საქმე №ას-394-2025 27 მაისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „დ.ფ.ჯ–ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს „დ.ფ.ჯ–იას“ (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.
5. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, იმ ფორსმაჟორით, რაც კომპანიის დირექტორის ცვლილების შესახებ პარტნიორთა გადაწყვეტილებას მოჰყვა.
6. 2025 წლის 11 თებერვალს გაიმართა კომპანიის პარტნიორთა კრება, სადაც მიღებულ იქნა კომპანიის დირექტორის ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილება. სასამართლო სხდომის წინა დღეს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის - დირექტორის ცვლილება, თუმცა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. ვინაიდან, დირექტორის ცვლილების გარეშე, არსებობდა დიდი რისკი, რომ კომპანიას მისდგომოდა ზიანი, მოსარჩელის მიერ სხდომის დღეს განმეორებით იქნა წარდგენილი განცხადება სსიპ საჯარო რეესტრში იმავე მოთხოვნით, თუმცა კვლავ შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და კომპანიას დაევალა კრების მოწვევა და გადაწყვეტილების წარდგენა კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესის შესაბამისად, რაც შეუძლებელი იყო, ვინაიდან მოქმედმა დირექტორმა უარი განაცხადა თანამშრომლობაზე და ამ მიზნით კომპანიის წარმომადგენელთათვის ელექტრონული პორტალის მომხმარებლისა და პაროლის გადაცემაზე.
7. გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის პარტნიორი (ა.ქ–ი) არ იმყოფება საქართველოში და მის ინტერესებს წარმოადგენს ამ საქმის წარმომადგენელი ლ.ნ–ძე, ამ გარემოებამ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენა და მოქმედება განაპირობა მისი მხრიდან, რამაც შეუძლებელი გახადა სხდომაზე წარმომადგენლის გამოცხადება და მასში მონაწილეობის მიღება.
8. 2025 წლის 12 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში, კომპანიის წარმომადგენელი ცდილობდა მოლაპარაკებას მოქმედ დირექტორსა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან. იმ დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც კომპანიის პარტნიორსა და მოქმედ დირექტორს შორის იყო, მაღალი ალბათობით არსებობდა საფრთხე, რომ დირექტორის მოქმედებები შეუქცევადად ზიანს მიაყენებდა კომპანიას, შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო სხდომის დღეს ლ.ნ–ძის ყველა მოლაპარაკება და მოქმედება. ამ ფორსმაჟორმა შეუძლებელი გახადა მისი სხდომაზე გამოცხადება. რაც შეეხება შეტყობინებას, მოსამართლის აპარატის პირადი ნომრები არ არის საჯარო და ხელმისაწვდომი, შიდა ნომერზე დარეკვის მცდელობის მიუხედავად კი, სამწუხაროდ, წარმომადგენელი მოსამართლის შემადგენლობას ვერ დაუკავშირდა და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ ვერ შეატყობინა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
12. საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის შემდეგ გარემოებებს:
13. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დანიშნა 2025 წლის 5 თებერვალს, რაც მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გადაინიშნა 2025 წლის 12 თებერვალს, 12:00 საათზე, რის შესახებაც სატელეფონო შეტყობინებით ეცნობათ მხარეთა წარმომადგენლებს (იხ. აქტები).
14. 2025 წლის 12 თებერვალს, 12:00 საათზე გამართულ სასამართლოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენელი არ გამოცხადებულა. მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იშუამდგომლა.
15. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხის) შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
16. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
17. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები, ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობაც, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველად.
18. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (იხ.: სუსგ №ას-429-2024, 22.05.2024წ. №ას-330-2024, 25.04.2024წ.).
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხ.: Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ.: Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში (იხ.: Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274). აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ (იხ.: Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). ერთიანობაში, ყველაფერი ეს ქმნის უფლებას საქმის სამართლიან განხილვაზე (GOLDER v. THE UNITED KINGDOM).
21. განსახილველი კერძო საჩივრი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აპელანტის წარმომადგენელი საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
23. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს იმავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ.: სუსგ №ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ.; №ას-1410-1330-2017; 30.01.2018წ.; №ას-455-2024, 14.06.2024წ.).
24. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ამდენად, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამასთან, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას (იხ.: სუსგ №ას-6-2023, 04.05.2023წ.).
25. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე იმ საფუძვლით ასაჩივრებს, რომ წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ აწარმოებდა საქმეს, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდებოდა დირექტორის ცვლილების შესახებ 2025 წლის 11 თებერვლის პარტნიორთა გადაწყვეტილების (კრების ოქმის) რეესტრში რეგისტრაციას, ახორციელებდა გარკვეულ მოქმედებებსა და მოლაპარაკებებს, რამაც შეუძლებელი გახადა სხდომაზე მისი გამოცხადება.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად. სასამართლოს შეფასებით განსახილველ საქმეზე მსგავს გარემოებაზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია და არ დაუდასტურებია სხდომაზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობა.
27. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორისათვის დაკისრებულ მტკიცების ტვირთზე ამახვილებს ყურადღებას და მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აპელანტის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომის დღეს - 2025 წლის 12 თებერვალს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობას. კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებები სადავო გარემოებას ვერ ადასტურებს. თავად მხარის მიერ 2025 წლის 12 თებერვლით დათარიღებული განცხადება კი, რომლითაც იგი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს (კომპანიის ელექტრონულ პორტალზე წვდომისათვის მომხმარებლისა და პაროლის გადმოგზავნის თაობაზე), სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის საფუძველს არ ქმნის, ვინაიდან არ დგინდება, რატომ იყო შეუძლებელი წარმომადგენლისათვის კონკრეტულ დროს სხდომაზე გამოცხადება. მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომ წარმომადგენელი კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა, რამაც შეუძლებელი გახადა მისი სხდომაზე გამოცხადება, ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად საპატიო მიზეზის დასადასტურებლად.
28. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მხარეს წინასწარ არ უცნობებია პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. ამასთან, ვერც სათანადო მიზეზზე ვერ მიუთითა, თუ რატომ ვერ მოახერხა წარმომადგენლის სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს ინფორმირება. წარმომადგენლის მითითება, რომ შეეცადა მოსამართლის შემადგენლობასთან დაკავშირებას და ვერ შეძლო, დაუსაბუთებელია იმ კუთხით, რომ ზეპირსიტყვიერი მითითება არ ქმნის ამ უკანასკნელის მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია სხვა შემთხვევებში მოსამართლის თანაშემწესთან აპელანტის წარმომადგენლის ტექნიკური საშუალებით (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა) კომუნიკაციის არაერთი ფაქტი (მაგალითად, გზავნილის/სააპელაციო შესაგებლის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ჩაბარება. გზავნილში მითითებულია მოსამართლის თანაშემწესთან საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, მათ შორის მობილურის). ამავე დროს, კერძო საჩივრის ავტორი საერთოდ არ უთითებს, რატომ იყო შეუძლებელი უშუალოდ კომპანიისთვის სასამართლოსთან დაკავშირება სხვა უფლებამოსილი პირის მეშვეობით.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივარში მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ იურიდიული პირის დირექტორის ცვლილების რეგისტრაციისკენ მიმართული მოქმედებები შეუძლებელს ხდიდა წარმომადგენლის პროცესზე გამოცხადებას, აღნიშნული თავისთავად შეუძლებელს არ ხდის პროცესზე კომპანიის გამოცხადებას (იხ.: სუსგ №ას-1249-1189-2014, 21.01.2014წ.). აღნიშნული კუთხით კერძო საჩივარი შესაბამის გარემოებებზე მითითებას არ შეიცავს. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ იურიდიული პირის (მით უფრო სამეწარმეო საზოგადოების) წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების ყველა შემთხვევაში გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა ისე უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობა, რომ ამა თუ იმ თანამშრომლის მივლინებაში ან შვებულებაში ყოფნამ/ავადმყოფობამ და სხვა გარემოებების არსებობამ არ შეაფერხოს იურიდიული პირის ნორმალური ფუნქციონირება. სათანადო მენეჯმენტის არქონა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად ვერ მიიჩნევა და, ცხადია, არ ათავისუფლებს იურიდიულ პირს კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისგან (იხ.: სუსგ საქმე №ას-152-148-2016, 03.06.2016წ.; №ას-345-330-2016, 06.06.2016წ.; №ას-191-2023; 16.11.2023წ.; №ას-355-2024, 05.07.2024წ.).
28. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დ.ფ.ჯ–იის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა