Facebook Twitter

საქმე №ას-529-2025

09 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ჩ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ო.ს.კ–“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს მისო „ს.კ–მა“ (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ჩ–ძის (შემდგომში – „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება და დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონების რეალიზაცია; ასევე, მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა №GCL-GL068473-2021-03 კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 18 776,42 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 13 381,16 ლარი, პროცენტი - 4360,26 ლარი, პირგასამტეხლო - 800 ლარი, აღსრულების საზღაური - 135 ლარი და გირავნობის მოწმობის ხარჯი -100 ლარი; დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით, დადგინდა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონების - მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია, რომლის მახასიათებლებია: HUMMER H 2, გამოშვების წელი - 2004, საიდ. ნომერი - ........., ფერი - რუხი 6/8, ტექ. პასპორტის ნომერი - AM684....., სახ. ნომერი - ......, ხოლო, იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად ან ვერ მოხდება გირავნობის საგნის მოძიება, აღსრულება გაგრძელდება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

6. სააპელაციო პალატის მითითებით, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 18 776,42 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 13 381,16 ლარი, პროცენტი - 4 360,26 ლარი, პირგასამტეხლო - 800 ლარი, აღსრულების საზღაური - 135 ლარი და გირავნობის მოწმობის ხარჯი -100 ლარი; დადგენილია, ასევე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით - 800 ლარის გადახდა.

7. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ფასი შეადგენს 800 ლარს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აჭარბებს 2 000 ლარს, რაც იმავე კოდექსის 365-ე, 374-ე მუხლების მიხედვით, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.

9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი შეიცავდა გარკვეულ ხარვეზებს, რომელთა შორის იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებული საკითხი, ასევე, სხვა საკითხები. როგორც საქმის მასალებიდან და მოპასუხის შესაგებლიდან ჩანს, მოპასუხე სადავოდ ხდის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის მოთხოვნას და პირგასამტეხლოს. სააპელაციო საჩივარში გაპარულმა უზუსტობამ სასამართლოს აფიქრებინა, რომ მოპასუხე ასაჩივრებს მხოლოდ 800 ლარს და ვინაიდან აღნიშნული 2 000 ლარს არ აღემატება, სასამართლომ სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, ის უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს დაევალოს გამოიტანოს განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ, ხოლო თუკი აპელანტი ხარვეზს არ შეავსებს ან ხარვეზის შევსების შემდეგ დადგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია, მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ უნდა მიიღოს სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას (სსსკ-ის 365-ე მუხლი).

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ქონებრივ-სამართლებრივ დავებში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად, სხვა წინაპირობებთან ერთად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის ღირებულების შესაბამისობას კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

15. დასახელებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო განსახილველად მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2 000 ლარს აღემატება. 2 000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა] შესაბამისად, დარჩება განუხილველად. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.

16. მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 03 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 18 776,42 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 13 381,16 ლარი, პროცენტი - 4360,26 ლარი, პირგასამტეხლო - 800 ლარი, აღსრულების საზღაური - 135 ლარი და გირავნობის მოწმობის ხარჯი -100 ლარი; ამასთან, დადგინდა დაკისრებული თანხის გადახდევინება მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონების - მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად ან ვერ მოხდება გირავნობის საგნის მოძიება, აღსრულება გაგრძელდება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე. მოპასუხემ აღნიშნული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით. კერძოდ, სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. სააპელაციო საჩივარი, ს.ფ. 123-131). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 800 ლარს, რაც არ აღემატება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით ქონებრივ-სამართლებრივი დავების დასაშვებობისთვის დადგენილ ქონებრივ ზღვარს (2000 ლარი) და მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა. კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნულის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია. გარდა იმისა, რომ სააპელაციო საჩივარში ნათლად და არაორაზროვნად არის მითითებული სააპელაციო მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 124), აპელანტს სააპელაციო საჩივარში საჩივრის ფასის ოდენობად სწორედ 800 ლარი აქვს მითითებული (იხ. ს.ფ. 128).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სსსკ-ის 2.2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით).

18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების, რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, № 8225/78, §57, 28 მაისი, 1985 წელი). საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განაცხადის დასაშვებობის ეტაპზე, განაცხადის დასაშვებობის სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ამოწმებს განიცადა თუ არა განმცხადებელმა მნიშვნელოვანი ზიანი. მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, იგი განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (იხ. Cecchetti v. San Marino, № 40174/08, §28-§33, 09 აპრილი, 2013 წელი; Vasilchenko v. Russia, № 34784/02, §45-§50, 23 დეკემბერი, 2010 წელი; Ionescu v. Romania, № 36659/04, §23-§36, 01 ივნისი, 2010 წელი).

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (იხ. Miragall Escolano and Others v. Spain, № 38366/97, §33; ასევე, სუსგ საქმე №ას-692-646-2017, 14 ივლისი, 2017 წელი).

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ჩ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე