09 ივლისი 2025 წელი საქმე№ას-935-2025 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს „ი.გ–ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა შ.პ.ს ,,ი.გ–ის“ მიმართ მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს 2093.85 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 92 ლარის გადახდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5. საქმეში არსებული მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინების ასლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის თანამშრომელს - ლ.დ–იას ჩაბარდა 2025 წლის 03 ივნისს.
7. 2025 წლის 26 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის დასაბუთებული განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, განჩინების ასლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის თანამშრომელ - ლ.დ–იას ჩაბარდა 2025 წლის 03 ივნისს. (იხ.გზავნილის ჩაბარების დასტური, ტ. 1, ს.ფ. 186).
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა საკასაციო საჩივრის ავტორისათვის დაიწყო 2025 წლის 04 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 24 ივნისს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (სუსგ. №ას-1354-2019, 21.02.2020წ; №ას-1395-2020, 7.12.2020წ.).
16. დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2025 წლის 26 ივნისს ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით (იხ. საკასაციო საჩივარი ტ.1, ს.ფ. 188-201).
17. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
18. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 63-ე, 374-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი