Facebook Twitter

საქმე №ა-6270-შ-187-2023

17 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

სხდომის მდივანი – ლელა სანიკიძე

შუამდგომლობის ავტორი – B. G.L.

შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენლები – თ.ბ–ვა, ზ.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ფ–ა

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი – თ.ხ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის ბრძანება (31 მარტს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) (საქმე N: CL-2018-000026)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ.ფ–ამ (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“, „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოში B. G.L-ის (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“, „განმცხადებელი“, „მოპასუხე“, „ბიჯეო“, „ბიჯი ბრიტანეთი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ ინგლისის სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა საადვოკატო ხარჯების უზრუნველყოფა.

3. ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2021 წლის 26 მარტის ბრძანებით მოსარჩელეს დაეკისრა ვალდებულება 2021 წლის 16 აპრილის 16:00 საათამდე სასამართლოს ანგარიშზე გადაეხადა 3 848 462 ფუნტი.

4. მოსარჩელემ არ შეასრულა ზემოაღნიშნული ბრძანება და 2019 წლის 19 აპრილს ბიჯეომ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

5. ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2021 წლის 20 აპრილის ბრძანებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, მოსარჩელის სარჩელზე შეწყდებოდა საქმის წარმოება თუ მის მიერ 2021 წლის 21 აპრილამდე არ მოხდებოდა თანხის გადახდა.

6. ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2021 წლის 22 აპრილის ბრძანებით, მოსარჩელის სარჩელის განხილვა სრულად მოიხსნა. მოსარჩელე ვალდებულია გადაიხადოს მოპასუხის ხარჯები, რომელიც მან გასწია პროცესის განმავლობაში, თუ ეს ხარჯები უკვე არ არის დაკმაყოფილებული წინა ხარჯების ბრძანებით და იმის გათვალისწინებით, თუ მხარეები ხარჯებს ვერ შეათანხმებენ, საჭიროა ხარჯების დეტალური შეფასება. მოსარჩელე ვალდებულია გადაიხადოს საპროცენტო განაკვეთი მოპასუხის ხარჯებზე მე-2 პარაგრაფის თანახმად, რომლის ოდენობაც უნდა შეფასდეს სათანადო ინგლისის ბანკის საპროცესო განაკვეთის მიხედვით იმ თარიღიდან, რომელზეც მოპასუხემ გადაიხადა ასეთი ხარჯი ამ ბრძანების თარიღამდე. მოსარჩელე ვალდებულია 2021 წლის 6 მაისის 16:00 საათამდე გადაიხადოს 7,567,265.96 ფუნტი სტერლინგი მოპასუხის ანგარიშზე მე-2 პარაგრაფში მითითებული ხარჯებისთვის. სასამართლოს ფონდის ანგარიშზე არსებული თანხა 3,156,804.40 ფუნტი სტერლინგის ოდენობით, რომელიც განთავსდა სასამართლოს ანგარიშზე, როგორც მოპასუხის ხარჯებისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის უზრუნველყოფა, უნდა გადაერიცხოს მოპასუხეს მოპასუხის მოთხოვნის შესაბამისად და ჩაითვალოს მოპასუხის ხარჯების ანგარიშში, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-4 პარაგრაფში.

7. მოსარჩელემ არ შეასრულა 2021 წლის 22 აპრილის ბრძანება, რის გამოც 2021 წლის 16 ნოემბერს მოპასუხემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შეწყვეტის ბრძანების ცვლილება და მისი ხარჯების შემაჯამებელი შეფასება. ბიჯეოს განცხადება მოისმინა მოსამართლე ბ.-ნი ჰ–მ 2022 წლის 18 მარტს გამართულ სხდომაზე.

8. ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის (31 მარტს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) ბრძანების (საქმე N:CL-2018-000026) (შემდგომში - „საცნობი ბრძანება“)

8.1. პირველი პუნქტით, მოსარჩელე რ.ფ–ა (პ/ნ .........) ვალდებულია გადაუხადოს მოპასუხე B.G.L-ს (სარეგისტრაციო ნომერი: 7811410) საპროცესო ხარჯები იმ ფარგლებში, რაც არ ყოფილა მიკუთვნებული წინა ბრძანების საფუძველზე, რომლის ჯამური ოდენობა შეადგენს 7 250 000 ფუნტ სტერლინგს;

8.2. მეორე პუნქტით, სასამართლოს ფონდის ანგარიშზე არსებული თანხა - 3 156 804,40 ფუნტი სტერლინგი, რომელიც განთავსდა სასამართლოს ანგარიშზე, როგორც მოპასუხის ხარჯების უზრუნველყოფა და შემდგომ გადაერიცხა მოპასუხეს, უნდა ჩაითვალოს ზემოთ პირველ პარაგრაფში მითითებული თანხის ანგარიშში;

8.3. მე-3 პუნქტით, მოსარჩელე ვალდებულია, მოპასუხის ხარჯების თანხის, როგორც ეს მითითებულია პირველ პარაგრაფში, დარჩენილი ნაწილი - 4 092 966.41 ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს მოპასუხეს არაუგვიანეს 2022 წლის 15 აპრილის 16:00 საათისა;

8.4. მე-4 პუნქტით, შემდგომი ბრძანებები უნდა შეიცვალოს იმ ფარგლებში, რაც საჭიროა ზემოთ პირველი და მესამე პარაგრაფების შესასრულებლად;

8.5. მე-5 პუნქტით, მოსარჩელემ უნდა გადაუხადოს მოპასუხეს განცხადების ხარჯები, რომლის ოდენობა შემაჯამებელი პროცედურით შეფასებულია 60 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით და აღნიშნული თანხა გადახდილ უნდა იქნეს არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილის 16:00 საათისა;

8.6. მე-6 პუნქტით, ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, საპროცენტო სარგებელი უნდა დაერიცხოს ნებისმიერ შემდეგ ოდენობას: (i) ზემოთ, მე-3 პარაგრაფში მითითებული თანხის დარჩენილ ნაწილს, რომელიც არ იქნება გადახდილი 2022 წლის 15 აპრილის შემდგომ; და (ii) ზემოთ მე-5 პარაგრაფში მითითებული თანხის დარჩენილ ნაწილს, რომელიც არ იქნება გადახდილი 2022 წლის 1 აპრილის შემდგომ, 1838 წლის გადაწყვეტილების აქტისა და გადაწყვეტილების ვალის (საპროცენტო სარგებელი) ბრძანების შესაბამისად, ამ თანხის სრულად გადახდამდე;

8.7. შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.

9. B.G.L-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის (31 მარტს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) ბრძანების (საქმე N:CL-2018-000026) მე-3 და მე-6 (i) პუნქტების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება. ბრძანების მე-3 პარაგრაფი, რომლითაც მოსარჩელე ვალდებულია, მოპასუხის ხარჯების თანხის, როგორც ეს მითითებულია პირველ პარაგრაფში, დარჩენილი ნაწილი - 4 092 966.41 ფუნტი სტერლინგი გადაუხადოს მოპასუხეს არაუგვიანეს 2022 წლის 15 აპრილის 16:00 საათისა და მე-6 პარაგრაფი, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 4 092 966,41 ფუნტ სტერლინგზე წლიური 8%-ის გადახდა 2022 წლის 16 აპრილიდან ამ თანხის სრულ გადახდამდე (იხ. წინამდებარე განჩინების 1.3 და 1.6 პუნქტები).

10. წინამდებარე საქმეზე 1.6 პუნქტში მოხსენიებული მე-5 პარაგრაფში მითითებული თანხა გადახდილია. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ბრძანების მე-3 და მე-6 (i) პარაგრაფის ცნობა-აღსრულებას. ამავე პარაგრაფში მოხსენიებული 1838 წლის გადაწყვეტილების აქტისა და გადაწყვეტილების ვალის (საპროცენტო სარგებელი) ბრძანებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელია წლიური 8 % (იხ. შუამდგომლობის დანართი 13, ევროპის კავშირის ოფიციალური ჟურნალიდან გაცემული ცნობა, ტ. 3, ს.ფ. 25-35).

11. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 18 მარტს (იხ. ინგლისისა და უელსის კომერციული სასამართლოს თავმჯდომარის მოსამართლე ბნ. ფოქსტონის წერილი, ტ.3, ს.ფ 190-191, ასევე, პროფესორ ჯ.ჰ–ს პირველი დასკვნა, ტ.2, ს.ფ. 207).

12. საცნობი ბრძანებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ესწრებოდა 2022 წლის 18 მარტის სხდომას და თავად წარმოადგინა საკუთარი თავი თარჯიმნის მეშვეობით (იხ. ინგლისისა და უელსის კომერციული სასამართლოს თავმჯდომარის მოსამართლე ბნ. ფოქსტონის წერილი, ტ.3, ს.ფ 190-191).

13. საქმეში წარმოდგენილია 2023 წლის 6 ოქტომბრის ა. ლ–ის მიერ მომზადებული საჯარო წყაროების გამოძიება და დასკვნა მოწინააღმდეგე მხარის ბრიტანული აქტივების შესახებ, რომლის თანახმად, გამოძიების განმავლობაში ა–მ ვერ შეძლო დაეიდენტიფიცირებინა მოწინააღმდეგე მხარის რეგისტრირებული საცხოვრებელი ან ბიზნეს საქმიანობის მისამართი დიდ ბრიტანეთში, ასევე, მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული აქტივი, მათ შორის, უძრავი ქონება და ფასიანი ქაღალდები, ნებისმიერი აქტივი, რომელიც არის მოწინააღმდეგე მხარის ან მის საკუთრებაში არსებული ან მასთან დაკავშირებული კომპანიის საკუთრებაში ან მფლობელობაში, ასევე, ვერ დაიდენტიფიცირდა, რომ მას აქვს საბანკო ანგარიშები დიდ ბრიტანეთში (იხ. ტ. 5 ს.ფ. 297).

14. შუამდგომლობის ავტორის მიერ დამატებით წარმოდგენილი პროფესორ ჯ.ჰ–ის საექსპერტო დასკვნით, ინგლისში არ არსებობს სპეციალური აღმასრულებელი ორგანო „აღმასრულებელი მოსამართლე“, „დეპარტამენტი“ ან „ბიურო“. როგორც საერთო სამართლის სისტემის იურისდიქციაში, ინგლისსა და უელსში გადაწყვეტილებით განსაზღვრულმა კრედიტორმა უნდა განსაზღვროს მისთვის ხელმისაწვდომი აქტივები და თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ აღსრულდება გადაწყვეტილება/ბრძანება მოვალის აქტივების წინააღმდეგ. ამის შემდეგ, სწორედ გადაწყვეტილებით განსაზღვრულმა კრედიტორმა უნდა გამოიყენოს და განახორციელოს აღსრულების პროცედურები მისი ვალის მისაღებად. ამასთან, როგორც პირველ დასკვნაში იყო განხილული აღსრულების მთავარი მექანიზმებია, (i) ყადაღის ბრძანება - ეს არის ბრძანებები, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოვალის ქონება ექვემდებარება ყადაღას; (ii) შეჩერების ბრძანება / შეჩერების შეტყობინება - ეს არის ბრძანება, რომელიც კრძალავს გადაწყვეტილებით განსაზღვრული კრედიტორის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდებით ან მის მიერ სასამართლოში დეპონირებული თანხების განკარგვას, მათ შორის, აქედან გამომდინარე დივიდენდების გადარიცხვასა და გადახდას; (iii) კონტროლის აღსრულების ფურცელი ან გარანტია - ეს არის ბრძანებები, რომელიც აღსრულების ოფიცრებს (რომლებიც უფლებამოსილი არიან დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ) ანიჭებს შესაძლებლობას შევიდნენ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოვალის ქონებაში და ამოიღონ ნივთები. ეს ნივთები მოგვიანებით უნდა გაიყიდოს და მიღებული თანხა მიმართულ იქნეს დასაფარად; (iv) მიმღების დანიშვნა - ინიშნება „მიმღები“, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მოვალის აქტივების შეგროვებაზე, რომლის სხვაგვარად დატვირთვაც შეუძლებელია. ამავე დასკვნაში შეფასებულია ზემოაღნიშნულ პუნქტში მითითებული ალაკოს დასკვნა და განმარტებულია, რომ არ არსებობს აქტივები, რომლის წინააღმდეგაც ბიჯი ბრიტანეთი შეძლებს აღსრულებას ინგლისსა და უელსში. საექსპერტო დასკვნის თანახმად, შუამდგომლობის ავტორის მიერ გამოყენებული და „აღსრულებულია“ ინგლისსა და უელსში მისთვის პრაქტიკულად ხელმისაწვდომი აღსრულების მეთოდები (იხ. ტ. 4, ს.ფ 69-89).

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

16. შუამდგომლობა და თანდართული მასალები გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს და განესაზღვრა ვადა პოზიციის წარმოსადგენად.

17. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრება საცნობი ბრძანების შესახებ შეიცავს შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

17.1. წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველი, რამდენადაც არ ერთვის ცნობა საქართველოში მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ; საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2023 წლის 21 მარტით დათარიღებული განჩინებით საქმეზე ა-381-შ-10-2023 შუამდგომლობა განუხილველად დატოვა იმ მიზეზით, რომ მხარეს სრულად არ ჰქონდა დაცული „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობები. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „კანონის გრამატიკული და ტელეოლოგიური განმარტების, ასევე დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, საკასაციო პალატა სკს-ის 71.1 მუხლის დანაწესით გათვალისწინებულ პირობებს კუმულატიურად განიხილავს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ ყველა წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობის განხილვა“. ამავე განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან შუამდგომლობის ავტორს არ მიუმართავს ბრძანების მიმღები სასამართლოსათვის მისი აღსრულების მოთხოვნით, მას არ აქვს შესრულებული სკს-ის 71 მუხლის დანაწესით გათვალისწინებული პირობები; თუ მხარეს სურს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველ რიგში უნდა სცადოს აღსრულება გადაწყვეტილების გამომტან ქვეყანაში და მხოლოდ აღსრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მიმართოს სხვა ქვეყანას;

17.2. პროფესორი ჯ.ჰ–სი დასკვნაში უთითებს, რომ რამდენადაც მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნია აქტივები დიდ ბრიტანეთში ბიჯი ბრიტანეთისთვის არ არის ხელმისაწვდომი აღსრულების ის ოთხი გზა, რომელზეც ის საუბრობს თავის პირველ დასკვნაში, ანუ, ვინაიდან არ არსებობს მოვალე პირის აქტივები გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მიმართვას აზრი ეკარგება;

17.3. პროფესორი ჯ.ჰ–სი თავის დასკვნაში იმასაც წერს, რომ ინგლისური სასამართლო კრიტიკულად მიუდგება ბიჯი ბრიტანეთს თუ ის დაადგენს, რომ ბიჯი ბრიტანეთმა სასამართლოს მიმართა მხოლოდ იმ მიზნით, რომ საქართველოს სასამართლოებისთვის ეჩვენებინა, რომ მან ინგლისსა და უელსში „ამოწურა“ აღსრულების ოფციები და ინგლისური სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას მხოლოდ ამ მიზნით. ვფიქრობ, საქართველოს სასამართლოც კრიტიკულად უნდა მიუდგეს ბიჯი ბრიტანეთს და დაადგინოს, რომ მათ საერთოდ არ გაითვალისწინეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება და არ აღმოფხვრეს განცხადების განუხილველად დატოვების გარემოებები, მხოლოდ იმის გამო, რომ არ მიეღოთ „კრიტიკული“ მიდგომა ინგლისის სასამართლოსგან. ამჟამად, განსახილველი შუამდგომლობა თავისი შინაარსით არაფრით განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წლის 21 მარტს განხილული შუამდგომლობისგან, ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ მას თან ერთვის მოწინააღმდეგე მხარის აქტივების მოძიების დოკუმენტი და პროფესორ ჯ.ჰ–სის ახალი დასკვნა, რომელიც ახალს არაფერს ამბობს გარდა იმისა, რომ უხერხულია ინგლისში აღსრულების დაწყება და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კარგად ვერ გაიგო მისი პირველი დასკვნის შინაარსი;

17.4. ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს სამართლის ძირითად პრინციპებს, რის გამოც საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ შეიძლება დაექვემდებაროს საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას. განსახილველ შემთხვევაში, ინგლისისა და უელსის კომერციული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის ბრძანება და შესაბამისად მისი მე-3 პარაგრაფი, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 4 092 966,41 ფუნტი სტერლინგის გადახდა და მე-6 პარაგრაფი, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა 4 092 966,41 ფუნტი სტერლინზე წლიური 8%-ის გადახდა 2022 წლის 16 აპრილიდან ამ თანხის სრულ გადახდამდე, ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, რის გამოც ის არ უნდა დაექვემდებაროს საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას;

17.5. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე მხარემ (ძირითად დავაში - მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ინგლისისა და უელსის კომერციული სასამართლოში B.G.L-ის წინააღმდეგ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, B.G.L-მა მიმართა სასამართლოს მოითხოვა, რომ მოსარჩელეს მოეხდინა ადვოკატის ხარჯების წინასწარი უზრუნველყოფა. მართლმსაჯულების უმაღლეს სასამართლოში ინგლისისა და უელსის სამეწარმეო და საკუთრების საქმეების კომერციული საქმეების სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის მოსამართლე მოულდერის გადაწყვეტილებით B. G.L-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ძირითად დავაში მოსარჩელეს დაევალა პაექრობის ეტაპის დასრულებამდე წარედგინა უზრუნველყოფა ხარჯების მთელ ოდენობაზე. ასეთი ხარჯების ზუსტი ოდენობა კი სასამართლოს მიერ უმაღლეს სასამართლოში განისაზღვრებოდა მოპასუხის ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებულ სხდომაზე მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ;

17.6. მოსამართლე მოულდერის გადაწყვეტილების შემდეგ სხვადასხვა დროს მოწინააღმდეგე მხარის (ძირითად დავაში მოსარჩელე) მიერ სასამართლოს ფონდის ანგარიშზე განთავსდა 3 156 804,4 ფუნტი სტერლინგი. ეს გარემოება არ არის სადავო მხარეებს შორის და ამავე დროს ასახულია მოსამართლე ქოქერილის 2021 წლის 22 აპრილის ბრძანებაში. აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე ქოქერილი მოპასუხე B.G.L.- ის ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე 2021 წლის 26 მარტს იღებს ახალ ბრძანებას, რომლითაც მოსარჩელეს ევალება 2021 წლის 16 აპრილის 16 საათამდე სასამართლოს ანგარიშზე გადაიხადოს 3 848 462 ფუნტი სტერლინგი. მოსარჩელე ვერ ასრულებს მოსამართლე ქოქერილის ბრძანებას და სთხოვს დამატებით ვადას ამ ბრძანების შესასრულებლად, რაც კმაყოფილდება ნაწილობრივ და მოსარჩელეს ეძლევა მხოლოდ 48 საათი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმის წარმოება წყდება. მოსამართლე ქოქერილი 2021 წლის 20 აპრილის ბრძანების პირველი პუნქტი: „მოსარჩელის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება, თუ უზრუნველყოფის თანხა არ იქნა გადახდილი მოსარჩელის მიერ და მიღებული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 აპრილამდე“. მოსამართლე ქოქელის 2021 წლის 22 აპრილის ბრძანების შესაბამისად, სარჩელის განხილვა სრულად მოიხსნა. მოსარჩელეს დაეკისრა ვალდებულება 2021 წლის 6 მაისის 16 საათამდე გადაიხადოს 7 567 265,96 ფუნტი სტერლინგი მოპასუხის ანგარიშზე. სასამართლოს ფონდის ანგარიშზე არსებული თანხა 3 156 804,4 ფუნტი სტერლინგის ოდენობით, რომელიც განთავსდება სასამართლოს ანგარიშზე, როგორც მოპასუხის ხარჯებისა და დარიცხული საპროცენტო სარგებლის უზრუნველყოფა, უნდა გადაერიცხოს მოპასუხეს და ჩაითვალოს მოპასუხის ხარჯების ანგარიშში. საბოლოო ბრძანებას კი წარმოადგენს მოსამართლე ჰენშოუს 2022 წლის 31 მარტის ბრძანება, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი ცნობა-აღსრულებისათვის. ეს ბრძანება განსაზღვრავს საბოლოოდ გადასახდელი თანხის ოდენობას და გამომდინარეობს მოსამართლე ქოქერილის 2021 წლის 20 აპრილის და 2021 წლის 22 აპრილის ბრძანებებიდან;

17.7. რ.ფ–ას სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა იმის გამო, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მოპასუხის ადვოკატების ხარჯების წინასწარ განთავსება სასამართლოს ანგარიშზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმა არ ითვალისწინებს საქმის წარმოების შეწყვეტას პროცესის ხარჯების გადაუხდელობის გამო. კანონი არცერთ შემთხვევაში ითვალისწინებს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების გადაუხდელობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტას. საქმის წარმოების შეწყვეტა, კი კარგად მოგეხსენებათ, ნიშნავს, რომ დავა იგივე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლით დაუშვებელია. იმის გამო, რომ რ.ფ–ამ ვერ შეძლო მოპასუხის ადვოკატის ხარჯის უზრუნველყოფა, მას სრულად ეთქვა უარი მართლმსაჯულების განხორციელებაზე და შემდგომში მის ხელმისაწვდომობაზე. ასევე უნდა აღნიშნოს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ასევე არ ითვალისწინებს ადვოკატის ხარჯის წინასწარ უზრუნველყოფის საკითხს;

17.8. კანონი, რომლითაც შეიძლება იქნეს მოთხოვნილი სასამართლო ხარჯის წინასწარი უზრუნველყოფა ეს არის საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, რომლის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ მოსარჩელე უცხო ქვეყნის მოქალაქე, იურიდიული პირი ან მოქალაქეობის არმქონე პირია და საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან რეზიდენცია საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვს, მას მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილებით შეიძლება დაეკისროს დადგენილ ვადაში სასამართლო ხარჯების ანაზღაურების გარანტიის მიცემა;

17.9. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, სასამართლო ხარჯების ანაზღაურების გარანტიის წარუდგენლობა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით არ იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას. 58-ე მუხლის მეოთხე პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება გარანტიის მიცემის თაობაზე მიღებული უნდა იქნეს განჩინებით. შუამდგომლობის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საქმე განიხილება მხოლოდ გარანტიების ჩაბარების შემდეგ. ამდენად, საქართველოში მოქმედი არცერთი კანონი არ ითვალისწინებს საქმის წარმოების შეწყვეტას, ანუ მართლმსაჯულებაზე უარის თქმას, ადვოკატის ხარჯის წინასწარ გადაუხდელობის გამო, სწორედ ამიტომ საცნობი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო მართლწესრიგს;

17.10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის შინაარსს თუ შევაფასებთ, არც მითითებული ნორმა ითვალისწინებს ადვოკატის ხარჯის უზრუნველყოფის წინასწარ წარმოდგენის ვალდებულებას, ვინაიდან ნორმა საუბრობს სასამართლო ხარჯზე, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად არის სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლი) და არა ადვოკატის ხარჯი. მიუხედავად აღნიშნულისა, რომც ჩავთვალოთ ნორმა მოიაზრებს ადვოკატის ხარჯსაც, მითითებული მუხლი გამორიცხავს დავაზე საქმის წარმოების შეწყვეტას, ვინაიდან დაშვებულია, რომ საქმე განიხილება გარანტიების წარმოდგენის შემდეგ, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში კი საქმის განხილვა აღარ ხდება;

17.11. ინგლისისა და უელსის კომერციული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის ბრძანება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში, ინგლისისა და უელსის სასამართლოს მიერ არ მომხდარა საქმის არსებითი განხილვა, იმისთვის, რომ გადაწყვეტილიყო ვის სასარგებლოდ მოხდებოდა გადაწყვეტილების გამოტანა. პირიქით, ისე, რომ საქმე არ იქნა განხილული, მხოლოდ ხარჯების განუთავსებლობის გამო მოხდა საქმის წარმოების შეწყვეტა, ისე, რომ მოსარჩელეს აკრძალული აქვს სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა. ანუ, თუ მხარე წარადგენდა ადვოკატის ხარჯის უზრუნველყოფას, მაშინ საქმე განიხილებოდა და მხარე მიიღებდა მართლმსაჯულებას. დღევანდელი მოცემულობით კი, მხარემ ადვოკატის ხარჯიც უნდა აანაზღაუროს და ამასთან ერთად საქმეც აღარ განიხილება სასამართლოში. ანუ, ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებებით მხარე ორმაგად ისჯება - თან აღარ განიხილება მისი სარჩელი და ამავდროულად მაინც უნდა გადაიხადოს ის თანხა, რომლის განთავსების შეუძლებლობის გამო უარი ეთქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მისი სარჩელი წარმატებული იქნებოდა მას საერთოდ არ მოუწევდა ასეთი ხარჯების ანაზღაურება საქმე ამ კუთხითაც ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს;

17.12. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნილი იქნა ადვოკატის ხარჯის წინასწარი უზრუნველყოფა და არ იქნა დაწესებული თანხის ლიმიტი, მაშინ, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია თუ რა ოდენობით უწევს დამარცხებულ მხარეს ასეთი ხარჯების ანაზღაურება. ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მხარეს გააჩნია მოლოდინი, რომ მას შეიძლება - დაეკისროს თანხა არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ინგლისისა და უელსის სასამართლოების მიერ კი არ განსაზღვრულა ადვოკატის ხარჯის ზღვარი, რის გამოც მოსარჩელე იმყოფებოდა სრულიად არაპროგნოზირებად მდგომარეობაში და მისთვის უცნობი იყო ადვოკატის ხარჯის რა განუსაზღვრელი ოდენობის გარანტიის წარდგენა დაევალებოდა, რითიც მას მოესპო არჩევანი თავად გადაეწყვიტა საკუთარი სარჩელის ბედი, ისე, რომ არ მიეღო საბოლოო უარი მართლმსაჯულების განხორციელებაზე; B.G.L-ის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა საქმის სწორედ ასეთი სახით დასრულება, მათი სურვილი იყო ფინანსურად შეეზღუდათ მოსარჩელე მხარე, მოეთხოვათ მისთვის ადვოკატის შეუსაბამო და კოლოსალური თანხები და მიეღწიათ მიზნისთვის, რომ არ მომხდარიყო საქმის არსებითი განხილვა. წარმოდგენილი იქნა ადვოკატის ხარჯის კოლოსალური ოდენობა - ვითომდა B.G.L–ის ხარჯი მოსამზადებელ ეტაპზე 17 000 000 ფუნტი სტერლინგზე მეტს შეადგენდა. B.G.L-მა ძალიან მარტივად, თუმცა არაკეთილსინდისიერად ისარგებლა მოსამართლე მოულდერის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელიც ქართველ ექსპერტზე დაყრდნობით დაარწმუნა, რომ თურმე საქართველოს უზენაესი სასამართლო არ ცნობს დიდი ბრიტანეთის სასამართლო გადაწყვეტილებებს და წარმოადგენდა არაადეკვატურ მოთხოვნებს. ადვოკატის ხარჯების უზრუნველყოფისთვის შეთავაზებული იქნა საქართველოში მდებარე 10 მიწის ნაკვეთი (აქედან მხოლოდ 3 მიწის ნაკვეთი იყო დატვირთული იპოთეკით, ისიც უსაფუძვლოდ და წარდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულებები) და - სხვა აქტივები, მაგრამ ისევ იმ მოტივით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ ხდება დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების აღსრულება ამ უზრუნველყოფაზე B.G.L-ის ადვოკატებმა უარი განაცხადეს;

17.13. ასევე საყურადღებოა, რომ 3 156 804,4 ფუნტი სტერლინგი B. G. L.- ს უკვე ანაზღაურებული აქვს და რომ არა მათ მიერ დაქირავებული უამრავი ადვოკატი (როგორც ვიცით 15 ადამიანი), რომლებიც თურმე 17 კვირის განმავლობაში დღეში 7 საათი ერთობლივად მუშაობდნენ საქმეზე, ეს იქნებოდა ადეკვატური ანაზღაურება მათთვის და იმ საქმისთვის, რომლის განხილვაც იგეგმებოდა დიდ ბრიტანეთში;

17.14. მოსამართლე ქოქერილის 2021 წლის 26 მარტის და 2021 წლის 20 აპრილის ბრძანებებით და შესაბამისად 2022 წლის 31 მარტის ბრძანებით - საქმის წარმოების შეწყვეტით ადვოკატის ხარჯის წინასწარ გადაუხდელობის გამო არსებითად შეუზღუდა მოსარჩელეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება და ეს გარდა საქართველოს კანონმდებლობისა, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლს;

17.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ მხარის არაკეთილსინდისიერი ქცევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამართლის პრინციპებს და არ შეიძლება დაკანონდეს. B. G. L.-ის და მისი ადვოკატების მოქმედება სწორედ რომ სცილდება კეთილსინდისიერების ფარგლებს, რასაც ხელი შეუწყო ექსპერტის არაკეთილსინდისიერმა და მიზნობრივად შეცდომაში შემყვანმა დასკვნამ. ამ კუთხითაც ინგლისისა და უელსის კომერციული საქმეების სასამართლოს სამეწარმეო და საკუთრების საქმეების სასამართლოების მოსამართლე მოულდერის 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების შინაარსზე, რომლითაც B. G. L.-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და რ.ფ–ას დაევალა პაექრობის ეტაპის დასრულებამდე წარედგინა მოპასუხის მიერ ადვოკატებისთვის გადასახდელი თანხის უზრუნველყოფა ხარჯების მთელ ოდენობაზე. მოსამართლე მიულდერი თავის გადაწყვეტილებაში (2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება) წერს, რომ ეყრდნობა პროფესორ კერესელიძის განმარტებას, რომ ვინაიდან საქართველოს და ინგლისს შორის არ არსებობს ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებები გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, არსებობს იმის რეალური რისკი, რომ საქართველოში ხარჯების თაობაზე ინგლისის სასამართლო გადაწყვეტილება არ აღსრულდებოდა;

17.16. 2019 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება ეყრდნობა იმ ერთადერთ საფუძველს, რომ შესაძლებელია ადვოკატის ხარჯების დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ ცნოს აღსასრულებლად, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. იმ შემთხვევაში, თუ რ.ფ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა და მას დაეკისრებოდა მოპასუხის მიერ ადვოკატებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება, სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა შესაბამისი საქართველოს სამართლის პრინციპებისთვის და არა ის, რომელიც ეხლა არის წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოში;

17.17. B. G. L.-მა არჩეული სტრატეგიით - ფინანსური შეზღუდვებით მიეღწია წარმატებისთვის და წინასწარ მოითხოვა ადვოკატის ხარჯების განთავსება სასამართლოს ანგარიშზე, თავი შეიბოჭა და აღარ არის უფლებამოსილი მოითხოვოს გადაწყვეტილების ცნობა აღსრულება, ვინაიდან არ შეიძლება გამართლებული იყოს მხარის ორმაგად დასჯის პრინციპი. იმის გამო, რომ რ.ფ–ამ ვერ შეძლო ადვოკატის ხარჯის წინასწარი უზრუნველყოფა, მიიღო უარი მართლმსაჯულების განხორციელებაზე და ამჟამად კი მოთხოვნილი არის ამ ხარჯების ანაზღაურება, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამართლის პრინციპებთან და ზოგადად სამართლიანობასთან.

18. 2024 წლის 24 იანვარსა და 2025 წლის 26 ივნისს შედგა საქმის ზეპირი მოსმენა. ორივე სხდომის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით პოზიციაში დაყენებულ შუამდგომლობას B. G. L.-ის შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის, თანდართული მასალების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ რ.ფ–ას წარმომადგენლის შუამდგომლობა B. G. L.-ის შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

20. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - სკს“) 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარე მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით, ასევე, 2024 წლის 24 იანვარს და 2025 წლის 26 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესზე წარდგენილი ზეპირი განმარტებით, სადავოდ ხდის შუამდგომლობის ავტორის მხრიდან საცნობი ბრძანების გამომტან ქვეყანაში აღსრულებასთან/აღუსრულებლობასთან დაკავშირებით ცნობის წარდგენის საკითხს და ითხოვს შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას.

22. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ იდენტური შუმადგომლობით განმცხადებელმა ორჯერ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, კერძოდ, 2022 წლის 30 სექტემბერსა (პირველი შუამდგომლობა) და 2023 წლის 25 იანვარს (მეორე შუამდგომლობა). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით პირველ შუამდგომლობის წარდგენისას მხარეს, სხვა საკითხებთან ერთად, დაევალა წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ ინგლისისა და უელსის კომერციული სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის ბრძანების აღსრულება არ მომხდარა ბრძანების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად. 2022 წლის 26 ოქტომბერს განმცხადებელმა ხარვეზის შევსების მიზნით გაიხმო შუამდგომლობა. 2023 წლის 25 იანვარს კი დამატებითი დოკუმენტაციით კვლავ მომართა უზენაეს სასამართლოს უცხო ქვეყნის ბრძანების საქართველოს-ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების მოთხოვნით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით B. G. L.-ს შუამდგომლობა ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2023 წლის 21 მარტს გამართა საქმის ზეპირი მოსმენა და №ა-381-შ-10-2023 საქმეზე B. G. L.-ის შუამდგომლობა ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩა განუხილველად (იხ. ტ 3, ს.ფ 383-388).

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2023 წლის 21 მარტის განჩინება №ა-381-შ-10-2023 საქმეზე შემდეგ გარემოებებს დააფუძნა:

23.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, უცხო სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილების სხვა ქვეყანაში ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა ამ უკანასკნელის საჯარო ხელისუფლების მიერ განხორციელებული აქტია, რა დროსაც სახელმწიფო სრული სუვერენიტეტითა და თავისუფლებით სარგებლობს;

23.2. გადაწყვეტილების აღიარების (ცნობის) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. დამატებით: თ. ლილუაშვილი, ბ. ლილუაშვილი, საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართალი, თბ., 2020, გვ.178);

23.3. „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. ამიტომაც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია, თუ რა კრიტერიუმების არსებობას უკავშირებს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას შესაბამისი ქვეყნის სასამართლო. ამგვარ კრიტერიუმებს შესაძლებელია მოცემული ქვეყნის კანონმდებლობა ან მის მიერ გაფორმებული ორმხრივი თუ მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმება პირდაპირ ჩამოთვლიდეს;

23.4. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსასრულებლად გამოცხადების პროცედურა გაწერილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-71-ე მუხლებში. ეს ნორმები მხოლოდ ეროვნული სასამართლოს შესაბამის საქმიანობას აწესრიგებს და არა სააღსრულებო წარმოების განმხორციელებელი ორგანოებისა. დასახელებული ქცევის წესები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა დებულებები, რომლებიც, როგორც წესი, უცხოური სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოში აღსასრულებლად გამოცხადების პროცედურას უფრო ამარტივებენ (შდრ: ლევან გოთუა, „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება“, თბილისი, 2010, გვერდი 85.). „გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და შესაბამისი ქვეყანა ორმხრივი ხელშეკრულების ან მრავალმხრივი კონვენციის მონაწილენი არიან, ხდება მის საფუძველზე. თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ საქართველოს უზენაესი სასამართლო გადწყვეტილებას ცნობს საერთაშორისო კერძო სამართლის კანონზე დაყრდნობით ან კეთილი ნების საფუძველზე“ (შდრ: სულხან გამყრელიძე, შემთხვევის გადაწყვეტის მეთოდი საერთაშორისო კერძო სამართალში ევროპის, გერმანული და შვეიცარიული სამართლის გათვალისწინებით, თბილისი, 2015, გვერდი 130);

23.5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს (იხ. თ.ლილუაშვილი, ბ. ლილუაშვილი, საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2020, გვერდი 233.; ზვიდ გაბისონია, ქართული საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2016, გვერდი 463). „ცნობა გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულების აუცილებლობის შესახებ, ფაკულტატური ხასიათის საბუთია იმ შემთხვევაში, თუ უცხოური სასამართლო აქტის შინაარსი სხვა რამეზე მეტყველებს“ (შდრ: ლევან გოთუა, „უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება“, თბილისი, 2010, გვერდი 87.);

23.6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 6.1 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები მოიცავს სასამართლოს ვალდებულებას, მიუთითოს გადაწყვეტილების მიღების საკმარისი საფუძვლები. დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებს აჩვენებს, რომ მათ ნამდვილად მოუსმინეს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის და არგუმენტების შერჩევის დროს სარგებლობს შეფასების ფართო ფარგლებით, ის ვალდებულია, რომ საკუთარი ქმედებები გაამართლოს, გადაწყვეტილების მიღების შესაბამისი მიზეზების მითითებით (შდრ: H. v. Belgium, 30 ნოემბერი 1987, § 53, Series A N 127-B;Suominen v. Finland, N 37801/97, § 36, 1 ივლისი 2003; Carmel Saliba v. Malta, N 24221/13, § 73, 29 ნოემბერი 2016);

23.7. როდესაც მხარის არგუმენტს არსებითი მნიშვნელობა აქვს სამართალწარმოების შედეგზე, იგი საჭიროებს ნათელ და კონკრეტულ პასუხს. შესაბამისად, სასამართლოებს მოეთხოვება გამოიკვლიოს შემდეგი: მხარეთა ძირითადი არგუმენტები, კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით უზრუნველყოფილ უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებული განცხადებები; ეროვნული სასამართლოები ვალდებულები არიან აღნიშნული განცხადებები განსაკუთრებული სიმკაცრითა და სიფრთხილით შეისწავლონ (შდრ: Ruiz Torija v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 30, Series A N 303-A; Hiro Balani v. Spain, 9 დეკემბერი 1994, § 28, Series A N 303-B; Buzescu v. Romania, N 61302/00, § 67, 24 მაისი 2005; Donadzé v. Georgia, N 74644/01, § 35, 7 მარტი 2006; Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg, N 76240/01, § 96, 28 ივნისი 2007);

23.8. დროის ეკონომიურობისა და სამართალწარმოების დაჩქარების სურვილი არ ამართლებს ისეთი ფუნდამენტური უფლების უგულებელყოფას, როგორიცაა შეჯიბრებითი სამართალწარმოების უფლება (იხ: Nideröst-Huber v. Switzerland, 18 თებერვალი 1997, § 30, Reports of Judgments and Decisions 1997-I);

23.9. შეჯიბრებითი პროცესის უფლება ნიშნავს სამოქალაქო საქმის მონაწილე მხარეების უფლებას, გაიცნონ და კომენტარები გააკეთონ ყველა წარდგენილი მტკიცებულების ან დასკვნის შესახებ, რათა გავლენა მოახდინონ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (შდრ: Ruiz-Mateos v. Spain, 23 ივნისი 1993, § 63, Series A N 262; McMichael v. the United Kingdom, 24 თებერვალი 1995, § 80, Series A N 307-B; Vermeulen v. Belgium, 20 თებერვალი 1996, § 33, Reports of Judgments and Decisions 1996-I; Lobo Machado v. Portugal, 20 თებერვალი 1996, § 31, Reports of Judgments and Decisions 1996-I; Kress v. France [დიდი პალატა], N 39594/98, §74, ECHR 2001-VI);

23.10. შეჯიბრებითი სამართალწარმოების მხარეს უნდა ჰქონდეს სასამართლოს წინაშე არსებული მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა, ისევე, როგორც მის შინაარსსა და ავთენტურობასთან დაკავშირებით, შესაბამისი ფორმითა და გონივრული დროის განმავლობაში, კომენტარის გაკეთების საშუალება (იხ: Krčmář and Others v. the Czech Republic, N 35376/97, §42, 3 მარტი 2000; Immeubles Groupe Kosser v. France, N 38748/97, §26, 21 მარტი 2002) საჭიროების შემთხვევაში, ამ უფლების განხორციელების მიზნით უნდა გადაიდოს საქმე (იხ.Yvon v. France, N 44962/98, § 39, ECHR 2003-V.); მხარეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ცნობილი გახადონ ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც მათი პოზიციის გასამყარებლად არის საჭირო სასამართლომ პატივი უნდა სცეს შეჯიბრებითობის პრინციპს (იხ: Clinique des Acacias and Others v. France, N 65399/01 და 3 სხვა, §37-38, 13 ოქტომბერი 2005;) მხოლოდ დავის მონაწილე მხარეების გადასაწყვეტია, მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ან მოწმის ჩვენება საჭიროებს თუ არა საპასუხო კომენტარს (იხ. Andret and Others v. France (განჩინება), N 1956/02, 25 მაისი 2004;). მართლმსაჯულების საქმიანობის მიმართ სამართალწარმოების მონაწილეების ნდობა დაფუძნებულია იმის ცოდნაზე, რომ მათ აქვს საქმეში არსებული ყველა დოკუმენტის შესახებ აზრის გამოთქმის უფლება (მათ შორის სასამართლოს მიერ საკუთარი შუამდგომლობით მოპოვებული დოკუმენტების თაობაზე (იხ. Nideröst-Huber v. Switzerland, 18 თებერვალი 1997, §29, Reports of Judgments and Decisions 1997-I; Pellegrini v. Italy, N30882/96, § 45, ECHR 2001-VIII);

23.11. სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფცია მოიცავს ,,მხარეთა თანასწორობის’’ პრინციპს. ,,მხარეთა თანასწორობის’’ მოთხოვნა, მხარეებს შორის ,,სამართლიანი ბალანსის’’ დაცვის მნიშვნელობით, ვრცელდება როგორც სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე (იხ. Feldbrugge v. the Netherlands, 29 მაისი 1986, § 44, Series A N 99;). მხარეებს შორის ,,სამართლიანი ბალანსის’’ შენარჩუნება. მხარეთა თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ თითოეულ მხარეს უნდა ჰქონდეს მისი საქმის, მათ შორის, მტკიცებულების, წარმოდგენის გონივრული შესაძლებლობა ისეთ პირობებში, რომელიც მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არახელსაყრელ პოზიციაში არ ჩააყენებს. დაუშვებელია მხარემ სასამართლოს წარუდგინოს დოკუმენტები და ამის თაობაზე მეორე მხარემ არ იცოდეს; მეორე მხარეს უნდა მიეცეს აღნიშნულ მასალასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა. მხოლოდ მხარეების გადასაწყვეტია საჭიროებს თუ არა წარდგენილი დოკუმენტების საპასუხო რეაქციას (იხ. APEH Üldözötteinek Szövetsége and Others v. Hungary, N 32367/96, §42, ECHR 2000-X).;

23.12. სამართალი არის მართლწესრიგისა და სამართლიანობის ხელოვნება (“Ius est ars boni et aequi”, იხ. Corpus Juris Civilis, დიგესტები,1.1.) სამართალმა უნდა უზრუნველყოს სადავო საკითხის სამართლიანად გადაწყვეტა. ეს მიზანი გათვალისწინებული უნდა იქნეს კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში;

23.13. საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები, ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული და, როგორც წესი, ეძებს კომპრომისს სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებს შორის, რომელიც სამართლიანია. სამართალი უნდა ემსახურებოდეს მიზნების განხორციელებას, ე.ი. განსაზღვრული სიკეთეების მოპოვებას ან შენარჩუნებას და ამ სიკეთეებზე ორიენტირებული ინტერესების დაკმაყოფილებას. მინიმალური მიზანია, რომ პოზიტიური ელემენტები ნეგატიურს სჭარბობდეს („თანაზომიერების“ პრინციპი). სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ (იხ. რაინჰოლდ ციპელიუსი, იურიდიული მეთოდების მოძღვრება, 10-ე გადამუშავებული გამოცემა,GIZ 2009, გვ.73-74);

23.14. კანონის ინტერპრეტაციის მიზნის მისაღწევად ანუ კანონის აზრის გასაგებად, გამოიყენება განმარტების გრამატიკული, ლოგიკური, ისტორიული და სისტემური ხერხები. „სისტემური“ ინტერპრეტაციის მიზანია, რომ ცალკეული სამართლებრივი თვალსაზრისები სამართლებრივი სისტემის ერთიან კონტექსტში იქნეს განხილული;

23.15. კანონის ინტერპრეტაცია არ ნიშნავს მხოლოდ სიტყვების მიღმა მდგომი აზრის ახსნას, არამედ იგი ნიშნავს სხვადასხვა მნიშვნელობებიდან ყველაზე სწორი და გადამწყვეტი მნიშვნელობის შერჩევას. „ინტერპრეტაციას აქვს მსჯელობითი ხასიათი, როდესაც არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების წარმოდგენა ხდება, რომელთაგან უკეთეს მოტივაციას უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. გარდა ამისა, კანონის ინტერპრეტაცია უნდა იცავდეს „სამართლის ერთიანობის“ პრინციპს, ე.ი. ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება არ უნდა მოდიოდეს წინააღმდეგობაში სამართლის სხვა ნორმებთან. სამართლის ნორმა ისე უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, რომ იგი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ლოგიკურად თავსებადი იყოს უფრო მაღალი ან იგივე რანგის ნორმათა კონტექსტში;

23.16. ნორმის შინაარსის გარკვევა იწყება გრამატიკული განმარტებით. გრამატიკული განმარტებისას ნორმის შინაარსის დადგენა ხდება სიტყვათა მნიშვნელობისა და გრამატიკული წესების მიხედვით. კანონის ტექსტში გამოყენებულ სიტყვას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მნიშვნელობა. სიტყვის მნიშვნელობა შეიძლება გაირკვეს არა იზოლირებულად, არამედ ტექსტთან კავშირში (კონტექსტში). გრამატიკული განმარტება არკვევს არა ერთმანეთისაგან იზოლირებული სიტყვების, არამედ მთლიანად წინადადებების მნიშვნელობას. გრამატიკული განმარტება, ასევე ითვალისწინებს სიტყვათა შორის ლოგიკურ კავშირს და მთლიანად წინადადების ლოგიკურ სტრუქტურას. გრამატიკული განმარტების დროს, ასევე გასათვალისწინებელია სასვენი ნიშნების განლაგება, ვინაიდან იმისდა მიხედვით, თუ რა ადგილზეა დასმული წერტილი, მძიმე, ორი წერტილი, ტირე და სხვა, შეიძლება სხვადასხვანაირად იქნეს გაგებული ნორმის შინაარსი. განმარტების გრამატიკული მეთოდის მეშვეობით ხდება კანონის ნორმის, მისი ცალკეული წინადადების გამოკვლევა გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობის, სიტყვათა წყობისა და გრამატიკის ზოგადი წესების მიხედვით. ამ დროს მხედველობაში მიიღება როგორც ცალკეული სიტყვისა თუ ფრაზის ზოგადი (ენობრივი) გამოყენება, ისე იურიდიული, უპირატესად შესაბამის კანონში მინიჭებული მნიშვნელობა (იხ. დავით კერესელიძე, კერძო სამართლოს უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ. 66.). გრამატიკული განმარტება, ასევე ითვალისწინებს სიტყვათა შორის ლოგიკურ კავშირს და მთლიანად წინადადების ლოგიკურ სტრუქტურას (იხ. გიორგი ხუბუა, „სამართლის თეორია“, მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2015, გვ. 187-188);

23.17. მნიშვნელოვანია სამართლის ნორმის (და არა მთელი კანონის) აზრი და მიზანი, ratio legis („ტელეოლოგიური განმარტება“). რეგულაციის მიზანი ზოგადად ისაა, რომ ურთიერთდაპირისპირებული ინტერესები გარკვეული სახით გაწონასწორდეს. სამართლის ნორმის განმარტება იმგვარად არ შეიძლება, რომ სამართლის სხვა ნორმას აზრს უკარგავდეს. „ნორმის განმარტებისას გადამწყვეტია კანონის არსის გათვალისწინება და მისი მიზნის შესაბამისი განმარტება. ამასთან, მხედველობაში მიიღება არა მხოლოდ მიზანი, რომლის მიღწევასაც ესწრაფვის კანონმდებელი შესაბამისი ნორმით, არამედ ასევე ამ მიზნის სამართლიანობა და მიზანშეწონილობა. ეს განპირობებულია იმით, რომ თითოეული დებულება არ განიხილება არც შესაბამისი ინსტიტუტებისა თუ ცნებათა სისტემისგან იზოლირებულად, არც სამართლებრივი წესრიგისათვის დამახასიათებელი ფასეულობებისაგან დამოუკიდებლად. ის სამართლიანი და მიზანშეწონილობაზე დამყარებული სამართლებრივი წესრიგის ნაწილია (იხ. დავით კერესელიძე, „კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები“, ევროპული და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2009 წელი, გვ. 74);

23.18. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ მიუთითა, „დაუსაბუთებელია ასევე მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აღსრულების აუცილებლობა, რამდენადაც მოვალეს აღსასრულებელი გადაწყვეტილების გამომტან სახელმწიფოში გააჩნია საკმარისი აქტივი გადაწყვეტილების აღსასრულებლად. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რამდენადაც შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საწინააღმდეგოს ადასტურებს, კერძოდ, დასტურდება, რომ სასამართლო აღმასრულებელმა მიიღო სააღსრულებო წარმოების დასრულების თაობაზე დადგენილება, რამდენადაც მოვალეს აღარ გააჩნდა ქონება, რომელზეც აღსრულება მიექცეოდა და მოვალის ქონების მოძიებისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა აღმოჩნდა უშედეგო“ (შდრ: №ა-2864-შ-71-2020, 16 ივლისი, 2021 წელი, პ.15.). სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ აღნიშნა, „დაუსაბუთებელია ასევე მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული აღსრულების აუცილებლობა, რამდენადაც მოვალეს გადაწყვეტილების გამომტან ქვეყანაში გააჩნია საკმარისი აქტივი გადაწყვეტილების აღსასრულებლად. აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რამდენადაც შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საწინააღმდეგოს ადასტურებს. კერძოდ, დასტურდება, რომ გადაწყვეტილების გამომტან სახელმწიფოში მოვალეს აღარ გააჩნდა ქონება, რომელზეც აღსრულება მიექცეოდა და მოვალის ქონების მოძიებისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა აღმოჩნდა უშედეგო. ამასთან, შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა რეესტრის ამონაწერები, რომლითაც დასტურდება იმ უძრავ ქონებათა გასხვისება, რომელზეც მოწინააღმდეგე მხარე ამტკიცებდა, რომ მოვალის საკუთრება იყო“ (შდრ: №ა-704-შ-24-2019, 2 აგვისტო, 2019 წელი, პ.12.3);

23.19. კანონის გრამატიკული და ტელეოლოგიური განმარტების, ასევე დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, საკასაციო პალატა სკს-ის 71 I-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებულ პირობებს კუმულატიურად განიხილავს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ ყველა წინაპირობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობის განხილვა;

23.20. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სამართლის გამოყენებისას საქართველოს სასამართლო იღებს საჭირო ზომებს მისი ნორმების არსის დასადგენად შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების, გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის გათვალისწინებით. თუ უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების არსის დადგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიუხედავად უშედეგოა ან მოითხოვს გაუმართელებელ ხარჯებს, ხოლო პროცესის არცერთ მხარეს არ შეუძლია ნორმების არსის დადგენა და მათი გამოყენების დასაბუთება, სასამართლო იყენებს საქართველოს სამართალს (შდრ: სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 7 ივლისი, 2017 წელი). „უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების არსის დასადგენად შესაბამის ქვეყანაში მათი ოფიციალური განმარტების, გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის მითითება წარმოადგენს დაინტერესებული მხარის ვალდებულებას და შედის მტკიცების საგანში. შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს ეკისრება უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების, მათი გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინის მითითებისა და დამტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ №ას-209-196-2015, 30 ივლისი, 2015 წელი). „უცხოური სამართლის შინაარსის დადგენის ერთ-ერთ გავრცელებულ საშუალებას წარმოადგენს ექსპერტთა განმარტებები უცხო ქვეყნის სამართლის ნორმების, მათი გამოყენების პრაქტიკისა და დოქტრინისასთან მითითებით“ (იხ: თამარ მსხვილიძე, ექსპერტთა როლი უცხოური ნორმის არსის განსაზღვრის პროცესში, ჟურნალი „სამართალი და მსოფლიო“, № 11, მაისი, 2019, გვ. 97.);

23.21. საქმის მასალებში განთავსებულია პროფესორ ჯ.ჰ–ს (პატივცემული ადვოკატი) ინგლისური სამართლის შესახებ საექსპერტო დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული კრედიტორისათვის ბრძანების და გადაწყვეტილების აღსრულების მთავარი მექანიზმები არის შემდეგი (CPR-ის პრაქტიკული დირექტივა 70A, პარაგრაფი 1.1); ა) ყადაღის ბრძანება; (CPR -ის &3(1) ნაწილი); ბ) შეჩერების ბრძანება/შეჩერების შეტყობინება (CPR- 73 (II-III) ნაწილები; გ) კონტროლის აღსრულების ფურცელი ან გარანტია (CPR-ის 83-ე და 84-ე ნაწილები); დ) მმართველის დანიშვნა (CPR-ის 69-ე ნაწილი; ასევე 1981 წლის უმაღლესი სასამართლოების აქტი, 37-ე მუხლი). აღსრულების ყველა მეთოდთან მიმართებით საერთო ის არის, რომ პროცესის შემდგომ წარმართვაზე პასუხისმგებელი არის გადაწყვეტილებით განსაზღვრული კრედიტორი. შესაბამისად, გადაწყვეტილების სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით აღსრულების წარმატება ან წარუმატებლობა დამოკიდებულია მის მცდელობებზე: სასამართლოს როლი არის შესაბამისი პროცედურების ჩატარება, რათა გადაწყვეტილებით განსაზღვრულ კრედიტორს დაეხმაროს (და ზოგიერთ შემთხვევაში უზედამხედველოს) მისი მცდელობების განხორციელებაში. შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ ინგლისელი პროფესორისა და ადვოკატის ჯ.ჰ–ს სამართლებრივ დასკვნას სრულად ეყრდნობა და წარმოადგენს მის ახსნა-განმარტებას;

23.22. საქმის მასალებში განთავსებულია „Freshfilds Bruckhaus Deringer“-ის (ფრეშფილდს ბრუკჰაუს დერინგერ ელ-ელფი) წერილი, სადაც მითითებულია, რომ აღნიშნული იურიდიული კომპანია წარმოადგენდა ბიჯეო-ს ინტერესებს რ.ფ–ასთან დავაზე ინგლისის სასამართლოების წინაშე. წერილში იურიდიული კომპანია აღნიშნავს, რომ მათ გადაამოწმეს 2022 წლის 18 მარტის ბრძანების მიმღებ ინგლისის კომერციულ სასაამრთლოში, დაიწყო თუ არა ბიჯეო-მ საბოლოო ხარჯების ბრძანებით დაკისრებული 4.092,966.41 ფუნტი სტერლინგის გადახდის აღსრულების პროცედურა. კომპანია ადასტურებს, რომ ბიჯეო-ს მიერ არ არის დაწყებული ინგლისის კომერციული სასამართლოს წინაშე აღსრულების პროცედურა;

23.23. საქმეში წარდგენილი ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის ბრძანების მე-7 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ბიჯეო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში;

23.24. 2023 წლის 21 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სხდომაზე დადასტურდა, რომ შუამდგომლობის ავტორს არ მიუმართავს ბრძანების მიმღები სასამართლოსათვის მისი აღსრულების მოთხოვნით;

23.25. საკასაციო პალატამ სკს-ის 71 I-ე მუხლის დანაწესით გათვალისწინებულ პირობები კუმულატიურად განიხილა და მიიჩნია, რომ მხოლოდ ყველა წინაპირობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობის განხილვა;

23.26. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ თუკი მხარე წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს, რომ საცნობი გადაწყვეტილების აღსრულება სრულად ან ნაწილობრივ არ მომხდარა ამ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მას უფლება აქვს, საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით (შდრ: №ა-4522-შ-115-2022, 27 იანვარი, 2023 წელი).

24. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შუამდგომლობის ავტორის მითითებით, ბრძანების გამომტან ქვეყანაში არ გაიცემა ცნობა ბრძანების აღსრულების/ ნაწილობრივ აღსრულების ან მისი აღუსრულებლობის შესახებ, რასაც მხარე ხსნის ინგლისისა და უელსის სამართლებრივი სისტემის თავისებურებებით.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობის ავტორს წარმოდგენილი აქვს პროფესორ ჯ.ჰ–სის საექსპერტო დასკვნა, რომლის თანახმად, ინგლისში არ არსებობს სპეციალური აღმასრულებელი ორგანო „აღმასრულებელი მოსამართლე“, „დეპარტამენტი“ ან „ბიურო“. როგორც საერთო სამართლის სისტემის იურისდიქციაში, ინგლისსა და უელსში გადაწყვეტილებით განსაზღვრულმა კრედიტორმა უნდა განსაზღვროს მისთვის ხელმისაწვდომი აქტივები და თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ აღსრულდება გადაწყვეტილება/ბრძანება მოვალის აქტივების წინააღმდეგ.

26. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ პროფესორ ჯ.ჰ–სის მსგავსი შინაარსის საექსპერტო დასკვნა ერთხელ უკვე შეფასდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მიზნებისთვის, არ იქნა საკმარისად მიჩნეული. საქმეში ასევე დამატებით წარმოდგენილია 2023 წლის 6 ოქტომბრის ალაკო ლიმიტედის მიერ მომზადებული საჯარო წყაროების გამოძიება და დასკვნა მოწინააღმდეგე მხარის ბრიტანული აქტივების შესახებ, რომლის თანახმად, გამოძიების განმავლობაში ალაკომ ვერ შეძლო დაეიდენტიფიცირებინა მოწინააღმდეგე მხარის რეგისტრირებული საცხოვრებელი ან ბიზნეს საქმიანობის მისამართი დიდ ბრიტანეთში, ასევე, მის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული აქტივი, მათ შორის, უძრავი ქონება და ფასიანი ქაღალდები, ნებისმიერი აქტივი, რომელიც არის მოწინააღმდეგე მხარის ან მის საკუთრებაში არსებული ან მასთან დაკავშირებული კომპანიის საკუთრებაში ან მფლობელობაში, ასევე, ვერ დაიდენტიფიცირდა, რომ მას აქვს საბანკო ანგარიშები დიდ ბრიტანეთში.

27. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასებით, აღნიშნავს, რომ, მართალია, შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა დამატებითი დოკუმენტები, თუმცა წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნების გაცნობის საფუძველზე მიდის დასკვნამდე, რომ მხარეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 მარტის განჩინებაში აღნიშნული ხარვეზი არ გამოუსწორებია, კერძოდ, კვლავ არ დასტურდება, რომ ამ უკანასკნელმა მიიღო შესაბამისი ზომები საცნობი გადაწყვეტილების ინგლისსა და უელსში აღსრულება/აღუსრულებლობის საკითხზე ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით, რამდენადაც შუამდგომლობის ავტორის მიერ დამატებით წარმოდგენილ პროფესორ ჯ.ჰ–სის საექსპერტო დასკვნაში მხოლოდ ექსპერტის მოსაზრება/დასკვნაა წარმოდგენილი, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ გამოყენებული და „აღსრულებულია“ ინგლისსა და უელსში მისთვის პრაქტიკულად ხელმისაწვდომი აღსრულების მეთოდები. შესაბამისად, შუამდგომლობას არ ერთვის ოფიციალური ორგანოს მიერ გაცემული რაიმე დოკუმენტი/მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრძანება ვერ აღსრულდა ბრძანების გამომტან ქვეყანაში. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავად საცნობი ბრძანებით განსაზღვრულია ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხის უფლებამოსილება მიმართოს სასამართლოს (იხ. წინამდებარე განჩინების 8.7 პუნქტი). ამ საპროცესო საშუალების გამოყენება არც წინამდებარე შუამდგომლობის წარმოდგენის დროისთვის დასტურდება.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ რამდენადაც შუამდგომლობას არ ახლავს რაიმე ახალი/არსებითად განსხვავებული ინფორმაცია, რაც უკვე არ შეფასებულა Nა-381-შ-10-23 საქმეზე 2023 წლის 21 მარტის განჩინებით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმავე ფაქტობრივი საფუძვლების პირობებში, სადავო საკითხი განსხვავებულად გადაწყვიტოს.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის გრამატიკული და ტელეოლოგიური განმარტების, დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, საკასაციო პალატა კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის დანაწესით გათვალისწინებულ პირობებს კუმულატიურად განიხილავს და მიიჩნევს, რომ მხოლოდ ყველა წინაპირობის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობის განხილვა (სუსგ №ა-381-შ-10-2023, 21 მარტი 2023 წელი; ა-1687-შ-41-2024, 29 მარტი 2024 წელი).

30. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით მიუთითებს ამავე სასამართლოს 2012 წლის 7 მაისის განჩინებაზე, რომელიც შეეხებოდა თანხის დაკისრების თაობაზე (წინამდებარე შუამდგომლობის მსგავსად) ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს 2012 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას (იხ. სუსგ საქმე Nას-1026-შ-25-2012, 7 მაისი 2012 წელი), სადაც აღნიშნულია რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ინგლისისა და უელსის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. შესაბამისად, დასახელებულ საქმეზე აღსრულების შესახებ ინფორმაცია მოიპოვებოდა. ერთ-ერთ საქმეზე (ა-5405-შ-156-2021) საქართველოს უზენაესმა სასამართლომ წარდგენილი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა თანხის დაკისრების თაობაზე ინგლისისა და უელსის მართლმსაჯულების უმაღლესი სასამართლოს საადმირალო და კომერციული სასამართლოს 2020 წლის 04 აპრილის NCL-2020-000009 დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას, არ მიიღო განსახილველად, რამდენადაც წარდგენილ დოკუმენტებში არსად იყო მითითებული იმის შესახებ, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა მისი გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად (იხ. სუსგ საქმე Nა-5405-შ-156-2021, 17 ნოემბერი 2021 წელი).

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

32. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები) [სსსკ-ის 187.2 მუხლის მე-2 წინადადება].

33. სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს/შუამდგომლობის ავტორს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ რადგან წარმოდგენილი შუამდგომლობით არ გამოსწორებულა ამავე სასამართლოს 2023 წლის 21 მარტის განჩინებაში მითითებული ხარვეზი, კერძოდ, შუამდგომლობას არ ერთვის მტკიცებულება საცნობი ბრძანების საქართველოში აღსრულების აუცილებლობის შესახებ, წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

34. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გამო, სასამართლო აღარ იმსჯელებს მოპასუხე მხარის მიერ წინამდებარე განჩინების 17.2-17.17 პუნქტებში მითითებულ ბრძანების ცნობა-აღსრულების დამაბრკოლებელ არსებით საკითხებზე.

35. საკასაციო სასამართლო განუმარტავს შუამდგომლობის ავტორს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იგივე შუამდგომლობით საერთო წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 399-ე, 284-ე, 285-ე, 186-ე, 187-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. რ.ფ–ას წარმომადგენლის შუამდგომლობა B. G. L.-ის შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. B. G. L.-ის შუამდგომლობა ინგლისისა და უელსის ბიზნესისა და საკუთრების საქმეთა კომერციული სასამართლოს 2022 წლის 18 მარტის ბრძანების (31 მარტს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) (საქმე N:CL-2018-000026) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე