, თბილისი, 2016წ., გვ. 343). ამ მოთხოვნის გამოყენების უპირატესობა განპირობებულია უშუალოდ ხელშეკრულების მხარეთა ინტერესებით. კერძოდ, მენარდე და შემკვეთი ნარდობის ხელშეკრულებას შესრულების მიღების და არა მეორადი მოთხოვნების რეალიზების მიზნით დებენ. ნივთის ნაკლის გამოსწორება ან მისი ახლით შეცვლა განხილულ უნდა იქნეს დამატებითი შესრულების მოთხოვნად, რომელიც პრიორიტეტული, უპირატესად გამოსაყენებელია სხვა დანარჩენ მეორადი მოთხოვნის უფლებებს შორის. კერძოდ, სანამ მხარე ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლებას აამოქმედებდეს, ის ვალდებულია მიმართოს დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლებას იმ პირობით, თუ სახეზე არ არის დამატებითი შესრულების გამომრიცხავი საფუძვლები. აღნიშნული მოტივირებულია კონტინენტური სამართლის სისტემის კონცეფტუალური მიდგომით, რომელიც ორიენტირებულია ხელშეკრულების შესრულებაზე, მოწოდებულია გადაარჩინოს შეთანხმება და უზრუნველყოს მხარეთა ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესის განხორციელება თვით მეორადი მოთხოვნის უფლებების სამართლებრივ რეჟიმში.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დამატებითი შესრულების მოთხოვნა გამორიცხავს სხვა მეორად მოთხოვნას. ამ დროს ადგილი აქვს ე.წ. „მოთხოვნათა გამომრიცხავ“ კონკურენციას. მოთხოვნათა გამომრიცხავი კონკურენცია სახეზეა, როდესაც ერთი და იმავე ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად რამდენიმე მოთხოვნა არსებობს, თუმცა ერთი მოთხოვნის განხორციელება უპირატესია. უპირატესობა ვლინდება ერთი მოთხოვნის განხორციელების ვალდებულებაში სხვა ნებისმიერთან მიმართებით. სანამ არ განხორციელდება ეს მოთხოვნა, უფლებამოსილი პირი ვერ გამოიყენებს სხვა მოთხოვნებს. ნარდობის ხელშეკრულებაში დამატებითი შესრულების მოთხოვნა სხვა მეორად მოთხოვნებთან მიმართებაში, როგორც წესი, უპირატესად გამოსაყენებელი მოთხოვნაა და გამორიცხავს სხვა მეორად მოთხოვნებს. ნაკლიანი შესრულების შემთხვევაში, დამატებითი შესრულების მოთხოვნის უპირატესი გამოყენება, უდავოდ გამომდინარეობს სკ-ის 642-ე და 405-ე მუხლების დანაწესებიდან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გაივლის, შემკვეთს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს სხვა მეორადი მოთხოვნები, როგორიცაა ხელშეკრულებიდან გასვლა, საზღაურის შემცირება თუ შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება. დამატებითი შესრულების მოთხოვნის უფლება შემკვეთს ანიჭებს შესაძლებლობას, უარი განაცხადოს თავისი ვალდებულების შესრულებაზე - სამუშაოს შედეგის მიღებასა და შეთანხმებული საზღაურის გადახდაზე, რაც არ გამოიწვევს კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებას. ნარდობასთან მიმართებით, შემკვეთის დამატებითი შესრულების მოთხოვნა მენარდის მიმართ ვლინდება ან ნაკლის გამოსწორების, ან ნაკლიანი ნაკეთობის უნაკლო შეცვლის მოთხოვნით. მათი სამართლებრივი შედეგი იდენტურია - შემკვეთი ღებულობს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთს ანუ ნარდობის ხელშეკრულების შესაბამის შესრულებას. ამ გზით ხელშეკრულების მიზანი, თუმცა დამატებითი შესრულების მეორადი მოთხოვნის რეალიზების შემდეგ, მაგრამ მაინც მიღწეულია. სსკ-ის 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები. ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, მენარდის მიერ შემკვეთისათვის უნაკლო შესრულების გადაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, შემკვეთის მეორადი მოთხოვნების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლებია სსკ-ის 642-645-ე მუხლების დანაწესები. შესაბამისად, შემკვეთს შეუძლია, პირველ ეტაპზე მოითხოვოს დამატებითი შესრულება (ნაკლის გამოსწორება ან ახალი ნაკეთობის დამზადება), ხოლო შემდეგ დამატებითი წინაპირობების არსებობისას, მას წარმოეშობა ხელშეკრულებიდან გასვლის ან საზღაურის შემცირების მოთხოვნის უფლება. გარდა ამისა, შემკვეთს შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შესრულებასთან ერთად ან მისგან დამოუკიდებლად. შემკვეთის მეორადი მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის სახით მხოლოდ სსკ-ის 644-ე მუხლზე დაყრდნობით ვერ განხორციელდება, ვინაიდან ამ ნორმაში უშუალოდ არის მითითებული სსკ-ის 405-ე მუხლის ზოგადი მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც თავის მხრივ სსკ-ის 352-359-ე მუხლებს უთითებს. ეს ცხადყოფს, რომ სსკ-ის 644-ე მუხლი არ არის მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველი. შესაბამისად, შემკვეთის მიერ ნარდობის ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იქნება სსკ-ის 644-ე მუხლი სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლებთან ურთიერთკავშირში.
27. საკასაციო პალატა დასკვნის სახით აღინიშნავს, რომ შესრულებული სამუშაოს ნაკლის გამო, შემკვეთისათვის სსკ-ის 644-ე მუხლით მინიჭებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, ყოველთვის განხილული უნდა იქნეს სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლებთან ერთობლიობაში. სსკ-ის 405-ე მუხლი დეტალურად აწესრიგებს ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის უფლების წარმოშობის წინაპირობებსა და გამონაკლისებს, ისევე, როგორც აღნიშნული უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ გარემოებებს. სსკ-ის 644-ე მუხლი ამ შემთხვევაში, სპეციალური და ამავე დროს, ერთგვარი დამხმარე მოთხოვნის საფუძველია, რომელსაც მითითებით მოთხოვნის საფუძველს უწოდებენ, ვინაიდან იგი შემკვეთისათვის ნაკლიანი შესრულების გადაცემის შემთხვევაში სსკ-ის 405-ე მუხლზე მიუთითებს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ, სსკ-ის 352-ე და 644-ე მუხლების წარმოშობის წინაპირობების არსებობისას წარმოშობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის უფლებას (იხ. სუსგ ას-1218-2023, 10.01.2024 წელი).
28. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ არაჯეროვნად შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულება - მიაწოდა ნაკლიანი სამუშაო. ამასთან, მოპასუხის მხრიდან დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება შესრულების ვადების გადაწევაზე თანხმობაც, თუმცა შემსრულებელმა საბოლოოდ ვერ შეძლო იმ პროდუქტის წარდგენა, რაც შეესაბამებოდა შემკვეთის ინტერესებს. კიდევ ერთხელ დამატებითი ვადის განსაზღვრა კი არ მიიჩნია რაციონალურად, ვინაიდან შეუძლებელი იყო კვლევა, რომელსაც დასრულებული სახე ვერ მიეცა თვის ვადაში, დასრულებულიყო, შესაბამისად, მოპასუხემ უარი თქვა ნარდობის ხელშეკრულებაზე იმ მოტივით, რომ მენარდემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი შემკვეთმა დაკარგა.
29. საკასაციო პალატა დამატებით მტკიცების ტვირთზე მიუთითებს და განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნა, სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად.
30. პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი შემკვეთს ეკისრება (შდრ. სუსგ.-ები საქმეებზე: №ას-1324-2019, 12.03.2021წ.; №ას-58-2020, 11.03.2020წ.).
31. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებისა და დასკვნების საპირისპიროდ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მენარდემ ნაკლიანი ნაშრომი მიაწოდა, ხოლო, ნაკლი, მიუხედავად მათ შორის კომუნიკაციისა და დამატებითი ვადის დაწესებისა, არ გამოუსწორებია.
32. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
33. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 411-ე, 264.3-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ააიპ „ქ.ფ.ს–ში“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ.ჭ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. თ.ჭ–ას ააიპ „ქ.ფ.ს–ში“ სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
თ. ძიმისტარაშვილი