საქმე №ას-424-2025
09 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.ღ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ღ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი ფოთი, ......, ს.კ. ........ (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“) გამოთხოვა და აღნიშნული ქონების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა მოპასუხის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და დადგინდა მისი მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.
4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 22.11.2017 წლიდან. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია შეთანხმებები, დამოწმებების თარიღი 15.11.2017, 20.11.2017;
6.2. მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ სადავო უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფაქტობრივად ფლობს მოპასუხე, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს არ წარუდგენია სადავო უძრავი ქონების მფლობელობის მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულება, შესაბამისად, მოპასუხეს არ აქვს მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების ფლობის უფლება. მიუხედავად მოსარჩელის/მესაკუთრის მოთხოვნისა, მოპასუხე არ ათავისუფლებენ უძრავ ქონებას, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება და რის გამოც მოსარჩელე მის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე მფლობელობისა და სარგებლობის უფლებას ვერ ახორციელებს.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე, 312-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტი უკანონოდ ფლობს მოსარჩელის უძრავ ქონებას, რითაც ამ უკანასკნელს ხელი ეშლება საკუთრების უფლების რეალიზაციაში. მხარეთა შორის არ არსებობს კანონშესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მესაკუთრე შეიძლებოდა მოპასუხესთან (აპელანტთან) მიმართებით შეზღუდულიყო. აპელანტი/მოპასუხე არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს, შესაბამისად, არ არსებობს კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის. მოსარჩელე კი უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები და გამოითხოვოს ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან. აპელანტს მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი, ასევე, მის მიერ სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დასაშვები და დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია არ წარუდგენია. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს არ აქვს სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება. შესაგებელს ერთვოდა მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით თუ როგორც გადაიფორმა მოსარჩელემ სადავო უძრავი ქონება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხე აღნიშნულ ქონებაში ცხოვრობდა და იქ უნებართვოდ არ შეჭრილა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხის მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის მართლზომიერება.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება დადგენილი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა გამოკვლეული აქვს.
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
20. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
21. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 80), რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხე/კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერება დადასტურდებოდა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ სხდომაზე დაეთანხმა წინამდებარე საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივ გარემოებას.
22. ამდენად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში გამოიკვეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და ის მართებულად დაკმაყოფილდა.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
25. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ღ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. გ.ღ–ს (პ.ნ. .......) დაუბრუნდეს ნ. ღ–ის მიერ 2025 წლის 21 აპრილს №26924305978 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე