საქმე №ას-550-2025 27 მაისი, 2025 წელი,
თბილისი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ლ.კ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ხ.მ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლების დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 4 თებერვლის განჩინებით, ამავე სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე ლ.კ–ძის (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივის ავტორი) საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში, რომლითაც ხ.მ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობისა და უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლების დადგენის თაობაზე მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
3. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც ამ განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, რომელთა არსებობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი მიიღება განსახილველად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენას.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა - 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
8. ამრიგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით იმპერატიულად არის დადგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა და მისი დენა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. რაიმე გამონაკლისი მოცემული ვადის გაგრძელებისა და აღდგენის თვალსაზრისით არ არსებობს.
9. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 4 თებერვლის განჩინება მხარის წარმომადგენლებს გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართზე (ბათუმი, .........) და 2025 წლის 11 თებერვალს ჩაჰბარდა წარმომადგენელ ნ.მ–ძეს (იხ. ფოსტის უკუგზავნილი, ს.ფ. 178), შესაბამისად, მხარისათვის განჩინების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა 2025 წლის 12 თებერვალს დაიწყო და 2025 წლის 25 თებერვალს ამოიწურა. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2025 წლის 28 თებერვალს წარადგინა.
10. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ საჩივრის დაგვიანებით წარდგენა გამოწვეული იყო მძიმე მატერიალური და ოჯახური მდგომარეობით. ხელმოკლეობის გამო, იძულებული იყო, უარი ეთქვა წარმომადგენლის მომსახურებაზე. ამასთან, უვლის მცირეწლოვან, ავადმყოფ შვილიშვილს, რომელსაც მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. ამას დაერთო, დიდთოვლობა და გადაადგილების შეზღუდვა.
11. პალატა კერძო საჩივრის პრეტენზიებს არ იზიარებს და მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მატერიალური მდგომარეობის გამო, კერძო საჩივრის ავტორმა უარი თქვა წარმომადგენლის მომსახურებაზე. ნიშანდობლივია, რომ მხარის ინტერესებს საქმისწარმოების ყველა ეტაპზე წარმოდგენლები იცავდნენ. მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარი და სააპელაციო საჩივარის განუხილველად დატოვების თაობაზე წარმოდგენილი კერძო საჩივარიც შემოტანილია წარმომადგენლის მიერ, აღნიშნული გარემოებები კი, კერძო საჩივრის ავტორის მიმართ არ აყალიბებს ობიექტურ რწმენას, რომ მან მატერიალური მდგომარეობიდან გამო წარმომადგენლის მომსახურებით ვერ ისარგებლა, რაც საბოლოოდ გახდა სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის ერთ-ერთი საფუძველი.
12. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით ვარაუდობდა, რომ როგორც მოსარჩელეს, სასამართლო მას გაუგზავნიდა განჩინებას, მაგრამ არ გაუგზავნია. ამიტომაც არ იცოდა, როდის იწურებოდა გასაჩივრების ვადა, რამაც საბოლოოდ განაპირობა ვადის გადაცილება.
13. პალატა კერძო საჩივრის ამ პრეტენზიასაც არ იზიარებს და მიუთითებს, რომ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამგვარად, დასახელებული ნორმა, მხარისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს სასამართლოს გზავნილს იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საპროცესო დოკუმენტები გადაეცემა უშუალოდ მოდავე პირს და მაშინაც, თუ ისინი ჩაჰბარდა მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. ამდენად, კანონმდებლის ნება მიმართულია იმისაკენ, რომ საპროცესო დოკუმენტი ჩაჰბარებოდა ან მხარეს, ან მის წარმომადგენელს, ერთ-ერთისათვის მისი ჩაბარება სრულიად საკმარისია და დამატებით მხარისათვის გაგზავნის ვალდებულებას არ წარმოშობდა.
14. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, სსსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის საპატიოდ მიჩნევისა და საქმისწარმოების განახლების თაობაზე, პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 65-ე მუხლი (საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები) არ გამოიყენება, რადგანაც თავად ნორმის დათქმა – „თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“ მიანიშნებს იმაზე, რომ იგი რელატიური წესია, ამ ნორმის საპირისპიროდ, იმპერატიულ დებულებას შეიცავს სსკ-ის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის თანახმადაც სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადა საპატიო მიზეზით გაშვებულია თუ არა (იხ: სუსგ №ას-875-2019, 19.07.2019წ.; №ას-1014-2018, 24.12.2018წ.; №ას-221-208-2015, 29.05.2015წ.; №ას-1941-2018, 29.03.2019წ.). ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნული პრეტენზიაც.
15. საკასაციო პალატის მითითებით, კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 28 თებერვალს წარადგინა, რაც სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5), (იხ.: სუსგ №ას-1615-2019, 14.01.2020წ.; №ას-991-2024, 31.10.2024წ.).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული (იხ. სუსგ №ას-938-2019, 25.07.2019წ.).
18. გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (იხ: სუსგ №ას-1226-2019, 23.12.2019წ.).
19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა