საქმე №ას-852-2025 25 ივლისი, 2025 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი – შპს „კ.ს.კ–ია“ (მოპასუხე)
მეორე კასატორი – ვ.მ–ვი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ვ.მ–ვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „კ.ს.კ–იის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ვ.მ–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს ,,კ.ს.კ–იას“ მოსარჩელე ვ.მ–ვის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურების სახით - 3000 ლარის (პროექტის დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისთვის გამოწვეული ჯარიმა), 65300 ლარის (მომიჯნავე შენობის პირველი ეტაპის გამაგრება-გაძლიერებისთვის გაწეული ხარჯი), 76585.10 ლარის (გამაგრება- გაძლიერების სამუშაოების მეორე ეტაპისთვის გასაწევი ხარჯი), 25400 ლარის (მ.კ–ის საკუთრებაში არსებული ბინის რემონტის ხარჯი), 1684.87 ლარის (ჩატარებული ექსპერტიზის ღირებულება) გადახდა. ვ.მ–ვს უარი ეთქვა მოპასუხე შპს ,,კ.ს.კ–იის“ სასარგებლოდ დღგ-ს - 115794 ლარისა და პირგასამტეხლოს - 396000 ლარის ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „კ.ს.კ–იის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ვ.მ–ვის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება (1.2 პუნქტის პირველი წინადადება) ნაწილობრივ და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ.მ–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს ,,კ.ს.კ–იას“ ვ.მ–ვის სასარგებლოდ დაეკისრა დღგ-ს - 115,794 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით შპს „კ.ს.კ–იის“ წარმომადგენელ ა.კ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად. ამავე თარიღის განჩინებით ვ.მ–ვს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და საკასაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის (CD დისკის სახით) წარმოსადგენად.
საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის განჩინებები ხარვეზის შევსების შესახებ, კანონით დადგენილი წესით, 2025 წლის 30 ივნისს, ჩაბარდათ კასატორის წარმომადგენლებს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენლებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „კ.ს.კ–იისა“ და ვ.მ–ვის საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 26 ივნისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი შპს „კ.ს.კ–იის“ წარმომადგენელ ა.კ–ძეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2025 წლის 30 ივნისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.4, ს.ფ.248), ხოლო ვიდაიათ მაედოვის წარმომადგენელ ქეთევან უტიაშვილს, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის 30 ივნისს იზ. ტ.4; ს.ფ.253). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 1 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 7 ივლისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენლებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მათი საკასაციო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „კ.ს.კ–იისა“ და ვ.მ–ვის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი