საქმე №ას-665-2024
28 თებერვალი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი - გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ნ.გ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სარჩელი, ნ.გ–ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ იურიდიულ ფაქტები:
4.2.1 2020 წლის ივლისში „ნ.გ–მა, დაბა ......, მისი საცხოვრებელი სახლის უკან, რეკრეაციულ ტერიტორიაზე და ტყის ფონდში 246.65 მ2 და 339.85 მ2 ფართობზე უკანონოდ მოხსნა მიწის ნაყოფიერი ფენა და მის ქვეშ არსებული მიწის ფენა, რომელიც გაიტანა და გადაასწორა ტყის ფონდში 339 მ2 ფართობზე და ასევე, მოახდინა მიწის ნაყოფიერი ფენის დეგრადაცია სამივე უბანზე.
4.2.2 2020 წლის 17 სექტემბერს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 512-ე მუხლით და 52-ე მუხლით.
4.2.3 ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2020 წლის 09 ნოემბრის დადგენილების თანახმად, ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ.გ–ის ქმედება - მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, ასევე მიწის დეგრადაცია - გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 18-ე მუხლის თანახმად წარმოადგენდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას. შესაბამისად, ნ.გ–ის მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 512-ე და 52-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოება შეწყდა.
4.2.4 ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაეყრდნო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 6 ნოემბრის წერილს. რომლის თანახმად, მერიის წარმომადგენლის მიერ დათვალიერებული იქნა დაბა ....... ნ.გ–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და დადგინდა, რომ არსებული ტერიტორია წარმოადგენდა მეწყერსაშიშ ზონას.
4.2.5 თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2021 წლის 23 თებერვლის დადგენილებით არ გაიზიარა ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დასკვნა უკიდურესი აუცილებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და მიუთითა, რომ „ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, თუკი იგი არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. აღნიშნულ მტკიცებულებად კი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 06 ნოემბრის წერილი, რაც პალატის მოსაზრებით, ვერ ჩაითვლება იმის უტყუარ დასტურად, რომ ნ.გ–ი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, მით უფრო, რომ წერილის თანახმად, არსებულ ტერიტორიაზე მიწის გათხრითი სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელია გეოლოგიური კვლევის განხორციელება და შესაბამისი დასკვნის და რეკომენდაციის მომზადება, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის.“
4.2.6 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული "ტექნიკური რეგლამენტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების)" მეთოდიკის 4-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გამოანგარიშებული იქნა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოხსნითა და ნაყოფიერი ნიადაგის დეგრადირებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რამაც შეადგინა 14,657.30 ლარი.
4.2.7 გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე მოქმედებდა თვითდახმარების ფარგლებში, რამდენადაც მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთი (ს/კ ........) მეწყერსაშიშ ზონას წარმოადგენდა.
4.3 სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 6 ნოემბრის წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ დაბა ......., ნ.გ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მეწყერსაშიშ ზონას.
4.4 სააპელაციო პალატამ, ასევე მიუთითა ნ.გ–ის დაკვეთით 2020 წლის დეკემბერში, ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციებზე, რომლის თანახმად, საკვლევ ტერიტორიასთან არსებული ფერდი პრობლემას უქმნის საცხოვრებელ სახლს, რადგან პერიოდული წვიმებისა და ზედაპირული წყლები აზიანებენ არსებული სახლის საძირკველს. აქედან გამომდინარე, საჭიროა მოხდეს სახლიდან 3-5 მეტრის რადიუსში ფერდის მოჭრა და საყრდენი კედლის გაკეთება, რომლის შემთხვევაშიც მოხდება სხვადასხვა არახელსაყრელი პირობების განვითარების თავიდან აცილება.
4.5 სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 118-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება, მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება იმ პირის მოქმედება, რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს, გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს, ან ამავე მიზნით შეიპყრობს ვალდებულ პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს, ანდა აღკვეთავს ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას უნდა შეესრულებინა.
4.6 სააპელაციო პალატამ „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 1.2 მუხლზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ნიადაგის დაცვა სახელმწიფოებრივი პრობლემაა. სახელმწიფოს აკისრია ქმედითი ვალდებულება, იზრუნოს მეწყრული პროცესების თავიდან აცილებისათვის საკუთრივ ნიადაგის, და რაც მთავარია, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის კონტექსტში.
4.7 სააპელაციო პალატამ განმარტა - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ.გ–ი მოქმედებდა თვითდახმარების ფარგლებში, ვინაიდან როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 06 ნოემბრის N16-16203118 წერილით, ისე საინჟინრო- გეოლოგიური კვლევით უტყუარად დადასტურებულია მეწყერის რეალური საფრთხის არსებობა, რომელსაც შესაძლოა გამოეწევია როგორც პირის ქონების, ისე ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა. ამდენად, პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ ნ.გ–ის მიერ მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა განხორციელდა არსებულ კონკრეტულ სიტუაციაში, მისი ქონებისა და ოჯახის წევრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, როგორც უკიდურესი ზომა მყისიერი საფრთხის არსებობის პირობებში.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ, არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად ის, რომ დაბა ......., ნ.გ–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს/კ .......) წარმოადგენს მეწყერსაშიშ ზონას. აღნიშნული გარემოების დადგენისას სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 09 ნოემბრის დადგენილებისა (საქმე No3966610-4/183-20) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 23 თებერვლის დადგენილების სამოტივაციო ნაწილებს. კერძოდ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2020 წლის 09 ნოემბრის დადგენილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია შემდეგი: „სასამართლოში წარმოდგენილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 06 ნოემბრის წერილით დადგენილია, რომ მერიის წარმომადგენლის მიერ დათვალიერებული იქნა დაბა ....... ნ.გ–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და დადგინდა, რომ არსებული ტერიტორია წარმოადგენს მეწყერსაშიშ ზონას. არსებულ ტერიტორიაზე მიწის გათხრითი სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელია გეოლოგიური კვლევის განხორციელება და შესაბამისი დასკვნის და რეკომენდაციის მომზადება". თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ არ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა - უკიდურესი აუცილებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და მიუთითა, რომ: „ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, თუკი იგი არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. აღნიშნულ მტკიცებულებად კი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 06 ნოემბრის წერილი, რაც პალატის მოსაზრებით, ვერ ჩაითვლება იმის უტყუარ დასტურად, რომ ნ.გ–ი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, მით უფრო, რომ წერილის თანახმად, არსებულ ტერიტორიაზე მიწის გათხრითი სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელია გეოლოგიური კვლევის განხორციელება და შესაბამისი დასკვნის და რეკომენდაციის მომზადება, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის". სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნის სისწორეზე ცხადად მიანიშნებს თავად ბორჯომის მერიის 2020 წლის 06 ნოემბრის წერილის შინაარსიც, სადაც აღნიშნულია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ დაბა ......., მოპასუხე მხარის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ არსებული ტერიტორია წარმოადგენს მეწყერსაშიშ ზონას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მეწყერსაშიში ზონის დადგენა ვერ მოხდებოდა ადგილზე დათვალიერებით, რადგან ის, როგორც წესი, დგინდება გეოლოგიური კვლევებისა და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, რაც დღემდე არ განუხორციელებია მოპასუხეს და რასაც მოწმობს, მოპასუხის 2021 წლის 07 ოქტომბრის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 05 ნოემბრის წერილები.
5.3 გასაჩივრებული განჩინებით ასევე, არასწორად იქნა დადგენილი, რომ ნ.გ–ი მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის დროს თვითდახმარების ფარგლებში მოქმედებდა. აღნიშნული სადავო გარემოების დადგენის პროცესში სააპელაციო პალატა დაეყრდნო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მე-5 გვერდზე მითითებულ მტკიცებულებებს.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივნისის განჩინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან, კერძოდ _ დელიქტიდან გამომდინარეობს და მოსარჩელე მოპასუხეს ედავება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ფულად ანაზღაურებას, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 409-ე და 412-ე მუხლებია. დასახელებულ ნორმათა დანაწესებიდან გამომდინარე, პირისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება დაიშვება, თუ დადგინდება, რომ მისი ქმედება არის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული, ამ ქმედებას შედეგად მოჰყვა ზიანი და არსებობს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და პირის ქმედებას შორის. გარდა ამისა, როდესაც ზიანის ფულადი ანაზღაურება წარმოადგენს დავის საგანს, თავად ზიანის ფაქტიდან გამომდინარე, უნდა გამოირიცხებოდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა (408.1), ამასთან, ზიანი წინასწარ სავარაუდო უნდა იყოს ნებისმიერი საშუალო წინდახედული ადამიანისათვის.
არასახელშეკრულებო ზიანის უზოგადესი და ცენტრალური ნორმაა სსკ-ის 992-ე მუხლი, რომლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი (იხ.სუსგ. №ას-1273-2023, 29.02.2024წ.; №ას-921-2024, 26.07.2024წ.).
11. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ნაწილდება შემდეგნაირად: მოთხოვნის განმაპირობებელი წინაპირობების მტკიცება, მით უფრო, როდესაც ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევიდან გამომდინარე ქმედებაა, ეკისრება მოსარჩელეს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებული თავს გაართმევს კანონით დაკისრებულ მტკიცების სტანდარტს, ზიანის მიმყენებელს ევალება მოთხოვნის გამომრიცხველი წინაპირობების დადასტურება (მაგ: მისი ქმედება წარმოადგენდა მართლზომიერს).
13. საკასაციო პალატის განმარტებით, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეალურად განცდილი დანაკარგების ჯამს. ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი მიმართულია ვალდებულების დარღვევის პრევენციისა და მხარეთა ინტერესების წონასწორობის აღდგენაზე (იხ: სუსგ. №ას-1322-2018,04.04.2019წ.;№ას-921-2024,26.07.2024წ.).
14. კასატორის ძირითადი პრეტენზია შეეხება იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება მოპასუხის მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სახდელის დადებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, თუმცა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დადგენილების სამოტივაციო ნაწილში, სასამართლომ მიუთითა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 06.11.20წ ნოემბრის წერილი, ვერ ჩაითვლებოდა იმის უტყუარ დასტურად, რომ ნ.გ–ი მოქმედებდა უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, მით უფრო, რომ წერილის თანახმად, არსებულ ტერიტორიაზე მიწის გათხრითი სამუშაოების ჩატარებისათვის აუცილებელია გეოლოგიური კვლევის განხორციელება და შესაბამისი დასკვნის და რეკომენდაციის მომზადება, რაც მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის". ამდენად, კასატორის მოსაზრებით, სახეზეა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა მიწის ნაყოფიერი ფენის თვითნებურ მოხსნაში, რის გამოც მოპასუხე წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს.
15. საკასაციო პალატა არ ეთანხმება კასატორის არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის წინაპირობების დადგენის მიზნით, კასატორი მიუთითებს სამართალდარღვევის ოქმსა და დადგენილებაზე, რომლითაც მოპასუხისათვის სანქცია არ დაუკისრებია ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალულ ქმედებას, ამ ქმედების შედეგად სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენებას და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირს დაადასტურებდა. კასატორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს საერთო სასარჩელო წესით.
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა, კიდევ ერთხელ მიუბრუნდება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 06 ნოემბრის მიმართვით უტყუარად დადასტურებულია, რომ დაბა ......., ნ.გ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთი (ს/კ .........) წარმოადგენს მეწყერსაშიშ ზონას. ხოლო, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების თანახმად, დაბა ......., საკვლევ ტერიტორიასთან არსებული ფერდი პრობლემას უქმნის საცხოვრებელ სახლს, რადგან პერიოდული წვიმებისა და ზედაპირული წყლები აზიანებენ არსებული სახლის საძირკველს, აქედან გამომდინარე საჭიროა მოხდეს სახლიდან 3-5 მეტრის რადიუსში ფერდის მოჭრა და საყრდენი კედლის გაკეთება, რომლის შემთხვევაშიც მოხდება თავიდან აცილება სხვადასხვა არახელსაყრელი პირობების განვითარების.
17. საკასაციო სასამართლო, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ კვალიფიციურ შედავება წარუდგინა სასამართლოს. კერძოდ, დოკუმენტური მტკიცებულებები, რომელიც მოპასუხემ თავისი პოზიციის მხარდასაჭერად წარმოადგინა, არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2020 წლის 6 ნოემბრის წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ დაბა ......., ნ.გ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს მეწყერსაშიშ ზონას, ნ.გ–ის დაკვეთით 2020 წლის დეკემბერში, ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციები, რომლის თანახმად, საკვლევ ტერიტორიასთან არსებული ფერდი პრობლემას უქმნის საცხოვრებელ სახლს. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ 2020 წლის ნოემბრიდან მოყოლებული 2022 წლის 7 ივნისამდე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას მიწერა არაერთი განცხადება( 5 განცხადება), რომლითაც ის ითხოვდა უსწრაფეს რეაგირებას ადმინისტრაციული ორგანოებიდან მის ტერიტორიაზე (და არამხოლოდ) მიწის ჩამოწოლიდან გამოწვეული შესაძლო ზიანის თავიდან ასაცილებლად. (ს/ფ 71-დან 180- მდე. ტ.1), რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
18. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს დავის სპეციფიკაზე. მოპასუხის ახსნა-განმარტებით, თვითდახმარების ფარგლებში, მისი მოქმედება - მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და გადაადგილება, გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, რადგან მიწა ჩამოიშალა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე და იყო მეწყერსაშიში ზონა. პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს აკისრია ქმედითი ვალდებულება, იზრუნოს მეწყრული პროცესების თავიდან აცილებისათვის საკუთრივ ნიადაგის და რაც მთავარია, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის კონტექსტში. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს ევალებოდათ მოპასუხის მიერ პირველი შეტყობისთანავე თავად ეზრუნათ იმის გამორკვევაზე, წარმოადგენდა თუ არა მოპასუხის საცხოვრებელი ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონას და რომ ამ ნაწილში მტკიცების ტვირთის ტარება, საკუთრივ მოსარჩელეს უნდა ეტვირთა მოქმედი კანონმდებლობის სულისკვეთებიდან და მისი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე. სააპელაციო პალატამ, ასევე მართებულად მიუთითა რომ უკვე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და პრეზუმფციების (არაერთხელ ჩამოშლილი მიწა) საკმაოდ ძლიერი კომბინაცია შესაძლებელს ხდის იმ დასკვნის გაკეთებას, რომ მოპასუხის საცხოვრისს და შესაბამისად, ოჯახის წევრებსაც, შეექმნათ საფრთხე მოსალოდნელი მეწყრული პროცესის განვითარების გამო.
19. საკასაციო პალატა, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის დაკვეთით, 2020 წლის დეკემბერში, ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციებზე, რომლის თანახმად, საკვლევ ტერიტორიასთან არსებული ფერდი პრობლემას უქმნის საცხოვრებელ სახლს, რადგან პერიოდული წვიმებისა და ზედაპირული წყლები აზიანებენ არსებული სახლის საძირკველს. აქედან გამომდინარე, საჭიროა მოხდეს სახლიდან 3-5 მეტრის რადიუსში ფერდის მოჭრა და საყრდენი კედლის გაკეთება, რომლის შემთხვევაშიც მოხდება სხვადასხვა არახელსაყრელი პირობების განვითარების თავიდან აცილება (იხ: ტ.1, ს.ფ. 109).
20. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 118-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება, მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება იმ პირის მოქმედება, რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს, გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს, ან ამავე მიზნით შეიპყრობს ვალდებულ პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს, ანდა აღკვეთავს ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას უნდა შეესრულებინა.
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 118-ე მუხლის გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობაა, იმ საფრთხის არსებობა, რომ უფლება ვერ განხორციელდება. თვითდახმარების უფლება გამოიყენება, როცა კომპეტენტური ორგანოების დახმარება ვერ ხდება კანონით დადგენილ ვადებში, პროცედურის გაჭიანურების და შეფერხების გამო. საყურადღებოა, რომ კომპეტენტური ორგანოების დახმარება ვერ უნდა ხდებოდეს კანონით დადგენილ ვადებში. ამასთან, დასაშვებია თვითდახმარების გამოყენება მაშინაც, როცა კომპეტენტური ორგანოების დახმარება გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად ობიექტურად ვერ უსწრებს მოთხოვნის დაცვას. თვითდახმარების ფარგლებში გამართლებულია ნებისმიერი ისეთი საშუალების გამოყენება, რომლის გამოყენების უფლებამოსილება ექნებოდა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.
22. თვითდახმარების საშუალების აუცილებლობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, რომელიც იყენებს ამ უფლებას. საკასაციო პალატა განმარტავს, უკიდურესი აუცილებლობისა და აუცილებელი მოგერიების მსგავსად გამართლებული და შესაბამისად მართლზომიერია ისეთი ქმედება, რომელიც საფრთხის თავიდან აცილებისათვის ობიექტურად აუცილებელია.
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხემ არაერთ სახელმწიფო სტრუქტურას მიმართა ქმედების განხორციელების მოთხოვნით, თუმცა მათი მხრიდან, აღნიშნულს რეაგირება არ მოჰყოლია.
24. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მოიცავდა დაბა ....... მისი საცხოვრებელი სახლის უკან, რეკრეაციულ ტერიტორიაზე და ტყის ფონდში მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნისა და მის ქვეშ არსებული მიწის ფენის, ტყის ფონდში გადატანასა და გასწორებას, განხორციელებულ იქნა აუცილებელი თვითდახმარების ფარგლებში. ვინაიდან არსებობდა რეალურ და მყისიერი საფრთხე როგორც საკუთრების, ისე ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფასთან მიმართებით. თვითდახმარების ფარგლებში მოქმედება კი წარმოადგენს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებას.
25. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი. კასატორმა სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მართებული გადაწყვეტილება მიიღო.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
27. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. პროცესის ხარჯები:
კასატორი, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
ეკატერინე გასიტაშვილი