Facebook Twitter

საქმე №ას-354-2025

16 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.თ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.თ–მა (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ.მ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 129 600 აშშ დოლარის გადახდა.

4. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენა; სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღე.

6. ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის საფუძვლით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა კვლავ გაუგრძელდა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღით და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა: დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენა; სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება რომ აპელანტს ჩაუტარდა კორონარული შუნტირების ოპერაცია, ცალკე აღებული, არ ნიშნავს რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს ფინანსური მდგომარეობის ამსახველი რელევანტური მტკიცებულებებით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების კანონით გათვალისწინებულ წინაპირობები.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩინება არაერთხელ გაეგზავნა აპელანტს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ………. გზავნილი პირველად გაიგზავნა 2024 წლის 04 ივლისს, რომლის ფარგლებშიც კურიერმა ორჯერ განახორციელა ადრესატთან ვიზიტი - 2024 წლის 08 ივლისსა და 10 ივლისს, თუმცა საფოსტო უკუგზავნილით დგინდება, რომ მისამართზე არავინ იყო. ამასთან, კურიერმა დაამყარა სატელეფონო კომუნიკაცია ადრესატთან, რის შესაბამისადაც გზავნილზე ფიქსირდება შემდეგი ჩანაწერი: „ადრესატი არ იმყოფება თბილისში, ინფორმირებულია”, „სამ დღეში იქნება ქალაქში”;

მეორედ გზავნილის გაგზავნას ადგილი ჰქონდა 2024 წლის 29 ივლისს, რომლის ფარგლებშიც კურიერმა ორჯერ განახორციელა ადრესატთან ვიზიტი - 2024 წლის 30 ივლისსა და 31 ივლისს. საფოსტო უკუგზავნილით დგინდება, რომ მისამართზე არავინ იყო. კურიერმა კვლავ დაამყარა სატელეფონო კომუნიკაცია ადრესატთან, რის შესაბამისადაც გზავნილზე ფიქსირდება შემდეგი ჩანაწერი: „ადრესატი არ იმყოფება თბილისში”, „გაურკვეველი დროით არ იქნება ქალაქში”;

მესამედ გზავნილი გაიგზავნა 2024 წლის 12 აგვისტოს, რომლის ფარგლებშიც კურიერმა კვლავ ორჯერ განახორციელა ადრესატთან ვიზიტი - 2024 წლის 13-14 აგვისტოს. საფოსტო უკუგზავნილით დგინდება, რომ მისამართზე არავინ იყო. ამასთან, კურიერმა დაამყარა სატელეფონო კომუნიკაცია ადრესატთან, რის შესაბამისადაც გზავნილზე ფიქსირდება შემდეგი ჩანაწერი: „ადრესატი ქალაქში არ იქნება 20 აგვისტომდე”;

ზემოაღნიშნული მითითების საფუძველზე, სასამართლომ გზავნილი მეოთხედ გაგზავნა 2024 წლის 23 აგვისტოს, რომლის ფარგლებშიც კურიერმა ორჯერ განახორციელა ადრესატთან ვიზიტი - 2024 წლის 26-27 აგვისტოს. საფოსტო უკუგზავნილით დგინდება, რომ მისამართზე არავინ იყო. კურიერმა დაამყარა სატელეფონო კომუნიკაცია ადრესატთან, რის შესაბამისადაც გზავნილზე ფიქსირდება შემდეგი ჩანაწერი: „ადრესატი არ არის ქალაქში, ჩამოვა ერთ კვირაში”.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73.1, 71.1, 71.2 მუხლებით და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩინება აპელანტს გაეგზავნა სწორედ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, გაგზავნა განხორციელდა ოთხჯერ. ამასთან, გაგზავნა წარმოებდა 2024 წლის 04 ივლისიდან 2024 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით. ოთხივე გაგზავნისას კურიერი ადრესატთან ამყარებდა კომუნიკაციას, შესაბამისად, მან იცოდა გზავნილის თაობაზე. უფრო მეტიც, უთითებდა მისამართზე ყოფნის სავარაუდო დროს, თუმცა მიუხედავად მითითების შესაბამისად გზავნილის გაგზავნისა, ჩაბარება არ განხორციელებულა. ადრესატს ასევე არ დაუმყარებია კომუნიკაცია სასამართლოსთან გზავნილის სასამართლოში გამოცხადების გზით ჩაბარების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ იგივე მისამართზე აპელანტს ჩაბარებული აქვს გზავნილი 2024 წლის 05 ივნისს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოს გზავნილი აპელანტისათვის ჩაბარებულად უნდა ჩათვლილიყო, ჩაბარების თარიღად კი უნდა განსაზღვრულიყო გზავნილის მეოთხედ გაგზავნისა და კურიერის ადგილზე გამოცხადების ბოლო ვიზიტის თარიღი, ანუ 2024 წლის 27 აგვისტო.

11. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2, 61.3, 368.5 მუხლებით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი 07-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 28 აგვისტოს და ამოიწურა 2024 წლის 04 სექტემბერს. როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, ამ პერიოდის განმავლობაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალურ საფუძველს წარმოადგენდა.

12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.

13. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების შემდგომ აპელანტმა მიმართა სასამართლოს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე, რაც უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. იმავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იმ საპროცესო საშუალებათა ჩამონათვალს, თუ რა ფორმით შეუძლია სასამართლოს მხარისათვის შეტყობინების გაგზავნა. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით; იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

20. მითითებული სამართლებრივი ნორმების სისტემური განმარტების საფუძველზე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დაიცვას რაიმე სახის თანმიმდევრობა გზავნილის/უწყების ჩაბარების დროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამასთან, თუკი საქმეში თავად მხარის მიერაა მითითებული მისამართი, იმავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული იმპერატიული რეგულირებით სასამართლო უწყების ზედიზედ ორჯერ ჩაუბარებლობა იურიდიული ფიქციის საფუძველზე გულისხმობს ჩაბარებას, მიუხედავად იმისა, რეალურად ჩაბარდა თუ არა მხარეს გზავნილი (იხ. სუსგ საქმე Nას-1144-2023, 20 დეკემბერი, 2023 წელი).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში აპელანტს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილი/სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩინება ვერ ჩაბარდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მისთვის გზავნილი მართებულად ჩათვალა ჩაბარებულად. კერძოდ, წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩინება აპელანტს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა 4-ჯერ - 2024 წლის 04 ივლისს, 29 ივლისს, 12 აგვისტოს და 23 აგვისტოს, მის მიერ სააპელაციო საჩივარში, ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე 10.06.2024წ. წარდგენილ განცხადებაში მითითებულ მისამართზე: თბილისი, .........; ამასთან, თოთოეული გაგზავნის შემთხვევაში ფოსტის კურიერმა ორ-ორჯერ განახორციელა ადრესატთან მისამართზე ვიზიტი - 2024 წლის 08 და 10 ივლისს, 30-31 ივლისს, 13-14 აგვისტოს და 26-27 აგვისტოს (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი), თუმცა ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა ადრესატის მისამართზე არყოფნის გამო. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ფოსტის კურიერმა ოთხივე შემთხვევაში სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარა აპელანტთან და აცნობა სასამართლო გზავნილის შესახებ. აპელანტი კურიერთან სატელეფონო საუბრისას განმარტავდა, რომ იგი არ იმყოფებოდა ქალაქში და მიუთითებდა დაბრუნების სავარაუდო ვადაზე, თუმცა მიუხედავად სასამართლოს მხრიდან აღნიშნულის გათვალისწინებისა და გზავნილის ხელახლა აპელანტის მითითების შესაბამისად გაგზავნისა, მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართზე კვლავ არყოფნის გამო. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო სასამართლო გზავნილის შესახებ, მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს და ზემოაღნიშნული განჩინება არ ჩაუბარებია. აპელანტს არც მისამართის ცვლილების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

22. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩინება აპელანტს პირველად გაეგზავნა 2024 წლის 04 ივლისს, ხოლო ბოლო, მეოთხე გაგზავნა განხორციელდა 2024 წლის 23 აგვისტოს, თითქმის ორი თვის შემდგომ. როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტისათვის თავიდანვე ცნობილი იყო სასამართლო გზავნილის შესახებ, თუმცა მისი მხრიდან არ ყოფილა მისი ჩაბარების ხელშეწყობის მცდელობა, არამედ ფოსტის კურიერთან ყოველი სატელეფონო კომუნიკაციის დროს იგი მიუთითებდა ქალაქში არყოფნის ფაქტზე და დაბრუნების სხვადასხვა ვადებზე, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტის მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად უნდა შეფასდეს.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გზავნილის აპელანტისათვის ჩაბარების თარიღად მართებულია გზავნილის მეოთხედ გაგზავნისა და კურიერის ბოლო ვიზიტის თარიღის - 2024 წლის 27 აგვისტოს განსაზღვრა.

24. კერძო საჩივრის ავტორს ზემოაღნიშნულ მსჯელობებთან დაკავშირებით შედავება არ წარმოუდგენია. რაც შეეხება მის პრეტენზიას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მასზე ვერ იმსჯელებს, ვინაიდან აპელანტს გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე არ უმსჯელია, ხარვეზის აღმოფხვრისათვის დადგენილ ვადაში აპელანტს სასამართლოსთვის ასეთი შუამდგომლობით არ მიუმართავს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩნებით მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.

26. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

27. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩინების თაობაზე ეცნობა 2024 წლის 27 აგვისტოს, შესაბამისად, მისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებული საპროცესო ვადის ათვლა (07 დღე) დაიწყო მომდევნო დღიდან - 2024 წლის 28 აგვისტოდან (სსსკ-ის 60.2 მუხლი) და ამოიწურა იმავე წლის 03 სექტემბერს, თუმცა სადავო არ არის, რომ აპელანტს აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. აღნიშნული კი, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3 და 368.1 მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5 და 374.1 მუხლები).

30. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე