Facebook Twitter

საქმე №ას-713-2024 23 ივნისი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.ბ–ძე (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, ქმედების განხორციელების დავალება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ბ–ძის (შემდეგში: მოპასუხე) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან (მდებარე ქ. თბილისი, ......., სხვენი №12 „ა’’, ფართი: 69.15 კვ.მ. ს/კ ......) წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანდა ამავე მისამართზე მდებარე მოსარჩელე გ.ბ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე ქ. თბილისი, ........., ფართი 134.49 კვ.მ. ს/კ .........). სარჩელზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 თებერვლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში კედლებისა და ჭერის დაზიანების მიზეზი არის აღნიშნული ბინის ზედა სართულზე არსებული ფართობიდან წყლის ჩადინება.

2. მოპასუხის ქონებიდან მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში წყლის ჩადინების ფაქტი დაადასტურეს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა, ასევე თავად მოპასუხე მხარემაც, თუმცა მოპასუხემ სადავოდ გახადა, როგორც ზიანის ოდენობა, ასევე ე.წ. კონდესატის წარმოქმნაში მისი ბრალეულობის საკითხი.

3. შპს „შ.ნ.დ.ც–ის“ დასკვნაში აღნიშნულია, რომ კედლების ნაწილი და ჭერი სველდება კონდესატის გამო, კერძოდ, ჰაერში არსებული ნესტი დაბალ ტემპერატურაზე გარდაიმნება წყლად. ჭერი იმდენად თხელია, რომ ვერ აკავებს გარეთ არსებულ სიცივეს. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ შენობის მე-4 სართულზე ადრე იყო გადახურვა ხის კოჭებით, დაყრილი იყო შლაკი (პემზა) იყო მოწყობილი სამერცხლულები და გადახურული იყო თუნუქის ბურულით. ეს ყველაფერი უზრუნველყოფდა საუკეთესო თბოიზოლაციას. ამჟამად ეს ყველაფერი მოშლილია და ბინის თავზე მოწყობილია ღია ტერასა (აივანი) ადრე არსებული რკინაბეტონის მონოლითური ფილის გამოყენებით. აივნის ქვეშ არის საცხოვრებელი ფართი, რომლის ჭერიც იკეთებს კონდესატს - სველდება.

4. კონდესატის წარმოქმნა, ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად, გამოწვეულია თბოიზოლაციის დარღვევით, რაც ადრე არსებული გადახურვის მოშლამ და ღია ტერასის (აივანი) მოწყობამ განაპირობა.

5. მოსარჩელის ბინაში წყალი ჩავიდა რამდენჯერმე, მათ შორის ასეთი ფაქტი 2018 წლის აპრილშიც დაფიქსირდა, ხოლო მოპასუხის მიერ მითითებული ექსპერტიზის დასკვნა, შედგენილია 2017 წლის თებერვალში.

6. შპს „მ-ე–ის“ მიერ 2020 წლის 16 ოქტომბერს მომზადებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა შეადგენს 5 586.46 ლარს.

7. ჭერი იმდენად თხელია, რომ ვერ აკავებს გარეთ არსებულ სიცივეს. მაქსიმუმ 20 სმ-იანი რკინაბეტონის ფილის სისქე თავისი ე.წ. ჰიდროიზოლაციით, მოჭიმული იატაკით და დაგებული ფილით, ვერ უზრუნველყოფს საცხოვრებელ ფართში კონდესატის, სისველის თავიდან აცილებას. კონდესატის წარმოქმნა ამ შემთხვევაში გამოწვეულია თბოიზოლაციის არარსებობით არსებულ რკინაბეტონის ფილაზე.

8. ტერასის გადახურვის პროექტის ტექნოლოგიური პროცესისათვის საჭირო ტიპიური დეტალებია: კერამიკული ფილა 20 მმ, წებოცემენტის ხსნარი 10 მმ, ჰიდროიზოლაციის ორი შრე, ქვიშა-ცემენტის მოჭიმვა 70 მმ, EPS-ის პენოპლასტის თბოიზოლაცია 30 მმ, არმირებული ბეტონის ფილა 200 მმ. (არსებული კვანძი წარმოადგენს ღია სატერასე სივრცისა და შიდა სივრცეს შორის არსებული მოპირკეთებული ფილის დეტალს. ფილის ამგვარი მოწყობა საჭიროა, რათა არ მოხდეს შიდა სივრცეში რაიმე სახის წყალდენა ან კონდესატის დაგროვება. არსებულ კვანძში ასახული სტანდარტი წარმოადგენს იმ მინიმალურ მოწყობის ტექნოლოგიას, რომლიც მის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს გადახურვის მოწყობის პროცესის ერთ-ერთ ვარიანტს. მისი განუხორციელებლობის შემთხვევაში (თბოიზოლაციის უქონლობა), ზამთარში სითბოს, ზაფხულში სიგრილის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, ხოლო საცხოვრებელ ფართში კონდესატის წარმოქმნა გარდაუვალი).

9. მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის აივნის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ არსებულ ფილაზე მასალების მონტაჟის შემთხვევაში საფარის სისქე იქნება - 140 მმ. სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო გახდება მოაჯირების დროებითი დემონტაჟი და მონტაჟი, ასევე მეტალოპლასტმასის არსებული კარებების გამოცვლა. კარებები დამონტაჟებულია პირდაპირ ფილაზე და მათ ჩარჩოებზე დატანილი საწვეთურების აივნის იატაკის დონიდან 20-22 მმ სიმაღლეზეა განთავსებული. ვინაიდან საწვეთურის არსებობა გარე მხარეზე არის აუცილებელი და მეტალოპლასტმასის კარების სიმაღლე უნდა შემცირდეს 140მმ-ით, კარების ჩარჩოები, მექანიზმები და მინები იქნება შესაცვლელი, რაც მისი სრული შეცვლის ტოლფასია.

10. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

10.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 5 586.46 ლარის ანაზღაურება;

10.2. მ.ბ–ძეს დაევალოს მის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ბინა №12 „ა’’, საკადასტრო კოდი: ........., ტერასაზე არსებულ არმირებული ბეტონის 200 მილიმეტრის სისქის ფილაზე დაგებული კერამიკული (მეტლახის) ფილების, წებოცემენტის ხსნარის, ჰიდროიზოლაციის ფენის, მოჭიმული ქვიშა-ცემენტის შრის დემონტაჟი.

10.3. მოპასუხე მ.ბ–ძეს ასევე დაევალოს ამავე ტერასაზე არსებულ არმირებულ ბეტონის 200 მილიმეტრის სისქის ფილაზე სამშენებლო სამუშაოს ჩატარება შემდეგი თანმიმდევრობით: 1. დაიგოს EPS-ის პენოპლასტის თბოიზოლაციის 30 მილიმეტრის სისქის შრე; 2. მოიჭიმოს და დაიგოს 70 მილიმეტრის სისქის ქვიშა-ცემენტის შრე; 3. დაიგოს ჰიდროიზოლაციის 10 მილიმეტრის სისქის ორი შრე; 4. დაიგოს წებოცემენტის 10 მილიმეტრის სისქის ხსნარისაგან შემდგარი შრე; 5. დაიგოს 20 მილიმეტრის სისქის კერამიკული (მეტლახის) ფილები;

10.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოძრავი ნივთების ღირებულების - 4 039.4 ლარის ანაზღაურება.

10.5. თბილისში, ......., საკადასტრო კოდი ......... მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ირიცხება მის სახელზე; 1.1.2. თბილისში, .........., საკადასტრო კოდი .......... მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხის სახელზე; 1.1.3. მოპასუხის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს მიის საცხოვრებელი სახლის ზემოთ; 1.1.4. მოპასუხის უძრავი ქონებიდან ჩამოსულმა წყალმა დააზიანა მისი საცხოვრებელი სახლი, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 2 027.70 ლარი; 1.1.5. მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში წარმოიქმნება კონდესატი. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ შეაკეთებს თავის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება კვლავ გაგრძელდება. კერძოდ, მან უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედება: ტერასაზე არსებულ არმირებული ბეტონის 200 მილიმეტრის სისქის ფილაზე დაგებული კერამიკული (მეტლახის) ფილების, წებოცემენტის ხსნარის, ჰიდროიზოლაციის ფენის, მოჭიმული ქვიშა-ცემენტის შრის დემონტაჟი. ასევე, ამავე ტერასაზე არსებულ არმირებულ ბეტონის 200 მილიმეტრის სისქის ფილაზე უნდა ჩაატაროს სამშენებლო სამუშო შემდეგი თანმიმდევრობით: 1. დაიგოს EPS-ის პენოპლასტის თბოიზოლაციის 30 მილიმეტრის სისქის შრე; 2. მოიჭიმოს და დაიგოს 70 მილიმეტრის სისქის ქვიშა- ცემენტის შრე; 3. დაიგოს ჰიდროიზოლაციის 10 მილიმეტრის სისქის ორი შრე; 4. დაიგოს წებოცემენტის 10 მილიმეტრის სისქის ხსნარისაგან შემდგარი შრე; 5. დაიგოს 20 მილიმეტრის სისქის კერამიკული (მეტლახის) ფილები; აღნიშნული ქმედების განხორციელების გარეშე, მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ ფართში ვერ მოხდება თბოიზოლაციის შენარჩუნება, ვერ იქნება დაცული მოპასუხის ფართიდან წყლის ჩამოშვებისაგან და კონდესატის წარმოქმნისაგან; 1.1.6. ინსპექტირების ანგარიშის შესაბამისად, მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაში ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შეადგენს 2 825.57 ლარს; 1.1.7. 2017 წლის 10 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ შედგა რეაგირების ოქმი მოსარჩელის საკუთრებაში რიცხულ ბინაში მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან წყლის ჩამოშვების ფაქტის დაფიქსირების თაობაზე. წყლის ჩამოსვლის ფაქტი ასევე დაფიქსირებულია 2018 წლის 14 აპრილის საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილ რეაგირების ოქმში; 1.1.8. შპს „მ-ე–ის’’ 2020 წლის 16 ოქტომბრის №FT-602/10/20-I602 ინსპექტირების ანგარიშის შესაბამისად, ქ. თბილისში ..............., ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვამ საბოლოოდ შეადგინა 5 586.46 ლარის, ნორმატიული დანარიცხებისა და დღგ-ს გაუთვალისწინებელი ხარჯის ჩათვლით. აღნიშნული თანხა მოიცავს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი ზიანის ოდენობას 2 027.70 ლარს. აღნიშნული ხარჯი არის წყლის ჩამოსვლის შედეგად დაზიანებული კერამიკული ფილების, დაზიანებული პარკეტის და დაზიანებული აივნის საწვიმრის მოთუთოებული თუნუქით აღდგენა/დამონტაჟების საფასური.

11. მოპასუხის შესაგებელი

11.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

11.2. მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში წყლის ჩადინება მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან არ მომხდარა. ეს სახლი შეიძინა 2015 წლის 05 ნოემბერს. ფართის შეძენამდე, სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა თორნიკე ჯარიაშვილი.

11.3. დაშენებამდე მოსარჩელის ბინა განთავსებული იყო სახლის ბოლო სართულზე, რაც არ გამორიცხავს, რომ საცხოვრებელი სახლის დაზიანება მომხდარიყო სახურავიდან ჩადინებული წყლით. მოპასუხის მიერ ბინის შეძენისას დაშენება მთლიანად დასრულებული იყო და აივნის ფილა (რომელიც მე-4 სართულის სახურავია), დასხმული იყო, თბოიზოლაციის ფენის ჩათვლით. სამუშაოები შესრულებული იყო დაბალი ხარისხით, რის გამოც საჭირო გახდა სახურავის ფენილის გამოცვლა 70 მ2 ფართზე, ახალი სანიაღვრე დამწრეტი მილის (ჟოლობის) მოწყობა სახურავიდან ნულოვან ნიშნულამდე და სადარბაზოში სავენტილაციო შახტის მოწყობა, რადგან დაშენების შედეგად მე-5 სართულის სივრცეს არ გააჩნდა ღიობი, რაც ქმნიდა მხუთავი აირების დაგროვების საშიშროებას. აღნიშნული ხარჯები მან გაიღო.

11.4. წყალსადინრების და აივნის დამატებითი ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების ჩატარების შემდგომ მე-4 სართულის დასავლეთის კედელი განაგრძობდა დანესტიანებას. სადარბაზოს მხრიდან კედლის ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ფილის დასხმის შემდეგ, ბეტონის ფორმის ფანერის ნაწილი ქვევიდან არ იყო მოცილებული და იწვევდა კედლის დანესტიანებას. არსებული ფანერა იქნა მოცილებული და მოეწყო 30 სმ სიგანის თუნუქის დამცავი წყალამრიდი. ამ სამუშაოების შესრულების დაფინანსებაც მთლიანად მოხდა მის მიერ; 2.1.4. კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნით არ დადგენილა წყლის ჩადინების კონკრეტული მიზეზი და ჩადინების ზუსტი თარიღი ან პერიოდი. თავად მოსარჩელის განმარტებით, წყლის ჩადინება ხდებოდა ზედა სართულზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოების პერიოდში და მას შემდეგ, რაც დასრულდა ზედა სართულზე სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, წყლის ჩადინება აღარ ხდება. მან საკუთარი ხარჯებით მთლიანად შეცვალა გადახურვა, გამოცვალა სახურავიდან შენობის ძირამდე ე.წ. „ჟოლოფი’’, გაილესა გვერდითი კედელი და ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ თავიდან არიდებულიყო წყლის ჩადინება; 2.1.5. მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში წყლის ჩასვლა არ არის გამოწვეული მისი ბრალეული ქმედებით. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ შედგენილ რეაგირების ოქმში არ არის მითითებული, რომ მისი საცხოვრებელი ფართიდან ხდებოდა წყლის ჩადინება; 2.1.6. შპს „მ–ის’’ ინსპექტირების ანგარიშში ასახულია ახალი სამზარეულოს დამზადებისა და საპირფარეშოს სარემონტო ხარჯები. ამასთან, არცერთ დასკვნაში არ არის აღნიშნული საპირფარეშოს დაზიანების ფაქტი. მართალია, დასკვნა შეიცავს მითითებას სამზარეულოს ავეჯის დაზიანების შესახებ, თუმცა მასში ასახული არ არის დაზიანების ხარისხი და არ დგინდება, რომ მას შეცვლა ესაჭიროება და შეუძლებელია მისი რესტავრაცია; 2.1.7. დათბუნების განხორციელება შესაძლებელია სართულებში გადახურვის როგორც ზედა მხრიდან, რისი ხარჯიც ნაკლები იქნება, ასევე, ქვედა მხრიდანაც. ორივე გადაწყვეტილება იგივე შედეგის მომცემია. საინჟინრო კუთხით იმ გარემოების შეფასება, თუ სად უნდა გაკეთდეს დათბუნება, დამოკიდებულია არსებულ გარემოებებზე; როდესაც შენობა ახლად შენდება, დათბუნება ხდება ზედაპირზე, ვინაიდან ის უფრო იაფი ჯდება, ხოლო როდესაც მშენებლობა დასრულებულია, დათბუნება კეთდება იმ ადგილას, რომელიც უფრო იაფია. განსახილველ შემთხვევაში ზედა მხრიდან დათბუნების ხარჯი იქნება 4.5-5.5 ათასი ლარი, ხოლო ქვედა მხრიდან დათბუნების ღირებულება - 0.9-1.2 ათასი ლარი; 2.1.8. საცხოვრებელი კორპუსი და მათ შორის, მისი კუთვნილი სხვენი, მიღებულია ექსპლუატაციაში, რაც საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255-ე დადგენილების თანახმად, ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაკოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ბ–ძის სარჩელი მოპასუხე მ.ბ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე მ.ბ–ძეს მოსარჩელე გ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება - 5 586.46 ლარის ოდენობით; მოპასუხე მ.ბ–ძეს დაევალა მის საკუთრებაში არსებულ ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, ........... „ა“, საკადასტრო კოდი: .........., ტერასაზე არსებულ არმირებული ბეტონის 200 მილიმეტრის სისქის ფილაზე დაგებული კერამიკული (მეტლახის) ფილების, წებოცემენტის ხსნარის, ჰიდროიზოლაციის ფენის, მოჭიმული ქვიშა-ცემენტის შრის დემონტაჟი. მოპასუხე მ.ბ–ძეს ასევე დაევალა ამავე ტერასაზე არსებულ არმირებულ ბეტონის 200 მილიმეტრის სისქის ფილაზე სამშენებლო სამუშაოს ჩატარება შემდეგი თანმიმდევრობით: 1. დაიგოს EPS-ის პენოპლასტის თბოიზოლაციის 30 მილიმეტრის სისქის შრე; 2. მოიჭიმოს და დაიგოს 70 მილიმეტრის სისქის ქვიშა-ცემენტის შრე; 3. დაიგოს ჰიდროიზოლაციის 10 მილიმეტრის სისქის ორი შრე; 4. დაიგოს წებოცემენტის 10 მილიმეტრის სისქის ხსნარისაგან შემდგარი შრე; 5. დაიგოს 20 მილიმეტრის სისქის კერამიკული (მეტლახის) ფილები; არ დაკმაყოფილდა გ.ბ–ძის სარჩელი მოპასუხე მ.ბ–ძის მიმართ დაზიანებული მოძრავი ნივთების ღირებულების სახით 4 039.4 ლარის დაკისრების თაობაზე.

13. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მ.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გ.ბ–ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება - მოპასუხე მ.ბ–ძეს, მოსარჩელე გ.ბ–ძეს სასარგებლოდ დაეკისრა დაზიანებული სამზარეულოს აღდგენის ღირებულება - 4 039.4 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

16. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

16.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

16.2. კასატორის მოსაზრებით დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება, რადგან გამოდის, რომ მოპასუხე პასუხისმგებელია ისეთ შედეგზე, რომელიც მას არ გამოუწვევია და ამასთან, შედეგის დადგომა გამოიწვია სწორედ მოსარჩელის ქმედებამ. კერძოდ, დადგენილია, რომ მოპასუხეს არ მოუშლია გადახურვა და არ მოუწყვია ღია ტერასა, პირიქით, აღნიშნული ქმედება განახორციელა მოსარჩელემ, ამიტომ დაუსაბუთებელია, გადახურვის მოშლისა და ღია ტერასის მოწყობის გამო ზიანის ანაზღაურება დაეკისროს მოპასუხეს, მაშინ როდესაც თავად მოსარჩელის ქმედებამ განაპირობა ასეთი ზიანი. შესაბამისად, ცალსახაა, რომ სახეზეა ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა. ასეთი სახის გადაწყვეტილება თავის მხრივ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

16.3. საქმის მასალებით დგინდება, რომ სწორედ გ.ბ–ძემ და თორნიკე ჯარიაშვილმა არ უზრუნველყვეს სართულებშუა გადახურვა იმგვარად, რომ გამოერიცხათ სხვენის ქვემოთ განთავსებული გ.ბ–ძის ბინაში კონდენსატის წარმოქმნა. ასეთი რეალობის შესახებ არაფერი იცოდა და არც შეეძლო სცოდნოდა მოპასუხეს, ასევე დაუდგენელია პრობლემა დაშენებამდეც არსებობდა თუ არა. აღნიშნულის გათვალისწინებით ცალსახაა, რომ მოპასუხის ბრალეულობა და მართლწინააღმდეგობა სახეზე არაა, დამატებით ხაზგასასმელია ისიც, რომ პროექტი დასრულებული და მერიის მიერ მიღებულია, რაც გულისხმობს სამშენებლო რეგულირებასთან მის შესაბამისობას.

16.4. მოსარჩელემ სხვენის დაშენებისას არ იზრუნა რა დათბუნებაზე, მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევაზე.

16.5. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მოსარჩელესთვის არ დგინდება 5586.46 ლარის ზიანის ოდენობა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნით დგინდება, რომ რეალური ზიანის ოდენობა 2027.7 ლარია. ამავე და კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და სანიჟინრო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნითაც განმარტებულია, რომ კაფელის აცვენის ადგილზე არ შეინიშნება წყლის ჩამოდენის კვალი. ამავდორულად, დასკვნაში მითითებულია, რომ მოსარჩელის ბინაში მისვლისას კაფელი და პარკეტი ასევე იყო დაზიანებული იმ ადგილებშიც, სადაც წყალი არ ჩასულა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანება სიძველის შედეგია და არა წყლის ჩამოსვლის.

16.6. კასატორის მოსაზრებით, ასევე არასწორადაა ჩამოყალიბებული სასამართლოს პოზიცია მოძრავი ნივთების ღირებულების 4039 ლარის დაკისრების შესახებ. მოსარჩელეს არ დაუკონკრეტებია ნივთები, გადაწყვეტილებით კი მოპასუხეს დაეკისრა სამზარეულოს, სპეციალური მიზნით შექმნილი ოთახის, ავეჯის ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს არ დაუკონკრეტებია თუ რა იგულისხმება ავეჯში, შესაბამისად, გაუგებარია აღსრულების მიზნებისთვის როგორ უნდა განიმარტოს სარეზოლუციო ნაწილი.

16.7. სასამართლომ მოპასუხეს, მართალია, დააკისრა სამზარეულოს აღდგენის ღირებულება, რისი ოდენობაც განისაზღვრა შპს „გ....“-ის მიერ შექმნილი დასკვნით, თუმცა, აღნიშნული ღირებულება წარმოადგენს არა ავეჯის შეკეთების, აღდგენის, არამედ ახალი ავეჯის ღირებულებას, შესაბამისად, სასამართლოს ეს გადაწყვეტილებაც ასევე დაუსაბუთებელია, რადგან ახალი ავეჯის შესყიდვის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც ძველი ავეჯი გამოუსადეგარია და აღდგენას აღარ ექვემდებარება, სააპელაციო პალატას კი აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია. თავის მხრივ, ცალსახაა, რომ აღდგენისა და შეკეთების ხარჯები გაცილებით ნაკლებია ახალი ავეჯის ყიდვაზე.

16.8. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსად დადგენილა და დათვლილა ავეჯის დაზიანების ხარისხი, ასევე ოდენობა და აღდგენა/რესტავრაციის საჭიროება. ასევე დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება, რომ მან გამოიყენა ყველა შესაძლებლობა რათა დაედგინა დაზიანების ხარისხი, რადგან მარტივადაა შესაძლებელი ნივთების გამოსაყენებლად ვარგისიანობის დადგენა. ამავდროულად, სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპები, რადგან მოპასუხისთვის შეუძლებელი იყო საპირისპირო მტკიცების წარდგენა - მოპასუხესთვის უცნობი იყო დაზიანებული ნივთების რაობა.

16.9. კასატორისთვის დაუსაბუთებელია „შ.ნ.დ.ც–ის“ მიერ წარდგენილი დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ ჭერის დაზიანება გამოწვეულია ჰაერის კონდესაციის შედეგად. აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ, კ.ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის დასკვნით დგინდება, რომ ჭერიდან მცირე ნაწილზე ჩამოცვენილია ნალესი, რაც გამოწვეულია წყლის ზემოქმედების შედეგად. აქვე, ხაზგასასმელია მოსარჩელის მითითება, რომ სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგწყლის ჩადინება აღარ ხდება. აღნიშნულ მტკიცებულებათა გამოკვლევით დგინდება, რომ „შ.ნ.დ.ც–ის“ დასკვნა ქარწყლდება, რადგან თუ კი კონდენსაცია იქნებოდა დაზიანების მიზეზი, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემთხვევაშიც შესაბამისად უნდა გაგრძელებულიყო ზიანის მიყენება, რაც განსახილველ შემთხვევაში არაა სახეზე.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

18. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

22. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

24. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

25. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

26. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

27. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი, პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს“ (იხ. ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი) - იხ. სუსგ Nას-45-2021, 22.04.2021წ.

28. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის არსებითი შედავება მიმართულია კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობისა და ზიანის ანაზღაურების ოდენობისკენ.

29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

30. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

31. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.

32. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ 18.10.2017წ. საქმე №ას-1127-1047-2017, 15.02.2018წ. საქმე №ას-72-72-2018, 23.03.2018წ. საქმე №ას-189-189-2018, 12.09.2018წ. საქმე №ას-923-2018).

33. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებული პირისათვის დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდარღვევის ბრალი.

34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, წარმოშობის საფუძვლების მიხედვით, განასხვავებენ სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანს. არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და დაზარალებულს (კრედიტორს) ვალდებული პირის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია: ზიანი; ქმედების მართლწინააღმდეგობა; მიზეზობრივი კავშირი და ბრალი (ე.წ. „გენერალური დელიქტი“).

35. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს.

36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.

37. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის (სსკ-ის 415-ე მუხლი) პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია.

38. ბრალი სამართალდარღვევის შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი სუბიექტური ელემენტია. ბრალის სამართლებრივი კატეგორია განსაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია (26.07.2019წ. საქმე №ას-862-2019).

39. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმად, მოპასუხე მ.ბ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანდა ამავე მისამართზე მდებარე მოსარჩელე გ.ბ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სარჩელზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 თებერვლის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში კედლებისა და ჭერის დაზიანების მიზეზი არის აღნიშნული ბინის ზედა სართულზე არსებული ფართობიდან წყლის ჩადინება.

40. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარე არ უარყოფს წყლის ჩადინების ფაქტს, სადავოა მოპასუხის ბრალეულობისა და ზიანის ოდენობის საკითხები. ბრალეულობის ნაწილში კასატორი უთითებს, რომ გამოირიცხება, რადგან მან შეისყიდა დაშენებული ბინა. ტერასაზე არსებული საფარი შეცვალა, კონდესატის წარმოქმნა კი დამოკიდებულია სართულებს შორის გადახურვაზე და ე.წ. დათბუნვა შესაძლოა ქვემოდანაც განხორციელდეს და აღნიშნული უშუალოდ მ.ბ–ძის ვალდებულებას არ წარმოადგენს. აღნიშნული ბრალი რეალურად თავად მოსარჩელეზეა, რადგან მისგან იყიდა უძრავი ქონება.

41. საკასაციო პალატა მიუთითებს შპს „შ.ნ.დ.ც–ის“ დასკვნაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ კედლების ნაწილი და ჭერი სველდება კონდესატის გამო, კერძოდ, ჰაერში არსებული ნესტი დაბალ ტემპერატურაზე გარდაიმნება წყლად. ჭერი იმდენად თხელია, რომ ვერ აკავებს გარეთ არსებულ სიცივეს. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ შენობის მე-4 სართულზე ადრე იყო გადახურვა ხის კოჭებით, დაყრილი იყო შლაკი (პემზა) იყო მოწყობილი სამერცხლულები და გადახურული იყო თუნუქის ბურულით. ეს ყველაფერი უზრუნველყოფდა საუკეთესო თბოიზოლაციას. ამჟამად ეს ყველაფერი მოშლილია და ბინის თავზე მოწყობილია ღია ტერასა (აივანი) ადრე არსებული რკინაბეტონის მონოლითური ფილის გამოყენებით. აივნის ქვეშ არის საცხოვრებელი ფართი, რომლის ჭერიც იკეთებს კონდესატს - სველდება. აღნიშნული საკითხი კი მხარეებს შორის არ არის სადავო, შესაბამისად, დადგენილია, რომ მოსარჩელის უძრავ ქონებაში კონდენსატის წარმოქმნა გამოიწვია, მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ფართში ღია ტერასის მოწყობამ.

42. კასატორის მოსაზრებით, ბრალეულობა მოსარჩელეზე იმ დასაბუთებით უნდა გადავიდეს, რომ სწორედ მათ მოაწყვეს მოპასუხის მიერ ნაყიდ უძრავ ქონებაში ტერასა, რომელმაც გამოიწვია კონდენსატის წარმოქმნა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან ყოველი ნივთის შესყიდვა მოიაზრებს ან ნივთზე არსებული ყველა სახის რისკების საკუთარ პასუხისმგებლობაში გადასვლას. მყიდველი ვალდებულია ნივთის შესყიდვისას შეამოწმოს მისი ტექნიკური თუ სხვა სახის მახასიათებლები, ხოლო ნივთზე საკუთრების წარმოშობის შემთხვევაში, დაუშვებელია ნივთის ყოფილ მესაკუთრეებს მოეთხოვოთ გასხვისებული ნივთის მიმართ წარმოშობილი ზანის ანაზღაურების ვალდებულება.

43. საკასაციო სასამართლო საკუთრების კერძოსამათლებრივი შინაარსიდან გამომდინარე მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების წარმოშობა თავისთავად მოიაზრებს არა მხოლოდ შესაგებლის ყველა პირის მიმართ წარდგენის უფლებამოსილებას მისი დაცვის მიზნით, რაც, კერძო გაგებით, საკუთრების უფლების აბსოლუტურ ხასიათზე მეტყველებს, არამედ ასევე ყველას მიმართ ვალდებულებას - არ დააზიანოს სხვისი ქონება ან არ წარმოიშვას დაზიანების საფრთხე. თავად საკუთრების უფლება მესაკუთრეს ავალდებულებს საკუთარი ქონება მოიყვანოს ისეთ მდგომარეობაში, რომ მან არ გამოიწვიოს მესამე პირთა ქონების დაზიანება. სწორედ ასეთივე შემთხვევაა მოცემულ დავაშიც, მესაკუთრემ არ დაიცვა საკუთრების უფლებით მასზე გადასული ქონების სათანადოდ მოვლის ვალდებულება იმ მინიმალური სტანდარტით, რაც მესამე პირთა კერძო უფლებების დარღვევის გამორიცხვას გულისხმობს. საქმის მასალებით არ არის დადგენილი, ასევე საკასაციო საჩივარშიც არ არის მითითებული, რომ ვალდებულებას მოპასუხე მხარე სათანადოდ იცავდა. პირიქით, დადგენილია, რომ სწორედ მისი საკუთრების გაუმართაობით გახდა მეზობლის საკუთრების უფლების ხელყოფა შესაძლებელი თანაც არაერთხელ. მოცემული საქმის მიზნებისთვის, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ აღნიშნული ვალდებულების, მისი დარღვევის შემდგომ კი - ბრალეულობის გადაკისრება ყოფილ მესაკუთრეზე სამართლებრივად არარელევანტურია, რადგან ყოფილი მესაკუთრე ნივთზე ფაქტობრივი ბატონობისა და მასზე ზემოქმედების იურიდიულ ვალდებულებას კარგავს ნივთის გასხვისებისთანავე. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება ნივთის გასხვისების შემდეგ საკუთრების უფლებით წარმოშობილი საფრთხეების დაზღვევის არა თუ იურიდიული, არამედ ფიზიკური შესაძლებლობაც. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ წარმოშობილი ზიანის გამო პასუხისმგებლობის ყოფილ მესაკუთრეზე გადაკისრებით ამჟამინდელი მესაკუთრის ბრალეულობის გაქარწყლება დაუშვებელია.

44. საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს „შ.ნ.დ.ც–ის“ 2019 წლის 10 სექტემბრის დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ არსებული რკინაბეტონის ფილის დათბუნება უნდა განხორციელდეს აივნის ზედაპირიდან თანამედროვე მასალების გამოყენებით, დღეისთვის მიღებული ტექნოლოგიური პროცესების ზუსტი დაცვით, შესაბამისად დამუშავებული პროექტის საფუძველზე, რათა არ მოხდეს საცხოვრებელი ფართის ჭერისა და კედლების დასველება (კონდესატის წარმოქმნა). ზემოხსენებული ღონისძიებების არ ჩატარების შემთხვევაში, ნორმალური თბოიზოლაციის უქონლობის გამო, ზამთარში სითბოს, ზაფხულში სიგრილის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, ხოლო საცხოვრებელი ფართის ჭერის დასველება - გარდაუვალი (ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებით კონდესატის პროცესის თავიდან აცილებისათვის ექსპერტთა ჯგუფმა დაადგინა შემდეგი: არსებული შენობა 4 სართულიანია სადარბაზოს მხრიდან, ხოლო უკანა ფასადის მხრიდან 5 სართულიანი, ოთხ სადარბაზოიანი, შენობა აგებულია მე-20 საუკუნის 60- იანი წლების ბოლოს, არსებულ შენობას გააჩნია სარდაფები, გააჩნია მიშენება რკინაბეტონის კონსტრუქციებით. ზემოხსენებული შენობის მე-4 სართულის თავზე ადრე იყო გადახურვა ხის კოჭებით, დაყრილი იყო შლაკი (პემზა), იყო მოწყობილი სამერცხლულები და გადახურული იყო თუნუქის ბურულით. ეს ყველაფერი უზრუნველყოფდა საუკეთესო თბოიზოლაციას. ამჟამად ეს ყველაფერი მოშლილია და ბინის თავზე მოწყობილია ღია ტერასა (აივანი) ადრე არსებული რკინაბეტონის მონოლითური ფილის გამოყენებით. აივნის ქვეშ არის საცხოვრებელი ფართი, რომლის ჭერიც იკეთებს კონდესატს - სველდება (იხ. ფოტო ტ.1. ს.ფ.30-35). კედლების ნაწილი და ჭერი სველდება კონდესატის გამო. ჰაერში არსებული ნესტი, დაბალ ტემპერატურაზე გარდაიქმნება წყლად. ჭერი იმდენად თხელია, რომ ვერ აკავებენ გარეთ არსებულ სიცივეს. მაქსიმუმ 20 სმ-იანი რკინაბეტონის ფილის სისქე თავისი ე.წ. ჰიდროიზოლაციით, მოჭიმული იატაკით და დაგებული ფილით, ვერ უზრუნველყოფს საცხოვრებელ ფართში კონდესატის, სისველის თავიდან აცილებას. კონდესატის წარმოქმნა ამ შემთხვევაში გამოწვეულია თბოიზოლაციის არარსებობით არსებულ რკინაბეტონის ფილაზე.

45. ტერასის გადახურვის პროექტის ტექნოლოგიური პროცესისათვის საჭირო ტიპიური დეტალებია: კერამიკული ფილა 20 მმ, წებოცემენტის ხსნარი 10 მმ, ჰიდროიზოლაციის ორი შრე, ქვიშა-ცემენტის მოჭიმვა 70 მმ, EPS-ის პენოპლასტის თბოიზოლაცია 30 მმ, არმირებული ბეტონის ფილა 200 მმ. (არსებული კვანძი წარმოადგენს ღია სატერასე სივრცისა და შიდა სივრცეს შორის არსებული მოპირკეთებული ფილის დეტალს. ფილის ამგვარი მოწყობა საჭიროა, რათა არ მოხდეს შიდა სივრცეში რაიმე სახის წყალდენა ან კონდესატის დაგროვება. არსებულ კვანძში ასახული სტანდარტი წარმოადგენს იმ მინიმალურ მოწყობის ტექნოლოგიას, რომლიც მის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს გადახურვის მოწყობის პროცესის ერთ-ერთ ვარიანტს. მისი განუხორციელებლობის შემთხვევაში (თბოიზოლაციის უქონლობა), ზამთარში სითბოს, ზაფხულში სიგრილის შენარჩუნება შეუძლებელი იქნება, ხოლო საცხოვრებელ ფართში კონდესატის წარმოქმნა გარდაუვალი) იხ. ტერასის გადახურვის ტიპიური დეტალი, (პროექტის ტექნოლოგიური პროცესი) ტ.2. ს.ფ. 23-24). მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის აივნის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ არსებულ ფილაზე მასალების მონტაჟის შემთხვევაში საფარის სისქე იქნება - 140 მმ. სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო გახდება მოაჯირების დროებითი დემონტაჟი და მონტაჟი, ასევე მეტალოპლასტმასის არსებული კარებების გამოცვლა. კარებები დამონტაჟებულია პირდაპირ ფილაზე და მათ ჩარჩოებზე დატანილი საწვეთურების აივნის იატაკის დონიდან 20-22 მმ სიმაღლეზეა განთავსებული. ვინაიდან საწვეთურის არსებობა გარე მხარეზე არის აუცილებელი და მეტალოპლასტმასის კარების სიმაღლე უნდა შემცირდეს 140მმ-ით, კარების ჩარჩოები, მექანიზმები და მინები იქნება შესაცვლელი, რაც მისი სრული შეცვლის ტოლფასია.

46. ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ქმედების განხორციელების დავალების ნაწილშიც, რაც გულისხმობს ტერასაზე არსებულ არმირებული ბეტონის 200 მილიმეტრის სისქის ფილაზე დაგებული კერამიკული (მეტლახის) ფილების, წებოცემენტის ხსნარის, ჰიდროიზოლაციის ფენის, მოჭიმული ქვიშა-ცემენტის შრის დემონტაჟს და ამავე ტერასაზე არსებულ არმირებულ ბეტონის 200 მილიმეტრის სისქის ფილაზე სამშენებლო სამუშაოს ჩატარებას შემდეგი თანმიმდევრობით: 1. დაიგოს EPS-ის პენოპლასტის თბოიზოლაციის 30 მილიმეტრის სისქის შრე; 2. მოიჭიმოს და დაიგოს 70 მილიმეტრის სისქის ქვიშა-ცემენტის შრე; 3. დაიგოს ჰიდროიზოლაციის 10 მილიმეტრის სისქის ორი შრე; 4. დაიგოს წებოცემენტის 10 მილიმეტრის სისქის ხსნარისაგან შემდგარი შრე; 5. დაიგოს 20 მილიმეტრის სისქის კერამიკული (მეტლახის) ფილები.

47. რაც შეეხება კასატორის შედავებას სამზარეულოს ავეჯის დაზიანების შესახებ, რამდენად აუცილებელია მათი ახლით ჩანაცვლება, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 24 თებერვლის დასკვნაში მითითებულია, რომ: „მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით ჩატარებული ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა შემდეგი: წყლის ზემოქმედების შედეგად, საცხოვრებელი ბინის მიშენებულ ნაწილში, დაზიანებულია ჭერი და კედლები. ასევე წყლის ზემოქმედების შედეგად დაზიანებები აღენიშნება სამზარეულოს და ჭურჭლის კარადას, ჭერიდან მცირე ნაწილზე ჩამოცვენილია ნალესი“. გარდა ექსპერტიზის დასკვნისა, საქმის მასალებში წარმოდგენილ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის 2018 წლის 14 აპრილისა რეაგირების ოქმში მითითებულია, რომ მისამართზე - თბილისი, ......... მისვლისას გ.ბ–ძემ განაცხადა, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ზედა სართულის სხვენიდან, რომლიც საცხოვრებელი ფართია, ჩამოდის წყალი მის საცხოვრებელ ბინაში, უზიანდება სამზარეულოში განთავსებული ავეჯი, სამზარეულოს კედელი. იგივეს შინაარსს ასახავს საპატრულო პოლიციის 2017 წლის 10 ოქტომბრის რეაგირების ოქმი (იხ. რეაგირების ოქმები ტ.1. ს.ფ. 205-210; დისკი ტ. 1. ს.ფ. 258, ტ. 2. ს.ფ. 118). სამზარეულოს დაზიანების შესახებ მიუთითებენ ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეები. კერძოდ, მოწმე ნ.ბ–ძემ (მოსარჩელის მეუღლე) მიუთითა, რომ წყლის ჩამოსვლის შედეგად დაზიანდა სამზარეულო და ლოჯი, რაც ერთიან სივრცეში მდებარეობს, სამზარეულო კი მოწყობილია ლოჯის კუთხეში.. მოწმემ იმაზეც მიუთითა, რომ მოპასუხის მეუღლემ მოიყვანა ხელოსანი სამზარეულოს ასაზომად და შესაკეთებლად, თუმცა უშედეგოდ. მოწმემ მიუთითა, რომ წყლის ჩადინებისას დაზიანდა სამზარეულოს მთელი კედელი, რამაც დააზიანა სამზარეულოს კარადა. მოწმე გ.ღ–მა (მეზობელი) ასევე, მიუთითა სამზარეულოს დაზიანების შესახებ და აღნიშნა, რომ მოპასუხის მეუღლე თავდაპირველად მოსარჩელეს პირდებოდა მის შეკეთებას, ხოლო შემდგომ უარი თქვა იმ საფუძვლით, რომ ვერ დადასტურდებოდა სამზარეულოს წყლის ჩასვლის მიზეზით დაზიანების ფაქტი (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 მაისის სხდომის ოქმი). სამზარეულოში წყლის ჩამოსვლისა და სამზარეულოს ავეჯის დაზიანების ფაქტი დაადასტურა ასევე მოწმე ა.ბ–მა (ინჟინერ- მშენებელი, „შენობა-ნაგებობათა დიაგნოსტიკის ცენტრის“ 2019 წლის 10 სექტემბრის დასკვნის შემდგენი, იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 იანვრის სხდომის ოქმი) საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბინაში წყლის არაერთჯერადი ჩამოსვლის შედეგად, ასევე დამზადებული ავეჯის მასალის წყლის მიმართ ნაკლებად მდგრადობით, ასევე ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე მტკიცებულებათა აღნიშნული ერთობლიობით მოსარჩელის სასარგებლოდ მოხდა ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, რამაც მოპასუხის შედავების ნაწილში მიიღო პრეზუმირების სახე ავეჯის ჩანაცვლების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნულის უარყოფის ვალდებულება და მისი გამორიცხვის ვალდებულება მოპასუხეს უნდა დაეკმაყოფილებინა საპირწონე მტკიცებულებების წარდგენით, მარტოოდენ შედავება ყოველგვარი მტკიცების გარეშე ვერ დააკმაყოფილებს მოპასუხის პრეტენზიას, რადგან მტკიცებითი პროცესი გულისხმობს აქტების დამტკიცების მიზნით შესაბამისი დასკნის წარდგენას, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ავეჯის შეკეთების მიმართ არსებული კასატორის პოზიცია დაუსაბუთებელია.

48. ამავდროულად, დადგენილია, რომ მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი ფართიდან წყლის ჩასვლის შედეგად დაზიანდა მოსარჩელე გ.ბ–ძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი და სამზარეულო, რისთვისაც მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელისათვის შესაბამისი ზიანის ანაზღაურება: საცხოვრებელი სახლის დაზიანებისთვის მიყენებული ზიანის - 5 586.46 ლარის და სამზარეულოს ავეჯის აღდგენის ღირებულება - 4 039.4 ლარის ოდენობით. ამ ნაწილშიც, ალტერნატიულად ზიანის დათვლის სათანადო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსთვის, შესაბამისად, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც მიიჩნევს, რომ მარტოოდენ სიტყვიერი მითითება შეფასების არასწორობაზე ვერ იქნება მიჩნეული შესაბამის შედავებად.

49. ყოველივე ზემოაღნიშნული კრიტერიუმებიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მასალების მიხედვით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლებრივად სწორად დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

50. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. გ.ბ–ძის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მ.ბ–ძეს გ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო ინსტანციაში იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის გადახდა;

3. მ.ბ–ძეს (პ.ნ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ა. ლ–ის (პ.ნ. ........) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადახდო დავალება N: 22494290381, გადახდის თარიღი: 24.06.2024) 313.21 ლარის 70% - 219,3 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი