Facebook Twitter

საქმე №ას-310-2025 17 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.გ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს „დ.გ–ა“-სა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მერია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 04 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დადგინდა, რომ განახევრდეს მოსარჩელისთვის მერიის მიერ 2021 წლის 10 მარტის №18 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 18 622,77 ლარი და პირგასამტეხლოდ განისაზღვროს 9311,28 ლარი; მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელეზე შესრულებული სამუშაოს გადაუხდელი, პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხის ნახევრის - 9311,28 ლარის ანაზღაურება.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2021 წლის 10 მარტს მერიასა (დამკვეთი) და მოსარჩელე კომპანიას (შემსრულებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №18, №AT210000749 ხელშეკრულება;

2.2. აღნიშნული ხელშეკრულებით, შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა სოფელ ........საჯარო სკოლის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები;

2.3. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების განხორციელების ვადად განისაზღვრა 70 კალენდარული დღე;

2.4. ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებად კი განისაზღვრა 61 140,41 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;

2.5. ხელშეკრულების 8.3. ბ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ყოველი ეტაპის ჩაბარების ვადას გადააცილებდა შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადას, დაეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეტაპის ღირებულების 0,3%-ის ოდენობით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 23-30);

2.6. 2021 წლის 12 აპრილის №1 ურთიერთშეთანხმების აქტის თანახმად, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2021 წლის 10 მარტს გაფორმებული №18 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას, ცვლილება შევიდა სამუშაოს შესრულების ეტაპებში. I ეტაპით განსაზღვრული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ის სამუშაოების შესრულების ვადად დადგინდა 2021 წლის 27 აპრილი, ხოლო II ეტაპით განსაზღვრული სახელშეკრულებო ღირებულების 50%-ის სამუშაოების შესრულების ვადად - 2021 წლის 28 აპრილიდან 2021 წლის 19 მაისის ჩათვლით პერიოდი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 31);

2.7. მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტების საფუძველზე, პროექტის ხარვეზებისა და კოვიდ-პანდემიის გამო, რამდენჯერმე განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2021 წლის 10 მარტს გაფორმებული №18 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, ცვლილება შევიდა ხელშეკრულების მოქმედებისა და სამუშაოების შესრულების ვადებში, ცვლილება შევიდა ხელშეკრულების ღირებულებაში და ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებად განისაზღვრა 59 866,31 ლარი. ამასთანავე, ამავე შეთანხმების მიხედვით, შემსყიდველმა წარადგინა პროექტის ცვლილება, რომლითაც მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ობიექტზე სამუშაოები. მხარეთა შეთანხმებით საბოლოოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 16 აგვისტო (იხ. ტომი 1, ს.ფ. 32-76);

2.8. 2021 წლის 02 ივლისის №1 მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........საჯარო სკოლის მიმდებარედ სკვერის მოწყობის პირველი ეტაპის ღირებულებამ შეადგინა 30051,17 ლარი;

2.9. მხარეთა შორის 2021 წლის 27 ივლისს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........საჯარო სკოლის მიმდებარედ სკვერის მოწყობის მეორე ეტაპის ღირებულებამ შეადგინა 20922,46 ლარი;

2.10. მხარეთა შორის 2021 წლის 20 აგვისტოს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ........საჯარო სკოლის მიმდებარედ სკვერის მოწყობის დარჩენილი ნაწილის ღირებულებამ შეადგინა 7148,99 ლარი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 100-102, 134, 168);

2.11. 2021 წლის 02 ივლისის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის პირველი ეტაპის ვადაგადაცილებამ შეადგინა 68 დღე - 6236,28 ლარი, ხოლო მეორე ეტაპის ვადაგადაცილებამ 44 დღე - 4035,24 ლარი, ჯამში ჯარიმის ოდენობამ შეადგინა 10 271,52 ლარი;

2.12. 2021 წლის 27 ივლისის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებამ შეადგინა 67 დღე - 6015,93 ლარი;

2.13. 2021 წლის 20 აგვისტოს მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებამ შეადგინა 26 დღე - 2335,32 ლარი;

2.14. პირგასამტეხლოს თანხის დაქვითვა განხორციელდა მომსახურების ღირებულებიდან;

2.15. ხელშეკრულების 8.3 პუნქტიდან გამომდინარე, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენდა 18 622,77 ლარს, რაც დაექვითა შემსრულებელს შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 98, 128, 161);

2.16. მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ფაქტობრივად დაასრულა 2021 წლის 12 აგვისტოს, რაც ჩაიბარა დამკვეთმა და სამუშაოების შესრულების ხარისხზე რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს (იხ. ტომი 1, ს.ფ. 102).

3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 629.1 და 420-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაკისრებული პირგასამტეხლოს 18 622,77 ლარის 1230 ლარამდე შემცირებას და მის მიერ შესრულებული და მოპასუხის მიერ აუნაზღაურებელი შეთანხმებული საზღაურიდან სხვაობის - 17 392,77 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას. მოპასუხე მხარის მტკიცებით კი, სადავო თანხა დააკავა პირგასამტეხლოს ანგარიშში, სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, მართალია, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა ისეთ ვითარებაში, როდესაც შემსრულებელს სრულად აქვს შესრულებული ვალდებულება და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე შემსყიდველი არ დავობს, ამასთან, არ დგინდება ვალდებულების დაგვიანებით შესრულების გამო, ზიანის წარმოშობის ფაქტი, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს (18 622,77 ლარი) განახევრება და მისი 9311,28 ლარით განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფდა დამკვეთის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ შემსრულებელს დაკისრებოდა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთგვარი სანქცია. ამ ოდენობით პირგასამტეხლო გონივრული იყო და არ იწვევდა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

6.1. თუ უდავოა მოსარჩელის მიერ შესრულების ვადაგადაცილება, მაშინ რატომ შეამცირა სასამართლომ პირგასამტეხლო;

6.2. დაკისრებული პირგასამტეხლოს პროცენტი შეთანხმებული იყო მხარეთა შორის, ამასთან, არც ვადაგადაცილების პერიოდი და არც შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობა არ იყო ისეთი უმნიშვნელო, რაც სასამართლოს ამგვარი მინიმალური პირგასამტეხლოს დაკისრების უფლებამოსილებას მისცემდა;

6.3. ამასთან, არაგონივრულია მეწარმე სუბიექტებისთვის არსებობდეს მოლოდინი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლო მხარეთა ნების ავტონომიის საფუძველზე შეთანხმებულ პირგასამტეხლოს შეამცირებს, ვინაიდან აღნიშნული მოლოდინი ქმნის ხელშეკრულების შესრულების პრევენციის შეუძლებლობას;

6.4. კონკრეტული პროექტის დათქმულ ვადაში შესრულება შედის როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს ინტერესში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

11. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.

12. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].

13. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი ფორმით შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალით არ არის განპირობებული (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვ. 92-93).

14. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ შემსრულებელმა დაარღვია ცალკეული ეტაპების შესრულების ვადები, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო ჯამში 18622,77 ლარის ოდენობით.

15. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

16. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

17. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ, კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).

18. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ საქმე №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

19. საკასაციო სასამართლო უპასუხებს კასატორის პრეტენზიას მოსარჩელის მეწარმე სუბიექტის სტატუსთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში მეწარმე იურიდიული პირის მონაწილეობა არ გულისხმობს იმას, რომ მის მიმართ გამორიცხულია სასამართლომ გამოიყენოს სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი).

20. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით აღძრულია თავად მეწარმე სუბიექტის მიერ, რომელიც საკუთარ მოთხოვნას ამყარებს იმ არგუმენტაციით, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოების შესრულების დაგვიანება გამოწვეული იყო მოპასუხის მიერ პროექტის დაგვიანებით წარდგენით.

21. დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების აქტების საფუძველზე, პროექტის ხარვეზებისა და კოვიდ პანდემიის გამო, რამდენჯერმე განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2021 წლის 10 მარტს გაფორმებული №18 ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა, ცვლილება შევიდა ხელშეკრულების მოქმედებისა და სამუშაოების შესრულების ვადებში, ცვლილება შევიდა ხელშეკრულების ღირებულებაში და ხელშეკრულების ჯამურ ღირებულებად განისაზღვრა 59 866,31 ლარი. ამასთანავე, ამავე შეთანხმების მიხედვით, შემსყიდველმა წარადგინა პროექტის ცვლილება, რომლითაც მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ობიექტზე სამუშაოები. მხარეთა შეთანხმებით საბოლოოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 16 აგვისტო (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7 ქვეპუნქტი).

22. უდავოა ისიც, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ფაქტობრივად დაასრულა 2021 წლის 12 აგვისტოს, რაც ჩაიბარა დამკვეთმა და სამუშაოების შესრულების ხარისხზე რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.16 ქვეპუნქტი).

23. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმ ვითარებაში, როდესაც შემსრულებელს სრულად აქვს შესრულებული ვალდებულება და შესრულებული სამუშაოების ხარისხზე შემსყიდველი არ დავობს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს (18 622,77 ლარი) განახევრების შედეგად, მისი 9311,28 ლარით განსაზღვრა სრულად უზრუნველყოფს დამკვეთის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას. გამომდინარე აქედან, მართებულია სსკ-ის 629-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ანგარიშში უსაფუძვლოდ დაკავებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 9311,28 ლარის მენარდისთვის ანაზღაურება.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე