საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ
ბს-1097-1049(კ-07) 23 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო ქადაგიძე
განიხილა ქალაქ თბილისის მერიის 14.01.08წ. განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.07წ. განჩინებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ გამოარკვია:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.07წ. განჩინებით თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.07წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება 12.12.07წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 24.12.07წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი.
ქ. თბილისის მერიამ 14.01.08წ. განცხადებით მოგვმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე. განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიასა და ლ. ო-ს შორის 27.12.07წ. შედგა შეთანხმება, რომლის თანახმად: ლ. ო-ი უარს ამბობს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.07წ. გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ქ. თბილისის მერია კისრულობს ვალდებულებას, აუნაზღაუროს ლ. ო-ს სამსახურში იძულებითი არყოფნისათვის განაცდური 2007 წლის 5 იანვრიდან 2007 წლის 31 დეკემბრის პერიოდის გათვალისწინებით, თვეში 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, საერთო ჯამში 4153 (ოთხი ათას ას ორმოცდაცამეტი) ლარი. ამასთან, ქ. თბილისის მერიამ იკისრა ვალდებულება, უარი ეთქვა საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კასატორის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ქ. თბილისის მერიამ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე მუხლის, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ქ. თბილისის საკასაციო საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.