საქმე №ას-1514-2024 4 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.წ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
II საკასაციო საჩივრის ავტორები – კ.წ–ძე, ც.წ–ძე (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა....“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
III საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა....“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ე.წ–ძე, კ.წ–ძე, ც.წ–ძე (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება
I საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
II საკასაციო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
III საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება (ძირითად სარჩელში), უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა....“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; კ.წ–ძის (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“), ე.წ–ძის (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“), ც.წ–ძის (შემდგომში - „მესამე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოსარჩელეები“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხეები“) სარჩელი მოპასუხე კომპანიის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე კომპანიას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 19 370,81 ლარის გადახდა; მოპასუხე კომპანიას მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა ასევე სარჩელის აღძვრიდან - 2021 წლის 05 აგვისტოდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე სესხის ნარჩენ ძირ თანხაზე 19 370,81 ლარზე წლიური 39,6%-ის სარგებლის გადახდა; მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 04 ივნისს, ერთი მხრივ, ფიზიკურ პირებს: პირველ მოსარჩელეს, მ.წ–ძესა (გამსესხებლები) და, მეორე მხრივ, შპს „ვ-ბ–ს“ (დირექტორი მ.რ–ძე) (მსესხებელი) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად:
2.1.1. ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად, გამსესხებლები იღებდნენ ვალდებულებას მიეცათ სესხი მსესხებლისათვის, ხოლო მსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, შესაბამისი სარგებლით, დაებრუნებინა სესხი გამსესხებლისათვის (1.1 პუნქტი);
2.1.2. სესხის ოდენობა იყო 150 000 ლარი (1.2 პუნქტი);
2.1.3. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 39,6%-ით (1.3 პუნქტი);
2.1.4. სესხის ვადა შეადგენდა 3 თვეს (1.4 პუნქტი);
2.1.5. სესხი უნდა დაბრუნებოდა ვადის გასვლისთანავე, ხოლო პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმდებოდნენ სესხისა და პროცენტის დაბრუნების განსხვავებულ გრაფიკზე, მხარეთა მიერ ხელმოწერილი გრაფიკი დაერთვებოდა წინამდებარე ხელშეკრულებას (1.5 პუნქტი);
2.1.6. სესხის გაცემით მიღებული პროცენტის განაწილება გამსესხებლებს შორის მოხდებოდა ურთიერთშორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად (1.6 პუნქტი);
2.1.7. სესხის გაცემა მოხდებოდა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ნაღდი ან საბანკო ანგარიშსწორებით (2.1 პუნქტი);
2.1.8. სესხის თანხის ნაღდი ფულით მიღების შემთხვევაში, უნდა შედგენილიყო თანხის გადაცემის ხელწერილი ან მსესხებელს სხვაგვარად ხელმოწერით უნდა დაედასტურებინა თანხის ფაქტობრივად მიღება (2.2 პუნქტი);
2.1.9. თანხის გადაცემის ან/და ჩარიცხვის მომენტიდან გამსესხებლების მიერ სესხის მიცემის ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლებოდა. იმ შემთხვევაში, თუ გაცემული იყო სესხის მხოლოდ ნაწილი, საპროცენტო სარგებელი დაერიცხებოდა მხოლოდ ფაქტობრივად გაცემულ სესხის თანხას (2.3 პუნქტი);
2.1.10.თუ გავიდოდა სესხით სარგებლობის ვადა და მსესხებელი მაინც არ დააბრუნებდა გამსესხებლების სესხის ძირ თანხას, მაშინ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გაგრძელდებოდა სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებამდე. სესხის ხელშეკრულების მოქმედება ავტომატურად შეწყდებოდა გამსესხებლების შპს „ვ-ბ–ის“ დამფუძნებლებად რეგისტრაციის მომენტიდან (2.4 პუნქტი);
2.1.11.ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებდა მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე (5.1 პუნქტი) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 18-20);
2.2. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოვალეს გადაეცა სესხის თანხა 100 000 ლარის ოდენობით, ორ ეტაპად - 50 000 ლარი და 50 000 ლარი;
2.3. მხარეთა შორის ასევე სადავო არ არის და საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ვ-ბ–ის“ სალაროს შემოსავლების ორდერებითაც დასტურდება ის გარემოება, რომ 01.07.2015წ.-დან 05.11.2018წ. ჩათვლით, პირველი მოსარჩელისა და მურად წ–ძისთვის ჯამში გადახდილია 207 566 ლარი, დანიშნულებით - „სესხად აღებულ თანხაზე პროცენტის გადახდა“, კერძოდ:
2.3.1. 01.07.2015წ. – 5172,50 ლარი;
2.3.2. 20.08.2015წ. – 5295 ლარი;
2.3.3. 01.09.2015წ. – 6231 ლარი;
2.3.4. 01.10.2015წ. – 5000 ლარი;
2.3.5. 01.11.2015წ. – 5000 ლარი;
2.3.6. 01.12.2015წ. - 5000 ლარი;
2.3.7. 30.12.2015წ. - 5000 ლარი;
2.3.8. 02.05.2016წ. - 5000 ლარი;
2.3.9. 02.06.2016წ. - 5000 ლარი;
2.3.10.02.07.2016წ. - 5000 ლარი;
2.3.11.02.08.2016წ. - 5230 ლარი;
2.3.12.02.09.2016წ. - 5057 ლარი;
2.3.13.02.10.2016წ. - 5000 ლარი;
2.3.14. 02.11.2016წ. - 5000 ლარი;
2.3.15.30.11.2016წ. - 5000 ლარი;
2.3.16.30.12.2016წ. - 5000 ლარი;
2.3.17.02.02.2016წ. - 5000 ლარი;
2.3.18.03.03.2016წ. - 5000 ლარი;
2.3.19. 02.04.2016წ. - 5000 ლარი;
2.3.20.02.02.2017წ. - 5000 ლარი;
2.3.21. 03.03.2017წ. - 5000 ლარი;
2.3.22.04.04.2017წ. - 5000 ლარი;
2.3.23.03.05.2017წ. - 5000 ლარი;
2.3.24.02.06.2017წ. - 5000 ლარი;
2.3.25.03.07.2017წ. - 5135,40 ლარი;
2.3.26.03.08.2017წ. - 5240 ლარი;
2.3.27.03.09.2017წ. - 5205 ლარი;
2.3.28.03.10.2017წ. - 5000 ლარი;
2.3.29.03.11.2017წ. - 5000 ლარი;
2.3.30.03.12.2017წ. - 5000 ლარი;
2.3.31.30.12.2017წ. - 5000 ლარი;
2.3.32.02.02.2018წ. - 5000 ლარი;
2.3.33. 03.03.2018წ. - 5000 ლარი;
2.3.34.03.04.2018წ. - 5000 ლარი;
2.3.35.03.05.2018წ. - 5000 ლარი;
2.3.36.04.06.2018წ. - 5000 ლარი;
2.3.37.04.07.2018წ. - 5000 ლარი;
2.3.38.03.08.2018წ. - 5000 ლარი;
2.3.39.03.09.2018წ. - 5000 ლარი;
2.3.40.04.10.2018წ. - 5000 ლარი;
2.3.41. 05.11.2018წ. - 5000 ლარი (ბოლო გადახდა) (იხ. ტომი 1, ს.ფ. 212-253);
2.4. 2020 წლის 11 თებერვალს შპს „ვ ბ–მა“ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს „ა....“. პარტნიორთა გადაწყვეტილებით, დირექტორი მ.რ–ძე გათავისუფლდა თანამდებობიდან და დირექტორად დაინიშნა პ.ლ–ი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 34-38, 83-119, 190-192, 196);
2.5. მურადი წ–ძე გარდაიცვალა 03.08.2020 წელს და 09.02.2021წ. მისმა მემკვიდრეებმა - მოსარჩელეებმა მიიღეს მისი დანაშთი სამკვიდრო ქონება და, შესაბამისად, ეს პირები ჩაერთვნენ საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლეებად (იხ. ტომი 1, ს.ფ. 15-17);
2.6. პირველი მოსარჩელის განცხადების საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 21.02.2022წ. გამოძიებაში მიცემულ შპს „ვ-ბ–ის“ დირექტორის მ.რ–ძის ჩვენებაში მითითებულია, რომ სს ,,ს.ბ–ის“ ფილიალში მოპასუხე კომპანიამ პირველი მოსარჩელისა და მ.წ–ძისაგან სრულად მიიღო 100 000 ლარი, მანამდე მიღებული ჰქონდა 50 000 ლარი. ამდენად, სანოტარო ბიუროში მისვლის მომენტისათვის მოპასუხე კომპანიას სრულად ჰქონდა ათვისებული პირველი მოსარჩელისა და მ.წ–ძისაგან სესხად გაცემული 150 000 ლარი და ამის შემდეგ მოახდინეს ფაქტობრივად ათვისებულ თანხაზე სესხის ხელშეკრულების გაფორმება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 205-207);
2.7. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ.რ–ძის ჩვენების თანახმად:
2.7.1. „შპს ,,ვ-ბ–ში“ (მოპასუხე კომპანია) ჯერ მუშაობდა დისტრიბუტორად, შემდეგ იყო მისი დირექტორი. ფაქტიურად ის იყო ფორმალური დირექტორი, რადგან კ.გ–ი და ზ.ა–ძე იყვნენ წილის მფლობელებიც და მმართველებიც. დირექტორობას დათანხმდა ისე, რომ არც იცოდა, თუ რაიმე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. ნოტარიუსთან სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროსაც მათთან ერთად იყო. საუბარი იყო 150000 ლარზე, ხელიც მოაწერეს ხელშეკრულებას. ეს თანხა გამიზნული იყო პროდუქციის შემოსატანად ქარხანაში. მისთვის ცნობილია 100 000 ლარის მიღებისა და გადარიცხვის ფაქტი ამ მიზნით, ხოლო მესამე 50000 ლარის შესახებ არაფერი იცის და არც დაინტერესებულა. არც 150000 ლარის კომპანიის მიერ ათვისების თაობაზეა მისთვის რამე ცნობილი. სავარაუდოდ, 2019 წელს წამოვიდა კომპანიიდან. პროცენტის თანხაც შეჰქონდა სხვადასხვა ოდენობით, რა თანხასაც მისცემდნენ კომპანიის ძირითადი მფლობელები, ხან 3000 ლარი, ხან 5000 ლარი, ნავაჭრი თანხიდან ნაწილს აძლევდა წ–ძეებს, ნაწილი შეჰქონდა ბანკში“ (იხ. მოწმის ჩვენება, 16:18-01სთ.-16:23:14 სთ., ტ. 2, 2024 წლის 15 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 227-265);
2.7.2. მხარის წარმომადგენლის - კ.კ–ძის შეკითხვაზე: - „თუ თქვენ ამბობთ, რომ იცით 100 000 ლარი მიიღო კომპანიამ, მაშინ რით ხსნით იმას, რომ თქვენ თქვით 150 000 ლარი აითვისა „ვ ბ–მა“, რაც მიცემული გაქვთ მოკვლევის ეტაპზე?“ - მოწმე მ.რ–ძე პასუხობს: - „სანამ გამომძიებელი დამიბარებდა, კ–მ (წ–ძემ) დამიბარა და შემხვდა ოფისში და კ–სგან ვიცოდი, რომ 150 000 ლარი მიიტანა, მაგრამ მე რაზედაც ხელი მოვაწერე ეს იყო: ერთ დოკუმენტზე - 50 000-ზე და მეორე - 50 000 ლარზე მხოლოდ“ (იხ. მოწმის ჩვენება, 16:23-:22სთ. – 16:23:35 სთ., ტ. 2, 2024 წლის 15 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 227-265);
2.7.3. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოწმე მ.რ–ძის (მოპასუხე კომპანიის ყოფილი დირექტორის) მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით არ დასტურდება მოპასუხე საწარმოს მიერ 150 000 ლარის ათვისების (მიღების) ფაქტი. მოწმემ ჩვენებაში დაადასტურა საწარმოს მიერ 100 000 ლარის ათვისების (მიღების) ფაქტი, ხოლო მის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ: „150 000 ლარის მიღებასთან“ დაკავშირებით, გარკვევით მიუთითა, რომ აღნიშნული ინფორმაცია გამომძიებელთან შეხვედრამდე მას მიაწოდა პირველმა მოსარჩელემ და სწორედ მის მიერ ნათქვამი ინფორმაცია დააფიქსირა გამომძიებელთან, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მან, როგორც საწარმოს დირექტორმა, მიიღო ეს თანხა და შესაბამისად, დაადასტურა ამ ოდენობით საწარმოს მიერ თანხის ათვისება (იხ. მოწმის ჩვენება, 16:18:01სთ. – 16:23:35 სთ., ტ. 2, 2024 წლის 15 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 227-265);
3. სააპელაციო პალატამ მოსარჩელეთა სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 623-ე, 624-ე, 625.1, 394.1, 403.1, 408.1, 409-ე, 411-ე მუხლებზე, ხოლო შეგებებული სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად - სსკ-ის 976.1 „ა“ და 979.1 მუხლებზე. პალატის მითითებით, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოება, რომ შპს „ვ-ბ–მა“ (მოპასუხე კომპანიამ) პირველი მოსარჩელისა და მ.წ–ძისაგან ისესხა 100 000 ლარი. მხარეთა შორის სადავო იყო დამატებით 50 000 ლარის სესხად აღების ფაქტი.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების შინაარსის თანახმად, სესხის ოდენობა (ლიმიტი) განისაზღვრა 150 000 ლარით. მხარეებმა, სამოქალაქო სამართალში მოქმედი კერძო ავტონომიის ფარგლებში, თავად შეათანხმეს სესხის თანხის გაცემა/გადაცემა ორი გზით - ნაღდი ან საბანკო ანგარიშსწორებით. უდავოა, რომ სესხის თანხა მოვალეს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით არ გადასცემია, მას სესხის თანხა გადაეცა ნაღდი ანგარიშსწორებით (ხელზე). მოვალე კი ადასტურებს მხოლოდ 100 000 ლარის სესხად აღების ფაქტს. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, სესხის თანხის ნაღდი ფულით მიღების შემთხვევაში, უნდა შედგენილიყო თანხის გადაცემის ხელწერილი ან მსესხებელს სხვაგვარად ხელმოწერით უნდა დაედასტურებინა თანხის ფაქტობრივად მიღება, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო. ამდენად, ამ გზით მოვალეზე დამატებით 50 000 ლარის გადაცემის ფაქტი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რაც დავის განმხილველ სასამართლოს უსპობდა შესაძლებლობას მატერიალურ ნორმაზე (624-ე) და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ძირითადი მტკიცებულების - მოწმის ჩვენების კვალდაკვალ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეეფასებინა, ნამდვილად მოხდა თუ არა სადავო სესხის თანხის - 50 000 ლარის მსესხებლისთვის გადაცემა. სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ვერ შეფასდებოდა „მოწმის ჩვენება თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე“ ასევე იმის გამო, რომ ასეთი მტკიცებულება, სადაც მოწმე მიუთითებდა სადავო თანხის მსესხებლის მიერ მიღებაზე, საქმეში არ მოიპოვებოდა. ამასთან, კრედიტორმა სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე სარწმუნოდ ვერ მიუთითა, კონკრეტულად თუ სად და რა ვითარებაში გადასცა მოვალეს სადავო სესხის თანხა (იხ. 12.08.2024 წლის სხდომის ოქმი).
5. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ შპს „ვ-ბ–ის“ სალაროს შემოსავლის ორდერებზე, რომლითაც დასტურდება, რომ 01.07.2015წ.-დან 05.11.2018წ. ჩათვლით, პირველი მოსარჩელისა და მ.წ–ძისათვის ჯამში გადახდილია 207 566 ლარი, დანიშნულებით - „სესხად აღებულ თანხაზე პროცენტის გადახდა“. თუმცა, აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საწარმო ყოველთვიურად 5000-6000 ლარის ოდენობით პროცენტს გადასცემდა მოვალეებს, რაც თანხობრივად არ შეესაბამებოდა სესხის თანხის 150 000 ლარის წლიურ 39,6%-ს, ვინაიდან 150 000 ლარის წლიური 39,6% შეადგენს 4882,19 (150000x39,6/100/365x30=4882,19) ლარს. შესაბამისად, კრედიტორის ის მტკიცება, რომ აღნიშნულ სალაროს შემოსავლების ორდერებში მითითებული გადახდები მათი ოდენობის გათვალისწინებით ადასტურებდა სესხის თანხის, ჯამში 150 000 ლარის გადაცემას, სასამართლომ არ გაიზიარა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ იყო თანხის გადაცემის ფაქტიც.
6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კრედიტორი სადავო სესხის თანხის გადაცემის დასადასტურებლად მიუთითებდა შპს „ვ-ბ–ის“ დირექტორის მ.რ–ძის ჩვენებაზე. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მ.რ–ძემ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა კომპანიის მიერ ჯამში 150 000 ლარის „ათვისების“ ფაქტი, თუმცა, შემდგომში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში უარყო აღნიშნული გარემოება და დაადასტურა კომპანიის მიერ მხოლოდ 100 000 ლარის სესხად აღების ფაქტი, ამასთან, განმარტა მის მიერ მოკვლევის ეტაპზე მიცემულ ჩვენებას თუ რა უძღვოდა წინ (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7 ქვეპუნქტი).
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარეს აქვს შესაძლებლობა კითხვები დაუსვას ახსნა-განმარტების მიმცემ პირებს, გამოიკვლიოს მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოადგინოს საწინააღმდეგო მტკიცებულებები. აღნიშნული წარმოადგენს შეჯიბრებითობის პრინციპის სრული რეალიზების საშუალებას, რის გამოც სასამართლო სხდომაზე მოწმის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემის პირობებში, გამოძიებაში მიცემულ მის ჩვენებას უპირატესობა ვერ მიენიჭება. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 624-ე მუხლით, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამდენად, აღნიშნული კანონისმიერი ჩანაწერის პირობაც დაცული არ არის, რაც მოწმის მიერ სასამართლო სხდომაზე სადავო ფაქტის არდადასტურების პირობებში გამორიცხავდა სადავო 50 000 ლარიდან გამომდინარე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა კრედიტორის მიერ მოვალეზე სადავო 50 000 ლარის გადაცემის ფაქტი, რაც სსკ-ის 623-ე მუხლის საფუძველზე გამორიცხავდა მის დაბრუნებას.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოვალეს გადაეცა სესხის თანხა, ჯამში 100 000 ლარის ოდენობით, წლიური 39,6%-იანი სარგებლით. უდავოა, რომ 01.07.2015წ.-დან 05.11.2018წ. ჩათვლით, პირველი მოსარჩელისა და მ.წ–ძისათვის, ჯამში, გადახდილია 207 566 ლარი, დანიშნულებით - „სესხად აღებულ თანხაზე პროცენტის გადახდა“. უდავოა, რომ 100 000 ლარის წლიური სარგებელი იყო 39,6%, რაც მხარეთა შეთანხმებით მოვალეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა და რაც თანხობრივად ყოველთვიურად შეადგენდა 3254,79 (100000x39,6%/100/365x30=3254,79) ლარს. შესაბამისად, მოვალეს აღებულ სესხზე ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 3254,79 ლარის ოდენობით სარგებელი, ხოლო, ჯამში, სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (39 თვე) სარგებლის სახით უნდა გადაეხადა 126 936,81 (3254,79x39თვეზე=126936,81) ლარი. უდავოა, რომ 01.07.2015წ.-დან 05.11.2018წ. ჩათვლით, მოვალის მიერ პირველი მოსარჩელისა და მ.წ–ძისათვის, ჯამში, გადახდილია 207 566 ლარი, საიდანაც, სააპელაციო სასამართლოს აზრით, სესხის ძირ თანხაზე 100 000 ლარზე სარგებლის სახით გადახდილია 126 936,81 ლარი. ამის შესაბამისად, სესხის ძირ თანხას (100000 ლარს) უნდა გამოაკლდეს მოვალის მიერ პროცენტის სახით გადახდილი სხვაობა, ზედმეტად გადახდილი თანხა 80 629,19 (207566-126936,81=80629,19) ლარი. შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალის დავალიანება შეადგენს მხოლოდ 19 370,81 ლარს, რაც წარმოადგენს ძირი თანხის დავალიანებას, ვინაიდან საპროცენტო სარგებლის თანხა (126936,81 ლარი) მოვალის მიერ სრულად გადახდილია. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებობდა მოვალისათვის დავალიანების მხოლოდ 19 370,81 ლარის ანაზღაურების საფუძველი.
9. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სესხის ძირითად თანხაზე მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე, სესხის წლიური საპროცენტო სარგებლის 39.6%-ის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან (05.08.2021წ.) ვალდებულების სრულ შესრულებამდე, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408.1, 411-ე და 412-ე მუხლებით და განმარტა, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, რომლის ფლობაც უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ამ სახით მიღებული შემოსავალი თანხის სათანადო დაბანდებისა და შესაბამისი ნაცვალგების მიღების საშუალებას წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, მოვალემ ვალდებულების დარღვევით, იმით, რომ კრედიტორს დროულად და სრულად არ გადაუხადა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხა, ლოგიკურად სავარაუდო შემოსავალი დააკარგვინა მოსარჩელეს. სასამართლოს მითითებით, მხარეები მათ შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით თავად შეთანხმდნენ, რომ, თუ გავიდოდა სესხით სარგებლობის ვადა და მსესხებელი მაინც არ დააბრუნებდა გამსესხებლების სესხის ძირ თანხას, მაშინ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გაგრძელდებოდა სესხის ძირითადი თანხის დაბრუნებამდე. ამდენად, ეს გარემოება მოვალისათვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სსკ-ის 411-ე მუხლის გამოყენებისა და მოპასუხისათვის გადაუხდელ ძირ თანხაზე - 19370,81 ლარზე მიუღებელი შემოსავლის წლიური 39,6%-ის დაკისრების წინაპირობა.
10. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხე კომპანიის შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით მოპასუხეებისათვის ზედმეტად გადახდილი 44 695,10 ლარის დაბრუნების თაობაზე. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სესხის საპროცენტო სარგებელი იყო კლებადი, რის გამოც სესხის ძირი თანხის შემცირების შესაბამისად უნდა შემცირებულიყო ყოველთვიური სარგებლის ოდენობაც და შესაბამისად, დავალიანება. ამ გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა 21.06.2022წ. გაცემული სესხის გადახდის გაანგარიშების ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 304-250). სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 625.1 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა თავად შეათანხმეს, რომ სესხის წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 39,6%-ს. მათ კლებადი საპროცენტო სარგებელი არ შეუთანხმებიათ არც მათ შორის დადებულ 04.06.2015წ. სესხის ხელშეკრულებაში და არც შემდგომში მასში რაიმე ცვლილების შეტანის გზით, რაც გამორიცხავდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მხარეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივრები, მოსარჩელეებმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
12. პირველმა და მესამე მოსარჩელემ წარდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ 50 000 ლარის მიღების ფაქტს მოპასუხის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა. საქმეში დევს 2015 წლის სესხის ხელშეკრულება, სადაც კომპანიის დირექტორი მას შემდეგ, რაც კომპანიამ აითვისა და სრულად მიიღო 150000 ლარი, ხელს აწერს აღნიშნულ ხელშეკრულებას. სანაცვლოდ სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ ერთადერთი, მ.რ–ძის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება, რომ მან მესამე 50000 ლარის მიღების შესახებ შეიტყო პირველი მოსარჩელისაგან უშუალოდ გამომძიებლისთვის მისი ჩვენების მიცემამდე რამდენიმე დღით ადრე მის ოფისში და ამით ახსნა, თუ რატომ დააწერინა გამომძიებელს, რომ მიღებული ჰქონდა მის კომპანიას 150000 ლარი, რითაც მან ფაქტობრივად უარყო ძიებისას მიცემული ჩვენება;
12.2. სასამართლოს პირდაპირ არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოზე მიცემული ჩვენება. კომპანიას და მის დირექტორს 150000 ლარის მიღების ფაქტი ნაღიარები ჰქონდა „პირველ მოსარჩელესთან ოფისში მისვლამდე“ 7 წლით ადრე, 2015 წელს, როდესაც 150000 ლარის მიღების შემდგომ თანხის მიღების ფაქტზე ნოტარიუსთან ხელი მოაწერა აღნიშნულ თანხაზე სესხის ხელშეკრულებას;
12.3. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია თვით მოდავე მხარის მიერ წარმოდგენილ გადახდის ქვითრებს, სადაც 33 გადახდა სრულ შესაბამისობაშია (50 ლარის განსხვავებით) 150000 ლარის წლიურ 39,6 პროცენტთან, რაც თვეში შეადგენს 4950 ლარს;
12.4. ამასთან, მოპასუხის პირველადი პოზიცია იყო ის, რომ მან ორჯერ მიიღო 50 000 ლარი ქუთაისში „ს.ბ–ში“ პირველი მოსარჩელისაგან და მესამე 50000 ლარის გადაცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებით და მოწმეთა ჩვენებით კი დადგინდა საპირისპირო, რომ პირველი 50000 ლარის მიღება მოხდა დირექტორის გარეშე, ხოლო მომდევნო თანხა ჯამში 100000 ლარი მოპასუხემ მიიღო ქუთაისში „ს.ბ–ში“;
12.5. სსკ-ის 378-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ მოპასუხეს ის ვალდებულება, რომლის შესრულებაც მხარეების მიერ სახელშეკრულებო შეთანხმებიდან გამომდინარე გათვალისწინებული იყო ერთიანად შესასრულებელ ვალდებულებად, ჩაუთვალა ნაწილ-ნაწილ შესასრულებელ ვალდებულებად და დაადგინა, რომ თითქოს მოპასუხემ ეს ერთიანად შესასრულებელი ვალდებულება ნაწილ-ნაწილ მიიღო (საუბარია სესხის ძირ თანხაზე), არადა ფაქტები საწინააღმდეგოზე მეტყველებს. კერძოდ, მოპასუხემ ყველა 33 გადახდა შეასრულა არა ძირითადი სესხის თანხის გასტუმრების მიზნობრიობით, არამედ იგი მხოლოდ და მხოლოდ სესხზე დარიცხული შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის დაფარვის მიზნობრიობით იხდიდა თანხებს;
12.6. სასამართლოს იმ გამოანგარიშების პრინციპით არ უნდა ეხელმძღვანელა, რომლითაც დაიანგარიშა ძირ თანხაზე თანხის გამოკლება, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით მსესხებელი ძირი თანხის დაფარვამდე ვალდებულია იხადოს პროცენტი;
12.7. სასამართლოს არ უმსჯელია, რომელი წლის რომელი თვიდან წავიდა მოპასუხე გადახდით „მეტობაში“ და, შესაბამისად, არ დაუჯამებია ყოველთვიურ ძირ თანხაზე გამოკლებით გადაანგარიშებული თანხები, მის მიერვე წარმოდგენილი გადახდის ბოლო ქვითრის პერიოდამდე;
12.8. სასამართლომ არასწორად გადაანაწილა სახელმწიფო ბაჟი და დააკისრა მოსარჩელეს გადასახდელად.
13. მეორე მოსარჩელემ წარდგენილ საკასაციო საჩივარში მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
13.1. სისხლის სამართლის საქმეზე მიცემულ ჩვენებაში მოწმემ მ.რ–ძემ საკმაოდ ვრცელი დასაბუთებით განმარტა თითოეული საკითხი, მაშინ როდესაც სასამართლოს წინაშე შემოიფარგლა მცირე დასაბუთებით და დამატებით შეცვალა მის მიერვე დადასტურებელი ფაქტები. მსგავსი პრაქტიკა არა თუ მხოლოდ ამ კონკრეტული საქმისთვის არის საზიანო, არამედ ზოგადად - სასამართლო პრაქტიკისთვის, რაც გამოიწვევს მოწმეთა შეცვლილი ჩვენების საფუძველზე წერილობითი მტკიცებულებების უგულებელყოფას;
13.2. მ.რ–ძის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენების თანახმად, 2015 წლის მაისის ბოლოს თუ ივნისის დასაწყისში, ზუსტად არ ახსოვს, კ.გ–მა თუ ზ.ა–ძემ უთხრეს, რომ კ.წ–ძემ მოიტანა თანხის ნაწილი 50 000 ლარის ოდენობით, რაც, როგორც იცის, პირდაპირ მიიტანეს სს „ლ–ის“ ქარხანაში და ჩარიცხეს მის ანგარიშზე. ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ამ პერიოდში მართლაც გაუჩნდა კომპანიას თანხა და მიეცათ საშუალება სს „ლ–იდან“ გამოეტანა პროდუქცია [პირველი 50000 ლარი]. რამდენიმე დღეში დაუკავშირდა კ.გ–ი და თხოვა „ს.ბ–ის“ ფილიალში მისვლა. ბანკში კ.წ–ძემ და კ.გ–მა შეიტანეს სალაროში შპს „ვ ბ–ის“ ანგარიშზე და შემდგომ განახორციელეს სს „ლ–ის“ ანგარიშზე გადარიცხვა. ვერ იხსენებს ეს ოპერაცია ერთხელ მოხდა თუ ორჯერ [მეორე და მესამე 50000 ლარის ტრანზაქციები]. განმარტა, რომ კ.წ–ძისაგან თანხის პირველი ნაწილის მიღებას არ დასწრებია, რადგან იგი აღნიშნული თანხის სს „ლ–ის“ სალაროში შეტანის დროს არ იმყოფებოდა, ხოლო მეორე ნაწილის მიტანისას მისთვის ხელში თანხა არ მიუციათ. განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმებამ და შემდეგ ყოველთვიურად პროცენტების გადახდამ მისთვის ნათელი გახადა, თუ რა რაოდენობის და ვის მიერ მოტანილ თანხაზე იყო საუბარი. განმარტა, რომ სს „ლ–ის“ სალაროში ხელზე მიტანილი თანხა ვერ აისახებოდა შპს „ვ ბ–ის“ ბუღალტერიაში;
13.3. თუ გაზიარებული იქნება სასამართლოში მიცემული ჩვენება მხოლოდ 100 000 ლარის სესხის გაცემასთან დაკავშირებით („მე რაზედაც ხელი მოვაწერე ეს იყო: ერთ დოკუმენტზე - 50 000-ზე და მეორე - 50 000 ლარზე“), მაშინ როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ თავად მოწმე ადასტურებს, რომ ამ პერიოდში მართლაც გაუჩნდა კომპანიას თანხა და მიეცათ საშუალება სს „ლ–იდან“ გამოეტანა პროდუქცია;
13.4. სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ჩვენების თანახმად, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება პირველი ტრანზაქცია („ლ–ის“ სალაროში ხელით თანხის შეტანის ფაქტი), არამედ მოწმე ვერ იხსენებს ბანკში ერთხელ მივიდა თუ ორჯერ, თუმცა სასამართლოს ჩვენებაში იგი ადასტურებს, რომ ნამდვილად ორჯერ მოაწერა ხელი ასეთ დოკუმენტს. მარტივი არითმეტიკით საბოლოოდ გამოდის, რომ არსებობდა 3 ტრანზაქცია: ორი მათგანი განხორციელდა ბანკის მეშვეობით, ერთი კი - „ლ–ის“ სალაროში თანხის შეტანით;
13.5. თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ საეჭვო იყო მოწმის ჩვენების ასეთი ცვლილება და ერთმანეთის საწინააღმდეგო ფაქტების დადასტურება, მაშინ საერთოდ უნდა გამოერიცხა იგი მტკიცებულებების კატეგორიიდან, სხვა მხრივ, შემოთავაზებული დასაბუთებით ვერაფრით მყარდება, რატომ ირწმუნა სააპელაციო სასამართლომ პირველ ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება სრულად და რატომ უგულებელყო სისხლის სამართლის საქმეში მიცემული ჩვენება. ის მითითება, რომ თითქოსდა მოწმე პირველმა მოსარჩელემ დაიბარა, ერთი მხრივ, დაუსაბუთებელია, მეორე მხრივ კი, მოწმე მიუთითებს, რომ ამ ფაქტის დროს შეიტყო 150 000 ლარის არსებობის შესახებ, თუმცა სხვა გარემოებებზე არ არსებობს ინფორმაცია, მაშინ როდესაც სისხლის სამართლის საქმეში მიცემული ჩვენება საკმაოდ ვრცელი და დეტალურია;
13.6. ფაქტია, რომ სასამართლომ არ დასვა დამაზუსტებელი კითხვები, სათანადოდ არ გამოიკვლია მოწმის ჩვენება და საქმეში არსებული მტკიცებულებები, უფრო მეტიც, უგულებელყო წერილობითი დოკუმენტები და მიუთითა, რომ საქმეში არც მოწმის ჩვენებით და არც დოკუმენტურად დასტურდება 150 000 ლარის სესხის გაცემის ფაქტი, მაშინ როდესაც სახეზეა სესხის ხელშეკრულება და, რაც მთავარია, მოპასუხის მიერ გადარიცხული 207 566 ლარი, დანიშნულებით - „სესხად აღებულ თანხაზე პროცენტის გადახდა“. სააპელაციო სასამართლომ გაურკვეველი და დაუსაბუთებელი არგუმენტაციით აღნიშნული საერთოდ გააბათილა და 207 566 ლარი წარმოადგინა სესხის თანხის დაბრუნებად, მაშინ როდესაც უდავოა აღნიშნული თანხის დანიშნულება. გაუგებარია, რატომ მიუთითებდა თავად მოვალე მხარე მსგავს დანიშნულებას, თუ ეს არ შეესაბამებოდა რეალობას. აღნიშნული ფაქტების ერთობლიობამ გამოიწვია, რომ სესხის თანხიდან (150 000 ლარი) ამოირიცხა 50 000 ლარი. გადარიცხულ პროცენტის თანხას 207 566 ლარს სასამართლომ საკუთარი გამოანგარიშებით გამოაკლო სრული ძირი თანხა (100 000 ლარი), დარიცხული პროცენტი და კრედიტორის სასარგებლოდ დატოვა ამ ფორმულის საფუძველზე მხოლოდ 19 370.81 ლარი. ამდენად, კასატორის მისაღები თანხა 303 709 ლარიდან შემცირდა 19 370.81 ლარამდე ანუ 284 338.19 ლარით. დამატებით, საუბარი აღარაა სარგებლის გადახდაზე, რაც, რა თქმა უნდა, ამ ციფრს კიდევ უფრო კოლოსალურს ხდის;
13.7. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი და მხოლოდ ერთ გარემოებაზე დაყრდნობით, ძირეულად შეამცირა ვალდებულების ოდენობა. კერძოდ, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მ.რ–ძის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, უგულებელყო სისხლის სამართლის საქმეში მიცემული ჩვენება, ასევე არ გამოიკვლია და ინტერპრეტირება გაუკეთა განმარტებებს და, რაც მთავარია, უგულებელყო საქმის მასალებში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.
14. მოპასუხემ მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
14.1. მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა შეთანხმებას, რომ მოპასუხე კომპანია გადაცემულ 100000 ლარზე ყოველთვიურად გადაიხდიდა დაახლოებით 5000 ლარის ფარგლებში, საიდანაც ნაწილი პროცენტს მოაკლდებოდა, ხოლო ნაწილი - ძირს;
14.2. აღსანიშნავია, რომ თავად ხელშეკრულების თანახმად, თუ ნაკლები თანხის გადაცემა მოხდებოდა, პროცენტიც გადაცემული თანხის მიხედვით უნდა გადახდილიყო;
14.3. სააპელაციო პალატამ იმ ნაწილში, რომ მხოლოდ 100000 ლარის გადაცემას ჰქონდა ადგილი, სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, თუმცა არასწორად დათვალა მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობა. ფაქტობრივად გაანგარიშება განახორციელა არა კლებადი გრაფიკით, რაზეც მხარეები ზეპირად შეთანხმდნენ, არამედ გადახდილს გამოაკლო ძირი თანხის ოდენობა, დარჩენილი თანხა გამოაკლო პროცენტებს, ხოლო დარჩენილად დატოვა რამდენიმე თვე და მოპასუხეს დააკისრა გადასახდელად, რაც არასწორია. კლებადი გრაფიკით სრულად არის დაფარული ძირიც და სარგებელიც, უფრო მეტიც, აუდიტის დასკვნის თანახმად, თანხა ზედმეტად არის გადახდილი, რა ნაწილშიც უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოსარჩელე მხარე.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით - მოსარჩელეების საკასაციო საჩივრები, ხოლო ამავე პალატის 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით მხარეთა საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო მხარეთა საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ხოლო მოპასუხის საკასაციო საჩივარს უნდა ეთქვას უარი.
18. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
19. მოსარჩელეთა საკასაციო საჩივრების ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა, რომლის ფარგლებშიც შესამოწმებელია სააპელაციო პალატის მიერ, 100000 ლარის გარდა, დამატებით 50000 ლარის სესხად გაცემის ფაქტის დადგენაზე უარის თქმის კანონიერება.
20. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი [სსკ-ის 623-ე მუხლი].
21. ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის სესხის ხელშეკრულებად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია შემდეგი კუმულაციური წინაპირობების არსებობა - გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო მსესხებლის მხრიდან ვალდებულების აღება, რომ იგი დააბრუნებს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთს (იხ. სუსგ საქმე №ას-1155-1101-2014, 4 მაისი, 2015 წელი). შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას წარმოადგენს, ანუ ის დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-361-343-2015, 14 დეკემბერი, 2015 წელი; საქმე №ას-398-371-2017, 6 ივნისი, 2017 წელი). სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება), რომელიც, თავის მხრივ, მიიღო მსესხებელმა (იხ. სუსგ საქმე №ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი). გამომდინარე აქედან, მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება (არსებით პირობებზე შეთანხმება) ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგანაც სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის აუცილებელი პირობაა ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის რეალურად (ფიზიკურად) გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მხარემ უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებ ფაქტობრივი გარემოებაც (იხ. სუსგ საქმე №ას-398-371-2017, 6 ივნისი, 2017 წელი).
22. საკასაციო პალატის განმარტებით, გამსესხებლის მიერ მსესხებელზე ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა წარმოადგენს არა გამსესხებლის სახელშეკრულებო ვალდებულებას, არამედ ხელშეკრულების დადებულად მიჩნევის წინაპირობას. აქედან გამომდინარე, ცხადია, შეუძლებელია სესხზე საუბარი, თუ ფული ან გვაროვნული ნივთი მსესხებელს არ მიუღია. სესხის ხელშეკრულება არარა გარიგებად უნდა ჩაითვალოს, თუ დადასტურდება მისი უფულობა, ანუ, თუ მსესხებელი კისრულობს არარსებული ვალდებულების შესრულებას, კერძოდ, იმის დაბრუნებას, რაც გამსესხებლისგან არ მიუღია (იხ. სუსგ საქმე №ას-938-888-2015, 27 მაისი, 2016 წელი).
23. სესხის ხელშეკრულების ფორმას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
24. ამრიგად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონი შესაძლებლად მიიჩნევს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმის დაცვას, და მისი არჩევა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული. თუმცა კოდექსის 624-ე მუხლი ყურადღებას ამახვილებს იმ რისკზე, რომელიც თან ახლავს სესხის ხელშეკრულების ზეპირი ფორმის არჩევას და ამ რისკთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებაზე. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად, სესხის ზეპირი ხელშეკრულების არსებობა ვერ დადასტურდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა მოწმეთა ჩვენებები დასაშვებია, თუ ისინი წარდგენილია სხვა მტკიცებულებებთან ერთად (იხ. სუსგ საქმე №ას-1155-1101-2014, 4 მაისი, 2015 წელი). როდესაც სადავოდაა გამხდარი ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება, მისი ნამდვილობა ვერ დადგინდება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით, საჭიროა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა მტკიცებულებებიც, მაგალითად, სავალო ხელწერილის, პირადი მიმოწერის ან რაიმე წერილობითი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც დადასტურდება ვალის არსებობა (იხ. gccc.tsu.ge, თამარ ზამბახიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ელექტრონული კომენტარი, სსკ-ის 624-ე მუხლი, ბოლო დამუშავება: ნოემბერი, 2022). საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-398-371-2017, 06 ივნისი, 2017 წელი; საქმე №ას-709-2021, 19 ოქტომბერი, 2021 წელი).
25. საგულისხმოა, რომ საკითხი იმ შესახებ, თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემა, ანუ ხელშეკრულების დადების შესახებ გარემოება, არ წესრიგდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არც ერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც გამოყენებულ უნდა იქნეს სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის (სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომლის თანახმად, თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება, ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი - სესხის თანხის დაფარვით განისაზღვრება (იხ. სუსგ საქმე №ას-235-2022, 5 მაისი, 2022 წელი). ამდენად, სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის დასადგენად კანონმდებელი მოსარჩელის მტკიცების ტვირთს გარკვეულწილად აძლიერებს. სასესხო ურთიერთობაში თანხის სესხად გადაცემის ფაქტის მტკიცების ტვირთი თანხის გამცემის - მოსარჩელის მხარეზეა, რომელმაც, გარდა თავისი განმარტებისა, სხვა მტკიცებულებით დამაჯერებლად უნდა დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების დადება (იხ. სუსგ საქმე №ას-839-890-2011, 8 ნოემბერი, 2011 წელი).
26. მოსარჩელის (გამსესხებლის) მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მოპასუხეს (მსესხებელს) ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს. ამდენად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის (მოპასუხის) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე. ამ პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი (ვალდებულების შესრულების ტვირთი) აკისრია მსესხებელს (მოპასუხეს). ამდენად, სასესხო ურთიერთობებში კანონი „არ ენდობა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს (ამ შემთხვევაში მოწმის ჩვენების, როგორც არაპირდაპირი (ინდიციური) მტკიცებულების შეფასება, ემპირიული წესების საფუძველზე ხორციელდება სხვა მტკიცებულებებთან შეფასების გზით) (იხ. სუსგ საქმე №ას-872-830-2013, 17 ოქტომბერი, 2014 წელი).
27. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებმა სესხის ხელშეკრულების დასადებად წერილობითი ფორმა შეარჩიეს, მაშინ ამ ხელშეკრულების შინაარსიდან უნდა ჩანდეს როგორც მხარეთა შეთანხმება სესხის საგანზე, ასევე, ამ საგნის მსესხებლისათვის გადაცემაც. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადასტურდეს სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ. დოკუმენტი ასეთად რომ შეფასდეს, სსკ-ის 327-ე და 624-ე მუხლების მიხედვით, მასში, აუცილებლად, უნდა ჩანდეს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობები, რამაც სესხის კონკრეტული ხელშეკრულების დადება განაპირობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1705-1689-2011, 04 ივნისი, 2012 წელი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სესხის წერილობითი ხელშეკრულება დადებულად უნდა მივიჩნიოთ, თუ ამ ხელშეკრულებაში ასახულია მხარეთა შეთანხება სესხის საგანზე და მსესხებლისათვის მის გადაცემაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-938-888-2015, 27 მაისი, 2016 წელი).
28. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 04 ივნისს, ერთი მხრივ, ფიზიკურ პირებს: პირველ მოსარჩელეს, მ.წ–ძესა (გამსესხებლები) და, მეორე მხრივ, შპს „ვ-ბ–ს“ (დირექტორი მ.რ–ძე) (მსესხებელი) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად, გამსესხებლები იღებდნენ ვალდებულებას მიეცათ სესხი მსესხებლისათვის, ხოლო მსესხებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, შესაბამისი სარგებლით, დაებრუნებინა სესხი გამსესხებლისათვის (1.1 პუნქტი). სესხის ოდენობა იყო 150 000 ლარი (1.2 პუნქტი). სესხის გაცემა მოხდებოდა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, ნაღდი ან საბანკო ანგარიშსწორებით (2.1 პუნქტი). სესხის თანხის ნაღდი ფულით მიღების შემთხვევაში, უნდა შედგენილიყო თანხის გადაცემის ხელწერილი ან მსესხებელს სხვაგვარად ხელმოწერით უნდა დაედასტურებინა თანხის ფაქტობრივად მიღება (2.2 პუნქტი). ამასთან, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოვალეს გადაეცა სესხის თანხა 100 000 ლარის ოდენობით, ორ ეტაპად - 50 000 ლარი და 50 000 ლარი. ამდენად, სადავოა სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა დარჩენილი 50000 ლარის ნაწილში და, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულებით გამსესხებლებმა იკისრა მსესხებლისათვის სესხის გაცემის მხოლოდ ვალდებულება და ხელშეკრულება არ შეიცავს ჩანაწერს 150000 ლარის მოპასუხისთვის გადაცემის თაობაზე, საკასაციო სასამართლო იხელმძღვანელებს ზეპირი სესხის ხელშეკრულების მტკიცების სტანდარტით.
29. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით [სსსკ-ის 102-ე მუხლი]. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოწმის ჩვენების, მხარის ახსნა-განმარტების სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში [სსსკ-ის 105-ე მუხლი].
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც მათ იურიდიულ ბუნებას ახლავს. თითოეული მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებზე საუბარი. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული დეტალი, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი მოიცავს თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას დამოუკიდებლად. გამომდინარე აქედან, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ (იხ. სუსგ საქმე №ას-589-896-09, 22 იანვარი, 2010 წელი).
31. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. კანონი არ ახარისხებს მტკიცებულებათა სახეებს სანდოობის ხარისხის მიხედვით. მტკიცებულების ყველა სახე თანაბარი რანგისაა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით. თუმცა, შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებას საფუძვლად უნდა ედოს მტკიცებულებათა ობიექტური და სრული განხილვა. შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად თავად წყვეტს, თუ რომელი მტკიცებულებაა სარწმუნო და რომელ მათგანს უნდა დაეყრდნოს იგი. მტკიცებულების შეფასების მთავარი კრიტერიუმი ობიექტურობაა. მტკიცებულება ობიექტურად უნდა ასახავდეს ამა თუ იმ მოვლენას, ან/და ადასტურებდეს ამა თუ იმ ფაქტის არსებობას. შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ობიექტურად, ყოველი გონიერი ადამიანი ერთსა და იმავე დასკვნამდე უნდა მიდიოდეს. მტკიცებულების შეფასების მიზნებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა მის სანდოობას (სარწმუნოობას) ენიჭება. მტკიცებულების სანდოობა განაპირობებს მოსამართლის დარწმუნების ალბათობის ხარისხს. რაც უფრო სანდოა მტკიცებულება, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილება ეყრდნობა, მით უფრო მაღალია აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების ლეგიტიმაციაც (იხ. ქეთევან მესხიშვილი, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 544-545).
32. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
33. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებში პრეტენზიას გამოთქვამენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების წესის დარღვევაზე, რასაც შედეგად მოჰყვა მოპასუხისთვის დამატებით 50000 ლარის სესხად გადაცემის ფაქტის უარყოფა.
34. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების (მოსარჩელეების) შედავებას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებების არასწორი შეფასების თაობაზე და, პირველ რიგში, მიუთითებს სააპელაციო პალატის იმ მსჯელობაზე, რომ, ვინაიდან სახეზე არ იყო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ხელწერილი დამატებით 50 000 ლარის გადაცემის თაობაზე, სასამართლოს აღარ ჰქონდა შესაძლებლობა მატერიალურ ნორმაზე (624-ე) და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ძირითადი მტკიცებულების - მოწმის ჩვენების კვალდაკვალ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეეფასებინა ნამდვილად მოხდა თუ არა სადავო სესხის თანხის - 50 000 ლარის მსესხებლისთვის გადაცემა.
35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მიუხედავად ხელშეკრულების ჩანაწერისა, რომ სესხის თანხის ნაღდი ფულით მიღების შემთხვევაში უნდა შედგეს თანხის გადაცემის ხელწერილი ან მსესხებელმა სხვაგვარად ხელმოწერით უნდა დაადასტუროს თანხის ფაქტობრივად მიღება, სასესხო ვალდებულების ნამდვილობაზე გავლენას ვერ იქონიებს გამსესხებლების მიერ თანხის სხვა წესით გადაცემის ფაქტი. გამომდინარე იქედან, რომ სესხის ხელშეკრულების დადების მტკიცების სპეციალურ სტანდარტს მატერიალური სამართლის ნორმა არ შეიცავს და გამსესხებელმა სესხის გადაცემის ფაქტი შესაძლოა ნებისმიერი სარწმუნო მტკიცებულებით დაადასტუროს (იხ. სუსგ საქმე №ას-1245-1168-2015, 20 მაისი, 2016 წელი), სასამართლოს მიერ შესამოწმებელია, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გამყარებულია თუ არა მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება 150000 ლარის ოდენობით სესხის გაცემის თაობაზე.
36. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს სადავო ფაქტის მაღალი ალბათობით დადასტურების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ სამოქალაქო სამართალში სადავო ფაქტის დასადასტურებლად აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც ერთობლივად, მაღალი ალბათობით დაადასტურებენ კონკრეტულ ფაქტს (იხ. სუსგ საქმე №ას-872-830-2013, 2014 წლის 17 ოქტომბერი; საქმე №ას-970-935-2016, 18 დეკემბერი, 2017 წელი).
37. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს თავად მხარეთა შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებას, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ზემოთ მოყვანილი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ვერ მიიჩნევა მოპასუხეზე 150000 ლარის სესხად გაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუმცა, ცალსახად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მხარეები მიზნად ისახავდნენ სესხის სახით სწორედ 150000 ლარის გაცემა-მიღებას.
38. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შპს „ვ-ბ–ის“ სალაროს გასავლის ორდერებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3 ქვეპუნქტი), რომლებითაც დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ 01.07.2015წ.-დან 05.11.2018წ. ჩათვლით, პირველი მოსარჩელისა და მ.წ–ძისთვის ჯამში გადახდილია 207 566 ლარი, დანიშნულებით - „სესხად აღებულ თანხაზე პროცენტის გადახდა“. მოპასუხის მიერ 41 გადახდიდან 33 გადახდა განხორციელებულია 5000 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ სესხზე წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 39,6%-ს. ამასთან, აღნიშნული სარგებელი მოვალეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა. შესაბამისად, ყოველთვიური გადასახდელი სარგებლის ოდენობა შეადგენდა 4950 ლარს (150000x39.6%/12=4950).
39. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე წარმოადგენს იურიდიულ პირს, მეწარმე სუბიექტს, რომელიც ორგანიზაციულ პირობებში აწარმოებს ბუღალტერიას და, ამასთან, მას, როგორც საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე ვალდებულ სუბიექტს, ფინანსური დოკუმენტაციის გამართულად წარმოება ევალება. შესაბამისად, კომპანიის მიერ ფიზიკური პირისათვის თანხის გადაცემა 41 სალაროს გასავლის ორდერის საფუძველზე (რომელთა შორის 33 გადახდა განხორციელებულია მხარეთა შორის შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, 50 ლარის სხვაობით), კონკრეტული დანიშნულებით - სესხად აღებულ თანხაზე პროცენტის გადახდა, სასამართლოს უმყარებს რწმენას, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა სწორედ 150000 ლარის სესხის ყოველთვიურ სარგებელს.
40. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ წერილობით მტკიცებულებებს სასამართლომ ერთობლიობაში სათანადო შეფასება არ მისცა, რის გამოც დაარღვია სსსკ-ის 105.2 მუხლის მოთხოვნები მათ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვასთან დაკავშირებით. გამომდინარე აქედან, ქვემდგომმა სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით უნდა გამოარკვიოს დამატებით 50000 ლარის ოდენობით სესხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების არსებობა. საკასაციო სამართალწარმოების ბუნებიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, თავად დაადგინოს სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის საკითხი დამატებით 50000 ლარის ოდენობით სესხის ნაწილში, რომლის გადაწყვეტის გარეშეც შეუძლებელია შეფასდეს მოსარჩელეთა სარჩელის საფუძვლიანობა.
41. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
42. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება ძირითადი სარჩელის ნაწილში, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოება.
43. საკასაციო პალატა იმსჯელებს ასევე მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივარზე. მოპასუხის საკასაციო პრეტენზიის თანახმად, სააპელაციო პალატამ იმ ნაწილში, რომ მხოლოდ 100000 ლარის გადაცემას ჰქონდა ადგილი, სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, თუმცა არასწორად დათვალა მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობა. კლებადი გრაფიკით, რაც მხარეებს შორის იყო ზეპირი შეთანხმებით გათვალისწინებული, სრულად არის დაფარული ძირიც და სარგებელიც, უფრო მეტიც, აუდიტის დასკვნის თანახმად, თანხა ზედმეტად არის გადახდილი, რა ნაწილშიც უსაფუძვლოდ გამდიდრდა მოსარჩელე მხარე.
44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი, საქმეს შესაბამისი მითითებებით უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს და მიაჩნია, რომ 150000 ლარის ოდენობით სესხის გაცემის ფაქტის უარყოფისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, მის საკასაციო პრეტენზიას ერთმევა ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი არ აქვს კვალიფიციური საკასაციო საჩივარი, იგი არ უთითებს სათანადო მტკიცებულებაზე, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს მხარეთა შორის სესხის კლებადი საპროცენტო სარგებლის არსებობა. სააპელაციო სასამართლოს მიერ კი დადგენილია, რომ მხარეებს კლებადი საპროცენტო სარგებელი არ შეუთანხმებიათ არც მათ შორის დადებულ 04.06.2015წ. სესხის ხელშეკრულებაში და არც შემდგომში მასში რაიმე ცვლილების შეტანის გზით, რაც გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
45. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].
46. სსსკ-ის 53.4 მუხლიდან გამომდინარე [თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით], საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უბრუნდება ქვემდგომ სასამართლოს ძირითადი სარჩელის ნაწილში, ამ ნაწილში პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
47. რაც შეეხება მოპასუხის საკასაციო საჩივარზე გადავადებულ სახელმწიფო ბაჟს, ვინაიდან მისი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხე კომპანიას უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მის საკასაციო საჩივარზე დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 87078,43 ლარს (44695,10 + 19370,81 ლარი + 23012,52 ლარი (19370,81x39,6%x 3 წელი)), მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 8000 ლარიდან დავის საგნის ღირებულების 5%-ის - 4353,92 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე და 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.წ–ძის, კ.წ–ძისა და ც.წ–ძის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს „ა....“-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. შპს „ა....“-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილება შპს „ა....“-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩეს უცვლელი;
5. შპს „ა....“-ს (ს/კ: ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟიდან 4353,92 ლარის გადახდა;
6. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე