საქმე №ას-769-2025 25 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ბ–ის უფლებამონაცვლე ა.ა–ვი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე.ბ–მა სარჩელი აღძრა სასამრთლოში მოპასუხე შპს „ლ.ბ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „ლ.ბ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 მარტის განჩინებით ორივე სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2025 წლის 9 ივნისს ა.ა–ვის წარმომადგენლებმა თ.ქ–ძემ და ე.გ–ამ შემოიტანეს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი და ასევე სანოტარო წესით დამოწმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ე.ბ–ი შპს „ლ.ბ–ის“ მიმართ მოთხოვნას 271 343,77 ლარის ოდენობით უთმობს ა.ა–ვს. კასატორის წარმომადგენლებმა მოითხოვეს ა.ა–ვის ე.ბ–ის უფლებამონაცვლედ ცნობა და მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ კასატორი არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი უვადოდ და იღებს სოციალურ პაკეტს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით ა.ა–ვის წარმომადგენლების - თ.ქ–ძისა და ე.გ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, და ე.ბ–ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნას ა.ა–ვი და კასატორს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.
2025 წლის 30 ივნისს ა.ა–ვის წარმომადგენლებმა თ.ქ–ძემ და ე.გ–ამ წარმოადგინეს საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია (CD დისკის სახით) და კვლავ მოითხოვეს კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით ე.ბ–ის უფლებამონაცვლე ა.ა–ვის წარმომადგენლების - თ.ქ–ძისა და ე.გ–ას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 5 დღით.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელ ე.გ–ას ჩაბარდა 2025 წლის 1 ივლისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენლებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ბ–ის უფლებამონაცვლე ა.ა–ვის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელ ე.გ–ას ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2025 წლის 1 ივლისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.389). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 2 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 7 ივლისს, ვინაიდან 6 ივლისი იყო დასვენების დღე - კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენლებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ბ–ის უფლებამონაცვლე ა.ა–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი