Facebook Twitter

№ას-793-2025 30 ივლისი, 2025 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

კასატორი – უ.გ–უ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ა.ს–ი, გ.ს–ი, ნ.გ–ძე (მოპასუხეები თავდაპირველ სარჩელზე)

მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე - შ.ს–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ქონების გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით უ.გ–უს სარჩელი დაკმაყოფილდა:

1. ა.ს–ის, გ.ს–ის, შ.ს–ის და ნ.გ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე - ბოლნისის მუნიციპალიტეტი,, .......... (ს/კ .........);

2. შ.ს–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა:

2.1 უ.გ–უს შ.ს–ის სასარგებლოდ დაეკისრა 18 639,48 ლარის გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა უ.გ–უმ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინებით უ.გ–უს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა უ.გ–უმ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით კასატორს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში 931.97 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და საკასაციო საჩივრის წარმოდგენა სათანადო მოწინააღმდეგე მხარის მითითებით.

2025 წლის 28 ივლისს (ხარვეზის განჩინების ჩაბარებადე) საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა, მიუთითა, რომ კასატორს აღარ სურს საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების გაგრძელება და ითხოვა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – უ.გ–უ უფლებამოსილია მომართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე, რაც თავის მხრივ შედეგად იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის - შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული. ამასთან, კასატორს უნდა განემარტოს, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება იქნება დაუშვებელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უ.გ–უს შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება უ.გ–უს საკასაციო საჩივარზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 დეკემბრის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი