საქმე №ას-1328-2024
26 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა.მ–ვი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ხ.გ–ვი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა.მ–ვმა (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი", „კასატორი") სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში, ხ.გ–ვის (შემდგომში წოდებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე"), მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1 ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
3.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით, ა.მ–ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება.
3.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1 ა.მ–ვს და ხ.გ–ვს, ერთმანეთის მომიჯნავედ საკუთრებაში აქვთ სასოფლო-სამეურნეო (საკადრმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მდებარე - ქალაქი ........ ქუჩა. მოსარჩელის მიწის ნაკვეთი - 1200 კვ.მ., საკადასტრო კოდით: ........, რომელზეც საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია მიწის განაწილების ზონარგაყრილი წიგნიდან ამონაწერი, ცნობა N530 (22.11.2011), მარნეული მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულის ადმინისტრაციული ერთეული ტერიტორიული ორგანო. მოპასუხის მიწის ნაკვეთი - 1900 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ........, რეესტრის ამონაწერის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - საკუთრების უფლების მოწმობა N41 (06.04.2011) მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეული.
3.2.2 სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 02 თებერვლის დასკვნა, რომლის თანახმად, ა.მ–ვის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გადმოსული არის მისი მომიჯნავე მესაკუთრის ხ.გ–ვის მიერ მოწყობილი ღობე, რომლის გადაფარვა ა.მ–ვის მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებთან შეადგენს 53.7 კვ.მ. ხოლო, მოწყობილი ღობის გადაფარვა ა.მ–ვის ნაკვეთთან მისასვლელ გზასთან შეადგენს 190.2 კვ.მ.
3.2.3 საკითხის სწორად შესწავლის მიზნით, სასამართლომ დანიშნა განმეორებითი ექსპერტიზა, შემდეგი კითხვით: არის თუ არა მოსარჩელის ა.მ–ვის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან (ქ. მარნეული, .......ს ქუჩა, ს/კ .......) მისასვლელი გზა საჯარო გზასთან ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფისათვის. დადებითი პასუხის შემთხვევაში, რომელი მხრიდან (უნდა გაიაროს თუ არა სხვა პირის/პირების მიწის ნაკვეთი/ნაკვეთები, რა კონფიგურაციით); - ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა.მ–ვის მიწის ნაკვეთის, მის გარშემო არსებული გზების და რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ა.მ–ვის კუთვნილ მიწის ნაკვეთს დღეისათვის გააჩნია მხოლოდ საფეხმავლო კავშირი საჯარო გზასთან, ხოლო საავტომობილო კავშირი არ გააჩნია ისე, რომ ამ გზამ არ გაიაროს რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე. ზემოაღნიშნული დასკვნა სრულ თანხვედრაშია ადგილის დათვალიერების მასალებთან და შედეგებთან, კერძოდ, დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ დაკავებული ე.წ. „გზა“ არ წარმოადგენს სრულფასოვან საშუალებას საჯარო კომუნიკაციებთან დაკავშირებისათვის.
3.3 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, თუკი მესაკუთრეს შეეზღუდა თავისი საკუთრებით სარგებლობა იმის გამო, რომ მოპასუხე დაეუფლა ამ საკუთრებას ან მის ნაწილს ანდა მოახდინა სხვაგვარი ხელშეშლა (მაგალითად, მისასვლელი გზის ბლოკირება), მესაკუთრეს აქვს დაცვის მექანიზმი, როგორიცაა ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელების აღძრა, რაც შეიძლება გამოხატოს კონკრეტული ნაგებობის დემონტაჟშიც. სამეზობლო სამართალში კი იმ შემთხვევაში, როცა მეზობელი განზრახვით გადასცდა მეზობლის საზღვრებს ნაგებობის აშენებისას, თუ მოსარჩელე ამას მოითხოვს, ვალდებულია მოახდინოს დემონტაჟი. პალატამ დადგენილად მიიჩნია რომ მოცემულ საქმეში, მოპასუხემ 53.7 კვ.მ. ნაწილში დაარღვია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის (ს/კ ........) საზღვარი და ამ მონაკვეთზე ააშენა თავისი მიჯნის (გალავანის) ნაწილი, თუმცა მოსარჩელემ თავად მიიჩნია, რომ ეს გადაცდომა არ იყო განზრახვით გამოწვეული (იხ. უდავო ფაქტობრივი გარემოებები), რაც იმას ნიშნავს, რომ მან „აპატია“ მოპასუხის საზღვრის დარღვევა. საყურადღებოა, რომ სასამართლომ ვერც ის დაადგინა, მოსარჩელემ გააპროტესტა თუ არა მშენებლობა მის დაწყებამდე ან შემდეგ, ამის გაგებისთანავე. შესაბამისად, როცა სახეზე არაა სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ნიშნები, საუბარი ნაგებობის დემონტაჟზე უმართებულოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია დაცვის საშუალება, ესაა კომპენსაციის მოთხოვნა, რომელიც ამ დავის საგანი არ არის და მასზე სასამართლო ვერ იმსჯელებს;
შესაბამისად, ფაქტია, რომ მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის საკუთრების უფლება, მაგრამ სამეზობლო სამართალმა, იმისათვის, რომ განხორციელდეს სსკ-ის 172-ე მუხლის მოთხოვნები, დაადგინა დამატებითი პირობები, რომელთა გარეშე დაუშვებელია საკუთრების უფლების ხელმყოფი ნაგებობის (ამ შემთხვევაში ღობის) დემონტაჟის დადგენა. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ კომპენსაციით.
3.4 სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180–ე მუხლზე, რომელშიც ასახულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვის საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად დგება იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი იზოლირებულია საჯარო გზების, ელექტრო, ნავთობის, გაზის ან წყალმომარაგების ქსელისაგან. აუცილებელი გზა სახეზეა მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანადაა იზოლირებული საჯარო გზებისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (ექსპერტიზის დასკვნები, ადგილზე დათვალიერების ოქმი, მხარეთა ახსნა- განმარტებები) ერთობლიობაში შეფასების შედეგად, პალატამ გაიზიარა სასამართლოს დასკვნა, რომ მიწის ის მონაკვეთი, რომელზედაც მოპასუხეს მოწყობილი აქვს ღობე (...... ქუჩის მხრიდან) ვერ გამოდგება ჯეროვანი დაკავშირების საშუალებად საჯარო გზასთან. ამასთან, საქმეში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია 190.2 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შესახებ.
3.5 აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია, მოსარჩელის მოთხოვნა, აღიკვეთოს მოპასუხის მხრიდან უკანონო ხელშეშლა და დაევალოს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და მისასვლელ გზაზე აშენებული ღობის დემონტაჟი.
4. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4.2 კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ, ერთის მხრივ აღიარებულია საკუთრების, როგორც კონსტიტუციური რანგის უფლება, მიმოხილულია, თუ რაოდენ აუცილებელია, ყოველ მიწის ნაკვეთს ჰქონდეს შესაბამისი გზა, საჯარო გზებთან ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფისთვის, თუმცა მეორეს მხრივ, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს განუმარტა, რომ მიწის ნაკვეთს არ აქვს და ვერ ექნება კავშირი საჯარო გზებთან, თუმცა მოსარჩელეს აქვს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. მოცემული დავის პირობებში კომპენსაციაზე მსჯელობა უსაფუძვლოა, რადგან მოპასუხის უკანონო ქმედებების გამართლებით, მოსარჩელე დატოვა საკუთრების უფლების რეალური რეალიზების გარეშე. შედეგად, მოსარჩელეს გააჩნია რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, მოპასუხემ მოსარჩელის საკუთრებაში და მისასვლელ გზაზე ააშენა ღობე, მოსარჩელის საკუთრებას გამოეცალა შინაარსი, რადგან შეუძლებელია ამავე ქონებით სარგებლობა. ერთის მხრივ ჩაიკეტა მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა და მეორეს მხრივ, კასატორის მიწის ნაკვეთზე უკანონო ნაგებობის აშენების გზით, მიისაკუთრა კასატორის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი.
4.3 კასატორმა განმარტა, რომ სასამართლომ მას მოუსპო ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა. სასამართლომ მიუთითა, რომ "არავის შეიძლება წაერთვას ქონება" თუმცა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით, ფაქტობრივად დააკანონა მოპასუხის მიერ მოსარჩელის კუთვნილი ქონების მიტაცება და მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის გადაკეტვა, მასზე გალავნის აშენების გზით.
4.4 კასატორის განმარტებით, სასამართლო მსჯელობს სამეზობლო სამართალში არსებულ ურთიერთპატივისცემის შინაარსზე, თუმცა, რატომღაც მხოლოდ მოსარჩელეს აკისრებს მოპასუხის უკანონო ქმედებების მიმართ პატივისცემის ვალდებულებას. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ უნდა ითმინოს მისი საკუთრების შელახვა, მასზე ღობის უკანონო განთავსება, მისასვლელი გზის გადაკეტვა, საკუთრებისთვის შინაარსის გამოცლა, აღნიშნულის დასასაბუთებლად კი იყენებს არგუმენტს, თითქოს მოსარჩელემ შეტყობისთანავე არ განაცხადა პრეტენზია მოპასუხის უკანონო ქმედებებზე. სასამართლო ისე მსჯელობს, თითქოს მოსარჩელემ თავად ჩაიყენა საკუთარი თავი იმ მდგომარეობაში, რომ ვერასდროს ვეღარ ისარგებლოს საკუთარი მიწის ნაკვეთი.
4.5 კასატორმა განმარტა, რომ სასამართლოს ინიციატივით დანიშნულ ექსპერტიზას დაესვა იმგვარი შეკითხვა, რაც ვერ უზრუნველყოფდა დავის გადაწყვეტას. სასამართლომ ადგილზე დათვალიერებისას აღმოაჩინა, რომ მოსარჩელის მისასვლელი გზის საწყისში არსებობს თხრილი. ნაცვლად იმისა, რომ სასამართლოს ექსპერტისთვის დაესვა შეკითხვა, თხრილის არსებობის პირობებში, შესაძლებელია თუ არა მისასვლელი გზის მოწყობა მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან, სასამართლომ ექსპერტიზის წინაშე დასვა საკითხი, არის თუ არა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან მისასვლელი გზა საჯარო გზასთან ჯეროვანი კავშირის უზრუნველყოფისთვის, რასაც ცხადია, გაეცა უარყოფითი პასუხი მოსარჩელემ სწორედ იმიტომ მოითხოვა მოპასუხის უკანონოდ აშენებული ღობის დემონტაჟი, რომ სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან მისვლა. სასამართლომ ექსპერტიზის წინაშე დასვა არასრულყოფილი შეკითხვა, რომელმაც ასახა მხოლოდ ფაქტობრივი უდავო მოცემულობა და ექსპერტიზა არ ემსახურებოდა დავის ჯეროვნად და ობიექტურად გადაწყვეტას. სრულიად გაუგებარია, რა საკითხის გადაჭრას და მიზანს ემსახურებოდა სასამართლოს მიერ ექსპერტიზისთვის დასმული შეკითხვა.
4.6 სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ აღმართული ღობე, რომლის სიგრძეა 190.2 კვ.მ. არ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოპასუხემ უკანონოდ დაარღვია საზღვრები და მოსარჩელეს ჩაუკეტა საკუთრებასთან მისასვლელი გზა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს გზა (სადაც აშენებულია კედელი) მხოლოდ იმიტომ ვერ გამოდგება გზად და საჯარო გზასთან დაკავშირების საშუალებად, რომ მისი პრაქტიკული გამოყენებისთვის აუცილებელია მშრალი არხის გადალახვა, "რაც დამატებითი მექანიზმების მშენებლობის საკითხს აყენებს დღის წესრიგში. ამდენად, ეს გზა სამანქანოდ ვერ გამოდგება; "
4.7 კასატორმა აღნიშნა, რომ მოპასუხეს ღობე აშენებული აქვს არარეგისტრირებულ ტერიტორიაზე, რომელიც არის მოპასუხის რეგისტრირებულ ნაკვეთსა და სხვა მომიჯნავე მესაკუთრის შორის არსებული გზა.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. დავის საგანს წარმოადგენს - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა. კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნაა - მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ..........) უკანონოდ დაკავებული - 53.7 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და დაუბრუნდეს მოსარჩელეს; ასევე, აღიკვეთოს მოპასუხის მხრიდან უკანონო ხელშეშლა და დაევალოს მოსარჩელეს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთსა და მისასვლელ გზაზე აშენებული ღობის დემონტაჟი.
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება, ამ უფლების არსი მოიაზრებს, როგორც მის მფლობელობას, ასევე მის შეუფერხებლად განკარგვის უფლებას.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
12. ამადროულად, საკასაციო პალატის განმარტებით, ზოგადად, სამეზობლო სამართალი სანივთო სამართლის ნაწილია და ამ ნორმათა მიზანია მეზობლებს შორის არსებული დავების გადაჭრა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა. სამეზობლო სამართლის ნორმებით დგინდება მეზობელ მიწის ნაკვეთსა ან სხვა უძრავ ქონებაზე დასაშვები ზემოქმედების ფარგლები, „მეზობელი მესაკუთრის“ ვალდებულება. მეზობელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის მრავალგვარი კონფლიქტი შეიძლება არსებობდეს, თუმცა, სამეზობლო სამართლის ნორმებში თავმოყრილია მხოლოდ კანონმდებლის მიერ მოსაწესრიგებლად მიჩნეული საკითხები. პრაქტიკაში გავრცელებულია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის, დაუშვებელი ხელყოფის, სხვისი მიწის ნაკვეთზე გადასვლის შემთხვევებთან დაკავშირებული დავები (იხ.სუსგ. №ას-1065-2020, 08.04.2021წ.).
13. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები არიან მეზობლები (მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, ნაკვეთებისა, რომელთაც საერთო საზღვარი გააჩნიათ). ამ კონტექსტში, ნებისმიერი მოქმედების დროს მხარეები, ვიდრე ისინი არიან მეზობლები, შებოჭილები არიან ურთიერთპატივისცემის მოვალეობით.
14. სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი.
15. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ 53.7 კვ.მ. ნაწილში დაარღვია მოსარჩელის მიწის ნაკვეთის (ს/კ ........) საზღვარი და ამ მონაკვეთზე ააშენა თავისი მიჯნის (ღობის) ნაწილი, თუმცა მოსარჩელემ თავად მიიჩნია, რომ ეს გადაცდომა არ იყო განზრახვით გამოწვეული (იხ. უდავო ფაქტობრივი გარემოებები,), მოპასუხის მიერ საზღვრის დარღვევის თაობაზე მას პრეტენზია არ განუცხადებია. აღნიშნული, მოსარჩელემ ასევე დაადასტურა 02.04.2024 წლის სააპელაციო პალატის სხდომაზე. საქმის მასალებიდან არ ირკვევა მოსარჩელემ სადავო გახადა თუ არა მშენებლობის დაწყება -დასრულების ფაქტი. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზეა სამეზობლო ინსტიტუტიდან გამომდინარე საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის შემთხვევა და შესაბამისად, მართებულად ეთქვა უარი კასატორს 53,7კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის გამოთხოვისა და ღობის დემონტაჟის მოთხოვნაზე.
16. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ: სუსგ-ები: №ას-370-2023, 19 მაისი, 2023 წ; №ას-189-2023, 05 აპრილი, 2023 წ; №ას-25-2021, 27 აპრილი, 2021 წ; №ას-778-2019, 05 ივლისი, 2019 წ; № 26.10.2016წ. №ას-843-809-2016,26 ოქტომბერი, 2016 წ; №ას-1041-998-2016, 12 თებერვალი,2016 წ.).
17. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: №ას-1250-2018, 21 დეკემბერი, 2018 წ; №ას-826-2021, 17 ნოემბერი, 2021წ.)
18. კასატორის პრეტენზია ეხება იმ გარემოებას, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოწყობილი ღობის გადაფარვა მოსარჩელის ნაკვეთთან მისასვლელ გზასთან შეადგენს 190.2კვ.მ. მოსარჩელეს წაერთვა ერთადერთი მისასვლელი გზა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთამდე, რის გამოც, ჯეროვნად ვერ იყენებს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს.
19. საკასაციო პალატა, მიუთითებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ დაკავებული ე.წ. „გზა“ არ წარმოადგენს სრულფასოვან საშუალებას საჯარო კომუნიკაციებთან დაკავშირებისათვის (იხ. 2021 წლის 14 აპრილის ადგილის დათვალიერების ოქმი, 2022 წლის 14 თებერვლის განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნა). შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სასამართლომ მოსარჩელე დატოვა საკუთრებამდე მისასვლელი გზის გარეშე. ასევე ნიშანდობლივია, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, თუ ვის ეკუთვნის ზემოთ აღნიშნული 190კვ.მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოპასუხეს აღმართული აქვს ღობე.
20. საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენს აუცილებელი გზის დადგენა, არამედ მოსარჩელე ითხოვს ხელშეშლის აღკვეთას, ხოლო სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ აშენებული ღობით, რომელიც 190,2კვ.მ-ით ფარავს ერთადერთ მისასვლელ გზას, ხელი ეშლება საკუთრებაში არსებული ნაკვეთით სარგებლობაში.
21. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.
24. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (ექსპერტიზის დასკვნები, ადგილზე დათვალიერების ოქმი, მხარეთა ახსნა- განმარტებები) ერთობლიობაში შეფასების შედეგად, პალატა იზიარებს სასამართლოს დასკვნას, რომ მიწის ის მონაკვეთი, რომელზედაც მოპასუხეს მოწყობილი აქვს ღობე (..... ქუჩის მხრიდან) ვერ გამოდგება ჯეროვანი დაკავშირების საშუალებად საჯარო გზასთან.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ შენობის არსებობით მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებითი ხასიათის ზემოქმედების დამტკიცება, რაც ამ უკანასკნელისთვის საკუთრებით სარგებლობის უფლების დაუშვებელ და აშკარა ხელყოფას გამოიწვევდა, მოსარჩელემ ვერ შეძლო;
25. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად, რის საფუძველზეც, საკასაციო პალატამ უპასუხა, კასატორის მხოლოდ ძირითად არგუმენტებს (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
26. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, გადავადებული ჰქონდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 30% - 45 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.მ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ა.მ–ვს (..........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 30% - 45 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე