საქმე №ას-1382-2023 11 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ფ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ. (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი – ი.ნ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.05.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა (სარჩელით), ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (შეგებებული სარჩელით)
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.მ–მა (შემდეგში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ ან „დედა“) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მ.ფ–ის (შემდეგში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „მამა“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. არასრულწლოვანი ლ.ფ–ის (შემდეგში - „არასრულწლოვანი“, „შვილი“ ან „ბავშვი“) (დაბადებული 11.05.2013 წელს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი;
1.2. მოპასუხეს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შვილის მიმართ, პასპორტის გაცემაზე თანხმობის გაცემისა და სომხეთის რესპუბლიკაში გაყვანის/შემოყვანის/თანხმობის გაცემის ნაწილში.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი აღძრა შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით: არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი - ქ. რუსთავი, ........
4. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.
5. საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე; ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დაეთანხმა მოთხოვნას მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ, რაც უკავშირდება მამის მხრიდან ბავშვისათვის პასპორტის აღებისა და საზღვრის კვეთის ნაწილში თანხმობის გაცემას.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.12.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი; მოპასუხეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის მიმართ პასპორტის გაცემაზე თანხმობის გაცემის და სომხეთის რესპუბლიკაში გაყვანის/შემოყვანის/თანხმობის გაცემის ნაწილში; გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად; შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი სახით: ა) ზაფხულის არდადეგების მეორე ნახევარი; ბ) ზამთრის არდადეგების მეორე ნახევარი; გ) გაზაფხულის არდადეგები/სრული მოცულობით; დედას დაევალა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის მამისთვის გამოტანების გზით, საქართველოში ყოფნა - ზამთრის არდადეგების მეორე ნახევარი, ზაფხულის არდადეგების მეორე ნახევარი, გაზაფხულის არდადეგების სრული მოცულობით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დადგინდა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ უზრუნველყოს ზემოთ მითითებულ პერიოდში არასრულწლოვანი შვილის ჩამოყვანა საქართველოში და შემდგომ მისი დაბრუნება შეგებებული სარჩელით მოპასუხესთან - საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სომხეთის რესპუბლიკაში; დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ვერ შეძლებს მისთვის განსაზღვრულ პერიოდში მამა-შვილის დადგენილი ურთიერთობის წესის განხორციელებას (შვილის ნახვა-ჩამოყვანას ურთიერთობის მიზნით), ეს უკანასკნელი ვალდებულია აცნობოს შეგებებული სარჩელით მოპასუხეს საკომუნიკაციო საშუალებით - ტელეფონით („სმს შეტყობინება“) არა უადრეს 4-5 დღისა ურთიერთობის დაწყებამდე; დადგინდა, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხემ უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის მასთან ყოფნის პერიოდში, მამა-შვილის კომუნიკაცია-ტელეფონით (მესენჯერით, ვაიბერით, სკაიპით, ან სხვა ტექნიკური საშუალებით მხარეთა შეთანხმებით) ყოველი კვირის სამშაბათ, ხუთშაბათ და შაბათი დღის 18:00 საათიდან იმავე დღის 19:00 საათამდე პერიოდში. დადგინდა, რომ ბავშვის მამასთან ყოფნის პერიოდში, საქართველოში ყოფნისას, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს ჩართული ჰქონდეს ტელეფონი - შეგებებული სარჩელით მოპასუხის მიერ შვილზე ინფორმაციის მიღების მიზნით; დადგინდა, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხემ სომხეთის რესპუბლიკაში ყოფნისას, უზრუნველყოს შეგებებული სარჩელით მოსარჩელისათვის ინფორმაციის მიწოდება საცხოვრებელი ადგილის/შეცვლის თაობაზე (საცხოვრებელი სახლის მისამართი სრული რეკვიზიტებით/სატელეფონო შეტყობინებით - „სმს შეტყობინების“ გზით) სომხეთის რესპუბლიკაში ჩასვლიდან ან შეცვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა; მიეთითა, რომ მშობლის - მამისა და შვილის დადგენილი ურთიერთობის წესი შეიძლება შეიცვალოს მშობელთა ურთიერთშეთანხმებით.
7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ/შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ამასთან, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.10.2020 წლის საოქმო განჩინების გაუქმება.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.05.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.12.2020 წლის გადაწყვეტილება და 22.10.2020 წლის განჩინება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
8.1. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ საქმეში, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა, შედიოდა თუ არა არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებში პასპორტის მიღებისა და სომხეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად საჭირო ნებართვის (თანხმობის) გაცემის ნაწილში მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვა და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
8.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.2.1. მოსარჩელე და მოპასუხე დაქორწინდნენ 11.07.2012 წელს, სომხეთის რესპუბლიკაში. მოსარჩელე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
8.2.2. მოსარჩელე და მოპასუხე დაქორწინების შემდეგ საცხოვრებლად გადმოვიდნენ საქართველოში, მოპასუხის მშობლების საცხოვრებელ სახლში, მისამართზე: ქ. რუსთავი, ....... მათ თანაცხოვრების პერიოდში, 11.05.2013 წელს, შეეძინათ შვილი.
8.2.3. მხარეები 08.01.2020 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. ამავე დღეს, მოპასუხის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მოპასუხეს აეკრძალა 30 დღის ვადით მოსარჩელესთან მიახლოება და კომუნიკაცია.
8.2.4. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 24.02.2020 წლის გადაწყვეტილებით, ექვსი თვის ვადით გამოიცა დამცავი ორდერი და მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილთან, სამსახურთან და ყველა იმ სხვა ადგილთან მიახლოება, სადაც შეიძლება მსხვერპლი (მოსარჩელე) იმყოფებოდეს. შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, 01.05.2020 წელს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე. 2020 წლის 05 მაისსა და 16 მაისს, სამართალდამცავმა ორგანოებმა შეადგინეს რეაგირების ოქმები.
8.2.5. მოპასუხე ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის გამომძიებელმა დააკავა 05.08.2020 წელს და იგი ამჟამად იმყოფება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 04.11.2020 წლის განაჩენით, მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1113811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (5 ეპიზოდი) და მისთვის ძირითადი სასჯელის სახე და ზომა განისაზღვრა ამავე განაჩენით.
8.2.6. მოსარჩელე და არასრულწლოვანი 08.01.2020 წლიდან ამავე წლის 15 ივნისამდე იმყოფებოდნენ სიღნაღის თავშესაფარში და 15.06.2020 წლიდან საცხოვრებლად გადავიდნენ ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ თბილისის პროგრამის, ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში.
8.2.7. მოსარჩელე სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში ყოფნისას, თავშესაფარში არსებულ შინაგანაწესსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესებს იცავდა და ასრულებდა პირნათლად. მონაწილეობდა თავშესაფარში არსებული საერთო საქმეების შესრულებაში. მოსარჩელესა და არასრულწლოვანს ერთმანეთთან ჰქონდათ თბილი დედაშვილური დამოკიდებულება. შვილის მიმართ დედა ავლენდა მზრუნველ დამოკიდებულებას, ზრუნავდა მისთვის განათლების მიღებაზე. 2020 წლის იანვრიდან 31 მაისამდე პერიოდში, მამამ - მოპასუხემ, ბავშვი წაიყვანა ორჯერ: პირველად, იანვრის თვეში - ერთი კვირით, მეორედ, აპრილის თვეში და უკან დაბრუნდა 02.05.2020 წელს; მოსარჩელე, შვილთან ერთად, 16.06.2020 წლიდან ირიცხება თბილისის „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ პროგრამის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში. სოციალური მუშაკისა და თავშესაფრის დიასახლისების შეფასებით, იგი მზრუნველი და მოწესრიგებული დედაა. დედის მხრიდან დაკმაყოფილებულია ბავშვის საჭიროებები. მისგან შვილი იღებს ემოციურ სითბოს. ის შვილის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავს. დედა დიდ დროს ატარებს ბავშვთან ერთად, ხელს უწყობს ბავშვს თანატოლებთან კომუნიკაციაში და ახალისებს მის სოციალურ ურთიერთობებს. დედა მიმართავს აღზრდის პოზიტიურ სტილს და არ იყენებს დასჯის მეთოდებს. გარდა მშობლის უნარებისა, დედა იცავს თავშესაფრის შინაგანაწესს, კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. თავშესაფარში ყოფნის დროს, არასრულწლოვანი ორჯერ იყო გასული მამასთან. პირველად გავიდა 30 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით. შეთანხმების მიუხედავად, მამის მხრიდან ბავშვის დაბრუნება თავშესაფარში არ მომხდარა დათქმულ დროს; ხოლო მეორედ, მამამ გაიყვანა 22 ივლისს. მეორე შემთხვევაშიც, მამამ ბავშვი არ მოიყვანა დათქმულ ვადაში.
8.2.8. მოსარჩელე მოპასუხესთან ქორწინებამდე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, მშობლების სახლში, რომელიც მდებარეობს სომხეთის რესპუბლიკაში, კოტაიქის რაიონში (ცენტრი ქალაქი აბოვიანი), სოფელ ....... მოსარჩელის მშობლები დღეის მდგომარეობითაც იქ ცხოვრობენ. მოსარჩელე 2011 წლიდან ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: კოტაიქის რეგიონი, სოფ. ........., ე.ჰ–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში. სოფელი ბალაჰოვიტი მდებარეობს ქალაქ ერევანსა და ქალაქ აბოვიანს შორის, აქვს საშუალო სკოლა, კულტურის სახლი. მოსარჩელე იმყოფება ფიზიკურად ჯანმრთელ მდგომარეობაში.
8.2.9. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არსებული, კომპიუტერულ მონაცემთა ბაზების მიხედვით, მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით, დაფიქსირდა 01.01.2018 წლიდან 08.09.2020 წლამდე; კერძოდ, მოსარჩელემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა: 22.04.2018 წელს (გასვლა), 27.06.2018 წელს (შემოსვლა), 15.07.2018 წელს (გასვლა), 17.08.2018 წელს (შემოსვლა), 02.04.2019 წელს (გასვლა), 10.09.2019 წელს (შემოსვლა), 01.11.2019 წელს (გასვლა) და 04.11.2019 წელს (შემოსვლა); ხოლო მოპასუხის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთა დაფიქსირდა: 22.04.2018 წელს (გასვლა), 27.06.2018 წელს (შემოსვლა), 05.05.2019 წელს (გასვლა), 14.05.2019 წელს (შემოსვლა), 16.06.2019 წელს (გასვლა) და 16.06.2019 წელს (შემოსვლა).
8.2.10. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით, ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელესთან მისამართზე - თბილისი, ........., „ეს-ო-ეს დედათა და ბავშვთა თავშესაფარში“, სადაც შედგა ინდივიდუალური გასაუბრება მოსარჩელესთან და არასრულწლოვანთან. დასკვნის თანახმად, მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს აღნიშნულ თავშესაფარში. 2020 წლის ივნისის თვიდან, გადმოყვანილია სიღნაღის დედათა ბავშვთა თავშესაფრიდან გადაუდებელი რეაგირების ოქმის საფუძველზე, მიეწოდება შესაბამისი მომსახურება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა თავდაპირველად ურთიერთნდობაზე იყო დაფუძნებული, იგი მოპასუხეს ცოლად გაჰყვა მათი თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახლობლების გარიგების შედეგად, სომხეთში. თანაცხოვრების შედეგად, მხარეებს შეეძინათ შვილი. მოპასუხის დაჟინებული თხოვნით, მოსარჩელე არასრულწლოვანთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. შემდგომ პერიოდში, მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა. მოსარჩელის თქმით, მოპასუხე იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, ჰქონდა პათოლოგიური სიმთვრალე, უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა ცოლზე და აყენებდა მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მეუღლესთან თანაცხოვრება მოსარჩელისათვის თანდათან აუტანელი ხდებოდა. მოსარჩელემ, მიუხედავად მოპასუხესთან დაძაბული ურთიერთობისა, ურთიერშეთანხმების საფუძველზე, რამდენჯერმე ბავშვი მამის ოჯახში დაუბრკოლებლად გაუშვა, თუმცა მოპასუხემ დაარღვია შეთანხმება და არასრულწლოვანი აღარ დააბრუნა თავშესაფარში დათქმულ დროს. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა თანდათან უფრო პრობლემური გახდა. მოსარჩელეს სურს დაბრუნდეს საცხოვრებლად მშობლებთან სომხეთში, თუმცა მოპასუხე ამის საშუალებას არ აძლევს. რადგანაც მოსარჩელეს არ აქვს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი, იძულებულია ბავშვთან ერთად იცხოვროს თავშესაფარში. ბავშვთან ინდივიდუალური გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ ის ზოგადად კეთილგანწყობილია, გონებრივად და ფიზიკურად ასაკის შესაბამისად არის განვითარებული. არასრულწლოვანს უყვარს დედაც და მამაც. ბავშვი განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს სომხეთში ბებია-ბაბუის სახლზე, ენატრება მათთან ყოფნა, თავისი სათამაშოები, თანატოლები. მოსარჩელეს გააჩნია მშობლის მორალური და ადამიანური სრული პასუხისმგებლობის გრძნობა და ეთანხმება იმ პოზიციას, რომ მშობლებს შორის უთანხმოებამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვთან დამოკიდებულებაზე და ბავშვი არ უნდა გახდეს კონფლიქტის მანიპულირების მსხვერპლი.
8.2.11. მოსარჩელის სახელზე, სს „ს.ბ–ში“ შესრულებულია ფულადი გზავნილები, კერძოდ, მ.მ–ის მიერ მოსარჩელის სახელზე განხორციელებულია შემდეგი ფულადი გადმორიცხვები: 14.02.2020 წელს - 100 აშშ დოლარი, 04.03.2020 წელს - 50 აშშ დოლარი, 16.03.2020 წელს - 50 აშშ დოლარი, 10.06.2020 წელს - 50 აშშ დოლარი და 13.07.2020 წელს - 110 აშშ დოლარი. ასევე, მოსარჩელეს „ფ.ბ.ს–ოს“ მეშვეობით, 03.08.2020 წელს მ.მ–ისგან მიღებული აქვს 80 აშშ დოლარი, ხოლო 18.08.2020 წელს - 100 აშშ დოლარი.
8.2.12. სააპელაციო სასამართლოში წინამდებარე საქმის განხილვის მიმდინარეობის პერიოდში (21.01.2021 წლიდან), მოპასუხე გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან. უდავოა, რომ ამჟამად ბავშვი ცხოვრობს მამასთან ერთად.
8.2.13. სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვანთან წარმოებული გასაუბრების ფარგლებში, დადასტურდა ბავშვის სიყვარული ორივე მშობლის მიმართ, ამასთან, განმეორებით გასაუბრების დროს, ბავშვმა დააფიქსირა დედასთან ზაფხულში გამგზავრების სურვილი.
8.3. სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტებზე, რომ არასრულწლოვნის მშობლები ცალ-ცალკე, სხვადასხვა ქვეყანაში, მამა - საქართველოში, ხოლო დედა - სომხეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ; თავად არასრულწლოვანი ამჟამად ცხოვრობს საქართველოში, მამასთან ერთად. პალატამ აღნიშნა, რომ საქმის განხილვის მიმდინარეობის არცერთ ეტაპზე, მოპასუხეს/აპელანტს ბავშვის აღზრდის პროცესში დედის ჩართულობის აუცილებლობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია, თუმცა დედასთან ერთად თანაცხოვრების დამაბრკოლებლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ ბავშვის დედა ცხოვრობს რა საზღვარგარეთ, დედასთან საცხოვრებლად გადასვლა არასრულწლოვანს მამასთან დააშორებს და მამა-შვილს შორის ურთიერთობა გართულდება. აპელანტი განმარტავდა, რომ, ბავშვის ბებიასთან ერთად, თავადაც შეუძლია უზრუნველყოს ბავშვის აღზრდა, რაც მისი აზრით, ბავშვის საზღვარგარეთ დედასთან გამგზავრების აუცილებლობას, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებას, გამორიცხავს.
8.4. პალატის მითითებით, მოცემული დავის კვლევის საგანს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენა და იმის განსაზღვრა წარმოადგენდა, თუ რა იქნებოდა ბავშვის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრის ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო. დასახული მიზნის მისაღწევად სასამართლომ ყურადღება გაამახვილა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლზე, რომლითაც გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 1197-ე, 1198.1, 1199-ე და 1201-ე მუხლებზე, ასევე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 3.1, 9.1, 9.3 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლებისა და არასრულწლოვნის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით, უნდა გამონახულიყო არა მხოლოდ ერთ-ერთი მშობლის სასარჩელო მოთხოვნაზე სწორი გადაწყვეტის მიღების საშუალება, არამედ, უნდა დადგენილიყო მეორე მშობლის ურთიერთობის წესი ბავშვის მიმართ, რა დროსაც საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
8.5. საქმის განხილვის მიმდინარეობისას, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გამოკვეთის მიზნით, სააპელაციო პალატამ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დაავალა ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლა, მოუსმინა ბავშვის კანონიერ წარმომადგენელს, ფსიქოლოგს, თავად ბავშვს და მივიდა დასკვნამდე, რომ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, სრულად შეესაბამებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
8.6. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა არასრულწლოვნის ფსიქოლოგის, ნ.ს–ძის განმარტებაზე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე გასაუბრებისას აღნიშნა, რომ ბავშვთან გასაუბრების შედეგად ვლინდებოდა დედის მიმართ ამბივალენტური განწყობა და ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები. ბავშვს ჰქონდა დაუსაბუთებელი მიზეზი, თუ რატომ არ სურდა დედასთან წასვლა. ფიზიკური გარემოებები არ განსაზღვრავდა იმ ფაქტს, რომ დედასთან ყოფნა ბავშვისთვის საზიანო იყო. ფსიქოლოგმა მნიშვნელოვნად მიიჩნია ასევე ის ფაქტი, რომ ბავშვის მამასთან ყოფნის შემთხვევაში, მას შეზღუდული ექნებოდა განათლების მიღების უფლება, რასაც არ აბალანსებდა ბავშვთან სახლში რეპეტიტორის სიარული. გასაუბრების შედეგად შესაძლოა დადგენილიყო ბავშვის მამასთან ცხოვრების სურვილი, თუმცა აღნიშნული უფრო მეტად გარემო ფაქტორებით იყო განპირობებული, ვინაიდან მამა ბავშვისთვის უფრო მეტად პოზიტიური მშობლის როლში იყო და მისი გავლენები ადვილად ზემოქმედებდა ბავშვზე. თავად ბავშვის ასაკიდან გამომდინარე კი, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ჰქონოდა სტაბილური გარემო. ის ფაქტი, რომ ბავშვს ჰქონდა დედასთან ცხოვრების გამოცდილება, ხელს შეუწყობს მათი ურთიერთობის განახლებას. შესაძლოა, საწყის ეტაპზე ყოფილიყო გარკვეული პროტესტის გრძნობა, თუმცა დედის ჩართულობით მისი გადალახვა შესაძლებელი იყო. ბავშვის სპორტული კუთხით განვითარებასთან მიმართებით, ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო დაკმაყოფილებულიყო მისი მოთხოვნები. ამ სურვილის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იქნებოდა მშობელთან ურთიერთობის პრობლემები. მოსამართლის შეკითხვაზე, როდესაც დედასთან მიმართებით დაიწყო ბავშვმა საუბარი, იყო თუ არა მისი სხეულის (ჟესტიკულაცია) ენა საუბართან თანხვედრაში, ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ სხეულის ენა დედის გადაუჭრელ პრობლემასთან ასოცირდებოდა მისთვის, რაც შფოთვით მდგომარეობას იწვევდა ბავშვში.
8.7. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ბავშვის ადვოკატის - ი.ნ–ძის განმარტებაც, რომლის მიხედვით, იგი არ ეთანხმებოდა იმ მოსაზრებას, რომ უცხო ქვეყანაში დედასთან ერთად ყოფნით, ბავშვს, შესაძლოა, შექმნოდა უცხო გარემო.
8.8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი უნდა განსაზღვრულიყო დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო, ვინაიდან დედას არ ჰქონდა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში, ამასთან, იგი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე იყო და მისი მშობლები ცხოვრობდნენ სომხეთის რესპუბლიკაში, დედასთან ერთად ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის აუცილებელი იყო შესაბამისი დოკუმენტაცია. ამდენად, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს შეზღუდვოდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ბავშვისათვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილშიც, ხოლო მშობლის სხვა წარმომადგენლობითი უფლებები უნდა დარჩენილიყო უცვლელი.
8.9. პალატის მითითებით, აღნიშნული დასკვნის გამოტანის საფუძველს აძლევდა ბავშვთან გასაუბრებისა და საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები, სადაც აღნიშნული იყო, რომ სწორედ დედასთან დაშორება შესაძლოა გამხდარიყო ბავშვის გამოუსწორებელი ზიანისა და ტრავმის გამომწვევი, რაც დაუშვებელი იყო ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშობლებს შორის არსებულ უთანხმოებასა და დაძაბულ ურთიერთდამოკიდებულებას გავლენა არ უნდა მოეხდინა ბავშვის მშობლებთან ურთიერთობაზე. ამასთან, აუცილებელი იყო ორივე მშობელთან რეგულარული ურთიერთობა, ბავშვის რუტინის მაქსიმალურად შენარჩუნება და აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით მშობელთა ერთიანი აზრი. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ გაიზიარა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლების მოსაზრება ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მამასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისა და მამისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ.
8.10. პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, დავის თავისებურების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო, რომ საკითხი შეფასებულიყო არა ცალმხრივად, არამედ ყოველმხრივ, თითოეული მშობლის ბავშვთან ურთიერთობის რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით, რათა მიღწეულიყო დასახული მიზანი, რაც გულისხმობდა ოჯახთან გაერთიანებასა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების რეალიზაციას. პალატის მოსაზრებით, როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხებოდა, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვდა არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები, რომლებიც ცალსახად მიუთითებდნენ, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი იყო ბავშვს ჰქონოდა ურთიერთობა ორივე მშობელთან. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ ბავშვს ჰქონდა დედასთან ცხოვრების გამოცდილება, რასაც არ იხსენებდა ცუდად. დედასთან ყოფნის პერიოდში, ჰქონდა მყარად დაცული რუტინა. ამასთან, პალატის მოსაზრებით, გასათვალისწინებელი იყო დედის მოსაზრება სპორტის შეზღუდვასთან მიმართებით, რაც მისი თქმით, განპირობებული იყო ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაც დადასტურდა მამის მიერ სასამართლო სხდომაზე, კერძოდ, თუ აღნიშნული საკითხის წამოჭრამდე მამა აცხადებდა, რომ ბავშვს ამზადებდა ფეხბურთზე შესასვლელად, შემდგომ განაცხადა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯერჯერობით არ იყო მისი ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა.
8.11. საბოლოო ჯამში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და მათ კვალობაზე, სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. პალატის მოსაზრებით, მამა-შვილს შორის არსებული ურთიერთობის შენარჩუნებისა და ხელშეწყობისთვის საქალაქო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა ურთიერთობის წესიც.
8.12. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა 22.10.2020 წლის საოქმო განჩინებაში მოცემული პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება არასრულწლოვნის ჩვენების გასაიდუმლოებასთან მიმართებით, კერძოდ, პალატის მითითებით, დავა უაღრესად სენსიტიური იყო და მოიცავდა არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ მორალურ საკითხებს. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ მშობლები, რომლებიც ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე და არასრულწლოვანი, რომელთა ურთიერთობის წესის განსაზღვრა წარმოადგენდა მხარეთა შორის წარმოშობილი კონფლიქტის უმთავრეს რგოლს, შესაბამისად, სასამართლომ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, ასევე, ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ ბავშვთან გასაუბრების ჩანაწერი უნდა ყოფილიყო მხოლოდ სასამართლოსთვის განკუთვნილი მტკიცებულება, რომელიც არ უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი დაპირისპირებული მხარეებისთვის. პალატის მოსაზრებით, შესაძლებელი იყო, რომ აღნიშნული ჩანაწერის გაცნობის შემდეგ გარკვეულწილად მომხდარიყო რომელიმე მხარის მიერ არასრულწლოვნის უფლებების დარღვევა. იმისათვის რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული კონფლიქტური სიტუაციის გაღვივება, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეებს არ უნდა მისცემოდათ აღნიშნული მტკიცებულების გაცნობის საშუალება.
9. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
13. კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს იმ საფუძვლით, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის დედასთან განსაზღვრა არ შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო დასკვნის მომზადებისას იყო მიკერძოებული.
14. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან შესაბამისობაში სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და მამის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ.
15. საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულობის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით (შემდეგში ტექსტში - „ბავშვის უფლებების კონვენცია“), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა (შემდეგში ტექსტში - „ადამიანის უფლებათა კონვენცია“) და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით - სსკ-ითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით აღიარებულ ბავშვის უფლებების დაცვის სტანდარტზე, მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
16. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.
17. ბავშვის უფლებების კონვენციის მე-9 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. ამასთან, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთაგან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
18. ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (სუსგ №ას-1112-1047-2015, 04.03.2016წ; №ას-1139-1095-2016, 25.09.2017წ., პ.56). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, №17254/11, 15.04.2014წ., §83). ბავშვის სახელით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში მაქსიმალურად უნდა იქნეს გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები (ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, №71776/12, 02.02.2016წ.). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, №40031/98, 19.09.2000წ., §59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], №30943/96, 08.07.2003წ., §66; P., C. And S. v. The United Kingdom, №56547/00, 16.07.2002წ., §117), კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, №17254/11, 15.04.2014წ., §83; Scozzari and Giunta v. Italy [GC], №39221/98, №41963/98, 13.07.2000წ., §169).
19. ამდენად, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით დაცული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული ბავშვის უფლებების კონვენციის მე-3 მუხლში. ბავშვის უფლებების კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.
20. აღნიშნულმა პრინციპმა საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებშიც ჰპოვა ასახვა, კერძოდ, სსკ-ის 1197-ე მუხლის საფუძველზე, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. სსკ-ის 1199-ე მუხლის თანახმად კი, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
21. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული განვითარების უფლება, ბავშვის სოციალური და კულტურული მახასიათებლები, მის მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობა და ბავშვის მოსაზრებები.
22. ბავშვის ოჯახში ცხოვრებისა და პიროვნული განვითარების უფლების დეფინიცია, მისი ფარგლები მოცემულია ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლშიც, რომლის პირველი და მეორე ნაწილები ადგენს შემდეგს: ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია პატივი სცეს ბავშვის პიროვნებას, აღზარდოს ბავშვი მშვიდობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, შემწყნარებლობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებით, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, მოამზადოს ბავშვი საზოგადოებაში დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
23. ზემოაღნიშნული ნორმების შეჯერების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებისთვის.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, ასევე - მასთან დაკავშირებული სხვა სადავო საკითხების გადაწყვეტისას, სწორედ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენასა და მათ შესაბამისად დავის გადაწყვეტაზეა ორიენტირებული (იხ. სუსგ №ას-53-51-2016, 06.07.2016წ; №ას-1139-1095-2016, 25.09.2017წ; №ას-1302-2023, 18.01.2024წ.). პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany [GC], №25735/94, 13.07.2000წ., §50; T.P. And K.M. v. The United Kingdom [GC], №28945/95, 10.05.2001წ., §70; შდრ. ასევე, სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ.).
25. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვა სსსკ-ში ცალკე თავის სახით არის გამოყოფილი, რადგან მას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები. მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას. სსსკ-ის 354-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეები არ შეიძლება განიხილებოდეს სხვა ხასიათის მოთხოვნების შესახებ აღძრულ საქმეებთან ერთად.
26. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია, რომ:
27.1. მოსარჩელე და მოპასუხე დაქორწინდნენ 11.07.2012 წელს სომხეთის რესპუბლიკაში. მოსარჩელე სომხეთის მოქალაქეა;
27.2. მეუღლეები ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად გადმოვიდნენ საქართველოში, მოპასუხის მშობლების საცხოვრებელ სახლში, მისამართზე: ქ. რუსთავი, ........;
27.3. მათ 11.05.2013 წელს შეეძინათ შვილი;
27.4. მხარეები 08.01.2020 წლიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. ამავე დღეს, მოპასუხის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, მოპასუხეს აეკრძალა 30 დღის ვადით მოსარჩელესთან მიახლოება და კომუნიკაცია;
27.5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 24.02.2020 წლის გადაწყვეტილებით ექვსი თვის ვადით გამოიცა დამცავი ორდერი და მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილთან, სამსახურთან და ყველა იმ სხვა ადგილთან მიახლოება, სადაც შეიძლება მსხვერპლი (მოსარჩელე) იმყოფებოდეს. შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, 01.05.2020 წელს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ გამოცემული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე. 2020 წლის 05 მაისსა და 16 მაისს, სამართალდამცავმა ორგანოებმა შეადგინეს რეაგირების ოქმები;
27.6. მოპასუხე ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის გამომძიებელმა დააკავა 05.08.2020 წელს და იგი იმყოფებოდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში;
27.7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 04.11.2020 წლის განაჩენით მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1113811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (5 ეპიზოდი);
27.8. მოსარჩელე, შვილთან ერთად, 08.01.2020 წლიდან ამავე წლის 15 ივნისამდე იმყოფებოდა სიღნაღის თავშესაფარში, 15.06.2020 წლიდან საცხოვრებლად გადავიდნენ ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის“ თბილისის პროგრამის, ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში არსებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფარში;
27.9. მოსარჩელე სიღნაღის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში ყოფნისას, თავშესაფარში არსებულ შინაგანაწესსა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წესებს იცავდა და ასრულებდა პირნათლად. მონაწილეობდა თავშესაფარში არსებული საერთო საქმეების შესრულებაში. მოსარჩელესა და არასრულწლოვანს ერთმანეთთან ჰქონდათ თბილი დედაშვილური დამოკიდებულება. შვილის მიმართ დედა ავლენდა მზრუნველ დამოკიდებულებას, ზრუნავდა მისთვის განათლების მიღებაზე. 2020 წლის იანვრიდან 31 მაისამდე პერიოდში, მამამ - მოპასუხემ, ბავშვი წაიყვანა ორჯერ: პირველად, იანვრის თვეში - ერთი კვირით, მეორედ, აპრილის თვეში და უკან დაბრუნდა 02.05.2020 წელს; მოსარჩელე, შვილთან ერთად, 16.06.2020 წლიდან ირიცხებოდა თბილისის „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ პროგრამის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში. სოციალური მუშაკისა და თავშესაფრის დიასახლისების შეფასებით, იგი მზრუნველი და მოწესრიგებული დედაა. დედის მხრიდან დაკმაყოფილებულია ბავშვის საჭიროებები. მისგან შვილი იღებს ემოციურ სითბოს. ის შვილის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავს. დედა დიდ დროს ატარებს ბავშვთან ერთად, ხელს უწყობს ბავშვს თანატოლებთან კომუნიკაციაში და ახალისებს მის სოციალურ ურთიერთობებს. დედა მიმართავს აღზრდის პოზიტიურ სტილს და არ იყენებს დასჯის მეთოდებს. გარდა მშობლის უნარებისა, დედა იცავს თავშესაფრის შინაგანაწესს, კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. თავშესაფარში ყოფნის დროს არასრულწლოვანი ორჯერ იყო გასული მამასთან. პირველად გავიდა 30 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით. შეთანხმების მიუხედავად, მამის მხრიდან ბავშვის დაბრუნება თავშესაფარში არ მომხდარა დათქმულ დროს, ხოლო მეორედ, მამამ გაიყვანა 22 ივლისს. მეორე შემთხვევაშიც, მამამ ბავშვი არ მიიყვანა დათქმულ ვადაში;
27.10. მოსარჩელე მოპასუხესთან ქორწინებამდე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, მშობლების სახლში, რომელიც მდებარეობს სომხეთის რესპუბლიკაში, კოტაიქის რაიონში (ცენტრი ქალაქი აბოვიანი), სოფელ .......... მოსარჩელის მშობლები დღეის მდგომარეობითაც იქ ცხოვრობენ. მოსარჩელე 2011 წლიდან ოჯახთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს შემდეგ მისამართზე: კოტაიქის რეგიონი, სოფ. ......, ......., ე.ჰ–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში. სოფელი ...... მდებარეობს ქალაქ ერევანსა და ქალაქ აბოვიანს შორის, აქვს საშუალო სკოლა, კულტურის სახლი. მოსარჩელე ფიზიკურად ჯანმრთელია;
27.11. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არსებული, კომპიუტერულ მონაცემთა ბაზების მიხედვით, მოსარჩელისა და მოპასუხის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები, სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით, დაფიქსირდა 01.01.2018 წლიდან 08.09.2020 წლამდე; კერძოდ, მოსარჩელემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა: 22.04.2018 წელს (გასვლა), 27.06.2018 წელს (შემოსვლა), 15.07.2018 წელს (გასვლა), 17.08.2018 წელს (შემოსვლა), 02.04.2019 წელს (გასვლა), 10.09.2019 წელს (შემოსვლა), 01.11.2019 წელს (გასვლა) და 04.11.2019 წელს (შემოსვლა); ხოლო მოპასუხის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთა დაფიქსირდა: 22.04.2018 წელს (გასვლა), 27.06.2018 წელს (შემოსვლა), 05.05.2019 წელს (გასვლა), 14.05.2019 წელს (შემოსვლა), 16.06.2019 წელს (გასვლა) და 16.06.2019 წელს (შემოსვლა);
27.12. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით, ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელესთან მისამართზე - თბილისი, ......., „ეს-ო-ეს დედათა და ბავშვთა თავშესაფარში“, სადაც შედგა ინდივიდუალური გასაუბრება მოსარჩელესთან და არასრულწლოვანთან. დასკვნის თანახმად, მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს აღნიშნულ თავშესაფარში. 2020 წლის ივნისის თვიდან, გადმოყვანილია სიღნაღის დედათა ბავშვთა თავშესაფრიდან გადაუდებელი რეაგირების ოქმის საფუძველზე, მიეწოდება შესაბამისი მომსახურება. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა თავდაპირველად ურთიერთნდობაზე იყო დაფუძნებული, იგი მოპასუხეს ცოლად გაჰყვა მათი თემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახლობლების გარიგების შედეგად, სომხეთში. თანაცხოვრების შედეგად, მხარეებს შეეძინათ შვილი. მოპასუხის დაჟინებული თხოვნით, მოსარჩელე არასრულწლოვანთან ერთად დაბრუნდა საქართველოში. შემდგომ პერიოდში, მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა. მოსარჩელის თქმით, მოპასუხე იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, ჰქონდა პათოლოგიური სიმთვრალე, უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა ცოლზე და აყენებდა მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მეუღლესთან თანაცხოვრება მოსარჩელისათვის თანდათან აუტანელი ხდებოდა. მოსარჩელემ, მიუხედავად მოპასუხესთან დაძაბული ურთიერთობისა, ურთიერშეთანხმების საფუძველზე, რამდენჯერმე ბავშვი მამის ოჯახში დაუბრკოლებლად გაუშვა, თუმცა მოპასუხემ დაარღვია შეთანხმება და არასრულწლოვანი აღარ დააბრუნა თავშესაფარში დათქმულ დროს. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ურთიერთობა თანდათან უფრო პრობლემური გახდა. მოსარჩელეს სურს დაბრუნდეს საცხოვრებლად მშობლებთან სომხეთში, თუმცა მოპასუხე ამის საშუალებას არ აძლევს. რადგანაც მოსარჩელეს არ აქვს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი, იძულებულია ბავშვთან ერთად იცხოვროს თავშესაფარში. ბავშვთან ინდივიდუალური გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ ის ზოგადად კეთილგანწყობილია, გონებრივად და ფიზიკურად ასაკის შესაბამისად არის განვითარებული. არასრულწლოვანს უყვარს დედაც და მამაც. ბავშვი განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს სომხეთში ბებია-ბაბუის სახლზე, ენატრება მათთან ყოფნა, თავისი სათამაშოები, თანატოლები. მოსარჩელეს გააჩნია მშობლის მორალური და ადამიანური სრული პასუხისმგებლობის გრძნობა და ეთანხმება იმ პოზიციას, რომ მშობლებს შორის უთანხმოებამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვთან დამოკიდებულებაზე და ბავშვი არ უნდა გახდეს კონფლიქტის მანიპულირების მსხვერპლი;
27.13. მოსარჩელის სახელზე, სს „ს.ბ–ში“ შესრულებულია ფულადი გზავნილები, კერძოდ, მ.მ–ის მიერ მოსარჩელის სახელზე განხორციელებულია შემდეგი ფულადი გადმორიცხვები: 14.02.2020 წელს - 100 აშშ დოლარი, 04.03.2020 წელს - 50 აშშ დოლარი, 16.03.2020 წელს - 50 აშშ დოლარი, 10.06.2020 წელს - 50 აშშ დოლარი და 13.07.2020 წელს - 110 აშშ დოლარი. ასევე, მოსარჩელეს „ფ.ბ.ს–ოს“ მეშვეობით, 03.08.2020 წელს მ.მ–ისგან მიღებული აქვს 80 აშშ დოლარი, ხოლო 18.08.2020 წელს - 100 აშშ დოლარი;
27.14. სააპელაციო სასამართლოში წინამდებარე საქმის განხილვის მიმდინარეობის პერიოდში (21.01.2021 წლიდან), მოპასუხე გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან. უდავოა, რომ ამჟამად ბავშვი ცხოვრობს მამასთან ერთად;
27.15. სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვანთან წარმოებული გასაუბრების ფარგლებში, დადასტურდა ბავშვის სიყვარული ორივე მშობლის მიმართ, ამასთან, განმეორებით გასაუბრების დროს, ბავშვმა დააფიქსირა დედასთან ზაფხულში გამგზავრების სურვილი.
28. სასამართლოს მსჯელობის საგანია ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, რომ მას ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას, შესწავლილ უნდა იქნეს საკითხი იმის შესახებ, როდის და სად სჯობს იყოს ბავშვი, სად არის მისთვის უკეთესი, კონკრეტულ პერიოდში რომელ მშობელს ხელეწიფება მისცეს ბავშვს უკეთ განვითარების შანსი. გარემომ, სადაც მომავალში იქნება ბავშვი, ხელი უნდა შეუწყოს უსაფრთხო, მშვიდ გარემოში მის ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას, სამომავლო ურთიერთობებსა და სოციალიზაციის პროცესს. ამასთან, როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები (სუსგ №ას-53-51-2016, 06.07.2016წ., პ.59).
29. ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მსჯელობა ბავშვის საკასაციო სასამართლოში მოსმენის საჭიროების თაობაზე. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. ასევე, ბავშვის უფლებების კონვენციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში, ბავშვს მოუსმინეს როგორც პირველი ინსტანციის, ისე – სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას და არ არსებობს მისი დამატებით გამოკითხვის საჭიროება. ამასთან, გამოკითხვის შინაარსობრივი შეფასებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გამოსაკვეთად, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის განმარტებები (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 10.05.2023 წლის სხდომის ოქმი CD დისკზე, 14:02:03 - 14:14:19). საკითხის კომპლექსური აღქმისთვის რელევანტურია 29.01.2020 წლის, 19.05.2020 წლის ფსიქოლოგიური შეფასების გათვალისწინებაც, სადაც დეტალურადაა ასახული ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე მოქმედი ფაქტორები და მისი საჭიროებები (ტ.1, ს.ფ.165-170).
30. დაუსაბუთებელია კასატორის შედავება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის სოციალური მუშაკის - მარიამ უკლებას მიკერძოებულობისა და არაობიექტურობის თაობაზე. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ვერ მიუთითებს სარწმუნო არგუმენტებსა და რაიმე რელევანტურ მტკიცებულებებზე სოციალური მუშაკის დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ, ხოლო, მარტოოდენ კასატორის სუბიექტურ აღქმებზე დამყარებული ზეპირსიტყვიერი განცხადება სოციალური მუშაკის მიკერძოებულობის/არაობიექტურობის თაობაზე, ვერ გახდება მის მიერ შედგენილი დასკვნის სისწორეში/სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, რომ იგი სასამართლოს მიერ, სხდომაზე გამოიკითხა, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი სასამართლომ გააფრთხილა განზრახ არასწორი ჩვენების/განმარტების მიცემის შემთხვევაში, მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.12.2020 წლის სხდომის ოქმი CD დისკზე, 13:11:10-14:20:04).
31. სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგებისა და თავშესაფრის დიასახლისების შეფასებებით, დასტურდება, რომ მოსარჩელეს გააჩნია მშობლის მორალური და ადამიანური სრული პასუხისმგებლობის გრძნობა; იგი მზრუნველი და მოწესრიგებული დედაა; მისი მხრიდან დაკმაყოფილებულია ბავშვის საჭიროებები; დედა მიმართავს აღზრდის პოზიტიურ სტილს და არ იყენებს დასჯის მეთოდებს; უარყოფითი თვისებები, რაც არასრულწლოვნისათვის ზიანის მომტანი იქნება, მოსარჩელის ფსიქოლოგიური შეფასების შედეგად, არ გამოკვეთილა. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელის, როგორც დედის აღმზრდელობითი უნარ-ჩვევები, კასატორს სადავოდ არ გაუხდია. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარშიც, კასატორი ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის ზიანის მიყენების საფუძვლად იმ გარემოებებზე მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი არის საქართველოს მოქალაქე და, საკითხავია, რამდენად იქნება სამართლებრივად დაცული მისი ინტერესები უცხო ქვეყანაში (ტ.3, ს.ფ.268), რაც არ აკმაყოფილებს დასაბუთებული შედავების სტანდარტს.
32. ამასთან, როგორც გასაჩივრებული განჩინებითაც არის დადგენილი, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი 21.09.2020 წლის დასკვნის მიხედვით, რომელიც მოსარჩელესთან და არასრულწლოვანთან გასაუბრების საფუძველზეა შედგენილი, ბავშვს უყვარს დედაც და მამაც. იგი განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს სომხეთში ბებია-ბაბუის სახლზე, ენატრება მათთან ყოფნა, თავისი სათამაშოები, თანატოლები (ტ.1, ს.ფ.155-156). მოსარჩელის მშობლების საცხოვრებელ ადგილას შექმნილი საცხოვრებელი პირობები არ წარმოადგენს ბავშვის ინტერესებისათვის საზიანო და ბავშვისთვის საფრთხის შემცველ გარემოს (იხ. კოტაიქის რეგიონის ბალაჰოვიტის თემის ხელმძღვანელის მიერ გაცემული ცნობა - ტ.1, ს.ფ. 296-337). მოსარჩელე დასაქმებულია და იღებს შესაბამის ანაზღაურებას (იხ. შპს „ბიგსტეპის“ ცნობა - ტ.3, ს.ფ. 101-104).
33. არასრულწლოვნის, დედასთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკაში ცხოვრება არ იქნება ბავშვისთვის ზიანის მომტანი, არ დააბრკოლებს მის განვითარებას და არ შეუქმნის საფრთხეს სამომავლოდ, ბავშვის, როგორც საზოგადოების სრულყოფილ წევრად ჩამოყალიბებას. ამასთან, არ არსებობს რაიმე ფაქტობრივი გარემოება დედის მიერ მშობლის უფლებების ბოროტად და არამართლზომიერად გამოყენების ვარაუდისათვის. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული მოტივებით არ იკვეთება არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა. ამასთან, აღნიშნული მამას არ ართმევს შვილთან ინტენსიური ურთიერთობის საშუალებას, რისთვისაც სასამართლოს დადგენილი აქვს შესაბამისი წესი.
34. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მულტიდისციპლინური მიდგომის განხორციელებით (სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, ადვოკატებისა და უშუალოდ ბავშვის ერთობლივი მონაწილეობით), არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური და ფიზიკური კეთილდღეობის დასადგენად, გამოიკვლიეს ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. საკასაციო პალატა იზიარებს დასკვნას მასზე, რომ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა სრულად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. აღნიშნულზე მითითებულია საკასაციო სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ წერილობით პოზიციაშიც (ტ.3, ს.ფ. 328-329).
35. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და 22.10.2020 წლის საოქმო განჩინების უცვლელად დატოვების ნაწილში, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარი რაიმე პრეტენზიას არ შეიცავს.
36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
37. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
38. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ფ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია