Facebook Twitter

საქმე №ას-1246-2024

18 ივნისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ჯ.ს.კ–ი და შპს „ს–ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.გ.წ.კ–ია“ (მოპასუხე)

I საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს.გ.წ.კ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ჯ.ს.კ–ი და შპს „ს–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ჯ.ს.კ–ი და შპს „ს–ამ“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „პირველი კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.გ.წ.კ–იის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მეორე კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2021 წელს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №T-021101 ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1 პუნქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 34 157.02 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 945.78 ლარის გადახდა.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მხარეთა შორის 2021 წლის 12 თებერვალს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საფუძველზე NAT200016463 ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე ჩატარების შედეგად, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №T-021101 ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“). ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების (თ......, ფ......., ს......., ჭ......., ს......, ა.......) წყალმომარაგების სისტემის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 10 999 996.58 ლარს, დღგ-ს გათვალისწინებით;

6.2. ხელშეკრულების მე-15 მუხლის 15.1 პუნქტით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით გარდა ხელშეკრულების მე-9 მუხლისა. ხელშეკრულების მე-9 მუხლი ძალაშია მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ იქნა სს „ზ.ბ–ის“ მიერ 2021 წლის 05 თებერვალს გაცემული #ZBGE100442 საბანკო გარანტია 550 000 ლარი, მოქმედი 2022 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების N1 დანართით განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოს ზუსტი აღწერა და ხარჯთაღრიცხვა, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. კერძოდ, დედოფლისწყაროს ექვსი სოფლის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის ჯამში განისაზღვრა 8 992 034.93 ლარი. წინასაპროექტო კვლევების და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზისთვის განისაზღვრა 265 000 ლარი. დამკვეთის ინსტრუქციების მიხედვით სამშენებლო ნახაზების მომზადებისთვის განისაზღვრა 63 907.77 ლარი, ხოლო, ელექტროენერგიის ქსელზე რეგულირებადი ახალი მიერთების საფასური დღგ-ს გარეშე განისაზღვრა 33 898.31 ლარი. აღნიშნულმა ხარჯებმა ჯამში დამატებითი ღირებულების გადასახადის (18%) გათვალისწინებით შეადგინა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 10 999 996.58 ლარი;

6.3. ხელშეკრულებით შეთანხმდა დედოფლისწყაროს ექვსი სოფლის (ს......, ფ......., ჭ......., თ......, ს......., ა.......) წყალმომარაგების პროექტირება-მშენებლობის კვარტალური და ფინანსური გეგმა-გრაფიკი. აღნიშნული გეგმა-გრაფიკის თანახმად, ორი კვარტლის დასრულების შემდგომ, ანუ 6 თვის გასვლის შემდეგ მოსარჩელის მიერ წარდგენილი შესრულება უნდა ყოფილიყო 312 700 ლარის ღირებულების (პროექტის ღირებულება). ასევე, შეთანხმდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების (ფ......., ს......., თ......, ჭ......., ს......, ა.......) წყალმომარაგების სისტემის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი;

6.4. მხარეთა შორის რამდენჯერმე დაიდო შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, კერძოდ: მხარეთა შორის დადებული 2022 წლის 7 მარტის N1 შეთანხმებით, შეიცვალა „მიმწოდებლის“ საბანკო რეკვიზიტები. მხარეთა შორის დადებული 2022 წლის 22 მარტის N2 შეთანხმებით, შეიცვალა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების (ფ......., ს......., თ......, ჭ......., ს......, ა.......) წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვა და გეგმა-გრაფიკი და ჩამოყალიბდა შეთანხმებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და გეგმა-გრაფიკების შესაბამისად. მხარეთა შორის დადებული 2022 წლის 09 ივნისის N3 შეთანხმებით, შეიცვალა ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გამოიყენება სს „თ.ბ–ის“ მიერ 2022 წლის 18 მაისს გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია N1565591-11972118 თანხით 550 000 ლარი, მოქმედი 2022 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით. მხარეთა შორის დადებული 2022 წლის 20 ოქტომბრის N4 შეთანხმებით, გახანგრძლივდა სამი სოფლის (ს......, ს....... და ფ.......) სამშენებლო სამუშაოების გაწევის პერიოდი და ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: საპროექტო სამუშაოების განხორციელების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვე ექსპერტიზის ჩათვლით. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადა სამ სოფელზე (ს......, ს....... და ფ.......) გაიზარდა 2022 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით, შეთანხმებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკების შესაბამისად, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება სამშენებლო სამუშაოების დასრულების დღიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით (არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბერი). ასევე, შეიცვალა ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკები და ჩამოყალიბდა წინამდებარე შეთანხმებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკების შესაბამისად. მხარეთა შორის დადებული 2022 წლის 30 იანვრის N5 შეთანხმებით, გახანგრძლივდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და 15.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 30 მარტის ჩათვლით, გარდა ხელშეკრულების მე-9 და მე-11 მუხლებისა“. ამასთან, შეიცვალა ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება სს „თ.ბ–ის“ მიერ 2022 წლის 18 მაისს გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია N1565591-11972118 თანხით 550 000 ლარი, მოქმედი არანაკლებ 2023 წლის 02 მაისის ჩათვლით. მხარეთა შორის დადებული 2023 წლის თებერვლის N6 შეთანხმებით, ცვლილებები შევიდა 2022 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებულ N4 და 2023 წლის 30 იანვარს გაფორმებულ N5 შეთანხმებებში, გასწორდა ტექნიკური ხარვეზი და 2022 წლის 20 ოქტომბრის N4 შეთანხმების მე-3 პუნქტში შევიდა ცვლილება. მხარეთა შორის დადებული 2023 წლის 30 მარტის N7 შეთანხმებით, გახანგრძლივდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების 15.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით, გარდა ხელშეკრულების მე-9 მუხლისა“. ამასთან, შეიცვალა ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება სს „თ.ბ–ის“ მიერ 2022 წლის 18 მაისს გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია N1565591-11972118 თანხით 550 000 ლარი, მოქმედი არანაკლებ 2023 წლის 03 ივლისის ჩათვლით. მხარეთა შორის დადებული 2023 წლის მაისის N8 შეთანხმებით, გახანგრძლივდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების 15.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 31 მაისის ჩათვლით, გარდა ხელშეკრულების მე-9 მუხლისა“. ასევე, შეიცვალა მე-8 მუხლის 8.1 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება სს „თ.ბ–ის“ მიერ 2022 წლის 18 მაისს გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია N1565591-11972118 თანხით 550 000 ლარი, მოქმედი არანაკლებ 2023 წლის 04 სექტემბრის ჩათვლით. მხარეთა შორის დადებული 2023 წლის 31 ივლისის N9 შეთანხმებით, გახანგრძლივდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების 15.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, გარდა ხელშეკრულების მე-9 მუხლისა“. ასევე, შეიცვალა მე-8 მუხლის 8.1 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება სს „თ.ბ–ის“ მიერ 2022 წლის 18 მაისს გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია N1565591-11972118 თანხით 550 000 ლარი, მოქმედი არანაკლებ 2023 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით. მხარეთა შორის დადებული 2023 წლის 31 ოქტომბრის N10 შეთანხმებით, გახანგრძლივდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულების 15.1 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით, გარდა ხელშეკრულების მე-9 მუხლისა“. ასევე, შეიცვალა მე-8 მუხლის 8.1 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება სს „თ.ბ–ის“ მიერ 2022 წლის 18 მაისს გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია N1565591-11972118 თანხით 550 000 ლარი, მოქმედი არანაკლებ 2024 წლის 22 იანვრის ჩათვლით;

6.5. ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, საპროექტო მომსახურების განხორციელების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 06 (ექვსი) თვე ექსპერტიზის ჩათვლით. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადაა 12 (თორმეტი) თვე, ხოლო, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება სამუშაოების დასრულების დღიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. ჯამში პროექტირება-მშენებლობის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვე, ექსპერტიზის დასკვნის (სამშენებლო სამუშაოებზე) წარმოდგენის ვადა განისაზღვრება სამუშაოების დასრულების დღიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. ამავე ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად, კონტრაქტორი ვალდებულია, შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, წარმოადგინოს შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია ტექნიკური დავალების 4.1 ქვეთავით განსაზღვრული ეტაპების მიხედვით. დამკვეთი იტოვებს უფლებას 10 სამუშაო დღის ვადაში გასცეს შენიშვნები და კომენტარები წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე. კონტრაქტორი ვალდებულია სრულად გაითვალისწინოს დამკვეთის შენიშვნები და შესაბამისად ასახოს საპროექტო დოკუმენტაციაში. დამკვეთის მხრიდან თითოეული ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის განხილვისთვის საჭირო დრო (10 სამუშაო დღე) შედის საპროექტო სამუშაოების განხორციელების საერთო ვადაში (06 თვე). ამავე ხელშეკრულების 7.4. პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით სამუშაოების შესრულება გეგმა-გრაფიკებში განსაზღვრული ვადების დაცვით. ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მათ შორის, გეგმა-გრაფიკებით განსაზღვრული შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით;

6.6. კონტრაქტორმა ორგანიზაციამ საპროექტო დოკუმენტაცია წარადგინა 2021 წლის 18 ივნისს №0618/01 წერილით. შენიშვნების შესახებ ინფორმაცია კონტრაქტორს ეცნობა 2021 წლის 12 ივლისის №10587/1 წერილით. 2021 წლის 26 ივლისს, 09 აგვისტოს, 02 სექტემბერსა და 09 სექტემბერს კონტრაქტორმა №0726/01, №0809/01, №0902/01 და №0909/01 წერილებით წარადგინა კორექტირებული საპროექტო დოკუმენტაციები, რასთან დაკავშირებითაც 2021 წლის 02 აგვისტოს, 20 აგვისტოსა და 14 სექტემბერს №12002/1, №13218/1, №14605/1 წერილებით ეცნობა შენიშვნები. 2021 წლის 04 ოქტომბერს, 28 ოქტომბერს, 12 ნოემბერს, 07 დეკემბერსა და 2022 წლის 26 იანვარს №1004/01, №1028/01, №112/01, №1207/01, №0126/01 წერილებით წარადგინა კორექტირებული დოკუმენტაციები, რასთან დაკავშირებითაც 2021 წლის 20 ოქტომბერს, 15 ნოემბერს, 19 ნოემბერს, 23 დეკემბერსა და 2022 წლის 15 თებერვალს №1004/01, №1028/01, №112/01, №1207/01, №0126/01 წერილებით ეცნობა შენიშვნები. კონტრაქტორმა 2022 წლის 17 თებერვალს, 21 თებერვალს, 24 თებერვალსა და 07 მარტს №0217/03, №0221/01, №0224/01 და №0307/08 წერილებით წარადგინა საბოლოო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და ექსპერტიზის დადებითი დასკვნები, რის შედეგადაც მხარეთა შორის 2022 წლის 07 მარტს, 207 დღიანი ვადაგადაცილებით გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. 2022 წლის 09 მარტის №2946/1 წერილით მიმწოდებელს ეცნობა შპს „ს.გ.წ.კ–იაში“ 2022 წლის 25 თებერვალს შესული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის №56-562205492 წერილის შესახებ, რომელიც შეეხებოდა სოფელ თ......ში მცხოვრები მოსახლეობის განცხადებას მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტში გათვალისწინების შესახებ და ეცნობა, რომ მიმდინარე საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებში გათვალისწინებულიყო სოფლების ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი ყველა ობიექტის წყალმომარაგება. 2022 წლის 28 მარტის №4602/1 წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ შპს „ს.გ.წ.კ–იის“ შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს საპროექტო ტერიტორიების კაპიტალში შეტანის პროცედურები და ადგილზე განხორციელებული სამუშაოებისა და რეგისტრირებული მონაცემების მიხედვით გაეგზავნა სიტუაციური ნახაზები, სადაც აღნიშნულია საპროექტო ტერიტორიის არსებულ რეგისტრირებულ მონაცემებზე ზედდება;

6.7. მოპასუხის მიერ 2022 წლის 04 აპრილს გაგზავნილი წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 6.2 და 6.3 პუნქტების შესაბამისად დაჯარიმდა 29 636.88 ლარით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელ ვალდებულებაზე 0.02% ოდენობით: 1) დაკისრებული პირგასამტეხლო საპროექტო მომსახურებაზე - 12 945. 78 ლარი; 2) დაკისრებული პირგასამტეხლო ფინანსური გეგმა-გრაფიკით - 16 691.10 ლარი;

6.8. მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მოსარჩელის მიერ სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდგომ, მოსარჩელის მიერ დაირღვა დედოფლისწყაროს ექვსი სოფლის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება მშენებლობის კვარტალური და ფინანსური გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადები. მიმწოდებლის მიერ პირველი შესრულება შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წარდგენილი იქნა 2022 წლის 18 მარტს, შემდგომ 2022 წლის 20 აპრილს, 2022 წლის 25 მაისსა და 2022 წლის 24 ივნისს, კვარტალური და ფინანსური გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევით;

6.9. 2022 წლის 29 ივნისის მდგომარეობით, მოსარჩელის მხრიდან დედოფლისწყაროს ექვსი სოფლის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის კვარტალური და ფინანსური გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადების დარღვევის გამო, ეს უკანასკნელი დაჯარიმდა ჯამში 45157.02 ლარის ოდენობით, 2021 წლის 12 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №T-021101 ხელშეკრულების 11.1 პუნქტის შესაბამისად.

7. სააპელაციო სასამართლოს არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომლის თანახმად, მოპასუხე მხარემ არაკეთილსინდისიერად გამოიყენა ხელშეკრულების 6.4 პუნქტით მინიჭებული შენიშვნების გაცემის უფლება და ყოველ ჯერზე იძლეოდა ახალ-ახალ შენიშვნებს, მაშინ როდესაც შეეძლო წარდგენილი დოკუმენტაციის ერთიანად შესწავლა და ერთიანი შენიშვნების წარდგენა, სწორედ აღნიშნულის გამო მოხდა საბოლოო საპროექტო დოკუმენტაციის მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით წარდგენა, რამაც განაპირობა ის გარემოება, რომ საპროექტო დოკუმენტაციის დაგვიანების გამო, დაგვიანებით დაიწყო გეგმა-გრაფიკებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ მოპასუხის/მოწინააღმდეგე მხარის წერილებზე, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება მოსარჩელის/ აპელანტის მიერ მოპასუხის მიერ მითითებული შენიშვნების გაუთვალისწინებლობა. კერძოდ, საქმეში წარდგენილი მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე არსებული კომუნიკაციის დამადასტურებელი წერილებიდან დგინდება, რომ უმრავლეს შემთხვევაში, მოსარჩელე არ ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ გაცემულ შენიშვნებს. კერძოდ: 2021 წლის 02 აგვისტოს N1202/1 წერილით გაცემული შენიშვნის პირველ პუნქტის თანახმად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ჩაყინვის დონის მიხედვით, წყალმზომის კვანძი უნდა მოეწყოს ქარხნული დათბუნებით (ტ.1, ს.ფ. 352), აღნიშნულის შემდგომ 2021 წლის 09 აგვისტოს მოსარჩელემ N0809/21 წერილით მოპასუხეს წარუდგინა საპროექტო დოკუმენტაცია (ტ.1, ს.ფ. 354), თუმცა მოპასუხის მიერ 2021 წლის 20 აგვისტოს წერილით გაცემულ შენიშვნების მესამე პუნქტში კვლავ მეორდება იგივე შინაარსის შენიშვნა, რაც დაფიქსირებული იყო 2021 წლის 02 აგვისტოს წერილში და აღნიშნული წერილის მესამე პუნქტში მოპასუხე კვლავ განუმარტავს მოსარჩელეს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩაყინვის დონიდან გამომდინარე საჭიროა მოეწყოს წყალმზომი ქარხნული დათბუნებით ან დაითბუნოს შესაბამისი მასალით (ტ.1, ს.ფ. 355). 2021 წლის 14 სექტემბრის წერილში მითითებული შენიშვნები, სადაც სოფელ ს......სთან მიმართებით პირდაპირ აღნიშნულია, რომ არ არის გათვალისწინებული ადრე გაცემული შენიშვნა N17 (ტ.1, ს.ფ. 363-364). 2021 წლის 15 ნოემბრის N18082/1 წერილში, რომლის პირველ პუნქტში აღნიშნულია, რომ არ არის გათვალისწინებული ადრე გაცემული შენიშვნა N1, კერძოდ, არაასფალტირებულ გზებზე ტრანშეა ქვიშის ბალიშის მოწყობის შემდეგ, უნდა შეივსოს ბალასტით. ამავე წერილის მესამე პუნქტში კი მითითებულია, რომ არ არის გათვალისწინებული ადრე გაცემული N17 შენიშვნა, კერძოდ, რეზერვუარებში და საშიბერო კამერებში არ არის ნაჩვენები თუ რა სიმაღლეზე და კედლებიდან რა მანძილით არის დაცილებული მილდენები, შესაბამისად, კონსტრუქტორი ვერ განსაზღვრავს ჩობალების მოწყობის ადგილებს (ტ.1, ს.ფ. 368). მოპასუხის განმარტებით, რიგ შემთხვევაში წინა შენიშვნების გამოსწორებას შეიძლებოდა შეექმნა ახალი შენიშვნების გაცემის წინაპირობა მოპასუხე ორგანიზაციის მიერ, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატა, რადგან აღნიშნულს ადასტურებს, შპს „ს.გ.წ.კ–იის“ პრობლემური საკითხების განმხილველი კომისიის 2022 წლის 27 ოქტომბრის N83 ოქმი, რომელშიც კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ასახულია, რომ კონტრაქტორი არ ითვალისწინებდა ძირეულ შენიშვნებს, მაგალითად, ოქმში აღნიშნულია, რომ განმეორებით ფიქსირდებოდა შენიშვნა წყალმზომის ყუთებთან დაკავშირებით. ამასთან, იმ პირობებში, რომ მოსარჩელის მიერ 2021 წლის 12 აგვისტოს წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაცია არ ედრებოდა ტექნიკურ დავალებას და შეიცავდა როგორც I ასევე, II ეტაპის მასალებს, საპროექტო დეპარტამენტი მოკლებული იყო 10 სამუშაო დღის ვადაში საპასუხო წერილის მომზადების შესაძლებლობას, რამაც გამოიწვია რეალურად თავდაპირველი შენიშვნების წარდგენა 10 დღიანი ვადაგადაცილებით 2021 წლის 12 ივლისს (ტ.1, ს.ფ. 412-413). შესაბამისად, აპელანტის მიერ წინა შენიშვნის გამოუსწორებლობა ქმნიდა ახალ მოცემულობასა და ახალი შენიშვნების გაცემის საჭიროებას, ვინაიდან მოსარჩელე არ ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ გაცემულ ძირეულ შენიშვნებს და ახალი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენისას წინა წერილის შენიშვნები არ იყო გათვალისწინებული. ამასთან ის ფაქტი, რომ ჩნდებოდა ახალი შენიშვნები, რომელიც არ იყო ძველ წერილში მითითებული, გამოწვეული იყო კონტრაქტორის მიერ ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი ეტაპებისა და პუნქტების შეუსრულებლობით.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ წარადგინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, კერძოდ, ვერ წარადგინა მტკიცებულება იმის შესახებ, რაც მოპასუხე მხარის მხრიდან ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4 პუნქტის ბოროტად გამოყენებასა და იმ ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ გამიზნულად ჭიანურდებოდა შენიშვნების გაცემა, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის გაზრდის მიზნით.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება მოსარჩელის მიერ საბოლოო საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა მოხდა მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით. კერძოდ, ხელშეკრულების 6.3 პუნქტის მიხედვით, საპროექტო მომსახურების განხორციელების ვადა იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 06 (ექვსი) თვე, შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება გაფორმდა 2021 წლის 12 თებერვალს, მოსარჩელეს საბოლოო საპროექტო დოკუმენტაცია უნდა წარედგინა 2021 წლის 12 აგვისტოს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტორმა ორგანიზაციამ საპროექტო დოკუმენტაცია წარადგინა 2021 წლის 18 ივნისის N1/17334 წერილით (დადგენილი ვადის დაცვით) (ტ.1, ს.ფ. 348) და აღნიშნული დოკუმენტაცია არ ედრებოდა ტექნიკურ დავალებას, შეიცავდა ხარვეზებს, მოპასუხე ორგანიზაციამ გამოიყენა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4 პუნქტით მინიჭებული უფლება და გასცა შენიშვნები და კომენტარები წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე (ტ.1, ს.ფ. 349 – N10587/1 წერილი). საბოლოოდ კი, მიღება-ჩაბარების აქტი მხარეებს შორის გაფორმდა 2022 წლის 07 მარტს, 207 დღიანი ვადაგადაცილებით. შესაბამისად, მოსარჩელემ საკუთარი ბრალეულობით ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების 6.3 პუნქტით დადგენილ ვადაში უხარვეზო საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა საპატიო მიზეზის არსებობით.

10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ მოპასუხე შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 11.1 პუნქტის არაკეთილსინდისიერად გამოყენებას და მოსარჩელის ორმაგ დაჯარიმებას.

11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სადავო არაა, რომ მოსარჩელის მიერ მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა და იმ პირობებში, როდესაც საბოლოო საპროექტო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2021 წლის 12 აგვისტოს, რეალურად აღნიშნული ვადა მნიშვნელოვნად დაირღვა და საბოლოო დოკუმენტაცია წარდგენილ იქნა 207 დღის ვადაგადაცილებით, 2022 წლის 07 მარტს. ვინაიდან საპროექტო მომსახურების ღირებულება გათვალისწინებული იყო 312 700 ლარით, მხარე დაჯარიმდა აღნიშნული თანხის, ანუ, შეუსრულებელი ვალდებულების 0.02%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც დეტალური კალკულაციით შეადგინა 12 945.78 ლარი. ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმდა პროექტირება-მშენებლობის კვარტალური და ფინანსური გეგმა-გრაფიკი, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული 2022 წლის 22 მარტის N2 შეთანხმებით დაკორექტირდა და ჩამოყალიბდა შეთანხმებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (ტ 1,ს.ფ. 110). აღნიშნული გეგმა გრაფიკით განისაზღვრა, კვარტალურად რა ოდენობის შესრულება უნდა ყოფილიყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი და როდის, სწორედ აღნიშნული ფინანსური გეგმა-გრაფიკის თანახმად, ორი კვარტლის დასრულების შემდგომ, ანუ 06 თვის გასვლის შემდეგ მოსარჩელის მიერ წარდგენილი შესრულება უნდა ყოფილიყო 312 700 ლარი (პროექტის ღირებულება), შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, 2021 წლის 12 აგვისტოს აღნიშნული შესრულება წარდგენილი არ ყოფილა მოსარჩელე უკვე არა ხელშეკრულების 6.3 პუნქტის დარღვევის, არამედ ფინანსური გეგმა-გრაფიკით დადგენილი ვადების დარღვევისთვის დაჯარიმდა შეუსრულებელი ვალდებულების 0.02%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და აღნიშნულმა თანხამ შეადგინა კვლავ 12 945.78 ლარი. აღნიშნულს დაემატა სოფელ .......... შეუსრულებელი სამუშაოებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 3 745.32 ლარის ოდენობით და ჯამში 2022 წლის 07 მარტს მხარე დაჯარიმდა 29 636.88 ლარით. შესაბამისად, მოსარჩელე/აპელანტი პროექტირება-მშენებლობის კვარტალური და ფინანსური გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადების დარღვევის გამო დაჯარიმდა ჯამში 45157.02 ლარის ოდენობით, 2021 წლის 12 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №T- 021101 ხელშეკრულების 11.1 პუნქტის საფუძველზე.

12. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულების 11.1 პუნქტი უნდა განიმარტოს ხელშეკრულების 6.3 პუნქტთან მიმართებით, რადგან აღნიშნული ხელშეკრულების მითითებული პუნქტის ჩანაწერი ბუნდოვანი და ორაზროვანია ხელშეკრულების მხარეებისთვის, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, შემსყიდველმა მოსარჩელე დააჯარიმა როგორც გეგმა გრაფიკებით განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო, ასევე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო. კერძოდ, მიმწოდებელი გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ერთი ვალდებულების, საპროექტო დოკუმენტაციის, რომელიც გათვალისწინებული იყო გეგმა-გრაფიკით, დაჯარიმდა ორჯერ 12 945.78 - 12 945.78 ლარით, ვინაიდან საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ღირებულება განისაზღვრა 312 700 ლარით. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 11.1. პუნქტში მითითებული „მათ შორის გეგმა-გრაფიკებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში“, უნდა განიმარტოს არა სიტყვასიტყვით და კონტექსტისაგან განცალკევებით, არამედ „გონივრული განსჯის“ შედეგად, იმგვარად რომ ხელშეკრულების 11.1. პუნქტში მითითებულ „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში“ მოიაზრებოდეს „მათ შორის, გეგმა-გრაფიკებით განსაზღვრული ვადის დარღვევის“ შემთხვევა, ვინაიდან სწორედ გეგმა-გრაფიკებით განსაზღვრული ვადის დარღვევამ გამოიწვია ხელშეკრულებით ნაკისრი საერთო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაც, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. აღნიშნულის შესაბამისად კი, ერთი და იმავე დარღვევებზე მხარეს ორი პირგასამტეხლო ვერ დაეკისრება, რადგან ამგვარი დათქმა არც ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და ვერც კანონის შესაბამისად მხარეები ვერ შეთანხმდებიან.

13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა კეთილსინდისიერების პრინციპზე და ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, აღნიშნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს უკანონოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს სანაცვლოდ 12 945.78 ლარის გადახდა.

14. სააპელაციო სასამართლომ 2022 წლის 7 მარტის შემდგომ დაჯარიმებასთან დაკავშირებით მიუთითა საქმეში მოპასუხის მიერ 2023 წლის 18 დეკემბერს წარდგენილ დეტალურ კალკულაციაზე, რაც აპელანტს სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნული გაანგარიშებით დასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც მოხდა მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და სამშენებლო სამუშაოების დაწყება, აღნიშნულ პერიოდზე მოსარჩელის დაჯარიმება ხდებოდა მხოლოდ ფინანსური და კვარტლური გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის, კერძოდ, აღნიშნული კალკულაციის (ტ.1 ს.ფ. 400-401), შესრულებული სამუშაოების აქტების, ფორმა N2-ებისა (ტ.1.ს.ფ. 337-344) და ფინანსური და კვარტალური გეგმა-გრაფიკის (ტ.1.ს.ფ. 110) სისტემური ანალიზიდან დგინდება, რომ გეგმა-გრაფიკით გაწერილი იყო კვარტალურად, თვეების მიხედვით როდის და რა ოდენობის შესრულება უნდა წარედგინა მოსარჩელეს, ფორმა N2-ებით კი დგინდება რეალურად როდის რა ოდენობის შესრულება წარადგინა მოსარჩელემ. აღნიშნულით დგინდება, რომ მხოლოდ ფინანსური გეგმა-გრაფიკით ითვლებოდა ჯერ მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება, შემდგომ კი პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.02%-ის ოდენობით, რამაც საბოლოო ჯამში, გამოიწვია ფინანსური გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის მოსარჩელის დაჯარიმება 2022 წლის 23 მარტს - 1 397.12 ლარის ოდენობით, 2022 წლის 30 მაისს 6 698.55 ლარის ოდენობით, ხოლო, 2022 წლის 29 ივნისს - 7 424.47 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 400-401). ამდენად, მოსარჩელის/ აპელანტის დაჯარიმება განხორციელდა მხოლოდ ფინანსური გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის ჯამურად ამ ეტაპზე 15 520.14 ლარის ოდენობით.

15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

16. პირველი საკასაციო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

16.1. წინამდებარე დავის განხილვისას მოვალის ბრალეულობის საკითხი სათანადოდ არ გამოკვლეულა. სსკ-ის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. სსკ-ის 401-ე მუხლის საფუძველზე, მოვალის ვალდებულებისგან გათავისუფლებისთვის საჭიროა ისეთი ობიექტური გარემოების არსებობა, რაც გამორიცხავს მოვალის ბრალეულობას ვალდებულების შეუსრულებლობისთვის. ამ შემთხვევაში, სახეზეა ობიექტური გარემოებები, კერძოდ, შემსყიდველის მიერ დაგვიანებით შენიშვნებისა და ახალი შენიშვნების გაცემა. სწორედ, შემსყიდველის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებამ და მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევამ განაპირობა არსებული ვადაგადაცილება. საგულისხმოა, რომ მიმწოდებელს ხელშეკრულების თანახმად არანაირი ბერკეტი არ გააჩნდა შემსყიდველის არაკეთილსინდისიერი ქმედების აღსაკვეთად, შესაბამისად, ერთადერთ პასუხისმგებელ პირად მოგვევლინა მხოლოდ მიმწოდებელი, რაც სრულად ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად დგინდება შენიშვნების ვადაგადაცილებით წარდგენა მოპასუხის მიერ, სასამართლომ არც აღნიშნულ პერიოდზე უკანონოდ დარიცხული პირგასამტეხლო არ გააუქმა. იმ პირობებში, როდესაც შენიშვნები გაიცემოდა 24, 16, 9 დღიანი ვადაგადაცილებებით მოპასუხის გამო, როგორც მინიმუმ, აღნიშნულ პერიოდზე მაინც არ უნდა განხორციელდეს მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება. შემსყიდველს სურს უსამართლო შედეგის დადგომა და არა თავიდან აცილება, სწორედ ამიტომ ხდებოდა შენიშვნების პერიოდულად წარდგენა;

16.2. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად წარადგინა მტკიცებულებები, რომლებიც თვალნათლივ ადასტურებდა, რომ მოსარჩელის მიმართვებზე გაიცემოდა შენიშვნები ხელშეკრულების პირების დარღვევით, სასამართლომ არ მიიღო ისინი მხედველობაში. 2021 წლის 18 ივნისის წერილზე პასუხი გაცემულია 2021 წლის 12 ივლისს (24 დღე), 2021 წლის 4 ოქტომბრის წერილზე პასუხი გაცემულია 2021 წლის 20 ოქტომბერს (16 დღე), 2021 წლის 7 დეკემბრის წერილზე პასუხი გაცემულია 2021 წლის 23 დეკემბერს (16 დღე), 2022 წლის 26 იანვრის წერილზე პასუხი გაცემულია 2022 წლის 15 თებერვალს (20 დღე) და ა.შ. ასევე, შენიშვნების შინაარსობრივ მხარეს რაც შეეხება, მოპასუხე არა ყოველ შემთხვევაში მაგრამ ძირითადად უთითებდა ახალ შენიშვნებს, რომ განვიხილოთ 2022 წლის 15 თებერვლის წერილიც აღნიშნულ წერილშიც გაცემულია სრულიად ახალი შენიშვნები, რომელთა გაცემაც მანამდეც შეეძლო მოპასუხე მხარეს;

16.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ აპელანტის მიერ წინა შენიშვნის გამოუსწორებლობა ქმნიდა ახალ მოცემულობასა და ახალი შენიშვნების გაცემის საჭიროებას, ვინაიდან მოსარჩელე არ ითვალისწინებდა მოპასუხის მიერ გაცემულ ძირეულ შენიშვნებს და ახალი საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენისას წინა წერილის შენიშვნები არ იყო გათვალისწინებული. ამასთან ის ფაქტი, რომ ჩნდებოდა ახალი შენიშვნები, რომელიც არ იყო ძველ წერილში მითითებული, გამოწვეული იყო კონტრაქტორის მიერ ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი ეტაპების და პუნქტების შეუსრულებლობით. საქმეში არ წარდგენილა ისეთი მტკიცებულება, რომელიც მსგავსი გარემოების დადგენის საფუძველს ქმნის. მაგალითად, 2021 წლის 20 აგვისტომდე არ ყოფილა მოთხოვნილი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, თუმცა აღნიშნული შენიშვნა რატომ არ გაიცა მანამდე დაუსაბუთებელია. ასევე, 2022 წლის 15 თებერვალს წარდგენილია 3 შენიშვნა, აღნიშნულის წარდგენა მოპასუხეს 2021 წლის 23 დეკემბერსაც შეეძლო. 23 დეკემბრის წერილით მხოლოდ მოთხოვნილი იყო ექსპერტიზის დასკვნა და ასევე მითითება მილების ზომაზე. 15 თებერვლის წერილის პირობებში კი მართალია, გაკეთებულია მითითება გეოლოგიურ დასკვნაზე, თუმცა მითითებულია, რომ გრუნტის გამოყენება შეიძლება შეზღუდვის გარეშე. მას შემდეგ რაც მოპასუხე შურფების ლითოლოგიურ მონაცემებს გაეცნო კვლავ დაამატა შენიშვნები.

17. მეორე საკასაციო საჩივრის ავტორმა ასევე მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

17.1. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმებულია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ეფუძნება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონს. შესაბამისად, გაფორმებული ხელშეკრულების პირობები (რომლის მოდიფიცირებაზე შეთანხმებაც შეუძლიათ მხარეებს) ვერანაირად ვერ იქნება მიჩნეული სტანდარტულ პირობებად. საწინააღმდეგოს მტკიცების შემთხვევაში გასათვალისწინებელია სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც პირდაპირ ადგენს, რომ თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ ეს არ მიიჩნევა ხელშეკრულებათა სტანდარტულ პირობად. გარდა ზემოაღნიშნულისა, საყურადღებოა სსკ-ის 343-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის მეწარმე, ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობები ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად იქცევა მაშინ, როცა მას საქმიან ურთიერთობებში აუცილებელი გულისხმიერების გამოჩენისას ეს უნდა გაეთვალისწინებინა. შესაბამისად, სავსებით ლოგიკური და სამართლებრივად სწორი მიდგომაა მეწარმე სუბიექტისა და ფიზიკური პირის, როგორც ორი სხვადასხვა რესურსისა და პოტენციალის მქონე ინდივიდის დიფერენცირება მაშინ, როდესაც საქმე ხელშეკრულებით შეთავაზებულ სტანდარტულ პირობებს ეხება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის დაცვის ფარგლებში მკაცრ შეზღუდვებს მხოლოდ ფიზიკურ პირთა მიმართ აწესებს. მეწარმე სუბიექტებთან მიმართებით სტანდარტული პირობების წესები არ ვრცელდება და მეწარმე სუბიექტი (მოსარჩელე) ყოველგვარი პირდაპირი დაცვის (იგულისხმება სსკ-ით გათვალისწინებული იმპერატიული ხასიათის დათქმები, რომელიც ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს შეეხება) გათვალისწინების გარეშე რჩება. ეს ლოგიკურიცაა, რადგან მეწარმე სუბიექტი, იურიდიული პირი, მით უმეტეს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის მიღების დროს, არის/უნდა იყოს სათანადოდ ინფორმირებული და კომპეტენტური განსახორციელებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით - ჯერ ხელშეკრულების გაფორმება და შემდეგ ხელშეკრულების მუხლის ბათილად ცნობის მოთხოვნა სტანდარტული პირობების გამო, პირდაპირ ეწინააღმდეგება სსკ-ით მოწესრიგებულ 342-348-ე მუხლებს; ზემოაღნიშნული ასევე განსაზღვრულია სსკ-ის 347-348-ე მუხლებით, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში ბათილად მიიჩნევა დებულებები, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას. შესაბამისად, აღნიშნული მუხლების იურიდიული პირების მიმართ გამოყენება აკრძალულია;

17.2. პირი, რომელსაც სურს 342-ე და მომდევნო მუხლებში გაწერილი დაცვითი მექანიზმების ამოქმედება, ვალდებულია ამტკიცოს სტანდარტული პირობების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით მოსარჩელე ვერ მიუთითებს, თუ კონკრეტულად რატომ უნდა გაბათილდეს ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1 პუნქტი, რა ნაწილში იწვევს ორმაგად დაჯარიმებას, კონკრეტულად რა ნაწილში ეწინააღმდეგება სსკ-ის 54-ე მუხლს, რატომ არის აღნიშნული პირობა სტანდარტული პირობა და ა.შ;

17.3. ის ფაქტი, რომ საპროექტო მომსახურების ვადაგადაცილება მოსარჩელის ბრალით იყო გამოწვეული, უდავოდ დადგენილად მიიჩნია ორივე ინსტანციის სასამართლომ, რადგან მოპასუხემ უზრუნველყო შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა. სამწუხაროდ, მეორე ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან ადგილი ჰქონდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 11.1 პუნქტის არაკეთილსინდისიერად გამოყენებასა და მოსარჩელის ორმაგ დაჯარიმებას, რაც არასწორია, რადგან მოპასუხე იქცეოდა სწორედ ისე, როგორც მხარეები შეთანხმდნენ და ხელშეკრულებით მკაფიოდ, არაერთმნიშვნელოვნად განსაზღვრეს. ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1 პუნქტში განსაზღვრულია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მათ შორის გეგმა- გრაფიკებით განსაზღვრული შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს ფინანსური და კვარტალური გეგმა-გრაფიკები, ასევე, ხელშეკრულების მე-6 მუხლით განსაზღვრეს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადები. ე.ი. მხარეებმა ხელშეკრულების გაფორმების დროსვე იცოდნენ, რომ, მაგალითად, საპროექტო მომსახურების ვადაგადაცილების შემთხვევაში, დაირღვეოდა როგორც ფინანსური გეგმა-გრაფიკი (რომელიც ხელშეკრულებაზე თანდართული და თანხებს უკავშირდება), ისე, მაგალითად, ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.3. პუნქტი და პირგასამტეხლოც დაითვლებოდა ცალ-ცალკე, ფინანსური გეგმა- გრაფიკის დარღვევის გამო ცალკე და 6.3. პუნქტის დარღვევის გამო - ცალკე. შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობაც ვალდებულების დარღვევის სახეზეა მიბმული, შესაბამისად, პირობითად, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე 0.04%-ზე ან, ვალდებულება ჩაშალონ ორ ნაწილად და ცალ-ცალკე 0.02% აამოქმედონ, ხოლო შემდგომში, სასამართლოს ჩარევა მხარეთა შეთანხმებაში პასუხისმგებლობის ჩაშლის „აკრძალვა“ ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული და საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო ბრუნვას;

17.4. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ერთი და იმავე დარღვევებზე მხარეს ორი პირგასამტეხლო ვერ დაეკისრება, რადგან ამგვარი დათქმა არც ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს (მაშინ, როდესაც პირდაპირ გამომდინარეობს) და ვერც კანონის შესაბამისად მხარეები ვერ შეთანხმდებიან (ამ ნაწილში, კანონის რომელი ნორმა კრძალავს მსგავს შეთანხმებას სასამართლოს მითითებული არ აქვს);

17.5. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.1 პუნქტი სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან (სსკ-ის 417-ე მუხლი), ისე სასამართლო გადაწყვეტილებებთან და პირგასამტეხლოს განსაზღვრის ოდენობის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციასთან და არ არსებობს მისი გაუქმების და კონტრაქტორისთვის თანხის დაბრუნების არანაირი საფუძველი.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

23. საქართველოს უზენაესი სასამართლო უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია რამდენად მართლზომიერად დაეკისრა მოსარჩელეს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების 11.1 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა კი არა ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შესაბამისად მოხდება, როგორც ამაზე მეორე კასატორი უთითებს, არამედ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული სადავო პუნქტის შინაარსის განმარტების საფუძველზე. გასათვალისწინებელია, რომ არც სააპელაციო სასამართლოს უმსჯელია მხარეთა შორის სადავო პუნქტის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საფუძველზე ბათილობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, არარელევანტურია წინამდებარე განჩინების 17.1-17.2 პუნქტებში მითითებული მეორე კასატორის პრეტენზიები.

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, (იხ. სუსგ-ები: №ას-1142-2021, 2022 წლის 10 ნოემბერი; №ას-1315-2020, 2021 წლის 9 სექტემბერი; №ას-764-2019, 2019 წლის 2 მარტი). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.288).

25. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულების დარღვევაა. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა ნებისმიერ სამართლებრივ სისტემაში.

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ.: სუსგ №ას-848-814-2016, 2016 წლის 28 დეკემბერი; №ას-1274-2022, 2022 წლის 22 ნოემბერი; №ას-1245-2022, 2023 წლის 9 მარტი).

27. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ.: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

28. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 2019 წლის 13 დეკემბერი; №ას-89-2024, 2024 წლის 12 აპრილი; №ას-65-2024, 2024 წლის 15 აპრილი).

29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

30. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში, მხარეთა შორის სადავო არ არის საბოლოო საპროექტო დოკუმენტაციის მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით წარდგენის ფაქტი, თუმცა პირველი კასატორის საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით (იხ. წინამდებარე განჩინების 16.1-16.3 პუნქტები) აღნიშნული მოპასუხე/ შემკვეთი კომპანიის ბრალით ხდებოდა, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

32. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ: სუსგ საქმე №ას-1298-2018; 22 მარტი 2019 წელი; №ას-1329-2018, 22 თებერვალი 2019 წელი; №ას-1610-2019, 7 თებერვალი 2020 წელი).

33. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ საკუთარი ბრალეულობით ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების 6.3 პუნქტით დადგენილ ვადაში უხარვეზო საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო დამკვეთის მხრიდან შენიშვნების დაგვიანებით გაცემა გამოწვეული იყო შემსრულებლის მხრიდან მოპასუხის მითითებული შენიშვნების გაუთვალისწინებლობით (იხ. წინამდებარე განჩინების 6-9 პუნქტები), მოსარჩელეს კი აღნიშნული მსჯელობა საწინააღმდეგო მტკიცებულების წარდგენით არ გაუბათილებია. შესაბამისად, ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებულობას პირველი კასატორის მიერ წარმოდგენილი არაკვალიფიციური საკასაციო საჩივარი ვერ აქარწყლებს.

34. რაც შეეხება მეორე საკასაციო საჩივარსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 11.1 პუნქტის განმარტებას, საკასაციო სასამართლო ამ ნაწილშიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობები არსებითად სწორია.

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების სფეციფიკა განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ.; ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი, მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა (იხ. სუსგ საქმე N ას-178-167-2017, 14 ივლისი 2017 წელი; ას-1373-2023 6 თებერვალი 2025 წელი).

36. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება (იხ. სუსგ საქმე Nას-358-343-2016, 3 ივნისი 2016 წელი; Nას-178-167-2017, 14 ივლისი 2017 წელი; Nას-76-72-2017, 31 ივლისი 2017 წელი; Nას-1382-1302-2017, 30 ოქტომბერი 2018 წელი).

37. ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება. მაგრამ თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის. სსკ-ის 52-ე მუხლში მითითებული „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (იხ. სუსგ-ები: Nას-1190-2021, 22 თებერვალი 2022 წელი; Nას-1361-2021, 18 მარტი 2022 წელი).

38. საკასაციო სასამართლო, ცხადია, ითვალისწინებს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლების პრინციპს ხელშეკრულების დადების დროს (სსკ-ის 319-ე მუხლი), თუმცა კეთილსინდისიერების ფარგლებში, კონტრაჰენტთა ქმედებებს შეაფასებს ერთმანეთისადმი ნაკისრი უფლება-მოვალეობების, ხელშეკრულებაში გამოვლენილი ფაქტობრივი ნების გონივრულობისა და სამართლიანობის საფუძველზე. ზოგადად ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს. „ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ. ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული (იხ. სუსგ-ები: Nას-1190-2021, 22 თებერვალი 2022 წელი; Nას-1361-2021, 18 მარტი 2022 წელი).

39. ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულებასთან. ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა. განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს, როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა). ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა იქნას განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა. ხელშეკრულების გამონათქვამების სხვადასხვანაირობა გულისხმობს, რომ ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამები შეიძლება სხვადასხვანაირად იქნას გაგებული. გამონათქვამთა საგულდაგულო შერჩევის მიუხედავად, დოკუმენტი ყოველთვის ერთნაირად ვერ იქნება აღქმული მისი წამკითხველების მიერ. გამონათქვამების შინაარსის დადგენა უნდა მოხდეს ხელშეკრულების საერთო ტექსტით ან ხელშეკრულების იმ ნაწილებით, რომლებიც განსამარტავ გამონათქვამებს შეიცავენ.

40. ხელშეკრულების განმარტების საფუძვლებთან დაკავშირებით საინტერესოა ევროპული სახელშეკრულებო სამართლის ძირითადი პრინციპების (დებულებების) 5:101-5:107 მუხლების დანაწესები, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა განიმარტოს მხარეთა საერთო ნების შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი განსხვავდება სიტყვასიტყვითი მნიშვნელობისაგან. მხარეთა საერთო ნების დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, განმარტების კრიტერიუმად მიიჩნევა ხელშეკრულების მხარეთა მსგავსი გონივრული აზროვნების მქონე პირთა შეფასება მოცემულ გარემოებებში. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული (იხ. სუსგ: №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი 2015 წელი; Nას-358-343-2016, 3 ივნისი 2016 წელი; N ას-1198-2023, 10იანვარი 2024 წელი).

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მისი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება. იგი წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

42. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

43. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია.

44. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

45. კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია ეკისრება: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის ხარვეზის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე, ხელშეკრულების პირობათა (რომლებიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქცია (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

46. კეთილსინდისიერების პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში, ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი). იგი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის შეფასებით კრიტერიუმს, რომლის შესაბამისადაც, სამართლიანისა და უსამართლოს გამიჯვნის გზით, პირი იღებს ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართლად და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად (იხ. სუსგ საქმე Nას-221-213-2012, 21 მაისი, 2012 წელი), რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა (იხ. სუსგ საქმე Nას-23-18-2011, 24 ივნისი, 2011 წელი).

47. კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა (იხ. სუსგ საქმე Nას-528-501-2015, 04 ნოემბერი, 2015 წელი). შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (იხ. სუსგ საქმე Nას-549-521-2015, 18 ნოემბერი, 2015 წელი).

48. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების მიხედვით, თითოეული მხარე ვალდებულია მოქმედებდეს კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის ფარგლებში, რაც არ შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს ხელშეკრულებით (Principles of European Contract Law (PECL), Art. 1:201). კეთილსინდისიერებისა და ნდობის პრინციპი მიჩნეულია ყოველისმომცველ პრინციპად, თუ არ არის დადგენილი კონკრეტული შემთხვევისთვის სპეციალური დანაწესი (Lando O., Is Good Faith an Over-Arching General Clause in The Principles of European Contract Law, European Review of Private Law, 6-2007, Kluwer Law International, 842.) (იხ. სუსგ საქმე Nას-668-668-2018, 20 ივლისი, 2018 წელი).

49. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი – ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე – ვალდებულებისაგან გათავისუფლებით (იხ. სუსგ საქმე Nას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

50. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.3 პუნქტის თანახმად, საპროექტო მომსახურების განხორციელების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვე ექსპერტიზის ჩათვლით. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადაა 12 (თორმეტი) თვე, ხოლო, ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება სამუშაოების დასრულების დღიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. ჯამში პროექტირება-მშენებლობის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვე, ექსპერტიზის დასკვნის (სამშენებლო სამუშაოებზე) წარმოდგენის ვადა განისაზღვრება სამუშაოების დასრულების დღიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. ამავე ხელშეკრულების 11.1 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მათ შორის, გეგმა-გრაფიკებით განსაზღვრული შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.

51. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოხდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა და იმ პირობებში, როდესაც საბოლოო საპროექტო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2021 წლის 12 აგვისტოს, რეალურად აღნიშნული ვადა მნიშვნელოვნად დაირღვა და საბოლოო დოკუმენტაცია წარდგენილ იქნა 207 დღის ვადაგადაცილებით, 2022 წლის 7 მარტს. ვინაიდან საპროექტო მომსახურების ღირებულება გათვალისწინებული იყო 312 700 ლარით, მხარე დაჯარიმდა აღნიშნული თანხის, ანუ, შეუსრულებელი ვალდებულების 0.02%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც დეტალური კალკულაციით შეადგინა 12 945.78 ლარი. ამასთან, მხარეთა შორის შეთანხმებული იყო პროექტირება-მშენებლობის კვარტალური და ფინანსური გეგმა-გრაფიკი, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული 2022 წლის 22 მარტის N2 შეთანხმებით დაკორექტირდა და ჩამოყალიბდა შეთანხმებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად (ტ 1, ს.ფ. 110). აღნიშნული გეგმა გრაფიკით განისაზღვრა, კვარტალურად რა ოდენობის შესრულება უნდა ყოფილიყო მოსარჩელის მიერ წარდგენილი და როდის, სწორედ აღნიშნული ფინანსური გეგმა-გრაფიკის თანახმად, ორი კვარტლის დასრულების შემდგომ, ანუ 6 თვის გასვლის შემდეგ მოსარჩელის მიერ წარდგენილი შესრულება უნდა ყოფილიყო 312 700 ლარი (პროექტის ღირებულება), შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, 2021 წლის 12 აგვისტოს აღნიშნული შესრულება წარდგენილი არ ყოფილა მოსარჩელე უკვე არა ხელშეკრულების 6.3 პუნქტის დარღვევის, არამედ ფინანსური გეგმა-გრაფიკით დადგენილი ვადების დარღვევისთვის დაჯარიმდა შეუსრულებელი ვალდებულების 0.02%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც შეადგინა კვლავ 12 945.78 ლარი. აღნიშნულს დაემატა სოფელ არბოშიკში შეუსრულებელი სამუშაოებისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 3 745.32 ლარის ოდენობით და ჯამში 2022 წლის 07 მარტს მხარე დაჯარიმდა 29 636.88 ლარით. შესაბამისად, მოსარჩელე/აპელანტი პროექტირება-მშენებლობის კვარტალური და ფინანსური გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადების დარღვევის გამო დაჯარიმდა ჯამში 45 157.02 ლარის ოდენობით.

52. საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოთ მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის დაჯარიმება ერთი და იმავე დარღვევის გამო ორჯერ მოხდა. კერძოდ, მოსარჩელე საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ვადაგადაცილების გამო, რომელიც გათვალისწინებული იყო გეგმა-გრაფიკით, დაჯარიმდა ორჯერ როგორც გეგმა-გრაფიკის დარღვევის, ისე ფინანსური გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო, თუმცა ორივე შემთხვევაში საქმე ეხებოდა ერთი კონკრეტული ვალდებულების (პროექტის ვადაში წარუდგენლობა) შეუსრულებლობას, რასაც არც მეორე კასატორი უარყოფს. კერძოდ, შემკვეთი თავად უთითებს, რომ ერთი ვალდებულების დარღვევის გამო ორი სხვადასხვა წესით მოხდა მოსარჩელის დაჯარიმება (იხ. წინამდებარე განჩინების 17.3 პუნქტი).

53. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 11.1 პუნქტის შესახებ, რომლის შესაბამისად, სადავო პუნქტი უნდა განიმარტოს ხელშეკრულების 6.3 პუნქტთან მიმართებით და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 11.1. პუნქტში მითითებული „მათ შორის გეგმა-გრაფიკებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში“, უნდა განიმარტოს არა სიტყვასიტყვით და კონტექსტისაგან განცალკევებით, არამედ „გონივრული განსჯის“ შედეგად, იმგვარად რომ ხელშეკრულების 11.1. პუნქტში მითითებულ „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში“ მოიაზრებოდეს „მათ შორის, გეგმა-გრაფიკებით განსაზღვრული ვადის დარღვევის“ შემთხვევა, ვინაიდან სწორედ გეგმა-გრაფიკებით განსაზღვრული ვადის დარღვევამ გამოიწვია ფინანსური გეგმა-გრაფიკი დადგენილი ვადების დარღვევა, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია. აღნიშნულის შესაბამისად კი ერთი და იმავე დარღვევებზე მხარეს ორი პირგასამტეხლო ვერ დაეკისრება.

54. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სახელშეკრულებო პუნქტის სხვაგვარად განმარტებისას/ გაგებისას, პირგასამტეხლოს ორმაგი რეჟიმი გავრცელდება, სამოქალაქო სამართალში მოქმედი კეთილსინდისიერი ქცევის პრინციპი კი, გამორიცხავს ერთი და იმავე დარღვევის გამო, ორმაგი ფინანსური სანქციის დაკისრების მართლზომიერებას, ამასთან სხვაგვარი განმარტება ასევე ეწინააღმდეგება უსაფუძვლო გამდიდრების დაუშვებლობის პრინციპებს.

55. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შესაბამისობაშია უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან, ხოლო კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც საკასაციო საჩივრების არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არის არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

56. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ჯ.ს.კ–ი და შპს „ს–ს“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ს.გ.წ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

3. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ჯ.ს.კ–ი და შპს „ს–ას“ (ს/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 15 ოქტომბერს #1729002611 საგადასახადო დავალებით გადახდილი ბაჟის - 1 610.60 ლარის 70% – 1 127.42 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. შპს „ს.გ.წ.კ–იას“ (ს/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 3 სექტემბერს #28622 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 647.28 ლარის 70% – 453.1 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე