Facebook Twitter

საქმე №ას-1578-2024 23 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - თ.უ–ი (აპელანტი, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.რ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მესამე პირი - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება; შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ.უ–სა (შემდგომში - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, კასატორი, „აპელანტი“, „მამა“) და მ.რ–ს (შემდგომში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, „დედა“) ჰყავთ შვილი - 2023 წლის 12 აპრილს დაბადებული თ.უ–ი (შემდგომში - „ბავშვი“). ბავშვი დაბადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

2. საქართველოში დაბრუნების შემდეგ - 2023 წლის 21 მაისიდან 2023 წლის 17 აგვისტომდე მხარეები, ძირითადად, ცხოვრობდნენ ქ. ქუთაისში, ნაქირავებ სახლში, ხოლო თბილისში ყოფნისას პერიოდულად იმყოფებოდნენ აპელანტის სახლში (თბილისი, სოფელი დიღომი, ........... ქუჩა 27), ან შ–ძის ქუჩაზე - დედის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზე.

3. მხარეებს 2023 წლის 17 აგვისტოს მოუვიდათ კონფლიქტი, რის შემდეგაც მათი თანაცხოვრება შეწყდა. ამის შემდეგ, დედა ბავშვთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა გადავიდა პაპის, უ.მ–ის (შემდგომში - „პაპა“) სახლში.

4. ამჟამად, დედა და ბავშვი ცხოვრობენ მისამართზე ქ. თბილისი, ......., ბავშვის ბებიასთან - 1969 წლის 22 დეკემბერს დაბადებულ ხ.მ–თან (შემდგომში - „ბებია“) და პაპასთან ერთად.

5. აპელანტი ცხოვრობს დედასთან და დასთან ერთად კუთვნილ სახლში მისამართზე თბილისი, ..........., სადაც მოწესრიგებულია საცხოვრებელი პირობები და სრულად შეესაბამება ბავშვის საჭიროებებს.

6. დედა 2020 წლის 13 ივლისიდან 2022 წლის 16 მაისამდე დასაქმებული იყო შპს „ა–ში“ (ბრენდირებული, როგორც A.com). მის მიერ მიღებული შემოსავალი 12.2019 წლიდან 05.2022 წლამდე შეადგენდა 132085.48 ლარს. ამჟამად, იგი დასაქმებულია სს „ს.ტ–ში“ HR და ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე, ჰიბრიდული სამუშაო განრიგით და აქვს შემოსავალი სტაბილური ოდენობით. ასევე მეგობართან ერთად ამუშავებს საოჯახო სასტუმროს ქ–ში.

7. 2023 წლის 17 აგვისტოდან 2024 წლამდე მამას ბავშვთან ურთიერთობა არ ჰქონია. მათი ურთიერთობა აღდგა 2024 წლის 20 თებერვლის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულებების საფუძველზე.

8. სახლში, სადაც დედა და ბავშვი ცხოვრობენ დაცულია ბავშვის უსაფრთხოება, მოწესრიგებულია და დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ბავშვს აქვს საკუთარი საწოლი, სათამაშოები.

9. დედას აქვს ქრონიკული დაავადება - წყლულოვანი კოლიტი, თუმცა იგი რეგულარული მკურნალობის ფონზე არ საჭიროებს რაიმე სახის განსაკუთრებული რეჟიმის დაცვას.

10. 2023 წლის 30 ოქტომბრის ცნობის თანახმად, მამას, კლინიკური გამოკვლევის შედეგად, ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა. იგი არ იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე. ამავე პერიოდში ჩატარებული გამოკვლევებით არ დადგინდა მის მიერ ალკოჰოლის მოხმარების ფაქტი. მის სახელზე არ ირიცხება სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის იარაღი.

11. მამას არ აღენიშნება ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკის დროებითი აშლილობა, ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება. მას შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება, გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა.

12. პაპა დაბადებულია 1938 წლის 8 აგვისტოს, ე.ი. 86 წლისაა. იგი აზროვნებს და მეტყველებს გამართულად, შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და არ საჭიროებს მოვლას.

13. ბებიას 2017-2018 წელს ჩატარებული აქვს ანევრიზმის ოპერაცია, იგი სარგებლობს სმენის აპარატით. მას აქვს ნათელი აზროვნება, გამართული მეტყველება და გადაადგილდება თავისუფლად.

14. დედის სახლში ბავშვის აღზრდისათვის შესაბამისი გარემოა და სრულად არის დაცული მისი ინტერესები. დედისა და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა მათ, ბავშვზე სათანადო მზრუნველობის განხორციელებაში, ხელს არ უშლის.

15. არ დასტურდება, რომ დედის, ბებიის ან პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობამ ბავშვს საფრთხე შეუქმნა. პირიქით, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს 2023 წლის 30 ნოემბრის დასკვნაში აღნიშნულია რომ: „ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია, არ აღენიშნება რაიმე სახის გონებრივი/ფიზიკური შეფერხება, მცირეწლოვანს არ ესაჭიროება განსაკუთრებული სამედიცინო ჩარევა ან კვება. ჩატარებული აქვს ასაკობრივი კალენდრით გათვალისწინებული აცრები. ბავშვის განვითარება შეესაბამება მის ასაკს (მაგ.: სიმაღლე, წონა). მცირეწლოვანს ასაკიდან გამომდინარე არ აქვს თვითმოვლის უნარები. სოციალურ მუშაკთან შეხვედრისას იყო მოწესრიგებულ მდგომარეობაში. დაკვირვების შედეგად ბავშვს არ აღენიშნება რაიმე სახის რთული ქცევა. თ. ხშირად უღიმოდა როგორც დედას, ისე ბებიას (დედის დედა), რაც მიუთითებს მათ შორის დადებით ემოციურ კავშირზე. მიღებული ინფორმაციით, თ.ს გონებრივი კოგნიტური განვითარება შეესაბამება მის ასაკს, თამაშობს დედის მიერ შეთავაზებულ აქტივობებზე, გამოხატავს ემოციებს. თ.უ–ი ამჟამად ცხოვრობს დედასთან, ბებიასთან (დედის დედა) და ბაბუასთან (დედის ბაბუა) ერთად სახლში, რომელიც ოჯახის საკუთრებაა. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ მას ჯანსაღი ურთიერთობა აქვს ოჯახის წევრებთან, რომლებიც თ. ეპყრობიან სითბოთი და სიყვარულით. სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული ვიზიტისას ნათლად გამოჩნდა დადებითი ემოციური კავშირი ბავშვსა და დედას შორის. თ. ხშირად უღიმოდა და ეთამაშებოდა მ–ს. მამასთან ემოციური კავშირის შეფასება ვერ მოხერხდა, რადგან ბავშვი რამდენიმე თვეა დედასთან ცხოვრობს...; ...დედა-შვილს შორის არსებული დამოკიდებულებიდან, ასევე გარემო პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა ითქვას, რომ დაცულია ბავშვის უსაფრთხოება როგორც ოჯახის წევრების მხრიდან, ისე საცხოვრებელ გარემოში (მოწესრიგებულია, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, თ. აქვს საკუთარი საწოლი, სათამაშოები და ა.შ.)“.

16. 2023 წლის 7 თებერვლისა და იმავე წლის 20 ოქტომბრის ცნობებით „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ დადგენილია, რომ დედას წყლულოვანი კოლიტის დიაგნოზი 2020 წლის მარტში დაუდგინდა. 2020 წლის აპრილში მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია და მიღწეულ იქნა სრული კლინიკური რემისია. ამის შემდეგ, მას დაავადება პერიოდულად უმწვავდებოდა, თუმცა მედიკამენტოზური მკურნალობით მდგომარეობა უმჯობესდებოდა და ჰოსპიტალიზაცია აღარ დასჭირვებია. მეტიც, 2022 წელს კლინიკური გამწვავება არ ჰქონია. ექიმს მისთვის მკურნალობა არ დაუნიშნავს არც 2023 წლის 7 თებერვალს და მხოლოდ სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციებით გინეკოლოგისა და გასტროენტეროლოგის მეთვალყურეობის საჭიროებით შემოიფარგლა. 2023 წლის 20 ოქტომბერს კი იგი სრულ რემისიაში იყო, შეეძლო ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა და არ საჭიროებდა განსაკუთრებული რეჟიმის დაცვას. იგივე დადგინდა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი 2021 წლის 14 მაისისა და 2022 წლის 26 იანვრის ცნობებითაც.

17. 2023 წლის 19 ოქტომბრის ცნობით „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ დადგინდა, რომ ბებია და დაავადებული იყო მაანკილოზებელი სპონდილიტით. ექიმთან ვიზიტის დროს იგი მკურნალობდა დანიშნულებით და ჰქონდა კარგი თერაპიული ეფექტი. ორგანოების მხრიდან მწვავე პათოლოგია კლინიკურად არ აღენიშნებოდა, ჰქონდა ნათელი აზროვნება, გამართული მეტყველება და გადაადგილდებოდა თავისუფლად.

18. 2023 წლის 19 ოქტომბრის „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ ცნობით დგინდება, რომ პაპა დაავადებული იყო არტერიული ჰიპერტენზიით, შაქრიანი დიაბეტითა და ჰიპერპლაზიით, თუმცა ექიმთან ვიზიტის დროს ჩივილები არ ჰქონდა, ობიექტური გასინჯვით, კლინიკურად მწვავე დაავადება არ აღენიშნებოდა, აზროვნებდა და მეტყველებდა გამართულად, შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება და არ საჭიროებდა მოვლას.

19. 2023 წლის 17 აგვისტოდან 2024 წლამდე მამას ბავშვთან ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქმეში არის მართლწესრიგის ოფიცრის მიერ 2023 წლის 3 ნოემბერს შედგენილი N001493 „შემაკავებელი ორდერის ოქმი“, რომელშიც აღნიშნულია: „თ.უ–მა 2023 წლის 17 აგვისტოს მ.რ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა კერძოდ აგინებდა დედის მისამართით, ეუბნებოდა დამამცირებელ სიტყვებს რომ მასზე გული ერეოდა და იყო უმადური. ასევე თ.უ–ი მ.რ–ს აგდებდა სასტუმროს ნომრიდან და არ აძლევდა ბავშვის გაყვანის საშუალებას რითაც მ.რ–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ სტრესს და ძალადობას“.

20. შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ იგი გამოცემულია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების მიმდინარეობის პროცესში, ე.ი. მასში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ეს დასტურდება ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2023 წლის 21 ნოემბრის მიმართვითაც.

21. „შემაკავებელი ორდერით“ აპელანტს მოწინააღმდეგე მხარესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია აეკრძალა.

22. აპელანტმა ზემოხსენებული „შემაკავებელი ორდერი“ გაასაჩივრა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

23. ურთიერთობის წყვეტის გამო, მამა-შვილი ერთმანეთისაგან გაუცხოვდნენ მათი ურთიერთობის აღდგენას სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი განკარგულებები დასჭირდა.

24. ეს დასტურდება თავად მოსარჩელის შუამდგომლობებითაც. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დროებითი განკარგულების შეცვლის თაობაზე „განცხადება/შუამდგომლობაში“ აღნიშნულია: „გასულმა 5 კვირიანმა პერიოდმა, შესაძლებელი გახადა თ. მარტივად აღედგინა ურთიერთობა საკუთარ მამასთან... მასსა და მამას შორის ურთიერთობის 6 თვიანი იძულებითი წყვეტის შემდეგ, უმტკივნეულოდ მოხდა მამის მის ცხოვრებაში დაბრუნება“;

25. სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 18 ოქტომბერს წარდგენილ შუამდგომლობაში კი მითითებულია: „გასულმა 2 თვეზე მეტმა პერიოდმა, შესაძლებელი გახადა თ. მარტივად აღედგინა ურთიერთობა საკუთარ მამასთან“.

26. სოციალური მუშაკის დაკვირვებით, მ.რ–ი არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრობს ბაბუის - უ.მ–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაში, სადაც საცხოვრებელი გარემო მოწესრიგებულია, სანიტარული და ჰიგიენური ნორმები შესაბამისობაშია ბავშვის ინტერესებთან, არასრულწლოვანს აქვს ასაკის შესაბამისი სათამაშოები, საწოლი და პირადი ნივთები. იგი უზრუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლით. ბავშვი დაცულია ძალადობისა და უგულებელყოფისაგან.

27. დასკვნაში დადებითად შეფასდა ამჟამინდელი საცხოვრებელი პირობები და მისი შესაბამისობა არასრულწლოვანის ინტერესებთან. ბავშვი პოზიტიურად არის განწყობილი დედის და მისი ოჯახის წევრების მიმართ, კერძოდ, ბებიის - ხ.მ–ის მიმართ. მ.რ–ი დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი ყოველთვიურად. დადგენილია, რომ ხ.მ–იც ასევე დასაქმებულია დისტანციურ რეჟიმში და გარდა იმისა, რომ აქვს შემოსავალი გარკვეული ოდენობით, ბავშვზე დღის განმავლობაში ძირითადად სწორედ იგი ზრუნავს.

28. სოციალურმა მუშაკმა დადებითად შეაფასა თ.უ–ის საკუთრებაში არსებული სახლი და იქ არსებული გარემო, სოციალურ მუშაკს არ უნახავს თ.უ–ი და მისი ოჯახის წევრები თ–თან ერთად. მიუხედავად თავად თ.უ–ის შუამდგომლობისა აღნიშნულთან დაკავშირებით, არც სასამართლოს და არც სააგენტოს აღნიშნულთან დაკავშირებით ინტერესი არ გამოუთქვამთ.

29. სასარჩელო მოთხოვნა:

29.1. არასრულწლოვანი თ.უ–ის (დაბ. 2023 წლის 12 აპრილს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის თ.უ–ის საცხოვრებელი ადგილი (საცხოვრებელი სახლის მისამართი: თბილისი,........... №27, ს/კ.........).

29.2. მოსარჩელე თ.უ–სა და მოპასუხე მ.რ–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2023 წლის 12 აპრილს შეეძინათ ერთი შვილი - თ.უ–ი. არასრულწლოვანი დაბადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქვს ამერიკის მოქალაქეობა. ბავშვის დაბადებიდან მალევე მხარეები დაბრუნდნენ საქართველოში და მას შემდეგ იმყოფებიან აქ. თანაცხოვრების პერიოდში, მეუღლეები ცხოვრობდნენ თ.უ–ის კუთვნილ სახლში, მდებარე ქ. თბილისი, ........... №27, სოფელი ..... 2023 წლის 17 აგვისტოს, მოპასუხემ, საკუთარი სურვილით, ერთპიროვნულად და ყოველგვარი მიზეზის გარეშე, გადაწყვიტა შეეწყვიტა თ.უ–თან თანაცხოვრება და მათ საერთო შვილთან ერთად გადავიდა ბაბუის, უ.მ–ის, სახლში საცხოვრებლად. თ.უ–ი, მშობლების დაშორების შემდეგ, ცხოვრობს ქ. თბილისში, ......., მოპასუხის ბაბუის კუთვნილ 51 კვ.მ. ფართის მქონე ბინაში დედასთან, ბებიასთან (დედის დედა) და დიდ ბაბუასთან (ბებიის მამა) ერთად, რომელსაც ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ესაჭიროება მუდმივი ყურადღება მისი შვილისაგან, ხ.მ–ისაგან, რომელსაც თავის მხრივ ასევე არასახარბიელო ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს. კერძოდ, ხ.მ–ს აქვს სმენასთან დაკავშირებული პრობლემები, ამასთან, მას უჭირს გამართულად მეტყველება და სავარაუდოდ, ვერც ბავშვის სათანადო მოვლას შეძლებს, წელის ტკივილისა და ჯანმრთელობის რთული მდგომარეობიდან გამომდინარე.

29.3. თ.უ–ი, ბავშვის დაბადების მომენტიდან სრულყოფილად იყო ჩართულ შვილის აღზრდა-განვითარების პროცესში, ბავშვი დაბადებიდან იმყოფება ხელოვნურ კვებაზე, მას შეუძლია სრულფასოვანი მეთვალყურეობა/ზრუნვა გაუწიოს შვილს. ბავშვზე ასევე მუდმივად ზრუნავდა მოსარჩელის დედა - ნ.ჯ–ია, რომელიც მოსარჩელესთან ერთად იქნება შვილიშვილის აღზრდა განვითარებაში ჩართული. თ.უ–ი, 2023 წლის 17 აგვისტოს შემდეგ, დედის, მ.რ–ის გადაწყვეტილებით, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მამას არ უნახავს. საცხოვრებელი პირობები, რომელშიც თ.უ–ი 2023 წლის 17 აგვისტოდან იმყოფება, არ პასუხობს ბავშვის უსაფრთხო, მშვიდ გარემოში აღზრდისათვის დაწესებულ მინიმალურ სტანდარტებსაც კი. ამასთან, მ.რ–ს დიაგნოზირებული აქვს ქრონიკული ავტოიმუნური დაავადება, წყლულოვანი კოლიტი (Ulcerative Colitis). ეს არის ნაწლავის ანთებითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს პერიოდული გამწვავებები (fare-up). უამრავ სხვა სიმპტომთან ერთად დაავადების სიმპტომებია უეცარი სისუსტე, ძვლების გაუსაძლისი ტკივილი, ხასიათის კარდინალური ცვლილება, დიარეა, ცხელება და მწვავე გასტროენტეროლოგიური გამოვლინებები. აღნიშნულის საპირწონედ კი, თ.უ–ს გააჩნია კეთილმოწყობილი სახლი, სადაც განთავსებულია ბავშვის საძინებელი და სათამაშო ოთახები. ასევე, ბავშვისათვის საჭირო ყველა ნივთი.

30. მოპასუხის შესაგებელი:

30.1. წარმოდგენილი შესაგებლით, მ.რ–ი არ დაეთანხმა თ.უ–ის სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ მასთან არასრულწლოვანს შექმნილი აქვს აღზრდისათვის შესაბამისი და სათანადო გარემო. თ. მ.რ–ის საცხოვრებელ მისამართზე მშობლების დაშორებამდეც ხშირად იმყოფებოდა ბებიასთან ერთად და შესაბამისად, მისთვის ეს გარემო კომფორტული და ნაცნობია. ბავშვის საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს და აკმაყოფილებს ბავშვის აღზრდა-განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნებს. მოპასუხის განმარტებით, ბავშვს მამის საცხოვრებელში გატარებული აქვს მაქსიმუმ 7-8 ღამე. ოჯახი ძირითადად ცხოვრობდა ქუთაისში, ნაქირავებ სახლში, ხოლო თბილისში ყოფნის დროს ძირითადად რჩებოდნენ ბავშვის ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლში, ........ ქუჩაზე, ან ამავე მისამართზე ბავშვს იტოვებდა და უვლიდა მოპასუხის დედა, ხ.მ–ი.

30.2. მ.რ–ის მითითებით, მოსარჩელე განზრახ წარმოაჩენს ნეგატიურად ბავშვის ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოს. გარდა ამისა, ბავშვი მშობლების დაშორებამდეც უმეტესად დროს სწორედ ამ სახლში ატარებდა. ასევე, მოსარჩელე მხარე უთითებს მარიამის ბაბუის - უ.მ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც ასევე სრული სიცრუეა. უ.მ–ი ქმედუნარიანია, არ საჭიროებს არავის მოვლასა და ზედამხედველობას, იგი საზოგადოების აქტიური წევრია, ჩართულია ოჯახური მეურნეობის გაძღოლაში, ბავშვის აღზრდაში და ოჯახის არცერთი წევრისგან არ საჭიროებს ყურადღებას. იგი ხშირად მოგზაურობს და აწარმოებს სხვადასხვა პროცესებს საჯარო უწყებებში. რაც შეეხება მარიამის დედის, ხ.მ–ის, ჯანმრთელობას, მოსარჩელე განგებ წარმოაჩენს მძაფრად მის ჯანმრთელობას. კერძოდ, ხ.მ–ს ნამდვილად სჭირდება სმენის აპარატი, თუმცა, აღნიშნული ხელს არ უშლის მას იყოს საზოგადოების აქტიური და სრულყოფილი წევრი. იგი დასაქმებულია დისტანციურ რეჟიმში. რაც შეეხება ოპერაციას, ხ.მ–ს 2017-2018 წელს ჩაუტარდა ანევრიზმის ოპერაცია, თუმცა აღნიშნულს მისთვის ხელი არ შეუშლია არც მაშინ და არც ახლა რაიმე მოქმედებაში, მათ შორის, არც მცირეწლოვან შვილიშვილზე ზრუნვაში.

30.3. მეორეს მხრივ, მ.რ–ი ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელის ბავშვთან ურთიერთობის, მასზე ზრუნვის გამოცდილებასა და თ.უ–ის ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებაზე. მისი თქმით, მოსარჩელეს დამოუკიდებლად არასდროს უზრუნია შვილზე, ის მხოლოდ იშვიათად იტოვებდა ბავშვს რამდენიმე საათით და ბავშვის აღზრდა ძირითადად მ.რ–ს ჰქონდა აღებული თავის თავზე. მოპასუხე მიუთითებს თ.უ–ის აგრესიულ ხასიათზე, მის ალკოჰოლისადმი და ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებაზე და განმარტავს, რომ მოსარჩელესთან ბავშვი არ იქნება დაცული სათანადოდ, ვერ იქნება უზრუნველყოფილი მისი უსაფრთხოება და აღზრდისათვის შესაფერისი გარემო. ამასთან, ბავშვის სათანადო აღზრდას ვერ უზრუნველყოფს ვერც მოსარჩელის დედა - ნ.ჯ–ია, ვინაიდან მას არ აქვს ბავშვთან ყოფნის სათანადო გამოცდილება და უნარები, რასაც თავად თ–ც ხშირად აღნიშნავდა თანაცხოვრების პერიოდში.

30.4. რაც შეეხება მ.რ–ის ჯანმრთელობის პრობლემებს, მისი დაავადება არის კონტროლის ქვეშ. დიაგნოზის დასმის შემდეგ, აგრძელებს მკურნალობას და რაიმე გართულება ან ქმედუნარიანობაზე გავლენა მას არ ჰქონია. შესაბამისად, მისი დაავადება ხელს არ უშლის შვილზე ზრუნვაში.

31. შეგებებული სარჩელი

31.1. არასრულწლოვანი თ.უ–ის (დაბ. 2023 წლის 12 აპრილს) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის მ.რ–ის საცხოვრებელი ადგილი. მ.რ–სა და თ.უ–ს ჰყავთ ერთი საერთო შვილი 2023 წლის 12 აპრილს დაბადებული თ.უ–ი. ბავშვი დაბადებიდანვე იმყოფება დედის მეთვალყურეობისა და ზრუნვის ქვეშ. დროის უმეტეს ნაწილს, თ.უ–ი ატარებდა სამსახურში და მ. ფაქტობრივად მარტო იმყოფებოდა ჩვილთან. თ.უ–ი დაბადებიდან იმყოფებოდა შერეულ კვებაზე, თუმცა, მიუხედავად მ–ს მცდელობისა ხელი შეეწყო ბავშვის ბუნებრივ კვებაზე დარჩენისთვის, მოგვიანებით მაინც მოუწია ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა. შვილის დაბადებიდან ამ დრომდე, მოპასუხეს დამოუკიდებლად, მარიამის გარეშე ბავშვი არ დაუტოვებია არასდროს, შესაბამისად, არ აქვს ის გამოცდილება და უნარები, რაც მცირეწლოვანი ბავშვის მოვლას და მის სათანადო აღზრდა-განვითარებას გულისხმობს. მ.რ–ი და თ.უ–ი საქართველოში დაბრუნდნენ მხოლოდ 2023 წლის 21 მაისს და 17 აგვისტომდე ოჯახი ძირითადად ცხოვრობდა ქუთაისში, ნაქირავებ სახლში, ხოლო, თბილისში ყოფნის დროს ძირითადად რჩებოდნენ ბავშვის ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლში, შ–ძის ქუჩაზე. ამავე მისამართზე ბავშვს იტოვებდა და უვლიდა მ–ს დედა - ხ.მ–ი.

31.2. მხარეების დაშორების მიზეზი გახდა მ.რ–ზე არაერთგზის განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა და თ.უ–ის აგრესიული ხასიათი, მისი ალკოჰოლზე და სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე დამოკიდებულება. გადამწყვეტი კი სწორედ 2023 წლის 17 აგვისტოს მომხდარი ინციდენტია, რა დროსაც მხარეებს შორის უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა და მ.რ–მა საბოლოოდ გადაწყვიტა დაესრულებინა მასთან ოჯახური თანაცხოვრება. ამის შემდეგ, მ.რ–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ..... ქუჩაზე. აღსანიშნავია, რომ თ.უ–ის მიერ გაჟღერებული ფაქტები მკვეთრად განსხვავდება რეალობისგან. კერძოდ, ბავშის საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს და სრულად აკმაყოფილებს ბავშვის აღზრდა-განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნებს. საცხოვრებელი ბინის ფართი რეალურად არის 102.25 კვ.მ. და არა საჯარო რეესტრში ფიქსირებული 51 კვ.მ., რაც ცნობილია თ–საც. ამასთან, ბავშვი მშობლების დაშორებამდეც დიდ დროს ატარებდა აღნიშნულ საცხოვრებელ მისამართზე. ბავშვს შექმნილი აქვს კომფორტული და უსაფრთხო გარემო.

31.3. ერთის მხრივ თ.უ–ის მცირე ასაკისა და მისი დედისადმი მიჯაჭვულობის, ფსიქო-ემოციური კავშირის, მისი მხრიდან მზრუნველობაზე შეჩვევის, ხოლო მეორეს მხრივ თ.უ–ის ცხოვრების წესის, მისი ხასიათის და მის მიერ ბავშვის თანდასწრებით გამოვლენილი აგრესიის გათვალისწინებით, ბავშვის ასაკისა და განვითარების ამ ეტაპზე, მის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის, მ.რ–ის საცხოვრებელი ადგილი.

32. შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე

32.1. თ.უ–ი არ დაეთანხმა შეგებებულ სარჩელს და მიუთითა, მ.რ–ი ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ თ.უ–ი შვილს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, თ.უ–ი ყოველთვის გამოდიოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან და საჭიროებებიდან და მისი ქცევა ყოველთვის შეესაბამებოდა აღნიშნულს. უფრო მეტიც, თ.უ–ი ზრუნავდა არა მხოლოდ საკუთარ შვილზე, არამედ მისი შვილის დედაზეც და რადგან იცოდა, რომ მ.რ–ს ღამის თევა არ შეეძლო მისი ქრონიკული დაავადების გამო, რომელსაც პერიოდულად ახასიათებს გამწვავება. თითქმის ყოველ ღამე მამა უვლიდა თ., გაჰყავდა მათი საძინებელი ოთახიდან, რათა მოსარჩელისათვის მშვიდად ძილის საშუალება მიეცა.

32.2. რაც შეეხება თ–ს მიმართ გაჟღერებულ ფაქტებს ძალადობასა და აგრესიულ ქმედებებზე, აღნიშნული გარემოება არის ცილისწამება და სიცრუე, ეს არის მოსარჩელის მცდელობა, რომ მოპასუხის მიმართ ნაგატიური განწყობა ჩამოუყალიბოს სასამართლოს. თუმცა, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი ბრალდება მტკიცებულებით გამყარებული არ არის. მოსარჩელე, როგორც ჩანს, 2023 წლის 17 აგვისტოს ინციდენტამდეც გეგმავდა მეუღლესთან დაშორებას და წინასწარ განზრახვით მოქმედებდა.

33. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

33.1. საოჯახო დავებთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლო დავალების საფუძველზე მომზადებული სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დასკვნის მიხედვით, თ.უ–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აღენიშნება რაიმე სახის გონებრივი/ფიზიკური შეფერხება, მცირეწლოვანს არ ესაჭიროება განსაკუთრებული სამედიცინო ჩარევა ან კვება. ჩატარებული აქვს ასაკობრივი კალენდრით გათვალისწინებული აცრები. ბავშვის განვითარება შეესაბამება მის ასაკს. მცირეწლოვანს ასაკიდან გამომდინარე არ აქვს თვითმოვლის უნარები, სოციალურ მუშაკთან შეხვედრისას იყო მოწესრიგებულ მდგომარეობაში. დაკვირვების შედეგად ბავშვს არ აღენიშნება რაიმე სახის რთული ქცევა. თ. ხშირად უღიმოდა, როგორც დედას, ისე ბებიას (დედის დედა), რაც მიუთითებს მათ შორის დადებით ემოციურ კავშირზე.

33.2. თ.უ–ი ამჟამად ცხოვრობს დედასთან, ბებიასთან (დედის დედა) და ბაბუასთან (დედის ბაბუა) ერთად სახლში, რომელიც ოჯახის საკუთრებაა. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ მას ჯანსაღი ურთიერთობა აქვს ოჯახის წევრებთან, რომლებიც თ–ს ეპყრობიან სითბოთი და სიყვარულით.

33.3. ბავშვზე ყოველდღიურად ზრუნავენ დედა და ბებია, ხოლო მამას რამდენიმე თვეა შვილი არ უნახავს, რაშიც მისი თქმით, ხელისშემშლელი ფაქტორი მ–ის დამოკიდებულებაა. თ–ს გადმოცემით, თანაცხოვრების პერიოდში თვითონ სრულად იყო ბავშვის აღზრდაში ჩართული, უცვლიდა საფენებს, აჭმევდა, ასეირნება, აძინებდა და ა.შ. მ.რ–ის თქმით კი, ბავშვის დაბადებიდან ამ დრომდე მხოლოდ თავად არის ჩართული შვილის საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

33.4. სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული ვიზიტისას ნათლად გამოჩნდა დადებითი ემოციური კავშირი ბავშვსა და დედას შორის. თ. ხშირად უღიმოდა და ეთამაშებოდა მ–ს მამასთან ემოციური კავშირის შეფასება ვერ მოხერხდა, რადგან ბავშვი რამდენიმე თვეა დედასთან ცხოვრობს.

33.5. დედა-შვილს შორის არსებული დამოკიდებულებიდან, ასევე გარემო პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა ითქვას, რომ დაცულია ბავშვის უსაფრთხოება, როგორც ოჯახის წევრების მხრიდან, ისე საცხოვრებელ გარემოში (მოწესრიგებულია, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, თ. აქვს საკუთარი საწოლი, სათამაშოები და ა.შ.) თ–ს ასაკიდან გამომდინარე, როგორც დედა, ისე მამა, არ საუბრობს რაიმე სახის შეზღუდვებზე, რასაც ბავშვს უწესებენ/დაუწესებენ. დედა იზიარებს ბავშვის საჭიროებებს და ცდიღობს ხელი შეუწყოს მის განვითარებას. იგი სრულად არის ჩართული თ–ს აღზრდის პროცესში.

33.6. ამ ეტაპზე თ.უ–ი ცხოვრობს დედასთან და დასთან ერთად, სახლში სადაც 7 თვემდე გაიზარდა ბავშვი (მისი გადმოცემით), დაკვირვების შედეგად შესაძლოა ითქვას, რომ ოჯახის წევრებს პოზიტიური ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ბავშვის დედა ცხოვრობს მცირეწლოვანთან, დედასთან და ბაბუასთან ერთად, სადაც ასევე არ შეინიშნება რაიმე სახის უარყოფითი დამოკიდებულება ოჯახის წევრებს შორის.

33.7. მ.რ–ის გადმოცემით, თ.უ–ი ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს, რა დროსაც მას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა ბავშვის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია მისი შვილთან ერთად სახლიდან წასვლა. მ. ასევე აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთი ფაქტის გამო, მან მიმართა პოლიციას და ამ ეტაპზე თ–ს გამოწერილი აქვს შემაკავებელი ორდერი მ–ის მიმართ.

33.8. მიღებული ინფორმაციით, ოჯახებს თანაცხოვრების პერიოდშიც და ახლაც ძლიერი თანადგომის ქსელი ჰყავთ. დავის ორივე მხარის საცხოვრებელი გარემო იყო მოწესრიგებულ მდგომარეობაში, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და უსაფრთხოა ბავშვისათვის. თ.უ–ი ფლობს კერძო კომპანიას, რომელიც იურიდიულ დახმარებას უწევს ძალადობა განცდილ ქალებს, ხოლო მ. არის სასტუმროს თანამესაკუთრე.

33.9. თ.უ–ისაგან მიღებული ინფორმაციით, ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე, ოჯახი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, ვინაიდან მ–ს აღმოაჩნდა ქრონიკული დაავადება - წყლულოვანი კოლიტი, რომელსაც მათი აზრით ამერიკაში უკეთესად, თანამედროვე მეთოდებითა და მედიკამენტებით მკურნალობენ. თ.უ–ი დაიბადა ამერიკაში 2023 წლის 12 აპრილს. ბავშვის დაბადებიდან დაახლოებით ორ თვეში ოჯახი საქართველოში დაბრუნდა, რის შემდეგაც თანაცხოვრება განაგრძეს თ–ს ამჟამინდელ საცხოვრებელში, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი მცირეწლოვანის აღზრდა- განვითარებისთვის. თავად მ–ს გადმოცემით კი, ამერიკაში გამგზავრების მიზეზი მხოლოდ თ–ეს სურვილი იყო, რათა ბავშვს ჰქონოდა ამერიკაში ბინადრობის უფლება. სხვა მიზეზი ქვეყნიდან გამგზავრებას არ ჰქონია. ბავშვის დედა ადასტურებს, რომ აქვს ქრონიკული დაავადება, თუმცა მასზე საქართველოში მკურნალობს. მ. რეგულარულად იღებს მედიკამენტებს, რომლებსაც მისივე თქმით, დადებითი შედეგი აქვს.

33.10. თ.უ–ის გადმოცემით, რამდენიმე თვეა შვილი არ უნახავს, შვილთან კომუნიკაციის საშუალებას კი, მისი ყოფილი მეუღლე არ აძლევს. ამის მიზეზად მ–მმა დაასახელა თ–ეს ხშირი არაფხიზელი (ალკოჰოლის მოხმარებისას) მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება რაიმე სახის საფრთხე მოყვეს. ვინაიდან ხშირი იყო ცოლ-ქმარს შორის სიტყვიერი კონფლიქტი. მ–ის ინფორმაციით, მას აქვს თ–ეს მიმართ შიში და ბავშვის მასთან მარტო დატოვებას არ განიხილავს.

33.11. აღსანიშნავია, რომ სოციალურ მუშაკთან საუბრის შემდეგ, მ–მმა აღნიშნა, რომ გაიაზრა მამის როლი და მნიშვნელობა თ–ს ცხოვრებაში და თანხმობა გამოთქვა მესამე პირის თანდასწრებით მამა-შვილის შეხვედრაზე. რაც შეეხება ბავშვის მამის სახლში წაყვანას და ღამით დარჩენას, მ. წინააღმდეგია, ვინაიდან არ მიიჩნევს, რომ ბავშვი მამასთან და მის ოჯახთან თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

33.12. მოსარჩელე მხარეს (თ. უ–ი) აღნიშნული დავის ფარგლებში მოთხოვნილი აქვს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მასთან განსაზღვრა, რის მიზეზადაც დედის მხრიდან თ–სათვის შესაძლო არასათანადო მზრუნველობას ასახელებს. ვინაიდან მ–ს აქვს ქრონიკული დაავადება, თ–ს თქმით, ავად ყოფნის პერიოდში მცირეწლოვანის დედას არ აქვს გადაადგილების და ბავშვის მოვლის უნარები, რასაც თავად მ. არ ადასტურებს. მისი ინფორმაციით, მ–ს არასოდეს ჰქონია მსგავსი შემთხვევა, იგი რეგულარულად იღებს მედიკამენტებს, რომელსაც დადებითი შედეგი აქვს.

33.13. ამასთან, თ–ეს გადმოცემით, ბავშვის აღზრდა-განვითარებაში პრიორიტეტულად მნიშვნელოვანია კეთილმოწყობილი/კომფორტული გარემო (რაც მამის საცხოვრებელში გამოკვეთილია და მან სოციალურ მუშაკთან საუბრისას რამდენჯერმე გაუსვა ხაზი), თუმცა, აღსანიშნავია თ–ს ასაკი, რომლისთვისაც ამ ეტაპზე უპირველესად მნიშვნელოვანია გარემო იყოს უსაფრთხო და კეთილმოწყობილი, აღნიშნულ პირობას კი ორივე მხარე აკმაყოფილებს. რაც შეეხება მ–ის დაავადებას, თუ კი მას დასჭირდება განსაკუთრებული მოვლა და ვერ შეძლებს იმ პერიოდში შვილისათვის ზრუნვის განხორციელებას, მასთან ერთად ცხოვრობს დედა, რომელსაც მისივე ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობა აძლევს იმის საშუალებას, რომ იზრუნოს თ–ზე.

33.14. აღსანიშნავია, რომ დედა გამოთქვამს მზაობას ბავშვს ჰქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა მამასთან და თანახმაა, საწყის ეტაპზე, მესამე პირის თანდასწრებით შედგეს მათი შეხვედრები.

33.15. დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული ვიზიტისას ბავშვი იყო მოწესრიგებულ მდგომარეობაში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს ერთიანი პოზიცია/გადაწყვეტილება მიმდინარე დავასთან დაკავშირებით არის შემდეგი: ვინაიდან არასრულწლოვანის ჯანსაღი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს ურთიერთობა ორივე მშობელთან, მიზანშეწონილია მამასა და შვილს შორის ურთიერთობის აღდგენა დაიწყოს მათი დღის მანძილზე გარკვეული პერიოდით შეხვედრით, სამომავლოდ კი, ბავშვის ასაკის მატებასთან და მშობლებს შორის ნდობის აღდგენასთან ერთად, გადაწყდეს მისი საცხოვრებლის და ურთიერთობის წესის განსაზღვრის საკითხი.

34. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით თ.უ–ის სარჩელი მ.რ–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის მამასთან განსაზღვრის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. მ.რ–ის შეგებებული სარჩელი თ.უ–ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის დედასთან განსაზღვრის თაობაზე, დაკმაყოფილდა. არასრულწლოვანი თ.უ–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, მ.რ–ის საცხოვრებელი ადგილი.

35. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

36. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

37. კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

37.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

37.2. სასამართლომ დეტალურად არ შეისწავლა საქმე და მასში არსებული ფაქტობრივი გარემოებები არასწორად გამოიკვლია. კასატორის მითითებით, საქმეზე სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას სააპელაციო პალატამ ზეპირსიტყვიერად მიუთითა, რომ „უნდა ვაღიარო, რომ პირველი ინსტანციის ბევრ შეფასებას არ ვეთანხმები და არასწორად მიმაჩნია, თუმცა გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დავტოვო“. აღნიშნული პოზიცია კასატორების მტკიცებით სრულად დაუსაბუთებელია, რაც ასევე არაა განმარტებული მოტივირებულ განჩინებაშიც. პირიქით, განჩინებაში გაზიარებულია ყველა ის ფაქტი და სამართლებრივი არგუმენტი, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რაც კიდევ უფრო მეტად გაუგებარს ხდის განჩინების დასაბუთებას.

37.3. მამისა და შვილის ურთიერთობაზე სააპელაციო პალატამ საკუთარ პოზიცია ერთი წლის წინანდელ 2023 წლის 30 ნოემბრის დასკვნას დააფუძნა, რის შემდგომაც მამა-შვილს შორის ურთიერთობა ცალსახად შეცვლილია დადებითად, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ არ განავითარა მსჯელობა. სააპელაციო საჩივარიც სწორედ ზემოაღნიშნული დასკვნის კრიტიკას შეეხებოდა, რომ დასკვნა არ შეესაბამებოდა რეალობას, რადგან მზრუნველობის ორგანოს არ უნახავს მამა-შვილის ურთიერთობა, იმ სახლში, რომელშიც მოსარჩელე ითხოვდა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრას.

37.4. ასევე, ყურადსაღებია ის პოტენციური საფრთხე, რაც ბავშვს შესაძლოა თან ახლდეს თუ კი ის მოპასუხესთან დარჩება. კერძოდ, დედამისი ღამით ვერ მიაქცევს ყურადღებას სამსახურის გრაფიკის გამო, ასევე, ნ.მ–ს სმენის პრობლემა აქვს. შესაბამისად, სასამართლომ ვერ შეაფასა ბავშვზე სრულყოფილი ზრუნვა იმ პირობებში, როდესაც დედა სრულ განაკვეთზეა დასაქმებული, აქვს ბიზნესი, რომლის გამოც ხშირად ჩადის ქუთაისში. ასევე, არანაირი მოწესრიგებითაა რეგულირებული ასეთი მცირეწლოვანი ბავშვის ბაღში მიყვანის კრიტერიუმები, მაშინ, როდესაც მოპასუხემ წლისა და შვიდი თვის ბავშვი დატოვა იქ. აღნიშნული გარემოებები ესადაგება შესაბამისი ნორმის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებს, რადგან გადაწყვეტილებამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობას.

37.5. მოპასუხის საცხოვრებელში ბავშვს არ აქვს ხელშემწყობი გარემოს შექმნის შესაძლებლობა, განვითარება და ფორმირება. რაც შეუძლებელია მოპასუხესთან, რადგან ბავშვს სჭირდება მუდმივი ყურადღება, ზრუნავდნენ მისი დღის სწორ რუტინაზე. შესაბამისად, აღნიშნულის არდაკმაყოფილება იქნება ბავშვის ჰარმონიული განვითარების შეუძლებლობა.

37.6. ბავშვის მოპასუხესთან დატოვების შემთხვევაში, ასევეა მაღალი ალბათობა იმისა, რომ ორივე მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შენარჩუნებისა და აღდგენის შესაძლებლობა აღარ იარსებებს. სასამართლომ ასევე არ იმსჯელა ფაქტზე, რომლის თანახმად, მოპასუხემ გარდა იმისა, რომ 2023 წლის აგვისტოს შემდეგ განზრახ და აქტიურად უშლია ხელს მამისა და შვილის ურთიერთობას, ასევე მიზანმიმართულად ცდილობს 2023 წლის აგვისტომდე პერიოდში თ.უ–ის ჩართულობის დაკნინებას შვილის აღზრდაში. ასევე აფერხებს მამა-შვილის ბუნებრივი ურთიერთობის აღდგენასა და განვითარებას. აკნინებს ყველა დახმარებას, რაც მოსარჩელისგან მიუღია ბავშვს და ცდილობს მარტოხელა დედის სახის შექმნას.

37.7. რაც შეეხება უვნებელი გარემოს შექმნას, ამაში არ იგულისხმება მხოლოდ პირდაპირი მომდინარე საფრთხეების აღკვეთის შესაძლებლობა. არამედ იგულისხმება მათ შორის არაგანზრახი, უნებლიე საფრთხისაგან დაცვაც, მით უმეტეს როდესაც ბავშვმა დაიწყო გადაადგილება. ბაბუის, დედის და ბებიის ფიზიკური თუ სხვა სახის მდგომარეობა კი არ იძლევა იმის მყარ გარანტიას, რომ ბავშვის უვნებელ გარემოში კეთილდღეობით გაზრდის ვალდებულება ჯეროვნად უზრუნველყონ.

37.8. თავის მხრივ, სოც. მუშაკი ვალდებული იყო ყოველმხრივ გამოეკვლია ფაქტობრივი გარემოებები ბავშვის მიმართ და დაედგინა მამა-შვილის ურთიერთობა რამდენად იძლეოდა გარანტიებს. ასეთი სახის ვალდებულება კი არ იყო შესრულებული. აღნიშნული საკითხის დაუდგენლობა კი ვერ იქნება ინფორმირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. როგორც აღინიშნა, მოპასუხის მხარეს არსებულ ოჯახის წევრებს არ აქვთ ფიზიკური შესაძლებლობა არჩინონ ბავშვი და შეუქმნან მას სათანადო დაცული და უზრუნველყოფილი პირობები, განსხვავებით მოსარჩელის ოჯახისგან, სადაც ცალსახაა, რომ მოსარჩელეს, მამას აქვს თავისუფალი განრიგი როგორც ბებია ნ.ჯ–იას. ოჯახში არის უსაფრთხო გარემო, და ცხადია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი მოსარჩელესთან უკეთ იქნება დაცული, ვიდრე მოპასუხესთან.

38. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

39. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

40. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

41. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულ მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

42. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

43. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ).

44. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. პალატა განმარტავს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობასაც მოიაზრებს და ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 1202-ე მუხლზე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები). ნორმა მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, უკრძალავს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეზღუდვას. უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვასა და პატივისცემას, არამედ ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულებას ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, არამედ მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირს, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადასწონის მშობლის ინტერესს.

45. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება მოიცავს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის №12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი). ამავდროულად, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით, დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. სიმწიფის განსაზღვრა ძნელია; ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე–12–ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და ასევე ნიშნავს, რომ დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან: ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები.

46. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომელიც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა სარჩელის დაუკმაყოფილებლობის გამო.

47. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებებსა და დასკვნებს სადავო საკითხთან მიმართებით და საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს როგორც ერთი მხრივ, დედის დამოკიდებულებაზე მამასა და შვილს შორის, ასევე, მეორე მხრივ, ბავშვის საცხოვრისის უკეთეს შესაძლებლობაზე.

48. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცული იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შეუნარჩუნდეს მისი ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში (შეად. სუსგ-ებს: N ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; N ას-1837-2019, 16.06.2020წ ; N ას- 440-2020, 13.04.2021წ; N ას-434-2021, 30.07.2021წ.).

49. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად (იხ. წინამდებარე განჩინების აღწერილობითი ნაწილი) დადასტურებულია, რომ დედის, ბებიისა და ბაბუის/პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია იმისთვის, რომ არასრულწლოვანმა შეძლოს სრულფასოვან, ზრუნველყოფილ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და განვითარება. მოპასუხის ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ იქნება სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ უარყოფილ იქნეს ბავშვისთვის შესაბამისი გარემოს შექმნის შესაძლებლობა.

50. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს კასატორის პრეტენზიას, რომ არ ჰქონდა შესაძლებლობა ენახა ბავშვი. ამ კუთხით, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლო მსჯელობას, რომლის თანახმად, 2023 წლის 17 აგვისტოდან 2024 წლამდე მამას ბავშვთან ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქმეში არის მართლწესრიგის ოფიცრის მიერ 2023 წლის 3 ნოემბერს შედგენილი N001493 „შემაკავებელი ორდერის ოქმი“, რომელშიც აღნიშნულია: „თ.უ–მა 2023 წლის 17 აგვისტოს მ.რ–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა კერძოდ აგინებდა დედის მისამართით, ეუბნებოდა დამამცირებელ სიტყვებს რომ მასზე გული ერეოდა და იყო უმადური. ასევე თ.უ–ი მ.რ–ს აგდებდა სასტუმროს ნომრიდან და არ აძლევდა ბავშვის გაყვანის საშუალებას რითაც მ.რ–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ სტრესს და ძალადობას“. შემაკავებელ ორდერში მითითებულია, რომ იგი გამოცემულია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების მიმდინარეობის პროცესში, ე.ი. მასში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ეს დასტურდება ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის 2023 წლის 21 ნოემბრის მიმართვითაც. „შემაკავებელი ორდერით“ აპელანტს მოწინააღმდეგე მხარესთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია აეკრძალა. მოსარჩელემ „შემაკავებელი ორდერი“ გაასაჩივრა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

51. შესაბამისად, ცალსახაა, რომ მხარეებს ერთმანეთთან ურთიერთობა ვერ ექნებოდათ, მეტიც თავად აპელანტის თქმით, 2023 წლის 17 აგვისტოს შემდეგ მას: „არ უცდია არც მისი (მოწინააღმდეგე მხარის) ნახვა და არც სხვაგვარი კომუნიკაცია“, ამის გარეშე კი იგი ბავშვს, ცხადია, ვერ მოინახულებდა.

52. ყურადსაღებია ისიც, რომ 2 თვეზე მეტი პერიოდით მამა-შვილის ურთიერთობის წყვეტის შემთხვევისაც ბავშვს გაუჭირდა ურთიერთობის აღდგენა. კერძოდ, თავად კასატორი მიუთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში, რომ „გასულმა 5 კვირიანმა პერიოდმა, შესაძლებელი გახადა თ. მარტივად აღედგინა ურთიერთობა საკუთარ მამასთან... მასსა და მამას შორის ურთიერთობის 6 თვიანი იძულებითი წყვეტის შემდეგ, უმტკივნეულოდ მოხდა მამის მის ცხოვრებაში დაბრუნება“; ასევე, სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 18 ოქტომბერს წარდგენილ შუამდგომლობაში მითითებულია: „გასულმა 2 თვეზე მეტმა პერიოდმა, შესაძლებელი გახადა თ. მარტივად აღედგინა ურთიერთობა საკუთარ მამასთან“. აღნიშნული გარემოებებითაც კი დასტურდება, რომ ისეთ პირობებში, როდესაც ბავშვს რეალურად აქვს დასახელებული პრობლემა, მას ნამდვილად გაუჭირდება ახალ გარემოში მამასთან ერთად თანაცხოვრება, მით უმეტეს იმ პირობებში, რომ არ დასტურდება დედასთან და მის ოჯახთან ცხოვრებისას რამე სახის სირთულე, ასეთ გარემოდან მოწყვეტა კი ცალსახად გამოიწვევს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაზიანებას, რის გამოც, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა ბავშვის ინტერესებთან შეუთავსებლად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

53. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ დედის ოჯახში ბავშვის დატოვების დამატებითი არგუმენტი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და ბავშვის ადვოკატის პოზიციებია, რომლებიც მიზანშეწონილად მიიჩნევენ ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მოპასუხის ადგილის განსაზღვრას, შესაბამისად, საქმეში წარდგენილი აღნიშნული გარემოებები ნამდვილად ქმნის ლეგალურ საფუძველს იმისთვის, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესად სასამართლომ მოპასუხის, ანუ დედის საცხოვრებელში ცხოვრება მიიჩნიოს.

54. რაც შეეხება კასატორის მითითებას, თითქოს სასამართლომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კონკრეტულ ნაწილებს, თუმცა ეს არ აისახა მოტივირებულ განჩინებაში, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ასეთი სახის ფაქტობრივი გარემოებები არ დასტურდება, თუმცა თუნდაც დადასტურდეს, თავად უზენაესი სასამართლო და საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლება წარმოადგენს ქვედა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინების რევიზიის საშუალებას, რაც მოცემულ შემთხვევაში, თუნდაც იზოლირებულად, განჩინების შეფასების ნაწილშიც კი ვერ ტოვებს რამე სახის ისეთ არგუმენტს, რომელიც საკმარისი იქნებოდა საჩივრის დასაშვებობისა და საქმეზე არსებითი მსჯელობისთვის.

55. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.უ–ის საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. თ.უ–ს (პ.ნ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ც–ის (პ.ნ. .......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადახდო დავალება N: 5301, გადახდის თარიღი: 02.11.2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი