საქმე №ას-485-2025
23 ივლისი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა.ჯ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ა–ვი,ნ.ა–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.ა–ვმა (შემდგომში – „პირველი მოსარჩელე“) და ნ.ა–მა (შემდგომში – „მეორე მოსარჩელე“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა.ჯ–ის (შემდგომში – „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2018 წლის 07 დეკემბერს ნოტარიუს შ.ბ–ის მიერ მოპასუხის სახელზე გაცემული N181487015 სამკვიდრო მოწმობა სამკვიდრო ქონების, მდებარე: თბილისი, ......., ს.კ. ........, ½ ნაწილი, 1/3 ნაწილში და მოსარჩელეები ცნობილ იქნენ აღნიშნული ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრეებად.
4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული 05.07.2024წ. სხდომის ოქმით (ს.ფ. 162-164) დასტურდება, რომ აპელანტი (მოპასუხე) ესწრებოდა 05.07.2024წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესოს კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აპელანტისთვის და მისი წარმომადგენლისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 06.08.2024 წელს და ამოიწურა 19.08.2024 წელს. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 17.10.2024 წელს (იხ. ს.ფ. 180), ანუ დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
7. სააპელაციო პალატამ მოპასუხის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე საქმეში არსებულ ხელწერილთან (იხ. ს.ფ. 179) დაკავშირებით დამატებით აღნიშნა, რომ 05.07.2024წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა თავად აპელანტი (მოპასუხე), შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. სასამართლოსთვის გადაწყვეტილების მომზადების 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 06.07.2024წ.-დან და ამოიწურა 05.08.2024 წელს. ამ დროის შუალედში მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის გზით ნებისმიერ დროს ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუმცა აღნიშნულ ფაქტს აპელანტის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო არა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან (07.10.2024წ.), არამედ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს (06.08.2024წ).
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1, 2591.1, 374.1 მუხლებით და ვინაიდან დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, მიიჩნია, რომ სახეზე იყო მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.
10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტმა და მისმა წარმომადგენელმა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-დან 30 დღის ვადაში არაერთხელ მიმართეს სასამართლოს განჩინების ჩაბარების მოთხოვნით, თუმცა გადაწყვეტილება მზად არ იყო, რის გამოც ამ პერიოდში გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ მოხერხდა. მოპასუხეს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2024 წლის 07 ოქტომბერს და გასაჩივრდა დადგენილ ვადაში - 2024 წლის 17 ოქტომბერს; მოპასუხე ერთხელ ტელეფონით, ხოლო ერთხელ ადგილზე მისვლით ესაუბრა თანაშემწეს, რომელმაც განუცხადა, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო, ხოლო როცა მზად იქნებოდა შეატყობინებდნენ მას ან მის წარმომადგენელს. მოპასუხის კითხვაზე - ხომ არ იყო ამისათვის რაიმე სახის წერილობითი განცხადება საჭირო, უთხრა უარი. ამასთან, როდესაც მოპასუხემ იკითხა - ვადის გაშვებაში ხომ არ ჩაეთვლებოდა, თანაშემწემ უთხრა - არა, ამაზე საქმეში ჩაიდება შესაბამისი ცნობაო. გარდა ამისა, მოპასუხის წარმომადგენელი რამდენჯერმე დაუკავშირდა თანაშემწეს და იგივე პასუხი მიიღო, რომ გადაწყვეტილება მზად არ იყო; კერძო საჩივარზე დართული სმს შეტყობინებიდან ნათელია, რომ სასამართლოს არ ჰქონდა მოპასუხისათვის გადაწყვეტილება გაგზავნილი 2024 წლის 03 ოქტომბრისთვის, თუმცა განუმარტეს, რომ ვადაში იყო გადაწყვეტილება ატვირთული და არ ჰქონდათ მისი გაგზავნის ვალდებულება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით, მისი განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
15. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილ ვადაში. კერძოდ, მისი მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში არ მოუმზადებია. მოპასუხემ და მისმა წარმომადგენელმა, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, არაერთხელ განახორციელეს სასამართლოსთან კომუნიკაცია, თუმცა მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, რადგან, მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, გადაწყვეტილება მზად არ იყო. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს მისი ჩაბარებიდან.
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
17. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.
18. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად: „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“ (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-843-807-2014, 12 იანვარი, 2015 წელი; Nას-1377-2022, 06 დეკემბერი, 2022 წელი).
19. ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მომდევნო დღეს დაიწყება (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წელი; Nას1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი; Nას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წელი).
20. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას დაესწრო და აღნიშნული მომენტიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა ვერ ჩაიბარა იგი სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის გამო, უფლებამოსილია, წერილობითი მოთხოვნით მიმართოს აღნიშნულ სასამართლოს. მას შემდეგ, რაც სასამართლო კანცელარიაში დარეგისტრირდება ამგვარი წერილობითი განაცხადი, სასამართლო მოვალეა, შესაბამისი მოხელის სახით, რეაგირება მოახდინოს მხარის მოთხოვნაზე და დააფიქსიროს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის. ამ დროს მხარე თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამგვარ შემთხვევებში მხარის უფლებების დაცვას (იხ. სუსგ საქმე Nას-204-194-2016, 30 მარტი, 2016 წელი).
21. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ წინამდებარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2024 წლის 05 ივლისს; სადავო არ არის, რომ მოპასუხე ესწრებოდა აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას; სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ მოპასუხეს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში წერილობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით; ამასთან, არც საქმის მასალებიდან ირკვევა და არც კერძო საჩივრის ავტორს წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ვადაში არ იყო მომზადებული.
22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას გადაწყვეტილების მომზადების/ჩაბარების თაობაზე მოსამართლის თანაშემწესთან კომუნიკაციის განხორციელების თაობაზე, ვინაიდან მას აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, თუმცა, აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაშიც, საკასაციო სასამართლოს დადგენილი ზემოაღნიშნული პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლოს მხოლოდ მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე წარმოეშობა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისთვის გაგზავნის ვალდებულება და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში თავისუფლება გასაჩივრების უფლების მქონე მხარე სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან. თანაც, ასეთი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი უნდა იყოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღის ვადაში.
23. რაც შეეხება კერძო საჩივარზე დართულ ამონარიდს მოპასუხის წარმომადგენლის მოკლეტექსტური შეტყობინებებიდან, საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტიდან არ იკვევა კონკრეტულად ვისთან აქვს მოპასუხის წარმომადგენელს მიმოწერა განხორციელებული, თუმცა, კერძო საჩივრის ავტორის მითითების გაზიარების შემთხვევაშიც, რომ აღნიშნული მოსამართლის თანაშემწესთან შედგა, მიმოწერა 2024 წლის 03 ოქტომბერს, ანუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან თითქმის სამი თვის შემდგომ არის განხორციელებული და მასში მითითებულია შემდეგი: „მდივანმა ვადაში ატვირთა და გაგზავნის ვალდებულება არ გვაქვსო, სასამართლოში ჩაიბარეთ ბატონო მანუჩარ“, აღნიშნული კი, არათუ ადასტურებს, არამედ უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვადაში მოუმზადებლობის თაობაზე.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
25. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ მოპასუხე ესწრებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 05 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, თუმცა მას სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღის ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. შესაბამისად, მისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს, ანუ 2024 წლის 05 აგვისტოს და ამოიწურა იმავე წლის 19 აგვისტოს. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2024 წლის 17 ოქტომბერს, გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
27. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.ჯ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიზო უბილავა
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე