საქმე №ას-320-2025
23 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ნ.ხ–ე“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. და გ.ფ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ა. და გ.ფ–მა“ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.ხ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 139 950 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3 000 ლარის ანაზღაურება.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 1 198,5 ლარის გადახდა.
5. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და დამატებით გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2024 წლის 18 დეკემბერს 14:00 საათზე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეთა წარმომადგენლებს.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომის თაობაზე მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სხდომის თარიღის შესახებ სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით ეცნობა აპელანტის წარმომადგენს (დირექტორს), მ.პ–ს 2024 წლის 18 ნოემბერს, მის მიერ საქმეში მითითებულ ტელეფონის ნომერზე: 599 ….. ამასთან სატელეფონო აქტში აღნიშნულია, რომ მხარის წარმომადგენელს განემარტა სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგები. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2024 წლის 18 დეკემბერს 14:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე აპელანტი მხარე არ გამოცხადებულა და სასამართლოსთვის არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია. ამავე სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, პ.ლ–ნიძემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229.1 მუხლით, 275.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საფუძვლიანი იყო და არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხე კომპანიის დირექტორის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რის შესახებაც ობიექტურად წინასწარ ვერ აცნობა სასამართლოს. კერძოდ, 2014 წლის 18 დეკემბერს მცხეთის რაიონის სოფელი ქანდიდან იგი მიდიოდა თბილისში, რა დროსაც გზაში გაფუჭდა მანქანა. ვინაიდან იმყოფებოდა ჩქაროსნულ მაგისტრალზე, შეუძლებელი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება და მოუწია ევაკუატორისათვის დალოდება. ცხადი იყო, რომ ვერ ასწრებდა სასამართლოში გამოცხადებას. პროცესის დაწყებამდე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდა იგი დაკავშირებოდა მოსამართლის თანაშემწეს, თუმცა სასამართლოს შიდა ნომერზე არავინ პასუხობდა, რის გამოც მან ვერ შეძლო მომხდარი ფაქტისა და მისი სასამართლოში გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ სასამართლოს ინფორმირება. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენელს, თ.ხ–ძეს, მასთან მოპასუხეს იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ის აღარ არის მოპასუხის წარმომადგენელი და სასამართლო სხდომაზე გამოცხადება აღარ ევალებოდა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
16. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ სახეზე არ იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან აპელანტი კომპანიის დირექტორი საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა სასამართლოში. კერძოდ, მას სასამართლო სხდომის დღეს მცხეთის რაიონის სოფელ .....დან თბილისისკენ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოძრაობისას გაუფუჭდა ავტომანქანა, რის თაობაზეც მოსამართლის თანაშემწის ინფორმირება ვერ შეძლო, რადგან, მიუხედავად ნახევარი საათის განმავლობაში მცდელობისა, სასამართლოს შიდა ნომერზე არავინ პასუხობდა; რაც შეეხება აპელანტის წარმომადგენელს - თ.ხ–ძეს, მასთან იურიდული მომსახურების ხელშეკრულება დადებული იყო მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის თაობაზე.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა იმავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
19. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტის გამოუცხადებლობისას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი შემდეგი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტი და ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე არ უნდა ითხოვდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნულ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალურ წინაპირობას.
20. ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების დადგენის შემდეგ უნდა შემოწმდეს - ხომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. ამასთან, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი).
22. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალური წინაპირობები. კერძოდ, სადავო არ არის, რომ აპელანტს (აპელანტის დირექტორს) 2024 წლის 18 დეკემბერს 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით, თუმცა იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. მოწინააღმდეგე მხარემ იმავე სხდომაზე იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების არსებობის ფარგლებში, არსებობდა თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სახეზე იყო სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ცნებას განსაზღვრავს აღნიშნული კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
24. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
25. როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სასამართლო სხდომის დღეს აპელანტის დირექტორს მცხეთის რაიონის სოფელ ....დან თბილისისკენ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მოძრაობისას გაუფუჭდა ავტომანქანა, რის თაობაზეც მოსამართლის თანაშემწეს ვერ აცნობა, რადგან მიუხედავად ნახევარი საათის განმავლობაში მცდელობისა, სასამართლოსთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, რადგან კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება კი, საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
26. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მოპასუხის წარმომადგენელი - თ.ხ–ძე სააპელაციო სასამართლოში მის წარმომადგენლობას აღარ ახორციელებდა და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილია მოპასუხის მიერ 08.09.2023 წელს თ.ხ–ძის მიმართ გაცემული მინდობილობა, რომლის თანახმად, „მარწმუნებელი იცავს რწმუნებულის პირად ქონებრივ და არაქონებრივ ინტერესებს და ამ მიზნით რწმუნებული მარწმუნებელს წარმოადგენს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში“, რწმუნებულება გაცემულია უვადოდ და ძალაშია მის გაუქმებამდე (იხ. ს.ფ. 61-62), ხოლო აღნიშნული მინდობილობის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში წარდგენილი არ არის. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის მითითების საწინააღმდეგოდ, მოპასუხის მიერ როგორც თავდაპირველად წარდგენილ, ისე დაზუსტებულ სააპელაციო საჩივარში მოპასუხის წარმომადგენლად მითითებულია და მასზე ხელს აწერს სწორედ თ.ხ–ძე (იხ. ს.ფ. 86-95, 108-118). ამასთან, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება ჩაბარებული აქვს თ.ხ–ძეს, როგორც მოპასუხის წარმომადგენელს (იხ. ს.ფ. 106) და მასვე აქვს წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება(იხ. ს.ფ. 107).
27. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა, შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალური წინაპირობები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ნ.ხ–ე“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე