Facebook Twitter

საქმე №ას-671-2024 23 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე-ს ს.ფ–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)

მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ს.ს.კ–ია“ (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.ა–ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები - დ.ა–ა, შპს „გ.ე.“, პ.ს–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2012 წლის 2 აგვისტოს ს.ს.გ.დ–სა (ბენეფიციარი) და სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე-ს ს.ფ–ს“ (პრინციპალი, მოპასუხე, პირველი მოპასუხე, პირველი კასატორი ან პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ Nე.ტ. N102-12 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, პრინციპალს კონკრეტული საზღაურის სანაცვლოდ უნდა შეესრულებინა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები;

2. 2013 წლის 10 ოქტომბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, დანართი N4, რომლის საფუძველზეც ხარვეზების აღმოფხვრის სამუშაოების განხორციელებისათვის, გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და პრინციპალს დაევალა გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამუშაოების ღირებულების ტოლფასი - 821 479.73 ლარის ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის წარდგენა.

3. პრინციპალმა ბენეფიციარს წარუდგინა „ა.დ–ის“ (შემდგომში მოსარჩელე, გარანტი ან სადაზღვევო კომპანია) მიერ 2014 წლის 29 მაისს გაცემული საბანკო გარანტია FRI/14-047677.

4. 2014 წლის 29 აგვისტოს შეტყობინებით, ბენეფიციარმა მოითხოვა გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდა, რომლის საფუძვლადაც მიუთითა, რომ პრინციპალმა გამოვლენილი დეფექტები დადგენილ ვადაში ვერ აღმოფხვრა;

5. ს.ს.გ.დ–ის (ბენეფიციარის) მოთხოვნა სადაზღვევო კომპანიამ (გარანტმა) ნებაყოფლობით არ შეასრულა, რის გამოც მხარეთა შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა. ბენეფიციარსა და გარანტს შორის არსებული სამოქალაქო დავა შეეხებოდა 2012 წლის 2 აგვისტოს ხელშეკრულებითა და 2013 წლის 10 ოქტომბრის N4 შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საგარანტიო თანხის მიღებას. სამოქალაქო დავა საბოლოოდ დასრულდა 2017 წლის 6 მარტს - გარანტს დაეკისრა პრინციპალის ვალდებულების დარღვევის გამო ნაკისრი საგარანტიო თანხის, 821 500 ლარის გადახდა.

6. მოსარჩელის მოთხოვნა

6.1. სადაზღვევო კომპანიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში პრინციპალის, შპს „ს.ს.კ–იის“ (შემდგომში მეორე მოპასუხე, სოლიდარული თავდები, მეორე კასატორი ან მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი), დ.ა–ას, შპს „გ.ე–ისა“ და პ.ს–ის (შემდგომში ყველა ერთად ტექსტში მოხსენებული, როგორც მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად დაკისრებოდათ 899 355 (826 000 (I ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა) + 58 355 (აღსრულების ხარჯი) + 15 000 (სააპელაციო და საკასაციო საჩივრის ბაჟი) ლარი, 6 419.28 ლარი და დებიტორული დავალიანება, 63 431.31 ლარი.

6.2. მოსარჩელის განცხადებით, 2014 წლის 29 აგვისტოს შეტყობინებით, ბენეფიციარმა გარანტს (სადაზღვევო კომპანიას) მოსთხოვა გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდა, რომლის საფუძვლადაც მიუთითა, რომ პრინციპალმა ვერ უზრუნველყო გამოვლენილი დეფექტების ვადაში აღმოფხვრა. აღნიშნულთან დაკავშირებით გარანტსა და ბენეფიციარს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა, რომლის დასრულების შემდგომაც, სადაზღვევო კომპანიამ სრულად აანაზღაურა ბენეფიციარის მიერ მოთხოვნილი თანხა, 884 355 ლარი.

6.3. 2014 წლის 17 იანვარს გაიცა NFRI-14-040033 ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია 25 200 ლარზე, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა შპს „ს.კ.უ–ის“ რეგრესული მოთხოვნის უფლება. 2014 წლის 24 ივნისს მოსარჩელეს მიმართა ბენეფიციარმა და მოითხოვა აღნიშნული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ნაწილის - 6 419.28 ლარის ჩარიცხვა, რაც დაკმაყოფილდა. მოპასუხე კომპანიას (პრინციპალს) მოსარჩელის მიმართ გააჩნია 30 საბანკო გარანტიიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანება. პრინციპალმა არ დაფარა (ან ცალკეულ შემთხვევაში, არასრულად დაფარა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრემიო დავალიანება.

6.4. 2013 წლის 30 ოქტომბერს მოსარჩელესა და პრინციპალს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სოლიდარულად შესრულება თავდებობის ხელშეკრულებით იკისრეს მოპასუხეებმა – დ.ა–ამ, შპს „ს.ს.კ–იამ“, შპს „გ.ე–მა“ და პ.ს–მა, რომლებსაც პრინციპალთან ერთად სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოთხოვნილი თანხა.

7.მოპასუხეთა პოზიცია

7.1. პირველმა და მეორე მოპასუხეებმა (სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე-ს ს.ფ–მა“ და შპს „ს.ს.კ–იამ) წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. პირველმა მოპასუხემ ასევე მიუთითა არასათანადო მოპასუხეობაზე.

7.2. დანარჩენ მოპასუხეებს (დ.ა–ას, შპს „გ.ე–ს“ და პ.ს–ს) სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენიათ.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 821 500 ლარისა და 4 280.38 ლარის გადახდა.

9.პირველი და მეორე მოპასუხეების (სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე-ს ს.ფ–ისა“ და შპს „ს.ს.კ–იის) სააპელაციო საჩივრები

9.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხებმა (სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე-ს ს.ფ–მა“ და შპს „ს.ს.კ–იამ), მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, ამ ნაწილში იგი (გადაწყვეტილება) შესულია კანონიერ ძალაში, ხოლო სააპელაციო პალატა შეამოწმებს აპელანტების (პირველი და მეორე მოპასუხეების) პრეტენზიას გარანტის რეგრესული მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის შესახებ.

10.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 879-ე, 885.1-ე, 887.1-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხეთა პრეტენზია წარდგენილი სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ.

10.4. სასამართლო არ დაეთანხმა პირველ მოპასუხეს (პრინციპალს), რომ მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნების წარმოშობა 2014 წლის 29 აგვისტოს შეტყობინებას უკავშირდება. ამავე მხარის მითითებით, როგორც მაქსიმალური პერიოდი 31.12.2014წ. უკვე ცნობილი იყო მოსარჩელისთვის ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. გარანტს ვალდებულება ნებაყოფლობით არ შეუსრულებია, რის გამოც დავა სასამართლოში გაგრძელდა და, საბოლოოდ, დასრულდა 2017 წლის 6 მარტს (საქართველოს უზენაეს სასამართლოში). სააპელაციო პალატის შეფასებით, სწორედ უზენაესი სასამართლოს მიერ განჩინების მიღების დღიდან (მისი კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან) წარმოეშვა გარანტს რეგრესული მოთხოვნის უფლება. ამ უფლების განხორციელების ვადა სრულად დაცული იქნებოდა, თუ სარჩელი 2020 წლის 7 მარტის ჩათვლით წარედგინებოდა სასამართლოს, ხოლო ვინაიდან სარჩელი წარდგენილია 2019 წლის 2 აპრილს, მოსარჩელეს დაცული აქვს კანონით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

10.5. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა სოლიდარული თავდების, მეორე მოპასუხის პრეტენზია სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, მიუთითა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შინაარსზე (სოლიდარული თავდებობის შესახებ ეს ხელშეკრულება მოქმედებს ძირითადი ვალდებულების საფუძველში აღნიშნული იმ საბანკო გარანტიის მოქმედების ამოწურვიდან მომდევნო 6 თვის ჩათვლით, რომლის მოქმედებაც ყველაზე გვიან ამოიწურება) და აღნიშნა, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლით არ შეწყვეტილა შესასრულებელი ვალდებულება, ვინაიდან საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მართლზომიერების დასადგენად მიმდინარეობდა სასამართლო დავა. სწორედ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით განმტკიცდა სოლიდარული თავდების მიმართ სახელშეკრულებო მოთხოვნის უფლებაც, ხოლო ვინაიდან სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 6 მარტს, ხოლო სარჩელი წარდგენილია 2019 წლის 2 აპრილს, ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, მოთხოვნა კვლავ განხორციელებადია.

10.6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის (პრინციპალის) მოსაზრება იმის შესახებ, რომ იგი არ არის იურიდიული პირი და საქმეში არასათანადო მოპასუხეა. სასამართლომ იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, მე-4 მუხლის მე-3, მე-5 ნაწილებით და აღნიშნა, რომ მართალია, იურიდიული პირის ფილიალი დამოუკიდებელ იურიდიულ პირად არ განიხილება, რეგისტრაციასაც არ ექვემდებარება და სამართალსუბიექტად ფილიალის დამაარსებელი ძირითადი საწარმო განიხილება, თუმცა ეს დათქმა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შეეხება, ხოლო უცხოური საწარმოს ფილიალის სამართლებრივ სტატუსს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომელსაც საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის სავალდებულო ყველა წინაპირობა და, რა თქმა უნდა, მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წაეყენება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ უცხოური საწარმოს ფილიალი რეგისტრაციაუნარიანი ფილიალია, რომელიც დამოუკიდებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, ხოლო ვინაიდან პრინციპალი (პირველი მოპასუხე) უცხო ქვეყნის საწარმოს მიერ დაფუძნებული ფილიალია, რომელიც საქართველოში სააქციო საზოგადოების სახითაა რეგისტრირებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში, რომელსაც ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც დამოუკიდებელ სამართალსუბიექტად განიხილება, მის მიმართ მართებულადაა წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა.

11. მოპასუხეების საკასაციო საჩივრები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11.1. პირველი კასატორის (სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე-ს ს.ფ–ის“) საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

11.1.1.პირველი კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 128-ე-130-ე მუხლები და არასწორად არ მიიჩნია ხანდაზმულად წარდგენილი სარჩელი. საქმეზე წარდგენილი დოკუმენტებით (სატენდერო ხელშეკრულების, ფინანსურიი დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების, უპირობო საბანკო გარანტიების მოქმედებისა და ბენეფიციარის მიერ მოსარჩელისთვის წაყენებული გადახდის მოთხოვნების თარიღების მიხედვით) მოსარჩელეს სადავო მოთხოვნაზე უფლება გააჩნდა მაქსიმუმ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შესაბამისად, სასამართლოს ამ თარიღიდან უნდა აეთვალა ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა და წარდგენილი სარჩელი მიეჩნია ხანდაზმულად. სასამართლომ არასწორად დაუკავშირა უზენაესი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეიძლება გავლენას ახდენდეს იმ პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც მითითებული გადაწყვეტილების საპროცესო მხარე არ ყოფილა. საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და ხანდაზმულობის ვადების არსებობა ფაქტობრივად დაკარგავს თავის სამართლებრივ მნიშვნელობას, ვინაიდან საბანკო გარანტიის სამართლებრივ ურთიერთობაში პრინციპალი განუსაზღვრელი ვადით აღმოჩნდება გაურკვეველ მდგომარეობაში, მუდამ მოელოდეს გარანტის მხრიდან მის მიმართ რაიმე მოთხოვნის წაყენებას.

11.1.2.სააპელაციო სასამართლომ სრულიად არასწორი ინტერპრეტირება გაუკეთა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს და არასწორად არ მიიჩნია პირველი მოპასუხე არასათანადო მხარედ საქმეში. მითითებული ნორმის მიხედვით, იურიდიული პირის ფილიალი არ არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი და სარჩელიც ვერ იქნებოდა მის მიმართ წარდგენილი.

11.2. მეორე კასატორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11.2.1.მეორე კასატორის განცხადებით თავდებობის ხელშეკრულება დადებული იყო 2015 წლის 1 ივლისამდე. ამასთან, თავდებობით უზრუნველყოფილი იყო მოვალის (პრინციპალის) შესაძლო რეგრესული ვალდებულება გარანტის მიმართ. ამრიგად, თავდებობა დადებული იყო იმ პირობით, რომ მოვალეს რეგრესული ვალდებულება წარმოეშობოდა არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივლისისა. სხვა დატვირთვა შეთანხმებას თავდებობის მოქმედების ვადის შესახებ არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. დადგენილია, რომ მოვალეს (პრინციპალს) გარანტის მიმართ რეგრესული ვალდებულება წარმოეშვა 2017 წლის 14 მარტს, როცა ამ უკანასკნელმა შეასრულა საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულება. მაშასადამე, მოვალის რეგრესული ვალდებულება, როგორც იურიდიული ფაქტი, თავდებობის ვადაში არ დადგა, არ წარმოიშვა. ასეთ ვითარებაში, სამოქალაქო კოდექსის 93.1-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობა, როგორც გარიგება და, აქედან გამომდინარე, თავდების პირობითი ვალდებულება, 2015 წლის 1 ივლისიდან ძალადაკარგულია. შესაბამისად, 2017 წლის 14 მარტს წარმოშობილი მოვალის (პრინციპალის) რეგრესული ვალდებულება მეორე კასატორის თავდებობით უზრუნველყოფილი არ არის. ამდენად, არ არსებობს აღნიშნულ ვალდებულებაზე მეორე მოპასუხის, როგორც თავდებისთვის, პასუხისმგებლობის დაკისრების კანონიერი საფუძველი.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებებით მოპასუხეების საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადოდ შეაფასა ისინი, ამასთან, კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაშვები და არსებითად დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება), რომლებიც გააქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა თუ მსჯელობას.

17. კასატორების ძირითადი პრეტენზია გარანტის მიერ მათ მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობას შეეხება. პირველი კასატორი (პირველი მოპასუხე) აცხადებს), რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ-წლიანი ვადა სასამართლოს უნდა აეთავალა 2014 წლის 31 აგვისტოდან (გარანტიის ხელშეკრულების მოქმედების დასრულებიდან) ან მაქსიმუმ 2014 წლის 31 დეკემბრიდან (რა ვადამდეც გაგრძელდა ხელშეკრულება), ხოლო მეორე კასატორის (სოლიდარული თავდების) განცხადებით, ვინაიდან სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება მოქმედებდა 2014 წლის 1 ივლისამდე, მოსარჩელეს სწორედ ამ ვადაში უნდა წარედგინა მოთხოვნა მის (სოლიდარული თავდების) მიმართ.

18. კასატორების პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, შეეხება საბანკო გარანტიის, როგორც, დამოუკიდებელი, არააქცესორული ვალდებულების არსს.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება. საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია.

20. საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი” (იხ. სუსგ №ას-562-871-09, 20 ოქტომბერი 2009 წელი).

21. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა. მოთხოვნის წარდგენის ფორმალური წინაპირობების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება „პირველივე მოთხოვნისთანავე გადახდის გარანტიის“ დროს ექცევა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ბენეფიციარს ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებამოსილება გააჩნია, რისი კომპენსირებაც სწორედ ამ ფორმალურ პროცედურაზე აქცენტის გადატანით ხდება.

22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885.1 მუხლის თანახმად, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტს წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს. საბანკო გარანტიის ჯეროვანი მოთხოვნისათვის აუცილებელი წინაპირობაა იმის დადგენაც, რომ, საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენა უფლებამოსილი პირის მიერ ხდება. სწორედ ამას ემსახურება წერილობითი ფორმა. იგი მიზნად ისახავს ბანკის დარწმუნებას, რომ მოთხოვნის წარმდგენი ნამდვილად ბენეფიციარია. ბენეფიციარის მოთხოვნას თან უნდა დაერთოს გარანტიაში მითითებული დოკუმენტები. როგორც წესი, გარანტს ეს დოკუმენტები ორიგინალში უნდა წარედგინოს. ასლების წარდგენა არ არის საკმარისი. გარდა ამისა, მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი და ასევე ის, თუ რაში გამოიხატა ეს დარღვევა. იმის მტკიცება, ნამდვილად წარმოეშვა თუ არა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებიდან მოთხოვნა პრინციპალის მიმართ, ბენეფიციარს არ ეკისრება. როგორც წესი, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრა კონკრეტული თარიღის მითითებით ხდება. ვადის მიზანია ბენეფიციარის მოთხოვნის განხორციელების დროში შეზღუდვა. ბენეფიციარს გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ მაშინ ჩაეთვლება დროულად, თუკი გარანტს მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით გარანტიაში მითითებული ვადის გასვლამდე წარედგინება (სსკ-ის 885.3 მუხლი). ვადის გაშვების რისკი ბენეფიციარს ეკისრება. თუკი მოთხოვნა დროულად იქნა წარდგენილი, მაგრამ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ბენეფიციარი უფლებამოსილია გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე ჯეროვანი წესით ხელახლა წარადგინოს მოთხოვნა და მოითხოვოს დაკმაყოფილება. ბენეფიციარის მოთხოვნა არ გულისხმობს იმას, რომ გარანტმა ყველა შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა. ბენეფიციარის მოთხოვნის მიღებისთანავე, გარანტი ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პრინციპალს და გადასცეს მას მოთხოვნის ასლი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტითურთ. დაუყოვნებელ შეტყობინებაში იგულისხმება შეტყობინება „ბრალეული გაჭიანურების გარეშე“ და იგი, როგორც წესი, მომდევნო საბანკო სამუშაო დღეა. ამ რეგულირებას ის გარემოება უდევს საფუძვლად, რომ საბანკო გარანტია სხვისი, კერძოდ, პრინციპალის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით გაიცემა. გარანტი პრინციპალის ვალდებულებას ასრულებს ბენეფიციარის მიმართ და შემდეგ ამ უკანსკნელის მიმართ რეგრესული წესით ითხოვს იმ თანხის გადახდას, რომელიც მან გადაუხადა ბენეფიციარს (იხ. სუსგ საქმე №ას-1164-2023, 04 დეკემბერი 2023 წელი).

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887.1 მუხლის თანხმად, გარანტი უფლებამოსილია (და ვალდებულიც) შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკ-ის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სსკ-ის 885-ე მუხლი ავსებს სსკ-ის 887.I მუხლის დანაწესს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის შესახებ“ (იხ. სუსგ №ას-781-996-08, 17 მარტი, 2009 წელი). თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი გარანტს წარედგინა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტს უფლება არა აქვს სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტმა უარის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს. გარანტის უარი არ ნიშნავს, რომ გარანტის ვალდებულება წყდება. ბენეფიციარს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს საბანკო გრანტიის მოქმედების დარჩენილი დროის განმავლობაში ხელმეორედ წარადგინოს მოთხოვნა გარანტის მიმართ და მოსთხოვოს მას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება (იხ. სუსგ №ას-1164-2023, 04 დეკემბერი 2023 წელი).

24. თუკი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისთვის ცნობილი გახდა, რომ პრინციპალმა განახორციელა ბენეფიციარის დაკმაყოფილება, ე.ი. ძირითადი ვალდებულება შესრულდა, შეწყდა რაიმე სხვა საფუძვლით, ან ბათილია სსკ-ის 887.2 მუხლის შესაბამისად, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. მხოლოდ ამგვარი შეტყობინება არ წარმოადგენს ვალდებულებისგან გარანტის გათავისუფლების საფუძველს. თუ ბენეფიციარის მოთხოვნა განმეორდა, მაშინ საბანკო გარანტიის არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, გარანტი ვალდებულია დააკმაყოფილოს ბენეფიციარის მოთხოვნა. გარანტის შეტყობინება უზრუნველყოფს იმას რომ, გარანტი არ ჩაითვლება ვადის გადამცილებლად ბენეფიციარის წინაშე, ვიდრე იგი ბენეფიციარისგან არ მიიღებს ხელმეორე მოთხოვნას და მისი განხილვის გონივრული ვადა არ ამოიწურება. გარანტს რეგრესული ანაზღაურების უფლება არ წარმოეშობა მაშინ, თუკი საბანკო გარანტიიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურება გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ განახორციელა (იხ. სუსგ №ას-1164-2023, 04 დეკემბერი 2023 წელი).

25. ზემოაღნიშნული განმარტებების მხედველობაში მიღებით და იმ უდავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გარანტს ვალდებულება ნებაყოფლობით არ შეუსრულებია (რაც საბოლოოდ სასამართლო დავაში გადაიზარდა), სწორედ მხარეთა შორის დავის დასრულებასა და სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას (გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 6 მარტს) უკავშირდება გარანტის რეგრესული მოთხოვნის უფლება, ხოლო ვინაიდან დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი გარანტს პრინციპალის მიმართ წარდგენილი აქვს 2019 წლის 2 აპრილს (სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 წლის გასვლამდე) , მართებულად არ იქნა იგი მიჩნეული ხანდაზმულად (სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, ხოლო 129.1-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მითხოვნების ხანდაზმულობის ვადა 3 წელია).

26. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს პირველი კასატორის პრეტენზიას არასათანადო მოპასუხეობის შესახებ და თვლის, რომ აღნიშნული საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებით (უცხოური საწარმოს ფილიალის სამართლებრივ სტატუსს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს, რომელსაც საქართველოში იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის სავალდებულო ყველა წინაპირობა და, რა თქმა უნდა, მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წაეყენება) და მართებულად დაასკვნა, რომ უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება - ფილიალი, რეგიტრაციაუნარიანი ფილიალია, რომელიც დამოუკიდებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს (იხ. სუსგ N ას-981-945-2016, 23.12.2016წ.). პირველ კასატორს კი არ წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც მითითებული დასკვნების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

27. უსაფუძვლოა, ასევე, სოლიდარული თავდების (მეორე კასატორის) საკასაციო პრეტენზია მოსარჩელის მხრიდან მის მიმართ წარდგენილი სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან თავდებობის ხელშეკრულება ემსახურება ძირითადი ვალდებულების არსებობას და ძირითადი ვალდებულების სადავოობამდე მისი შესრულების უფლება არ არსებობს. ხოლო, ვინაიდან საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მართზომიერების დასადგენად მიმდინარეობდა დავა სასამართლოში, სწორედ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განჩინებით განმტკიცდა სახელშეკრულებო მოთხოვნის უფლება სოლიდარული თავდების მიმართ.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიების წარდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

29. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა მატერიალური და საპროცესოსამართლებრივი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

30. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 8000-8000 ლარის გადახდა კასატორებს გადაუვადდა, ხოლო მათი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაეკისროთ საკასაციო საჩივრებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 30% - თითოეულს, 2400 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე-ს ს.ფ–ის“, ასევე შპს „ს.ს.კ–იის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „ე.მ. ა.ტ.ე.ვ.ე-ს ს.ფ–ს“ (ს/კ ........) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით გადავადებული 8000 ლარის 30%-ის - 2400 ლარის გადახდა;

3. შპს „ს.ს.კ–იას“ (ს/კ203865549) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით გადავადებული 8000 ლარის 30%-ის - 2400 ლარის გადახდა;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი