საქმე №ას-54-2020 29 მაისი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „მ.ო.კ–“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჯ–ი, პ.ჯ–ი, ნ.ჯ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2016 წლის 18 ივლისს, ერთი მხრივ, შპს „მ.ო.კ–“-სა (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) და მეორე მხრივ, ნ.ჯ–სა (შემდგომ - პირველი მოპასუხე, მსესხებელი, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და პ.ჯ–ს (შემდგომ - მეორე მოპასუხე, თავდები, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) შორის, გაფორმდა გრაფიკული სესხისა და თავდებობის №4330817 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პირველი მოპასუხის სახელზე სესხი - 10 000 ლარი, 12 თვის ვადით გაიცა, საშუალო საპროცენტო განკვეთი განისაზღვრა 4.46%-ით.
2. დასახელებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული მოპასუხეებისა და ნ.ჯ–ის (შემდგომ - მესამე მოპასუხე, მესამე მოწინააღმდეგე მხარე) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
სარჩელის საფუძვლები:
.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა პირველი და მეორე მოპასუხისათვის სოლიდარულად 12 650 ლარის (საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 10 000 ლარი, ხოლო პროცენტი - 2650 ლარი) დაკისრება და თანხის ანაზღაურების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (ს/კ .......) სარეალიზაციოდ მიქცევა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე დაყრდნობით.
მოპასუხეთა პოზიცია:
4. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადასცემია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 ივლისის განჩინებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცველად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სასამართლომ განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 623-ე და 624-ე მუხლებზე და მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი მოსარჩელეს (გამსესხებელს) აკისრია.
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება სესხის თანხის მსესხებლისთვის გადაცემის თაობაზე. თანხის გაცემის თაობაზე სალაროს გასავლის ორდერი, რომელზეც მსესხებლის ხელმოწერა ფიქსირდება, აპელანტის განმარტებით დაკარგულია. ასეთ პირობებში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული სადავო ხელშეკრულების მოსარჩელის სახელით ხელმომწერი თანამშრომლის ჩვენება და ვერც სალაროს ამონაწერი, ვერ იქნება მიჩნეული თანხის რეალურად გაცემის ფაქტის დამადასტურებლად. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა მიერ მორიგებაზე მზაობის, თუნდაც რაღაც ეტაპზე გამოვლენილი ნება, მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დასადასტურებლად არ შეიძლება შეფასდეს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა, რომლის თანახმად, გამსესხებელმა მსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაცემის ფაქტი ვერ დაადასტურა და არ არსებობს მოპასუხე მხარისათვის სადავო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11. კასატორის განმარტებით, პირველი მოპასუხისათვის სესხის თანხის გადაცემასთან დაკავშირებით, საკუთარი ახსნა-განმარტების გარდა, არაერთი მტკიცებულება წარადგინა, მათ შორის: 2016 წლის 18 ივლისის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება, იპოთეკის გენერალური ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ამონაწერი სალაროდან, ცნობა დავალიანების შესახებ და 2017 წლის 24 ივლისის მორიგების აქტი.
12. კასატორის განმარტებით, საქმეში წარდგენილია, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი 2017 წლის 24 ივლისის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების შესახებ. ამასთან, პირის ასაკი და ჯანმრთელობის ზოგადი პრობლემები, ნების გამოვლენის დროს შეცდომის ან საპატიოობის საფუძველს არ წარმოადგენს.
13. კასატორი მიუთითებს, რომ გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულების პირველ მუხლში მითითებულია, რომ მოსარჩელე გასცემს, ხოლო კლიენტი იღებს სესხს და ვალდებულებას დააბრუნოს იგი. კასატორის განმარტებით, სიტყვა „გასცემს“ ნიშნავს, რომ სესხი დოკუმენტის ხელმოწერის დროს გაიცა. მნიშნველოვანია, რომ პირველი მოპასუხე სადავო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფაქტს ადასტურებს, ასევე, მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის ფაქტი, ამასთან, მათ მოსარჩელისათვის იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით არ მიუმართავთ.
14. კასატორის განმარტებით, საქმეზე დაკითხულმა თ.ხ–მა მოპასუხეთა მიერ სადავო ხელშეკრულებაზე ხელმოწერისა და პირველი მოპასუხის მიერ 10 000 ლარის მიღების ფაქტი აღწერა. მოწმის ჩვენება იყო დეტალური, თანმიმდევრული და სარწმუნო. გასათვალისწინებელია, რომ მოწმეს ჩვენების მიცემის დროს, მოსარჩელესთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება გამოიკვლია.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (იხ.: სუსგ საქმე №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).
20. მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხეთათვის სოლიდარულად სესხისა და პროცენტის დაკისრება, ასევე, იპოთეკის საგნის რეალიზაცია დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით. ამ მოთხოვნების საფუძველს წარმოადგენს სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 463-ე (თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)) და 301.11 (მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი) მუხლები.
21. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნით, მსესხებელს მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების ფარგლებში თანხა არ გადასცემია, რაც მოპასუხეებისათვის ვალდებულების დაკისრებას გამორიცხავს. აღნიშნულს კასატორი იმ გარემოებაზე მითითებით ხდის სადავოდ, რომ მის მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, საწინააღმდეგო, კერძოდ, მსესხებლისათვის თანხის გადაცემა დგინდება.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა; 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს (იხ.: ზ. ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, თბილისი, 2010 წ, გვ. 345).
23. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (იხ.: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.). სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (იხ.: სუსგ №ას-361-343-2015, 14.12. 2015წ.).
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებაც ფაქტობრივი გარემოებაც. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სესხის წერილობითი ხელშეკრულება დადებულად უნდა მივიჩნიოთ, თუ ამ ხელშეკრულებაში ასახულია მხარეთა შეთანხმება სესხის საგანზე და მსესხებლისათვის მის გადაცემაზე.
25. საგულისხმოა, რომ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი - სესხის თანხის დაფარვით განისაზღვრება (სსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლები).
26. სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ დასკვნა. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლივად, რომლის ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა (იხ.: სუსგ №ას-584-543-2017, 6.06.2017წ.).
27. საკასაციო პალატის მითითებით, მოსარჩელემ სესხის პირველი მოპასუხისათვის გადაცემის დასადასტურებლად მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებულ სესხისა და თავდებობის №4330817 ხელშეკრულებაზე, ასევე, დასახელებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებულ იპოთეკის ხელშეკრულებაზე, მოწმის ჩვენებაზე და მორიგების აქტის პროექტზე, რომელიც საბოლოოდ მხარეთა შორის არ დამტკიცდა.
28. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დასასაბუთებლად წარმოდგენილი მოცემული მტკიცებულებები არ ქმნიან სსკ-ის 624-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რადგან არ დასტურდება მსესხებლისათვის თანხის გადაცემა, რაზეც სააპელაციო სასამართლომ მოტივირებულად მიუთითა, კერძოდ, სადავო სესხის ხელშეკრულება პირდაპირ არ შეიცავს დათქმას თანხის მსესხელისათვის გადაცემის თაობაზე. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, რომელსაც იშველიებს მოსარჩელე აღნიშნული არ არის იმ სახის მტკიცებულება, რომლითაც სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენაა შესაძლებელი. მხარეთა შორის გაფორმებული მორიგების პროექტთან დაკავშირებით კი პალატა განმარტავს, რომ სამართლებრივი დავა, როგორც წესი, ხანგრძლივ და რთულ პროცესს უკავშირდება. მორიგება ის სამართლებრივი მოვლენაა, რომელიც მხარეთა ნების მაქსიმალური გათვალისწინებით და კანონიერი გზით წყვეტს მხარეთა შორის არსებულ უთანხმოებას. საზოგადოებრივი ურთიერთობების სამოქალაქო-სამართლებრივი მოწესრიგების პროცესში მისი მონაწილეების აღჭურვა განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით, განაპირობებს შემდგომში მათ ქცევას არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. საქმის წარმოება და მორიგებით საქმისწარმოების დასრულება, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარის უფლებაა. მოპასუხეთა მხრიდან მორიგებაზე მზაობის თუნდაც რაღაც ეტაპზე გამოვლენილი ნება არ შეიძლება შეფასდეს საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურებად და სესხის თანხის რეალურად გაცემის დამდგენ მტკიცებულებად. ამასთან, როგორც მოპასუხეთა წარმომადგენელმა განმარტა, მსესხებელმა ნ.ჯ–მა, რომელიც სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროს იყო 68 წლის, ამჟამად 71 წლისაა, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები (იხ.: ცნობა; გადატანილი აქვს იშემიური ინსულტი, აქვს ცენტრალური პარეზი, ტ.1, ს.ფ.146, 181), მორიგებაზე საუბრისას ვერ გაარკვია ის იყო მსესხებელი თუ თავდები, რადგან მის შვილს ჰქონდა ბევრი ვალი (იხ.: 02.07.2019წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 16:28:03- 16:30:08). პენსიონერია მისი მეუღლე - მოპასუხე ნ.ჯ–იც (ტ.1, ს.ფ. 182,183,185,186). პ.ჯ–ი არის ნ. და ნ.ჯ–ების შვილი.
29. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ რეალური ხელშეკრულების დადების ფაქტის მტკიცებისათვის საკმარისი იქნებოდა მსესხებლის ამღების ანგარიშზე თანხის განთავსების ფაქტის დადასტურება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება. ამასთან, სადავო არ არის და თავად მოსარჩელის მხრიდან წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის ჩვენების თანახმადაც დადგენილია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მსესხებლისათვის სესხის გაცემა „გასავლის ორდერით“ დასტურდება, რომელზეც მსესხებელი აწერს ხელს, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხოლოდ სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებითა და სალაროს ამონაწერით პირველი მოპასუხისათვის სესხის გადაცემა ვერ დადასტურდება, მით უფრო, მაშინ, როდესაც ხელშეკრულებაში ამ უკანასკნელისათვის თანხის უშუალოდ გადაცემაზე არაფერია მითითებული. ამასთან, წარმოდგენილი სალაროს ამონაწერი, გამსესხებლისვე განმარტებით, მხოლოდ პროგრამულად დაფიქსირებული ინფორმაციის ამობეჭდილი ასლია.
30. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გამსესხებელმა მსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადაცემის ფაქტი ვერ დაადასტურა და არ არსებობს მოპასუხე მხარისათვის სადავო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნას, პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 286-ე მუხლის აღწერილობითი ნაწილიდან გამომდინარე, იპოთეკა აქცესორული უფლებაა და მისი არსებობა, ამავე კოდექსის 153.1 მუხლის თანახმად, მთავარი უფლების - სესხს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ისეთ ვითარებაში კი, როდესაც არ დგინდება სახელშეკრულებო მოთხოვნის ნამდვილობა, არც მისი უზრუნველყოფის საშუალებას გააჩნია იურიდიული საფუძველი.
31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
34. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-303-303-2018, 17.07.2020წ.; №ას-1382-2018, 25.01.2019წ.; №ას-584-584-2018, 28.06.2019წ.).
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 633 ლარის 70% – 464.1 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ.ო.კ“-ს საკასაციო საჩივრი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „მ.ო.კ.“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 633 ლარის (საგადასახადო დავალება №0 / გადახდის თარიღი 20.12.2019), 70% – 464.1 ლარი.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე