საქმე№ას-78-2024 26 დეკემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - ნ.ნ–ვი, ა.ნ–ვი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.გ–ვი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინება;
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
დავის საგანი - დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. ნ.ნ–ვმა და ა.ნ–ვმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ი.გ–ვის წინააღმდეგ, მოითხოვეს მოპასუხის გათავსუფლება შპს „ე.ო–ის“ დირექტორის თანამდებობიდან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოსარჩელეთა სააპელაციო მოთხოვნა
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები, ასევე დადგენილი გარემოებები.
4.3. შპს „ე.ო–ი“ რეგისტრაციაში გატარდა 22.05.2018 წელს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. საზოგადოების დირექტორად დაინიშნა რ.ნ–ვი, ხოლო პარტნიორები შემდეგი წილობრივი მონაწილეობით არიან: ი.გ–ვი - 50%, ნ.ნ–ვ - 25%, რ.ნ–ვი - 20% და ს.ა - 5%. საზოგადოების საქმიანობის საგნად განისაზღვრა ზეთის გადამუშავება და სხვ.
4.4. 24.01.2020 წლის მდგომარეობით, შპს „ე.ო–ის“ დირექტორია ი.გ–ვ, საზოგადოების პარტნიორები არიან: ნ.ნ–ვ - 25%, ს.ა - 5%, ი.გ–ვ - 50% და ა.ნ–ვი - 20%.
4.5. 08.08.2022 წლის მდგომარეობით, შპს „ე.ო–ის“ დირექტორია ი.გ–ვ, საზოგადოების პარტნიორები არიან: ი.გ–ვ - 50%, ა.ნ–ვი - 20% და ნ.ნ–ვ - 30%.
4.6. 2022 წლის 16 ივნისს, 2022 წლის 8 აგვისტოს და 2022 წლის 21 სექტემბერს ჩატარდა შპს „ე.ო–ის“ პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრება დირექტორის თანამდებობიდან ი.გ–ვის გათავისუფლების საკითხის განხილვის მიზნით. თუმცა, კრებამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
4.7. 2022 წლის 6 ოქტომბერს, ჩატარდა შპს „ე.ო–ის“ პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრება, სადაც კომპანიის 50% წილის მესაკუთრე პარტნიორებმა: ნ. 9 ნ–მა და ა.ნ–მა მხარი დაუჭირეს ი.გ–ვის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. ი.გ–ვის, როგორც 50% წილის მესაკუთრე პარტნიორის ხმა, რომელიც არ დაეთანხმა დირექტორის გათავისუფლებას, არ იქნა გათვალისწინებული.
4.8. 2022 წლის 11 ოქტომბერს, ნ.ნ–ვის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შპს „ე.ო–ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. კერძოდ, მოთხოვნილ იქნა ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილება. განცხადებასთან ერთად წარდგენილ იქნა კომპანიის პარტნიორთა 2022 წლის 6 ოქტომბრის კრების ოქმი. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა - დირექტორის ცვლილების რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
4.9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტები მოითხოვენ რეგისტრირებული დირექტორის ი.გ–ვის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას (რომელიც ამავდროულად არის კომპანიის 50% წილის მესაკუთრე პარტნიორი). აპელანტთა მტკიცებით, კომპანიის დირექტორი მოქმედებს საწარმოს ინტერესების საზიანოდ, პარტნიორთა კრებაზე სათანადო რაოდენობის ხმის არ არსებობის გამო, ვერ ხდება გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც მოსარჩელეები წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვენ დირექტორის გადაყენებას.
4.10. მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 41.1 მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო საზოგადოებაში ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად სამეწარმეო საზოგადოებას უნდა ჰყავდეს ხელმძღვანელი ორგანო. ამ ორგანოს უფლებამოსილება, აგრეთვე მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება კანონითა და წესდებით. იმავე კანონის 44.1 მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების, კოოპერატივის ხელმძღვანელ პირს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო კრება, თუ მისი დანიშვნა არ განეკუთვნება სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საერთო კრება, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს თანამდებობიდან ხელმძღვანელი პირი შესაბამისი საფუძვლის მითითების გარეშე. ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ამ დებულებას ეწინააღმდეგება, ბათილია. ამდენად, მოხმობილი საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, კომპანიის დირექტორის გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილია პარტნიორთა საერთო კრება (რიგ შემთხვევებში სამეთვალყურეო საბჭო).
4.11. დადგენილია, რომ 2022 წლის 16 ივნისს, 2022 წლის 8 აგვისტოს და 2022 წლის 21 სექტემბერს ჩატარდა შპს „ე.ო–ის“ პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრება დირექტორის თანამდებობიდან ი.გ–ვის გათავისუფლების საკითხის განხილვის მიზნით. თუმცა, კრებამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ასევე, 2022 წლის 6 ოქტომბერს ჩატარდა შპს „ე.ო–ის“ პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრება, სადაც კომპანიის 50% წილის მესაკუთრე პარტნიორებმა: ნ.ნ–ვმა და ა.ნ–ვმა მხარი დაუჭირეს ი.გ–ვის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. ი.გ–ვის, როგორც 50% წილის მესაკუთრე პარტნიორის ხმა, რომელიც არ დაეთანხმა დირექტორის გათავისუფლებას, არ იქნა გათვალისწინებული.
4.12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პარტნიორთა კრებას დირექტორის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც, აპელანტებს სხვა დირექტორი უნდა დაენიშნათ გათავისუფლებული დირექტორის ნაცვლად რათა საწარმოს არ შეექმნას არსებობის პრობლემა და არ დადგეს ლიკვიდაციის წინაშე.
4.13. აპელანტებს სასამართლოში არ წარუდგენიათ და არც გაუსაჩივრებიათ კანონით დადგენილი წესით მოწვეული პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შეუძლებლობისა და მის ნაცვლად სხვა დირექტორის დანიშვნაზე.
4.14. მოსარჩელეები, დირექტორის ი.გ–ვის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მის ნაცვლად სხვა დირექტორის დანიშვნის თაობაზე პარტნიორთა კრების შესაბამისი გადაწყვეტილების არარსებობისა და მისი გასაჩივრების არარსებობის პირობებში პირდაპირ სასამართლოს მეშვეობით ითხოვენ საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რაც არ გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საზოგადოების წესდების ნორმების მიზნებიდან.
4.15. დადგენილია, რომ 2022 წლის 11 ოქტომბერს ნ.ნ–ვის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შპს „ე.ო–ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. მოთხოვნილია ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილება. განცხადებასთან ერთად წარდგენილია შპს „ე.ო–ის“ პარტნიორთა 2022 წლის 6 ოქტომბრის კრების ოქმი. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით განმცხადებლის მოთხოვნა დირექტორის ცვლილების რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მითითებულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა წარადგინეს აღიარებითი სარჩელი და სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების გზით მოითხოვეს პირის დირექტორის პოზიციიდან გადაყენება.
4.16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელით მოთხოვნილია სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება. არსებული სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, თუ დაკმაყოფილდა სარჩელი (პირობითად რომ დავუშვათ), იქმნება ის მოცემულობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ახალი დირექტორის დანიშვნამდე საზოგადოება რჩება ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირის გარეშე. აღნიშნული კი არ შეესაბამება მეწარმე სუბიექტის ინტერესებს. ასეთ პირობებში, ბუნდოვანია, მხოლოდ დირექტორის თანამდებობიდან გადაყენება რა სამართლებრივი შედეგის მომტანი იქნება როგორც მოსარჩელეებისათვის, ისე იურიდიული პირისთვის.
5. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი
5.1. მოსარჩელეებმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
5.2. კასატორების განმარტებით, სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია დირექტორის გადაყენებაზე, არ შეუფასებია წარდგენილი მტკიცებულებები. კასატორების განმარტებით, სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონოდ არ მიიჩნია დირექტორის ქმედებების კომპანიისთვის ზიანის მიმყენებელ ქმედებებად.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვალი განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის მოთხოვნისა და საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით სასამართლოს შეფასების საგანია სამეწარმეო საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის საფუძვლიანობა.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს იურიდიული პირის, როგორც სამართალსუბიექტის დამოუკიდებლობის ზოგად პრინციპს და ყოველი კონკრეტული შემთხვევის რეგულირების მატერიალური საფუძველი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული. მითითებული კანონის მე-13 თავში მოცემულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მახასიათებელი სპეციალური წესები, ხოლო 127-ე მუხლით დადგენილია, რომ საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პარტნიორთა კრება წარმოადგენს საზოგადოების მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელ უმთავრეს ინსტრუმენტს. სწორედ საერთო კრებაზე ფორმირდება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები.
12. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც შექმნილია პარტნიორების მიერ კაპიტალის გაერთიანების შედეგად. თუმცა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის იურიდიული პირი და მას აქვს დამოუკიდებელი სამართლებრივი მდგომარეობა, ფაქტობრივად, მის უკან დგანან პარტნიორები, რომლებიც მათი წილის შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებებს საერთო კრებაზე და განსაზღვრავენ საზოგადოების საქმიანობის პოლიტიკას. სასამართლოს მიაჩნია, რომ პარტნიორთა ურთიერთდამოკიდებულება უნდა ხასიათდებოდეს ნდობის მაღალი ხარისხით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია საზოგადოების მიერ იმ მიზნის მიღწევა და პარტნიორთა ნების განხორციელება, რომ მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობიდან (მეწარმეობიდან) საწარმომ მიაღწიოს წარმატებას და მისგან პარტნიორებმა მიიღონ სარგებელი (სუსგ. №ას-577-545-2011 23 მაისი, 2011 წელი).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 126-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია ხელმძღვანელი პირის თანამდებობაზე დანიშვნის, მასთან სასამსახურო ხელშეკრულების დადებისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
14. შპს „ე.ო–ის“ წესდების 3.6 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშის დამტკიცების შესახებ. ამდენად, როგორც კანონის, ისე საწარმოს წესდების თანახმად, მხოლოდ პარტნიორთა კრებას შეუძლია დირექტორის დანიშვნის/გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, რადგან არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი და არც სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს სხვა პირის ან პირდაპირ სასამართლოს მიერ დირექტორის განთავისუფლების შესაძლებლობას.
15. მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებითაც, რომ დაადასტუროს დირექტორის მიერ კომპანიისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მისი დირექტორის პოზიციიდან გამოწვევა შესაძლებელია პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ამასთან პარტნიორთა შესაბამისი ოქმის გაუსაჩივრებლობის პირობებში, დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, სასამართლო, საკითხის გადაწყვეტისათვის ვერ შეისწავლის კონკრეტული პირის ქცევას. სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეაფასოს და იმსჯელოს დირექტორის განთავისუფლების საკითხზე, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, როგორც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, ასევე მოცემული საზოგადოების წესდება ცალსახად და იმპერატიულად ადგენს, რომ აღნიშნული მხოლოდ კომპანიის პარტნიორთა კრების დისკრეციას წარმოადგენს. ამდენად, სასამართლო, სპეციალური ნორმატიული აქტების რეგულაციის პირობებში ვერ ჩაერევა აღნიშნულ სამეწარმეო ურთიერთობების მოწესრიგებაში.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განმარტეს, რომ მიუხედავად იმისა, პარტნიორების 50-50%-იანი წილობრივი მონაწილეობა კომპანიაში აძნელებს კონკრეტული მხარისათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, აღნიშნული ვერ გახდება სამეწარმეო ურთიერთობებში სასამართლოს ჩარევის საფუძველი. პარტნიორები ვალდებულნი არიან თავად დაარეგულირონ ურთიერთობები და იმოქმედონ მხოლოდ საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, რათა თავიდან აარიდონ მას ყოველგვარი ზიანი, თუნდაც იმიტომ, რომ კომპანიის უკან დგას სწორედ პარტნიორთა ქონებრივი ინტერესები. სასამართლოს ჩარევა განსახილველ ურთიერთობაში თავდაყირა აყენებს სამეწარმეო სამართლით განმტკიცებულ პრინციპებს და წარმოადგენს სახელმწიფოს უხეშ ჩარევას კერძო ავტონომიაში. სამეწარმეო ურთიერთობებში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა პარტნიორების საერთო ქონება - კომპანია. ისინი შეთანხმებული არიან კომპანიის დაფუძნებისას, რომ დირექტორს მხოლოდ ერთობლივად დანიშნავენ, იმავეს ამბობს კანონიც. შეთანხმებულ წესდებაში გაწერილია მათი ნება, რომლითაც მათ განსაზღვრეს საკუთარი უფლება-მოვალეობები. მაშინ როდესაც კომპანიას აფუძნებს პარტნიორები თანაბარი წილობრივი მონაცემებით, ისინი თავიდანვე მიდიან გარკვეულ რისკებზე. როგორც წესი ასეთ შემთხვევაში პარტნიორები თავიდანვე შეგნებულად თანხმდებიან, რომ დავის არსებობის შემთხვევაში იმოქმედონ კომპანიის საუკეთესო ინტერესებისათვის.
17. ამდენად, კანონისა და წესდების საფუძველზე, დირექტორის გათავისუფლება ხორციელდება პარტნიორების მიერ თავისუფლების საწყისებზე გამოვლენილი ნების საფუძველზე. შესაბამისად, დაუშვებელია ნებაზე ზემოქმედება იძულების წესით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პარტნიორთა კრებას არ მიუღია გადაწყვეტილება დირექტორის ი.გ–ვის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მის ნაცვლად სხვა დირექტორის დანიშვნის თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის განთავისუფლების შემთხვევაშიც კი, აუცილებელია პარალელურად სხვა დირექტორის დანიშვნაც განთავისუფლებული დირექტორის ნაცვლად, რათა საწარმოს არ შეექმნას არსებობის პრობლემა და არ დადგეს ლიკვიდაციის წინაშე. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელეებს სასამართლოში არ წარმოუდგენიათ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება დირექტორის ი.გ–ვის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მის ნაცვლად სხვა დირექტორის დანიშვნის თაობაზე. ამასთან, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ და არც გაუსაჩივრებით კანონით დადგენილი წესით მოწვეული პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება დირექტორის ი.გ–ვის თანამდებობიდან გათავისუფლების შეუძლებლობისა და მის ნაცვლად სხვა დირექტორის დანიშვნაზე მოწინააღმდეგე მხარის უარის თქმის თაობაზე. მოსარჩელეები დირექტორის ი.გ–ვის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მის ნაცვლად სხვა დირექტორის დანიშვნის თაობაზე პარტნიორთა კრების შესაბამისი გადაწყვეტილების არარსებობისა და მისი გასაჩივრების არარსებობის პირობებში პირდაპირ სასამართლოს მეშვეობით ითხოვენ საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რაც არ გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და საზოგადოების წესდების ნორმების მიზნებიდან.
19. ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებშიც კი, სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, საწარმო რჩება დირექტორის გარეშე, რაც გამოიწვევს საწარმოს ინტერესების საზიანო ქმედებებს.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად საკასაციო პალატა კასატორთა არაძირითად არგუმენტებზე აღარ იმსჯელებს (იხ., „ ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორებს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი იქნებოდა არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საქმეზე სხვა შედეგის მიღწევის შესაძლებლობა.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლით, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. და ა.ნ–ვების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №38155409, გადახდის თარიღი 08/02/2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე