საქმე №ას-761-2025 30 ივნისი, 2025 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა.კ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებისა და მისი დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ა.კ–იას (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს „მ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 აპრილის განჩინებით, საქმის განხილვის გადადების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტი სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
3. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის წინა დღეს - 2025 წლის 22 აპრილს მიმართა და სხდომის გადადების თაობაზე იშუამდგომლა, ვინაიდან სასამართლო სხდომის დღეს - იმავე წლის 23 აპრილს მონაწილეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, თუმცა, მიუხედავად საპატიო მიზეზისა, სასამართლომ მისი თხოვნა არ გაითვალისწინა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
4. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ აპელანტის განცხადებს არ ერთვოდა მტკიცებულება, რაც მის მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის განხილვაში დაადასტურებდა, დაუსაბუთებელია, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეებზე სხდომები ინიშნება ზეპირი კომუნიკაციის შედეგად და არც info.court-ის სისტემიდან არ არის შესაძლებელი ამონაწერის ამოღება.
5. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილებოდა სისხლის სამართლის გახმაურებელი საქმე, სადაც ნაწამებ მსჯავრდებულს სასჯელი გადაუვადა ბათუმის საქალაქო სასამართლომ, თბილისის საქალაქო სასამართლოში კი განიხილებოდა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე მისი შრომითი დავა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მან პრიორიტეტი მიანიჭა ნაწამები მსჯავრდებულის საქმეს, რომლის ინტერესებსაც იცავდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
8. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის შემდეგ გარემოებებს:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განხილვა სასამართლოს სხდომაზე დაინიშნა 2025 წლის 23 აპრილს, 10:30 საათზე. აპელანტი დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
10. 2025 წლის 23 აპრილს, 10:30 საათზე გამართულ სასამართლო სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა. მან სასამართლო სხდომის წინა დღეს 2025 წლის 22 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულის ინტერესების დაცვის გამო, წარადგინა დანიშნული სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
11. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის მომწესრიგებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ნორმების გამოყენება.
12. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები, ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობაც, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველად.
13. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (იხ.: სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.; №ას-1380-2019, 24.12.2019წ.).
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით არ ედავება და მათი არსებობა არც საქმის მასალებით არ დგინდება, მხარე განმარტავს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, სხვა სასამართლო სხდომაზე მისი მონაწილეობით, გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობასაც საკასაციო პალატა შეაფასებს სსსკ-ის 241-ე მუხლის იმ კონტექსტით, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.
16. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს იმავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ.: სუსგ №ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ.; №ას-1410-1330-2017; 30.01.2018წ.; №ას-352-2025, 20.05.2025წ.; №ას-465-2025, 30.04.2025წ.).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, მისი ძირითადი პრინციპის - დისპოზიციურობის გათვალისწინებით, მხარეებს ავალდებულებს, თავიანთი უფლება-მოვალეობანი კეთილსინდისიერად განახორციელონ. მხარე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ინფორმირებულია საქმის განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე და საპატიო მიზეზით არ ცხადდება, ვალდებულია, სასამართლოს წინასწარ აცნობოს ამ მიზეზის შესახებ კანონით დადგენილი წესით. დასახელებული ვალდებულების დარღვევისათვის კი, კანონმდებელი აგდენს ერათგვარი პროცესუალური სანქციის გამოყენების წინაპირობებს.
18. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
19. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
20. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების დასაბუთების საპირისპიროდ განმარტავს, რომ რიგ შემთხვევებში, ერთი და იმავე მხარის მიერ, შესაბამისი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე სხდომის გადადების მოთხოვნა, შესაძლოა ემსახურებოდეს საქმის განხილვის გაჭიანურებას, ხოლო, სასამართლოს არასათანადო რეაგირება (მაგალითად მხარის საპროცესო ვადებით შეზღუდვა, სხვადასხვა შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე დასაბუთებული უარის თქმა, საჩივრის განუხილველად დატოვება), გაუმართლებლად ლახავდეს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს (იხ.: სუსგ №ას-869-2024, 25.11.2024წ.), თუმცა, განსახილველ შემთხვევაში იკვეთებოდა ისეთი გარემოების არსებობა, რომელსაც შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის გამოცხადებისათვის, კერძოდ, აპელანტი სასამართლო სხდომის დღეს (2025 წლის 23 აპრილს) მონაწილეობას იღებდა როგორ ბრალდებულის ადვოკატი ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის განხილვაში, რაც დასტურებდა კერძო საჩივარზე თანდართული 2025 წლის 23 აპრილის განაჩენით (რომლითაც დგინდება, რომ სასამართლო სხდომა განიხილებოდა მოსარჩელის, როგორც ადვოკატის მონაწილეობით), შესაბამისად, ის მოკლებული იყო შესაძლებლობას, იმავდროულად თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადებულიყო. ნიშანდობლივის ის გარემოებაც, რომ აპელანტმა სასამართლოს წინასწარ შეატყობინა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მიერ დასაბუთებულია ისიც, თუ რატომ მიანიჭა პრიორიტეტი სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის ინტერესების დაცვას. ასევე, საქმის მასალების გაცნობის შედეგად არ დასტურდება ვარაუდიც, რომ მხარე მისი სარჩელის საფუძველზე მიმდინარე საქმის განხილვის გაჭიანურებას ცდილობდა (იხ.: სუსგ №ას-846-810-2014, 01.12.2014წ.), შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს საპატიო მიზეზი ჰქონდა სხდომაზე გამოუცხადებლობისათვის, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამდენად, გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
22. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.კ–იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა