Facebook Twitter

საქმე №ას-1467-2023 14 ივნისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ო–ძე, თ.ჭ–ძე, შ.ჭ–ძე, შპს „პ.ფ–ის“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ხელშეშლის აკრძალვა, ქმედების განხორციელება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.მ–ძემ (შემდეგ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ო–ძის (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე), თ.ჭ–ძის (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე), შ.ჭ–ძის (შემდგომ - მესამე მოპასუხე, მესამე მოწინააღმდეგე მხარე) და შპს „პ.ფ–ის“ (შემდგომ - მეოთხე მოპასუხე, მეოთხე მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა, პირველ მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 2019 წლის 17 მაისიდან 2020 წლის 30 იანვრამდე, ყოველდღიურად 315 ლარი, ჯამურად 81 270 ლარი; დაევალოთ მეორე და მესამე მოპასუხეებს, ამოაშენონ/ამოქოლონ თავიანთი უძრავი ქონების ის ფანჯრები/ღიობები, რომელიც განლაგებულია/გამოჭრილია ქ. ქუთაისში, ..... ქ. №10-ის მხარეს მდებარე მოსარჩელის უძრავ ქონებაში; პირველ-მესამე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება, 2020 წლის 30 იანვრიდან 2020 წლის 2 სექტემბრამდე ყოველდღიურად 315 ლარი - ჯამურად 67 725 ლარი; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2020 წლის 2 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად 315 ლარის ზიანის ანაზღაურება; პირველ მოპასუხეს დაევალოს მის საკუთრებაში არსებულ ქ. ქუთაისში, ....... ქუჩა №10-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ეზოს მხარეს კედელზე არსებულ ფანჯარაზე ყველა სახის დანადგარების დემონატაჟი და მხოლოდ სარკმლის (ფანჯრის) მონტაჟი.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის მიყენების ფაქტს უკავშირებს იმ გარემოებას, რომ პირველი მოპასუხის მიერ შეტანილი უსაფუძვლო საჩივრის განხილვამ შეაფერხა მშენებლობის ნებართვის გაცემა. მას საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, თუმცა ამ დროისათვის კანონში შესულმა ცვლილებებმა, მშენებლისათვის გააუარესა პირობები და გააძნელა ასეთი ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა. ამან ხელი შეუშალა უძრავი ქონების გამიჯვნაში და, აქედან გამომდინარე, მშენებლობაში. მოსარჩელის მტკიცებით, პირველმა მოპასუხემ დაარღვია მორიგების ხელშეკრულებით მის მიერ აღებული ვალდებულება, რის გამოც მას მიადგა ზიანი.

5. სააპელაციო სასამართლომ ზემოთ მითითებული ფაქტები არ მიიჩნია ზიანის გამომწვევ ფაქტებად და მიუთითა, რომ კანონმდებლობა უფლებამოსილ/დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, გაასაჩივროს აქტები, თუ მიიჩნევს, რომ ამ აქტების მიღებით ირღვევა მისი უფლებები. საჩივრის უფლების გამოყენება პირის კონსტიტუციური უფლებაა, ხოლო საჩივრის განხილვის შემდგომ, თუ კანონმდებელი ცვლილებას შეიტანდა სპეციალურ ნორმებში, ეს წინასწარ (საჩივრის შეტანის დროისათვის) პირველი მოპასუხისათვის ვერ იქნებოდა ცნობილი და ამ მოვლენას არ შეიძლება მოსარჩელემ დაუკავშიროს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, რადგან ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ღიობის დემონტაჟისა და მისგან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაც და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, არც ექსპერტიზის დასკვნით, არ დასტურდება, რომ მოპასუხეებს უძრავ ქონებაზე ღიობი, რომელიც ოთახის პირველადი განათების წყაროა, უკანონოდ აქვთ მოწყობილი, შესაბამისად, დაუშვებელი ხელყოფის დაუდასტურებლობისა და სამეზობლო სამართლით განსაზღვრული დასაშვები თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე, გაუმართლებელია, გადაწყვეტილებით დაევალოს მესაკუთრეებს ამოაშენონ/ამოქოლონ თავიანთი უძრავი ქონების ის ღიობები, რომელიც განლაგებულია აპელანტის (მოსარჩელის) უძრავი ქონების მხარეს.

7. რაც შეეხება დანადგარების დემონტაჟისა და სარკმლის მონტაჟის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია მეზობელი მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობიდან გამომდინარე ისეთი ზემოქმედების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს. სასამართლომ საქმეზე დადგენილი გარემოებების ერთობლივი შეფასებითა და მხარეთა დაპირისპირებული ინტერესების არსებობის პირობებში, უპირატესად გასაზიარებლად მიიჩნია მოპასუხე მხარის კანონით დაცული ინტერესი.

8. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სამეზობლო სამართალი, მესაკუთრეს გარკვეულწილად ბოჭავს თმენის ვალდებულებით იმ შემთხვევაში, თუ მისი საკუთრების შეზღუდვა არ სცდება დასაშვებ ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა, მეზობელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობიდან მომდინარე დაუშვებელი ხელყოფის ფაქტი, რომლის აღსაკვეთად აუცილებელია, მოპასუხეს დაევალოს ყველა სახის დანადგარის დემონტაჟი და მხოლოდ სარკმლის მონტაჟი, ასევე, მოპასუხეებს დაევალოს ამოაშენენონ/ამოქოლონ თავიანთი უძრავი ქონების ფანჯრები/ღიობები.

9. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11. კასატორის მითითებით, იგი წინმსწრები განჩინების გაუქმებასაც ითხოვდა, კერძოდ, გაუქმებულიყო სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინება და გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაბრუნებოდა მოსარჩელეს, თუმცა სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით.

12. კასატორი 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინების უკანონობასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ფიზიკური პირი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის იმ ოდენობის თანხის გადახდისგან, რომელიც სცდება 3 000 ლარს პირველი ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნისათვის და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ 3 000 ლარით, რისი გათვალისწინებითაც, უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინება და გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

13. კასატორი პირველ მოპასუხესთან მიმართებით უთითებს ამ უკანასკნელის ქმედების შედეგად გაჭიანურებულ სამშენებლო სანებართვო პროცედურების წარმოებაზე, როდესაც მიღებულ იქნა ახალი რეგულაცია, რამაც საბოლოოდ შეუძლებელი გახადა სამშენებლო ნებართვის მიღება/მშენებლობა. ამ კუთხით კასატორი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას (იხ. საკასაციო საჩივარი).

14. ფანჯრების ამოშენების მოთხოვნასთან დაკავშირებით კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს უნდა დაედგინა, მოსარჩელე, რომ ვერ იღებს მშენებლობის ნებართვას, ამის ხელშემშლელი გარემოება არის თუ არა სადავო ფანჯრები, რომლებიც დაუშვებლად და აშკარად ხელყოფენ მოსარჩელის საკუთრების უფლებას. კასატორის მითითებით, საქმეში წარდგენილია მოპასუხეთა უძრავი ქონების საჯარო რეესტრის არქივის ორი თანაბარი ძალის დოკუმენტი. ერთიდან (შიდა აზომვითი ნახაზი) დგინდება, რომ ასეთი ღიობები არ არსებობდა, მეორე დოკუმენტაციაში კი მიხაზულია ისინი, რაც დგინდება ექსპერტიზის დასკვნითაც.

15. კასატორი ასევე ითხოვს 2006 წელს დადგენილი სასაზღვრო მიჯნის აღდგენას, რომელიც მისი განმარტებით მოპასუხემ მოსარჩელესთან შეუთანხმებლად შეცვალა და სასაზღვრო კედელზე, ნაცვლად ფანჯრებისა, გამწოვი დანადგარები დაამონტაჟა. კასატორის განმარტებით, პირველმა მოპასუხემ მოსარჩელესთან შეუთანხმებლად შეცვალა სასაზღვრო მიჯნა და ფანჯრების მაგივრად დაამონტაჟა გამწოვის ორი დანადგარი, რითაც 2006 წლის მორიგების აქტი დაირღვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. საკასაციო პალატის განსჯით, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მისი მოთხოვნა პირველი მოპასუხის მიმართ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), სსკ-ის 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), სსკ-ის 411 (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად მიიჩნევა ის შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო) და სსკ-ის 326-ე (წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს) მუხლებიდან გამომდინარეობს.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად წარმოშობილი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრის ნორმატიული წესი მოცემულია სსკ-ის 411-ე მუხლში, რომლის თანახმად, მიუღებელი შემოსავალი გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელიც არ იარსებებდა მოვლენები რომ მართლზომიერების ფარგლებში განვითარებულიყო. სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

22. პალატა მიუთითებს, რომ მიუხედავად ამისა, ზიანის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედების თანამდევი შედეგის, არსებობა ობიექტურ მონაცემებს უნდა ემყარებოდეს და არ უნდა შორდებოდეს სამართლებრივ და ეკონომიკურ განსაზღვრულობას. ზიანის არსებობის ფაქტი მიუღებელი შემოსავლის მტკიცების პროცესშიც მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, კერძოდ, გამოხატვა უნდა ჰპოვოს ეკონომიკურ ერთეულში და მისი მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ობიექტურად, სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების საფუძველზე. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ზიანის ანაზღაურება, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს მეორე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება. მიუღებელი შემოსავლის დასადასტურებლად აუცილებელია მტკიცებულებების არსებობა აშკარა ქონებრივი დანაკლისის დასასაბუთებლად, უსაფუძვლო გამდიდრების გამორიცხვისთვის. ამდენად, მიუღებელი შემოსავლის განსაზღვრულობის კრიტერიუმებით შემოფარგვლა უსაფუძვლო გამდიდრებისა და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა ინტერესთა წონასწორობის რღვევის პრევენციაა (შდრ. ნათია ჩიტაშვილი, საქართველოს სამოქალაქო სამართლის საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, თსუ, 2016, გვ. 151), მაშასადამე, ზიანის ოდენობის განსაზღვრა იმ განცდილი ზიანის კომპენსირებაა, რომელიც მოსარჩელეს მიადგა მოპასუხის ქმედებით. განცდილი ზიანის ოდენობა კი, განეკუთვნება არა სამართლის, არამედ ფაქტის საკითხს; ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენა კი, მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებაა (იხ.: სუსგ №ას-667-2023, 16.11.2023წ.).

23. მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებას, რომ პირველი მოპასუხის მიერ შეტანილი უსაფუძვლო საჩივრის განხილვამ შეაფერხა სამშენებლო ნებართვის გაცემა. ამ დროისათვის კანონში შესულმა ცვლილებებმა მშენებლობისათვის გააუარესა პირობები და გააძნელა ასეთი ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა. ამან ხელი შეუშალა უძრავი ქონების გამიჯვნასა და მშენებლობაში, ასევე, პირველმა მოპასუხემ დაარღვია მორიგების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რისი გათვალისწინებითაც, კასატორმა განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.

24. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები არ იკვეთება. მოცემულ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ პირველმა მოწინააღმდეგე მხარემ საჩივარი წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დ ამით შეფერხდა კასატორის მშენებლობის ნებართვის აღება, შემდგომ კი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შესულმა ცვლილებებმა ხელი შეუშალა კასატორს მშენებლობის განხორციელებაში დაუდასტურებელია და ამ უკანასკნელისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძველი ვერ გახდება. ჯერ ერთი, ის ფაქტი, რომ პირველმა მოწინააღმდეგე მხარემ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით ისარგებლა და კასატორის განცხადებასთან დაკავშირებით (2019 წლის 7 მაისს, მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა, უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთისში, ....... ქუჩა №10) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა და უარი განაცხადა შეთანხმებასა და რეგისტრაციაზე (მიაჩნდა, რომ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვეოდა), ვერ შეფასდება მართლსაწინააღმდეგო ქმედებად, ვინაიდან სამართლებრივი გზით საკუთრების უფლების დაცვა პირის კონსტიტუციური უფლებაა და მისი შეზღუდვა გამართლებული ვერ იქნება და, მეორეც, როგორც 2019 წლის 26 ივნისის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით დგინდება, პირველი მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებად რეგისტრირებული არასაცხოვრებელი ფართები არ მდებარეობდა №2 შენობაში, შესაბამისად, მიწის ნაკვეთის გამიჯვნა არ საჭიროებდა პირველი მოპასუხის თანხმობას. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ პირველ მოწინააღმდეგე მხარეს უძრავი ქონების გამიჯვნის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, მოსარჩელის მიერ 2018 წლის მარტიდან დაწყებული ღონისძიებებითა და ააიპ ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს 09.10.2020 წლის წერილით დგინდება, რომ ქ. ქუთაისში, ....... ქუჩა №10-ში მდებარე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მოთხოვნით სააგენტოს კასატორმა განცხადებით ხუთჯერ მიმართა, თუმცა მისი განცხადებები არ პასუხობდა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც განუხილველად რჩებოდა.

25. პალატა მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლების წარმოშობას სათანადო მტკიცება სჭირდება, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, მით უფრო, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ზიანის ანაზღაურების არც ის ორი მთავარი წინაპირობა არ არის დადასტურებელი, რასაც სსკ-ის 412-ე მუხლი ადგენს (მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო და ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. ნიშანდობლივია, რომ კასატორს, საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით, სხვა ფაქტობრივი გარემოებებიც უშლიდა ხელს მშენებლობის განხორციელებაში).

26. სამეზობლო საზღვრის მხარეს მოპასუხის კუთვნილ შენობაზე არსებული ფანჯრის ღიობების სრულად ამოშენების დავალდებულების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 176-ე (მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა) მუხლი. მითითებული ნორმით გათვალისწინებული შედეგისათვის მოსარჩელემ სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცოს, რომ ასაშენებელი ნაგებობა ან უკვე აშენებული ნაგებობის ექსპლუატაცია დაუშვებლად ხელყოფს მესაკუთრის მიერ თავისი საკუთრებით სარგებლობის უფლებას, რაც იმთავითვე აშკარაა. ერთ-ერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „დაუშვებელი ხელყოფა“ გულისხმობს ნაგებობის იმგვარ ექსპლუატაციას, რომელიც სამეზობლო ზემოქმედების თმენის ვალდებულების კანონით დადგენილ ფარგლებს სცდება და მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უსაფრთხოება, დადგენილი წესებით, დაცული არ არის (იხ.: სუსგ №ას-740-956-08, 10.12.2008წ.; №ას-395-379-2016, 12.11.2018წ.)

27. ღიობების ამოშენებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 28.02.2020წ. №001438420 ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, დასმულ კითხვაზე - გთხოვთ, დაგვიდგინოთ წარმოდგენილ აზომვით გეგმაზე მითითებული ღიობის (ფანჯრების) გამოსახულებები არის შემდგომში მიხატული და არ შეესაბამება თავდაპირველ მოცემულობას - ექსპერტმა დაასკვნა, რომ, ვინაიდან ექსპერტიზაზე არ იქნა წარმოდგენილი 26/X/1962 წლით დათარიღებული გეგმის დედანი, დადგენა იმისა, ასლის სახით წარმოდგენილი აზომვით გეგმაზე მითითებული ღიობის (ფანჯრების) გამოსახულებები არის თუ არა შემდგომში მიხატული, შეუძლებელი იყო. 20.08.2020 წლის, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №004882320 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, დასმულ კითხვაზე: - გთხოვთ, დაგვიდგინოთ ქ. ქუთაისში, ........ქუჩა №12-ში არსებული ღიობები (მის: ქ.ქუთაისი, ........ ქ. №10, ეზოში გამომავალი ფანჯრები) არის თუ არა ამ შენობის მშენებლობის დროს მოწყობილი, თუ აღნიშნული ფანჯრები გამოჭრილია მოგვიანებით და, ფაქტობრივად, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილ შიდა აზომვით ნახაზს, რომელიც გამოთხოვილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექაღრიცხვის ბიუროს არქივიდან? ექსპერტმა დაასკვნა, რომ ქუთაისში, ......... ქუჩა №12-ში სამეზობლო საზღვარზე არსებულ კედელში ღიობები გამოჭრილია მოგვიანებით და უშუალოდ სახლის მშენებლობის დროს არ არის მოწყობილი. თუმცა, გარეგნულად, გამოჭრის პერიოდის დადგენა შეუძლებელია. რაც შეეხება საკითხს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექაღრიცხვის ბიურის არქივიდან გამოთხოვილ ხელით შესრულებულ აზომვითი ნახაზის რეალობასთან შესაბამისობას, არსებობს ნახაზსა და რეალობას შორის შეუსაბამობა, კერძოდ, ნაკვეთების გამყოფ საზღვარზე არსებულ კედელში გამოჭრილი ღიობები არ არის დატანებული აზომვით ნახაზზე) მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის, არც ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება, რომ მოპასუხეებს მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ღიობი, რომელიც ოთახის პირველადი განათების წყაროა, უკანონოდ აქვთ მოწყობილი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ როგორც მხარეთა პოზიციებიდან და მასალებიდან ირკვევა, არსებული ფაქტობრივი მდგომარეობა მოიცავს განვლილ, საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს, მათ შორის უკავშირდება კონკრეტულ მესაკუთრეთა ცვლილებას.

28. სსკ-ის 176-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგისათვის, როგორც აღინიშნა, პირველ რიგში, მოსარჩელის ინტერესის დაუშვებელი ხელყოფა უნდა შემოწმდეს, ვინაიდან მოთხოვნის უფლება გამორიცხულია, თუ მესაკუთრე ვალდებულია, ითმინოს ხელყოფა. თმენის ვალდებულება ეფუძნება კანონს (სსკ-ის 175-ე მუხლი). ამდენად, თუნდაც მოპასუხის ოთახს, გარდა სადავო ფანჯრებისა, სხვა ფანჯარაც ჰქონდეს, თუ მოსარჩელე ვერ დაამტკიცებს სადავო ფანჯრების 1/3 ნაწილზე სარკმლის არსებობით მისი ინტერესის დაუშვებელ ხელყოფას, მოთხოვნის დაკმაყოფილება გამოირიცხება.

29. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუსაბუთებელია მათ ნაწილში თანხის დაკისრებიც მოთხოვნაც.

22. გამწოვის დანადგარის დემონტაჟის თაობაზე პირველი მოპასუხის მიმართ არსებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით კი პალატა მიუთითებს, რომ ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 176-ე მუხლი.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 176-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა. 176-ე მუხლი, შესაძლებელია ითქვას, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების მომწესრიგებელ 175-ე მუხლზე მაღლაც დგას იმ კონტექსტში, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ანიჭებს ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი იკვეთება ორი წინაპირობა: ნაკვეთით სარგებლობის უფლების დაუშვებელი ხელყოფა და ეს იმთავითვე აშკარაა. დასახელებული კუმულაციური პირობები ქმნის, განსახილველ შემთხვევაში, უკვე აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციის აკრძალვის მოთხოვნის წინაპირობას, რომელიც საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის მკაცრი ფორმაა (იხ.: სუსგ №ას-413-396-2016, 15.07.2016წ.).

24. პალატა განმარტავს, რომ პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე სადავო დანადგარის გამო მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებითი ხასიათის ზემოქმედება, რაც ამ უკანასკნელისთვის საკუთრებით სარგებლობის უფლების დაუშვებელ და აშკარა ხელყოფას გამოიწვევდა, სარჩელში არც კი მიუთითებია, მხოლოდ ის ფაქტი კი, რომ მოპასუხემ კედელზე გამწოვი დაამოტაჟა არ ქმნის მისი დემონტაჟის დავალდებულების საკმარის საფუძველს.

25. რაც შეეხება კასატორის მიერ გასაჩივრებულ 2020 წლის 16 სექტემბრის განჩინებას, პალატა უსაფუძვლობის გამო არც ამ ნაწილში იზიარებს კასატორის პრეტენზიას და სსსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" და „ე“ პუნქტებზე მითითებით განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟი ცალ-ცალკე გადაიხდება.

26. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. მ.მ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ. ლ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6000 ლარის (საგადასახადო დავალება №3358 / გადახდის თარიღი 15.11.2023), 70% – 4 200 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე