საქმე №ას-177-2025
18 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „მ.ა–ი“, ნ.გ–ია (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ო.ა–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ო.ა–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.ა–ისა“ (შემდგომში - „პ–ი მოპასუხე“, „სამაუწყებლო კომპანია“) და ნ.გ–იას (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“, „კასატორები“) მიმართ და მოითხოვა პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს დაევალათ ტელეკომპანია „მ.ა–ის“ ეთერით გადაცემა „მთავარი აქცენტებში“, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში გამოაქვეყნონ ცნობა მოცემულ სამოქალაქო საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ, შემდეგი ფორმით: მოპასუხეების შპს „მ.ა–ის“ და ნ.გ–იას მიერ შპს „მ.ა–ის“ ეთერით, გადაცემა „მთავარი აქცენტების“ მიმდინარეობისას 2021 წლის 12 სექტემბერს მოსარჩელე ო.ა–ის შესახებ გავრცელებული ცნობები: „ბორჯომი - ო.ა–ი, გადმობირებულია სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის მიერ 2009 წელს. დავალება: საჯარო მოხელეებზე ინფორმაციის შეკრება და მიწოდება ცენტრისთვის. აგენტორული ფსევდონიმი „ე–ე“ - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ცილისწამება. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მორალური ზიანის სახით 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პ–ი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელემ 2002 წელს დაამთავრა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2002-2005 წლებში იგი დასაქმებული იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში ოპერატიული თანამშრომლის პოზიციაზე, 2005-2006 წლებში კი - საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში;
6.2. 2013 წელს მოსარჩელემ მუშაობა დაიწყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და იყო გამგებლის წარმომადგენელი დაბა წაღვერის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2017 წლიდან იგი აირჩიეს დაბა წაღვერის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატად, ხოლო 2018 წლიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ. 2020 წელს მოსარჩელე ასრულებდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას;
6.3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/ თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტის მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თვითმმართველი თემის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა მოსარჩელე;
6.4. პ–ი მოპასუხე არის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირი და ფლობს ავტორიზაციას კერძო საერთო სატელევიზიო არხზე, ბრენდული სახელწოდებით - „მ.ა–ი/M.A.“;
6.5. სადავო სიუჟეტის გასვლის დროისთვის მეორე მოპასუხე წარმოადგენდა სამაუწყებლო კომპანიის გენერალურ დირექტორს, კომპანიის წილის მფლობელ პარტნიორს, ასევე, საავტორო გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანს;
6.6. სამაუწყებლო კომპანიის ეთერში 2021 წლის 12 სექტემბერს, 23:30 წუთზე, მეორე მოპასუხის საავტორო გადაცემაში „მთავარი აქცენტები“, გავიდა სიუჟეტი 2021 წლის 2 ოქტომბერს დანიშნული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის სხვადასხვა კანდიდატთან დაკავშირებით;
6.7. გადაცემის მსვლელობისას მეორე მოპასუხემ მოსარჩელე მპგ „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დასახელებული მერობის რამდენიმე სხვა კანდიდატთან ერთად მოიხსენია უშიშროების სამსახურის აგენტად. კერძოდ, „მთავარი აქცენტების“ წამყვანი მონოლოგის მიმდინარეობისას აცხადებს: „ბორჯომი - ო.ა–ი, გადმობირებულია სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის მიერ 2009 წელს. დავალება: საჯარო მოხელეებზე ინფორმაციის შეკრება და მიწოდება ცენტრისთვის. აგენტორული ფსევდონიმი „ე–ე“;
6.8. გადაცემა მიმდინარეობდა მონოლოგის რეჟიმში და გადაცემის წამყვანი მკაფიოდ და ცალსახად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას და მხარს უჭერდა გავრცელებულ ინფორმაციას;
6.9. მოსარჩელე საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების პ–ი ტურის საბოლოო შედეგების თანახმად, არჩეულ იქნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერად;
6.10. კომუნიკაციების კომისიების მიერ ჩატარებული თვისებრივი და რაოდენობრივი მედია მონიტორინგის (პერიოდი 03.09.2021-02.10.2021) შედეგების შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ 2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა;
6.11. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 6 საერთო საეთერო ეროვნული მაუწყებლის თვისებრივი და რაოდენობრივი მონიტორინგი. აღნიშნული სამაუწყებლო არხებია: საზოგადოებრივი მაუწყებლის „პ.ა–ი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის „ა.ტ–ია“, „რ...“, „ტ–ი“, ტელეკომპანია „პ–ი“ და „მ.ა–ი“. საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი მიმდინარეობდა 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდში, ხოლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგი მთელი დღის განმავლობაში [თვისებრივი მონიტორინგის დროს მაუწყებელზე დაკვირვება ხორციელდება შემდეგი სამაუწყებლო სტანდარტების ჭრილში: ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, სიცხადე, მრავალფეროვნება, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, სიძულვილის ენა, ყალბი ამბები, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიო მანიპულაცია];
6.12. აღნიშნული შეფასების თანახმად, საანგარიშო პერიოდში, „მ.ა–ი“ მკვეთრად ლოიალური და მიკერძოებული იყო ოპოზიციის, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი კანდიდატების მიმართ. არხზე გასული სიუჟეტები დაუბალანსებელი იყო. ჟურნალისტები მმართველი პარტიისა და მთავრობის წარმომადგენლების მისამართით მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებით და დაუფარავი კრიტიკით გამოირჩეოდნენ. საანგარიშო პერიოდში მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტები და წამყვანები ღიად აფიქსირებდნენ სიმპათიებს ოპოზიციის მიმართ და მაყურებელს მოუწოდებდნენ თვითმართველობის არჩევნებზე ხმა მიეცათ ყველა პარტიისთვის ,,ქართული ოცნების“ გარდა. არხზე ხშირად გადიოდა ცალმხრივი და დაუბალანსებელი სიუჟეტები, ასევე, ისმოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები ძირითადად მთავრობის და „ქართული ოცნების“ მიმართ. საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში წამყვანები ღიად უპირისპირდებოდნენ მმართველ ძალას, ისმოდა სიძულვილის ენა და შეურაცხმყოფელი ლექსიკა. მთლიანობაში არხზე გაშუქება იყო მიკერძოებული, დაუბალანსებელი და შეურაცხმყოფელი ლექსიკით გაჯერებული;
6.13. ახალი ამბების და საზოგადოებრივი-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგის შედეგების თანახმად: შპს ,,მ.ა–ი“ - ახალი ამბები - მონიტორინგს დაქვემდებარებული სუბიექტებისთვის დათმობილი დრო: ,,ქართული ოცნება“ – 33.6% (პოზიტიური - 1%, ნეგატიური - 71%), „ნაციონალური მოძრაობა“ – 26.4% (პოზიტიური - 11%, ნეგატიური - 2%), საქართველოს მთავრობა - 8.6% (პოზიტიური - 0%, ნეგატიური - 76%), ხოლო ყველა დანარჩენი სუბიექტი 5%-ზე ნაკლები;
6.14. ხარისხობრივი შეფასების თანახმად, საანგარიშო პერიოდში სამაუწყებლო კომპანია ლოიალური იყო ოპოზიციის, განსაკუთრებით ,,ნაციონალური მოძრაობის“ და მათი კანდიდატების მიმართ. სამაუწყებლო კომპანია მმართველი პარტიისა და მთავრობის წარმომადგენლების მისამართით მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. საანგარიშო პერიოდში მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტები და წამყვანები ღიად აფიქსირებდნენ სიმპათიებს ოპოზიციის მიმართ და მაყურებელს მოუწოდებდნენ თვითმართველობის არჩევნებზე ხმა მიეცათ ყველა პარტიისთვის „ქართული ოცნების“ გარდა. ანალოგიური ვითარება იყო პოლიტიკურ თოქ-შოუებში, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ არა წამყვანი და რესპოდენტი, არამედ თანამოაზრეები საუბრობდნენ. ხშირი იყო შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენება, როგორც რესპოდენტების, ასევე გადაცემის წამყვანების მხრიდან. არხზე ხშირად გადიოდა ცალმხრივი და დაუბალანსებელი სიუჟეტები, ასევე ისმოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები ძირითადად მთავრობის და ,,ქართული ოცნების“ მიმართ;
6.15. გადაცემა „მთავარი აქცენტები“ კვირაში ერთხელ გადიოდა ეთერში, წამყვანი ღია სიმპათიებს გამოხატავდა ოპოზიციის მიმართ, ახმოვანებდა დაუსაბუთებელ ბრალდებებს და არ ერიდებოდა შეურაცხმყოფელ ლექსიკას;
6.16. 12 სექტემბერს (22:42:20) გასულ გადაცემაში წამყვანი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების რეალურ სახეზე საუბრობდა, მან ჩამოთვალა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები რეგიონების მიხედვით, რომლებიც უშიშროებაში და ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდნენ ან იყვნენ უშიშროების „აგენტები“, ასევე, მათი „აგენტურული სახელები“, უშიშროებაში მათი საქმიანობა და მიცემული დავალებებიც კი. რამდენიმე კანდიდატის კრიმინალურ დანაშაულებებზეც ისაუბრა. აცხადებდა, რომ ინფორმაციას ავრცელებდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს „რეკრუტირებულ აგენტებზეც“. წამყვანს გადაცემა მონოლოგის რეჟიმში მიჰყავდა. არ დაუსახელებია ინფორმაციის წყარო, ისმოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები;
6.17. წამყვანს არ უსაუბრია სხვა პარტიების შესახებ, არის თუ არა იგივე მდგომარეობა სხვა საარჩევნო სუბიექტებთან მიმართებაშიც. წამყვანმა გადაცემა დაასრულა შემდეგი ტექსტით: (23:15:17) „გილოცავთ ყველას, თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება ან აგენტი, რომელიც იწერს, უთვალთვალებს, იღებს მათ შორის პირად ცხოვრებას და შეიძლება თქვენც იყოთ მათ შორის, აგზავნის ცენტრში... ან ყველა სხვა დანარჩენს შორის. არჩევანი თქვენზეა ან სიბინძურე, ან ქვეყნის მომავალი. ეს გადაცემა სპეციფიურად არის ძალიან მოკლე, იმისთვის, რომ კარგად დაინახოთ და გაიაზროთ შემდეგი, ჩემი ზედმეტი კომენტარების გარეშე, რა არჩევანის წინაშე დგახართ და რას გაკადრებთ „ქართული ოცნება“;
6.18. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული ცნობით, მოსარჩელე არასოდეს ყოფილა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოხელე, მათ შორის, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე. ასევე, მას სამსახურთან ურთიერთობა ხელშეკრულებით, დამხმარე მოსამსახურედ ან შტატგარეშე მოსამსახურედ არ ჰქონია;
6.19. მოსარჩელის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის არცერთი არხის ან მედიის ჟურნალისტს არ მიუმართავს;
6.20. პ–ი მოპასუხის ეთერში 2021 წლის 12 სექტემბერს, მეორე მოპასუხის საავტორო გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ სადავო სიუჟეტის გასვლამდე, მოპასუხე მხარეს მოსარჩელესთან რაიმე ფორმით კომუნიკაცია არ ჰქონია, არც გადაცემასთან დაკავშირებით მოსაზრებებისა თუ კომენტარების გასაკეთებლად მოსარჩელისთვის არ მიუმართავთ;
6.21. არც სადავო გადაცემის მიმდინარეობისას და არც შემდგომში როგორც ჟურნალისტს მეორე მოპასუხეს, ისე სამაუწყებლო კომპანიას მოსარჩელის შესახებ გადაცემაში გავრცელებული ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია. მოპასუხეთა განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია მათ სანდო წყაროსგან მიიღეს, რომელიც თავის მხრივ გამომდინარეობს სახელმწიფო უშიშროების სამსახურებიდან გამოჟონილი ინფორმაციებიდან - „კრებსებიდან“.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მოითხოვს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას, შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მხრიდან შესაფასებელია მოპასუხე მედია საშუალების (სპეციალური კანონის 1-ლი მუხლის „ღ“ პუნქტის შესაბამისად, მედია არის მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი) და მეორე მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის თუ არა მოსარჩელის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლითა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში ასევე - „სპეციალური კანონი“) დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. კერძოდ, მოპასუხეთა მიერ გავრცელებული განცხადება წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას, რასაც შედეგად მოსარჩელის დისკრედიტაცია და მისთვის მორალური ზიანის მიყენება მოჰყვა.
8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხეების მხრიდან ცილისმწამებლური ინფორმაციის მიზანმიმართულ გავრცელებაზე, რაც ლახავს მოსარჩელის პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხე უარყოფს ცილისმწამებლური ინფორმაციის (მცდარი ფაქტის) მიზანმიმართულ გავრცელებას, მიუთითებს აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე და დაუსაბუთებლად მიიჩნევს წარდგენილ სარჩელს.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საკითხის სპეციალური სამართლებრივი მოწესრიგების გათვალისწინებით, იმის გადასაწყვეტად, მოპასუხის გამონათქვამი შეიცავს თუ არა ცილისმწამებლურ განცხადებას (სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლით გათვალისწინებული სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის საფუძველი), უნდა გაირკვეს მოპასუხის მსჯელობა წარმოადგენს „აზრს“ თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ სამაუწყებლო კომპანიის ეთერით მეორე მოპასუხის საავტორო გადაცემაში „მთავარი აქცენტები’’, სადავო გადაცემა გავიდა ეთერში სწორედ იმ დროს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ტარდებოდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები. ასევე უდავოა, რომ აღნიშნულ არჩევნებში მოსარჩელე წარმოადგენდა ხელისუფლებაში მყოფი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ კანდიდატს ბორჯომის მუნიციპალიტეტში მერობის არჩევით თანამდებობაზე. შესაბამისად, საზოგადოების მომეტებული ინტერესს წარმოადგენდა მოპასუხეთა მიერ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებთან დაკავშირებით მომზადებული გადაცემა. აღნიშნულთან კავშირში, მართებულია მოპასუხეთა მითითება, რომ ამომრჩევლის უფლებაა ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის შესახებ. ამავდროულად, ნებისმიერი ლიცენზირებული მაუწყებლის ვალდებულებაა პოტენციურ ამომრჩეველს მიაწოდოს გადამოწმებული, სრულყოფილი და უტყუარი ინფორმაცია, რათა იგი არჩევანის გაკეთებისას განზრახ შეცდომაში არ შეიყვანოს. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი გავრცელებულ ინფორმაციასთან და მის სისწორესთან მიმართებით.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მეორე მოპასუხე საავტორო გადაცემაში მსმენელებს ხაზგასმით ეუბნება, რომ იგი გადაცემის მსვლელობისას მათ მიაწვდის დამალულ ავტობიოგრაფიულ ცნობებს კანდიდატების შესახებ, რასაც კანდიდატები უმალავენ ამომრჩევლებს, შემდეგი სიტყვებით: „მე მოგიყვებით იმას, რაც არის სიმართლე, მე მოგიყვებით იმას, თუ ვის გვთავაზობენ კანდიდატად...“. მოპასუხეთა წარმომადგენლების განმარტებით, მართალია, სადავო განცხადება საჯაროდ გავრცელებულ ცნობებს არ ემყარება, მაგრამ ემყარება სანდო წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რაც შემდგომში წამყვანმა გააჟღერა, ხოლო შემდგომ ამ ინფორმაციაზე გააჟღერა თავისი მოსაზრება/დასკვნები და ეს დასკვნები, სასამართლოს, დასკვნებთან არ უნდა გაეიგივებინა. თუკი სასამართლო სანდო წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორეს ეჭვქვეშ დააყენებდა და მის სანდოობაზე იქნებოდა საუბარი, ეს სამომავლოდ მაუწყებელს შეუქმნიდა დისკომფორტს და შეუზღუდავდა იმის საშუალებას, რომ კონფიდენციალურ/ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაევრცელებინა ინფორმაცია.
12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ ავტობიოგრაფია არ შეიძლება შეიცავდეს მოსაზრებებს, ავტობიოგრაფია წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც ასახულია მოკლე ისტორიული ცნობები/ფაქტები ამა თუ იმ ადამიანის განვლილი ცხოვრებიდან, რომელიც მოიცავს კონკრეტული ფაქტების ნაკრებს.
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, გადაცემის წამყვანი გადაცემაშივე არწმუნებს მსმენელს, რომ მაყურებელს მიაწვდის ფაქტებს, რაც არ აისახა არჩევნებში მონაწილე სუბიექტების კანდიდატთა ავტობიოგრაფიებში, შესაბამისად, მეორე მოპასუხის მიერ საავტორო გადაცემაში მოსარჩელის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, რომ იგი წარმოადგენს პირს, რომელიც თანამშრომლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, წარმოადგენს ფაქტს და არა ავტორის მოსაზრებას.
14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პ–ი მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც განმცხადებელმა საჯაროდ გაავრცელა ან მესამე პირს გააცნო. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის მეორე მოპასუხის მიერ საავტორო გადაცემაში „მთავარი აქცენტებში“ გაკეთებულ შემდეგი შინაარსის განცხადებას: „ბორჯომი - ო.ა–ი, გადმობირებულია სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის მიერ 2009 წელს. დავალება: საჯარო მოხელეებზე ინფორმაციის შეკრება და მიწოდება ცენტრისთვის. აგენტორული ფსევდონიმი „ე–ე“.
15. სააპელაციო პალატის მითითებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით დაწესებული აზრისა და ფაქტის გამიჯვნის სტანდარტის შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადაცემებში გაჟღერებული გამონათქვამი შეიცავს პირის კონკრეტული საქმიანობის შესახებ ფაქტობრივ მოცემულობას და გამონათქვამი წარმოადგენს ფაქტების შემცველ ინფორმაციას, რომლის ნამდვილობის გადამოწმებაც ობიექტურად შესაძლებელია.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დაცულ უფლებაში ჩარევის აუცილებლობის შესაფასებლად, საჭიროა „დასაშვები კრიტიკის ფარგლებზე“ მსჯელობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე იყო საჯარო პირი. საჯარო პირის მიერ, კერძო პირთან შედარებით, კრიტიკის მიმართ თმენის ფარგლები უფრო ფართოა. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონიც საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში, განსხვავებულ სტანდარტს ადგენს. კერძოდ, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის სავალდებულოა კუმულატიურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) გავრცელებული უნდა იყოს მოსარჩელის შესახებ ფაქტის შემცველი ინფორმაცია, 2) გავრცელებული ფაქტები არსებითად მცდარი უნდა იყოს და არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს, 3) გავრცელებული ცნობები მოსარჩელისათვის ზიანის მიმყენებელი უნდა იყოს და 4) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი ან სახეზე უნდა იყოს მოპასუხის აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყველა ამ პირობის არსებობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ. კანონი საჯარო პირისათვის, მისი საჯარო-სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, დამატებით მოთხოვნას აწესებს და მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებად, გარდა ზიანის მიმყენებელი ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისა, ასახელებს ასევე მის წინააღმდეგ მცდარი ინფორმაციის ბრალეულად (განზრახ ან აშკარა ან უხეში გაუფრთხილებლობით) გავრცელებას, ანუ საჯარო პირის შემთხვევაში, მოსარჩელემ დამატებით უნდა ამტკიცოს ასევე ფაქტი იმის შესახებ, რომ ინფორმაციის გამავრცელებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ცნობები, რომელსაც იგი აჟღერებდა, მცდარი იყო.
17. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცებას, რომ ტელეკომპანიის გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ მეორე მოპასუხის მიერ გავრცელებული განცხადებები წარმოადგენს აზრს და არ სცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ასევე, პალატა ვერ გაიზიარებს ვერც იმ არგუმენტს, რომ მოპასუხის მხრიდან არ არის გამოვლენილი აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
18. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა კომუნიკაციების კომისიების მიერ ჩატარებული თვისებრივი და რაოდენობრივი მედია მონიტორინგის (პერიოდი 03.09.2021-02.10.2021) შედეგებზე, რომლის ფარგლებშიც შეფასებულია სადავო გადაცემაც. შეფასების თანახმად, 12 სექტემბერს (22:42:20) გასულ გადაცემაში წამყვანი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების რეალურ სახეზე საუბრობდა, მან ჩამოთვალა ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები რეგიონების მიხედვით, რომლებიც უშიშროებაში და ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდნენ ან იყვნენ უშიშროების „აგენტები“, ასევე, მათი „აგენტურული სახელები“, უშიშროებაში მათი საქმიანობა და მიცემული დავალებებიც კი. რამდენიმე კანდიდატის კრიმინალურ დანაშაულებებზეც ისაუბრა. აცხადებდა, რომ ინფორმაციას ავრცელებდა ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს „რეკრუტირებულ აგენტებზეც“. წამყვანს გადაცემა მონოლოგის რეჟიმში მიჰყავდა. არ დაუსახელებია ინფორმაციის წყარო, ისმოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები. მართალია, აღნიშნული შეფასება ვერ მიიჩნევა კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის არსებით მტკიცებულებად და შეფასებაში ასახული მსჯელობა ვერ მიიჩნევა უდავო ფაქტობრივ გარემოებად, თუმცა საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში, შეფასება დამატებით მეტყველებს გადაცემისა და მისი წამყვანის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე და გადაცემაში გაჟღერებულ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე.
19. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული დავების განხილვისას ყურადღება უნდა მიექცეს გამავრცელებლის მიმართებას მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მცდარობა-ჭეშმარიტებასთან. დაუშვებელია მედიის წარმომადგენლებს მოეთხოვოთ ასი პროცენტით გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, თუმცა, გონივრულ ფარგლებში, გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელების სტანდარტის დაცვა აუცილებელია, რათა არ მოხდეს დემოკრატიულ ფასეულობათა გაუფასურება. ქცევის ამგვარი სტანდარტის დაწესება სრულად შეესაბამება სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, პრესის თავისუფლებისაგან განუყოფელია ჟურნალისტის „მოვალეობანი და პასუხისმგებლობა“, მათ შორის, მნიშვნელოვანია, ჟურნალისტი, საჭიროების შემთხვევაში, გაემიჯნოს რესპოდენტების მიერ გამოთქმულ შეხედულებებს და იზრუნოს იმისათვის, რათა ნებსით თუ უნებლიედ არ გადაიქცეს სიძულვილისა თუ ძალადობის მომწოდებელი განცხადებების გამავრცელებლად, რის შემაკავებელი ფაქტორიც მოცემულია სიტყვის და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის 6.5 მუხლით, როდესაც ჟურნალისტი აშკარად და პირდაპირ მხარს უჭერს განცხადებას, რაც განსახილველ შემთხვევაში აშკარაა.
20. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მოპასუხეების მიერ გავრცელებული განცხადება - „ბორჯომი - ო.ა–ი, გადმობირებულია სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის მიერ 2009 წელს. დავალება: საჯარო მოხელეებზე ინფორმაციის შეკრება და მიწოდება ცენტრისთვის. აგენტორული ფსევდონიმი „ე–ე“ - არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და ამ ცილისმწამებლური ინფორმაციის გასაჯაროებას მოჰყვა მისი ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ამდენად, მოსარჩელე სადავოდ ხდის, მოპასუხეების მიერ გავრცელებულ ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობას და აფასებს მათ, როგორც ცილისწამებას. მოპასუხეების განმარტებით კი, მათი შეფასებები არის კონკრეტულ ფაქტებზე დამყარებული მოსაზრებები, რაც მათთვის ცნობილი გახდა სანდო წყაროს მეშვეობით, თავის მხრივ, კი სანდო წყარო ეყრდნობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გავრცელებული ე.წ. „კრებსების“ მონაცემებს, რომელთა ნამდვილობა არ არის სადავო, ამდენად, არ შეიცავს არასწორ ფაქტებს, ცილისწამებას, ამასთან თავსდება კანონით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაში.
21. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჟურნალისტია ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სისწორე ანდა მის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ფარგლებში განხორციელებული ზომები ინფორმაციის გადასამოწმებლად (მაკვიკარი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ; ჰაინიში გერმანიის წინააღმდეგ). ამგვარი პრაქტიკა მართალია წინააღმდეგობაში მოდის ,,სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონთან, რომლის მიხედვითაც, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს (სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის 7.6 მუხლი), თუმცა ვინაიდან ამავე კანონის მიხედვით, ამ კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, ამიტომ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტოს, თუ რამდენად განხორციელებადია მტკიცების ტვირთი შეზღუდვის ინიციატორის მხრიდან, განსაკუთრებით უარყოფითი ფაქტის ან მოსაზრებების მტკიცების კონტექსტში და კანონის ინტერპრეტაციისას უნდა იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრაქტიკით. ამგვარი დასკვნის საფუძველია ასევე პრაქტიკაში არსებული სირთულე იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდვის ინიციატორმა უნდა ამტკიცოს, რომ ის არ არის „აგენტი“, არ აგროვებს საჯარო მოხელეებზე ინფორმაციას და აღნიშნულს არ აწოდებს შესაბამის ცენტრს, ასევე, მას არ აქვს რაიმე აგენტურული ფსევდონიმი და ა.შ. როდესაც დავის საგანია სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ფაქტის დადასტურება/უარყოფა, ასეთ შემთხვევაში, სწორედაც, რომ რელევანტურია კანონის ნორმის პრეცენდენტული განმარტება, რომლის მიხედვითაც, ფაქტის საჯაროდ გამავრცელებელმა უნდა ადასტუროს გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობა/სისწორე ანდა მის მიერ მიღებული გონივრული ზომები ინფორმაციის გადამოწმების თაობაზე საჯაროდ გავრცელებამდე. ამდენად, ცხადია რომ მოსარჩელე მხარე რომელიც შეზღუდვის ინიციატორია მტკიცების ტვირთს ობიექტური საფუძვლებიდან გამომდინარე ვერ გასწევდა, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი უნდა შებრუნდეს და გადავიდეს მოპასუხეზე, რომელიც ინფორმაციის გავრცელების კონფიდენციალურ წყაროს ეყრდნობა და წყაროს გამხელას არ ახდენს. აქედან გამომდინარე, მას მეტი მტკიცების ტვირთი ეკისრება, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას, მათ შორის, ისეთ ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას წარმოადგენს და კანონით დაცულია გამჟღავნებისაგან .
22. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საყურადღებოა, რომ სადავო გადაცემაში წამყვანი - მეორე მოპასუხე მსმენელებს პირდება, რომ იგი მათ მიაწვდის დამალულ ავტობიოგრაფიულ ინფორმაციას, რასაც კანდიდატები მალავენ წინასაარჩევნოდ. როგორც აღინიშნა, ავტობიოგრაფიაში მოსაზრებები არ აისახება, არამედ მასში მოცემულია გარკვეული ფაქტები ადამიანის განვლილი ან/და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. შესაბამისად, გადაცემის ავტორი მაყურებლის წინაშე კისრულობდა ვალდებულებას მიეწოდებინა ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა ხელშეკრულებით უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებულ/დასაქმებულ პირს, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ, პირადი ცხოვრების შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლობდა (გადმობირებული იყო) საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ.
23. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, იგი მხოლოდ კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის შეუძლებლობას ამოეფარა, რაც მხილების უფლების და მამხილებლის დაცვის უფლების ლეგიტიმური დანიშნულებას არ წარმოადგენს. ამასთან, ვინაიდან საქმე ეხება ისეთ ფაქტს, რომლის მტკიცების ტვირთს მოსარჩელე ობიექტურად ვერ დაძლევდა და მოპასუხემ არ მიიღო ზომები იმისათვის, რომ აღნიშნული ინფორმაცია რაიმე ფორმით მინიმუმ გადაემოწმებინა მოსარჩელესთან ან ინფორმაციის ეთერში გასვლამდე, მისთვის კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან მოხდა კონკრეტული არსებითად არასწორი - მცდარი და მსმენელის შეგნებულად შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის შემცველი ფაქტების გასაჯაროება, რაც უნდა იქნეს მიჩნეული ისეთ ცილისწამებად, რომელიც ლახავს მოსარჩელის ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას.
24. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულებები პასუხისმგებელ სუბიექტთა მხრიდან (ჟურნალისტის/გადაცემის წამყვანის/განცხადების ავტორის/ მაუწყებლის) ინფორმაციის გადამოწმების, ან გადამოწმების შეუძლებლობის ან მისი სწრაფად გავრცელების გარდაუვალობასთან დაკავშირებით. არ არის წარმოდგენილი, რა ზომებია მიღებული, რა ღონისძიებებია გატარებული სადავო ფაქტების გავრცელებამდე. მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები სწორედ ინფორმაციის გამავრცელებელმა უნდა წარადგინოს, რაც მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო.
25. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო განცხადებები, მთლიანი გადაცემა, თითოეული სიტყვა, წინადადება იყო ნეგატიური. ისმოდა დაუსაბუთებელი ბრალდებები. თავიდან ბოლომდე გადაცემა წამყვანს მიჰყავდა მონოლოგის რეჟიმში, გამოდიოდა როგორც მხარე და დარწმუნებული იყო გადმოცემული ფაქტების ნამდვილობაში, არ დაუსახელებია ინფორმაციის წყარო, არ შეუჯერებია ინფორმაცია სხვადასხვა წყაროსთან. არ მიუღია ინფორმაცია ოფიციალური წყაროდან, ასევე, საშუალება არ მისცა პირს, რომლის წინააღმდეგაც ამზადებდა გადაცემას გაეკეთებინა კომენტარი, არ იყო გათვალისწინებული თავად მოსარჩელის პოზიცია. ამ ვითარებაში კი ცხადია, რომ მთლიანი გადაცემა მისაღები კრიტიკის ფარგლებსა და ინფორმირების უფლებას სცდება, მოსარჩელის პირად უფლებებზე თავდასხმას წარმოადგენს. ასევე, სახეზეა კანონიერი ინტერესის მიზანმიმართული დაზიანება. აღნიშნულის საპირისპიროდ, განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება. კერძოდ, საქმეზე დადგენილია, რომ: ა) მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ; ბ) ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა (შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია); გ) მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
26. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ გონივრული ოდენობით მოახდინა მორალური ზიანის განსაზღვრა 10 000 ლარის ოდენობით, რაც გავრცელებული ფაქტების უარყოფის ვალდებულებასთან ერთად, პროპორციულად უზრუნველყოფს მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენას და ამავდროულად, გადაჭარბებულ პასუხისმგებლობას არ დააკისრებს მოპასუხე მხარეს.
27. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
28. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
28.1. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია პირს შეეზღუდოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და დაეკისროს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, „თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.“ („სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლი). ამასთან, საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში, მოსარჩელემ დამატებით უნდა ამტკიცოს, რომ „განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება“ („სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი). მიუხედავად ამისა, ვინაიდან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს, საქართველოს კანონმდებლობა აწესებს მისი დაცვის მაღალ სტანდარტს. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას და განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა განსაზღვრული უნდა იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის #ას-625-593-2014 გადაწყვეტილება, პ.50);
28.2. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას დეფამაციური სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთის განაწილების წესს, რომელიც სწორედ გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარეობს. სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“ (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება). აღნიშნულ პრინციპს კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს.“ ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“. გარდა ამისა, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ არაერთხელ აღინიშნა, რომ „კანონი კერძო და საჯარო პირის ცილისწამებისათვის (ორივე შემთხვევაში) მტკიცების ტვირთს იმგვარად ანაწილებს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ფაქტი, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და რომ აღნიშნული ინფორმაცია მოსარჩელისათვის ზიანის მომტანია“ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის N2გ/1713-15 გადაწყვეტილება). შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ „პირველ რიგში სწორედ ის უნდა ამტკიცოს, რომ უშუალოდ მის შესახებ მოპასუხემ გაავრცელა ფაქტები, ეს ფაქტები არსებითად მცდარია და სინამდვილეს არ შეესაბამება“ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის N2გ/1129-14 განჩინება);
28.3. სასამართლო პრაქტიკა და საქართველოს კანონმდებლობა ცხადყოფს, რომ სასამართლოში დეფამაციური სარჩელის წარდგენისას, პირველ რიგში, სწორედ მოსარჩელე არის ვალდებული რომ უტყუარი მტკიცებულებების სტანდარტით ამტკიცოს: (ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; (ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი არსებითად მცდარი ფაქტების შემცველია; (გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას; (დ) დამატებით საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ - განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება;
28.4. გავრცელებული ცნობები არის დასკვნები/მოსაზრებები, რომლებიც ეყრდნობა მოწოდებულ ინფორმაციას - თბილისის სააპელაციო სასამართლომ ისე, რომ სრულიად უგულებელყო საერთო სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიიჩნია, რომ კასატორების მიერ გავრცელებული ცნობები იყო ფაქტები და არა მოსაზრებები; სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია განცხადებები ფაქტებად, რომ არ შეაფასა ეთერში გასული განცხადებების მთლიანი კონტექსტი. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საერთო სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ცილისწამების საქმეებზე დადგენილი სტანდარტების შესახებ. საყურადღებოა, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმად, „აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.“ აღნიშნული ცხადჰყოფს, რომ მანამ, სანამ მოსარჩელე მხარე არ დაადასტურებს, რომ მოპასუხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს ფაქტებს, მიიჩნევა, რომ გავრცელებული ცნობები აზრს (შეფასებით მსჯელობას) წარმოადგენს, რის გამოც პირისთვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია. იმისათვის, რომ სასამართლომ შეაფასოს მოსარჩელეების მიერ სადავოდ გამხდარი განცხადებები, მნიშვნელოვანია, რომ მან გაითვალისწინოს გამონათქვამების მთლიანი კონტექსტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, „სადავო გამონათქვამი სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მათი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივ კომპონენტებს მოიცავს, რა მიზნით იქნა გასაჯაროვებული ისინი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის #ას-53-49-2017 გადაწყვეტილება);
28.5. სადავო გადაცემა იყო რიგით მეორე ე.წ „კრებსები“. მანამდე იყო „კრებსების“ პირველი ნაწილი. 2021 წლის აგვისტო-სექტემბრში უსაფრთხოების სამსახურიდან არაერთმა ინფორმაციამ მიაღწია მედიამდე „კრებსებში“ ინფორმაციის ავთენტურობა დაადასტურა „კრებსებში“ მოხვედრილმა არაერთმა პირმა. „კრებსებში“ დასახელებული პირები (ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, და სხვები) ადასტურებდნენ იმ სატელეფონო თუ სხვა სახის შეხვედრებს, როგორც ეს სუსის „კრებსებში“ იყო აღნიშნული, შესაბამისად, მედიას უკვე ჰქონდა წყაროს ვალიდურობა გამოცდილი და არსებობდა რა ნდობა წყაროსადმი და მისი სარწმუნოობა არ იყო საეჭვო, ეთერით გადაიცა მედიისთვის მიწოდებული ახალი მასალები, კრებსების ნაწილი 2 (12 სექტემბრის გადაცემა). აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ე.წ „კრებსების“ რამდენიმე ნაწილი, მათ შორისაა, 2021 წლის 1 აგვისტოს გადაცემა. ნიშანდობლივია, რომ კრებსების პირველი და მეორე ნაწილების კავშირზე მინიშნებასაც აკეთებს წამყვანი როდესაც ის მაყურებლის ყურადღებას ამახვილებს იმ სტუდიაზე საიდანაც მას მიჰყავს გადაცემა. კრებსების მეორე ნაწილის გადაცემის დაწყებისთანავე წამყვანი აკეთებს კომენტარს და შეახსენებს მის წინა კრებსების გადაცემაზე რომელიც სწორედ ამ სტუდიიდან გავიდა ეთერში. გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ მას შემდეგ რაც წამყვანი ასახელებს მოწოდებულ ინფორმაციას ის ასევე ასახელებს თავის მოსაზრებებს, კერძოდ, ჟურნალისტი საკუთარი საავტორო გადაცემის შესავალ ნაწილში საუბრობს საზოგადოდ „აგენტურაზე“ და აგენტების საქმიანობაზე: „განა პოლიციელობაში და უშიშრობის საქმიანობაში რამე ცუდია?! არა ეს ცუდი არ არის, მაგრამ როდესაც რაიონების დაახლოებით ნახევარში წარდგენილი გყავს სუსის ან პოლიციის მაღალჩინოსანი მერად გასაგებია რა განაცხადსაც აკეთებს ქართული ოცნება. ქართული ოცნება ღიად გვეუბნება ამით, რომ ქვეყანაში საპოლიციო მმართველობა დამყარებულია და კიდევ უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს, თუმცა მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები არ არის მთავარი. მთავარი აგენტურაა, რომელიც იღებს იწერს და აგზავნის მასალებს ცენტრში“. აღნიშნული ციტატიდან ნათლად ჩანს რომ წამყვანი არ საუბრობს მოსარჩელე მხარეზე და ის მხოლოდ თავის პირად შეფასებას აკეთებს თანაც არაიდენტიფიცირებადია ამ განცხადებების ადრესატები წამყვანის მსჯელობა აბსტრაქტული ხასიათისაა და ინდივიდთა განუსაზღვრელ წრეს მიემართება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2019 წლის დეკემბრის გადაწყვეტილებაში (ნომრით 2/6328-19) აღნიშნა, რომ ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული შესაბამისად ამ ციტატასთან მიმართებით მოსარჩელის პოზიცია სრულიად უსაფუძვლოა;
28.6. სადავო განცხადებები უნდა შეფასდეს მოსაზრებებად საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის #ას-706-2020 განჩინების გათვალისწინებითაც, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ განცხადებები ერთი შეხედვით ფაქტების შემცველი იყო (სადავო განცხადებების თანახმად, „ვინც 7 ნოემბრის აქციის მონაწილეები დაარბია, მათ ე.გ–მა ხელფასები და პრემიები გაუორმაგა“; „ამის საფუძველზე კი, 2007 წლის 24 ნოემბერს ვ.მ–მა „კარგი საქმის შესრულებისათვის“ დროზე ადრე დააწინაურა“; „გ–ი კი არ ფიგურირებს, გ–ს ევალება [...] ამ სამმართველოს მოსამსახურეების დაჯილდოებაზე კონტროლი და ამ ფულის განაწილება. ეს არის სპეცრაზმი, რომელმაც დაგვლეწა ჩვენ 7 ნოემბერს”; „პირდაპირ კავშირშია იმ დანაშაულთან, რომელიც მ–მა ჩაიდინა და ამის გამო დააწინაურეს და ფულადი სახსრებითაც დააჯილდოვეს”) სასამართლომ ისინი მაინც აზრებად მიიჩნია, ვინაიდან მოპასუხეები აღნიშნული განცხადებების გაკეთებისას მიუთითებდნენ დოკუმენტებზე, რომელთაც აყრდნობდნენ საკუთარ აზრს (საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის #ას-706-2020 განჩინება, პ. 32- 33). ამავე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა: „გამოთქმის კონტექსტის შეფასების, შინაარსისა და ნამდვილი აზრის გათვალისწინებით, მოპასუხეთა გამონათქვამი წარმოადგენს აზრს, შეფასებით მსჯელობას, დამყარებულს საკმარის ფაქტობრივ საფუძველზე. გამოთქმულს მოსარჩელის, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე - სასაზღვრო პოლიტიკის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი) - ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მიმართ, რომლისკენაც, მის მიერ დაკავებული თანამდებობისა და შესაძლო კანონდარღვევის ჩადენის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, მიმართული იყო საზოგადოების ნამდვილი და ლეგიტიმური ინტერესი.” აღნიშნული მსჯელობა გაიზიარა საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც. საკასაციო სასამართლო ამავე საქმეში სადავო განცხადებებთან დაკავშირებით დამატებით აღნიშნავს [სადავო განცხადებები] შეიცავს არა მითითებას აქციის დარბევაში მოსარჩელის უშუალო მონაწილეობის შესახებ, არამედ წარმოადგენს სუბიექტურ შეხედულებას და მიმართულია ზოგადად იმ პირთა მიმართ, ვინც დაარბია 7 ნოემბრის აქცია. აღნიშნული კი გამორიცხავს ზემოაღნიშნული განცხადებების ცილისწამებად შეფასებას. ამასთან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ცილისწამების მაკვალიფიცირებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე - სუბიექტური, და, რაც მთავარია, მისი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ საქმე Noას-179-172-2012, 01.10.2014 წ.). მსგავსად ზემოაღნიშნული საქმისა, მ.ა–ის ეთერში გაკეთებული განცხადებები იყო მოწოდებული ინფორმაციის გაჟღერება, რაც სწორედაც რომ მედიის მოვალეობას წარმოადგენს და შემდეგ შეფასება და დასკვნები. ამდენად, სასამართლოს სწორედაც, რომ უნდა გაეთვალისწინებინა საერთო სასამართლოების წინარე პრაქტიკა, ამასთან, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერი და განცხადებები მიეჩნია მოსაზრებებად, რომელთა გაჟღერებისას სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია. ამის მიუხედავად, ისე რომ სასამართლომ უგულებელყო არსებული პრაქტიკა და არ გაითვალისწინა განცხადებების კონტექსტი, ისინი მიიჩნია ფაქტებად ისე, რომ არ მიუთითებია არც ერთი არგუმენტი იმის შესახებ, თუ რანაირად დაკმაყოფილდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით დადგენილი სტანდარტი ფაქტისა და აზრის გამიჯვნის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლო არ უნდა დაეთანხმოს პირველ ინსტანციას და სადავო განცხადებები მიიჩნიოს შეფასებებად;
28.7. თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესით. მიუხედავად იმისა, რომ კასატორები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ გავრცელებული ცნობები არ იყო ფაქტების შემცვლელი, არამედ როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ისე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, არის მოსაზრებები მნიშვნელოვანია ყურადღება გაამახვილოს იმაზეც, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ ფაქტები ექნებოდა გავრცელებული კასატორს, მოსარჩელეს არ წარუდგენია კანონით მოთხოვნილი უტყუარი მტკიცებულებები, რაც აუცილებელია ცილისწამების დასადგენად. ამის მიუხედავად თბილისის სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი შეატრიალა და დააკისრა მოპასუხეს (კასატორს) მაშინ, როდესაც მოსარჩელეს არ ჰქონდა წარდგენილი არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სადავოდ გამხდარი ცნობების სიმცდარესა თუ სინამდვილეს. როგორც უკვე აღინიშნა, ცილისწამების დავების შემთხვევაში, სწორედაც, რომ მოსარჩელე არის ვალდებული უტყუარი მტკიცებულებებით ამტკიცოს, რომ გავრცელებული ცნობები არის მცდარი მიუხედავად ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი და მოპასუხეებს (კასატორებს) დააკისრა იმის ვალდებულება, რომ ემტკიცებინათ ფაქტების ნამდვილობა, რაც წინააღმდეგობაშია არა მარტო საქართველოს კანონმდებლობასთან, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებთან;
28.8. მოცემულ შემთხვევაში, მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებების სტანდარტს ცილისწამების დავების შემთხვევაში და მოსარჩელე ვერ ამტკიცებს, რომ „მ.ა–ის ეთერით 2021 წლის 12 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაცია სიმართლესთან შეუსაბამოა და არსებითად მცდარ ფაქტებს წარმოადგენს. საყურადღებოა ისიც, რომ ერთადერთი მტკიცებულება რაზეც მსჯელობს თბილისის სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების 39-ე პუნქტში, არის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თვისებრივი და რაოდენობრივი მედია მონიტორინგი (პერიოდი 03.09.2021-02.10.2021). მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო თავადვე ამბობს განჩინების მე-40 პუნქტში, რომ აღნიშნული მტკიცებულება ვერ იქნება საკმარისი დავის გადასაწყვეტად, ის არ მიუთითებს არც ერთ სხვა მტკიცებულებაზე, რომელიც შეაფასა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეფასებებთან ერთად. კასატორებს მიაჩნიათ, კომისიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის შედეგები არარელევანტურია სადავო საქმესთან მიმართებაში. აღნიშნული მონიტორინგის შედეგებით შეუძლებელია იმის დადგენა განხორციელდა თუ არა შპს „მ.ა–ისა“ და მეორე მოპასუხის მიერ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება მოსარჩელის მიმართ;
28.9. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რომ მოპასუხე მედიის მიერ ინფორმაცია იკითხება ე.წ კრებსებიდან, რომლებიც სწორედ მათი არსიდან გამომდინარე არ არის საზოგადოებისათვის საჯარო. მეტიც, სახელმწიფო სწორედაც რომ ცდილობს იმას, ასეთი ტიპის ინფორმაცია იყოს შენახული და არა ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის. მაშინ, როდესაც ასეთი ტიპის ინფორმაცია მიდის მედიასთან მან უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და ამოიკითხოს ის, ამის შემდეგ კი შესაბამისმა ორგანოებმა შესაბამისი მტკიცებულებებით, იგივე ფორმით დააფიქსირონ პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. სადავო საეთერო მასალის არსიც და მისი ღირებულებაც ჟურნალისტისთვის/მედიისთვის სწორედ იმიტომ არის ღირებული, რომ (1) ის მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა; (2) ამგვარი ინფორმაცია ააშკარავებს დაფარულს, ე.ი იმას, რაც არ არის ზედაპირზე და არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ოფიციალურად, (3) ააშკარავებს სახელმწიფოს მანკიერ და/ან უკანონო ქმედებებს, (ე.ი მედია ასრულებს მისი, „მოდარაჯე ძაღლის“ ფუნქციას). „მ.ა–ის“ მხრიდან არ მომხდარა არსებითად მცდარი ფაქტების გასაჯაროება, ეთერით გადაცემული ინფორმაცია ეყრდნობოდა სანდო წყაროს. წყაროს კრედიბილურობა და ინფორმაციის სანდოობა დასტურდება ასევე სხვა პირთა მიერ ეთერში გაჟღერებული ინფორმაციის დადასტურებით (მაგ. სატელეფონო მოსმენებზე პირთა მიერ შესაბამისი შინაარსის საუბრების ნამდვილობის დადასტურებით);
28.10. მოსარჩელე საჯარო პირია. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო პირი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ფ“ პუნქტის თანახმად კი, თანამდებობის პირი არის მუნიციპალიტეტის მერი, საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია მხარე საჯარო პირად და არ დაეთანხმა მოსარჩელე მხარეს;
28.11. იმ შემთხვევაშიც, თუ ჩავთვლით რომ ჟურნალისტმა გაავრცელა მცდარი ფაქტი, აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლო განმარტავს: „მცდარი ფაქტის გავრცელება ყოველთვის არ წარმოადგენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თუ რა ზომები მიიღო და რა ღონისძიებები გაატარა ჟურნალისტმა, როდესაც ფაქტს ავრცელებდა - მან თუ ჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობანი და პასუხისმგებლობა ინფორმაციის გადამოწმებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში, მას პასუხისმგებლობა არ ეკისრება“ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის #2გ/1713-15 გადაწყვეტილება, პ. 5.4. (კვალიფიციური პრივილეგია); გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მიიჩნიეს საჯარო პირად თბილისის სააპელაციო სასამართლოს დამატებით უნდა გამოეკვლია კასატორებმა გამოიჩინეს თუ არა განზრახ ან უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის გავრცელება. მოცემულ შემთხვევაში, ეთერში გასული ცნობების კონტექსტი სრულიად გამორიცხავს მათ მიერ შესაძლო უხეში დაუდევრობის გამოჩენას ან განზრახ მოქმედებას. ამის მიუხედავად, სასამართლომ ერთი მხრივ დაადგინა, რომ მხარედ გვევლინება საჯარო პირი, მას დამატებით არ შეუფასებია არსებობდა თუ არა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები იმისათვის, რომ საჯარო პირის წინააღმდეგ ცილისწამების ფაქტი დამდგარიყო;
28.12. „ჟურნალისტები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებენ, რომ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან მიიღეს, ჟურნალისტი დარწმუნებული იყო გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში, ჟურნალისტმა გონივრულ ფარგლებში გადაამოწმა გავრცელებული ინფორმაციის ჭეშმარიტება. თუმცა, რიგ შემთხვევებში ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დაუძლეველ სირთულეებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, ჟურნალისტმა ზუსტად ამგვარი სირთულის არსებობა უნდა დაადასტუროს“ (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის No2გ/1713-15 გადაწყვეტილება, პ. 5.4.);
28.13. საყურადღებოა ის გარემოება, რომ კასატორები მოქმედებდნენ იმ ფარგლებში, რის საფუძველსაც აძლევდა საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ, როგორც თავად თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, „განსახილველ შემთხვევაში ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების სამსახურის ან ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადმობირებულ აგენტს (ნებაყოფლობით ხელშეკრულებით მოთანამშრომლე პირს), წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გამხელისაგან დაცულია როგორც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონით, ისე სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონით“. ამდენად, მედიას არ ჰქონდა იმის უფლება, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები გამოეთხოვა, არამედ მოქმედება იმ ინფორმაციის ფარგლებში, რა ინფორმაციაც გააჩნდა;
28.14. მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება ზიანის ფაქტი. საყურადღებოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, 46–ე პუნქტის ბოლოში ერთი წინადადებით აღნიშნა, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი გამოიხატება მისი რეპუტაციის შელახვაში. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 და მე-14 მუხლებში მითითებული კუმულატიური წინაპირობები, რომელიც ცალსახად მიუთითებს, რომ ზიანის მიყენების ფაქტი დამოუკიდებელი კრიტერიუმია, რომელიც მსგავსად სხვა წინაპირობებისა, უნდა დაამტკიცოს მოსარჩელე მხარემ; მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ მოპასუხეების მიერ გაკეთებული განცხადებები მას აშკარა ზიანს აყენებს, რაც ცილისწამებისათვის ცალკე წინაპირობას წარმოადგენს. ნაცვლად ამისა, ყოველგვარ სამართლებრივ თუ ფაქტობრივ გარემოებების მითითების გარეშე მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ გაკეთებული განცხადებებით შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რაც მტკიცების ტვირთის გადანაწილების მიხედვით არ უნდა ჩაითვალოს სადავო განცხადებებით მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების წინაპირობად. საყურადღებოა ისიც, რომ მოსარჩელე არ უთითებს თუ კონკრეტულად რა ზიანი შეიძლება მიადგეს მას გავრცელებული ცნობებით და რატომ არის მისთვის შეურაცხმყოფელი, როდესაც გადაცემაში თავად წამყვანი შესავალ ნაწილში საუბრობს საზოგადოდ „აგენტურაზე“ და აგენტების საქმიანობაზე, გვარამია ამბობს: „განა პოლიციელობაში და უშიშრობის საქმიანობაში რამე ცუდია?! ... არა ეს ცუდი არ არის, მაგრამ როდესაც რაიონების დაახლოებით ნახევარში წარდგენილი გყავს სუსის ან პოლიციის მაღალჩინოსანი მერად, გასაგებია რა განაცხადსაც აკეთებს ქართული ოცნება. ქართული ოცნება ღიად გვეუბნება ამით, რომ ქვეყანაში საპოლიციო მმართველობა დამყარებულია და კიდევ უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს, თუმცა მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები არ არის მთავარი, მთავარი აგენტურაა, რომელიც იღებს, იწერს და აგზავნის მასალებს ცენტრში“. ამდენად, აშკარად ჩანს რომ მოპასუხე მედიას აღნიშნული ინფორმაციის რაიმე ზიანის მიყენება არ აქვთ განზრახული და აშკარაა ისიც, რომ ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაშიც კი (რაც სიმართლეს არ შეესაბამება), მოპასუხეს არანაირი ზიანი არ მიადგა და ის არჩეულ იქნა მერად. მიუხედავად ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია არც ერთ ზემოაღნიშნულ გარემოებაზე და არ დაუსახელებია თუ კონკრეტულად როგორ მიაყენებდა კასატორების მიერ გავრცელებული ცნობები ზიანს მოსარჩელეს ან როგორ შელახავდა მის რეპუტაციას;
28.15. სასამართლოს მიერ დადგენილი ზიანის ოდენობის თანხა არის არაპროპორციული. თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „მ.ა–სა“ და ნ.გ–იას სოლიდარულად დააკისრა მოსარჩელე ო.ა–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც ისე, რომ არ უმსჯელია თუ კონკრეტულად რატომ არის დაკისრებული თანხა პროპორციული; მაშინ, როდესაც მოსარჩელე ვერ უთითებს ვერც ერთ გარემოებაზე, რომელიც დაადასტურებდა მიყენებულ ზიანს და რითაც დაამტკიცებდა, რომ ცნობების უარყოფა არ არის საკმარისი. სრულიად არაგონივრულია მორალური ზიანის მოთხოვნის დაკმაყოფილება, მითუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, თბილისის სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველ ინსტანციას ისე, რომ არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ არც ერთ გარემოებაზე და სრულად უგულებელყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ ნაწილშიც;
28.16. სარჩელი წარმოადგენს სტრატეგიულ სამართალწარმოებას სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ. სამიზნედ არჩეულია სწორედ ისეთი ტელეკომპანია, რომელიც ცნობილია მისი კრიტიკული ხედვებით. სარჩელში არაერთხელ გაკეთებული მითითებაც და მცდელობაც იმისა, რომ მ.ა–ი წარმოაჩინონ კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებულ მედიად, მიანიშნებს იმაზე, რომ მათ სურთ კრიტიკული აზრის ჩახშობა და მედიის გაჩუმება. საყურადღებოა, რომ სარჩელი ერთ-ერთია იმ სარჩელიდან, რომელიც აღიძრა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებს მიერ სწორედ იგივენაირი არგუმენტაციითა და მორალური ზიანის ანაზღაურების მსგავსი არაპროპორციული თანხის დაკისრების მოთხოვნით. აღნიშნული მიუთითებს გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების მიერ აღძრული სარჩელების კამპანიურობაზე და მცდელობაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენონ კრიტიკულ მედიას. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა ვერ აკმაყოფილებს ცილისწამების საქმეებზე კანონით თუ სასამართლო პრაქტიკით დადგენილ კრიტერიუმებს, მის რეალურ მიზანს კი წარმოადგენს არა მოსარჩელის საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ საკუთარი ძალაუფლების გამოყენებით მედიის გაჩუმება, რასაც მსუსხავი ეფექტი ექნება სხვა მედიებისა და მედიის წარმომადგენლებზე;
28.17. საყურადღებოა სათანადო მოპასუხის საკითხიც. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი ცალსახად მიუთითებს, რომ ცილისწამების დავებზე მოპასუხეა მედია. სპეციალური კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ცალსახად მიუთითებს, რომ მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებულ სასამართლო დავისას მოპასუხეა მედიის მესაკუთრე. აღნიშნული ნორმის მიზანი ცილისწამების დავებზე ჟურნალისტების სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დაცვაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტებზე დაწესებული მსუსხავი ეფექტი შეაფერხებდა ან/და შეუძლებელს გახდიდა მათ მიერ პროფესიული საქმიანობას განხორციელებას. სწორედ ამიტომ, კანონის მიხედვით, ცილისწამების დავებზე მედია იღებს მათ ჟურნალისტებზე პასუხისმგებლობას, რაც ჟურნალისტებს აძლევს შესაძლებლობას პროფესიული ეთიკის ფარგლებში თავისუფლად, მოსალოდნელი პასუხსმგებლობის შიშის გარეშე განახორციელონ ჟურნალისტური საქმიანობა.
29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
30. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
31. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან კანონის დარღვევა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას არ უდევს საფუძვლად.
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
33. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მეორე მოპასუხის მიერ სატელევიზიო ეთერის ფარგლებში გავრცელებული ცნობები: „ბორჯომი - ო.ა–ი, გადმობირებულია სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის მიერ 2009 წელს. დავალება: საჯარო მოხელეებზე ინფორმაციის შეკრება და მიწოდება ცენტრისთვის. აგენტორული ფსევდონიმი „ე–ე“ (შემდგომში ასევე მოხსენიებული - „განცხადება“, „სადავო განცხადება“) წარმოადგენს თუ არა მოსარჩელის სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით დაცულ სფეროში იმგვარ ჩარევას, რასაც სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება. კერძოდ, წარმოადგენს თუ არა განცხადება ცილისწამებას, რომელმაც შელახა მოსარჩელის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
34. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო უპასუხებს საკასაციო პრეტენზიას, რომლის მიხედვით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი და ტელეკომპანიასთან ერთად არასწორად მიიჩნიეს მეორე კასატორი სათანადო მოპასუხედ. მითითებული პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, სპეციალური კანონი მედიაში ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ცილისწამებასთან დაკავშირებული სასამართლო დავისას მოპასუხედ მოიაზრებს მედიის მესაკუთრეს, თუმცა კანონი ადგენს გამონაკლისს, რომლის თანახმადაც, თუ ასეთი სახის დავისას ჟურნალისტი აშკარად და პირდაპირ უჭერს მხარს სადავო განცხადებას, იგი მიიჩნევა სათანადო მოპასუხედ. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო განცხადება მეორე მოპასუხის საავტორო გადაცემაში გაჟღერდა, რომელიც მიმდინარეობდა მონოლოგის რეჟიმში და ჟურნალისტი ფაქტის გადმოცემის შემდეგ შეფასებებსაც აკეთებს, კერძოდ, წამყვანმა გადაცემა დაასრულა შემდეგი ტექსტით: (23:15:17) „გილოცავთ ყველას, თქვენ მოგიწევთ არჩევანის გაკეთება ან აგენტი, რომელიც იწერს, უთვალთვალებს, იღებს მათ შორის პირად ცხოვრებას და შეიძლება თქვენც იყოთ მათ შორის, აგზავნის ცენტრში... ან ყველა სხვა დანარჩენს შორის. არჩევანი თქვენზეა ან სიბინძურე, ან ქვეყნის მომავალი. ეს გადაცემა სპეციფიურად არის ძალიან მოკლე, იმისთვის, რომ კარგად დაინახოთ და გაიაზროთ შემდეგი, ჩემი ზედმეტი კომენტარების გარეშე, რა არჩევანის წინაშე დგახართ და რას გაკადრებთ „ქართული ოცნება“ (იხ. წინამდებარე განჩინების 6.17 პუნქტი). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ჟურნალისტი მხარს უჭერდა სადავო განცხადებებს, წინამდებარე საქმეზე მართლზომიერად განისაზღვრა მოპასუხეთა წრე (მსგავს საკითხზე იხ. სუსგ საქმე Nას-578-2023, 1 ნოემბერი, 2023 წელი, პ. 16).
35. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში, ორი მნიშვნელოვანი უფლება უპირისპირდება ერთმანეთს გამოხატვის თავისუფლება და პირის არაქონებრივი უფლება - პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
36. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
37. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომში „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია“ ან „კონვენცია“) მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად”.
38. კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან. ამიტომ ის შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებსა და სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ პუნქტში მითითებული კანონიერი მიზნების მისაღწევად, რომელთაგან ერთ-ერთია სხვა პირთა რეპუტაციის დაცვა.
39. გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის „აუცილებლობის“ ძირითადი პრინციპები ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (შემდგომში „ევროპული სასამართლო“ ან „სტრასბურგის სასამართლო“) დაადგინა მრავალ საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება არა მხოლოდ იმ „ინფორმაციისა“ და „იდეების“ მიმართ, რომლებიც კეთილგანწყობით მიიღება, არაშეურაცხმყოფელად არის მიჩნეული ან ინდიფერენტული დამოკიდებულების საგანია, არამედ იმათ მიმართაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაშფოთებელია.
40. ამიტომ გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა განსაზღვრული იყოს მკაცრად და მისი გამოყენების საჭიროება სარწმუნოდ უნდა იყოს დადასტურებული. შეზღუდვის გამოყენება უნდა იყოს „აუცილებელი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვა პირთა რეპუტაციის დასაცავად. „აუცილებელი“ კი, სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს „მწვავე საზოგადოებრივ საჭიროებას“ (Handyside v. the United Kingdom (7 December 1976, Series A no. 24), Stoll v. Switzerland ([GC] no. 69698/01, § 101, ECHR 2007 V); Animal Defenders International v. the United Kingdom [GC], no. 48876/08, § 100, ECHR 2013; Morice v. France [GC], no. 29369/10, § 124, 23 April 2015).
41. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „სპეციალური კანონი“) მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც გულისხმობს აზრის აბსოლუტურ თავისუფლებას, ნებისმიერი ფორმის ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღების, შექმნის, შენახვის, დამუშავებისა და გავრცელების უფლებას.
42. სპეციალური კანონის მე-14 მუხლი კრძალავს ნებისმიერი საჯარო პირის ცილისწამებას, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.
43. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ცილისწამებისათვის (რომელიც განიმარტება, როგორც „არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება“), გათვალისწინებულია სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა (კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა, რომლებიც გათვალისწინებულია მისი მე-5, მე-15 და მე-16 მუხლებით).
44. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18.2 მუხლის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
45. როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთა რეპუტაციის დაცვის უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული უფლებაა. სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ ორივე უფლება - გამოხატვის თავისუფლებაც და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც - თანაბარ დაცვას იმსახურებს. თუმცა, იმისათვის, რომ მე-8 მუხლით დაცული უფლების დარღვევა დადგინდეს, თავდასხმამ პირის რეპუტაციაზე სერიოზულობის განსაზღვრულ ხარისხს უნდა მიაღწიოს (Ärztekammer Fur Wien And Dorner v. Austria, no. 8895/10, § 62, 16 February 2016).
46. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც ამ ორ უფლებას შორის სამართლიანი წონასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ფასდება. აღნიშნული კრიტერიუმებია: (ა) ის წვლილი, რომელიც სადავო განცხადებამ საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში მიმდინარე დებატებში შეიტანა; (ბ) იმ პირის საზოგადოებრივი ცნობადობის ხარისხი, როლი და ფუნქცია, ვისაც სადავო განცხადება ეხებოდა და იმ ქმედებების ბუნება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც სადავო განცხადებაში აისახა; (გ) განცხადებაში ასახულ პირთა ქმედებები განცხადების გამოქვეყნებამდე; (დ) განცხადების გამოქვეყნების ფორმა და მანერა; (ე) რა გზით იქნა მოპოვებული განცხადებაში დაცული ინფორმაცია და რამდენად სარწმუნო იყო ის - აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოს ჟურნალისტებთან მიმართებაში ნათქვამი აქვს, რომ ისინი უნდა მოქმედებდნენ კეთილსინდისიერად, სათანადო ფაქტობრივ საფუძველზე და, ჟურნალისტური ეთიკის წესების შესაბამისად, საზოგადოებას აწვდიდნენ სარწმუნო და ზუსტ ინფორმაციას (Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 93, ECHR 2012).
47. განსაკუთრებით პრობლემურია პირის რეპუტაციის დაცვის მიზნით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ განცხადება, რომელიც პირის რეპუტაციას ეხება, პოლიტიკურია ან გაკეთებულია საზოგადოების ინტერესის სფეროში მყოფ საკითხზე მიმდინარე დებატების პროცესში (Sürek v. Turkey (no. 1) [GC], no. 26682/95, § 61, ECHR 1999-IV; Lindon, Otchakovsky-Laurens and July v. France [GC], nos. 21279/02 and 36448/02, § 46, ECHR 2007-IV; and Axel Springer AG v. Germany [GC], no. 39954/08, § 90, ECHR 2012).
48. საკითხისადმი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას გაკეთებულ განცხადებაში გამოვლენილი მტრული დამოკიდებულების გარკვეული ხარისხი (E.K. v. Turkey, no. 28496/95, §§ 79-80, 7 February 2002) და გამოთქმების სერიოზულობაც კი (Thoma v. Luxembourg, no. 38432/97, § 57, ECHR 2001-III) არ ართმევს განმცხადებელს უფლებას დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლებით (Paturel v. France, no. 54968/00, § 42, 22 December 2005).
49. თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და „ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ“ (Oberschlick v. Austria (no.1), 23 May 1991, §63 Series A no. 204) სტრასბურგის სასამართლომ ზღვარი გაავლო ფაქტის შემცველ განცხადებასა და შეფასებით მსჯელობას შორის და აღნიშნა, რომ ფაქტის არსებობა შეიძლება დემონსტრირებულ იქნას, მაშინ როცა შეფასებითი მსჯელობის სიმართლე შეუძლებელია მტკიცების საგანი იყოს. ამიტომ შეფასების სიმართლის დამტკიცება არ შეიძლება ვინმეს დაევალოს. ეს შეეწინააღმდეგებოდა თავად გამოხატვის თავისუფლების არსს (De Haes and Gijsels v. Belgium, 24 February 1997, §42, Reports-I).
50. იმისათვის, რომ ფაქტობრივი ბრალდება შეფასებითი მსჯელობისაგან გაიმიჯნოს, აუცილებელია საქმის გარემოებებისა და განცხადების ზოგადი ტონის ანალიზი, იმის მხედველობაში მიღებით (Brasilier v. France, no. 71343/01, 11 April 2006, § 37), რომ გამონათქვამები საჯარო ინტერესის საკითხზე, შესაძლებელია, სწორედ აღნიშნულ საფუძველზე (სწორედ აღნიშნულის გამო), უფრო შეფასებით მსჯელობას წარმოადგენდეს, ვიდრე ფაქტის შესახებ განცხადებას (Paturel v. France, no. 54968/00, 22 December 2005, § 37).
51. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების განხორციელება განუყოფელია შესაბამისი „ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისაგან“, რომელიც პრესაზეც ვრცელდება. სწორედ აღნიშნული „ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის“ გამო, მე-10 მუხლის მიხედვით, ჟურნალისტებისათვის მიკუთვნებული დაცვა, როდესაც ისინი აშუქებენ საზოგადო ინტერესის მქონე საკითხებს, ექვემდებარება დათქმას, რომ ისინი მოქმედებენ კეთილსინდისიერად, რათა წარმოადგინონ სწორი და სანდო ინფორმაცია ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად (Bladet Tromsø and Stensaas v. Norway [GC], no. 21980/93, § 65, ECHR 1999-III; Kasabova v. Bulgaria, no. 22385/03, § 63, 19 April 2011). წინა საქმეებში, როდესაც სასამართლოს უნდა ემსჯელა, გაეთავისუფლებინა თუ არა გაზეთები დაკისრებული ვალდებულებისაგან - გადაამოწმონ ფაქტის შემცველი განცხადებები, რომლებიც ცილისმწამებლური ხასიათისაა, მან გაითვალისწინა სხვადასხვა ფაქტორი, განსაკუთრებით ცილისწამების ბუნება და ხარისხი და აგრეთვე ის მოცულობა, რამდენად გონივრულად შეეძლო გაზეთს მისი წყარო სანდოდ მიეჩნია (Bladet Tromsø and Stensaas, cited above, § 66). თავის მხრივ ეს ფაქტორები მოითხოვს სხვა ისეთი ელემენტების განხილვას, როგორებიცაა წყაროს ავტორიტეტი, აგრეთვე, გამოცემის გამოშვებამდე შეეძლო თუ არა გაზეთს ჩაეტარებინა საკმარისი მოკვლევა, წარმოადგინა თუ არა გაზეთმა ამბავი საკმარისად დაბალანსებულად და მისცა თუ არა მეორე მხარეს თავის დაცვის შესაძლებლობა. ამდენად, ცილისმწამებლური განცხადების გადამოწმების მოთხოვნიდან გადახვევა იმგვარი ბუნებისაა, რომ მისი გამოყენებისათვის ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ განსახილველი საქმის კონკრეტული გარემოებები. თუ ეროვნული სასამართლოები გამოიყენებენ ზედმეტად ხისტ მიდგომას ჟურნალისტის პროფესიული ქცევის შეფასებისას, ამ უკანასკნელს არასათანადოდ შეეშლება ხელი მისი ფუნქციის, კერძოდ, საზოგადოების ინფორმირებულობის, განხორციელებაში. ამრიგად, სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ მათი გადაწყვეტილებების სავარაუდო გავლენა არა მხოლოდ ინდივიდუალურ საქმეებზე, არამედ ზოგადად მედიაზე (Kasabova, cited above, § 55 and Yordanova and Toshev v. Bulgaria, no. 5126/05, § 48, 2 October 2012). განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე დამატებითი ფაქტორია „მოდარაჯე ძაღლის“ როლი, რომელსაც პრესა ასრულებს დემოკრატიულ საზოგადოებაში. თუმცა, მან არ უნდა გადააბიჯოს განსაზღვრულ ფარგლებს, კერძოდ, სხვათა უფლებებსა და რეპუტაციასთან მიმართებით, მიუხედავად ამისა, პრესის მოვალეობაა ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად, გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები პოლიტიკურ და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე, როდესაც ეროვნული ხელისუფლების მიერ დაკისრებულ სანქციებს შეუძლია პრესას გული აუცრუოს დებატებში მონაწილეობაზე, რომელიც ეხება ლეგიტიმურ საზოგადოებრივ პრობლემას (Tønsbergs Blad A.S. and Haukom v. Norway, no. 510/04, § 88, ECHR 2007-III).
52. ზემოაღნიშნული პრინციპებიდან, ნორმებიდან და განმარტებებიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეში სანამ სადავო სტატიაში დაცული, გასაჩივრებული განცხადებების შინაარსის შეფასებას შეუდგება, საკასაციო სასამართლო აუცილებლად თვლის განიხილოს წვლილი, რომელიც სადავო სტატიამ საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში მიმდინარე დებატებში შეიტანა; იმ პირის საზოგადოებრივი ცნობადობის ხარისხი, როლი და ფუნქცია, ვისაც სადავო სტატიაში მოცემული განცხადებები ეხებოდა და იმ ქმედებების ბუნება, რომელთა შესახებ ინფორმაციაც სადავო განცხადებებში აისახა.
53. ზემოაღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა მნიშვნელოვანია მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრის განსაზღვრის სისწორის შესამოწმებლადაც, რამდენადაც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს კერძო პირისა და საჯარო პირის სტატუსს და ამ პირთა მიმართ ცილისწამებისას მოსარჩელის მტკიცების ფარგლებს.
54. მოცემულ შემთხვევაში, „მთავარი აქცენტების“ წამყვანი მონოლოგის მიმდინარეობისას აცხადებს: „ბორჯომი - ო.ა–ი, გადმობირებულია სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის მიერ 2009 წელს. დავალება: საჯარო მოხელეებზე ინფორმაციის შეკრება და მიწოდება ცენტრისთვის. აგენტორული ფსევდონიმი „ე–ე“. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო სიუჟეტი სატელევიზიო ეთერით გავიდა იმ დროს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ტარდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. სიუჟეტი შეეხებოდა საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის სხვადასხვა კანდიდატს, მათ შორის, მოსარჩელეს.
55. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ზ“ პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი ყურადღება განიმარტება, როგორც საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან; ხოლო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში დაცული განმარტებების თანახმად, „საზოგადოებრივი ინტერესი“ გულისხმობს საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე იმ მოცულობით, რაც საკმარისია მათ მიმართ ლეგიტიმური ინტერესის გასაჩენად; საკითხებს, რომლებიც იპყრობს საზოგადოების ყურადღებას ან აღელვებს საზოგადოებას მნიშვნელოვანი დოზით; განსაკუთრებით როცა საქმე ეხება მოქალაქეთა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის კეთილდღეობას. ასეთი შეიძლება იყოს სოციალური საკითხები, სისხლის სამართალწარმოება ზოგადად და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა კონკრეტულად (იხ. Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland [GC], §171; Dupuis and Others v. France, §42; July and SARL libération v. France, §66; White v. Sweden, par. §29, Egeland and Hanseid v. Norway, §58; Leempoel & S.A. ED. Ciné Revue v. Belgium, §72, Eerikäinen and Others v. Finland, §59).
56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სიუჟეტი საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის არჩევნებში მონაწილე სუბიექტების შესახებ, კერძოდ, არჩევნებში მონაწილე პირების შესაძლო კავშირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ე.წ „აგენტორული“ საქმიანობა საზოგადოებრივი ინტერესის სფეროში ექცევა. შესაბამისად, სადავო განცხადების ავტორი გამოხატვის თავისუფლების დაცვის მაღალი ხარისხით სარგებლობს.
57. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო და საჯარო პირების მიმართ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ხარისხი განსხვავებულია და საჯარო პირების თმენის ვალდებულება ბევრად მაღალი, მნიშვნელოვანია, თითოეულ შემთხვევაში სასამართლომ სწორად განსაზღვროს განცხადების ადრესატის სტატუსი.
58. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო. იმავე კანონის პ–ი მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო პირი არის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; აგრეთვე, პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; ან პირი რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პ–ი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება მუნიციპალიტეტის მერი, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე, რაიონის გამგეობის პ–ადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე და მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელი და მისი მოადგილე, რაიონის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
59. ზემოაღნიშნული განმარტებიდან და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, მოსარჩელე წინამდებარე დავის მიზნებისთვის „საჯარო პირს“ წარმოადგენს.
60. იმისათვის, რომ დადგინდეს ცილისწამების არსებობა, პირველ რიგში აუცილებელია შეფასდეს სადავო სიუჟეტში გაჟღერებული სადავო გამონათქვამები აზრის, შეხედულების გამოხატვაა თუ დადასტურებადი ან უარყოფადი ფაქტების შემცველი განცხადებები.
61. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, „აზრი“ განიმარტება, როგორც შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე, ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. იმავე კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.
62. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტები კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და მისი ნამდვილობასთან შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია (იხ. სუსგ Nას-625-593-2014, 20 მაისი, 2016 წელი; სუსგ Nას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი).
63. აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ Nას-625-593-2014, 20 მაისი, 2016 წელი; სუსგ Nას-1477-1489-2011, 03 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მათი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ Nას-625-593-2014, 20 მაისი, 2016 წელი; სუსგ Nას-179-172-2012, 01 ოქტომბერი, 2014 წელი).
64. სადავო გამონათქვამის შეფასებისას, საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე განჩინების მე-11 პუნქტზე, საიდანაც ირკვევა, რომ მეორე მოპასუხე საავტორო გადაცემაში მსმენელებს ხაზგასმით ეუბნება, რომ იგი გადაცემის მსვლელობისას მათ მიაწვდის დამალულ ავტობიოგრაფიულ ცნობებს კანდიდატების შესახებ, რასაც კანდიდატები უმალავენ ამომრჩევლებს, შემდეგი სიტყვებით: „მე მოგიყვებით იმას, რაც არის სიმართლე, მე მოგიყვებით იმას, თუ ვის გვთავაზობენ კანდიდატად...“. სადავო განცხადება კი შემდეგნაირად გამოიყურება: „ბორჯომი - ო.ა–ი, გადმობირებულია სამცხე-ჯავახეთის კონტრდაზვერვის მიერ 2009 წელს. დავალება: საჯარო მოხელეებზე ინფორმაციის შეკრება და მიწოდება ცენტრისთვის. აგენტორული ფსევდონიმი „ე–ე“.
65. საკასაციო სასამართლო იზიარებს წინამდებარე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ბიოგრაფია არ შეიძლება შეიცავდეს მოსაზრებებს, ბიოგრაფია/ ავტობიოგრაფია წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც ასახულია მოკლე ისტორიული ცნობები/ფაქტები ამა თუ იმ ადამიანის განვლილი ცხოვრებიდან, რომელიც მოიცავს კონკრეტული ფაქტების ნაკრებს. შესაბამისად, როდესაც ეთერის საშუალებით მსმენელს ჟურნალისტი პირდება, რომ მიაწოდებს კონკრეტული პირის შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებს მსმენელს/მაყურებელს უჩნდება განცდა, რომ იგი მიიღებს ინფორმაციას, კონკრეტულ ფაქტს და არა ჟურნალისტის მოსაზრებებს. ამასთან, მნიშვნელოვანია სადავო განცხადების მტკიცებითი ფორმა, სადაც საუბარია კონკრეტულ თარიღზე, კონკრეტული „დავალებისა“ და ფსევდონიმის შესახებ ინფორმაციაზე, რომელიც კონტექსტიდან გამომდინარე არ შეიძლება აზრად იქნას მიჩნეული. ამრიგად, ცალსახაა, რომ სარჩელით სადავოდ გამხდარ განცხადებაში საუბარია კონკრეტულ ფაქტზე.
66. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სიტყვა „აგენტი“ და მასთან დაკავშირებული საქმიანობა თავისთავად არ შეიცავს დეფამაციურ შინაარს, რამდენადაც იგი წარმოადგენს ზოგად ტერმინს იმ პირის გამოსახატად, რომელიც სხვისი სახელით, ხარჯითა თუ დავალებით (მათ შორის სახელმწიფო ორგანოების) მოქმედებს, თუმცა ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებების, კულტურული აღქმის, სტერეოტიპების გათვალისწინებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ე.წ „აგენტორული“ კავშირი შესაძლოა ნეგატიურად აღიქმებოდეს და იძენდეს უარყოფით მნიშვნელობას. აღნიშნული ტერმინის იმ კონტექსტში გამოყენება, რომელშიც სადავო განცხადებაში ჟურნალისტი იყენებს, კერძოდ, პირის დაკავშირება იმგვარ მოქმედებებთან როგორიცაა სხვების შესახებ ინფორმაციის შეგროვება/გადაცემა, როგორც პირადი ცხოვრების სავარაუდო ხელყოფა, საზოგადოებაში არასასურველად აღიქმება. შესაბამისად, პირის ამ კონტექსტში მოხსენიებამ შესაძლოა წარმოშვას რეპუტაციისთვის საზიანო ასოციაციები და განაპირობოს კონკრეტული პირის მიმართ საზოგადოების აღქმის გაუარესება. განსაკუთრებით, როდესაც ასეთი განცხადებები ვრცელდება წინასაარჩევნოდ.
67. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განცხადება წარმოადგენს სერიოზულ ბრალდებას, რომლის უშუალო ადრესატიც მოსარჩელეა და რომელსაც მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციისათვის ზიანის მიყენება შეუძლია.
68. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტის არსებობა დადასტურებული არ არის. კერძოდ, საქმის მასალებში მოიპოვება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობა, რომლის შესაბამისად, მოსარჩელე არასოდეს ყოფილა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოხელე. ასევე, მას სამსახურთან ურთიერთობა ხელშეკრულებით, დამხმარე მოსამსახურედ ან შტატგარეშე მოსამსახურედ არ ჰქონია.
69. ასეთ პირობებში, მნიშვნელოვანია შეფასდეს ის ფორმა, რომლითაც ჟურნალისტმა სადავო ფაქტის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა და მეთოდი, რომლითაც ჟურნალისტმა აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მოიპოვა, მათ შორის, ღონისძიებები, რომლებიც მან ინფორმაციის სარწმუნოობის გადასამოწმებლად განახორციელა.
70. კასატორები აცხადებენ, რომ სადავო ფაქტზე მითითებისას ჟურნალისტი ეყრდნობოდა სათანადო წყაროს. კერძოდ, მხარე უთითებს, რომ მედიასთან ინფორმაცია მივიდა ე.წ „კრებსების“ საშუალებით. ამასთან, კასატორთა განმარტებით გაჟღერებული სადავო განცხადებები სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს და მისი გადამოწმების შესაძლებლობას მოკლებული იყვნენ.
71. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიების შემოწმების მიზნით, ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტის მიერ განსახორციელებელ იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რასაც მოიცავს კეთილსინდისიერად და ჟურნალისტური ეთიკის შესაბამისად სწორი და სანდო ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება. აღნიშნული მოიცავს ჟურნალისტის მიერ საინფორმაციო წყაროს სწორად მითითების ეთიკური ვალდებულებასაც, რომელიც დადგენილია არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული სტანდარტით.
72. ასეთი სტანდარტების შემცველია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ 1993 წლის 01 ივლისს მიღებული რეზოლუცია 1003 (1993) ჟურნალისტური ეთიკის შესახებ, რომლის თანახმად, „მიწოდებული ფაქტები უნდა ეფუძნებოდეს სიმართლეს, რომელიც უზრუნველყოფილია გადამოწმებისა და მტკიცების შესაბამისი საშუალებებით, და მიუკერძოებლად უნდა იქნას წარდგენილი, აღწერილი და მოთხრობილი. ჭორი არ უნდა იქნას აღრეული ნამდვილ ფაქტში. ახალი ამბების სათაურები და მოკლე შინაარსი შეძლებისდაგვარად ზუსტად უნდა ასახავდეს წარდგენილი ფაქტებისა და მონაცემების არსს…“
73. ჟურნალისტის მიერ სანდო და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებისა და საინფორმაციო წყაროს სწორად მითითების კონკრეტულ ეთიკური ვალდებულებას ადგენს, აგრეთვე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის N2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“.
74. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მესამე პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“; „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია“; ხოლო მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად: „1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს აუდიტორია სანდო და ზუსტი ინფორმაციით… 2. სიზუსტის უზრუნველყოფისათვის მაუწყებელმა უნდა მოახდინოს ინფორმაციის წყაროს იდენტიფიცირება. ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის გაშუქების შემთხვევაში, მაუწყებელმა ნათლად უნდა მიუთითოს წყაროს ანონიმურობის შესახებ. 3. მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს ინფორმაციის წყაროს შესაძლო დაინტერესება ან მიუკერძოებლობა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესის შემცველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას და მიიღოს ყველა გონივრული ზომა გადაცემული ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის უზრუნველსაყოფად… 5. ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაუწყებელმა უნდა დააზუსტოს მისი წარმომავლობა და სიზუსტე. თუ შეუძლებელია ინფორმაციის სისწორის, უტყუარობისა და წარმომავლობის დაზუსტება, მაუწყებელმა უნდა აღნიშნოს, რომ ინფორმაცია დაუზუსტებელია.“
75. ზემოაღნიშნული ნორმებისა და სტანდარტების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, როცა ფაქტის შემცველი განცხადება ისეთი წყაროდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნება, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია, ჟურნალისტის კეთილსინდისიერების სტანდარტი მოითხოვს აღნიშნული წყაროს მითითებას; ხოლო ანონიმური წყაროს არსებობის შემთხვევაში, ჟურნალისტმა სტატიაში უნდა მიუთითოს, რომ ეს წყარო ანონიმურია.
76. მოცემულ შემთხვევაში, სადავო სიუჟეტში ჟურნალისტის დაპირება მაყურებლისათვის ბიოგრაფიული ცნობების მიწოდებასთან დაკავშირებით, მაყურებელს უქმნის მოლოდინს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა ეთიკის ყველა იმ სტანდარტის დაცვით მოიპოვა და გადაამოწმა, რომელიც დადგენილია სანდო და ზუსტი ინფორმაციის მოსაპოვებლად. ამიტომ იგი მკითხველის თვალში წარმოშობს ფაქტის ნამდვილობის მიმართ სანდოობის უფრო აღმატებულ ხარისხს.
77. ინფორმაციის გადამოწმებისას სავალდებულოდ განსახორციელებელი კონკრეტული მოქმედებების შესახებ დეტალურ მსჯელობას შეიცავს, აგრეთვე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებებით დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც ჟურნალისტების მხრიდან ეთიკის ქარტიის დარღვევის შესახებ დავების განხილვის შედეგად შეიქმნა. მაგალითად, ქარტიის საბჭოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ „ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და აუდიტორიას მიაწოდოს ყველა რელევანტური მხარის შეფასება, კომენტარი. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ წყაროები იყოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი. ხოლო თუ ვერ ხერხდება ინფორმაციის გადამოწმება, ჟურნალისტმა აუდიტორიას პატიოსნად უნდა აცნობოს მის მიერ გადამოწმების მცდელობისა და გზების შესახებ და უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია“ (იხ. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, გადაწყვეტილება საქმეზე - ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი - საქართველო; დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი: ეკატერინე ციმაკურიძე, მაია ბაქრაძე, თამარ ლალიაშვილი, ნათია ქუთათელაძე, ბესო ლოლაძე, ბესიკ სისვაძე მარიამ ოშხნელის წინააღმდეგ, 08.02.2022, საქმე N533).
78. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა ჟურნალისტთან მიმართებით მხოლოდ მას შემდეგ დაადგინა, რაც ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჟურნალისტმა, რომლის საქმიანობის სფეროში შედიოდა შეიარაღებული ძალებისა და პოლიციის საქმიანობის გამოძიება და ამ როლთან დაკავშირებით მან მიიღო კონკრეტული ინფორმაცია, შემდგომში, ამ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, მიმართა დოკუმენტის შემქმნელ სახელმწიფო ორგანოებს, ასევე, სხვა კოლეგებს და კონკრეტულ დაწესებულებებს, რომლებზეც აპლიკანტი/ჟურნალისტი ფიქრობდა, რომ შესაძლოა ჰქონოდათ ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია (CASE OF GÎRLEANU v. ROMANIA, No. 50376/09, par. 69, 26 June, 2018).
79. წინამდებარე საქმეში სადავო განცხადების გაკეთებისას კასატორებმა ზემოაღნიშნული მოქმედებების განხორციელება ვერ დაადასტურეს. კერძოდ, არ დასტურდება ჟურნალისტის/ მედია საშუალების მიერ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურთან მოსარჩელის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ მიმართვა და შესაბამისად, უარი ამ ორგანოს მხრიდან კონკრეტული ინფორმაციის გაცემაზე. გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებისათვის კასატორებს არც მოსარჩელისათვის მიუმართავთ და არც საშუალება მიუციათ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით კომენტარი გაეკეთებინა.
80. საქმეში „სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ“, ჟურნალისტის პასუხისგებაში მიეცა საიდუმლოდ მიჩნეული სტრატეგიის შესახებ დიპლომატიური დოკუმენტის გამოქვეყნებისთვის. სასამართლომ კონკრეტულ საქმეზე შეაფასა ჟურნალისტის ქმედებები და გაიზიარა შვეიცარიის მთავრობისა და პრესის საბჭოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ განმცხადებლის მთავარი განზრახვა იყო არა საზოგადოდ საინტერესო საკითხზე საზოგადოების ინფორმირება, არამედ ელჩის ანგარიშისგან უსარგებლო სკანდალის შექმნა. სტატიების შეკვეცილმა და შემცირებულმა ფორმამ, რომელსაც შეეძლო მკითხველი შეცდომაში შეეყვანა ელჩის პიროვნებასთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად შეამცირა იმ საზოგადოებრივ დისკუსიაში შეტანილი წვლილის მნიშვნელობა, რომელსაც იცავს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლი (სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ([დიდი პალატა] N 69698/01, § 101, ECHR 2007-V).
81. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლება უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოების უფლებას - მიიღოს სანდო და ზუსტი ინფორმაცია.
82. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო განცხადებასთან მიმართებაში მოსარჩელემ შეძლო „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ყველა ელემენტის დამტკიცება, რომელიც მოპასუხის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია, მოპასუხემ კი ვერ მიუთითა ისეთ ქმედებებზე, რომლებიც ცილისწამებისათვის მას კვალიფიციურ პრივილეგიას ანიჭებს ან მის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში არსებითად სწორია.
83. მოსარჩელემ მოითხოვა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება. სსკ-ის 413.1 მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ფიზიკური პირის დაცულ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რომლის ბრალეული შელახვის გამო, მორალური ზიანის დაკისრება სსკ-ის მე-18 მუხლიდან და სპეციალური კანონის მე-14 მუხლიდან გამომდინარეობს.
84. მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონი არ ითვალისწინებს მორალური ზიანის გამოთვლის წესს. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს სსკ-ის 413-ე მუხლი (რომელიც ადგენს ზოგად წესს). აღნიშნული მუხლის შესაბამისად, სასამართლო ადამიანის პიროვნული ღირებულებების ხელყოფის ფაქტის შემთხვევაში, მორალური ზიანის შინაარსსა და მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობისა და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს (იხ. სუსგ №ას-645-2019, 26 ივლისი 2019 წელი).
85. მორალური ზიანის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: პირველი - დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე - ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე - თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ხდება ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, დაზარალებულის ბრალის ხარისხის და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე (იხ. სუსგ №ას-660-660-2018, 20 ივლისი 2018 წელი; №ას-1040-2018, 26 ივლისი 2019 წელი).
86. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხე ტელეკომპანიის ეთერით გავრცელებული სადავო გამონათქვამები ჩამოყალიბებულია იმდაგვარად, რომ სატელევიზიო გადაცემის მსმენელსა და მაყურებელზე მოსარჩელის (რომელიც საჯარო პირია) მიმართ მოპასუხის მიერ გამოთქმული მოსაზრებების, სუბიექტური შთაბეჭდილებას კი არ დატოვებდა, არამედ ისინი მიმართული იყო როგორც მოსარჩელის პიროვნული დისკრედიტაციისაკენ, ასევე, მისი, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის, საქმიანი რეპუტაციის შელახვისაკენ, რამდენადაც განცხადებები გავრცელებული იყო წინასაარჩევნო პერიოდში. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმიანი რეპუტაცია გულისხმობს საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასებას. პროფესია არის ხელობა, საქმიანობა, სპეციალობა, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და, რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს, ხოლო საქმიანი რეპუტაცია შესაბამისად გულისხმობს ადამიანის კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის სტანდარტს, რომელიც მაგალითად, პროფესიული საქმიანობის შედეგად ყალიბდება. აქედან გამომდინარე, საქმიანი რეპუტაციის შელახვა, რასაც სსკ-ის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, მიმართული უნდა იყოს პირის მიერ განხორციელებული (ან განსახორციელებელი) საქმიანი ოპერაციებისათვის. საქმიანი რეპუტაციის შელახვას კი, პირის ზემოაღნიშნული თვისებების დისკრედიტაცია წარმოადგენს (შდრ. სუსგ: Nას-57-2023, 17 მაისი 2023 წელი).
87. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნული განმარტებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის განსაზღვრა გონივრული ოდენობით მოხდა იმ რეპუტაციული და მორალური ზიანისთვის, რომელიც მოსარჩელეს მიადგა. ამასთან, დაკისრებული ოდენობა არ არის იმდენად მაღალი, რომ მსუსხავი ეფექტი იქონიოს მედია საშუალების გამოხატვის თავისუფლებაზე.
88. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორმა ვერ წარადგინა დასაბუთებული პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების გზით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას განაპირობებდა. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის შესაბამისად კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „მ.ა–ისა“ და ნ.გ–იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე