საქმე №ას-872-2025 29 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – შპს „დ.დ.,“ ბ.ძ–ი
მოწინააღმდეგე მხარეები – სს „ბ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, გირავნობის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „ბ. ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების - შპს „დ.დ–ისა“ და ბ.ძ–ის მიმართ თანხის დაკისრებისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ბ.ბ–ის“ სარჩელი ბ.ძ–ისა და შპს „დ.დ–ის“ მიმართ თანხის დაკისრებისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე ბ.ძ–ს სს „ბ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის 29 სექტემბრის №609.2288076.001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 60 291.28 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია - 52 404.30 ლარი, პროცენტი - 5 969.83 ლარი, პირგასამტეხლო - 1 917.15 ლარი. მოპასუხე ბ.ძ–ს სს „ბ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის 01 ივლისის №67503.2288076.001 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 58 700.66 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია - 47 616.00 ლარი, პროცენტი - 5 725.94 ლარი, პირგასამტეხლო - 5 358.72 ლარი. დაკისრებული თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხე შპს „დ.დ–ის“ სახელზე რეგისტრირებული გირავნობის ხელშეკრულებების №609.09.609.2288076.001/01 და №67503.09.67503.2288076.001/01 საფუძველზე დატვირთული მოძრავი ქონებების - მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციით, რომელთა მახასიათებლებია: სანომრე ნიშანი - ...., მარკა მოდელი - LAND ROVER RANGE ROVER EVOQUE, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2020, საიდენტიფიკაციო ნომერი - ........, რეგისტრაციის მოწმობის ნომერი - ......; სანომრე ნიშანი - ......., მარკა მოდელი -მერსედეს-ბენც GL 550, ფერი - რუხი 1/8, გამოშვების წელი - 2013, საიდენტიფიკაციო ნომერი - 4J ......., რეგისტრაციის მოწმობის ნომერი - .......; იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების დასაფარად ან ვერ მოხდება გირავნობის საგნის მოძიება, მაშინ აღსრულება გაგრძელდეს ბ.ძ–ის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „დ.დ–მა,“ ბ.ძ–მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 თებერვლის განჩინებით ბ.ძ–ისა და შპს „დ.დ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „დ.დ–მა,“ ბ.ძ–მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით შპს „დ.დ.ისა“ და ბ.ძ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს მიეცათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 5950 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.
2025 წლის 7 ივლისს შპს „დ.დ–ის“ დირექტორმა ი.ლ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.
საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით შპს „დ.დ–ის“ დირექტორ ი.ლ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
2025 წლის 21 ივლისს შპს „დ.დ–ის“ წარმომადგენელმა მ.წ–მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ საფუძვლით, რომ კომპანია იმყოფება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არ აქვს საშუალება გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „დ.დ–ისა“ და ბ.ძ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით შპს „დ.დ–ისა“ და ბ.ძ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 5950 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. კასატორებს, შპს „დ.დ–ის“ დირექტორ ი.ლ–ძის შუამდგომლობის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით, შპს „დ.დ–ის“ დირექტორ ი.ლ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
2025 წლის 21 ივლისს შპს „დ.დ–ის“ წარმომადგენელმა მ.წ–მა კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა კასატორებს უკვე ორჯერ განემარტათ, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაამტკიცონ, რომ მათ მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო, არა აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ სახელმწიფო ბაჟი. მოცემულ შემთხვევაში ასეთი მტკიცებულებები კასატორების მიერ წარმოდგენილი არ არის, ამიტომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ მუხლი 5), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
მოცემულ შემთხვევაში კასატორებს მიეცათ გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მათ არ განახორციელეს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „დ.დ–ის“ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „დ.დ–ისა“ და ბ.ძ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი