საქმე №ას-520-2025
28 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.გ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ს.კ. „ რ...“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, კომპენსაციის გადახდა, ხელშეკრულების პუნქტის ბათილად ცნობა, სახელფასო დავალიანების, საპენსიო თანხის და შვებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.გ–იამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ს.კ. „რ...“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელის ავტორი“) მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, კომპენსაციის გადახდის, ხელშეკრულების პუნქტის ბათილად ცნობის, სახელფასო დავალიანების, საპენსიო თანხისა და შვებულების ანაზღაურების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ხოლო შეგებებული სარჩელით მოითხოვა 50 000 ლარის დაკისრება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით გ.გ–იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს ს.კ. „რ...“-ის 2019 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება გ.გ–იასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; შპს ს.კ. „რ...“-ს გ.გ–იას სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება 100 000 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით; შპს ს.კ. „რ...“-ს გ.გ–იას სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასისა და შვებულების ანაზღაურება ჯამში 57 399 ლარის (დარიცხული) ოდენობით; შპს ს.კ. „რ...“-ს გ.გ–იას სასარგებლოდ დაეკისრა ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული ყოველი დღისათვის 32 399 ლარის 0,07%-ის ოდენობით, 2019 წლის 17 სექტემბრიდან აღნიშნული თანხის გადახდამდე პერიოდში; შპს ს.კ. „რ...“-ს გ.გ–იას სასარგებლოდ დაეკისრა საპენსიო შენატანის დაბრუნებული თანხის 759,05 ლარის ანაზღაურება; გ.გ–იას სარჩელი სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების და შრომითი ხელშეკრულების 12.1. პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; შპს ს.კ. „რ...“-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ.გ–იას შპს ს.კ. „რ...“-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 25 000 ლარის ანაზღაურება;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის განჩინებით შპს ს.კ. „რ...“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ასევე მოითხოვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 აპრილის განჩინებით გ.გ–იას დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 1550 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
9. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის 2 მაისს.
10. 2025 წლის 8 მაისს კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება. აღნიშნულ განცხადებაში მხარემ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველო კანონის 5.1 ა მუხლის შესაბამისად: „ფიზიკური პირები - სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან. მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორი დავობს კომპენსაციის თანხაზე, რომელიც გამომდინარებს შრომის ხელშეკრულებიდან, მათ შორის კომპენსაციის ნაწილიც სწორედ შრომის ანაზღაურების - უკანონო მოცდენის საკომპენსაციო თანხაა და ის ზემოთ მოყვანილი ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილს, აღნიშნულიც შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავაა და მისი განხილვა ცალკე, რაიმე სხვა საფუძვლის შესაბამისად არ მომხდარა. თავად სადავო საკითხი სწორედ შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის ფარგლებში წარმოიშვა და რაიმე სხვა მატერიალური საფუძველი არ გააჩნია.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინებით გ.გ–იას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 1550 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინება კასატორის წარმომადგენელს თ.ზ–ს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (იხ.მინდობილობა ტ.2,ს.ფ.274-275) და ჩაბარდა 2025 წლის 3 ივნისს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინებით კასატორს მიეცა 5 დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
17. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინება კასატორის წარმომადგენელს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა 2025 წლის 23 მაისს და ჩაბარდა 2025 წლის 3 ივნისს(იხ. ჩაბარების დასტური, ტ.3 ს.ფ. 270). შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მაისის განჩინება კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად ჩაბარდა.
18. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 5-დღიანი საპროცესო ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2025 წლის 4 ივნისს და ამოიწურა (ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო ვადა დაემთხვა კვირა დღეს) 2025 წლის 9 ივნისს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.გ–იას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება
მოსამართლე გიზო უბილავა