Facebook Twitter

საქმე №ას-776-2025

23 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ღ–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ჩ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უსწორობის გასწორების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ.ჩ–მა (შემდგომში – „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ღ–ვას (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების - 10 200 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოს - 1 000 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.

4. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მოპასუხე მოსარჩელეს მორიგების აქტის დამტკიცებიდან 4 (ოთხი) თვის ვადაში გადაუხდის 7 000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარს და პირველ ინსტანციაში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარს (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი). მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 06 მაისის გადაწყვეტილება და წინამდებარე სამოქალაქო საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება.

7. ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტზე 2020 წლის 02 აპრილს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

8. მოსარჩელემ 2025 წლის 28 აპრილს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში და 2020 წლის 02 აპრილის სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, მოსარჩელის გვარად ჩ–ის ნაცვლად, ჩ–ის მითითება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინებით გასწორდა იმავე სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებასა და 2020 წლის 02 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად „დ.ჩ–ისა“ დადგინდა, რომ უნდა მიეთითოს „დ.ჩ–ი“.

10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლით და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი იყო ზეპირი მოსმენის გარეშე გამოესწორებინა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებასა და 2020 წლის 02 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა და ნაცვლად „დ.ჩ–ისა“ მითითებულიყო „დ.ჩ–ი“.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და უსწორობის გასწორების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხემ მორიგების აქტი გააფორმა დ.ჩ–თან. მოსარჩელე ამ გვარით ფიქსირდებოდა როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებებში, ასევე, სასამართლოებში დავების დროს, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოშიც. წინამდებარე საჩივრით გასაჩივრებულ განჩინებაშიც მითითებულია, რომ მხარე იყო ჩ–ი და არა ჩ–ი. გვარის, როგორც უსწორობის, ცვლილება შესაძლებელია ორ შემთხევაში: 1. ჩ–ი და ჩ–ი არის ერთი და იგივე პირი და ორივე მათგანს აქვს ერთი და იგივე პირადი ნომერი და მხოლოდ მექანიკურად დაშვებული შეცდომის გამო ხდება ცვლილება. ამ შემთხვევაში არ იცვლება არც მხარე და არც შინაარსი; 2. მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების გამოცემამდე ჩ–ს გადაკეთებული ჰქონდა გვარი და მიღებული ჰქონდა ახალი გვარი ჩ–ი. თუ მას გვარი შეცვლილი აქვს, თუნდაც განჩინების შემდეგ, მაშინ მან მის აღსასრულებლად უნდა წარადგინოს გვარის ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდება, რომ განჩინებაში და სააღსრულებო ფურცელში წარდგენილი პიროვნებები არიან ერთი და იგივე პირები. შესაბამისად, თუ გვარი შეცვლილი არ იყო განჩინების გამოცემამდე, მაშინ განჩინებაში შეცდომა არ დაშვებულა, რადგან მისი დამტკიცების დროს ნამდვილი გვარი ჩ–ი იყო და არა ჩ–ი. განჩინებიდან არ ირკვევა ერთი და იგივე პირზეა თუ არა საუბარი, ამასთან, მასში არც გვარის ცვლილებაზეა საუბარი. განჩინებაში არ არის დასაბუთებული, რატომ მივიდა მოსამართლე ამ გადაწყვეტილებამდე, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერება, რომლითაც გასწორდა მორიგების დამტკიცების თაობაზე იმავე სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებასა და აღნიშნული განჩინების საფუძველზე 2020 წლის 02 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა. კასატორი დავობს, რომ არ არსებობდა უსწორობის გასწორების საფუძვლები, მან მორიგების აქტი გააფორმა დ.ჩ–თან, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

18. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის ნორმატიული შინაარსი ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება ნიშნავს სასამართლოს მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომის გასწორებას და არა გადაწყვეტილებაში არსებითი სახის ცვლილების შეტანას. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. დასაშვებია მხოლოდ ისეთი შესწორებებისა და დაზუსტებების შეტანა, როგორიცაა, მაგალითად, მხარეთა გვარი, სახელი, თუ მხარე იურიდიული პირია - მისი სახელწოდების აღნიშვნა, ასევე, არითმეტიკული შეცდომები, რომლებმაც გამოიწვია გადასახდევინებელი თანხის ოდენობის აშკარად შემცირება ან გადიდება, მაგალითად, ციფრის დაკლება, რაც ისე ცვლის თანხის ოდენობას, რომ, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარად არ შეესაბამება მოთხოვნის ოდენობას (იხ. სუსგ საქმე Nას-636-597-2011, 24 ივნისი, 2011 წელი; Nას-1489-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, უსწორობის გასწორების ობიექტი არის მხოლოდ მცირე მნიშვნელობის მქონე ტექნიკური ხასიათის იმგვარი უზუსტობები, რომელთა გასწორებაც გავლენას ვერ ახდენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილ დავის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგზე (იხ. სუსგ საქმე Nას-1489-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).

20. წინამდებარე საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებაში და 2020 წლის 02 აპრილის სააღსრულებო ფურცელში დაშვებულია მექანიკური, ტექნიკური ხასიათის შეცდომა და მოსარჩელის გვარად ნაცვლად „ჩ–ისა“, მითითებულია „ჩ–ი“.

21. კერძოდ, წინამდებარე საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 13 ნოემბერს მოპასუხის მიმართ აღძრულ სარჩელში მოსარჩელის გრაფაში მოსარჩელის გვარად მითითებულია „ჩ–ი“ (პ.ნ. ......) და საქმეში არსებულ საპროცესო დოკუმენტებშიც მოსარჩელის იგივე გვარია აღნიშნული, მათ შორის, მორიგების დამტკიცების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებასა და 2020 წლის 02 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში, თუმცა საქმეში არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის გვარს წარმოადგენს „ჩ–ი“ და არა „ჩ–ი“. კერძოდ, სარჩელს ერთვის მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე დღით ადრე, 05.11.2018 წელს გაცემული მინდობილობა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 26), სადაც მოსარჩელის გვარად მითითებულია „ჩ–ი“ (პ.ნ. ........) და მოსარჩელის მიერ ხელმოწერაც იმავე გვარით არის შესრულებული; სარჩელს ასევე ერთვის მხარეთა შორის 12.06.2015წ. გაფორმებული შეთანხმება, სადაც მხარეთა ხელმოწერების გრაფაში მოსარჩელის გვარად მითითებულია „ჩ–ი“ და სწორედ ამ გვარით აქვს მასვე ხელი მოწერილი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 17-18); იგივე გვარია მითითებული სარჩელზე დართულ 24.07.2015წ., 28.10.2015წ., 14.09.2015წ., 09.10.2015წ. და 24.02.2016წ. სანოტარო აქტებზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19-23).

22. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებასა და აღნიშნული განჩინების საფუძველზე 2020 წლის 02 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოსარჩელის გვარის მიმართ დაშვებული უსწორობის გასწორების საფუძველი და ის მართებულად გასწორდა - აღნიშნულ საპროცესო დოკუმენტებში მოსარჩელის გვარად ნაცვლად „ჩ–ი“ მიეთითა „ჩ–ი“.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.ღ–ვას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე