საქმე №ას-586-2025
23 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.კ–ა“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ლ–ვა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უძრავი ქონების მართვის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებულად აღიარება, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება (ძირითად სარჩელში), თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ლ–ვამ (შემდგომში – „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ.კ–ას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უძრავი ქონების მართვის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებულად აღიარებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ ამ უკანასკნელისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით.
4. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეწყვეტილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2022 წლის 09 ივნისს გაფორმებული უძრავი ქონების (ს.კ. .....) მართვის შესახებ ხელშეკრულება და შესაბამისი ვალდებულება დაფიქსირებული საჯარი რეესტრით; შეწყვეტილად იქნა ცნობილი და გაუქმდა საჯარო რეესტრის ჩანაწერით არსებული ვალდებულება გათვალისწინებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-7 მუხლით, სადაც მითითებულია მართვის ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულების თაობაზე; სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ასევე არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელისათვის თანხის დაკისრების თაობაზე.
6. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო იმავე სასამართლოს 2025 წლის 27 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სსსკ-ის 2591 მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. დასახელებული მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. ეს ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას - იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014).
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 დეკემბრის სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2025 წლის 23 იანვარს 16:00 საათზე (იხ. ტ. 3, ს.ფ. 96-100), თუმცა 2025 წლის 23 იანვარს დანიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაინიშნა 2025 წლის 21 იანვარს, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობათ მხარეებს, მათ შორის, მოპასუხის წარმომადგენელს - ა.კ–ას (იხ. აქტი ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ, 20.01.2025წ). სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა არ მიუმართავს სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მოთხოვნით, მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, 2025 წლის 22 იანვრიდან დაიწყო და ამოიწურა 2025 წლის 06 მარტს. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა - 2025 წლის 07 მარტს.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2, 61.3, 369.1, 2591.1, 374.1 მუხლებით და ვინაიდან მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2025 წლის 07 მარტს წარადგინა, მიიჩნია, რომ სახეზე იყო მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
11. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.
12. კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
12.1. სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ყველა მხარე ესწრებოდა, მათ შორის, მოპასუხის ორივე წარმომადგენელი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების ვადად განისაზღვრა 2025 წლის 23 იანვარი და სხდომის მდივანმა ყველა დამსწრე პირს მოაწერინა ხელი დოკუმენტზე, რომელშიც დაფიქსირებული იყო მომდევნო სხდომის თარიღი და დრო. შემდგომში, საქმის ელექტრონული წარმოების რეესტრში დაფიქსირებულია, რომ სხდომის თარიღის ცვლილების შესახებ ეცნობა მოპასუხის წარმომადგენელს, ა.კ–ას 20 იანვარს (რაც გონივრულ ვადად არ შეიძლება განიხილებოდეს). მსგავსი შეტყობინება მოპასუხის წარმომადგენლის, ნ.მ–ისათვის გაგზავნილი არ ყოფილა. ა.კ–ას მხრიდან კი ეს შეტყობინება აღქმულ იქნა, როგორც 23 იანვრის სხდომის დროის კორექტირება და ნ.მ–თანაც მან შესაბამისი კომუნიკაცია განახორციელა;
12.2. გარდა ამისა, რომც ჩავთვალოთ, რომ სასამართლოს წარმომადგენლის მხრიდან სწორედ იყო კომუნიკაცია მხარესთან განხორციელებული, ადგილი აქვს რამდენიმე გადაცდომას: თავდაპირველად სხდომა დაინიშნა 23 იანვარს, რის თაობაზეც ორივე წარმომადგენელს მოაწერინეს ხელი შესაბამის დოკუმენტზე. შეტყობინება დროის ცვლილების შესახებ არ ეცნობა მოპასუხის წარმომადგენელს, ნ.მ–ს. თუ სხდომაზე ყოველთვის ყველა მხარის წარმომადგენლის ხელმოწერა ფიქსირდება ნებისმიერ პროცესუალურ დოკუმენტზე, მაშინ გაუგებარია სატელეფონო შეტყობინება რატომ გაკეთდა მხოლოდ ერთი წარმომადგენლის მიმართ; 20 თებერვალს ა.კ–ა მისული იყო სასამართლოში და მას არ გადაეცა სასამართლოს გადაწყვეტილება (არ იყო მზად). მან 21 თებერვალს შეძლო გადაწყვეტილების აღება სასამართლოსგან, რის გამოც ათვლის წერტილად უნდა ავიღოთ 22 თებერვალი. იმ შემთხვევაში, თუ ათვლის წერტილად ავიღებთ 22 თებერვალს, 14 დღიანი ვადის ათვლა სრულდება 7 მარტს - ანუ მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის დღეს. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენისას დაცულია საპროცესო ვადები და მისი განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით, მისი განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. იმავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
18. მითითებული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.
19. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად: „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“ (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-843-807-2014, 12 იანვარი, 2015 წელი; Nას-1377-2022, 06 დეკემბერი, 2022 წელი).
20. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2025 წლის 21 იანვარს. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას არ ესწრებოდა მოპასუხე მხარე, თუმცა გამოცხადების თარიღი მისთვის ცნობილი იყო. კერძოდ, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2024 წლის 26 დეკემბერს გამართულ მთავარ სხდომაზე გადაიდო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 2025 წლის 23 იანვარს 16:00 საათზე. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ მოპასუხის წარმომადგენლები ა.კ–ა და მ.გ–ი, რომლებმაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაბამისი ხელწერილით დაადასტურეს; თუმცა, საქმეში არსებული 20.01.2025წ. ცნობის თანახმად, მოცემულ საქმეზე 2025 წლის 23 იანვარს დანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო 2025 წლის 21 იანვარს 17:00 საათზე (იხ. ტ. 3, ს.ფ. 102), რის შესახებაც ეცნობათ მხარეებს. კერძოდ, საქმეში არსებული სატელეფონო შეტყობინების აქტით და თავად მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელს - ა.კ–ას 2025 წლის 20 იანვარს ეცნობა წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (იხ. ტ. 3, ს.ფ. 1022).
21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივარში მითითებულ პრეტენზიას სხდომის თარიღის ცვლილების შესახებ შეტყობინების მოპასუხის მხოლოდ ერთი წარმომადგენლის მიმართ განხორციელების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 12.1, 12.2 პუნქტები) და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით; მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამდენად, სასამართლოს უწყება შეიძლება ჩაბარდეს როგორც მხარეს, ისე მის უფლებამოსილ წარმომადგენელს. ორივე შემთხვევაში უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ მხარეს ერთზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს, ერთ-ერთი მათგანისათვის უწყების ჩაბარების შემთხვევაში, უწყება მხარისათვის ასევე ჩაბარებულად მიიჩნევა.
22. საკასაციო სასამართლო ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღის ცვლილების შესახებ შეტყობინება მოპასუხის წარმომადგენლის მხრიდან აღქმულ იქნა, როგორც 23 იანვრის სასამართლო სხდომის დროის კორექტირება. კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია, რომ სასამართლოს მხრიდან მისთვის სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების არასწორი დროის ან/და თარიღის შეტყობინება მოხდა. ამასთან, ვინაიდან 2025 წლის 21 იანვარს დანიშნული იყო მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, მოპასუხისათვის სასამართლო სხდომის შესახებ ერთი დღით ადრე შეტყობინება არაგონივრულ ვადად ვერ მიიჩნევა, მით უფრო იმისა გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებაზე არდასწრება მხარისათვის რაიმე უარყოფით შედეგებთან არ არის დაკავშირებული.
23. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი; სადავო არ არის, რომ მოპასუხეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა (2025 წლის 20 თებერვლის ჩათვლით) წერილობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორი თავად მიუთითებს, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება ამ ვადის გასვლის შემდგომ, 2025 წლის 22 თებერვალს ჩაიბარა (თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არაა). ამასთან, არც საქმის მასალებიდან ირკვევა და არც კერძო საჩივრის ავტორს წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ვადაში არ იყო მომზადებული. შესაბამისად, მოპასუხისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს - 2025 წლის 21 თებერვალს (სსსკ-ის 60.2 მუხლი) და ამოიწურა იმავე წლის 06 მარტს. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2025 წლის 07 მარტს, გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
25. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ბ.კ–ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე