საქმე №ას-770-2024 30 სექტემბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.მ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.მ–ძე (შემდეგ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განჩინებას, რომლითაც მ.მ–ძის (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოსარჩელის სარჩელი, არ დაკმაყოფილდა.
2. კასატორის მითითებით, მისი მოწინააღმდეგე მხარესთან თანაცხოვრება შეუძლებელია პიროვნული შეუთავსებლობის გამო. მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. ამასთან, შერყეული აქვს ჯანმრთელობაც. მოპასუხე დაპატრონებულია არა მარტო სახლს, არამედ მიწის ნაკვეთსა და სხვა უძრავ-მოძრავ ქონებას.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მოსარჩელეს, როგორც მესაკუთრეს, სასამართლომ მთელი სახლმთმფლობელობა ნაკვეთის ჩათვლით რძლის სასარგებლოდ ჩამოართვა, მაშინ, როდესაც, მოპასუხესაც ჰყავს მშობლები და მათაც ეკისრებათ თავიანთ შვილებზე ზრუნვის ვალდებულება, რასაც არც არასოდეს და არც ახლა არ ასრულებენ.
4. კასატორის მითითებით, ბავშვების მამა არ აცხადებს უარს თავისი შვილების ზრუნვასა და თუნდაც ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, პირიქით, არსებობს მამისათვის ალიმენტის, ჯამურად თვეში 600 ლარის, დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება, რისი გათვალისწინებითაც არ არსებობს ბებიის საკუთრების უფლების შეზღუდვის აუცილებლობა. მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან მომდინარე კონფლიქტების გამო სწორედ ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იძულებულია, სხვაგან იცხოვროს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
11. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
12. უდავოდ დასტურდება, რომ სადავო ქონება მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს, ხოლო ნივთს ფლობს მოპასუხე. ამასთან, მოპასუხე სადავო ქონებაში ცხოვრობს ოთხ არასრულწლოვან შვილთან (მათ შორის, სარჩელის აღძვრის დროს მოპასუხე მეოთხე ბავშვზე იყო ორსულად) ერთად, რომლებიც მესაკუთრის შვილიშვილები არიან.
13. საქართველოს კონსტიტუცია საკუთრებას განამტკიცებს როგორც ადამიანის ძირითად უფლებას, რომელიც იმავდროულად ავალდებულებს მესაკუთრეს. ამდენად, საკუთრების უფლება დატვირთულია ზომიერი და აუცილებელი სოციალური ფუნქციით (იხ.: ზარანდია თ., სანივთო სამართალი, თბ., 2019, 180-181).
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციაზე, რომლის მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
15. ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც, კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, მიზნად ისახავდა ბავშვის კეთილდღეობის მისაღწევად საქართველოში ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას. კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება (იხ.: სუსგ №ას-1375-2021, 16.06.2022წ.)
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც არასრულწლოვანი ბავშვები დედასთან ერთად ცხოვრობენ ბებიის კუთვნილ სახლში და საკუთრებაში უძრავი ქონება არ გააჩნიათ, მოპასუხის გამოსახლება გამოიწვევს მისი მცირეწლოვანი შვილების გამასახლებასაც, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ბავშვების მიმართ არ დაყენებულა.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 1225-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს პაპისა და ბებიის საალიმენტო მოვალეობას შვილიშვილის მიმართ (პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალე არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან) და მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოცემული დავის ფარგლებში განსახილველ საკითხს არ განეკუთვნება, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, ბებიისათვის ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნა, მუხლის სწორი, თანმიმდევრული, დასაბუთებული და ლოგიკური განმარტების შედეგად, მისი რეგულირების მიზანი მხოლოდ არასრულწლოვნისათვის მატერიალური საზრდოს დანიშვნა არაა, არამედ მოქმედების მასშტაბი უფრო ვრცელია და მოიცავს არასრულწლოვნის უზრუნველყოფას საცხოვრებლით, მაშინ, როდესაც, არასრულწლოვანს ამ სიკეთის მიღება თავის მშობლებისაგან არ შეუძლია (იხ.: სუსგ №ას-454-426-2017, 05.05.2017წ.; №ას-1375-2021, 16.06.2022წ.; №ას-289-2022, 27.07.2022წ.). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის არასრულწლოვანი შვილიშვილები ცხოვრობენ დედასთან (მოპასუხესთან) ერთად მოსარჩელის კუთვნილ სახლში და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. არასრულწლოვნის უფლებასთან მიმართებით, რომ ბებიის მიერ უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებლით, არ იკვეთება მესაკუთრის უპირატესი ინტერესი მოპასუხის და, შესაბამისად, მისი არასრულწლოვანი შვილების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვასთან მიმართებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სისტემური ანალიზის მიხედვით, შვილიშვილებზე ზრუნვა პაპა-ბებიის მოვალეობაცაა, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილია, რომ ბავშვები ცხოვრობენ მხოლოდ დედასთან ერთად.
18. პალატა მიუთითებს, რომ ბავშვების მშობლები განქორწინებული არიან. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მამა უზრუნველყოფს ბავშვებს საცხოვრებლით. მათ დედას (მოპასუხეს) კი უძრავი ქონება არ აქვს საკუთრებად. ნიშანდობლივია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის სხვა რაიმე ალტერნატიული საცხოვრებელის არსებობაც. თავად კასატორისვე საკასაციო საჩივრით მოწინააღმდეგე მხარის მშობლები თავიანთ შვილზე არ ზრუნავენ. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში წარმოიქმნება რეალური და დასაბუთებული საფრთხე, რომ ბავშვები დარჩებიან საცხოვრებლის გარეშე, რომელთა უზრუნველყოფის შესაძლებლობასაც მათი მშობლები (მათ შორის, მოსარჩელის შვილი), მოკლებული არიან.
19. ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსარჩელის საკუთრებაა სოფელ ქვემო ........ მდებარე 195 კვ.მ ორსართულიანი სახლი და არასაცხოვრებელი 50 კვ.მ, შესაბამისად, შესაძლებელია, რომ სადავო სახლში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად (იზოლირებულად) იცხოვრონ როგორც მოსარჩელემ, ასევე – მოპასუხემ თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად. აღნიშნული კი უზრუნველყოფს, როგორც მესაკუთრის მიერ მისი საკუთრებით სარგებლობის უფლებას, ასევე – ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვას, უზრუნველყოფილი იყვნენ საცხოვრებლით, რაც უზრუნველყოფს საკუთრების უფლებასა და ბავშვების (რომლებიც არიან მოსარჩელის შვილიშვილები) საუკეთესო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვას.
20. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე, ვინაიდან არასრულწლოვან შვილიშვილებზე ზრუნვა ბებიის არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ კანონისმიერი მოვალეობაცაა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ საქმეზე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასტურდება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის საჭიროება, ხოლო მესაკუთრის ინტერესების უპირატესობა არ იკვეთება (იხ.: სუსგ №ას- 545-728-08, 12.09.2008წ.). ასეთ პირობებში კი, მესაკუთრის უფლების გამოყენება ვერ იქნება მართლზომიერად მიჩნეული და დროებით უნდა შეიზღუდოს ბავშვების კეთილდღეობისა და ნორმალური განვითარებისთვის.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-386-2023, 28.04.2023წ.; №ას-271-2023, 20.04.2023წ.; №ას-682-636-2017, 15.09.2017წ. №ას-1213-2022, 22.112022წ.; №ას-1375-2021, 16.06.2022წ.; №ას-454-426-2017, 05.05.2017წ.).
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
26. კასატორი სსსკ-ის 46-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე