საქმე №ა-3379-ა-15-2021 14 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი _ ქ.ვ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ა–ი“ (მოსარჩელე)
განმცხადებლის მოთხოვნა - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება
დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით:
1.1. რუსეთის ფედერაციის სააქციო კომერციული შემნახველი ბანკის (ა–ი) სარჩელი ქ.ა. ასულ ვ–ის, დ.ა. ასულ რ–სა და ს.ვ. ასულ ბ–ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1.1. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ლუბლინსკის №7977 განყოფილების (ქალაქი მოსკოვი) - რუსეთის ფედერაციის სააქციო კომერციული შემნახველი ბანკის (ღია სააქციო საზოგადოების) ფილიალის სასარგებლოდ 145 324 799.89 რუბლის გადახდა;
1.1.2. სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:
- ქ.ვ–ის კუთვნილ საცხოვრებელ ფართზე, მდებარე: ქ. მოსკოვი, ........ ბ. №144, საერთო ფართით 153.8 კვ.მ. დავალიანების დაფარვის მიზნით, 2006 წლის 9 თებერვალს არაგანახლებადი საკრედიტო ხაზის #5426 გახსნის შესახებ დადებული ხელშეკრულების თანახმად, დადგინდა გირავნობით დატვირთული ქონების საწყისი გასაყიდი ფასი აუქციონზე 22 786 192.61 რუბლის ოდენობით;
1.1.3. - ქ.ვ–ს დაეკისრა რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, ლუბლინსკის №7977 განყოფილების სააქციო კომერციული შემნახველი ბანკის (ღია სააქციო საზოგადოების) ფილიალის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 2000 რუბლის გადახდა.
1.1.4. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე 2009 წლის 13 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
1.1.5. რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 მაისის განჩინებით დაშვებულ იქნა საპროცესო უფლებამონაცვლეობა და მოსარჩელე ღია სააქციო საზოგადოება „რუსეთის შემნახველი ბანკი“ შეიცვალა შპს „ა–ით“, ხოლო 2018 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა–მა“ შეიცვალა სახელი და დარესტრირდა როგორც „ა–ი“.
2. შპს „ა–მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის, ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. კომპანიამ, წარმოდგენილი შუამდგომლობით ასევე მოითხოვა, მოწინააღმდეგის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
3.1. ქ. თბილისი, ......, (ყოფილი ბარნოვის 121), ფართი: 15.90 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ..........;
3.2. ქ. თბილისი, ......... (ყოფ. .....)/..... ქ. 33 (ყოფილი ......), ფართი: 110.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .......;
3.3. ქ. თბილისი, ....... (ყოფ. ......)/......... ქ. 33 (ყოფილი .......), ფართი: 8.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .......;
3.4. ქ. თბილისი, ....... (ყოფილი ........), ფართი: 167.59 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .......;
3.5. ქ. თბილისი, ......, ფართი: 107.00 კვ.მ. საკადასტრო კოდი: .......;
3.6. ქ. თბილისი, ...., ფართი: 272.18 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ...........
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით თავდაპირველი შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს (ამჟამინდელ შუამდგომლობის ავტორს) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებულ, დასახელებული უძრავი ქონებების (იხ. წინამდებარე განჩინების 3.1-3.6 ქვეპუნქტები) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
5. კომპანიამ, 2019 წლის 25 თებერვალს კვლავ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა, მის მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე, ცნობისა და აღსრულებისთვის წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენება.
5.1. კომპანიის განმარტებით, დამატებითი ღონისძიების გამოყენებას იმ მიზეზით ითხოვდა, რომ თავდაპირველი უზრუნველყოფის ღონისძიებისას, იპოთეკით დატვირთვისა და გასხვისების აკრძალვით დატვირთულ ერთ-ერთ ყველაზე მოცულობით და ძვირადღირებულ ქონებას საკადასტრო კოდი შეეცვალა და ახალი მესაკუთრის ხელში აღმოჩნდა, რაც გაართულებდა მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების ფაქტობრივ აღსრულებას. ამდენად, დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, კომპანიამ მოითხოვა, შპს „ს.კ.ფ–ის“ 70%-ის, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებული წილია, უფლებრივი დატვირთვისა და გასხვისების აკრძალვა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით კომპანიის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს აეკრძალა, შპს „ს.კ.ფ–ის“ მის საკუთრებაში არსებული 70% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და აღსასრულებლად მიექცა რუსეთის ფედერაციის, ქალაქ მოსკოვის ლუბლინსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება, იმ ნაწილში რომლითაც მოპასუხე ქ.ვ–ს დაეკისრა 144 609 582.66 რუბლის გადახდა, ლუბლინსკის #7977 განყოფილების (ქალაქი მოსკოვი) - რუსეთის ფედერაციის სააქციო კომერციული შემნახველი ბანკის (ღია სააქციო საზოგადოების) ფილიალის სასარგებლოდ.
8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა, ქ.ვ–მა, მოითხოვა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლისა და 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება რუსეთის ფედერაციის, ქალაქ მოსკოვის ლუბლიანსკის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით.
9. საქმის განხილვის დროს, შუამდგომლობის ავტორმა, კვლავ მომართა განცხადებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა, ქონების ყადაღისგან გათავისუფლება:
9.1. განმცხადებლის განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე წარმოდგენილი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების, გადაწყვეტილების მიმღებ ქვეყანაში ნაწილობრივი აღსრულების შედეგად, შუამდგომლობის ავტორმა კომპანიამ ნაწილობრივ დაიკმაყოფილა მოთხოვნა. ამდენად, მის საკუთრებაში არსებული კომპანიის წილის უზრუნველყოფის ღონისძიების ქვეშ მოქცევა, დაუსაბუთებლად ზღუდავს მესაკუთრის შემოსავლებს, ამასთან, პარალიზებას იწვევს კომპანიის საქმიანობის და საფრთხეს უქმნის პარტნიორების მდგომარეობასაც.
9.2. განმცხადებლის განმარტებით მის საკუთრებაში არსებულ კომპანიასა და გერმანიაში რეგისტრირებულ ინვესტორ კომპანიას შორის 2020 წელს დაიდო პერლიტის მიწოდების ხელშეკრულება, რომლის დასტურადაც ინვესტორმა კომპანიამ განმცხადებლის კომპანიას ჩაურიცხა 250 000 აშშ დოლარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების, მასზე დართული მტკიცებულებების, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, განმცხადებლისვე წარმოდგენილი შუამდგომლობისა და კომპანიის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი შუამდგომლობის, ასევე, თავდაპირველი დავის ფარგლებში წარმოდგენილი უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ განცხადებების, სასამართლო განჩინებებისა და ამავე განცხადებაზე ამჟამინდელი შუამდგომლობის ავტორის მიერ წარდგენილი შესაგებლების განხილვისა და შეფასების საფუძველზე განმარტავს, რომ წარმოდგენილი განცხადება დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლო ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განიხილავს.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
12. სსსკ-ის კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
13. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფა, ან, საჭიროებისამებრ, მხარეებმა მოითხოვონ ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
14. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
15. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
16. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა, აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე (შდრ. სუსგ ას-178-178-2018, 05.02.18 წ.).
17. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობაა საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა (შდრ. სუსგ ას-239-239-2016, 13.05.16 წ.).
18. სარჩელის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ შესაძლოა მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო არ იკვლევს სარჩელის საფუძვლიანობას და მის დასაბუთებულობას, არამედ ხელმძღვანელობს სამართლებრივი დასკვნით, რომ შესაძლოა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს (შდრ. სუსგ ას-16-354-09, 05.02.09 წ.).
19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პროცესუალური შედეგის საქართველოს სახელმწიფოს მიერ მარტოოდენ ცნობამ, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში აზრი დაკარგოს, თუკი მხარე, რომლის სასარგებლოდაც ეს გადაწყვეტილება გამოვიდა, საპროცესო უზრუნველყოფის ბერკეტის გარეშე აღმოჩნდება. შედეგად, ასეთი მხარის კანონიერი უფლებები და ინტერესები მნიშვნელოვნად დაზიანდება, რაც კანონმდებლის ინტერესს ეწინააღმდეგება.
20. სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. იმის გათვალისწინებით, რომ ხშირად სამოქალაქო პროცესი საკმაოდ ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, არსებობს რისკი, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დავის საგანი განადგურდეს, გასხვისდეს, უფლებრივად დაიტვირთოს ან სხვაგვარად შეეშალოს ხელი საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სწორედ ამ საფრთხეების პრევენციას ემსახურება. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1/5/675,681 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-52).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (სუსგ №ას-449-431-2016, 2016 წლის 7 ივლისი).
22. შუამდგომლობის ავტორების წარმომადგენლის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილი ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა გამოწვეულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ ამ ქონების გასხვისების საშიშროებით, რაც ხელს შეუშლის აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებას. ამდენად, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილებების აღსრულებას (შდრ. სუსგ ა-3226-შ-82-2017, 14.11.17 წ.).
23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითად დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. საქმე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. Hornsby, cited above, §§ 40 and seq.).
24. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის საგანია თანხის დაკისრება, აღსანიშნავია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებამდე, თავდაპირველი დავის ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დაკმაყოფილდა კომპანიის მოთხოვნა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ამასთან უცვლელი დარჩა გამოყენებული ღონისძიება.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შუამდგომლობის ავტორის განცხადება ქონების ყადაღისგან გათავისუფლების შესახებ დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მხარეს არ წამოუდგენია მტკიცებულებები, რომელიც, თავდაპირველი დავის განხილვისას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად მითითბულ მტკიცებულებებსა თუ სასამართლოს ვარაუდს გააბათილებდა, მით უფრო იმ ფონზე რომ იმ დროისთვის არსებული უზრუნველყოფის ღონისძიება მოსამართლის ვარაუდს ემყარებოდა, რომელიც საბოლოოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი განჩინებით დადასტურდა და დაკმაყოფილდა მოთხოვნა გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ.
26. საკასაციო სასამართლო განცხადების ფარგლებში წარმოდგენილ მტკიცებულებებზეც გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ განმცხადებლის განმარტება, რომ კომპანია ვერ ახერხებს საქმიანობას, რითიც საფრთხე ექმნება, არამარტო მას, არამედ მის პარტნიორებსაც, წინააღმდეგობაში მოდის მის მიერვე მითითებულ გარემოებასთან, რომ უცხოურმა კომპანიამ, ხელშეკრულების დადების დასტურად, საკმაოდ სოლიდური თანხა 250 000 აშშ დოლარი ჩაურიცხა კომპანიას, რომლის წილის ყველაზე დიდი ოდენობა დაყადაღებულია სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამასთან, დასახელებული ტრანზაქცია განმცხადებლის განმარტებით 2020 წელს განხორციელდა, საგულისხმოა რომ განცხადების შემოტანის მომენტისათვის 2 წელზე მეტია იმ დროიდან გასული.
27. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს აგრეთვე წარმოდგენილი უძრავი ქონების შეფასებებს, რომლებითაც ცალსახად არ ირკვევა, შესაფასებელ ობიექტთა შეფასების მეთოდი და რას ეყრდნობოდა კვლევა, თუმცა, მკაფიოდაა მითითებული, რომ შესაფასებელი ქონების მდგომარეობა, ადგილმდებარეობა და ფართი მესაკუთრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვითაა გამოკვლეული, ხოლო შეფასებისა და დასკვნის მომზადების მიზანი დამკვეთის, ანუ უძრავ ქონებათა მესაკუთრის ინფორმირება იყო, ამდენად, მოცემული დასკვნებით ცალსახად არ ირკვევა ექსპერტმა შეფასებისას თავად რა სახით შეისწავლა ქონება, ხოლო, დადგენილია, რომ ქონების შეფასებისას იყენებდა ვებგვერდებზე, უძრავი ქონების განთავსებისთვის საჭირო ინფორმაციას. არსებული დასკვნებით ვერ გამოდგება იმ გარემოების დასადასტურებლად, რა ღირებულებას შეადგენს სადავო ქონება, და აქვს თუ არა ამ ღირებულებას სათანადო ფასი დავის საგანთან მიმართებით, რომელიც საქმის განმცხადებლის საწინააღმდეგოდ დასრულების შემთხვევაში უნდა მოემსახურუს კომპანიის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად მის მოთხოვნას. ამასთან წარმოდგენილი განცხადებით არაა გაბათილებული, თავდაპირველად, დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით მითითებული გარემოება, სოლიდური ღირებულების ქონების შეცვლილი საკადასტრო კოდით გასხვისებისა და შეზღუდვისგან გათავისუფლების შესახებ.
28. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ზემოთდასახელებული მოტივაციით, გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნისას, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას არსებული ვარაუდების გათვალისწინებით, ასევე საპირისპიროდ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა თუ ახსნა-განმარტებებით ვერ დასტურდება წარმოადგენილი განცხადების საფუძვლიანობა და დასაბუთებულობა რის გამოც უარი უნდა ეთქვას განმცხადებელს მის დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 191-ე, 193-ე, 198-ე, 271-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.ვ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე