Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1097-1059(კ-08) 25 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ზ. ი.-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 20.10.08წ. განჩინებით ზ. ი.-ს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. კასატორმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 47-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის (325 ლარის) გადახდისაგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს 150 ლარს, რის გამოც არ შეუძლია 325 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 17.11.08წ. განჩინებით ხარვეზის გამოსასწორებლად ზ. ი.-ს გაუგრძელდა ამავე პალატის 20.10.08წ. განჩინებით დადგენილის საპროცესო ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი ცნობა მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების შესახებ არ ადასტურებდა მხარის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას. კასატორს განემარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. კასატორს დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის, 325 ლარის, გადახდის ქვითრის ან იმ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებიც ადასტურებდნენ მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

15.12.08წ. ზ. ი.-მა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას. კასატორმა აღნიშნა, რომ 07.11.08წ. განცხადების დანართებად წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდებოდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა. კასატორის მითითებით, საკასაციო პალატის მიერ დადგენილი ბაჟის, 325 ლარის, გადახდას შეძლებს მხოლოდ 13,8 თვეში, რის გამოც მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება 13.8 თვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზ. ი.-მა მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის შემცირება 50 ლარის ფარგლებში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოასამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების ოდენობა შეამციროს, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

განსახილველ შემთხვევაში კასატორ ზ. ი.-ის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი იქნა შპს “ს.-ის” მიერ 03.11.08წ. გაცემული ¹1 ცნობა ზ. ი.-ის შრომის ანაზღაურების შესახებ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გაცემული ინფორმაცია შრომისუნარიანი მამაკაცისათვის საარსებო მინიმუმის ოდენობის შესახებ. მიუხედავად საკასაციო პალატის მითითებისა, კასატორს არ წარმოუდგენია მისი საერთო ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი ინფორმაცია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თხოვნით კასატორს სასამართლოსათვის არ მიუმართავს, ხოლო მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ქმნის კუთვნილი სახელმწიფო ბაჟის შემცირების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ი.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნეს დატოვებული;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.