საქმე №ას-1269-2023
29 ოქტომბერი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – კ.ფ–ი, მ.მ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.კ.ფ–მა და მ.მ–მა (შემდეგში ტექსტში, როგორც „მოსარჩელეები", „აპელანტები“, „მოწინააღმდეგე მხარეები“) სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, სს „ს.კ.ა–ის“ (შემდეგში ტექსტში, როგორც „მოპასუხე", „აპელანტი“, „კასატორი“) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1 სს „ს.კ.ა–ს“, კ.ფ–ის სასარგებლოდ, N18012000592 სადაზღვევო პოლისის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების სახით, დაეკისროს 0,94ჰა. ფართობის ნაწილში (ს.კ. ..........) 17 860 ლარისა და 1.1 ჰა. ფართობის ნაწილში (ს.კ. ..........) 22 000 ლარის გადახდა.
1.2 სს „ს.კ.ა–ს“, მ.მ–ის სასარგებლოდ, N18012000516 სადაზღვევო პოლისის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების სახით, დაეკისროს 0,54 ჰა. ფართობის ნაწილში (ს.კ. ..........) 9855 ლარის გადახდა
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, კ.ფ–ისა და მ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ს.კ.ა–ს“, კ.ფ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 26 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე (პოლისი N18012000592) 0,94 ჰა მიწის ნაკვეთიდან (ს/კ .......) გამომდინარე სადაზღვევო ანაზღაურება 5447 ლარის ოდენობით; ასევე ამავე ხელშეკრულების საფუძველზე (პოლისი N18012000592) 1.1 ჰა მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ..........) გამომდინარე სადაზღვევო ანაზღაურება 13 750 ლარის ოდენობით; სს „ს.კ.ა–ს“ მ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2018 წლის 4 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე (პოლისის N181200516) 0,54 ჰა მიწის ნაკვეთთან (ს/კ ..........) დაკავშირებით სადაზღვევო ანაზღაურება 2899,43 ლარის ოდენობით.
3.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 19 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხე სს „ს.კ.ა–ს“ კ.ფ–ისა და მ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელთა მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 1000 ლარის ოდენობით.
3.3 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და 2021 წლის 19 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს, როგორც კ.ფ–მა და მ.მ–მა, ასევე სს „ს.კ.ა–მა“.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინებით, 1. სს „ს.კ.ა–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; 2. კ.ფ–ის და მ.მ–ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 3. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება და 2021 წლის 19 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 4. კ.ფ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 5. სს „ს.კ.ა–ს“ კ.ფ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 28 699 ლარის გადახდა. 6. მ.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; 7. სს „ს.კ.ა–ი“-ს მ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 8504.46 ლარის გადახდა.
4.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი იურიდიულ ფაქტები:
4.2.1 საქართველოს მთავრობის N162 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში მოსარჩელე კ.ფ–ის მიერ 2018 წლის 26 აპრილს გაფორმდა შეთანხმება აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სს “ს.კ.ა–თან”.
4.2.2 მითითებული შეთანხმების თანახმად, სს „ს.კ.ა–მა“ დამზღვევზე - კ.ფ–ზე გასცა სადაზღვევო პოლისი N1801200592. სადაზღვევო პერიოდი მოიცავდა პერიოდს, 2018 წლის 26 აპრილიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა ვაშლი და ტყემალი. ამასთან, დამზღვევის საკუთრებაში ან სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ნაკვეთი შეადგენს 4,57 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდებით ..........; .......... და .......
4.2.3 N1801200592 სადაზღვევო პოლისის თანახმად, N.......... საკადასტრო კოდის მქონე 0,94 ჰა მიწის ნაკვეთზე დაზღვეული კულტურის სახეობა იყო ვაშლი, ხოლო სადაზღვევო ლიმიტი შეადგენდა 23 500 ლარს; რაც შეეხება .......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთს, მასზეც დაზღვეული კულტურის სახეობას წარმოადგენდა ვაშლი, ხოლო სადაზღვევო ლიმიტი კი განისაზღვრა 27 500 ლარით.
4.2.4 საქართველოს მთავრობის N162 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში მოსარჩელე მ.მ–ის მიერ 2018 წლის 4 მაისს გაფორმდა შეთანხმება აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სს “ს.კ.ა–თან”. მითითებული შეთანხმების თანახმად, სს „ს.კ.ა–ის“ მიერ დამზღვევზე - მ.მ–ზე გაიცა სადაზღვევო პოლისი #1801200516. სადაზღვევო პერიოდი მოიცავდა პერიოდს 2018 წლის 4 მაისიდან 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა ვაშლი. ამასთან, დამზღვევის საკუთრებაში ან სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ნაკვეთი შეადგენდა 0,54 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით ..........
4.2.5 N1801200516 სადაზღვევო პოლისის თანახმად, N....... საკადასტრო კოდის მქონე 0,54 ჰა მიწის ნაკვეთზე დაზღვეული კულტურის სახეობა იყო ვაშლი, ხოლო სადაზღვევო ლიმიტი შეადგენდა 13 500 ლარს;
4.2.6 ორივე შემთხვევაში ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მე-6 მუხლით განისაზღვრა დაზღვეული რისკის აღწერილობა და სადაზღვევო დაფარვის პირობები. კერძოდ, მიეთითა, რომ დაზღვეულ რისკს წარმოადგენდა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის 01 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში). ასევე განისაზღვრა ფრანშიზის სახე, ოდენობა და გამოყენების პირობები და მიეთითა, რომ ფრანშიზა არის არაანაზღაურებადი მინიმუმი, რომლის გამოქვითვა ხორციელდება თითოეული სადაზღვევო შემთხვევისათვის. ფრანშიზა, როგორც სადაზღვევო ლიმიტის 10% ან მისაღები მოსავლის ოდენობის სადაზღვევო ანაზღაურების გაანგარიშებისას გამოყენებულ ფასზე გამრავლებით მიღებული ღირებულების 10%. მითითებული ორი სიდიდიდან გამოიქვითება ის ოდენობა, რომელიც უფრო მცირე იქნება. ამასთან, ერთი და იგივე რისკის ხდომილებისას, იმ შემთხვევაში თუ მეორე სადაზღვევო შემთხვევა მოხდება წინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტის შედგენამდე, ფრანშიზა გამოიქვითება ერთჯერადად მხოლოდ იმ პირობით, რომ მზღვეველს ორივე სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შეტყობინება მიღებული აქვს ამ პროგრამით განსაზღვრული წესით. რაც ჩაითვლება მზღვეველისათვის პროგრამით გათვალისწინებულ შეტყობინებად.
4.2.7 “აგროდაზღვევის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 აპრილის დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად (აღნიშნული დადგენილება შესაბამის სადაზღვევო პოლისთან ერთად შეადგენს დაზღვევის ხელშეკრულებას), სადაზღვევო შემთხვევა რეგულირდება შემდეგნაირად: მოვლენის დადგომისას, რომელიც ატარებს სადაზღვევო შემთხვევის ნიშნებს, დამზღვევი/მოსარგებლე ვალდებულია შეატყობინოს აღნიშნულის თაობაზე მზღვეველს 24 საათის განმავლობაში სატელეფონო ზარით. ამავდროულად 5 სამუშაო დღეში ტელეფონით ან ელექტრონულად მზღვეველთან უნდა დააზუსტოს შემდეგი ინფორმაცია: დამზღვევის პირადი ნომერი, სადაზღვევო პოლისის ნომერი, დამზღვევის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, დაზღვეული/დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი. დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 30 კალენდარულ დღეში დამზღვევი წერილობითი განცხადებით მიმართავს მზღვეველს. მზღვეველი დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 30 კალენდარულ დღეში ადგენს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის დათვალიერების აქტს. ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების გაცემა ხდება სადაზღვევო აქტის ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღეში. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის შეფასება თითოეული კულტურის მიხედვით ხორციელდება სააგენტოს მიერ შემუშავებული ზიანის შეფასების საერთო წესის დაცვით, რომელიც განისაზღვრება სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. მითითებული დადგენილებით ასევე განსაზღვრულია ის გამონაკლისი შემთხვევები, რომლებიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. მათ შორის არის ზიანი, რომელიც გამოწვეულია საყოველთაოდ აღიარებული სასოფლო-სამეურნეო და მოსავლის აღების პრაქტიკის დაუცველობით;
4.2.8 2018 წლის 3 დეკემბერს სს ს.კ.ა–ს განცხადებით მიმართა კ.ფ–მა და განმარტა, რომ კეხურას ჯიშის ვაშლის კრეფის დროს ქარიშხლის შედეგად მიადგა ზარალი და ითხოვს კომპანიიდან წერილობით თანხმობას მოსავლის დასაკრეფად. მითითებული წერილის პასუხად სს “ს.კ.ა–მა” 2018 წლის 5 დეკემბრის #CI-1103306 OUT და #CI-1103308 OUT წერილებით კ.ფ–სა და მ.მ–ს აცნობა, რომ კომპანია თანხმობას აცხადებდა აეღოთ მოსავალი NAGR/R -000113/18 და #AGR/R -000113/18 პოლისით დაზღვეული ტერიტორიებიდან, თუმცა აღნიშნული თანხმობა არ წარმოადგენდა მხარეთა შორის ზიანის ოდენობაზე შეთანხმებას.
4.2.9 სს „ს.კ.ა–მა“ 2018 წლის 20 და 22 ნოემბერს შეადგინა დაზღვეული ტერიტორიის (#.......... და #.......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები) დათვალიერების აქტები 2018 წლის 18 ნოემბრის შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც მიუთითა, რომ ნაკვეთებში ქარიშხლისგან მიყენებული ზიანი არ აღინიშნება. ნაყოფები იმყოფება ტექნიკურ სიმწიფეში და განიცდის ბუნებრივ ცვენას. ჩამოცვენილი ნაყოფების უმეტესობას აღენიშნება ლპობა. ნაყოფი ჩამოცვენილია 2018 წლის 18 ნოემბრამდე. შემოწმებას ესწრებოდა კ.ფ–ი, რომელიც არ დაეთანხმა აღნიშნულ აქტს და უარი განაცხადა ხელმოწერაზე.
4.2.10 სს „ს.კ.ა–მა“ 2018 წლის 30 ნოემბერს შეადგინა დაზღვეული ტერიტორიის (N.......... და N.......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები) დათვალიერების აქტი 2018 წლის 23 ნოემბრის შემთხვევასთან დაკავშირებით, სადაც მიუთითა, რომ ნაკვეთებში არ დაფიქსირდა სადაზღვევო რისკით გამოწვეული ზიანი. ნაყოფი იმყოფება ტექნიკურ სიმწიფეში და განიცდის ბუნებრივ ცვენას. დაბლა ჩამოყრილი ნაყოფების უმეტესობა დამპალია. შემოწმებას ესწრებოდა კ.ფ–ი, რომელიც არ დაეთანხმა აღნიშნულ აქტს და უარი განაცხადა ხელმოწერაზე.
4.2.11 2018 წლის 7 დეკემბერს სს „ს.კ.ა–ს“ მიმართა კ.ფ–მა და მოითხოვა ზარალის ანაზღაურება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნის შესაბამისად N18012000592 და N18012000516 სადაზღვევო პოლისებში მითითებულ ნაკვეთებთან დაკავშირებით. სს „ს.კ.ა–მა“ უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე.
4.3 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე კ.ფ–ის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას კ.ფ–ის საკუთრებაში არსებული ს/კ .........., მიწის ნაკვეთიდან გამომდინარე სადაზღვევო ანაზღაურებას 16 500 ლარის ოდენობით ეთანხმება და არ ასაჩივრებს, ხოლო მიწის ნაკვეთიდან ს/კ ........... გამომდინარე, სადაზღვევო ანაზღაურებას 15 509,65 ლარის ნაცვლად ითხოვს 14 892 ლარის (შეამცირა მოთხოვნა) ოდენობით; მოსარჩელე მ.მ–ი ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 8,504.46 ლარის ოდენობით.
4.4 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აგროდაზღვევა სადაზღვევო ურთიერთობის სპეციფიკურ სფეროს განეკუთვნება, რომლის პირობებიც განისაზღვრება არა მხოლოდ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, არამედ რეგლამენტირებულია ნორმატიულადაც - საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 აპრილის №162 დადგენილებით "აგროდაზღვევის პროგრამის" დამტკიცების შესახებ. სწორედ აღნიშნული დადგენილებით არის დამტკიცებული აგროდაზღვევის პროგრამა. დაზღვევის პოლისი, დაზღვევის განაცხადი, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 აპრილის N162 დადგენილება „აგროდაზღვევის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ და 2018 წლის 17 აპრილის ხელშეკრულება „აგროდაზღვევის შესახებ“ ერთობლიობაში წარმოადგენს მითითებული ურთიერთობის საფუძველს და მისი დარეგულირებაც სწორედ აღნიშნული აქტების საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
4.5 მოსარჩელეები ჩართული იყვნენ აგროდაზღვევის პროგრამაში. დაზღვევის ობიექტს წარმოადგენდა „კეხურას“ ჯიშის ვაშლის მოსავალი, რომელიც გაშენებული იყო N18012000592 და N18012000516 სადაზღვევო პოლისებში მითითებულ ნაკვეთებზე.
4.6 სააპელაციო პალატამ განმარტა, უდავოა ის ფაქტი, რომ N18012000592 და N18012000516 სადაზღვევო პოლისებში მითითებულ ნაკვეთებში გაშენებულ ვაშლის ბაღებში 18-30 ნოემბრის პერიოდში ვაშლის ნაყოფი იყო ჩამოცვენილი. მოპასუხე/აპელანტი მხარე უთითებს, რომ ცვენა გამოწვეული იყო ყინვით და არა ქარით, თუმცა აღნიშნულის დადასტურება მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ განხორციელდა. რაც შეეხება აპელანტის მიერ წარმოდგენილ დამოუკიდებელი ექსპერტის - ნ.ღ–ძის მიერ 2019 წლის 24 მაისს შედგენილი დასკვნას, იგი არ არის ჩამოცვენილი ნაყოფის როგორც ცვენის მიზეზის, ასევე ნაყოფის მდგომარეობის შესახებ რეალური, ობიექტური სურათის ამსახველი. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობებით არ დასტურდება ოქტომბრის ან ნოემბრის თვეში ყინვების არსებობის შესახებ. მხოლოდ აპელანტის განმარტებები და მითითებები, რომ 2018 წლის 17 აპრილის აგროდაზღვევის შესახებ ხელშეკრულების დანართიN8-ში მითითებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის აღების სავარაუდო თარიღები, რომლის შესაბამისად დასტურდება, რომ დაზღვეულ ნაკვეთებზე ნაყოფი იმყოფებოდა ტექნიკურ სიმწიფეში და განიცდიდა ბუნებრივ ცვენას, არ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას ყინვის გამო ნაყოფის ცვენის შესახებ.
4.7 პალატამ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულების სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობების, ნაკვეთების დათვალიერების აქტებითა და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად დადგენილად მიიჩნია, რომ N18012000592 და N18012000516 სადაზღვევო პოლისებში მითითებულ მ.მ–ისა და კ.ფ–ის სარგებლობა/საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე მოსავალმა ქარის შედეგად განიცადა ცვენა. ის გარემოება, რომ აღნიშნული ცვენა არ იყო გამოწვეული სადაზღვევო რისკის არსებობით, მოპასუხემ/აპელანტმა ვერ დაადასტურა. შესაბამისად, პალატა, საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელეების მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ.
4.8 ზიანის ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით, ხოლო 821-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
4.9 კ.ფ–ის მოთხოვნასთან დაკავშირებით პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 3 დეკემბერს შედგენილი N008239418 ექსპერტიზის დასკვნით, ვაშლის ჯიში „კეხურას“ საორიენტაციო მოსავლის ოდენობა 1 ჰა ნაკვეთზე შეადგენს 44-45 ტონას. 44 ტონაზე გათვლით N........... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთზე, ფართით 0,94 ჰა, მისაღები მოსავლის ოდენობა შეადგენს 41 360 კგ.-ს. პოლისის მიხედვით (დადგენილების თანახმად) 1 კგ. მოსავლის ღირებულებაა 1 ლარი. შესაბამისად, 0,94 ჰა მიწის ნაკვეთზე, რომელიც კ.ფ–ის სარგებლობაშია, მისაღები მოსავლის ღირებულება შეადგენდა 41 360 ლარს. N1801000592 სადაზღვევო პოლისში მითითებულ მიწის ნაკვეთზე სადაზღვევო ლიმიტი (სადაზღვევო პოლისით დადგენილი მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა) შეადგენს 23 500 ლარს. დასკვნის შესაბამისად დაზიანებული ნაყოფის პროცენტული ოდენობა შეადგენს 76%-ს. შესაბამისად ზიანის ოდენობა 41 360 კგ. X 0.76% = 31 433 ლარს. ვინაიდან სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა უდრის რეალური ზარალი (31 433) გამრავლებული სადაზღვევო ლიმიტზე (23500) და გაყოფილი მისაღები მოსავლის ღირებულებაზე (41 360) – 31 433 X 23 500 : 41 360 = 17 859.65 – 2350 (ფრანშიზა). საბოლოოდ ზიანის ოდენობა მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით: N........... ფართით 0,94 ჰა-ზე შეადგენს 15 509.65 ლარს. მოსარჩელემ/აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნულ ნაკვეთთან მიმართებაში, ნაცვლად 15 509.65 ლარისა მოითხოვა 14 892 ლარის ანაზღაურება.
4.10 საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ კ.ფ–ის სარგებლობაში არსებულ N.......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის, რომლის ფართობიც შეადგენს 1.1 ჰა-ს, სადაზღვევო ლიმიტი შეადგენს 27 500 ლარს. მოსარჩელე კ.ფ–ი მითითებულ ნაკვეთთან მიმართებაში ითხოვდა 22 000 ლარს, საიდანაც დაკმაყოფილდა მხოლოდ 16 500 ლარი რაც არ არის გასაჩივრებული მოსარჩელის მიერ. შესაბამისად პალატა ვერ იმსჯელებს ამ ნაწილში ზიანის ანაზღაურების ოდენობაზე დაზღვეულის პრეტენზიების შესაბამისად. როგორც ზემოთ აღინიშნა კ.ფ–ის მიერ განხორციელდა ვაშლის რეალიზაცია, შესაბამისად მიღებული სარგებელი 2 693.6 ლარის ოდენობით უნდა გამოაკლდეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობას (16 500 + 14 892.06 – 2693.6) და საბოლოოდ ზიანის ოდენობა კ.ფ–თან მიმართებით უნდა განისაზღვროს 28 699 ლარის ოდენობით.
4.11 რაც შეეხება მ.მ–ის სარჩელის დაკმაყოფილებას, პალატამ განმარტა, რომ აპელანტი/მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას 8,504.46 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მ.მ–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე ს/კოდით .......... ფართობი 0,54 ჰა, ექსპერტიზის დასკვნის N008239418 მიხედვით მოსავლის ოდენობა 1 ჰექტარზე შეადგენს 44 ტონას, ხოლო მისაღები მოსავლის ოდენობა შეადგენს 23 760 კგ-ს. დასკვნის შესაბამისად დაზიანებული ნაყოფის პროცენტული ოდენობა შეადგენს 73%-ს. შესაბამისად, ამ ნაკვეთში რეალური ზარალი არის 17 344 კგ. სადაზღვევო ლიმიტი მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 13 500 ლარს. 17 344 X 13 500 : 23 760 = 9854.54 – 1350 (ფრანშიზა) = 8504.46 ლარს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მოსარჩელე მ.მ–ის სასარგებლოდ სს „ს.კ.ა–ს“ უნდა დაეკისროს 8504.46 ლარის გადახდა.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5.2 კასატორმა განმარტა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოება დაზღვეული რისკის ხდომილებასთან დაკავშირებით, ექსპერტის - ნ.ღ–ძის მიერ 2019 წლის 24 მაისს შედგენილი დასკვნის შეფასების ნაწილში, სადაც სასამართლო არ მიიჩნევს რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენს რეალურ და ობიექტური სურათის ამსახველს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადგენად სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის არგუმენტირებული დასაბუთება, თუ რატომ ჩათვალა სასამართლომ ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა არარელევანტურად, იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტისგან განსხვავებით, წინამდებარე ნაკვეთის შეფასებისას, ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობის N162 დადგენილებითა და მის ფარგლებში, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულებას და მასში მითითებული ინსტრუქციები, ტერმინთა დეფინიციები ბოჭავს ხელშემკვრელ მხარეებს.
5.3 საქმეში წარმოდგენილი მასალებით, კონკრეტულად კი, ექსპერტის მიერ მითითებულ იქნა რომ დაზღვეულ ნაკვეთზე ნაყოფის ცვენა გამოწვეული იყო არა დაზღვეული რისკის (ქარის) მოქმედების შედეგად, არამედ დაუზღვეველი რისკების ყინვის, ლპობის, ნაყოფის მიერ განცდილი ტექნიკური სიმწიფის და ამის შედეგად, ბუნებრივი ცვენის გამო. ექსპერტის შეფასებით, ნათლად ჩანს, ყინვის ზემოქმედების შედეგად, ხეზე არსებული დამპალი ნაყოფი. აგრეთვე ზემოაღნიშნულ გარემოებას ადასტურებს, მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობები გარემოს ეროვნული სააგენტოდან, სადაც მითითებულ დღე-ღამის პერიოდებში ფიქსირდებოდა ყინვა. კერძოდ, სოფელ შინდისში მეტეოროლოგიური დაკვირვება არ წარმოებს, ხოლო ქ. გორის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით 2018 წლის 18 ნოემბერს გორში ქარი არ აღნიშნულა, ამასთან დაბა მუხრანის მეტეოროლოგიური საგუშაგოს და დუშეთის მეტეოროლოგიური საგუშაგოს მონაცემებით ამავე დღეს 15 მ/წმ და მეტი სიჩქარის ძლიერი ქარი არსად აღნიშნულა. ამავე დროს, 2018 წლის 9 და 10 ნოემბერს, დაფიქსირდა ტემპერატურა - 4, 11 ნოემბერს - 5, 19 ნოემბერს კი - 2 გრადუსი. შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობებით, დასტურდება, რომ დაზღვეულმა ნაკვეთმა განიცადა დაუზღვეველი რისკის ყინვის ზემოქმედება, რამაც საქმეში არსებული მტკიცებულებების (დამოუკიდებელი ექსპერტი ნ.ღ–ძის საექსპერტო დასკვნა; ფოტო-ვიდეო მასალა) თანახმად, იქონია გავლენა დაზღვეულ ნაკვეთზე.
5.4 კასატორმა განმარტა, რომ 18 რიცხვში ძლიერი ქარი არ დაფიქსირებულა. ასევე ინფორმაცია არ არსებობს 19, 20, 22 ნოემბერს არსებულ მდგომარეობაზე, შესაბამისად, იმის დადგენა, რომ ძლიერი ქარი გრძელდებოდა 18-23 ნოემბრის განმავლობაში, არ შეესაბამება ფაქტობრივ მტკიცებულებებს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებში ფიგურირებს 18 რიცხვს „მომხდარი“ სადაზღვევო შემთხვევა, იმ დღის, როდესაც საერთოდ არ იყო ძლიერი ქარი (15 მ/წმ + სიჩქარის ქარი). შესაბამისად, ასეთი ექსპერტიზის დასკვნის გაზიარება სასამართლოს მიერ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. შეუძლებელია სასამართლომ სადაზღვევო კომპანიას ანაზღაურების ვალდებულება – დააკისროს იმ ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით, რომელიც უთითებს, რომ 18-ში მომხდარმა ქარმა დააზიანა დაზღვეული ნაყოფი. მაშინ, როდესაც 18 ნოემბერს ძლიერი ქარი არ დაფიქსირებულა.
5.5 კასატორმა განმარტა, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გაანგარიშებული სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობაც. საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ შესრულებულ დასკვნაში, რომლითაც დათვლილია მოსავლის აღების პერიოდში, (2018 წლის 19 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში) ნაყოფის საშუალო საბაზრო ფასი (ამ უკანასკნელის თანახმად, იგი განისაზღვრა 0,80 ლარის ოდენობით), რომელიც დადებული ხელშეკრულების მიხედვით, უნდა გამოყენებულიყო ზიანის ანაზღაურების დათვლისას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 14.3 პუნქტში მიუთითა, პალატას მიაჩნია, რომ ზიანის ოდენობის დაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სწორედ ის თანხა, რომელიც მოცემულია სადაზღვევო პოლისში, სადაც 1 კგ.ზე მითითებულია 1 ლარი. თუმცა, მთავრობის დადგენილებისა და წარმოდგენილი დასკვნის მიუხედავად, სასამართლოს მიერ, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა არა რეალური ღირებულების გამოანგარიშებისათვის დადგენილი ფასი, არამედ, ნორმატიული ფასი, რომელიც განსაზღვრულია 1 ლარის ოდენობით.
5.6 საბოლოო ჯამში, კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლო მიერ, 1. სწორად არ იქნა შეფასებული/გამოკვლეული რეალიზდა თუ არა დაზღვეული რისკი; გადაწყვეტილებაში დაუსაბუთებელია, თუ რატომ არ გაიზიარა სასამართლომ მოპასუხის (აპელანტის) მიერ წარმოდგენილი კვალიფიციური ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნა. 2. არ იქნა შეფასებული/გამოკვლეული დაზღვეული რისკის ზემოქმედების შემთხვევაში, რა ოდენობის ნაყოფი დაზიანდა დაზღვეული და დაუზღვეველი რისკების ზემოქმედების შედეგად. აღნიშნულის დაუდგენლობის მიუხედავად სასამართლომ მაინც გაიზიარა მოსარჩელეების ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც გამოუყოფელია სადაზღვევო რისკი, დაუზღვეველი რისკისგან. 3. ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობის გამოთვლისას არ იქნა გათვალისწინებული ნაყოფის საშუალო საბაზრო ფასი (რომელიც დაადგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო"-მ) და სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ ნორმატიული ფასით. რაც წინააღმდეგობაში მოდის აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნებთან. კასატორმა განმარტა, რომ სახეზე არ არის სადაზღვევო შემთხვევა, რადგან ის არ დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
~
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი) (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-1605-2022, 11.04.2023წ.).
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის კვლევის საგანს წარმოადგენს საკითხი, თუ რამდენად წარმოეშვა მოპასუხეს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, მოსარჩელეების სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
12. საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას უპირველესად მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების საკითხსა და მათ წინაპირობებზე გაამახვილებს, რამდენადაც სარჩელის წარმატება ყოველთვის დამფუძნებელ ნორმებზეა დამოკიდებული, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და შეიცავენ აბსტრაქტულ მითითებას იმ იურიდიულ ფაქტებზე, რომელთა დამტკიცებაც განხორციელებადს ხდის მოთხოვნას. საკასაციო პალატის დასკვნით, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, შესაბამისად, მოთხოვნის საფუძვლიანობა სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში უნდა შემოწმდეს (იხ.სუსგ. საქმე №ას-740-2019 24.07.2020წ.).
13. მითითებული მუხლი წარმოადგენს დამფუძნებელ ნორმას დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით. ამავე დროს, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში. მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.
14. სსკ-ის 799 მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ: სუსგ №ას-663-624-2011, 17.02.2012წ.).
15. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის N162 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, მოსარჩელე, კ.ფ–ის მიერ, 2018 წლის 26 აპრილს, გაფორმდა შეთანხმება აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სს “ს.კ.ა–თან”. მითითებული შეთანხმების თანახმად, სს „ს.კ.ა–მა“ დამზღვევზე - კ.ფ–ზე გასცა სადაზღვევო პოლისი N1801200592. სადაზღვევო პერიოდი მოიცავდა პერიოდს, 2018 წლის 26 აპრილიდან, 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. დაზღვეული კულტურის სახეობას წარმოადგენდა ვაშლი და ტყემალი. დამზღვევის საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ნაკვეთი შეადგენს 4,57 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდებით - ..........; .......... და ........ სადაზღვევო პოლისის თანახმად, N.......... საკადასტრო კოდის მქონე 0,94 ჰა მიწის ნაკვეთზე, დაზღვეული კულტურის სახეობის სადაზღვევო ლიმიტი შეადგენს - 23 500 ლარს; .......... საკადასტრო კოდზე სადაზღვევო ლიმიტი შეადგენს - 27 500 ლარს, ხოლო ....... საკადასტრო კოდზე ლიმიტი შეადგენს 22 770 ლარს. სადაზღვევო პოლისის მიხედვით, დაზღვეულ რისკს - სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა წარმოადგენს.
16. ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის N162 დადგენილების საფუძველზე დამტკიცებული აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში მოსარჩელე, მ.მ–ის მიერ, 2018 წლის 04 მაისს, გაფორმდა შეთანხმება აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და სს “ს.კ.ა–თან”. მითითებული შეთანხმების თანახმად, სს „ს.კ.ა–მა“ დამზღვევზე - მ.მ–ზე გასცა სადაზღვევო პოლისი N18012000516. სადაზღვევო პერიოდი მოიცავდა პერიოდს, 2018 წლის 04 მაისიდან, 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. დაზღვეული კულტურის სახეობას წარმოადგენს ვაშლი. დამზღვევის საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ნაკვეთი შეადგენს 0.54 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდებით ..........; სადაზღვევო ლიმიტი შეადგენს - 13 500 ლარს.
17. ხელშეკრულებების მნიშვნელოვანი პირობების მე-6 მუხლით განისაზღვრა დაზღვეული რისკის აღწერილობა და სადაზღვევო დაფარვის პირობები. კერძოდ, მიეთითა, რომ დაზღვეულ რისკს წარმოადგენდა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 აპრილის N162 დადგენილებით გათვალისწინებული პირობებით. ამგვარად, სადავო შემთხვევებში დაზღვეულ რისკს წარმოადგენდა სეტყვა, წყალდიდობა და ქარიშხალი. ამასთან, “აგროდაზღვევის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 4 აპრილის დადგენილების მე-2 მუხლის „პ“ პუნქტის თანახმად, სადაზღვევო რისკი არის ამ ქვეპუნქტში მითითებული მოვლენა, რომლის დადგომის შედეგად მიყენებული ზიანი ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას პროგრამით გათვალისწინებული წესით. აღნიშნულ მოვლენათა შორის არის ქარიშხალი (პუნქტი „პ. გ“) - ქარი, სიჩქარით 15 მ/წმ ან მეტი, რომელიც იწვევს მცენარეების გაძლიერებულ ტრანსპირაციას, ნიადაგის ზედა ფენების გამოშრობას, მცენარეების მექანიკურ დაზიანებას.
18. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს შემდეგში: საქმის გარემოებებით, კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობებით, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტის ნ.ღ–ძის საექსპერტო დასკვნით, ფოტო-ვიდეო მასალით დასტურდება, რომ დაზღვეულმა ნაკვეთებმა განიცადეს დაუზღვეველი რისკის ყინვის ზემოქმედება, რაც მხედველობაში უნდა მიეღო სასამართლოს.
19. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას მიაპყრობს საქმეში არსებულ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ კ.ფ–ის სახელზე 2018 წლის 27 ნოემბერს გაცემულ ცნობაზე N12/1-887, სადაც მითითებულია, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებს. კლიმატური პირობების გათვალისწინებით ყველაზე ახლოს მდებარე - დაბა მუხრანის მეტეოროლოგიური საგუშაგოს მონაცემებით, 2018 წლის 17 ნოემბერს დაფიქსირდა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა - ძლიერი ქარი, რომლის მაქსიმალურმა სიჩქარემ შეადგინა 17 მ/წმ-ში, ხოლო 18 ნოემბერს ქარი გაძლიერდა და მაქსიმალურმა დაქროლვამ შეადგინა 18 მ/წმ-ში. დიდია შესაძლებლობა იმისა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისშიც დაფიქსირებულიყო ანალოგიური სიძლიერის ძლიერი შტორმული ქარი.
20. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 25 მარტს გაცემული N12/1-226, ცნობის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებს. კლიმატური პირობების გათვალისწინებით ყველაზე ახლოს მდებარე - დაბა მუხრანის მეტეოროლოგიური საგუშაგოს მონაცემებით, 2018 წლის 21 და 23 ნოემბერს დაფიქსირდა ძლიერი ქარი, რომლის მაქსიმალურმა სიჩქარემ ორივე დღეს შეადგინა 16 მ/წმ-ში, დიდია შესაძლებლობა იმისა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისშიც დაფიქსირებულიყო ანალოგიური სიძლიერის ძლიერი ქარი.
21. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 აპრილს გაცემული N12/1-330 ცნობის საფუძველზე ირკვევა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ წარმოებს. კლიმატური პირობების გათვალისწინებით ყველაზე ახლოს მდებარე - დაბა მუხრანის მეტეოროლოგიური საგუშაგოს მონაცემებით, 2018 წლის 18 ნოემბერს დაფიქსირებული ქარის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენდა - 14 მ/წმ-ში, 21 ნოემბერს - 18 მ/წმ-ში, 23 ნოემბერს - 15 მ/წმ-ში, 24 ნოემბერს - 17 მ/წმ-ში, 30 ნოემბერს - 22 მ/წმ-ში.
22. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ N18012000592 და N18012000516 სადაზღვევო პოლისებში მითითებულ მ.მ–ისა და კ.ფ–ის სარგებლობა/საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე მოსავალმა განიცადა ცვენა. ის გარემოება, რომ აღნიშნული ცვენა არ იყო გამოწვეული სადაზღვევო რისკის არსებობით, მოპასუხემ ვერ დაადასტურა.
23. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებით და განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევი მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა კი, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ექსპერტის დასკვნის მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებულია მთელ რიგ პროცედურულ ასპექტებზე, კერძოდ, სწორად გაიგო თუ არა ექსპერტმა დასმული კითხვა და რამდენად სწორად არის ეს გადმოცემული მის დასკვნაში; რამდენად სწორ საფუძვლებსა და წინაპირობებს ეყრდნობა ექსპერტი; მოყვანილია თუ არა დასკვნაში ის ხერხები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ექსპერტი მივიდა შესაბამის შედეგებამდე; იყო თუ არა გამოსაკვლევი მასალა (ნიმუში) საკმარისი; არის თუ არა გასაგები დასკვნის შედეგი“ (იხ. სუსგ საქმეებზე: №ას-681-2023, 07/07/2023, №ას-311-2022, 01/11/2022 წ.). ას-1032, 20.10.2022).
24. საქმეში არსებული 2018 წლის 3 დეკემბერს შედგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N008239418 და N008242618 ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ვაშლის ბაღებში: 0,54 ჰა-ზე ს/კოდით ......., 0,94 ჰა-ზე ს/კოდით .......... და 1.1.ჰა-ზე .........., ძლიერი ქარიშხლისგან გამოწვეული მექანიკური დაზიანებით აღინიშნება ნაყოფების ნაადრევი ცვენა. მექანიკურად დაზიანებულია ვარჯის ტოტები, ერთწლიანი და მრავალწლიანი ნაზარდები. ნაყოფებს დაზიანების კვალი აღენიშნებოდა დათვალიერების პერიოდში. ჩამოცვენილ ვაშლის ნაყოფებს ნაწილობრივ დაკარგული აქვს სასაქონლო სახე. დასკვნის თანახმად, საორიენტაციოდ ხეზე არსებული ვაშლის ნაყოფების რაოდენობაა 27%, ხოლო ჩამოცვენილი ნაყოფის ოდენობა კი 73%. ჯიში „კეხურას“ ტექნიკური სიმწიფის პერიოდის დადგენა საჭიროებს ლაბორატორიულ კვლევას. ხოლო რაც შეეხება, ს/კ N ......... განთავსებულ ბაღს, მისი ვიზუალური დათვალიერებით საორიენტაციოდ ხეზე არსებული ვაშლის ნაყოფების რაოდენობა 24%-ია, ხოლო ჩამოცვენილი ვაშლის ნაყოფების რაოდენობა კი 76%-ს შეადგენს; 1.1 ჰა მიწის ნაკვეთზე (ს/კ ..........) გაშენებული ბაღის შემთხვევაში კი, ვიზუალური დათვალიერებით საორიენტაციოდ ხეზე დარჩენილია მოსავლის რაოდენობის 20%, ხოლო ჩამოცვენილი მოსავლის საორიენტაციო რაოდენობა შეადგენს 80%-ს.
25. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სადაზღვევო შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნებისათვის, სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიიჩნია და დაეყრდნო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N008239418 და N008242618 ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნებს.
26. რაც შეეხება კასატორის მიერ წარმოდგენილ დამოუკიდებელი ექსპერტის - ნ.ღ–ძის მიერ 2019 წლის 24 მაისს შედგენილ დასკვნას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს, მასზედ, რომ დასკვნა არ არის ჩამოცვენილი ნაყოფის, როგორც ცვენის მიზეზის, ასევე ნაყოფის მდგომარეობის შესახებ რეალური, ობიექტური სურათის ამსახველი. აღნიშნული დასკვნის გაზიარების საფუძველს ამყარებს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობები, რომლითაც არ დასტურდება გარემოება ოქტომბრის ან ნოემბრის თვეში ყინვების არსებობის შესახებ. მხოლოდ კასატორის განმარტებები და მითითებები, რომ 2018 წლის 17 აპრილის აგროდაზღვევის შესახებ ხელშეკრულების დანართი N8-ში მითითებულია სასოფლო სამეურნეო კულტურების მოსავლის აღების სავარაუდო თარიღები, რომლის შესაბამისად დასტურდება, რომ დაზღვეულ ნაკვეთებზე ნაყოფი იმყოფებოდა ტექნიკურ სიმწიფეში და განიცდიდა ბუნებრივ ცვენას, არ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას, დადასტურდეს კასატორის მიერ მითითებული გარემოება დაუზღვეველი რისკის ყინვის ზემოქმედებით, ნაყოფის ცვენის შესახებ.
27. კასატორის იმ პრეტენზიის საპასუხოდ, რომელიც შეეხება ზიანის ოდენობის განსაზღვრას, საკასაციო პალატა მოიხმობს სსკ-ის 820-ე-821-ე მუხლებს, რომლის თანახმად, ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით და მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში.
28. საკასაციო პალატა მიუთითებს, „აგროდაზღვევის შესახებ“ 2018 წლის 17 აპრილის ხელშეკრულების 9.3 პუნქტზე, რომლის თანახმად, განადგურებული მოსავლის რეალური ღირებულების დაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება მიმდებარე ტერიტორიებიდან ანალოგიური სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსავლის აღების პერიოდში მისი საშუალო ფასი. აგროდაზღვევის მინი განაცხადში, ასევე სადაზღვევო პოლისში მოსავლის ღირებულებად 1 კგ.ზე მითითებულია 1 ლარი. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სხვა სადაზღვევო შემთხვევის აქტი, სადაც ანალოგიური კულტურის საბაზრო ღირებულებად 1 კგ.ზე მითითებულია 1 ლარი.აღნიშნულ გარემოებებზე, დაყრდნობით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა საბაზრო ფასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც 1 კგ. კეხურას ჯიშის ვაშლის საორიენტაციო საბაზრო ღირებულებად მითითებულია 0,80 ლარი და იხელმძღვანელა სადაზღვევო პოლისში განსაზღვრული ფასით.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია ვინაიდან გამოირიცხოს მზღვეველის მიმართ სათანადო საფუძვლის გარეშე თანხის დაკისრება, შესაბამისად მაქსიმალურად შეიზღუდოს დამზღვევის არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.
30. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია, კერძოდ, სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი დაკმაყოფილებადია იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა შეთანხმებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკი, ანუ მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი წარმოშობის შესაძლებლობისა და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა, ასევე თუ სახეზეა დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით (მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას) პირისთვის ზიანის მიყენება.
31. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საკასაციო წესით გასაჩივრების გზით, კასატორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს წარმატებით თავი ვერ გაართვა.
32. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
33. ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
34. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. პროცესის ხარჯები
სსსკ-ის 401-ე მუხლის, მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1860.17 ლარის 70% 1302.11 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, მის მიერ, სს „საქართველოს ბანკში“, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2023 წლის 26 ოქტომბერს N630 საგადახდო დავალებით გადახდილი 1860.17 ლარის 70% 1302.11 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე