საქმე№ას-41-2024 26 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „მ–სი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება;
დავის საგანი - ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილად ცნობა, ახალი სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრა, თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. შპს „მ–სმა“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, მენარდე, მიმწოდებელი ან კასატორი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის (შემდეგში: მოპასუხე, შემსყიდველი) წინააღმდეგ, მოითხოვა: 2020 წლის 20 იანვრის №01/501/19, №01/501/20 და 2020 წლის 21 იანვრის №01/501/22 ხელშეკრულებების მე-10 მუხლის 10.3. და 10.5. პუნქტების ბათილად ცნობა, სადავო ხელშეკრულებების 10.3 პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრა - შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.02%-ის ოდენობით, შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან მოპასუხის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს გამოქვითვის არამართლზომიერად აღიარება და მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის აუნაზღაურებელი თანხის 81 715.50 ლარის გადახდის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ, წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
4.1. მოსარჩელე კომპანიამ სააპელაციო საჩივარი წარადგინა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. მხარეთა შორის 2020 წლის 20 იანვარს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №01/501/19 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ იკისრა მოპასუხის ბალანსზე რიცხული, დანართი №1-ით გათვალისწინებული „ევროპული“ წარმოების ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი №2-ის (პრეისკურანტი) შესაბამისად.
5.3. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 93 000 ლარით რაც მოიცავდა როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს.
5.4. ამ ხელშეკრულების 10.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების - 0.15%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 10.5. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილია ანგარიშსწორებისას მიმწოდებელს გამოუქვითოს პირგასამტეხლოს სახით მასზე დარიცხული თანხა (შემსყიდველი შეატყობინებს წერილით ჯარიმის დაკისრების თაობაზე.)
5.5. მხარეთა შორის 2020 წლის 20 იანვარს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №01/501/20 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ იკისრა მოპასუხის ბალანსზე რიცხული, დანართი №1-ით გათვალისწინებული „რენო დოკერის“ ტიპის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი №2-ის (პრეისკურანტი) შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 46 000 ლარით, რაც მოიცავდა როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს.
5.6. ხელშეკრულების 10.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.25%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 10.5. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილია ანგარიშსწორებისას მიმწოდებელს გამოუქვითოს პირგასამტეხლოს სახით მასზე დარიცხული თანხა (შემსყიდველი შეატყობინებს წერილით ჯარიმის დაკისრების თაობაზე.)
5.7. მხარეებს შორის 2020 წლის 21 იანვარს, დაიდო კიდევ ერთი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №01/501/22 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ იკისრა მოპასუხის ბალანსზე რიცხული, დანართი №1-ით გათვალისწინებული „TOYOTA“ და „LEXUS“ მარკის და მოდელის ავტომანქანების ტექნიკური მომსახურება დანართი №2-ის (პრეისკურანტი) შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 282 000 ლარით, რაც მოიცადა როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე, ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს.
5.8. ხელშეკრულების 10.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.10%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 10.5. პუნქტის მიხედვით, შემსყიდველი უფლებამოსილია ანგარიშსწორებისას მიმწოდებელს გამოუქვითოს პირგასამტეხლოს სახით მასზე დარიცხული თანხა (შემსყიდველი შეატყობინებს წერილით ჯარიმის დაკისრების თაობაზე.) 7.2. ასევე, დადგენილია და მხარეთა შორის სადავოდ არ ხდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მიმწოდებელმა დაარღვია მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადები, რის გამოც მოპასუხემ მას სამივე ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში დაარიცხა - 81 715.5 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო. მოპასუხემ მოსარჩელეს წერილობით აცნობა პირგასამტეხლოს თითოეული დარიცხვის შესახებ. დადგენილია, რომ სამივე ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია 263 279.84 ლარის ღირებულების მომსახურება, საიდანაც მოპასუხემ მოსარჩელეს ჯამში გადაურიცხა - 184 880.39 ლარი, ხოლო 78 399.45 ლარი დაუკავა (დაუქვითა) დარიცხული პირგასამტეხლოს ანგარიშში, კერძოდ: №01/501/19 ხელშეკრულებიდან შესრულდა 23 341.35 ლარის ღირებულების მომსახურება, საიდანაც დეპარტამენტმა კომპანიას გადაურიცხა 13 683.9 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლოს გამო გამოუქვითა 9 657.45 ლარი;
5.9. №01/501/20 ხელშეკრულებიდან შესრულდა 25 472.9 ლარის ღირებულების მომსახურება, საიდანაც დეპარტამენტმა მენარდეს გადაურიცხა 24 314.9 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლოს გამო გამოუქვითა 1 158 ლარი; №01/501/22 ხელშეკრულებიდან შესრულდა 205 053.29 ლარის ღირებულების მომსახურება, საიდანაც დეპარტამენტმა მენარდეს გადაურიცხა 146 881.59 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლოს გამო, გამოუქვითა 67 584 ლარი. 2021 წლის 12 მარტს დაპარტამენტმა გამოითხოვა საბანკო გარანტია 3 316.05 ლარის ოდენობით, რითაც დაფარა მოსარჩელეზე დარიცხული პირგასამტეხლოს დარჩენილი ნაწილი.
5.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულების 10.3 და 10.5 ქვეპუნქტების ბათილად ცნობა და პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ განსაზღვრა იყო 0.02% ოდენობით. მოსარჩელე უთითებდა, რომ სადავო პირობები, კერძოდ პირგასამტეხლოს პროცენტი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად განისაზღვრა, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ.
5.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება ხელშეკრულების სადავოდ გამხდარი პირობების სტანდარტულ პირობებად მიჩნევის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია, პასუხობდა თუ არა ხელშეკრულების სადავო პირობები სტანდარტულ პირობებად მიჩნევისათვის სავალდებულო ნიშნებს, მათ შორის, არ დადგენილა, სადავო პირობები იყო თუ არა მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები ანუ შემსყიდველი იგივე პირობებს სთავაზობდა თუ არა სხვა დაინტერესებულ პირებსაც. თუმცა, იმ შემთხვევაშიც, თუ ზემოხსენებული ხელშეკრულების სადავო პირობები ჩაითვლებოდა ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მაინც არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან, ამისათვის გასათვალისწინებელი იყო სსკ-ის 346-ე მუხლის დანაწესი.
5.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელე ხელშეკრულების გაფორმების სტადიაზე მოკლებული იყო შესაძლებლობას, შედავებოდა ხელშეკრულების იმ სტანდარტულ პირობას, რომელიც ითვალისწინებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გამოქვითვას, ისევე როგორც პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას.
5.13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელისთვის, რომელიც წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, სატენდერო შეთავაზების ეტაპზე, ცნობილი იყო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ხელშეკრულების სადავო 10.3 და 10.5 პუნქტების თაობაზე და მისი მხრიდან, თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, ტენდერში მონაწილეობის შედეგად და მასში გამარჯვების საფუძველზე, გაფორმდა მოპასუხესთან ხელშეკრულებები, რომლის სადავოდ გამხდარი პუნქტები სააპელაციო სასამართლოს შეფასებით არ წარმოშობდა სსკ-ის 346-ე მუხლით გათვალისწინებულ ბათილობის საფუძვლებს.
6. მოსარჩელის საკასაციო მოთხოვნა
6.1.მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი წარადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
6.2.კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-151 მუხლი, უთითებს, რომ ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ასეთი ნორმატიული აქტი არის „ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2019 წლის 13 თებერვლის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“. მითითებული ნორმატიული აქტის (მე-2 მუხლის პირველი პუნტის „ფ“ ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის „ა“ პუნქტი), ისევე როგორც თავად „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის (მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი) თანახმად, ტენდერში გამარჯვებულად ცხადდება ის სამეწარმეო სუბიექტი, ვინც ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს შემსყიდველს. ასევე, აღსანიშნავია რომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ ხელშეკრულება სავალდებულო წესით უნდა დაიდოს. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-16 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის უნდა დაიდოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის არსებით პირობებს ადგენს უშუალოდ შემსყიდველი. აქვე აღსანიშნავია, რომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა იწვევს მის ჩანაცვლებას ტენდერში მონაწილე სხვა სუბიექტით.
6.3.ამასთანავე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 2015 წლის 29 ოქტომბერს N19 ბრძანებით დამტკიცებული ნორმატიული აქტის - „შავი სიის წარმოების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა წარმოადგენს მიმწოდებლის „შავ სიაში“ დარეგისტრირების დამოუკიდებელ საფუძველს და „შავ სიაში“ დარეგისტრირება ერთი წლის განმავლობაში უკრძალავს ასეთ სუბიექტს ნებისმიერ ტენდერში/აუქციონში მონაწილეობის მიღებას, ამასთანავე მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მის საქმიან რეპუტაციას და ლახავს მის ე.წ. „საქმიან სახეს“. შესაბამისად, როგორც აღინიშნა, ხელშეკრულებაზე ხელმოწერა განხორციელდა არა მხარეთა მოლაპარაკების, არამედ ტენდერში გამარჯვების შედეგად და შპს „მ–სი“ იძულებული იყო დათანხმებოდა შემსყიდველის მიერ ხელმოსაწერად გადაცემულ ხელშეკრულების ტექსტს, რომელიც შეიცავს განსახილველ საქმეზე მითითებულ უსამართლო დებულებებს. ამდენად, ხელშეკრულების დადების წინაპირობა იყო ელექტრონული ტენდერი.
6.4.კასატორის განმარტებით, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ კანონიერი მოლოდინი ჰქონდა, რომ აუნაზღაურდებოდა შესრულებული სამუშაოს საფასური, რასაც ხელს უშლიდა მოპასუხისთვის ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით დადგენილი შესაძლებლობა გამოექვითა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
10. სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების 10.3 და 10.5 პუნქტების ბათილად ცნობა და პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ განსაზღვრა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.02% ოდენობით. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს, რომ ხელშეკრულებების დებულებები პირგასამტეხლოს განსაზღვრასთან დაკავშირებით სტანდარტულ პირობებს შეიცავს, რომლებიც ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად აღნიშნული პირობები ბათილია.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვის ასპექტში, ერთ-ერთ გამოვლინებად სტანდარტული პირობები განისაზღვრა. სტანდარტული პირობების მთელ არსს კონკრეტული ხელშეკრულების ხშირი გამოყენება წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში ერთ-ერთ მხარეს გააჩნია ე.წ. ფორმულარი ხელშეკრულება, რომელსაც სტანდარტული პირობებით იყენებს. სამეცნიერო ლიტერატურაში ამგვარი დოკუმენტი „ტიპობრივ სახელშეკრულებო ფორმულარადაცაა“ მოხსენიებული. მისი გამოყენება აიოლებს და ორმაგად აჩქარებს თანამედროვე ეპოქაში არსებულ ტენდეციას - ხელშეკრულება შედგენილ იქნეს სწრაფად და მისმა მონაწილე პირებმა დრო არ დაიკარგონ, ცალკე ხელშეკრულების პირობების ჩამოყალიბებისთვის. სწორედ ასეთი პრაქტიკული დანიშნულება და საჭიროება წარმოადგენს ხელშეკრულების თავისუფლებისთვის სსკ-ში ცალკე მომწესრიგებელი ნორმების აუცილებლობას.
12. საქართველოში ხელშეკრულების სტანდარტული პირობები ევროპული კერძო სამართლის რეცეფციის შედეგს წარმოადგენს. სსკ-ის 342-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისთვის დამახასიათებელია შემდეგი წინაპირობები: ა) იგი უნდა იყოს წინასწარ ჩამოყალიბებული; ბ) გამიზნული უნდა იყოს მრავალჯერადი გამოყენებისთვის; გ) ერთი მხარე უნდა ადგენდეს კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის და დ) აღნიშნულის მეშვეობით კანონით დაგდენილი ნორმებისგან განსხვავებული ან უნდა მოხდეს მათი შემვსები წესების დადგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება იმის თქმა, რომ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები მრავალჯერად დასადებ ხელშეკრულებებთან მიმართებით გამოიყენება.
13. სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული პირობები. რომლებსაც შემთავაზებელი აყალიბებს ხელშეკრულების დადებამდე და მათი შეთავაზება ხდება ყველა მომხმარებლისათვის სტანდარტული ფორმით და არ დგინდება ინდივიდუალურად. სტანდარტული პირობები არის მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები. მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნულობა გულისხმობს სტანდარტული პირობების არაერთჯერად ხასიათს, ანუ შემთავაზებლის მიერ ჩამოყალიბებული პირობები არ არის გამიზნული მხოლოდ ერთ ან რამდენიმე კონკრეტულ პირთან დასადები ხელშეკრულებისათვის და ისინი აბსოლუტურად ყველა მომხმარებლისათვის საერთოა. ეს დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს, თუ შემთავაზებელმა ჩამოაყალიბა სტანდარტული პირობა, მისი მრავალჯერადი გამოყენება არის სავალდებულო და სხვა შემთხვევაში არ შეიძლება პირობა ჩავთვალოთ სტანდარტულად. აღნიშნული დათქმა გულისხმობს არა პირობის მრავალჯერადად გამოყენების ვალდებულებას, არამედ მრავალჯერადი გამოყენებადობის შესაძლებლობას, ანუ პირობა ისეთი ფორმით უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იყოს არაერთჯერადად, ნებისმიერი მომხმარებლის მიმართ.
14. სტანდარტულ პირობებს ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს ანუ სტანდარტული პირობის შინაარსი ფორმულირებული და დადგენილია მხოლოდ შემთავაზებლის მიერ და სამართალურთიერთობის მონაწილე მეორე მხარეს არ აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს მისი შინაასის ფორმულირებაზე.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეზღუდვის საფუძველი და ამასთანავე, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არ იარსებებს, თუ მხარე ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს მხოლოდ კონკრეტული, მის მიერ განსაზღვრული პირობებით გაწერილ ხელშეკრულებას შესთავაზებს. აღნიშნულით მხარის თავისუფლება არ იბოჭება. კერძოდ, ასეთის არსებობისთვის საჭიროა, რომ შესაბამისი ხელშეკრულება მრავალჯერადი გამოყენებისთვის იყო გამიზნული.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მიმწოდებელი პირი წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, რომლისთვისაც სატენდერო შეთავაზების ეტაპზევე ცნობილი იყო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების პირობების, მათ შორის სადავო 10.3 და 10.5 პუნქტების თაობაზე და მისი მხრიდან, თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, ტენდერში მონაწილეობის შედეგად და მასში გამარჯვების საფუძველზე, გააზრებულად გააფორმა მოპასუხესთან ხელშეკრულებები, რომლის სადავოდ გამხდარი პუნქტები ვერ წარმოშობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლით (ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად ხელშეკრულებაში მისი ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებები, რომელთა არსებობისას იქნა ეს პირობები ხელშეკრულებაში შეტანილი, მხარეთა ორმხრივი ინტერესები და სხვა.) გათვალისწინებული ბათილობის საფუძველს.
17. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა განხორციელდა არა მხარეთა მოლაპარაკების, არამედ ტენდერში გამარჯვების შედეგად და შპს „მ–სი“ იძულებული იყო დათანხმებოდა შემსყიდველის მიერ ხელმოსაწერად გადაცემულ ხელშეკრულების ტექსტს(მათ შორის 10.3 და 10.5 პუნქტებს, რომლითაც განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა), რომელიც შეიცავს განსახილველ საქმეზე მითითებულ უსამართლო დებულებებს.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი მხარეთა მიერ განსაზღვრის შესაძლებლობა. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან სკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
19. საკასაციო სასამართლო, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების 5.11 ქვეპუნქტში აღნიშნულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობად მიჩნევის გარემოება, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას ხელშეკრულების სადავო პუნქტების სტანდარტულ პირობად მიჩნევის საკითხი შეეფასებინა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხსენებული საკითხი არის სამართლებრივი შეფასების კატეგორია, რაც არ უნდა იქნეს მიჩნეული ფაქტობრივ გარემოებად, რომლის შეუდავებლობის შემთხვევაშიც, სასამართლო მას ვერ შეაფასებს.
20. აქვე, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვ. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. არაერთ საქმეშია განმარტებული, რომ კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (სუსგ-ები: №ას-226-2019, 24 აპრილი, 2020წ., №ას-1338-1376- 2014, 29 ივნისი, 2015წ).
21. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
22. სსკ-ის 325-ე მუხლის მიხედვით, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი (სსკ-ის 8.3. მუხლი). ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, მისგან გამომდინარე მოთხოვნების შეფასებისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მხარეთა კეთილსინდისიერებას, ვინაიდან, მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესის კეთილსინდისიერების პრინციპზეა დაფუძნებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8.3 და 115-ე მუხლების საფუძველზე ნებისმიერი ურთიერთობის სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასებისას, მხედველობაში მიიღება სამოქალაქო უფლებათა გონივრული, სამართლიანი, თანაზომიერი განხორციელება. კეთილსინდისიერების პრინციპს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მხარეთა უფლებებისა და მოვალეობის დადგენის (წარმოშობის) დროს, არამედ უფლებებისა და მოვალეობის განხორციელების დროსაც. კერძო-სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ უპირობოდ მაინც მას ეფუძნება.
23. მოსარჩელის მტკიცებით, ხელშეკრულების სადავო პუნქტების ფორმულირება, მხარეს ართმევს შესაძლებლობას მოეთხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის პრეტენზიის პასუხად განმარტავს, რომ ხელშეკრულების სადავო პირობების მიუხედავად მოსარჩელეს ჰქონდა უფლება მოეთხოვა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება, მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმების მიუხედავად. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე(იხ.სუსგ.№ას-1597-2019,13.12.2019 წ) ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების სადავო პირობები, სასამართლოსთვის არ წარმოადგენდა დაბრკოლებას ემსჯელა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, ასეთის არსებობისას.
24. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, ზემოაღნიშნული გარემოებებისა და დასაბუთების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველი, რადგან არ არსებობს მისი დასაშვებად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „მ–სს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 13/02/2024) 4 085.78 ლარის 70% - 2 860.046 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე