Facebook Twitter

საქმე №ას-1581-2024 21 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ოქტომბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მერია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ი–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი მერიის მიმართ დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ შემცირდეს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და ნაცვლად თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულების 0.06%-ისა, განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 505 204.69 ლარის 0.02%-ით; მერიას მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს შემცირების გამო სხვაობა 78 687.99 ლარის ოდენობით.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის გარეშე აუქციონის საფუძველზე მხარეებს შორის 2022 წლის 13 ოქტომბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 02.01/30/321 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, კრწანისის რაიონში, ....... ქუჩაზე გამავალი სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 180 კალენდარული დღე, ხოლო ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 1 714 878.61 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხელშეკრულებაში შესული ცვლილების შემდეგ, ღირებულება შეადგენდა 1 407 792.16 ლარს;

2.2. მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის ვადაგადაცილება ხელშეკრულების შეწყვეტამდე (2023 წლის 23 აპრილიდან 2023 წლის 01 აგვისტომდე) შეადგენს 99 დღეს. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 12 დეკემბრის, 2023 წლის 28 მარტის, 16 მაისის, 31 მაისის, 08 ივნისის, 04 ივლისის, 16 აგვისტოს წერილებით მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ჯამში 89 719.88 ლარის ოდენობით. მიმწოდებლის მიერ გადახდილია 1028,93 ლარი, ხოლო დარჩენილი ჯარიმა გაქვითულია შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან;

2.3. შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება შეადგენს 505 204.69 ლარს.

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, ვინაიდან შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება შეადგენს 505 204.69 ლარს, ხელშეკრულების 9.12 პუნქტზე მითითებით გონივრულ ოდენობად განისაზღვრება 0.02%, რაც 101.04 ლარს შეადგენს, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაექვითა 10 002.96 ლარი და არა - 88 690.95 ლარი.

4. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლომ დასაკისრებელი თანხის ოდენობა განსაზღვრა არა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის, არამედ შემცირებული პირგასამტეხლოს შედეგად, რაც გამომდინარეობდა ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მერიას ვალდებულების შეუსრულებლობით რაიმე სახის ზიანი არ მიუღია. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.06%-ის მოთხოვნა არაგონივრული იყო, სცდებოდა სსკ-ის 8.3. მუხლით დადგენილ ქცევის სტანდარტს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი იყო და სსკ-ის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს იძლეოდა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

6.1. სასამართლოს მხოლოდ შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში დასაბუთებულად შეუძლია ჩაერიოს მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა ეს არ გულისხმობს აღნიშნული საკითხის დარეგულირებაში გაუმართლებელ ჩარევას;

6.2. მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის და ხელშეკრულების შესრულებისადმი მოპასუხის ინტერესის გათვალისწინებით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა სრულიად შესაბამისია მოცემულ ინტერესთან მიმართებით;

6.3. სასამართლომ, ერთი მხრივ, შეცვალა როგორც დაანგარიშების მეთოდი, ასევე შეამცირა ორმხრივი ნების საფუძველზე შეთანხმებული პირგასამტეხლოს/ჯარიმის ოდენობა და მიღებული გადაწყვეტილება დააფუძნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაზე, რაც ცალსახად წარმოადგენს უხეშ ჩარევას სახელშეკრულებო ურთიერთობაში.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

10. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, მენარდისთვის (მოსარჩელისთვის) დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება.

12. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].

13. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი ფორმით შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალით არ არის განპირობებული (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვ. 92-93).

14. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის ვადაგადაცილება ხელშეკრულების შეწყვეტამდე (2023 წლის 23 აპრილიდან 2023 წლის 01 აგვისტომდე) შეადგენს 99 დღეს. მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2022 წლის 12 დეკემბრის, 2023 წლის 28 მარტის, 16 მაისის, 31 მაისის, 08 ივნისის, 04 ივლისის, 16 აგვისტოს წერილებით მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ჯამში 89 719.88 ლარის ოდენობით. მიმწოდებლის მიერ გადახდილია 1028,93 ლარი, ხოლო დარჩენილი ჯარიმა გაქვითულია შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 2.2 ქვეპუნქტი).

15. კასატორი პრეტენზიას აცხადებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ როგორც პირგასამტეხლოს გამოანგარიშების მეთოდზე, ასევე - პირგასამტეხლოს არაპროპორციულად შემცირებაზე.

16. უდავოა, რომ მერიამ მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო (0,06%) ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან - 505 204,69 ლარიდან პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. საკასაციო სასამართლო მხარს უჭერს მიდგომას, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

17. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს არაპროპორციულად შემცირების შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია.

18. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

19. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

20. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ, კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).

21. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ საქმე №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წელი).

23. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს (0,06% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) შესამცირებლად. სააპელაციო სასამართლოს დასკვნაც ამ მხრივ დაუსაბუთებელია. მითითება ხელშეკრულების 9.12 პუნქტზე, რომლითაც შემსყიდველისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ჩასარიცხი თანხის 0,02%-ს, არარელევანტურია. გამომდინარე აქედან, მოსარჩელის მეწარმე სუბიექტის სტატუსის, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის, შეუსრულებელი ვალდებულების მთლიანი სახელშეკრულებო ვალდებულების მოცულობასთან თანაფარდობის გათვალისწინებით, გონივრულ, სამართლიან და ადეკვატურ ოდენობად უნდა იქნას მიჩნეული პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი - 0,06% და, შესაბამისად, მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხა უნდა განისაზღვროს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების - 505 204,69 ლარის 0,06%-ით, რაც შეადგენს 303,12 ლარს. ამდენად, პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობაა 30008,88 ლარი (303,12 ლარი x 99 დღე). გამომდინარე აქედან, მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სსკ-ის 629-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლოს ანგარიშში უსაფუძვლოდ დაქვითული შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 58682,07 ლარის (დაქვითულ თანხას 88690,95 ლარს - პირგასამტეხლოს ოდენობა 30008,88 ლარი) გადახდა.

24. გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული [სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი]. საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები [სსსკ-ის 411-ე მუხლის პირველი წინადადება].

25. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების შეცვლით, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების გარეშე, შესაძლებლად მიიჩნევს თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმე არ საჭიროებს ფაქტების ხელახლა დადგენას ან მტკიცებულებათა ხელმეორედ გამოკვლევას. კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების - 505 204,69 ლარის 0,06%-ით და მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 58682,07 ლარის გადახდა.

26. ვინაიდან საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსსკ-ის 55.1 მუხლის თანახმად [სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია], მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში მერიის მიერ გადასახდელი, მისი საჩივრების დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის - 1800,54 ლარის გადახდა (სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილი შეადგენს 20005,92 ლარს (78687,99 ლარი – 58682,07 ლარი), რომლის 4% არის 800,24 ლარი, ხოლო 5% - 1000,30 ლარი).

27. სსსკ-ის 53.1. მუხლის თანახმად [იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა], მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციული ბაჟის გადახდა, რომელიც შეადგენს 1760,46 ლარს (58682,07 ლარის 3%), თუმცა, ვინაიდან მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი პირველი ინსტანციის სასამართლოში სრულად არ აქვს გადახდილი, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 1122 ლარის გადახდა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ - 638,46 ლარის გადახდა, ამასთან, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს მისი სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციული ბაჟის გადახდა, რომელიც მას არ გადაუხდია, რაც შეადგენს 600,18 ლარს (20005,92 ლარის 3%). საბოლოოდ, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2400,72 ლარის (1800,54+600,18 ლარი) გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ი–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. პირგასამტეხლო განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების - 505 204,69 ლარის 0,06%-ით;

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ი–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 58682,07 ლარის გადახდა;

6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ი–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 1122 ლარის გადახდა;

7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს 638,46 ლარის გადახდა;

8. შპს „ი–ს“ (ს/კ: ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაეკისროს 2400,72 ლარის გადახდა;

9. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა.ძაბუნიძე