Facebook Twitter

საქმე №ას-584-2025 30 ივნისი, 2025 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ე.ო–ი, ს.მ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახილება

დავის საგანი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ამ ხელშეკრულების დამატების, ცალმხრივი გარიგებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ.მ–ის (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივის ავტორი) სარჩელი ე.ო–ის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და ს.მ–ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, ნოტარიუსი, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, არ დაკმაყოფილდა რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა ბათილად ყოფილიყო ცნობილი:

- 2014 წლის 10 სექტემბერს ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში დადებული №140975335 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;

- 2014 წლის 10 ნოემბერს ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში დამატების შეტანა;

- 2015 წლის 3 სექტემერს დაწერილი თანხმობა, რომლითაც მოსარჩელის მიერ დადასტურდა 2014 წლის 10 სექტემბერს ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში დადებული №140975335 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულებაში 2014 წლის 10 ნოემბერს ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში №141232450 დამატების შეტანა;

- სანოტარო მოქმედება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ და 2015 წლის 2 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელი (რეგისტრაციის №151091789).

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი.

3. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც ამ განჩინების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.

6. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

7. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:

7.1 2014 წლის 10 სექტემბერს ნოტარიუსმა (მეორე მოპასუხემ) დაამოწმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს ერთი წლით 110,000 აშშ დოლარი ასესხა. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გამსესხებლის სასარგებლოდ, იპოთეკა დადგინდა ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში მდებარე მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ .......). იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების გაჭიანურების შემთხვევაში, შეთანხმება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემას ითვალისწინებდა;

7.2 2014 წლის 10 ნოემბერს ნოტარიუსთან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ წერილობითი შეთანხმება, რომლის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხისაგან დამატებით 40 000 აშშ დოლარი ისესხა და სესხის მთლიანმა მოცულობამ ჯამურად 150 000 აშშ დოლარი შეადგინა;

7.3 მსესხებელმა სესხი დადგენილ ვადაში არ დააბრუნა;

7.4 კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსმა 2015 წლის 2 ოქტომბერს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის მიმართ შემდეგნაირად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 150 000 აშშ დოლარით, ხოლო სარგებელი - 8 250 აშშ დოლარით. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

7.5 მოსარჩელეს 2014 წლის 10 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ 2014 წლის 10 ნოემბრის შეთანხმების გაფორმების მომენტში, ნება არ გამოუვლენია. მოსარჩელის პირადობის მოწმობის გამოყენებით ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მისმა ქალიშვილმა - ლ.მ–მა;

7.6 თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლოს საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, მოსარჩელის ქალიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის;

7.7 მოსარჩელემ 2015 წლის 3 სექტემბერს შეადგინა წერილობითი დოკუმენტი - „თანხმობა“, რომელზეც მისი ხელმოწერა დამოწმებულია სანოტარო წესით. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, 2014 წლის 10 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, ასევე, მასში ცვლილებების შეტანის შესახებ იმავე წლის 10 ნოემბრის შეთანხმებაზე, პიროვნების იდენტიფიკაციის არასწორად დადგენის გამო, მოსარჩელის მაგივრად ხელშეკრულებებსა და თანხის მიღების აქტს ხელი მოსარჩელის ქალიშვილმა მოაწერა. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ მისთვის ხელშეკრულებების შინაარსი და პირობები ცნობილი და მისაღები იყო, ეთანხმებოდა და საცილოდ არ ხდიდა მათ;

7.8 კერძო აღმასრულებელმა 2015 წლის 8 ოქტომბერს მოსარჩელეს წერილობით მიმართა და 2015 წლის 2 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულება მოსთხოვა;

7.9 2015 წლის 10 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა: ა) 2014 წლის 10 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ბ) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ 2014 წლის 10 ნოემბრის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; გ) ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა. მოსარჩელის მითითებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებზე მას ხელი არ მოუწერია, რაც როგორც გარიგებების, ისე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის საფუძველი იყო;

7.10 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა;

7.11 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთას პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც ასევე გასაჩივრდა საკასაციო წესით;

7.12 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება და სარჩელი დარჩა განუხილველად.

7.13 უზენაესი სასამართლოს მითითებით, რადგანაც მოსარჩელეს შეეძლო, მიკუთვნებითი სარჩელი აღეძრა, ვალის არარსებობის გამო, უძრავ ქონებაზე მოპასუხის სასარგებლოდ დადგენილი იპოთეკის გაუქმების მოთხოვნით, აღიარებითი სარჩელი დაუშვებელი იყო.

8. უდავოა, რომ მოსარჩელემ კვლავ აღძრა სარჩელი გამსესხებლისა და ნოტარიუსის მიმართ, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნებით, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო სასამართლომ კი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, რომლის კანონიერებაც საკასაციო პალატის შეფასების საგანია.

9. საკასაციო პალატა, მოცემულ შემთხვევაში, იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ.: სუსგ №ას-1920-2018, 31.05.2019წ.). კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02.03.2017წ.; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: №ას-437-409-17, 29.09.2017წ., №ას-916-857-17 12.09.2017წ.; №ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; №ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.).

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და, ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს (იხ.: სუსგ №ას-1389-2018, 30.11.2018წ.; №ას-1920-2018, 31.05.2019წ.). სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ - აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიეტურად მიღწევადი უნდა იყოს (იხ.: სუსგ №ას-1059-2019, 20.09.2019წ.).

11. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად, მხარე სრულად გარკვეულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... (იხ. სუსგ №ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

12. „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია „სამართლიანი სასამართლოს“ პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც შედეგად არ მოჰყვება დავის აღმოფხვრა [მართებული/დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის კვლევის აუცილებლობის თვალსაზრისით იხ. საქმე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 - სადაც ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40] (იხ.: სუსგ №ას-324-2021, 29.06.2021წ.).

13. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ სარჩელის განუხილველად დატოვების შემდეგ (იხ. წინამდებარე განჩინების 7.12 პუნქტი), მოსარჩელემ 2019 წლის 20 ივლისს, კვლავ აღძრა სარჩელი მოპასუხის მიმართ იგივე აღიარებითი მოთხოვნებით (იხ.: წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) (დამატებით მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელის მიერ დადებული ცალმხრივი გარიგება - 2015 წლის 3 სექტემბერს დაწერილი თანხმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 150952963), რომლითაც მოსარჩელის მიერ დადასტურდა 2014 წლის 10 სექტემბერს ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №140975335 და ამავე ხელშეკრულებაში 2014 წლის 10 ნოემბერს ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში დამატების შეტანა №141232450) და მიუხედავად საკასაციო სასამართლოს მიერ მითითებული სამართლებრივი შეფასებისა, რომ მოსარჩელე წარმოდგენილი მოთხოვნებით ვერ მიაღწევდა იმ მიზანს, რაც სურდა (თავი დააღწიოს 2015 წლის 2 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ძირითადი ვალდებულების შესრულებას და, აქედან გამომდინარე, გაუქმდეს პირველი მოპასუხის სასარგებლოდ არსებული იპოთეკა) და სარჩელი შეეძლო აღეძრა ვალის არარსებობის გამო, უძრავ ქონებაზე მოპასუხის სასარგებლოდ დადებული იპოთეკის გაუქმების მოთხოვნით - კერძო საჩივრის ავტორს არ გაუთვალისწინებია. მან იმავე სასარჩელო მოთხოვნებით მიმართ სასამართლოს (დაამატა მის მიერ 2015 წლის 3 სექტემბერს დაწერილი თანხმობის ბათილად ცნობა), რომელიც მის მიზანს არ ამართლებს და მოსარჩელის მხოლოდ სუბიექტურ ინტერესად უნდა შეფასდეს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხოლოდ აღიარებითი სარჩელის პირობებში, როდესაც აღძრული არ არის მიკუთვნებითი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ იკვეთება მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. მოსარჩელემ ვერც კერძო საჩივრის ფარგლებში დაასაბუთა მოცემულ აღიარებით სარჩელზე ნამდვილი იურიდიული ინტერესი და სადავო სამართალურთიერთობიდან გამომდინარე მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის შეუძლებლობა. უფრო მეტიც, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ივნისის განჩინების მიუხედავად, მოსარჩელემ არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს მითითება, უარი თქვა მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრაზე და ფაქტიურად დარჩა თავდაპირველი აღიარებითი სარჩელის ფარგლებში.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.მ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა